სარონოდან სანამ ლენიანომდე მიხვიდოდე, უღრანი ტყის პირას ერთი პატარა სოფელია. უწინ ამ სოფელში სამად-სამი უბანი იყო და სულ თერთმეტი ოჯახი ცხოვრობდა. სამივე უბანს ერთადერთი ჭა ჰქონდა, ოწინარით, გვიმ-გვირგვინით გამართული.
მაგრამ რად გინდა რა, წყალს ვერ დალევდი და ვერაფერი! ოწინარს არც ჯაჭვი ება, არც თოკი და არსად არც წყლის ჭურჭელი ჩანდა რამე.
მაშ თვითონ როგორა სვამდნენო, გიკვირს, არა? როგორა სვამდნენ და ყველა ოჯახს თავისი ვედრო და თავისი თოკი ჰქონდა. ვედრო საბძელში ედგათ, თოკიც იქვე ლურსმანზე ეკიდა. ვინც წყალზე მიდიოდა, ვედროც თოკიანად თან მიჰქონდა. ჭიდან წყალს რომ ამოიღებდა, შეხსნიდა ოწინარს თავიანთ თოკს და ისევ უკან მიაცუხცუხებდა.
აბა, როგორ არ გაგეცინოს, ერთი ჭის შემყურე თერთმეტ ოჯახს თოკიც თერთმეტი რომ ექნება! ვისაც ჩემი ნათქვამი არა სჯერა, წავიდეს, ბატონო, იკითხოს და ეტყვიან, იქ რა ხალხიც იყო.
იმის მაგივრად, რომ შეამხანაგებულიყვნენ, ერთი საერთო ჯაჭვი ეყიდათ და მთელ სოფელს ის ეხმარა, ერთმანეთს კრიჭაში უდგნენ დადილიდან დაღამებამდე ერთიმეორის შურსა და მტრობაში სძვრებოდათ სული. მართალი თუ გინდა, იქაური ჭის წყალი არც დაილეოდა, ისე იყო უპატრონობით გაბინძურებული.
რაღა ბევრი გავაგრძელო, მალე ომიც ატყდა. იმ სოფლის კაცებსაც აჰკიდეს თოფები და წაასხეს სასაკლაოზე. წასვლის წინ ქმრებმა ათასი რამ დაუბარეს ცოლებს და, რაც მთავარია, სუყველას თოკი ეკერა პირზე - აბა, თქვენ იცით, არავის არ მოაპარვინოთ, უთოკოდ არ დარჩეთო.
ასე იყო თუ ისე, გერმანელები იტალიასაც მოედვნენ, როგორც სხვაგან, ტყის პირას მიყუჟულ უკაცო სოფელშიც დაჰქროლა შიშის ქარმა, მაგრამ იქაურ ქალებს ქმრების დანაბარები მაინც არ ავიწყდებოდათ. თერთმეტ საბძელში თერთმეტი ლურსმანი იყო მიჭედებული და ზედ ისევ ძველებურად თერთმეტი თოკი ეკიდა.
ერთხელ ადგა და ერთმა ქალმა ტყეში გაგზავნა თავისი ბიჭი, წადი, შვილო, ფიჩხი მოიტანეო. შეყო თუ არა ბიჭმა თავი ტყეში, კვნესა გაიგონა. იქვე, ბუჩქებში, დაჭრილი პარტიზანი იწვა და ისა კვნესოდა. მოკურცხლა ბიჭმა, მაგრამ რა მოკურცხლა! ფეხებს სულ ზურგზე ირტყამდა.
მალე, ტყეში დაჭრილი ჯარისკაციაო, შეატყობინა თავის დედას. ქალი ჯერ შეშინდა, შეყოყმანდა, მერე კი ცრემლი მოერია: წამოვიყვანოთ, შვილო, დავმალოთ, ვინ იცის, იქნებ მამაშენიც მაგ დღეშიაო.
მოიყვანეს, ჩასვეს პარტიზანი ბეღელში და ექიმს დაუძახეს, ვითომ ბებია ჰყავდათ ძალიან ავად. მაგრამ სოფელს აბა, რას გამოაპარებ! ჯერ მზე არც ჩასულიყო, უკვე ტუტუნებდნენ, კატერინას დაჭრილი ჯარისკაცი უწევს ბეღელშიო.
- აი, ნახავთ, რა დღეს დაგვაყრიან, გერმანელები! - ჩიოდა ერთი შეშინებული ბერიკაცი. - გაიგებენ, პარტიზანს მალავენო, და დიდიან-პატარიანად ხეებზე ჩამოგვკიდებენ.
ქალებს კი გული უკვდებოდათ: ვაითუ, ჩვენი ქმრებიც ეგრე დაჭრილები წვანან სადმე და შველას ითხოვენო. მესამე დღეს ერთმა ქალმა ახალი დაკლული ღორის კუპატი მოუტანა კატერინას, აჰაანდე, აჭამე, ცოტა იქნებ მოღონიერდეს საწყალიო.
ცოტა ხნის მერე ახლა სხვა ქალი მოვიდა და ერთი ბოთლი ღვინო მოართვა, მესამემ - ერთი ტოპრაკი სიმინდის ფქვილი, მეოთხემ - ცოტაოდენი შაშხი, ცარიელი ხელით არც ერთი არ მოსულა. აჰა, ვითომ ჩვენს კაცებს უჭამიათო, იცრემლებოდნენ ქალები და თვალს ჩუმ-ჩუმად ბეღლისკენ აპარებდნენ.
ამას-იმასობაში პარტიზანმა ცოტა მოიხედა, ჭრილობა ისე აღარ აწუხებდა და, სანამ სულ კარგად არ გახდა, თერთმეტივე ოჯახი თავს დასტრიალებდა, არც საჭმელს აკლებდა, არც სასმელს.
მოვლამ თავისი ქნა, დრომ თავისი და გამოვიდა ბეღლიდან პარტიზანი, გაშალა მუხლი, გავიდა მზისგულზე გასათბობად და უცებ უთოკო ოწინარს მოჰკრა თვალი. გაუკვირდა, ამნაირი ჭა სად გაგონილაო. ქალებს სიწითლემ გადაურბინა სახეზე.
სუყველას ჩვენ-ჩვენი თოკი გვაქვს, ამ სოფელში ასეაო, ერთად თქვა თერთმეტივემ.
უსმინა პატიზანმა, უსმინა და მაინც ვერ მიხვდა, თერთმეტი თოკი რა საჭირო იყო. ან რას მიხვდებოდა, როცა ქალებმა დაუმალეს, სირცხვილით ვეღარ უთხრეს, წინათ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას ვუნდებოდით, საერთო თოკის ყიდვისათვის ვის ეცალაო. თუმცა თქმა აღარცა ღირდა, უკვე შერიგებულები იყვნენ.
გაჭირვებაში ერთად ყოფნამ ისე შეახმატკბილა, ვერც გაიგეს.
ამდენი თოკი მართლაც რა ჯანდაბად გვინდაო, იფიქრეს ქალებმა, წავიდნენ და ერთი კარგი საერთო ჯაჭვი იყიდეს, გამოაბეს ოწინარს და პირველი ვედრო წყალი პარტიზანმა ამოიღო.
საღამოთი კი ადგა პარტიზანი და ისევ მთაში წავიდა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი
















