მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5870 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პოლიციელმა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ შეამჩნია. გამოჩნდებოდა ერთი დროული კაცი, შეჩერდებოდა სკოლის ეზოს წინ და ლამაზყვავილებიან ხეს მიაშტერდებოდა. იდგა ხოლმე ასე გარინდული, გახევებული. გამვლელ-გამომვლელების ცნობისმოყვარე თვალთვალს, ეს კაცი რას მისჩერებიაო, ყურადღებას არ აქცევდა. 

ცქერით გულს რომ იჯერებდა, უხმოდ გატრიალდებოდა, მთვარეულივით ცოტას გაივლიდა, მერე მიიხედ-მოიხედავდა, ქუჩის მეორე მხარეს გადავიდოდა და იქ პატარა სკვერში შეუხვევდა...

პირველად რომ დაინახა ხესთან მდგარი, გაუკვირდა: „ნეტავ რა ხდებაო". მივიდა და თავადაც ხეს შეაცქერდა, იქ უჩვეულო ვერაფერი შეამჩნია და მხრები აიჩეჩა. „ალბათ ამ ყვავილების სურნელით ტკბებაო“, - მოისაზრა ერთ დღეს. 

ამ აღმოჩენით გახარებულმა პოლიციელმა, თავსატეხი საქმე მომცილდაო, - შვებით ამოისუნთქა.

მართლაც, იმ არემარეში იმისთანა ლამაზყვავილებიანი, მარადმოყვავილე და უცხოდ სურნელოვანი ხე მეორე არ მოიძებნებოდა...

ჟინჟლავდა. ხისმაცქერალმა კაცმა ცოტა ხანს იტრიალა სკვერში. „ეტყობა, დღეს ბიჭები არ მოვლენ“, - გაიფიქრა და დაიზაფრა. არ უნდოდა სწყენოდა, მაგრამ სევდა თავისთავად, ობობას ქსელივით შემოეხვია, ქვედა ტუჩი გამოებურცა და ნიკაპი აუთრთოლდა. ერთხელ კიდევ მიმოიხედა, ღაბუა ბარტყივით თავი მხრებში ჩარგო და ფეხათრევით გადაჭრა გზა. ყურადღება არავისთვის მიუქცევია. პირდაპირ იმ ხესთან მივიდა და, როგორც მორწმუნე გლეხმა ტაძარს, ისე სათუთად შემოუარა. მის აყვავებულ ტოტებს ერთხელაც შეხედა, მერე თავი ძირს დახარა და ფიქრმა წაიღო...

„ერიჰაა! -- გაიფიქრა იქვე, ჯიხურში სკამზე ჩამომჯდარმა პოლიციელმა. ეს კაცი რაღაც სადარდებელს წაუღია,

მაგრამ ნეტავ ხე რა შუაშია". ჯიხურიდან გამოვიდა, კაცთან მივიდა და გამოლაპარაკება სცადა:

- ხომ არაფერი გაწუხებთ?

- რა თქვით? - გაბზარული ხმით ჰკითხა ხისმაცქერალმა, თითქოს ეწყინა, ფიქრის ძაფი რომ გაუწყვიტეს, თავი ზრდილობის გულისთვის ასწია და ღიმილიანმა ამოხედა.

პოლიციელმა იგრძნო, კაცი წეღან თავის ფიქრებს უღიმოდა და ახლა ეს ღიმილი შემორჩენოდა სახეზე. კაცს ხმა არ ამოუღია. პასუხად ისევ ხეს გახედა და ხელახლა გაიღიმა. შეხედავდა კაცი ხეს და იღიმებოდა. ამ ღიმილ-ღიმილში შუბლი გაეხსნა, თვალებში შუქი ჩაუდგა, იმ შუქმა მთელი სახე გაუნათა და იმ ხის ყვავილებივით აუვარდისფერდა. პოლიციელს მისი სახის ცვლილება არ გამოჰპარვია, თავში რაღაც აზრმა გაუელვა და ჩაეკითხა:

- მაპატიეთ... ეს ხე ჯადოსნური ხომ არაა?

- ეგრეა, ნამდვილად ეგრეა... - მიუგო კაცმა და გაცლა დააპირა.

პოლიციელი შეიმართა „ეტყობა, დადგა დრო საიდუმლოს ამოხსნისო“, - გაიფიქრა და კაცს წინ გადაუდგა:

- როგორ თქვით, ჯადოსნურია?..

- ჩემთვის ეგრეა და.. - წუთით ჩაფიქრდა. მერე თითქოს ლაპარაკის საღერღელი აეშალაო, ამოღერღა: - ეგ ხე... ფეხს იდგამს... აქედან შინ მიმავალს უკან მომყვება... ავტობუსამდე მაცილებს...

პოლიციელმა იფიქრა, მეხუმრებაო და წააქეზა:

- მერე, ძია კაცო?..

- ხანდახან აღარ მეშვება, გაწვება ავტობუსის თავზე და მომდევს... ჩავალ - ჩამომყვება. შინ შევალ - ჩემი ოთახის

ფანჯარასთან მოდგება. სანამ არ დავიძინებ, ფეხს არ მოიცვლის. - კაცმა წოწოლა პოლიციელს შეხედა, მისმენს თუ არაო... მერე მისკენ მიიწია და ჩაულაპარაკა: - ამ ხის ტოტებს დააკვირდი, განა ზედ ვერაფერს ხედავ?

- ყვავილებს...

- მეტს ვერაფერს? - ხელი ჩაიქნია იმედგაცრუებულმა კაცმა.

- ვერა, ბატონო...

ყოველთვის ამ პასუხის ეშინოდა ხისმაცქერალ კაცს, ამიტომ იყო, რომ არავის არაფერს ეუბნებოდა.

ახლაც, საუბრის დასაწყისშივე, დაეჭვებულმა, ვერ გამიგესო, სათქმელი ძლივს დაალაგა... მაგრამ უკვე საუბრის

ხალისი დაეკარგა და მოკლედ მოუჭრა:

- განა ხის ტოტზე ჩამომჯდარ პატარა გოგუცანას ვერ ხედავ?

„ეს კაცი მართლა ჭკუაზე მწყრალად არისო“, - დაასკვნა გაბეცებულმა პოლიციელმა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და მხრებიღა აიჩეჩა.

- ეეჰ! - ხელი ჩაიქნია ხისმაცქერალმა კაცმა. - „დაღუპულა შენი საქმე, ამ ყუთის მსგავს სახლებში გაზრდილი, აბა რა იქნები?" - დაუმატა გუნებაში. გული აემღვრა და გაჩუმდა...

პოლიციელმა კი, რახან დაასკვნა, აფრენსო, ამ კაცისადმი ინტერესი დაკარგა. მაგრამ მალე იგრძნო, რომ თავმოყვარეობაშელახული თავად აღმოჩნდა. შეამჩნია, რომ იმ დღიდან ხისმაცქერალი კაცი, ვითომც ვერ ამჩნევსო, ისე ჩაუვლიდა. „გიჟია,მაგის სალამი რაში მინდა“, - შეუწყრა თავს და დამშვიდდა. ერთხანს ყველაფერი გადაივიწყა კიდეც და... აი, თავისი მორიგეობის ერთ მზიან დღეს, გაიხედა და რას ხედავს... აყვავებულ ხესთან სულ სხვა კაცი დამდგარა და იმ პირველივით გარინდული შესცქერის.

გამოვიდა ჯიხურიდან პოლიციელი და ახლა ამ კაცს დაუდგა წინ. თვალები იმ პირველივით ამასაც შუქით ავსებოდა. ოდნავ წინ, ხისკენ გადახრილიყო და გაფაციცებული თითქოს რაღაცას უგდებდა ყურს.

- რას მიშტერებიხარ ასე? - აქაოდა არ დავაფრთხოო, ალერსიანად ჰკითხა.

კაცმა დაბნეულად შეხედა, მერე ალბათ იფიქრა: რა ამის ჭკუის საქმეაო, და ზრდილობისათვის უთხრა:

- არაფერს ვაშავებ, ბატონო... ამ სკოლაში ვსწავლობდი და...

ერთხელ კიდევ მოავლო ხეს მაღმერთებელი მზერა და ქუჩის მეორე მხარეს,იმ პატარა სკვერისაკენ გადაუხვია.

“- ესეც მეორე დამთხვეული, - გაიფიქრა პოლიციელმა.

დღე ილეოდა, ბაღიდან ის დროული კაცები რომ გამოვიდნენ, აი ისინი, ერთმანეთი რომ მოენატრებოდათ და, სადაც არ უნდა ეცხოვრათ, ერთიმეორის სანახავად აქ რომ მოდიოდნენ.

ქუჩა გადმოჭრეს. ნელა, ფეხათრევით მოდიოდნენ, ერთად ყოფნის სურვილს იხანგრძლივებდნენ. თითქოს პირი შეჰკრესო, იმ აყვავებულ ხესთან შეჩერდნენ, ღიმილით შეაცქერდნენ და... გაყუჩდნენ...

„ერიჰაა!..“ - გაიკვირვა პოლიციელმა და ისევ დაინტერესდა. მეორე დღეს ერთი გამვლელი გააჩერა:

- თუ კაცი ხარ, შეხედე ამ ხეს. დააკვირდი და მითხარი, რას ხედავ ზედ?

- ფოთლებსა და ყვავილებს, - დაბნეულად უპასუხა კაცმა.

- მეტს ვერაფერს?

- ვერაფერს, ბატონო.

- ეეჰ! - ხელი ჩაიქნია პოლიციელმა. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჩაეკითხა:

- ამ სკოლაში არ გისწავლიათ? - და ხელი იქვე მდგარი შენობისაკენ გაიშვირა.

- არა, ბატონო... ვერაფერს ვხედავმეთქი, გითხარით, და არც ამ სკოლაში მისწავლია, - გაღიზიანდა გამვლელი.

ცნობისმოყვარეები მოგროვდნენ და ყველა იმ ხეს მიაშტერდა.

- ნუთუ ყვავილების გარდა ვერავინ ვერაფერს ხედავთ?! - ახლა მათ ჰკითხა პოლიციელმა.

- ვერაფერს!.. - მხრები გაოცებით აიჩეჩეს და გაეცალნენ, თან გაიფიქრეს: „საწყალი, ალბათ ამ პოლიციელს დღეს მზემ დაჰკრაო“.

პოლიციელი კი იდგა ისევ ხესთან შემცბარი და ჩაფიქრებული: „ვერაფერს ხედავენ?“... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ის იყო, გაბრუნება დააპირა, რომ ქალის ხმა ჩაესმა:

- მე ვხედავ, ბატონო... ბევრ რამეს ვხედავ...

პოლიციელი სწრაფად მოტრიალდა:

- რას ხედავთ? მითხარით... - მის ხმაში მუდარა ისმოდა.

ქალმა ხეს შეავლო თვალი, შეფრფინვით შეაცქერდა და გაირინდა:

- აყვავებულ ტოტებში... პაწაწა გოგუცანას ვხედავ... ჩიტივით ფრთები აქვს.

ხანდახან ეს გოგუცანა... ადგილის დედად გადაიქცევა ხოლმე.. ზოგჯერ - ჩემს მასწავლებლადაც... იმ ფრთებიან გოგუცანას... ხელში წიგნი ჩაუბღუჯავს, ფურცლავს და კითხულობს: - აი, ია... - იმ წიგნიდან ამოდიან ერისთვის თავდადებული ადამიანები... ხან ერთად, ხანაც ცალ-ცალკე. რას არ მიამბობენ ხოლმე... უკვდავებაზე... სიყვარულზე... მზის სხივებში ამოვლებულ ამბებს მიყვებიან. თან გოგუცანას აფრთხილებენ: „ფხიზლად, წიგნი ხელიდან არ გაგივარდეს, არ დაკარგოო“.

მერე ყველანი მამა-პაპათაგან ნასწავლ ვედრებას მოჰყვებიან: - „ადგილის დედავ, შენ გებარებოდეს, შემინახე შენის მადლითაო!“ გოგონაც წიგნს მაგრად ბღუჯავს... უფრთხილდება და დამარცვლით კითხულობს: - აი, ია!..

- მოიცა, მოიცა, - შეაწყვეტინა ფიქრი პოლიციელმა, - თქვენც ამ სკოლაში სწავლობდით?

- დიახ, ბატონო, - თქვა ქალმა, ალერსით შეხედა ხეს და სახე არნახული სილამაზის ღიმილმა გაუნათა.

- რა ხდება, გამაგებინეთ?

- მოდით, იცით რას გირჩევთ, წადით იქ, სადაც ბავშვობა გაატარეთ. მონახეთ თქვენი სკოლის ეზოს წინ დარგული ხე და ყველაფერს მიხვდებით, - უთხრა ჩურჩულით. დანარჩენი სათქმელი გულში თქვა: „თუ ხეც არ იქნა, არ შეიძლება იმ ადგილებში არ დაგხვდეთ ნაცნობი ქუჩა, ნაცნობი ბაღი... მერე იქიდან წამოსვლისას აუცილებლად თან გამოგყვებიან: ის ხე, ან ქუჩა, ბაღი.. თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად აგედევნებიან“, - გაიფიქრა ქალმა, ჩამომდგარ ავტობუსში სწრაფად ჩაჯდა და გაუჩინარდა.

- არა,მაინც რანაირად ხდება, ამ ხეზე რატომ მე ვერაფერს ვხედავ? - კიდევ ვერ მიმხვდარიყო უცხო მხრიდან გადმოხვეწილი პოლიციელი.

როგორ მიხვდებოდა?! მას ამ სკოლაში არ უსწავლია და ის აყვავებული ტოტები ბავშვობას, აბა, როგორ გაახსენებდა?!

ვერც იმ გოგუცანას დაინახავდა! მისთვის აქ ყველა ქუჩა და სახლი ერთნაირი იყო, ყველა ხე - ჩვეულებრივი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ