მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 468 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მავანი ჩეფალუელი მებადური ერთხელ შორს გავიდა ზღვაში, მოუსვა ბადე და რაღაც ხელში ემძიმა. ბიჭოს, ღმერთმა გადმომხედაო, იფიქრა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაებღაუჭა, ამოსწია და რას ხედავს - ბადეში ერთი ციცქნა ლიფსიტა გდია და ფართხალებს.

მებადურს გულზე შემოეყარა, რა მელიფსიტებაო, დასწვდა საცოდავს და, ის იყო, ზღვაში უნდა გადაესროლა, რომ უცაბედად წიკვინი შემოესმა:

- ვაიმე, მოვკვდი! ეგრე ძალიან ნუ მიჭერ, ადამიანი არა ხარ!?

მებადურმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, ნეტავი ვინ უნდა იყოსო, მაგრამ თვალი ვერავის მოჰკრა. ასწია ხელი, კიდევ დააპირა, გადავისვრიო, და ისევ ის ხმა შეევედრა:

- ნუ გადამისვრი! ზღვაში ნუ ჩამაგდებ, გეხვეწები!

ახლა კი მიხვდა მებადური, ვისი ხმაც იყო, და თავის თავს გაუბრაზდა, სად ვიცქირები, თურმე თევზია, კაცის ხმით მელაპარაკებაო. გაშალა მუჭა და თვალებს არ დაუჯერა - ხელისგულზე თითისტოლა ანგელოზივით ბიჭი ეწვა. სუყველაფრით ადამიანიშვილი იყო, ხელ-ფეხითაც, სახითაც, ოღონდ თევზივით ორი ფარფლი ჰქონდა ბეჭებზე.

- ვინა ხარ? სადაური ხარ? - ჰკითხა მებადურმა.

- ვინა ვარ და ზღვის შვილი.

- მერე ჩემგან რა გინდა?

- ნაპირზე თუ გადამიყვან, ბედსა გწევ.

- ისედაც წვრილშვილი კაცი ვარ, შვიდი ჟიჟმატა მჭამელი მყავს სარჩენი, სუყველა ერთმანეთზე პატარა, რაღა შენც მე გადამეკიდე!

- წამიყვანე, იცოდე, არ ინანებ, - არ ეშვებოდა ფარფლებიანი ბიჭი.

მებადურსაც, რა უნდა ექნა, ადგა და წამოიყვანა. შინ რომ მივიდნენ, პერანგი ჩააცვა, ფარფლები არ გამოუჩნდესო, და თავის ნაბოლარა ბიჭს ჩაუწვინა აკვანში. მე შენ გეტყვი, ვერ დაეტეოდა - ნახევარი ყურთბალიში და იმისი ჯანი! საბანი გასწვდა კი არა, იმისთანას კიდევ ცხრას დაეხურებოდა.

შენ თითისტოლა და ერთი ბეწო უთხარი. უნდა გენახა რანაირი ჭამა იცოდა.

რასაც მებადურის დამშეული შვიდი შვილი მთელ დღეს იმყოფინებდა, ის ერთ ჯერზე მოულხენდა ხოლმე.

- რა ძალა მედგა! სწორედ ჩემისთანა კაცს უთქვამს, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო, - ოხრავდა მებადური.

ერთხელაც, სისხამ დილით წამოხტა აკვნიდან ფარფლებიანი ბიჭი, კალთაში ჩაუხტა თავის მამობილ მებადურს და დაიწრიპინა:

- წამო, სათევზაოდ წავიდეთ.

მებადურსაც რა, ჭკუა დაუშლიდა თუ თანამდებობა! ჩასხდნენ ნავში და წავიდნენ.

- სანამ მე არ გეტყვი, ნუ გაჩერდები, - წრიპინებდა ბიჭი, - ღონივრად მოუსვი ნიჩაბი.

ცოტა იარეს თუ ბევრი, ერთ ღურღუმ ადგილას თევზბიჭა ერთბაშად ფეხში ჩააფრინდა მებადურს, უკვე მივედით, რაღას უყურებ, გადაისროლე ბადეო.

მებადურმაც დაუჯერა, გადააგდო ბადე და პატარა ხანს დააცადა, ვნახოთ ერთი, რა ადგილია ამისთანაო. მერე ნელ-ნელა მოსწია და ლამის მკლავები დააწყდა, ძლივს ამოათრია წყლიდან. ერთ დაჭერაზე თავის დღეში იმდენი თევზი არ დაეჭირა. თანაც სულ ნარჩევი იყო.

გახარებულ მებადურს კინაღამ თვალები წამოსცვივდა, ამას რას ვხედავო.

თევზბიჭამ კი ტაში შემოჰკრა:

- აკი გითხარი! შენ რა გეგონა, ვერ დაგაჭერინებდი?

ცოტა ხანში თევზბიჭას მამობილი ისე გამდიდრდა და გაივსო, რომ მალე მრავალთ უმრავლესი ნავი იყიდა და მებადურნიც კარგა ბლომად დაიქირავა. მთელ ზღვას ისინი მოედვნენ და, სადაც კი ბადეს გადააგდებდნენ, სულ თევზით გატენილი ამოჰქონდათ.

გამდიდრებულმა ჩეფალუელმა მებადურმა აღარ იცოდა, სად წაეღო, იმდენი ფული იშოვა, და, რაკი თვითონ დათვლის თავი არა ჰქონდა, შუათანა ბიჭი საბუღალტროზე გაგზავნა, წადი შენ მაინც ისწავლე ანგარიში, გავიგოთ რა შემოსავალი გვაქვსო.

ქონმოკიდებულ ჩეფალუელს წინანდელი სიდუხჭირე და სიღარიბე აღარც ახსოვდა, ის კი არა, თავს გაუვიდა - დაქირავებულ მებადურებს შავ დღეს აყენებდა, დღედაღამ მუქთად ამუშავებდა საწყლებს და ხმას თუ ვინმე ამოიღებდა, პასუხი გამზადებული ჰქონდა - წადი, ვინ გიჭერს, გზა დიდიაო.

- შენც ხომ ჩვენსავით ღატაკი და ყელგადაგდებული იყავი, პურის ფული მაინც გაიმეტე, შე კაი კაცო, ბავშვები არ დაგვიხოცო, - შესჩიოდნენ მებადურები.

- მე რას შემომცქერით? ანდე კენჭები, აუკრიფეთ და ახრამუნონ რამდენიც უნდათ, - უკვე მასხრადაც იგდებდა მშივრებს გამაძღარი მებადური.

თევზბიჭა ყველაფერს ხედავდა, რაც ხდებოდა, ვეღარ მოითმინა და ერთხელ პირდაპირ უთხრა თავის გაყვინიზებულ მამობილს, ეგრე ნუ იქცევი, თორემ ბოლოს ცხვირში ამოიკრავ, ინანებო.

მებადურს სიცილი აუვარდა, აი, შე ლაწირაკო, შენა, ეგღა მაკლია შენც ჭკუა მასწავლოო. დაავლო თევზბიჭას ხელი, ერთ მოზრდილ ნიჟარაში ჩაჭუჭკა, მერე იმ ნიჟარას კარგა მაგრად დაუცო თავი და ზღვაში გადაუძახა.

ის დღე იყო და ზღვის შვილი თვალით აღარავის უნახავს. რა ვიცი, ვითომ როდისმე დაიხსნის თავს ნიჟარის ტყვეობიდან? მაგრამ თუ დაიხსნა და ამოძვრა, მაშინ, იცოცხლე... არა, ნეტავი დამანახვა, შენ რას იზამდი იმის ადგილას!

 

* * * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ