მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 4862 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენს უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს და ამიტომ სულ მალე მიხვდნენ, რომ გუჯას ლიკა უყვარს.

ამ ფაქტის დადგენა ადვილი იყო, რადგან ვიღაცამ გალახა გურამი, რომელიც ლიკას აცილებდა. ერთ-ორ დღეში დაშავდა სიმონიკა, რომელიც ლიკასთან დისკოთეკაზე ნახეს. გავიდა ხანი და დაალილავეს ნუგზარ არეშიძე, რომელსაც ლიკას დახატვა მოუსურვებია.

გოგი ჭედიას ცხვირი რომ გაუტყდა, ყველაფერი საბოლოოდ გაცხადდა, რადგან გოგიამ წინა დღით, შუა ქუჩაში მოტოროლერი გაუჩერა ლიკას და რაღაც უთხრა. რა უთხრა, არავინ იცის, მაგრამ ზოგიერთებმა დაინახეს, რომ ლიკა გაწითლდა, შეტრიალდა და თავჩაღუნული სახლისკენ გაიქცა.

საერთოდ ასეა: არც ისე ლამაზი გოგოები კარგი სამეგობრონი არიან, ნაღდად ლამაზი გოგოები კი - არც ისე... ლიკა თან მაგარი ლამაზი გოგოა და თან უმაგრესი სამეგობროც.

ძირითადად ბიჭებთან მეგობრობს, თუნდაც იმიტომ, რომ სამხატვრო სასწავლებლის ქანდაკების განყოფილებაზე ერთადერთი გოგო ეგაა, თუ არ ჩავთვლით ცირას. ცირა ქალაქის ჩემპიონია ძალოსნობაში მოზარდთა შორის, აქვს პირველი თანრიგი მცირეკალიბრიანი შაშხანიდან სროლაში და ეუფლება მონუმენტური ქანდაკების ხელოვნებას.

ლიკას იმ დღეს სასწავლებლიდან თემო აცილებდა.

ბარათაშვილის ქუჩამდე იყვნენ მისული, როცა თემოს წყალი მოსწყურდა და პოეტის ძეგლთან მდგარ შადრევანს დაეწაფა. ცხელოდა, მაგრამ არც ისე, რომ წყურვილის მოკვლა შეუძლებელი ყოფილიყო. თემო იმდენ ხანს სვამდა, რომ ლიკას ეჭვი შეეპარა მის გულწრფელობაში. ნეტა, რა ხდებაო, - მიიხედ-მოიხედა და გუჯა დაინახა. თამბაქოს ჯიხურთან, ჭადრის ჩრდილში იდგა და მტკვრის სანაპიროს გაჰყურებდა.

ლიკამ მოლბერტი შადრევანთან დადგა და თამბაქოს ჯიხურისკენ წავიდა.

მისალმება და ჯანმრთელობის მოკითხვა არ დაუწყია.

- რა გინდა ჩემგან? - პირდაპირ მიახალა.

ასეთი კუთხით დასმულ შეკითხვას გუჯა არ მოელოდა და დაიბნა.

- არაფერი...

- თუ არაფერი გინდა, რატომ სცემ ჩემს ამხანაგებს?

- ვინ ამხანაგებს?

- ვისა და ყველას!

- ყველა შენი ამხანაგი როგორ არი?!

- გინდა მე გითხრა, რატომ?

- მითხარი, - დაინტერესდა გუჯა.

- იმიტომ, რომ არაფერი შეგიძლია ჩხუბის გარდა.

- ყველაფერიც შემიძლია!

- ვნახოთ!

ლიკამ ჯიბიდან პატარა ფერადცარცებიანი კოლოფი ამოიღო, ამოირჩია ვარდისფერი ცარცი და ასფალტზე წრე შემოხაზა.

- აქ დადექი! - უბრძანა გუჯას.

გუჯა მორჩილად ჩადგა წრეში.

- ვნახოთ, რა ბიჭი ხარ, - ლიკამ დოინჯი შემოირტყა, - აქ იდექი და სანამ არ გეტყვი, არ გამოხვიდე! გასაგებია?

 გუჯა უხმოდ შესცქეროდა.

ლიკამ აღარ გაუსწორა თვალი და შადრევანთან დაბრუნდა. მისი მოლბერტი ისევ იქ იდგა, თემო კი სადღაც გამქრალიყო.

გუჯამ თვალი გააყოლა. ლიკამ ქუჩის მეორე მხარეს ამხანაგი დაინახა და იქით გაიქცა. გოგონებმა ერთმანეთს ჩაჰკიდეს ხელი და საუბარ-საუბრით აუყვნენ აღმართს. ვარდისფერი ცარცით შემოხაზულ წრეს სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ და მალე მოსახვევს მიეფარნენ.

გუჯა შუა წრეში იდგა. აქეთ-იქით დადიოდნენ და დასეირნობდნენ მოქალაქენი და არავინ აქცევდა ყურადღებას; უცნაური არაფერი იყო: ქალაქელი ბიჭი თავის ქალაქში, თავის უბანში, ჭადრის ქვეშ იდგა და ვიღაცას ელოდა...

მეზობელი ეზოდან ბურთი გადმოვარდა და გუჯასკენ გამოგორდა. ქუჩაში გამოსული ბიჭები აღარ გამოსდევნებიან, - ეგონათ, გუჯა დაარტყამდა ფეხს და ღობეზე გადააფრენდა. ბურთმა სულ ახლოს ჩაუარა, მაგრამ გუჯა არ განძრეულა.

- ე-ე-ე! - დაუყვირა ბიჭმა და ბურთს გაეკიდა.

გუჯა რომ არ ყოფილიყო, უარესსაც დაუყვირებდა.

ცოტა ხნის შემდეგ ქუჩაში გასაბერი ნავი გამოჩნდა. ნავი თავისით მოცურავდა ასფალტზე, მაგრამ ახლოს რომ მოცურდა, გუჯამ ნავის ქვეშ შიშველი ფეხები დაინახა და თავისი მეგობრის, ნიკუშას უმცროსი ძმა „სიმონიჩი" იცნო. უბანში ფეხშიშველა მხოლოდ სიმონიჩი დადიოდა.

სიმონიჩი ჩქარობდა და ამისი მიზეზი სულ მალე გასაგები გახდა: გამოჩნდნენ მდევრები, სამი მზეზე გარუჯული ბიჭი, - უთუოდ მეთევზეები და გასაბერი ნავის კანონიერი პატრონები.

წინა ბიჭმა ნავს ხელი ჩაავლო და მოქაჩა. სიმონიჩი მიხვდა, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა, მიაგდო ნავი, თავზე აიფარა ხელები და გაიქცა. სულ ხუთიოდე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ჭადრის ხესთან მდგარი გუჯა რომ დაინახა. ასე სწრაფად გარდაქმნილი ადამიანი არა მგონია ენახოს ვინმეს. სიმონიჩი შეჩერდა, დოინჯი შემოირტყა და მიტოვებულ ნავს დაუბრუნდა.

მდევრებმა იცნეს გუჯა და ნაბიჯს უკლეს.

ნავი სულ ახლოს იდო, წრის გარეთ.

- რა იყო, რა! რას მომდევთ? ნავი ჩემია!

- შენი როგორ არი? - დაყვავებით ჰკითხა ერთ-ერთმა ბიჭმა.

- როგორ და - ვიპოვნე!

- სად იპოვნე, სიმონიჩ? - დაინტერესდა ისევ ის ბიჭი.

- სად და ქუჩაში.

- ხუთი წუთით პროფილაქტიკასთან დავტოვეთ, ლატკა იყო დასადები, - აუხსნა ბიჭმა გუჯას.

ამასობაში მეორემ მოჰკიდა ნავს ხელი და მოქაჩა. თავისი მხრიდან სიმონიჩიც დაეჭიდა, მაგრამ ის ბიჭი უფრო დიდი იყო და ღონიერი. სიმონიჩმა ხელი გაუშვა ნავს და პატრონებს მუშტებით ეცა.

გუჯას იქ ყოფნის გამო ბიჭებმა სიმონიჩს ცემა აღარ დაუწყეს, მხოლოდ თავს იცავდნენ და მობოდიშებით ანიშნებდნენ გუჯას: რა ვქნათ, თვითონ გვესხმის, ჩვენი რა ბრალიაო...

სიმონიჩი იმდენად გათამამდა, რომ გაქანდა და ყველაზე მაღალ ბიჭს მუცელში თავური ხია. იმას, ეტყობა ეტკინა, რადგან „ვაი!"-ო დაიძახა და ხელი გაიქნია. უნებლიედ გაქნეული ხელი სიმონიჩს კეფაში მოხვდა. ახლა იმან დაიძახა „ვაი, დედიკო!“-ო და ნავში ჩავარდა.

ძნელი სათქმელია, რას განიცდიდა სიმონიჩი, - ტკივილს, თუ წყენას. ალბათ უფრო წყენას, რადგან წუპაკი ხასიათის გამო ხშირად გალახულა და ცემას ისე იყო მიჩვეული, როგორც თურქული დოლი.

სიმონიჩი ნავიდან ამოძვრა. აღარც გასაბერი ნავი ახსოვდა, აღარც იმ ნავის პატრონები. ვერ მიმხვდარიყო, რაში იყო საქმე, რა ხდებოდა მის უბანში, მის თავს?

სიმონიჩს სამართლიანი აღშფოთების ცრემლი ახრჩობდა.

- გაგიჟდი, ე! - მიაძახა გუჯას, - ვერ ხედავ, პატარას ურტყამენ, შენ კი დგახარ ჯორივით!

- ნავი რატომ მოიპარე? - დაინტერესდა გუჯა.

- ვინ მოიპარა? მე მოვიპარე? ეგდო ქუჩაში და წამოვიღე, ვიცურავებ-მეთქი.

ამასობაში ბიჭებმა ნავი ასწიეს და წაიღეს.

სიმონიჩს იქით არც მიუხედავს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და გუჯას ქვა ესროლა.

გუჯა გვერდზე რომ არ გამხტარიყო, ნაღდად მოხვდებოდა.

სიმონიჩის გაქცევის შემდეგ გუჯამ რამდენიმე ქვა მოიმარაგა, რა იცი, რა ხდებაო.

დრო გადიოდა. მოდიოდნენ და მიდიოდნენ ნაცნობები და უცნობები. ზოგი უჩერდებოდა გუჯას და საუბარს უბამდა, ზოგიც ესალმებოდა და აგრძელებდა თავის გზას, მაგრამ არავის უკითხავს, აქ რას უდგახარო და არც ვარდისფერი ცარცის წრისთვის მიუქცევია ვინმეს ყურადღება.

წრე მხოლოდ ცირამ დაინახა, ალბათ იმიტომ, რომ ძალოსანი იყო, ბირთვის მკვრელი და წრეში დგომა ხშირად უხდებოდა.

- ეს რა არის? - იკითხა მწყრალად.

გუჯამ მხრები აიჩეჩა, არ ვიციო.

- თვითონ დახატე? - ცირა წრეში შევიდა.

გუჯამ ხისკენ დაიხია.

- გინდა ხელის გადაწევაში გავეჯიბროთ?

- არ მინდა, - სწრაფად მიუგო გუჯამ.

- მაშინ შტანგის აწევაში.

- ცირა! - დაიწყო გუჯამ და ხეს მიეკრო, - სადღაც ხომ მიდიოდი?

- მერე?

- მერე, მიდი, არ დაგაგვიანდეს!

- განა არ ვიცი, ვისა აქვს ამფერი ცარცი?

- აბა, აუსვი აქედან, თორემ გაჩვენებ ხელის გადაწევას!

ცირამ აღარ ისურვა ლაპარაკი, ხელი ჩაავლო გუჯას და გაქაჩა. გუჯა ხეს მოეხვია. ძალები უთანაბრო იყო. ცხადი გახდა, რომ სულ მალე გუჯა ხეს მოსწყდებოდა და ბადროსავით გავარდებოდა წრიდან.

ამ დროს თამბაქოს ჯიხურთან „ფურგონ-მოსკვიჩი“ გაჩერდა და იქიდან დიდმა ქალმა გამოყო თავი.

- არ გაბედო! - დაიყვირა ქალმა, - ახლავე გაუშვი ხელი! კიდე მილიციაში გინდა ამოყო თავი?!

ცირას დედა იყო, ქალბატონი მადონა.

ცირამ გუჯას ხელი გაუშვა, რადგან დედას დიდ პატივს სცემდა. ქალბატონ მადონას პატივს სცემდნენ, რადგან ვეება ქალი იყო და პურის საცხობში მზელავად მუშაობდა.

- რამდენჯერ უნდა გითხრა, ხალხს ნუ დაასახიჩრებ-მეთქი, სირცხვილია, - ტუქსავდა დედა, სანამ ქალიშვილი მანქანაში გაჭირვებით ძვრებოდა, - თუ მაინცდამაინც, მოფარებულში გაიყვანე, შუა ქალაქში რომ ძალაობ...

საღამოს გუჯას უფროსმა ძმამ და რძალმა გამოიარეს.

- სადა ხარ? - უთხრა ძმამ, - დედა ნერვიულობს, არ უსადილიაო. ელოდები ვინმეს?

- არა, - უპასუხა გუჯამ.

- წამო, აქ რას უდგახარ?

გუჯამ თავი გააქნია, არაო.

- წამო, რო გეუბნებიან!

- თავი დაანებე! - ჩაერია რძალი,

- ხო იცი, რომ არ წამოვა. ჯღამაძეები ყველანი ეგეთი ჯინიანები ხართ.

- ჯინიანები, არა! - თქვა ძმამ და წავიდნენ.

დაღამდა.

დილით ადრე ლიკამ სასწრაფოდ ისაუზმა და სახლიდან გამოვიდა. სირბილით მიადგა იმ ადგილს და თამბაქოს ჯიხურთან მარტოხელა ბიჭი დაინახა. ბიჭი ჭადრის ხეს მეგობარივით მოხვეოდა. გეგონებოდათ, სძინავსო, მაგრამ ლიკას მოახლოებისთანავე თვალი გაახილა და გასწორდა.

- მაპატიე, - თქვა ლიკამ.

- რა? - გაუკვირდა გუჯას.

ლიკა სირცხვილთან ერთად უცნაურმა გრძნობამ აავსო. ამ გრძნობის სახელი ჯერ არ იცოდა და დაფიქრდა. სულ სხვა თვალით შეხედა ცარცით შემოხაზულ წრეში მდგარ ბიჭს. იგი არავის ჰგავდა... მის ნაცნობებში ყველაზე გულადი იყო, ჯიუტი და ერთგული. რომ არ ეთქვა, ალბათ არასოდეს გამოვიდოდა წრიდან.

- გამოდი, გუჯა! - თქვა მან.

მერე წრეში შევიდა, თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

გუჯამ ვარდისფერ ხაზს გადააბიჯა და აუჩქარებლად დაუყვა დაღმართს.

- დაიცა! - თქვა ლიკამ, - სად მიდიხარ?

- ერთი მყავს სანახავი.

- არავის ნახვა აღარ გინდა. სასწავლებლამდე მიმაცილე.

წამოეწია გუჯას და გზა ერთად განაგრძეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ