კალათბურთის მოედანზე სკოლის ნაკრები ვარჯიშობს. მაყურებლები ოთხნი არიან: სამიოდ უმცროსკლასელი ბიჭი და სალომე, თუმცა სალომე მაყურებლად არ ჩაითვლება, რადგან თამაშისთვის არ სცალია: წინ ალგებრის სახელმძღვანელო და ორი რვეული უდევს და საშინაო დავალებას ასრულებს. ხან ერთ რვეულში წერს, ხან - მეორეში.
დაწერს ერთში განტოლებას, მერე მეორეში გადაწერს. გადაწერილ განტოლებას ტოლობის ნიშანს მიუწერს და შეუდგება ამოხსნას. რომ ამოხსნის და შეამოწმებს სწორიაო, - პასუხს მეორე რვეულში გადაწერს.
სალომეს ჩანთაც ორი უდევს გვერდითა სკამზე. ერთი, ჩვეულებრივი სასკოლო ჩანთა, თავისია, მეორე - ლურჯი, სპორტული, „ადიდასის“ ფირმისა, - რეზიკოსი. ის რვეულიც, სალომე რომ შემოწმებულ და გამოყვანილ განტოლებებს იწერს, რეზიკოსია.
რეზიკო კი ის ტანადი, მოხდენილი, მოქნილი და კოხტა ბიჭია, კალათბურთს ყველაზე კარგად რომ თამაშობს. აი, ახლაც შორიდან, სამქულიანი ზონიდან სტყორცნა ბურთი და კალათში ჩააგდო.
სალომეს რეზიკო უყვარს. რეზიკოს არშეყვარება შეუძლებელია. სკოლის დირექტორიდან დაწყებული და გაბოთი, სკოლის დარაჯით, დამთავრებული, ყველას უყვარს. გაბოსი კი ბავშვებს უფრო ეშინიათ, ვიდრე სკოლის დირექტორის.
რეზიკო მხოლოდ იმიტომ კი არ უყვარს ყველას, რომ საუკეთესო კალათბურთელი და სკოლის ნაკრების კაპიტანია, არა იმიტომ, რომ მოხდენილად ცეკვავს, რომ სასკოლო თეატრში კაკო ყაჩაღს თამაშობს, რომ შვიდსიმიან გიტარაზე უკრავს და თან მღერის, არამედ იმიტომ, რომ კეთილი, გულღია და მხიარული ბიჭია.
ზოგი ამბობს, განებივრებულიაო, მაგრამ რეზიკო ბუნების უშურველმა წყალობამ გაანებივრა და არა მოსიყვარულე ადამიანების ყურადღებამ.
ცნობილია, რომ ამქვეყნად უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ნებისმიერ ჩვენგანს თუნდაც ერთი ნაკლი აქვს. რეზიკოსაც აქვს. ზოგიერთებზე რომ იციან თქმა: „ძალიან ნიჭიერია, ოღონდ ზარმაციაო", ვითომ ნიჭიერება სიზარმაცის გამართლება იყოს. არადა, პირიქითაა, სწორედ ნიჭიერ ადამიანს არ შეშვენის სიზარმაცე, ნიჭიერი ხომ უნიჭოზე უკეთ გააკეთებს საქმეს?..
დიახ, რეზიკო ნიჭიერია, მაგრამ ცუდად სწავლობს. თვით რეზიკო ამ ნაკლს დროის უქონლობით ხსნის, მაგრამ რაღა მაინცდამაინც სწავლისთვის არა რჩება დრო?! ასე რომ, რეზიკო ჩვეულებრივი ზარმაცი ბავშვია. რეზიკო ყურადღე-ბასაა მიჩვეული და სალომეს დედობრივი მზრუნველობა არ უკვირს.
ყოველ პირველ სექტემბერს რეზიკო სკოლაში სხვა ბავშვებზე ადრე მიდის და შუა რიგის პირველ მერხს იკავებს. ერთ ადგილს - თავისთვის, მეორეს - სალომესთვის. სალომე რეზიკოს მაგივრად ამზადებს საშინაო დავალებებს, ამარაგებს რვეულებით, სახელმძღვანელოებით და ფანქრებით, კლასში მის მაგივრად მორიგეობს და, რაც მთავარია, ჰკარნახობს ხოლმე.
სალომე კარნახის ჯადოქარია.
ყველა მასწავლებელმა იცის, რომ სალომე რეზიკოს ჰკარნახობს, მაგრამ სამხილს, მტკიცებულების” გარეშე, იურიდიული ძალა არა აქვს. ჩვეულებრივი პედაგოგი კი არა, გაქექილი ვექილიც ვერაფერს დაამტკიცებდა, რადგან „დამნაშავენი“ კვალს არ ტოვებდნენ.
საქმე ისაა, რომ რეზიკო, თავის მხრივ, კარნახის დაჭერის ჯადოქარი გახლავთ. ჰოდა, ორ ჯადოქარს სიტყვები არ სჭირდება, მხოლოდ სახის გამომეტყველება, საიდუმლო ნიშანი და წლების განმავლობაში გამომუშავებული თითების ანბანი... პანტომიმა კი, მოქმედი კანონმდებლობით, კარნახად არ ითვლება.
პირადი გამოცდილებით ვიცით, რომ კარნახი სხვა სკოლებში, სხვა მოსწავლეებსაც სჭირდება. ამიტომ გთავაზობთ კარნახის ფრაგმენტებს ვირტუოზების შესრულებით.
გაკვეთილი პირველი, მათემატიკა:
მათემატიკის მასწავლებელი, ბატონი დიმიტრი, მუდამ მთვლემარე, ცარცით დასვრილი სიტყვაძუნწი და ლმობიერი კაცი, რეზიკოს თითით მოიხმობს.
რეზიკო თამამად გადის დაფასთან, იღებს ცარცს და სალომესკენ შეტრიალდება.
- თეორემა! - ამბობს მასწავლებელი.
ეს ნიშნავს იმას, რომ რეზიკომ თეორემა უნდა თქვას.
რეზიკო სალომეს შესცქერის და აუჩქარებლად იწყებს:
„ნ“ ხარისხის ფესვი დადებითი რიცხვების ნამრავლიდან, უდრის... უდრის თანამამრავლთა „ნ" ხარისხის ფესვების ნამრავლს.
ბატონმა დიმიტრიმ ზანტად გადახედასალომეს და ორი თითი ჰაერში გაატკაცუნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რეზიკომ ნათქვამი დაფასთან უნდა დაამტკიცოს.
- როცა, - იწყებს რეზიკო, თან სალომეს უყურებს და საწერად ემზადება, A>0 და B>0, ხოლო „ნ“ ნატურალური რიცხვია...
სალომე ჰაერში რადიკალს, ალგებრულ სიმბოლოებს, ტოლობის ნიშანს ხაზავს. რეზიკო კი ყველაფერს საოცარი სისწრაფით წერს დაფაზე.
სულგანაბული კლასი აღტაცებით ადევნებს თვალს ორი ვირტუოზის დუეტს.
კლასისთვის ეს უცხო სანახაობა არ არის, მასწავლებლები სხვებზე ხშირად სწორედ რეზიკოს იძახებენ, მაგრამ სპექტაკლი არავის ბეზრდება, რადგან ჭეშმარიტი ხელოვნება უბერებელია და უკვდავი.
რეზიკოს ხელიც ლამაზი აქვს, რადიკალები და სიმბოლოები სწორ, თეთრ მწკრივებად ლაგდება დაფაზე.
- თეორემა დამტკიცებულია! - სალომეს ნიშანზე „ტაიმ-აუტი“ აცხადებს რეზიკო.
ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში ბატონ დიმიტრის ბევრი უნახავს და ბევრიც სმენია. მისი ყოფილი ორი მოსწავლე ბანკირია, ხუთი - პროფესორი-ეკონომისტი, რვა - ბუხჰალტერი და ერთი - ცნობილი ბიზნესმენი-პატრიოტი. კარნახს არც ერთი მათგანი თაკილობდა, მაგრამ სალომე-რეზიკოსნაირი ნიჭიერი შემსრულებლები დამსახურებულ პედაგოგს ჯერ არ შეხვედრია.
მასწავლებელმა დაფას გახედა, თვალის ერთი გადავლებით დარწმუნდა, რომ თეორემა დამტკიცებულია, მოკარნახეს თითქოსდა წყრომით დაუქნია თითი და რეზიკოს დღიური გადაშალა. იმ ადგილზე, სადაც ნიშანი უნდა დაესვა, კარგა ხანს იქნევდა კალამს, გეგონებოდათ ხატვას აპირებსო, მერე „8“ ჩაწერა და ხელიც მოაწერა.
- ოსტატობაში! - განმარტა კლასის გასაგონად.
რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი:
რუსულის მასწავლებელმა გულნაზ ნარჩემიამ, „ნაზიკო-მასწმა", თვალსაჩინო სწავლების მეთოდის მიმდევარმა, პირადი არქივიდან მიხეილ იურის ძე ლერმონტოვის ფერადი პორტრეტის რეპროდუქცია
მოიტანა და შესვენებაზე საკუთარი ხელით მიაკრა დაფაზე. დიდი რუსი პოეტი კლასის ნებისმიერი ადგილიდან ჩანდა და ყოველ მოსწავლეს დაუბრკოლებლად შეეძლო მისი დანახვა. მაგრამ პოეტისთვის ვის ეცალა? დაფასთან რეზიკო იყო გაძახებული, პირველ მერხზე კი რთული კარნახისთვის ემზადებოდა სალომე. მას, მასწავლებლისა არ იყოს, საშინაო დავალების ამსახველი თვალსაჩინო მასალა ჰქონდა მოტანილი. კერძოდ, რუსი გენერლის ფოტო, ლერწმის ტოტი და ფერადი ფანქრებით დახატული ორი ცხოველი:
შველი და ირემი. საქმე ისაა, რომ თვით სალომემაც არ იცოდა, როგორ გამოიყურება ცხოველი „სერნა გორ“.
რეზიკომ მხოლოდ მ.ი. ლერმონტოვის ლექსის სათაური იცოდა, რაც მან დაუბრკოლებლად, უშეცდომოდ და ამაყად წარმოთქვა: „მწირი“! ამის შემდეგ სალომეს მიაშტერდა და ისიც ჩაერთო.
და დაიწყო ბრწყინვალე სპექტაკლი.
ბავშვები გაისუსნენ. ნაზიკო მასწი, გულწრფელი და აშკარად გულუბრყვილო ახალგაზრდა სპეციალისტი, ორივეს აღტაცებით შესცქეროდა.
სალომეს ნიშანთა სისტემის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, მკითხველმა თავად უნდა წარმოიდგინოს, როგორ გამოხატა მან „მთები“, „ტყვე ბავშვი“, ან სულაც „მტანჯველი სენი“.
რეზიკო ოსტატურად და შეუფერხებლად იჭერდა ამ ნიშნებს და სიტყვებად აქცევდა, თუმცა ქართველი ყმაწვილისთვის დამახასიათებელი ქართული აქცენტით. ცხადია, აქცენტს ვერავითარი კარნახი ვერ შეცვლის...
ზოგჯერ ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა იცვლებოდა. მაგალითად, ნაცვლად სიტყვისა „ზანემოგ“, რეზიკომ „ზაბოლელ“ იხმარა, უკვე ხსენებული „სერნა გორ“ შეცვალა სიტყვით „ოლენ“, - რადგან სალომემ დახატული ირემი აჩვენა, „გიბოკ“-ის ნაცვლად თქვა „გიბკიი“ და „მოგუჩი დუხ“-ის მაგივრად „კრეპკი პარენ“, რაც შემდგომ თვითონვე „გეროისკი სუნამ“-ით შეცვალა, რადგან სალომემ სუნამოიანი ბოთლი დაანახა.
Однажды русский генерал
Из гор к Тифлису проезжал
...........
Он знаком пищу отвергал.
И тихо, гордо умирал.
ბოლო სიტყვა სალომემ მთელი დრამატულობით გამოხატა, ანუ მომაკვდავი გედივით გაწვა მერხზე და ცალი ფეხი აასავსავა. რეზიკომ „უმირალ“-ო რომ თქვა, სალომე გასწორდა და ურცხვად მიაშტერდა მასწავლებელს.
იქ, ნაზიკო მასწის დიდ ცისფერ თვალებში, აღტაცება და თაყვანისცემა ამოიკითხა.
მასწავლებელს უყურადღებოდ არც რეზიკო დაუტოვებია: გვერდით რომ ჩაუარა, თავზე გადაუსვა ხელი და ჩასჩურჩულა: „გმადლობ!“ მერე საკლასო ჟურნალში ორი „ათიანი“ ჩაწერა.
მასწავლებლის საქციელით წახალისებულმა კლასმა თავი ვეღარ შეიკავა და სპექტაკლის ორივე მონაწილე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
* * * * * * *
ვინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდებოდა, კიდევ რა მწვერვალებს დალაშქრავდნენ კარნახს სახელოვანი ოსტატები, რომ გაზაფხულის ერთ, ვერ ვიტყვით „მშვენიერ“ საღამოს, სალომე გარეთ არ გასულიყო ჰაერის ჩასასუნთქად.
ნეტა არ გასულიყო, ან ნეტა თავისი თვალით არ ენახა ის, რაც დაინახა...
საღამო თბილი იყო, ქროდა საამო ნიავი. ქალაქს უკვე მოეშორებინა ზამთრის სამოსი, ახალგაზრდობა რაღაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინში დასეირნობდა ქუჩებში...
სალომემ ორ რვეულში ერთი ლიტერატურული თემის ორი ვარიანტი ჩაწერა, ორ რვეულში ორჯერ გადაწერა ტრიგონომეტრიული განტოლების ამოხსნა, ზეპირად ისწავლა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ატმის რტოო, დაღალულო რტოო“, ოთხი ფანქარი გათალა - ხვალხატვის გაკვეთილი ჰქონდათ და დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი, გარეთ გავიდა. მართალი გითხრათ, რეზიკოს ნახვის იმედიც ჰქონდა.
ნახა კიდევაც...
სალომე ფოსტის შენობასთან მისული არც იყო, რომ რეზიკო გამოჩნდა. მარტო არ იყო, - მის გვერდით მოსეირნობდა ლალი წითლანაძე, მესამე სკოლელი ლამაზმანი.
ლალი სულელურად ხითხითებდა და მომღიმარ რეზიკოს აჰყურებდა თვალებში. რეზიკოს კი... ამაყ და ნებიერ რეზიკოს მხარზე ორი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული: ერთი, ლურჯი, სპორტული, „ადიდასის“ ფირმისა, - თავისი, და მეორე, ლურჯ-წითელი, ისიც სპორტული, ოღონდ მომცრო ზომისა...
სალომე გაზეთების ჯიხურს ამოეფარა, მაგრამ დამალვა სულაც არ იყო საჭირო, რადგან მისთვის არავის ეცალა.
ორნი, ლამაზები და ლაღები, მიაბიჯებდნენ ქუჩაში, რაღაცაზე გატაცებით საუბრობდნენ და ირგვლივ ვერავის ამჩნევდნენ.
მოხდა ისე, რომ რეზიკო მეორე დღეს პირველ გაკვეთილზევე გაიძახეს. ქართულის მასწავლებელმა, დარბაისელმა ქალბატონმა დიანამ, თავისი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა:
- ქუთათელაძე, გამობრძანდი ერთი და მოგვახსენე ყოველივე, რაც იცი და რაც გადაგავიწყდა.
რეზიკო თამამად გავიდა დაფასთან და, ჩვეულებისამებრ, სალომეს მიაშტერდა.
სალომე ფანჯრისკენ იყურებოდა. აკაციის ტოტებზე ბეღურები დახტოდნენ და თავდაუზოგავად არჩევდნენ რაღაც შიდა ოჯახურ საკითხს.
- რა გქონდათ დავალებული, ქუთათელაძე?
- რა და... - რეზიკო სალომეს ელოდებოდა.
პაუზა არაბუნებრივად ხანგრძლივი აღმოჩნდა.
კლასმა იგრძნო, რომ არნახული და წარმოუდგენელი რამ უნდა მომხდარიყო და გაინაბა. ყველა სალომეს შესცქეროდა, სალომე კი - აკაციის ხეზე მოკამათე ბეღურებს უყურებდა.
- რევაზ ქუთათელაძე! - თავი შეახსენა ქალბატონმა დიანამ.
მეორე მერხზე მჯდარ გოგონას ნერვებმა უმტყუნა, მან ხელი გაჰკრა სალომეს და რეზიკოს გასაგონად ჩაისისინა:
- გალაკტიონი.
სხვისი კარნახის გამეორება რეზიკომ არ ისურვა, მისი გაოცებული მზერა სალომეზე იყო მიჯაჭვული.
სალომე დუმდა, სალომეს რეზიკოსთვის არ ეცალა, იგი საკუთარი ფიქრების მორევში ჩაძირულიყო.
- ე-ეე! - დაუძახა რეზიკომ, რომელიც ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა.
სალომემ წამით გაუსწორა თვალი და ტუჩებით რაღაც ანიშნა. ეს ნიშანი ვერავინ გაშიფრა რეზიკოს გარდა. მან გაოცებისაგან პირი დააღო და გაკვეთილის ბოლომდე ასე პირდაღებული იდგებოდა, მასწავლებელს რომ არ ეთქვა, დაბრძანდიო.
პატივცემული მასწავლებელი, ქალბატონი დიანა კი სალომეს მიუახლოვდა, დაიხარა მასთან და დედაშვილურად ჰკითხა:
- რა ხდება, სალომე, გაკვეთილი არ იცი?
- ვიცი! - მტკიცედ მიუგო სალომემ.
დიანა მასწავლებელმა შუბლზე მიადო ხელი.
- ავად ხომ არხარ?
- არა!
სალომე თვალებში უცქერდა მასწავლებელს. მისი გამოხედვა, როგორც ყოველთვის, სუფთა იყო და შეუპოვარი.
ქალბატონი დიანა მაგიდას დაუბრუნდა, საკლასო ჟურნალში საჭირო სტრიქონი მონახა და ქუთათელაძის გვარის გასწვრივ სქელი ორიანი მოათავსა.
















