პაპა მახარემ დაგვაჯერა, რომ, როცა ის საღამოს სალამურს უკრავდა, ფრინველებიც კი გაჩუმდნენ, მზემ სწორედ მაშინ გამოიხედა ღრუბლებიდან და ნაკადულებმაც სული განაბეს.
ჩვენ გაოცებულები შვცქეროდით და გვსურდა, ეს სასწაული დიდხანს გაგრძელებულიყო.
მოულოდნელად შინ ყველას გაახსენდა, რომ ამოდენები მოვიყარეთ და ჯერ ერთი ხეირიანი სიმღერაც არ ვიცოდით.
დედამ საქმიდან თავი აიღო და თქვა: სიმღერა არ იციან, სადმე ლხინში რომ ეგრე გამოჩნდნენ, თავს შეირცხვენენ, რამე უნდა ვიღონოთო.
ჩვენც გვეწყინა:
რატომ არ ვიცითო?!
პაპა იცინის და ამბობს:
აბა, დაიწყეთო...
ჩვენ სულსა ვნაბავთ, დაბნეულები ერთმანეთს გადავხედავთ და ვიღიმებით.
არ ვიცით, რა უნდა დავიწყოთ... მაშინ ისევ პაპა იცინის და ზურგს უკან ჩუმად ბუბუნებს:
"მრავალუუუ!"
ჩვენ გვიხარია და ეგრევე კაჭკაჭებივით ვიმეორებთ:
"მრავალუუუ!" - ჯერ გაუბედავად, მერე და მერე უფრო თამამად.
მთელი ოჯახი ხარხარებს.
"მრავალუუუ!" - კვლავ გავიძახით და არ ვიცით, ამ "მრავალუუუს" მერე რა მოვაყოლოთ.
ისევ ხარხარებს ყველა და ისევ გვირჩევნია, სადმე გადავიკარგოთ.
როცა სიცილი დაცხრება, მამა გვერდით მოგვისვამს და თვითონ იწყებს:
"მრავალუუუ!" - და თან გვანიშნებს, ამყევითო.
ჩვენც ვყვებით.
მამა გვაჩერებს და ჯერ გვამეორებინებს, მერე ერთად ვმღერით: მამაც, დედაც, ჩვენც.
ბებო პაპას ეჩხუბება, შენც აჰყევიო და პაპაც გვიერთდება.
ყველანი "მრავალჟამიერს" ვმღერით.
როცა სულს მოვითქვამთ, მამა ამბობს, ხშირად უნდა ვიმღეროთო.
ესეც ახალი ამბავი:
თურმე უსიმღეროდ ცხოვრება არ შეიძლება.
















