იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი დედაკაცი. ტყის პირას პატარა სახლი ედგა და წინ ხეხილით სავსე ეზო ჰქონდა. დედაკაცი კარგად ცხოვრობდა, თავისი წილი არც ტკბილი აკლდა, არც მწარე. ერთი ის იყო, რომ ავადმყოფობდა, იწვა თუ იდგა, თავი სტკიოდა.
ამიტომ არსად არ მიდიოდა, ერიდებოდა, არავინ შევაწუხო ჩემი კვნესითო. იყო შინ და საქმიანობდა, საქმეში თითქოს უყუჩდებოდა სატკივარი.
ზამთარში მიუჯდებოდა გაღუღუნებულ ბუხარს და ქსოვდა. გაზაფხულსა და ზაფხულში ხეხილს უვლიდა, შემოდგომაზე კი, როცა ჭირნახულს მიაბინავებდა, აიღებდა ცოცხს და წითელ-ყვითელი ფოთლებით მოფენილ ეზოს გვიდა.
ფოთოლი ბევრი იყო დედაკაცის ეზოში, ძალიან ბევრი: ხეხილს ხომ სცვიოდა, ქარსაც ბლომად მოჰქონდა ტყიდან. ერთხელაც ეჭირა დედაკაცს ცოცხი და კვნესა-კვნესით გვიდა. უცბად ერთი გაცრეცილი, პაწაწინა ფოთოლი მოფარფატდა საიდანღაც და დედაკაცის ეზოში დაეცა.
დედაკაცმა ერთი დახედა და ისიც ცოცხით სხვა ფოთლებს მიაყოლა.
გვის მოხუცი და ხედავს, ის პაწაწინა, გაცრეცილი ფოთოლი ისევ ეცემა დაგვილ ეზოში. მოხუცმა ახლა კი აიღო, დახედა, დაყნოსა კიდეც. ფოთოლი ძაგძაგებდა და საამო სურნელს აფრქვევდა.
- რა იყო, პატარავ, რა გაძაგძაგებს? - მოეფერა მოხუცი.
- მცივა, ბებო, ძალიან მცივა, შორიდან მოვქონდი ქარს და მთლად გავიყინეო,
- უპასუხა ფოთოლმა.
დედაკაცს შეებრალა ფოთოლი, მაშინვე გულის უბეში ჩაიდო, იქნებ როგორმე გათბეს ეს საცოდავიო. მერე ისევ დაგვას შეუდგა.
ის იყო, დედაკაცს მოგვილი ფოთოლი ეზოს ბოლოს უნდა ჩაეტანა და ცეცხლი წაეკიდებინა, რომ რაღაცნაირი ხმა მოესმა, თითქოს სიმღერას ჰგავდა, მაგრამ სიმღერა არ იყო, ლექსს ამბობდა ვიღაცა:
"ახლაც ვიტყვი, რაც მითქვამს,
ტკბილია თუ მწარეა,
დიდი სნების წამალი
სულ უბრალო რამეა."
მოხუცმა კარგად დაუგდო ყური, მიხვდა, ის პატარა გაცრეცილი ფოთოლი ამბობდა ლექსს, წეღან გულის უბეში რომ ჩაიდო.
დედაკაცმა იმწუთასვე ამოიღო უბიდან. ფოთოლი ახლა აღარ ძაგძაგებდა, ფერიც მოსვლოდა, სულ წითლად ღუოდა.
- რა კარგი ლექსი გცოდნია, პატარავ, ნეტავი მითხრა, ვინ გასწავლაო, - უთხრა მოხუცმა.
- ვის უნდა ესწავლებინა, ბებო, შენმა გულის სითბომ ჩამაგონა, - მიუგო ფოთოლმა და განაგრძო ლექსის თქმა:
" დამიჯერე, რაც გითხარ,
ტკბილია თუ მწარეა,
დიდი ჭირის წამალი
სულ პატარა რამეა!"
უსმინა, უსმინა დედაკაცმა და გაიფიქრა:
- "რა ვქნა, ეს ფოთოლი რას მანიშნებს, ჩემი სნების წამალი ხომ არ არისო?"
- გაფიქრებისთანავე ფოთოლი შუბლზე მიიდო და თავსაფრით გაიკრა. თუ დაიჯერებთ, მაშინვე იგრძნო შვება, მეორე დღეს ხომ მთლად გაუარა ტკივილმა.
მოხუცმა ფოთოლი აბრეშუმის ნაჭერში გაახვია და მზითვის კამოდში შეინახა. როცა თავი ასტკივდებოდა, ამოიღებდა ფოთოლს, შუბლზე მიიდებდა, ხილაბანდით გაიკრავდა და თავი უამდებოდა.
გავიდა ხანი. დედაკაცი გაჯანსაღდა, თითქოს ახლად დაიბადაო, ჩიტივით დაქროდა თავის ეზო-ყურეში. აქამდე თუ გარეთ გახედვაც არ სურდა, ახლა ყველგან მოინდომა წასვლა, სადაც კი ნათესავი ან მეგობარი ეგულებოდა.
ჰოდა, ერთხელ შეკერა სათითაო პარკი, ხილით აავსო, მერე ეს პარკები კალათაში ჩააწყო, გადაიკიდა მკლავზე და გაუდგა გზას.
მოხუცმა ყველა მოინახულა, ვინც გულზე ეჭიდებოდა, მაგრამ შინ მაინც დაღონებული დაბრუნდა.
დაღონდებოდა, მაშ რა იქნებოდა, სადაც მივიდა, ყველგან ავადმყოფი დახვდა, ზოგს რა სტკიოდა, ზოგს რა.
"მარტო შენს ჯანმრთელობას რა ფასი აქვს, თუ შენიანიც კარგად არ გეყოლება", - ნაღვლობდა მოხუცი. ებრალებოდა ავადმყოფები, მაგრამ რით რა ეშველა, არ იცოდა. ბოლოს თავისი მკურნალი ფოთოლი გაახსენდა, თუმცა ეს ერთი ციცქნა ფოთოლი განა რა ზღვა გახდებოდა, რომ ყველას ჰყოფნოდა.
იფიქრა დედაკაცმა ბევრი, ძალიან ბევრი იფიქრა, მერე გადაწყვიტა, შემოდგომაზე ეზო აღარ დაეგავა, მოეძებნა სწორედ ასეთი ფოთლები, ერთხელ რომ იპოვა, და ავადმყოფებისათვის დაერიგებინა: "იქნებ იმათაც გადმოხედოს ღმერთმა და წამლად ექცეთო".
დადგა შემოდგომა. ნაირნაირი ფოთლებით აივსო დედაკაცის კარ-მიდამო.
ხეხილს ხომ დასცვივდა, ქარმაც ქვეყნისა მოიტანა ტყიდან. ახლა დადის მოხუცი დღისითაც, მთვარიანი ღამითაც, დაფაჩუნობს ხეების ქვეშ თავდახრილი
და ეძებს მკურნალ ფოთლებს. ის ისეთი გულისყურით აცეცებს თვალებს, რომ იპოვის, უეჭველად იპოვის.
















