მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14276 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბედნიერია, ვისაც კარგი ცხენი და ძაღლი ჰყავს.

პაპის შეგონება

 

ჩანაწერში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი იმდენად მძაფრი და სულისშემძვრელია, რომ არ მინდოდა ფართო საზოგადოების ყურადღების გარეშე დარჩენილიყო.

ამ ოციოდე წლის წინათ ერთ ცნობილ მწერალს ვუამბე და ვთხოვე, დაეწერა მასზე. გავიდა ხანი და პრესის ფურცლებზე გამოჩნდა უღიმღამო მონათხრობი, რომელშიც მშრალი ჟურნალისტური ცდა იყო ამ მეტად სევდიანი ამბის გადმოცემისა.

წავიკითხე და გულზე შემომეყარა, ავტორი აცდენილი იყო მთავარ გარემოებათა სიღრმისეულ განსჯას, რის გარეშეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ამ ამბის მკითხველებისათვის თხრობა.

ერთხანს გადავწყვიტე, მეც აღარ მეფიქრა ამაზე, მაგრამ იმ დიდებულ ტყიანში, სადაც ეს ამბავი მოხდა და სადაც ხშირად მიხდებოდა გავლა, ყოველთვის მახსენდებოდა ის, თავისი სულისშემძვრელი სინამდვილით, თითქოს მთხოვდა, ჩემი თვალით ნანახის და განცდილის შესახებ თვითონ მომეთხრო და ისტორიისთვის შემენახა ეპოქის მახასიათებელი ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელშიც ადამიანები და, არამარტო ისინი, თვითონ ეპოქაც წარმოჩინდებოდა იმ ფორმით, ცხოვრებისეული აუცილებლობით, დაუნანებლად რომ სწირავდა თავის ინტერესებს სამყაროს მიერ შექმნილ უენოთა არსებობას.

ეს მოხდა მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, როცა ცხოვრებამ ერთგვარი გამოცოცხლება დაიწყო ჩვენს მხარეში. ადამიანებმა, რომლებმაც დიქტატორული რეჟიმის პირობებში იცხოვრეს, ოდნავი შვება იგრძნეს, როცა ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა როგორმე გადაერჩინა თავი, იძულებული გახდა მცირე რაოდენობის მიწის ნაკვეთები დაერიგებინა ხალხისათვის, რათა მათ თავი თვითონ ერჩინათ. 

მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რა გადამხდა ჩემთვის გამოყოფილ მიწაზე მეურნეობის მოწყობისა და მცირე სააგარაკო ქოხის მშენებლობისას. ეს მთელი ისტორიაა თავისი თავდაუზოგავი შრომითა და ინტერესებით... მთავარი ის იყო, რომ ჩემი სააგარაკო სახლი დიდი ქალაქიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით, მალულას ხეობაში მდებარეობდა, სადაც ოცდაათიოდე კომლი ცხოვრობდა და მთიელების პატარა დასახლებას ქმნიდა. 

სანამ იქ მივიდოდი, ბუწკნარიანით' გარემოცული ცნობილი სააგარაკო დასახლება უნდა გამევლო. ამ დასახლების თავში დიდი ტყე იწყებოდა, იქვე ავტობუსის გაჩერება იყო, სადაც ჩამოვდიოდი ხოლმე.

ამ გაჩერებიდან სამიოდე კილომეტრიც, საკმაოდ ხშირტყიანი, ფეხით უნდა გამევლო, რადგან ის დასახლება ყოველმხრივ მოწყვეტილი იყო სამყაროს და მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით იყო დაკავშირებული გარემოსთან. ეს ბილიკი საცალფეხო არტერია იყო მალულას ხეობისა, სადაც მოსახლეობა, რომელიც რძის პროდუქტებს აწარმოებდა, მაწვნითა და რძით დატვირთული სახედრებით ამ ბილიკის გავლით მიისწრაფოდა ყოველ დილით დიდი ქალაქისაკენ, რათა იქ ეს პროდუქტები გაეყიდა და პატარებისათვის წიგნები და ჩასაცმელი ეყიდა, ზოგიერთი რამ კი თავისთვისაც მოემერაგებინა, რადგან მალულას ხეობაში მაღაზია არ იყო და არაფრის ყიდვა იქ არ ხერხდებოდა..

თვითონ მალულას ხეობა, სადაც მცირე მდინარე წყალთბილა დიოდა, რცხილის, წაბლის, წიფლისა და მუხის ხეებით იყო დაბურული. ხეობის ორივე სანაპიროზე რამდენიმე პატარა დასახლება - სააგარაკო უბნები შეფენილიყო. ამ გზა-ბილიკსაც ისე გაივლიდი, დაღლას ვერ იგრძნობდი. ბუნების სილამაზე მახალისებდა მუდამ და მძიმე ნაბიჯებით, აუჩქარებლად მივიწევდი წინ...

იმ წელს სახელმწიფოს დავალებით შორეულ ციმბირში გამგზავნეს სამუშაოდ, სადაც ქართველებს ტაიგაში რკინიგზა და საავტომობილო გზა გაგვყავდა. ორი წელი მოგვიხდა იქ დარჩენა. როცა ჩამოვედი, გაზაფხული დგებოდა. ერთი სული მქონდა, მენახა ჩემი სიმწრით აშენებული სააგარაკო ქოხი. ავიკარი გუდა-ნაბადი და, ერთი თვე დავისვენებ-მეთქი, იქით გავწიე.

არ შევუდგები იმის აღწერას, თუ რაოდენ მღელვარე წუთები განვიცადე, არც იმისას, თუ როგორი სიხარულით შემომეგებნენ მეზობლები. ყველაფერი ჩვეულებრივი იყო და ალბათ ყველას გამოგიცდიათ ასეთი მღელვარება. 

პირველი დღე ბინის მოწესრიგებას და ლოგინის გამომზეურებას მოვანდომე, საღამოს კი საწოლი ღია აივანზე გამოვიტანე, დავწექი და ვარსკვლავებს დავუწყე თვალთვალი.. ლოგინში ჩათბუნებულს რაღაც დიადი ურთიერთობა მაკავშირებდა სამყაროსთან, ჩემ გარშემო შემომდგარ ტყეებთან, წყაროს ჩქაფანით გადმომსკდარ ჩქერებთან, სოფლის მყუდროებასთან და საღამურ გადაძახილებთან...

ერთხანს არ დამეძინა და ღრმა ფიქრებს მივეცი თავი და, აი, უეცრად ჯერ ერთგან, მერე კი გაბმულად საოცარი ყმუილი შემომესმა. გავირინდე და ყური მივუგდე. ეს არ იყო ამ დასახლებიდან, ეს ხმა, ხევგაღმა უძველესი პატარა სოფელი დიდსერი რომ მეგულებოდა, იქიდან მოდიოდა. ცოტა ხანში ეს ყმუილი გაბმულ, შემზარავ გოდებაში გადაიზარდა. ვერ მივხვდი, მგლების ყმუილი იყო თუ ტურების. 

კარგა ხანს ვაკვირდებოდი. დავიჯერო, ძაღლები ყმუოდნენ? მაგრამ რისთვის? ვერ მივხვდი. ალბათ მთელი ჯოგი (არ მინდა აქ ხროვა ვახსენო) ყმუოდა. ამ ხმაში საოცარი სევდა და სასოწარკვეთილება იხატებოდა. ტკივილი, თხოვნა, მონატრება, ძახილი და თითქოს ადამიანებს კი არა, მაღალ ღმერთს ემუდარებოდნენ, ატყობინებდნენ თავიანთ უბედურებას. ეს საზარელი წუხილი ხანდახან შეჩერდებოდა, თითქოს სულს ითქვამენო, მერე ისევ იწყებდნენ და არემარეს აყრუებდა მათი მოთქმა-გოდება. 

ძაღლებმა დიდი გლოვა იციან და თითქოს ვიღაცის, ყველაზე ახლობლის, დაკარგვას გლოვობდნენ... მერე, ეტყობა დაიღალნენ, ჩაჩუმდნენ და მეც ჩამეძინა. ინათა თუ არა, თვალი გავახილე და ჩემი კარის მეზობელს, ძმასავით ახლობელს, ჩემი ეზო-კარის მუდმივ დარაჯს, ფირანას გადავძახე:

- ფირან, ერთი წუთით შემოდი ჩემთან!

მან მალევე შემოაღო ეზოს ჭიშკარი და კარგა ხნის უნახავებმა ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ.

- ჩემო ფირან, წუხელ მთელი ღამე არ დამაძინეს! იქნებ მითხრა, რა იყო, რა ხდება? ამ ტყეებიდან საშინელი, სასოწარკვეთილი ყმუილი ისმოდა!

- ძაღლებია! - მომიგო ფირანამ.

- ძაღლები? აქაც, ჩვენს სოფელშიც ხომ მრავლად არიან, მაგრამ ისინი სულ სხვა ხმითა და მუდარით გადმოსცემენ ტკივილს, ისიც ხანდახან. ესენი კი?..

- უპატრონო ძაღლებია!

- როგორ, იქ ხომ სოფელი დიდსერია?

- სწორედ იმ დიდსერის ძაღლებია! ის სოფელი იყო და აღარ არის! გული გეტკინება ჩამონგრეული ჭერხოების ნახვით. იმ სოფლის ხალხი გადაასახლეს.

- როგორ, სად გადაასახლეს? - გავოცდი მე.

- ვაზიანში არხი რომ გაიყვანეს, იმ ველებს პატრონი სჭირდებოდა, მრავალსართულიანი სახლებიც ააგეს და იმ სოფლის ყველა მცხოვრები იქ შეასახლეს. დიდსერს გზაც არა ჰქონდა, ძალიან წვალობდნენ, სამყაროს იყვნენ მოწყვეტილი. ყველანი იმ დასახლების მრავალსართულიან სახლებში არეკეს. ამ ძაღლებს კი იქ ხომ ვერ აიყვანდნენ. ამათზე უნდა სახელმწიფოს ეზრუნა. 

უპატრონოდ დარჩა ეზოები, სახლები, გადასახლებულები ძაღლებსაც თვალცრემლიანები გამოემშვიდობნენ. ახლა ესენი ამაოდ ელოდებიან პატრონებს. შეჯგუფდებიან, ყმუიან და უხმობენ. ქვეყანამ ადამიანებზე თითქოს იზრუნა, უენოთა სამყარო კი ღია ცის ქვეშ უპატრონოდ მიატოვა. ესენიც ხომ ღვთისშვილები არიან. ცოტა სამსახურს როდი გვიწევდნენ და გვიწევენ. მაგათზე დიდი მეგობარი ადამიანს ხომ არა ჰყავს.

- ვერ მითხარი კარგი ამბავი, ჩემო ფირან!.. ძალიან დამაღონე!

- ეგრეა და რა გითხრა! ზოგი ძაღლი გაველურდა. მათ გაიხსენეს, რომ მგლის ჩამომავლები არიან. როცა მზრუნველები დაკარგეს, მათ ეს იგრძნეს და თავდაცვის თავისებურ ხერხს მიაგნეს. იტაცებენ ქათმებს, პირუტყვს, ადამიანებსაც ესხმიან თავს. იმ სოფლის არემარეში ადამიანებს აღარ უშვებენ, უცხოს თუ დაინახავენ, ერთიანად მიესევიან ხოლმე! ამასწინათ კი ერთი იქაური კაცი დაბრუნდა, მოვიდა, რომ ნასოფლარი ენახა. ძაღლებმა იცნეს, გენახათ, რა ამბავი იყო, როგორი სიყვარულითა და იმედით ეღლაბუცებოდნენ იმ კაცს, ნამდვილი დღესასწაული გეგონებოდათ.

მერე იმ კაცმა ჩვენკენ გამოიარა, გვითხრა, ამ ძაღლების ცოდვით გული მიკვდებაო, არ ვიცი, რა მოვუხერხოო, ერთი რომ იყოს, რაღაცას ვიღონებდი, არადა, რამდენნი არიანო! ერთი კილომეტრიც მდიეს, ეგონათ თან წავიყვანდი. რომ წამოვედი, ხევს რომ გამოვცდი, ქვების სროლით ძლივს მოვიშორე, მერე დადგნენ და ყმუილი ატეხესო. თითქოს იმუქრებოდნენ კიდეცო...

- მართლაც რომ დიდი ტრაგედია დატრიალებულა, - ვუთხარი ფირანას.

- ტრაგედია კი არა, თუ რაიმე არ იღონეს, ეს ძაღლები პერსპექტივაში მგლები არიან.

- მგლები?

- აბა რა! მაგათაც ხომ არსებობა უნდათ?.. - ისე რომ, ფრთხილად იყავი! - მითხრა მან, - მარტო ნუ ივლი. ამ ტყიანში რომ მოდიხარ, ხელში მარჯვე ჯოხი დაიჭირე, სახიფათოა მარტო სიარული.

ფირანას გაფრთხილებამ დამაფიქრა.

მეორე ღამესაც ასეთივე ყმუილი, შემოძახილი განმეორდა, უფრო მოთქმას რომ ჰგავდა. ამაოდ კი ირჯებოდნენ საცოდავები... მათი ხმა ღმერთს არ ესმოდა, იმათაც არ ესმოდათ, ვისაც ეს უნდა გაეგო და გულთან მიეტანა.

მეორე დილით, ადრევე, ისევ ფირანა დამადგა თავზე. ჩემი ეზოს ერთი მხარე ტყიანს ემიჯნებოდა და შემოღობილი არ მქონდა. სწორედ ამ ტყიანიდან შემოვიდა იგი და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა.

- სტუმარი რომ გყავს, იცი? - მითხრა მან.

- ვინ სტუმარი, რა სტუმარი?

- უზარმაზარი მეცხვარის ძაღლია. აგერ იქ! და გამახედა ტყისაკენ, ბუჩქებში წევს, ეტყობა, შემოხიზვნა უნდა შენთან.

- რას ამბობ?! - გავკვირდი. მალევე გადავიცვი ტანსაცმელი და მასთან ერთად იქითკენ გავემართე, სადაც უენოთა ბელადი გაწოლილიყო. მე და ფირანამ მას უენოთა ბელადი შევარქვით. არ შევცდები, თუ ვიტყვი, თითქმის ორი მეტრის სიგანეზე იწვა გატრუნული, თავი წინა თათებზე დაედო და რაღაც ოდნავ შეშინებული, მაგრამ გაბედული თვალებით გვიყურებდა. მოწყენილი ჩანდა, თანაც ფერდებჩაცვენილი. ეტყობოდა, დიდი ხნის ნაშიმშილარი იყო.

- ვიცი, ეს ძაღლი ვისიცაა, გიორგი უთურგაულისაა, გამოცვლილ სახელს ტოღაურს ეძახიან. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო იქ. ის ახლა ვაზიანის ზვრებში ვენახს უვლის. ამას კაცი იზამდა? ასეთ ძაღლს კაცი გაწირავდა? ერთ რამედ ღირს! ეს საცოდავი, როგორ გამხდარა.

ჩვენი დაინტერესება რომ იგრძნო, ძაღლი ნელ-ნელა წამოიმართა, ერთი გაიზმორა, თითქოს დაგვანახა, თუ რა შესაძლებლობების საიდუმლოს ინახავდა, ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა და იქვე, დიდი მუხის ქვეშ, ჩრდილიანში გაჩერდა. მე სახლში შევედი, პურის დიდი ნაჭერი და წუხანდელი ნასუფრალი ძეხვის ნარჩენები გამოვიტანე. უენოთა ბელადს წინ დავუყარე.

მან თათებით ეს ძღვენი ერთად მოაგროვა, ისევ იქვე დაწვა, საჩუქარს პირი არ დააკარა. ეტყობოდა, ჩვენი მოერიდა და ჩვენს იქიდან წასვლას დაელოდა. ჩვენც გავეცალეთ იმ ადგილს. მოშორებით, ჩრდილში, გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და ბჭობა გავმართეთ. ბოლოს რაღაც გადაწყვეტილება მივიღე:

- ფირან, სათხოვარი მაქვს შენთან, მგონი გამიგებ, შენ ძველი მეცხვარე ხარ და უფრო იმიტომ მინდა, შენი აზრი გავიგო. ყველანაირად ხელს შეგიწყობ, ოღონდ აიყვანე ეს ძაღლი, შენთან იყოს. მე ერთი-ორი თვე ვიქნები ალბათ აქ და თვითონ მივხედავ. მერე მეც ჩემი საქმე მაქვს და

წავალ, ამიტომ მისი ჩემთან ბოლომდე გაჩერება არ მოხერხდება, შენთან კი მოსახერხებელია. თანაც რა ძაღლია, ხომ ხედავ?

- მაგის დრო წავიდა, - მითხრა ფირანამ, - ყველა ისე აწყობს ცხოვრებას, როგორც მოუხერხდება. მაგ ძაღლის ფასი რომ იცოდეს, მაგნაირ კაცს ახლა ვეღარსად შეხვდები. ყველას ლუკმაპური უჭირს. ამას გარდა, მე ჩემი ძაღლებიც მოუვლელი მყავს. ისინი უფრო იმიტომ მინდა, რომ იყეფონ. ეს კი ნამდვილი მეომარია! მგლებთან მეომარი!

- მაშ, რა ვქნათ?

- მეც ვერ დავიდებ მაგის ცოდვას, - ცოტა დაფიქრდა და ბოლოს მითხრა, - კარგი, იყოს ჩემთან, მხოლოდ შენც უნდა მოხედო ხოლმე.

გარიგება მოხდა და ამან ოდნავ დამამშვიდა. ძაღლს სახელიც მაშინ შევურჩიეთ და ბოდერა დავარქვით.

- სანამ აქ ვიქნები, მე თვითონ მივხედავ, ჩემთან იქნება, - გავუმეორე ჩემი ნათქვამი, - თანაც მეშინია, თქვენი დასახლების ძაღლები არ გადაემტერონ. მაგის მომრევი ძაღლი აქ არ არის, მაგრამ, რაკი ამის ღირსებას გაიგებენ, მთელი სოფლის ძაღლები მაგას დაუწყებენ დევნას, როგორც ეს ჩვენთან, ადამიანთა ცხოვრებაში, ხდება, გამორჩეულ კაცს ვერ იტანენ ხოლმე. ბოდერა ისეთი ძაღლი ჩანს, რომ არა მგონია წვრილმანებზე აიყოლიონ.

- იმ სხვებს რა ვუყოთ, იქ ხომ მთელი ხროვაა? - და ხელი გაიშვირა იქით, ხევს გაღმა, ნასოფლარისაკენ.

- არ ვიცი, ვიფიქრებ! - ვუთხარი მე და ამით დამთავრდა ჩვენი იმდღევანდელი საუბარი.

მართლაც, ის ორი თვე დიდად ბედნიერი ვიყავი, ყველაზე ერთგული მეგობარი შევიძინე და მიხაროდა. მე და ბოდერა ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ნამდვილად გვიჭირდა უერთმანეთოდ.

უსიერი ტყეების სიღრმეებში ერთად დავდიოდით და, ის რომ ჩემთან იყო, შიშს არ ვგრძნობდი. ტყის შუაგულში, ფოთლების ნაშალზე გულაღმა გაწოლილს ხშირად ჩამეძინებოდა ხოლმე, ზოგჯერ მოსატყუებლად თვალსაც მოვხუჭავდი და ჩუმად ვუთვალთვალებდი. ის ჩემგან ორ-სამ მეტრზე თვალფხიზლად მიწოლილი ჩემს მშვიდ ძილს დარაჯობდა.

დასახლებაში რპმ გავივლიდით, სოფლის ძაღლები ღობეების შიგნიდან დაიწყებდნენ ღავღავს, გარეთ გამოსვლასა და პირისპირ მასთან შეჯახებას ვერავინ ბედავდა.

უენოთა ბელადი შევარქვი-მეთქი და ბოდერა მართლაც შეუდარებელი იყო. გუმანით გრძნობდა მტერ-მოყვარეს. შინაურ სტუმარს წარამარად არ აუხირდებოდა, ყეფას არ დაუწყებდა, ხოლო თუ ავკაცობის ფიქრით ვიღაცა მოვიდოდა, ბოდერას განრისხებას საზღვარი არა ჰქონდა. ეტყობოდა, ჩემამდე თავისებური თავგადასავლები ჰქონდა გადატანილი. ჩემს ეზოში რომ დაიდო ბინა, ალბათ ბევრი იფიქრა. ეს ყველაფერი მის პირუტყვულ ალღოზე მიგვანიშნებდა. ის კარგად შეეგუა ჩემს ეზო-კარს და ალბათ არც ეგონა, თუ რაიმე შეიცვლებოდა მისი მომავლის განსაზღვრისას.

მაგრამ გავიდა ჩვენი მეგობრობის ლამაზი დღეები და უნდა დავცილებოდით ერთმანეთს. ქალაქი მეძახდა თავისი სირთულეებით, მოვალეობებით, ტკივილებით, რაც თან მოიტანა ეპოქის მრავალმა ფერისცვალებამ. ნასოფლარიდანაც ძაღლების ყმუილი უფრო მძლავრად ისმოდა.

ფირანას ვთხოვე, ბოდერას და მას ერთად გავეცილებინე ავტობუსის გაჩერებამდე. ტყიანი ერთად უნდა გაგვევლო და, აი, გავიარეთ ის ტყიანი ბილიკი და ბოდერამ უცებ ძალიან მოიწყინა, თითქოს რაღაცა იგრძნოო, მოუსვენრობა დაეტყო. ერთხანს განზე გავიდა და ერთი შეყმუვლა კიდეც. მე დაკვირვებით ვუთვალთვალებდი და ვგრძნობდი, რომ ის რაღაცას მიხვდა, მიხვდა, რომ უნდა დავშორებოდით ერთმანეთს.

მე და ფირანამ როგორც მოვილაპარაკეთ, მე ქალაქში წავიდოდი, ბოდერა ფირანასთან დარჩებოდა. ფირანას კიდევ გავუმეორე, რომ ყოველთვიურად მოვინახულებდი და ბოდერასთვის ყველაფერს ვიღონებდი, არაფერს მოვაკლებდი.

ბოდერას ამ ყველაფერს, აბა, როგორ გავაგებინებდი? განშორების დეტალებსაც ვერ გადმოვცემ. ამას ვიტყვი მხოლოდ, რომ მეც ძალიან ვღელავდი.

და, აი, დაბის ავტობუსის გაჩერებაც!

მალე ავტობუსიც მოვიდა. მე ავტობუსში ავედი, ფირანა და ბოდერა გაჩერებასთან დავტოვე და ხელის ქნევა დავუწყე. მანქანა დაიძრა და სიჩქარეს უმატა. ბოდერა ჯერ გაკვირვებული აქეთ-იქით იმზირებოდა, მერე ერთბაშად მოსწყდა, იმანაც უმატა სვლას და სირბილით დაედევნა ავტობუსს.

უკანა სარკმლიდან ვუმზერდი, თუ როგორი თავგანწირვით მოექანებოდა, მაგრამ მანძილი ჩვენსა და მას შორის თანდათან გრძედებოდა და ბოლოს იგი უიმედოდ გაჩერდა. მე დავინახე თავი ნაძვნარის ტყიანში რომ შერგო. რაღაც ჩემდაუნებურ დანაშაულს ვგრძნობდი, ყველაზე მეტად ერთი კითხვა მაწუხებდა: ნუთუ სულ წავიდა?.. ვიპოვი კიდევ სადმე ისეთ მეგობარს, როგორიც ახლა დავკარგე? თანაც იმედი მქონდა, რომ ის ჩემს ეზო-კარს არ მიატოვებდა, ისევ მომნახავდა, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა.

იმავე საღამოს ფირანამ დამირეკა და მითხრა:

- სახლში უნდა წამეყვანა, მაგრამ ვეღარსად დავლანდე, მთელი დღე ტყეში დავეძებდი და ვერსად მოვიხელთე. ეტყობა გადაიკარგა, საიდანაც მოვიდა, იქვე დაბრუნდა. შენ რომ გამოგეკიდა, მერე დიდი ნაძვნარის ტყიანში შევიდა და გაუჩინარდა... თუ სადმე შემომეყარა, წავიყვან

და ვუპატრონებო. მეც, იქნებ ბოდერა გამოჩნდეს-მეთქი, ვიფიქრე და ამ ფიქრს მოვეჭიდე.

 

* * * * * * * * *

 

ეს ამბავი ალბათ დავიწყებას მიეცემოდა და მეც აღარ მივუბრუნდებოდი ამაზე საუბარს, თუ არა კიდევ ერთი გარემოება, რომელიც იმ ხანებში უპატრონოდ მიტოვებული სოფლის ძაღლების გარშემო შეიქმნა: დროდადრო ხმები მოდიოდა, რომ ძაღლებისა და მგლების ხროვამ ამა და ამ ადგილიდან ესა და ეს პირუტყვი გაიტაცაო, დაგლიჯა ან შეჭამაო. ხან იმასაც ამბოდნენ, ამა და ამ ადგილას ადამიანებს დაესხნენ თავსო. მათგან დაკბენილი რამდენიმე ქალი საავადმყოფოშიც მოხვდა.

დიდ ქალაქში ისე გახმაურდა ეს ამბავი, რომ ხალხს მეტი სალაპარკო არა ჰქონდა. ხელისუფლებაში მისვლა გადავწყვიტე, რათა ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა, რომ რაღაც ეღონათ, მაგრამ ამ ძაღლების გაველურება ისეთ ფაზაში იყო, რომ, ჩემი აზრით, ვეღარაფერი გამოასწორებდა. ისინი უკვე დაჰბრუნებოდნენ თავიანთი წინაპრების, მგლების, ველურ ბუნებას.

ეს პრობლემა მხოლოდ მათი მსხვერპლად შეწირვით შეიძლებოდა გადაჭრილიყო. ვითომ სიკეთემ ნამდვილი ბოროტება წარმოშვა, ადამიანებმა უკეთესის ძებნაში ისიც დაკარგეს, რაც გარემოებამ და ათეული წლებით ცხოვრების პრაქტიკამ აუცილებლობად მიანიშნა: - მეგობრობა ბუნებასთან და ბუნების შვილებთან.

ერთ დილით დიდი ქალაქის ჩემს უბანში მემაწვნე გამოჩნდა, სწორედ ის კაცი, რომელიც იმ სოფლის მკვიდრი იყო, ვაზიანში რომ გადაიყვანეს საცხოვრებლად.

ის გიორგი უთურგაული, იგივე ტოღაურა, ბოდერას ყოფილი პატრონი. მას ადრეც შევხვედრილვარ და გამიკვირდა, საოცრად გამოცვლილი მეჩვენა. დიდი ჩანთები მწვანილით, მაწვნის ქილებითა და რძიანი ბოთლებით ჰქონდა სავსე. ეს კაცი ხომ ყოფილი კოლმეურნეობის თავჯდომარე იყო, ასე როგორ გაუჭირდა-მეთქი ვიფიქრე, - რომ ასეთ მძიმე და არცთუ შემოსავლიანი საქმისთვის მოუკიდია-მეთქი ხელი.

ის ჩემი სახლის ეზოში შემოვიდა და დაიძახა: „მაწონიი, მაწონიი, მალაკოო, მალაკოო", მწვანილიც ახსენა და ეს გაიმეორა რამდენიმეჯერ. გადავიხედე და მაშინვე ვიცანი.

ჯერ მინდოდა არ გამოვმცნაურებოდი, მაგრამ მალე გადავიფიქრე, იქნებ რაიმე იცისმეთქი ბოდერას შესახებ, და მეორე სართულიდან გადავძახე:

- გამარჯობა, გიორგი, მიცანი?

- გაგიმარჯოს, როგორ არ გიცანი!

- ამოდი, ცოტა ხანს ჩემთან შეისვენე,

- კარები გავაღე და სახლში მოვიპატიჟე.

ამოვიდა, შემოვიდა, სკამი დავუდგი, მაგიდაზე არყის ბოთლი შემოვდგი და მცი- რე საუზმე გავუშალე.

- რა ქენით, როგორ მოეწყვეთ? - შევეკითხე.

- ხომ ხედავ, როგორც მოვეწყვეთ - მიპასუხა მან და რაღაც სევდანარევი თვალებით დამიწყო ყურება. დაჩაგრული კაცის იერი ამოვიკითხე მის გამოხედვაში.

- თქვენებურებზე ამბობენ, მრავალსართულიან სახლებში ცხოვრობენო, შენ რა, ძროხები იქაცა გყავს? ესე იგი ნაკვეთები დაგირიგეს და მიწასთან ახლოს ცხოვრობთ, არა?

- არა, ნაკვეთები სახელმწიფოსია!

ჩვენ მრავალსართულიან სახლებში ვცხოვრობთ, ზვრების მუშები ვართ.

- აბა, ეგ რძე და მაწონი საიდან? - კვლავ ჩავაჯინდი.

- ვყიდულობ, მეზობელ სოფელში ვყიდულობ და ვყიდი.

- დიდსერში აღარაფერი დაგრჩა?

- როგორ არა, ძაღლი მყავდა, მთელ ქვეყანას მერჩივნა, მარტო იმის დარდი არ მასვენებს. დიდი დარდი წაგვყვა დიდსერიდან, განსაკუთრებით იმ ტყიანისა და წყაროების მიტოვება ვერ მოგვინელებია.

- იცი, რომ ის ძაღლი ჩემთან მოვიდა? ორი თვე ჩემს კარ-მიდამოში იცხოვრა, არაფერს არ ვაკლებდი, მაგრამ მე რომ წამოვედი მთისპირიდან, ისიც სადღაც გაუჩინარდა.

- რას ამბობ, კაცო, მართლა?

ისეთ თემაზე დავუწყე გიორგის ლაპარაკი, რომ შევატყვე არ სიამოვნებდა. მერე წამოდგა, - კარგად იყავი, კარგად. მითხრა ეს და თავის ჩანთებს დაავლო ხელი და კარებისკენ გაიწია. მე მაინც ეს კითხვა დავადევნე.

- ამბობენ, თქვენმა ძაღლებმა მოსახლეობას დაუწყო ტევაო,' რამდენიმე მათგანი დასახიჩრებული საავადმყოფოშიც მოხვდაო.

- აბა, რა ექნათ! სიცოცხლე ხომ მათაც უნდათ. ადამიანმა თავის კარ-მიდამოში მიუჩინა ადგილი, ეხლა კი რა დრო მოვიდა, ხომ ხედავ, სამართლიანობა დაიკარგა. ყველაფერი გამორჩენის თვალთახედვით იზომება. კარგად იყავი, კარგად, ეს ხომ ცხოვრება აღარ არის. ეხლა ყველა ცხოვრობს იმისათვის, რომ იარსებოს! კარგად იყავი, კარგად! - და ნათავმჯდომარალი ტოღაურა თვალს მიეფარა.

ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა, ორი მაწვნის ქილა ამოიტანა, მაგიდაზე დადგა და, ისიამოვნეო, მითხრა. მე ჯიბეზე გავიკარი ხელი, მაგრამ მან არ დამანება. კარგად იყავი, ვაზიანში ჩამოდი, გვნახეო.

იმ ხანებში ერთხელ კიდევ მომიწია ჩემს აგარაკზე წასვლა. ისევ იმ გაჩერებასთან ჩამოვედი ავტობუსიდან და ტყიანს გავუყევი. ახალი ნაწვიმარი იყო და ცვარდანამული ფოთლები საამო სიგრილეს გამოსცემდნენ. გაფრთხილებისამებრ ერთი მორჩილი' ჯოხი ვიპოვე და ტყიანი ფერდობით ფრთხილად დავეშვი ჩემი სახლისაკენ.

მივდიოდი და კვლავ ბოდერაზე ვფიქრობდი, ნეტა შემხვდეს-მეთქი. ნახევარი გზა თითქმის გავლილი მქონდა, დაბლა ხევში წყაროსთან შევისვენე, წყალი დავლიე, სახეზეც შევისხი და, ის იყო, გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ ხევის თავში, ტყიანიდან, ყმუილი მომესმა. იმას მეორე მოჰყვა.

ნაცნობი ხმები შიშის ზარად ირეკებოდა ჩემს არსებაში და თავდაცვისაკენ მომიწოდებდა. შევდექი, ერთხანს უკან დაბრუნება გადავწყვიტე. ბოლოს მაინც სურვილმა დამძლია და გზა განვაგრძე. იმ მხრიდან, საიდანაც ყმუილი მომესმა, ხმაური არ წყდებოდა. რამდენიმე ნაბიჯი წავდგი და რა დავინახე: - მთელი ჯგრო ძაღლებისა შეჯგუფებულიყო და რაღაცის მოლოდინში ყურდაცქვეტილები მოქმედებისათვის ემზადებოდნენ. კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. სადღაც ჩემს ზევით რამდენიმე ძუკნამ? გადაირბინა, მერე ისინიც ამ ჯგროს შეუერთდნენ.

მე ჯოხი ხელში კარგად მოვიმარჯვე და ფრთხილი ნაბიჯებით წინ გავწიე. პატარა ხევი უნდა გამევლო წინ, იმ ხევში მოსახვევი და ერთგვარი კალოს ტოლა ველი იყო, სადაც შემოდგომისას შეშის მჭრელები შეშას ამზადებდნენ ხოლმე, ის ველი გატყიურებული ძაღლებით იყო სავსე.

დავინახე და რა დავინახე! ძაღლების ზოოპარკი გეგონებოდათ, რამდენიმე ათეული თვალი გაფაციცებით მომჩერებოდა.

ისინი თითქოს ვიღაცის განკარგულებას ელოდებიანო, რომ დაეწყოთ... აქ იყო ნაკრები ძაღლებისა, შავი, თეთრი, ჭრელი, დიდი, პატარა, მეცხვარული ქოფაკი თუ პატარა გოშია, ხვადი თუ ძუ, თართი მეკვლე, სამონადირეო მეძებარი თუ ყაზილა ნაგაზი, ყველა ისინი თითქოს ჩემს დასასჯელად შეგროვილიყვნენ. ზოგი მაღალი იყო, შველივით კანჭებით, ზოგი ბაჯაჯღანა, პატარა და მოხშირებული ბეწვით, თვალებიც რომ არ უჩანდათ.

მთელი ხროვა ძაღლებისა მოსულიყო ამ ხევში და რაღაცა ავისწადილში იყო. ისეთი საოცარი სურათი იხატებოდა, რომ იმის დანახვამ უცებ შემზარა და შემაკრთო. ვინმეს ეს რომ გადაეღო, ალბათ მსოფლიო სამუზეუმო სასახლეებს მოივლიდა. ყველა ესენი, მალულას ხეობის მეპატრონენი, დაკარგული ღირსებისთვის შურის საძიებლად მოსულიყვნენ...

ფრთხილად მითვალთვალებდნენ. არავინ არ იწყებდა. ეტყობა ვარაუდობდნენ - შეძლებდნენ თუ არა ჩემს დამორჩილებას. თვალებით ვეძებდი, მაგრამ ჩემი მეგობარი ბოდერა მათში ვერსად შევნიშნე და ერთგვარად გამეხარდა კიდეც.

ისინი უხმაუროდ, თითქოს მომენტს ელოდებიანო, ჯერ არ იძვროდნენ. არ მინდოდა გამეღიზიანებინა, ვითომ ვერ ვამჩნევდი, მძიმე ნაბიჯებით გზის გაგრძელება ვარჩიე. მივდიოდი და ვფიქრობდი, იქნებ ვერ შემომბედონ, პური რომ წამომეღო, იქნებ როგორმე მომექრთამა ისინი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი რაღას მიშველიდა? და, აი, თითქმის გავიარე სახიფათო მოსახვევი, გავცდი კიდეც მათ, ვგრძნობდი, ზურგიდან დამესხმებოდნენ.

ჩემი ვარაუდი არცთუ უმიზეზო იყო, რადგან, გავცდი თუ არა, იმავე წუთს ყეფა მომესმა, ჯერ ლეკვები აყეფდნენ და ჩემკენ გამოექანენ, მერე დიდებიც შეგულიანდნენ და პატარებს აუბეს მხარი. მთელი გუნდი წამოვიდა ჩემკენ. შემოვტრიალდი, ჯოხი მაგრად დავიკავე, ქვებიც მეჭირა ხელში და მოახლოებულ ხროვას თავისებურად დავჭყივლე. ამ დროს არ უნდა იგრძნონ მათ, რომ შეშინდი, ამ დროს შიში საბედისწეროა. ვიცოდი მათი ეს ბუნება, მაშინ უფრო გაბედულად შემომიტევდნენ.

ნელ-ნელა ვიხევდი უკან-უკან და ვცდილობდი, მაღალ ხეებთან ახლოს შევჩერებულიყავი, თუ ძალიან გამიჭირდებოდა, ხეზე ავსულიყავი. მაგრამ ისინი საოცარი ალღოთი, დაბეჯითებით მიახლოვდებოდნენ, უფრო და უფრო შეუპოვრები ხდებოდნენ, გაფიცხებულები ჯიქურ მოიწევდნენ ჩემკენ. ერთი, ყველაზე უფრო თამამი, ისე ახლოს მოიჭრა, რომ შარვლის ერთი ტოტი ჩამომახია და მუხლთან კბილებიც ჩამასო. ჩემი ჯოხი ისე მაგრად მოხვდა, რომ დაიგმინა და წკავწკავით განზე გავარდა. ახლა მეორე წამოვიდა, მესამე და მთელი ხროვა მოწყდა ადგილიდან და ერთბაშად მომინდომეს გადაქელვა.

კლდიანი იყო და კლდეს მივეყუდე. დაუზოგავად ვიქნევდი ჯოხსა და მომხდურებს ვიგერიებდი. ამ ბრძოლაში თანდათან ძალა მელეოდა, რაც შემეძლო, ყვირილი ავტეხე და მშველელს მოვუხმე, მაგრამ არავინ არ გამომხმაურებია. მიწიდან ქვებს ვიღებდი და ვესროდი. ამ ქვებს ზოგ-ზოგი გაეკიდებოდა ხოლმე, მერე ისევ მომიბრუნდებოდნენ და ახალი ძალით იწყებდნენ იერიშს.

დადგა მძიმე და გადამწყვეტი წუთები. ზოგჯერ ადგილიდან მოვწყდებოდი და თვითონ შევუტევდი, მაგრამ ისინი დაზავებას არც ცდილობდნენ. ეს იყო უთანასწორო ბრძოლა, ის სამყარო, რომელიც დღემდე ჩვენ გვიცავდა, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარიყო...

კიდევ ერთხელ გავიბრძოლე და კიდევ ერთხელ მოვრთე სასოწარკვეთილი ყვირილი, მაგრამ მშველელი მაინც არსაიდან ჩანდა. უცებ ტაქტიკა შეცვალეს, - თავდამსხმელების ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და ორი მხრიდან შემომიტიეს... და ამ დროს უეცრად შორიდან ბუჩქების ლაწა-ლუწით ტყიდან გამოენთო უზარმაზარი მხეცი, რომელიც ერთი შეხედვით დათვი მეგონა...

ის იყო, ჩემი მეგობარი ბოდერა! მოვარდა და ტორებით აქეთ-იქით ისროდა ჩემკენ იერიშით მომართულ ძაღლებს. ისე მაგრად შემოუქნევდა ტორებს, რომ ისინი იქვე ხევში ცვიოდნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის ხალისს კარგავდნენ...

სულ მალე ყველაფერი თითქოს დამშვიდდა, ძაღლების ხროვა ენაგადმოგდებული ძუნძულით გაეცალა იმ მიდამოს.

ის კი, ბოდერა, დაღლილი, მოვიდა, ჩემს ფეხებთან ჩაცუცქდა და ქაქანი დაიწყო. მერე თავი წინა თათებზე დადო და მორჩილი მზერით დამიწყო ყურება. მე რამდენიმე ტკბილი სიტყვა ვუთხარი, ხელი შუბლზე გადავუსვი და, როცა მიხვდა, მიცნოო, უფრო გამიშინაურდა. ბოლოს მოვიდა და ორივე წინა თათით ამებღოტა. ეტყობა მოფერება მონატრებოდა. კარგა ხანს უსიტყვოდ გულში ვიკრავდი, სიყვარულით სავსე თვალებით შევყურებდი. წამოყოლას ვთხოვდი, ვეძახდი, მაგრამ ის არ გამომყოლია, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.

- წამოდი, წამოდი, ჩემთან ბოდერა! - ვეხვეწებოდი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება შეუვალი იყო. ამ დროს ძუკნა ძაღლიც გამოჩნდა. მან რაღაც ალმაცერად შემომხედა და ბოდერასთან მივიდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ის დაჰპატრონებოდა მის მეობას. ბოდერა ერთხელ კიდევ მომელაქუცა, მერე ორივენი ტყიანში ძუნძულით გაუჩინარდნენ. ამაოდ ვეძახდი და ვუხმობდი ჩემს მშველელს, ის არ მეხმიანებოდა, თითქოს ჩემი ძახილი არც ესმოდა...

სოფლის შესასვლელში თოფებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა შემომხვდა, რომლებსაც ფირანა მიუძღოდათ. ცოცხალი რომ დამინახეს, გაუხარდათ, გაიკვირვეს და გამოკითხვა დამიწყეს.

- თქვენ რომ ძახილი და გნიასი გესმოდათ, მე ვიყავი! თავს დამესხნენ, ბოდერამ გადამარჩინა!

- რას ამბობ, კაცო! ბოდერა იყო მართლა?..

მე და ფირანა მარტო დავრჩით. ჩემი ეზოს ჩრდილში, გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და საუბარი გავაგრძელეთ.

- შენთვის არ მინდოდა მეთქვა, - მითხრა ფირანამ ბოლოს, - ვიცოდი, არ მოიწონებდი, ვიცი, რომ მაგათი ქომაგი ხარ! ახლა გეტყვი: ამ დღეებში ძაღლების ბედი გადაწყდება. ყველას ამოხოცავენ!

- როგორ? - ვკითხე მე.

- როგორ და მათგან დაგლეჯილი რამდენიმე კაცი ახლაც საავადმყოფოში წევს. ხალხი რომ ძალიან შეწუხდა, მთავრობას მიაკითხეს, მთავრობამ მონკავშირს სთხოვა, ლიკვიდაცია მოეხდინათ ამ გაველურებული ძაღლების. მონკავშირმა, ჩვენ ამას როგორ გავაკეთებთო, პირიქით, ძაღლებს ვიცავთო, არ წავიდნენ ამ საქმეზე.

მერე მილიციას დაავალეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დღეებში გზას შეუკრავენ და ამოხოცავენ. ძალიან კი მეცოდებიან. მათი ველური ალღო ვერაფრით ვერ ხვდება, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ ჩადენილ ადამიანებზე თავდასხმებს.

 

* * * * * * * * *

 

მალე მოვმჯობინდი და ნაიარევიც თითქმის მომიშუშდა. იმასაც ვიტყვი, რომ ხეობის გაღმა ნასოფლარიდან და ზოგჯერ სხვა მხრიდანაც ღამიანში ხშირად მესმოდა ძაღლების გაბმული ყმუილი და ეს მამშვიდებდა, რომ ახლა ის ხმა აღარ მაფორიაქებდა ძველებურად. სინამდვილე კი მათი პრობლემების შესახებ დაფიქრებასა და რაიმე გადაწყვეტილების მიღებას მთხოვდა.

და მეც ვიფიქრე, მილიციაში წავსულიყავი, იმათთან, ამ ძაღლების ამოხოცვა ვისაც დაავალეს. რა თქმა უნდა, ყველაზე იოლი, არაპოპულარული გზა აირჩიეს.

დიახ, მათი ყმუილი მახსენებდა, რომ ცოცხლობდნენ ისინი და შეიძლებოდა მათ სასიკეთოდ რამე მეღონა კიდეც. სამგზავროდ გამოვეწყე და ფირანას გადავძახე, გამომყოლოდა. მარტო წასვლაც მეშინოდა და თან მან საუკეთესოდ იცოდა ყველაფერი, რაც იმ მხარეში ხდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭული მრავალჯერ ფეხით ჰქონდა მოვლილი, რომ იტყვიან, თავისი საქმის პროფესორი იყო, რაც ამ ადგილმდებარეობას შეეხებოდა, ის ხომ იცოდა და იცოდა, ცხოველთა სამყაროშიც საუცხოოდ ერკვეოდა.

ფირანა მოვიდა და თან შინდის ორი კოჟრიანი კომბალი მოიტანა. ერთი მე მომცა და მეორე კი თვითონ დაიტოვა.

ახლა ჩვენ ათი მგელიც ვერაფერს გვიზამს, - მითხრა მან.

იმ დაბაში მივდიოდით, სადაც მილიციის განყოფილება იყო. მინდოდა გამეგო,თუ რა დავალება ჰქონდათ მიცემული, მესაუბრა მათთან და თუ შედეგს ვერ მივაღწევდი, მთავრობაშიც მივსულიყავი, მაინც ბოლომდე მივყოლოდი ამ საქმეს. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ამ ძაღლების ფიზიკური განადგურება. ჩემი წინადადებები მქონდა, რათა ის ძაღლები შეგვერჩია, რომლებსაც მეცხვარულს ვეძახით, იმ რაიონებში მეცხვარეებისათვის გადაგვეცა, სადაც ნადირი ძალიან აწუხებდათ და ასეთი ძაღლების დიდი მოთხოვნა იყო.

ზოგ ძაღლს ალბათ მონადირული ალღო აღმოაჩნდებოდა, ვფიქრობდი, მათ მონადირეთა კავშირი მოუვლის-მეთქი. ზოგჯერ ჩვენში. საოჯახო აუქციონიც იმართებოდა, ვინ იცის, პატარა ბაჯაჯღანა ძაღლებს მდიდარი ქალაქელებიც აიყვანდნენ და შეიძლებოდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა.

აი, ასეთი მოქმედების გეგმას ვსახავდი.

რაც შეეხება ბოდერას, მისი ჩემთან დაბრუნება ოცნებად მქონდა, ამაზე ცალკე უნდა მეფიქრა, თუ როგორ მოვახერხებდი ამას.

საუბრითა და ნელი ნაბიჯებით მე და ფირანა მთის პირს გავცდით და მომაღლო ბორცვს შევუდექით. და ამ დროს იმ პატარა ღელის მხრიდან, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ ძაღლების ალყაში მოვყევი, შეყმუვლება მომესმა, მერე მეორე და ამას ძაღლების გაბმული ღავღავი მოჰყვა. გრგვინვასავით მოდიოდა ის ხმა, თითქოს სადაცაა მეხი უნდა გავარდესო, და აი, ერთბაშად სროლაც ატყდა.

ახლა უკვე ღმუილი კი ისმოდა, მაგრამ სხვა გარემოებას გადმოსცემდა ეს ღმუილი, ძაღლები კიდევ ერთხელ ატყობინებდნენ დამბადებელს დიდ განსაცდელს, რამაც მოიცვა ისინი. ეს აღარ იყო მუდარა, თხოვნა, ძახილი, არამედ ეს უფრო გამომშვიდობების ვედრება იყო. ხანდახან სროლის ხმა წამიერად მიყუჩდებოდა და მერე ისევ კანტიკუნტად ისროდნენ.

ამ გარემოებით შემკრთალნი, ფეხაჩქარებულნი მივიწევდით წინ, თუმცა ძაღლების ღავღავიც უკვე აღარ ისმოდა. აი, მოღრეცილ ფერდობს შემოვუარეთ და საშინელი სანახაობა გადაიშალა თვალწინ: ბრძოლის ველი, რომელიც რამდენიმე ათეული ძაღლის უსულო გვამით იყო მოფენილი...

- რატომ ქენით ეს? - პირველი კითხვა ეს იყო, როცა მეთაური მოვნახე.

- ასე იყო საჭირო და იმიტომ! - მკვახედ მომიჭრა მან.

- დავალება გვქონდა ზევიდან! - ახლა მეორე გამომეპასუხა, რაც ამათ სოფლელები აზარალეს, ეს კიდევ ცოტაა!

- სირცხვილია! სირცხვილი! ჩვენ, ადამიანები, ამ უენოებზე უფრო უარესები ვართ! - ვუთხარი მათ და მინდოდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდი იმ ადგილს, რათა აღარ მენახა ის სისასტიკე, რამაც მთლად ამრია და სულიერად გამანადგურა.

- წავიდეთ, ამათთან ლაპარაკი არ ღირს! - ვუთხარი ფირანას და წასვლა დავაპირე, რომ უეცრად ხმაურითა და თავაწყვეტილი შფოთვით, ტყის სიღრმიდან დიდი მეცხვარული ძაღლი გამოქანდა, დაღრეჯილი, შმაგი და დაუდეგარი, მოექანებოდა ისე, თითქოს ყველაფერი ის, რაც აქ მოხდა, მისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი და ახლა შემოიჭრა ბრბოში, რათა შური ეძია თავისი მოძმეებისთვის, დაუსჯელად არ ჩავლილიყო ეს დიდი დანაშაული უენოთა სამყაროზე.

იმ ძაღლში ბოდერა შევიცანი!

- ბოდერა, ბოდერა! - შევძახე მე, - მოკლავენ ამ საცოდავს! - და იქით გავიჭერი, საითაც ის მიემართებოდა. მან ერთი კი გამოიხედა, მაგრამ ჩემი ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ იმას, იმ უიარაღო ფორმიანს მიეჭრა, რომელიც მბრძანებლობდა და ტორის ერთი დარტყმით ძირს დასცა, დასცა და ბურჯგვნა დაუწყო, ალბათ ბოლოს მოუღებდა კიდეც, რომ იქვე ახლოს მდგომ მილიციელებს არ ემარჯვათ.

ფეხებით დაითრიეს ბოდერა, იმას მოაშორეს და ზედ ავტომატის ჯერი მიუშვეს.

- არ ესროლოთ, არ ესროლოთ! ჩემი ძაღლია! - ვყვიროდი მე და იქით გავრბოდი, სადაც ტყვიადახლილი ბოდერა გულაღმა გაშოტილი დაეცა...

ახლოს მივედი მასთან და ჩავძახე:

- ბოდერა, ჩემო კარგო ბოდერა! - მან მოაბრუნა თავი და შემომხედა. პირველად რომ გავიცანი, ახლაც თათებზე ისე დადო თავი და დაკვირვებით დამიწყო ყურება. ეტყობა, ჩემი განცდა გაიზიარა.

შევკრთი, თითქოს ადამიანი მიყურებდა. ეს გამოხედვა იყო საოცრად სევდიანი, საოცრად გონივრული. მიყურებდა და თითქოს რაღაცის თქმა უნდოდაო, თავის აწევა სცადა, მაგრამ უღონო ხავილიღა აღმოხდა.

მერე თავი ისევ თათებზე დადო, ლამფას რომ ჩაუწევენ, ისე ნელ-ნელა ჩაიწია მისი თვალების ქუთუთოებმაც, წამით ერთხელ კიდევ გაინათა მისმა თვალებმა და სამუდამოდ დაეხუჭნენ, რათა აღარასოდეს ენახათ ტანჯვისთვის მოვლენილი ეს სამყარო.

 

* * * * * * * * *

 

ახლა ღამეა, გვიანი ღამე. ისევ იმ აივანზე ვწევარ, სადაც პირველად ძაღლების გაბმული ყმუილი გავიგონე. ჩემ გვერდით, მეორე საწოლზე, ჩემი შვილი წევს. მას კარგა ხანია სძინავს. მე კი არ მეძინება. გავყურებ სამყაროს, შეუცნობელ სივრცეს. ზეცა ლურჯი და კამკამაა...

მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რატომ მოიგონა ღმერთმა სევდა, რომელიც სულიდან არ ამოდის და გვამძიმებს. უფრო ის მასევდიანებს, რატომ დაკარგა ადამიანმა მიზანი თავისუფალი ცხოვრებისა. ისიც მასევდიანებს, რომ აღარ მესმის გაუბედურებულ უენოთა გაბმული ყმუილი ნასოფლარიდან, ხშირად რომ არ მაძინებდა ხოლმე, და კიდევ ის მასევდიანებს, რომ ის სოფელიც გაქრა გეოგრაფიული გარემოდან, სადაც ძალიან ლამაზი კალათებისა და ლასტების დაწვნა იცოდნენ.

ყველაფერ ამაზე ვფიქრობ და სევდა გულს მებჯინება, იმდენი საფიქრალი მიგროვდება, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობ და ლამის სამშობლოდან გაქცევა მინდა. მაგრამ სად წავიდე? როცა იქაც, ყველგან, ყველას სამშობლოდან გაქცევა უნდა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ