მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 394 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ქალაქი ბევრი მინახავს, მაგრამ იმისთანა არსად შემხვედრია, მართალი თუ გინდა, უფრო დაბა ეთქმოდა. სახელი აღარ მახსოვს, სახლი კი ოთხმოცდაცხრამეტი დავთვალე. ყოველი სახლის უკან ბაღჩა იყო, ყოველი ბაღჩის ბოლოში ძაღლი ება და მთელ იმ არემარეში მარტო ყეფა ისმოდა.

მერე რა მოხდაო, ალბათ, მეტყვი. რა მოხდა და, აბა, ყური დამიგდე! სულ თავში სახლი რომ იდგა, იმ სახლის პატრონები თავიანთ ძაღლს ერთგულას ეძახდნენ.

აქაოდა ერთგულა მქვიაო, თვალებანთებული ძაღლი ამვლელსაც უყეფდა და ჩამვლელსაც. მაგაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო, ცოფებს ყრიდა დანარჩენი ოთხმოცდათვრამეტი ძაღლიც.

ყველაზე შავ დღეში, რასაკვირველია, ოთხმოცდამეცხრამეტე სახლის პატრონები იყვნენ. სანამ ქალაქის თავში მოხვდებოდნენ, ანდა სანამ იქიდან თავიანთ სახლს მიაღწევდნენ, ოთხმოცდათვრამეტი ბაღჩის წინ უნდა გაევლოთ და ოთხმოცდათვრამეტივე ძაღლი შესაჭმელად ეტანებოდათ. კარგი დღე არც დანარჩენებს ადგათ. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, დილიდან დაღამებამდე ყურთასმენა არ იყო. მთელ ქალაქში გნიასი იდგა.

ამდენმა ყეფამ, ღმუილმა და ყმუილმა, ცოტა არ იყოს, გამოააბუეტა იქაური ხალხი. არავინ ერთმანეთს ხმას არა სცემდა, გაბუტულებივით დადიოდნენ. თუმცა არც მაინცდამაინც ისეთი რამ ჰქონდათ სათქმელი, რაც მოსასმენად ეღირებოდა.

ცოტა დღესა, ცოტა ხვალა, და ამ უბრობასა თუ უმძრახობაში ლაპარაკი დაავიწყდათ. ბოლოს კი ნელ-ნელა ყველანი ძაღლებივით აყეფდნენ. თავიანთი ჭკუით, ალბათ, ფიქრობდნენ, ჩვეულებრივად ვლაპარაკობთო. მაგრამ პირს რომ დააღებდნენ, სიტყვებს კი არ ამბობდნენ, აუ-აუო, იძახდნენ. მტერსა და ავს! ჩემიანს არავის არ ვუსურვებ იმათი ყეფის გაგონებას. სულ ტანში გაგცრიდა, ისეთნაირი ხმით წკმუტუნებდნენ ან იყეფებოდნენ დიდიან-პატარიანად. იქაურობა ნამდვილ საძაღლეთად იქცა.

ახლა არ იკითხავ, რა ხდებოდა, როცა ძაღლები უცხო ვინმეს დაინახავდნენ?

ოთხმოცდაცხრამეტივე ძაღლი ბანს აძლევდა ერთმანეთს და სუყველა აწყვეტაზეიყო. ძაღლების ხმაურზე ოთხმოცდაცხრამეტივე დიასახლისი უკლებლივ გარეთ გამოვარდებოდა, გაიხედ-გამოიხედავდა, შეიტყობდა აურზაურის მიზეზს და ისევ შინ შევარდებოდა.

ის კი არა, კარებს ურდულს ადებდნენ, ფანჯრებს ფარდებს აფარებდნენ და, - სანამ გზად მიმავალი ის უცხო კაცი თვალს არ მიეფარებოდა, ჩუმ-ჩუმად იცქირებოდნენ ჭუჭრუტანებიდან, თუმცა გარეგნულად არავის არაფერი ეტყობოდა, ჩვეულებრივად თავაზიან ადამიანებსა ჰგავდნენ, ფანჯრებზე ყველას გაქათქათებული ფარდები ჰქონდა ჩამოკიდებული, აივნებზე კი ყველგან ნემსიწვერას ქოთანი და ჩითილიანი ყუთი იდგა.

ერთხელ, სად იყო, სად არა, სახელგანთქმული ჯოვანინო ჩიტირეკია მივიდა იმ ქალაქში. ძაღლებმა თვალი მოჰკრეს თუ არა, ისეთი ალიაქოთი ატეხეს, ადამიანს კი არა, სატელეგრაფო ბოძსაც დააწყდებოდა ძარღვები.

რა ამბავია, რა მოხდაო, ჰკითხა გაკვირვებულმა ჯოვანინომ გზაზე მომავალ ქალს. მაგრამ ქალმა ზედაც არ შეხედა, ძაღლივით შეჰყეფა და ჩაუარა.

ჯოვანინო ახლა ეზოს წინ ჩაცუცქებულ პატარა ბიჭს შეეხმიანა. ეგ რა კოხტა შარვალი გაცვიაო, შეუქო. პატარა ბიჭმა კი ლეკვივით წკმუტუნი მორთო.

ამათ თავს რაღაც უბედურებააო, დაასკვნა ჯოვანინომ და პირდაპირ ქალაქის თავთან წავიდა.

- აქაურებს, ვხედავ, ავი სენი შეგპარვიათ, - უთხრა ჯოვანინომ. თუ გინდათ, უებარი წამალი ვიცი. ჯერ ერთი, ღობეები ააღებინეთ, შემოღობილი ბაღჩები სად გაგონილა! მერე, რაც ქალაქში ძაღლებია, სანადიროდ გაუშვით. ირბინონ, გახალისდებიან და სიავე გაუვლით. ბოლოს ერთი კარგი ლხინი გამართეთ ქალაქში და აი, ნახავთ, ყველანი ისევ ადამიანურად დაილაპარაკებთ.

- აუ! აუ! - შეჰყეფა ქალაქის თავმა.

- ყველაფერი გასაგებია, - თქვა ჯოვანინომ, - საშიში მაშინ არის, როცა ავადმყოფს თავი ჯანმრთელი ჰგონია.

მეტი სიტყვა აღარ დაუძრავს, გაბრუნდა ჩიტირეკია ბიჭი და ახლა სხვა ქვეყანაში წავიდა. შუაღამისას სადმე ძაღლების ყეფა თუ ატყდა, იცოდე, ნამდვილი ძაღლები კი არა, იმ პატარა ქალაქის მცხოვრებლები იქნებიან.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ