უხსოვარ დროს ან იქნებ არც ძალიან ძველად, ქვეყნიერების ბოლოს თუ ცოტა აქეთ, ერთ არნახულ სახელმწიფოში გამჭვირვალე ბიჭი დაიბადა.
რაღა ის და რაღა კამკამა ჰაერი ანდა წყაროს წყალი! პირველად ვისაც უნდა ენახა, შუშისააო, ყველა იმას იტყოდა, ნამდვილად კი სისხლითაც და ხორცითაც ადამიანიშვილი იყო.
სხვასავით ისიც ბევრჯერ წაქცეულა, მაგრამ არ დანაჭუჭებულა. ისე, იცოცხლე, შუბლზე გამჭვირვალე კოპი დააჯდებოდა ხოლმე.
შეხედავდი და პირდაპირ ჩანდა, როგორ უცემდა პატარა გული მკერდში, აზრებს ხომ, ნუღარ იტყვი, მარტო წაკითხვა უნდოდა. აი, როგორც ჭრელ-ჭრელი თევზები გინახავს აკვარიუმში, აზრებიც ისეთნაირად ირეოდნენ ბიჭის გამჭვირვალე თავში.
ერთხელ, თავისდა უნებურად, იცრუა ბიჭმა და იმწამსვე სუყველამ დაინახა - შუბლში რაღაც ცეცხლის ბუშტივით აუკიაფდა. მერე როცა გამოასწორა და მართალი თქვა, ბუშტი თანდათან დაპატარავდა, დაილია და გაქრა. ის დღე იყო და ტყუილი აღარ დასცდენია.
მეორედ ერთმა ამხანაგმა რაღაც საიდუმლო გაანდო და იმწუთას კაკლისოდენა შავი ბუშტი ამოაჯდა გულზე. ქვეყანამ დაინახა, უყურეთ, უყურეთ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, და აბა, რაღა საიდუმლოა, როცა ძაღლმა და ღორმა იცის!
ნელა-ნელა წამოიზარდა ბიჭი, დავაჟკაცდა, ხალხი კი ისევ ძველებურად უგებდა გულისნადებს, და თუ ვინმე რამეს შეეკითხებოდა, ჯერ იმას პირიც არ გაეღო, უკვე ყველამ იცოდა, რასაც უპასუხებდა.
დედ-მამამ პატარა ბიჭს ჯაკომო დაარქვა, ხალხი დიდიან-პატარიანად შუშის ბიჭს ეძახდა. ვინმეს თვალშიც რომ ჩავარდნოდა, ხელს არავინ ამოისვამდა, სულში იძვრენდნენ, უყვარდათ კეთილი და მართალი გულისა.
მოულოდნელად ხალხის სავალალოდ და თავში საცემად იმ სახელმწიფოში ერთი აჯამი, ავი კაცი გამეფდა. ძალადობასა და უსამართლობას მალე სიღატაკეც მოჰყვა და მთელი ქვეყანა დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. აჯამ მეფეს ასი თვალი და ასი ყური ება, თუ ვინმე ფეხს გააფხაკუნებდა, კუნძიც მზად იყო და ცულიც.
ხალხი ხმას არ იღებდა, გატრუნული იყო, თავის წაცლა არავის არ უნდოდა. მარტო შუშის ბიჭი ვერ ითმენდა ამ უსამართლობას. ხმაც რომ არ ამოეღო, მაინც სუყველამ იცოდა, რის თქმასაც აპირებდა - მეფის სიძულვილი ზედ შუბლზე ეწერა.
ამ ამბავმა მალე ბოროტი მბრძანებლის ყურამდეც მიაღწია. დაიჭირეთ, ბნელ დილეგში ჩააგდეთ, დღის სინათლე ვეღარ დაინახოსო, ბრძანა გაცეცხლებულმა ტირანმა.
შუშის ბიჭი დილეგში ჩააგდეს და გაუგონარი ამბავიც მოხდა. ჯერ საკნის ოთხივე კედელი გამჭვირვალდა, მერე მთლიანად ციხე და, ბოლოს, ციხის გარშემო შემოვლებული გალავანიც გამჭვირვალე გახდა. ამვლელ-ჩამვლელნი ცხადლივ ხედავდნენ ჯაკომოს, თითქოს ციხე შუშისა ყოფილიყოს, და არც ერთი იმის აზრი წაუკითხავი არ დარჩენიათ.
ღამ-ღამობით ციხე მნათობივით ბრწყინავდა, ელვარებდა და სასახლეში ფეხმორთხმულ მეფეს თვალებსა სჭრიდა. მალე, ფანჯრებს სქელი ფარდები ჩამოაფარეთო, მძვინვარებდა ავი მბრძანებელი, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა, შუქი მაინც ატანდა და არ აძინებდა.
აი ხედავ, რა უყო აჯამ მეფეს შუშის ბიჭის სიმართლემ?! აბა, რა გეგონა! სიმართლესთან ქარიშხალიც ვერ მოვა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















