სინიორი ნებიერინო დიდი ფაფასუა ვინმე იყო. ქვეყანაზე რაც აზიზმაზიზი ხალხია, იმასთან სუყველა მოგონილია! კედელზე ყურბელა თუ მიცოცავდა, მაშინაც ვერ იძინებდა - ხმაურიაო, ხოლო შაქრით დაზურგულ ჭიანჭველას უცაბედად ერთი
ნამცეციც რომ დავარდნოდა, რაღა გიჟი და რაღა სინიორი ნებიერინო! - გველნაკბენივით წამოვარდებოდა, არიქათ, მიწა იძრაო.
ბავშვის სახელს, ჭექა-ქუხილსა და მოტოციკლეტს ვერ უხსენებდი, გაგონებაც არ უნდოდა. მაგრამ ყველაზე ძალიან ფეხქვეშ მოხვედრილი მტვრის კნაწაკნუწი უშლიდა ძარღვებს და, გარეთ კი არა, ოთახშიც არ დადიოდა ფეხით.
გავლა თუ უნდოდა, თავის დევივით ბრგე მსახურს გასძახებდა, მალე, გულიელმო, ამიყვანეო, და ისიც ხელად ბავშვივით აიტაცებდა ხოლმე. საწყალ მსახურს ერთი წუთი მოსვენება არა ჰქონდა.
- ნელა, გულიელმო! - ეჯუჯღუნებოდა განებივრებული სინიორი. - კარს ნუ აჭრიალებ! რა ამბავია, რა იყო? მხარ-თეძოზე წოლა, ვინ არ იცის, ჯანის მტერია. დღეს არ იარა ფეხით, ხვალ არ იარა და თანდათან გაიღიპა, გასივდა, ცარიელი ქონიღა გახდა. გულიელმოს დაბებრებული ხელების მოკიდებას უკვე ვეღარ იტანდა, ჯავრობდა, წიკვინებდა:
- რა არი, გულიელმო, რამდენჯერ უნდა გითხრა, მაგ დაკოჟრილ ხელებს უხელთათმანებოდ ნუ წამავლებ-მეთქი!
გულიელმო კრინტს არა სძრავდა, ქშინავდა და იმხელა ხელთათმანებს იცვამდა, ჰიპოპოტამი რომ ჰიპოპოტამია, იმასაც კარგა დიდი ექნებოდა.
ნებიერინო კი სუქდებოდა და სუქდებოდა. გულიელმოს ახლა შუა ზამთარშიც ხვითქი გადასდიოდა, როგორც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში. იმსიმძიმე კაცს, ეხუმრები, აწევა არ უნდოდა?!
ითმინა, ითმინა ბედშავმა გულიელმომ და ერთხელაც ყელში ამოუვიდა. რა უნდა მიყოს ამ გატლუებულმა, ავდგები და აივნიდან გადავუძახებო, იფიქრა მოთმინებადაკარგულმა.
ბევრი აღარ უყოყმანია, მართლაც ადგა და გადააგდო. სინიორ ნებიერინოს იმ დღეს, ეშმაკად, თეთრი ჩესუჩის გაქათქათებული ხალათ-შარვალი ეცვა და - ბედი არ გინდა! - ზედ ბუზის ნაჯდომზე გაადინა ბრაგვანი!
შარვალზე ქინძისთავივით პაწაწა ლაქა დაეტყო. თვალით კი არა, მიკროსკოპითაც ძლივს შეამჩნევდა კაცი, მაგრამ აზიზმაზიზ სინიორ ნებიერინოს მეტი არ უნდოდა! იბოღმა, გაუსკდა გული და მოკვდა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















