პატარა გოგო ავად გახდება თუ არა, ხათრის გულისათვის თოჯინებიც ხელად თავს მოისურდოიანებენ და გვერდზე მიუწვებიან ხოლმე - უჩვენოდ არ მოიწყინოსო.
გოგოს სანახავად უბნის ექიმი მოდის, ჭრელკაბიანი თოჯინები კი პაპას ეძახიან, მალე მოგვხედე, შენმა შვილიშვილმა სურდო გადაგვდოო. პაპა სუყველას საგულდაგულოდ სინჯავს, წამლებს უწერს და მერე თავისი წვერბურთულა კალმისტრით ნემსსაც უკეთებს.
- ამ ბავშვისა რაღაც ფერი არ მომწონს, ექიმო, - დედაქალივით შესჩივის პატარა გოგო თავის პაპას.- ვნახოთ, გავსინჯოთ, რის ბრალია! აბა, ერთი ჩაისუნთქე, ღრმად ჩაისუნთქე!
ჰოო... მგონი, მტირალას ავადმყოფობა უნდა სჭირდეს.
- საშიშია, ექიმო?
- თუ რამე არ ვიღონეთ, მთელი თავისი დღე და მოსწრება მტირალა დარჩება.
არ დაგავიწყდეს, ფანქრის ფხვნილი დაალევინე და ძილის წინ აუცილებლად კამფეტის ქაღალდით დაზილე. ის ქაღალდი პიტნის კამფეტისა უნდა იყოს, იცოდე.
- ამ თვალხუჭუნას რაღა ჭირი მოუვიდა ნეტავი?
- რა მოუვიდა და ბევრი მარწყვის ჭამამ იცის. ვერა ხედავ, ძლივს სუნთქავს, ისე გატიკნულა!
- ვითომ აღარ გადარჩება?
- გადარჩენით გადარჩება, მაგრამ წამალი მაინც აუცილებელია. მურაბიანი
ჩაი ასვი, არც თბილი რძე მოაკლო. მერე კი თითო დალევაზე სამი ყლუპიდინი თევზის ქონი დაუნიშნე.
და ერთ მშვენიერ დღეს პატარა გოგო უკვე წამოფრენაზეა. მალე ამაყენეთო, ჩიტივით ფართხალებს. დაიცა, ჯერ პაპამაც გაგსინჯოს, ნუ ღეღელაობო, ჭკუას არიგებენ მოკეთებული თოჯინები და ხელებს საბანქვეშ აყოფინებენ.
სანამ დედა შვილის ტანსაცმელს მოიტანდეს, პაპა ისევ ექიმი ხდება.
- ა-ა-ა-ა, ნუ გეშინია, შვილო, კარგა დააღე პირი, - ეუბნება პატარა გოგოს. - აბა, ერთი მითხარი, გენაცვალე, კაპიკი გაკაპიკებულა-თქო!.. აი ყოჩაღ! ხვალ, მაშ, ბაღში მივდივართ.
* * * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი