|
სპილოები
კარიბჭე მოღლიავდა გალავანის, მცხეთაში შემოვიდა ქარავანი.
ყველაყა - მცირემდე დიდიდან - იდგა და სპილოებს ითვლიდა.
- ერთი... ორი... სამი... ოთხი, - ხელებს შლიდნენ: - ვაა!.. ხუთი... ექვსი... შვიდი... - ბიჭოს!... - აი მესმის! - რვა... თერთმე... თორმე... ცამე... თოთხმე, - გრძელდებოდა თვლა.
ითვლიდნენ გულში, ითვლიდნენ თითით, ითვლიდა ქალი, ითვლიდა ვაჟი... და... მიდიოდა ხალხის თვალწინ ქარავანი თვლა და თვლაში;
ქართულ თვლაში, სომხურ თვლაში, სპარსულ თვლაში ბერძნულ თვლაში... და... მზით ძლეული მთვარის ცრემლი ციმციმებდა მცხეთის თვალში.
რა გამოსცილდნენ მცხეთას - თქვა დიდვაჭარმა ერთმა: - იცოცხლე! - ღდინზე ვიბანო ჭრელ აბანოში ნურითო! მეორემ: - გაგიხარია! - გამოვთვრე ატენურითო! მესამემ: - ოქროდ გავყიდი - ნაყიდსა ასპანურითო!
ფეხის ხმა ისმის ქუჩიდან ცხენთა. ყავახანაში ვაჭრები სხედან: - ტფილისისკენ სპილოებით მოდიანო ინდონი! - ჩვენებურო საქონელო, - ხაბარდა და... მშვიდობით! - ხატაელთა ქარავანიც უნახავთო გზაში! - ინდოელებს კარგი დახლი დაუდგებათ მაშინ! - სომხის ვაჭრებს თუხარელი დასცემია ლექსო! - ვახტანგ მეფე კარგად იყოს, - დედას უტირებსო!
თავმომწონე მხედარი
ჯდა ცხენზე კაცი ვიღაცა; - რა ბიჭიაო! რა ბიჭი!.. ქუჩასაც, ცხენსაც, მხედარსაც - დინჯი შვენოდა ნაბიჯი.
თვალს ახარებდა, ალხენდა - მწვანე ხავერდი ხეთანი... - მე ვარ და ჩემი ცხენიო! - უხმოდ იძახდა მხედარი.
ქალი შენიშნა - ჩამოხტა - ხოხობს წარუდგა არწივი - განზე გადგა და გაჩერდა ცხენი - ზედმეტი კაცივით.
დაიფრუტუნა ქურანმა - ურმის გაისმა ჭრიალი - ხარებს ტუქსავდა - წყრებოდა მეურმე მხარბეჭიანი.
იმ კაცს - ქუჩაში რომელმაც ძლივს გაატარა აქლემი - წვერები ჰქონდა, მე მოვკვდე, თხისაზე არანაკლები.
რაო, - ვახტანგმა, - ვინ არი? ჩამოართვეს ცხენი; - აქეთ! - უთხრეს ხელით. უცხოს, ვერ გეტყვი - რატომ და - თავი ამაყად ეჭირა.
- რაო, - ვახტანგმა, - ვინ არი? - დესპანიაო! - ეჯიბმა.
მეფის წინ მიწას აკოცა ელჩმა, მერე საკმაოდ ცბიერი სახით. მეფეს უსტარი გადასცა შაჰის. ვახტანგმა წიგნი გაშალა, - ჩაიკითხა და - წახვია: - ახია ჩემზე, ახია!
გაეღიმა მწარედ. გაუშტერა თვალი წერტილს. შეამჩნია ელჩმა, - ვახტანგს კბილი აკლდა ერთი.
ანაზდად სახე იცვალა - ფერი დაედო მგლისა - წიგნი მიაგდო, - წამოდგა... - არა! - გამოსცრა მქისედ. ელჩი დარჩა სახტად.
ცხენის წინა ფეხები შეხლა-შემოხლა... და ცხენი ორ ფეხზე დადგა შემთხვევით, თუ ცათა მიმართ ვედრებით აღაპყრო წინა ფეხები?!
თავს დაწვდა თითქოს საკუთარს ცხენით უთავო თათარი; ვერ მოახერხა აღება და ძირს მოიღო ზღართანი.
ორბის ფრთა ეტყვის ცერასა
ნაომარ ველზე განფენილა მთვარის შუქი. ყველაფერს თითქოს საკუთარი დუმილი უკვირს. ფრთისა და ისრის ერთგან ისმის ბაასი ჩუმი - ერთიც, მეორეც, ფრთაც, ისარიც - ემდურის ჩუბინს.
- საშველი არა ყოფილა! - ორბის ფრთა ეტყვის ცერასა, - ვერ დავეღწიე ვერსაით მე ჩემსა ბედისწერასა.
ვიფიქრე: - ახლა მეშველა! - ორბი რომ მოჰკლა ქიტესამ; დღე უარესი დამადგა - მე შენსა გადამკიდესა.
ორბის ფრთას - მოგეხსენება - სისხლი არ გაუკვირდების, - პატრონი ჩემი, შენც იცი, თავზარი იყო ჩიტების;
მაგრამ ღირს კია სათქმელად დღეს სისხლი კაკბის, ხოხობის?! დღეს, როცა კაცის - მე და შენ - სისხლი დავღვარეთ კოკობით!
ოდესღაც მწვანე, - ქორაფი, - ორბის ფრთას ეტყვის პასუხად: - წვეთიც კი სისხლის არ სცხია ჩემს - აწ დაკარგულ - წარსულსა.
ჭალას ვიდექი - ვიყავი - არა შენსავით ყიალა, - მე ვარ და ჩემი ფოთოლი! - ვიძახდი ომახიანად.
ვიდრე ხე ვიყავ - ჩემს ცოდვას - არსი იტყოდა რომელი?! ქვეყნით ბალახის ამოსვლის - ვიყავი მახარობელი.
კრულ იყოს - ვინც მე გამთალა. აწ და მარადის კრულ იყოს! - სიცოცხლის მაცნეს სიკვდილის დამერქვა მოციქულიო!
უჯარმით კაცი აფრინეს
ხელმწიფეს წყლულზე რაღაცა დაადვეს ჰაიჰარად. უჯარმით კაცი აფრინეს: - დოსტაქარიო, ჩქარა!
დაღამდა, ვიდრე მივიდა შიკრიკი ბოსტან-ქალაქს. ნაშუაღამევს მოაგდო ქურანი დოსტაქარმა.
სხვა დოსტაქარი მუნთქვესვე მოაქლოშინეს კასპითა, კიდევ სხვა - ოძრხით მოიჭრა, მაგრამ სამთავე გაწბილდა.
უძრავად იწვა ვახტანგი. დავხედე - ვეღარ ვიცანი. კითხვაზე: - არის იმედი? პასუხი: - არავითარი!
ჯერ ერთმა, მერე მეორე, მერე მესამე - აქიმთა - ჩამოიშალეს მკლავები - შეწუხებული სახითა.
შემოეჯარა ფიქრები საქართველოზე... მტერზე... და თავი გარდმოგარდიღო გახევებულმა ნერსემ. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















