მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 8202 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბაობაბის ბაღი

 

თხუთმეტ წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც პირველად ვნახე ტარტარენი და მაინც ისე მახსოვს ის დღე, თითქოს გუშინ იყოო. ან რაღა დამავიწყებს იმ დიდებულ დღეს? სახელოვანი ტარტარენი სწორედ ქალაქის შესასვლელთან ცხოვრობდა, ავინიონის გზაზე, მხარმარცხნივ, მესამე სახლში. კოპწია პატარა სახლი ეჭირა, სწორედ ტარასკონულ გემოვნებაზე აგებული: წინ - ბაღი, უკან - აივანი, თეთრად შელესილი კედლები, ლურჯი ფარდები და წინკართან - მთელი რაზმი პატარა ბიჭებისა, ზოგი კოჭს რომ თამაშობდა, ზოგს იქვე მზეზე მისძინებოდა.

გარეგანი შეხედულებით სახლი საკვირველს არას წარმოადგენდა, სრულიად არაფერს! ვინ იფიქრებდა - გმირის სახლს შევცქერიო?! და შინ რომ შებრძანდებოდით...

სარდაფიდან ბანამდე მთელ სახლს გმირული იერი ჰქონდა, თვით ბაღსაც კი!

ტარტარენის ბაღი! მთელს ევროპაში ვერას ნახავდით იმისთანას! ერთი ხე არ იდგა, ყვავილი რა არის, ყვავილს

ვერ იპოვიდით, რომ აქაური ყოფილიყო; სულ შორეული ქვეყნებიდან მოტანილი მცენარეებით იყო აყვავებული ეს ბაღი და რა გინდა, სულო და გულო, რომ იქ არ გენახათ: ეს ბამბაო, ეს ბაობაბიო, კაქტუსი, ალჟირული ლეღვი... ვინ მოთვლის!

გეგონებოდათ, შიგ შუაგულ აფრიკაში, ტარასკონიდან ცხრა მთას იქით, გადამაფრინა რაღაც უცნაურმა ძალამაო. რა თქმა უნდა, ამ მცენარეებს ბუნება ეცვალათ:

ბამბა სწორედ სტაფილოს სიმაღლე იყო და ბაობაბი - ხე-ვეშაპი - იის მოსაყვანად დამზადებულ თიხის ქოთანში

მოთავსებულიყო. მაგრამ ეგ არაფერი!

ტარასკონისათვის ესეც დიდი რამ იყო და ქალაქში მხოლოდ რჩეულნი თუ ეღირსებოდნენ, ისიც კვირაობით, ბაობაბის ნახვით დამტკბარიყვნენ და ტარტარენის ხელოვნებით განცვიფრებულიყვნენ!

წარმოიდგინეთ, რა მღელვარებას იგრძნობდა გული, როდესაც პირველად მეღირსა ამ საკვირველ ბაღზე გავლა.

მაგრამ გმირის ოთახში რომ შემიყვანეს...

უშველებელ დარბაზს კედლები აღარ უჩანდა! იატაკიდან ჭერამდე იარაღის მეტს ვერაფერს დაინახავდით. რა დროის ან რა ხალხის იარაღი არიყო იქ: შაშხანები, თოფები, დაშნები, კორსიკული და კატალონიური ბებუთები, დამბაჩები, ხანჯლები და ტალის ისრები, თავსამტვრევი, ჰოტენტოტური კომბალი, მექსიკური ქამანდი...

ვინ მოთვლის?

ზედ კიდევ ტარასკონული გახურებული მზე ადგა და ისე ელავდა და ბრჭყვიალებდა ფოლადი, რომ ტანში სისხლს გაგიშრობდათ! კიდევ კარგი, რომ ყველა რიგზე იყო დალაგებული, გაწმენდილი, გაკრიალებული, ყველა თავის ალაგას იდო, ყველას თავისი სახელი ეწერა და ისეთი წყობით იყო გამწკრივებული, გეგონებოდათ, აფთიაქში შევედიო. აქა-იქ ამგვარ წარწერას შეხვდებოდით:

მოწამლული ისარი!.. ხელი არ ახლოთ!

ან არადა:

- გატენილია!.. ფრთხილად!

თქვენი მტერი! ეს გაფრთხილება რომ არ ყოფილიყო, იქ რა შემიყვანდა?!

შუა ალაგას მაგიდა იდგა და ზედ ერთი ბოთლი რომი, თუთუნიანი თათრული ქისა და წიგნები! წიგნებს აევსო იქაურობა! ერთმანეთში არეულიყო „კაპიტან კუკის მოგზაურობა“, გუსტავ ემარის და კუპერის რომანები, მოთხრობები ნადირობის შესახებ, სპილოზე, დათვზე თუ მგელზე, ან კიდევ ბაზიერით ნადირობის შესახებ. მაგიდასთან ერთი პატარა კაცი ბრძანდებოდა, ასე ორმოცი ან ორმოცდახუთი წლისა, ტანდაბალი, სქელი, ჩამრგვალებული, მწითური, ფლანელის პერანგის ამარა! მოკლე, მაგრამ სქელი წვერი ჰქონდა, თვალები ანთებოდა...

ერთ ხელში წიგნი ეჭირა, მეორეში - სამი ადლის სიგრძე ჩიბუხი... რაღაც უცნაური ნადირობის ამბით გართულიყო: ქვედა ტუჩი წაეშვირა, თითქოს უხილავ მტერს ურისხდებაო, და მის ბუნებრივად მშვიდ, ესე იგი, ტარასკონულ სახეს რაღაც საშინელი, სისხლით გაუმაძღარი გამომეტყველება მისცემოდა... იგივე გმირული

გამომეტყველება, რაიც მთელ სახლს ედო.

ეს გახლდათ ტარტარენი, ტარტარენ ტარასკონელი, უშიშარი, დიდებული, შეუდარებელი ტარტარენ ტარასკონელი.

 

ქალაქი ტარასკონი და ქუდზე მონადირენი

 

მაშინ ტარტარენი ის ძლიერი ტარტარენი კი არ იყო, რაც ახლა ბრძანდება.

ახლა მას მთელი სამხრეთი საფრანგეთი იცნობს, ქვეყანაზე გმირობის სახელი აქვს გავარდნილი, მაშინ კი... მაგრამ ტარტარენი მაშინაც მეფე იყო ტარასკონისა.

მოგახსენოთ, როგორ მოიპოვა ეს მეფობა?

უნდა იცოდეთ, რომ ტარასკონში ყველა მონადირე გახლავთ, ყველა - დიდით პატარამდე. ვნებათა ღელვაო, რომ იტყვიან, - სწორედ ნადირობა აღელვებდა და ახელებდა ტარასკონელებს. მათ ოდითგანვე გამოუჩენიათ თავი ნადირობით; ზღაპარ-თქმულება მოგვითხრობს, ტარასკონელებმა მედგარი ბრძოლა აუტეხეს ჭაობებში დაბუდებულ გველეშაპსაო...

აბა, წარსული ამასა ჰქვია, აი!

ჰოდა, გათენდება თუ არა კვირა დღე, მთელი ტარასკონი სანადიროდ მიდის!

ზურგზე გუდა ჰკიდიათ, მხარზე - თოფი და მიდიან! არის ერთი ძაღლების წკმუტუნი, შოლტის ტყლაშუნი, ძახილი, ჟივილ-ხივილი! მშვენიერი სანახავია...

მაგრამ ნადირი კი არსად არის! სრულიად არსად!

ხომ სულელია ნადირი და ისიც კი მიხვდა ტარასკონელთა ხასიათს და, რაკი მიხვდა, კიდეც მოერიდა.

ტარასკონის გარშემო ერთი დღის სავალზე ბეღურა ჩიტს ვერსად ნახავთ, არამცთუ მწყერი შეგხვდეთ, ან - იხვი, ან - კურდღელი.

ამასთან, ისიც უნდა იცოდეთ, რა მშვენიერია, რა მდიდარია ტარასკონის ბუნება თავისი მინდვრებითა და გორაკებით. თვალი აყვავებულ მდელოთა ცქერით ვეღარ ძღება და ყნოსვა - ყვავილთ სურნელებით. ამ სიმდიდრეს ზედ ერთვის რონის პირს აყოლებული ვენახები, ქარვასავით დამკრახული ყურძნის მარცვლებით, ყოველნაირი ხილი... მაგრამ რას იზამთ!.. ტარასკონი იქ არის და ყველა ბეწვოსანმა და ბუმბულოსანმა საუკუნოდ აითვალწუნა ეს ქვეყანა. 

ასე გასინჯეთ, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ფრინველები რომ შორეული ქვეყნებისაკენ მიეშურებიან, ტარასკონს გზას აუქცევენ ხოლმე და სამკუთხად გამწკრივებული გარეული იხვები, დაინახავენ თუ არა ტარასკონის საყდრის გუმბათს, ერთ საშინელ ყიყინს მორთავენ: არიქა, ტარასკონი! ფრთხილად, ტარასკონიო! 

სამი დღის სავალზე უვლიან, ისე დაშინებული არიან საწყლები.

ერთი სიტყვით, ნადირს ვეღარსად ნახავთ, წამლადაც რომ გინდოდეთ.

ერთადერთი კურდღელიღა გადარჩენილიყო და იქვე, ქალაქის ახლოს, იმალებოდა. მთელმა ტარასკონმა იცოდა ეს ამბავი და ამ ახირებულ, კერპ კურდღელს „ფეხმარდს“ უწოდებდნენ; იცოდნენ, რომ ბ-ნ ბომპარის მიწაში ჰქონდა მას ბინა; უნდა მოგახსენოთ, ამ გარემოებამ ბ-ნ ბომპარის მამულს ფასი გაუორკეცა, მაგრამ „ფეხმარდს“ კი ვერავინ აჯობა.

ამხანად სულ ორ-სამ ტარასკონელს თუ ნახავდით, კურდღელს ისევ ცოცხლად რომ თვლიდა და მოსაკლავად დასდევდა.

სხვებმა იმედი გადაიწყვიტეს და „ფეხმარდის" ამბავი უფრო ცრუმორწმუნეობად მიაჩნდათ. თუმცა ტარასკონელს ერთობ ძალიან ეჯავრება ყოველი ცრუმორწმუნეობა და, თუ მოასწრო სადმე, მერცხალსაც კი შამფურზე ააგებს.

- ვეჟო-და, თუკი ნადირი აღარსად იპოვება, მაშ, ყოველ კვირას სანადიროდ როგორღა მიდიან?

- როგორ შემომიტიეთ!

სანადიროდ მიდიან! გავლენ მინდორში, ქალაქიდან ორი-სამი ვერსის მანძილზე...

ჩრდილს მოძებნიან სადმე და ხუთი-ექვსი მონადირე კაკლის ქვეშ წამოწვება, რამდენიმე - იქით, სადმე ღობის ძირას, სხვები კიდევ კედელს ამოეფარებიან, ან ზეთისხილის ჭალაში შევლენ. წამოწვებიან მხარ-თეძოზე, გახსნიან გუდებს... ეს - ცივად ხორციო, ეს - ხახვიო, ეს - ძეხვიო, ეს - ხმელი თევზიო... ზედაც - რონის

წითელი ღვინო, კაცს რომ ამღერებს და აყმაწვილებს. სხედან და ქეიფობენ!

ნადიმს უკან ნადირობა! წამოდგებიან, ძაღლებს უსტვენენ, თოფებს ტენიან და შეუდგებიან ნადირობას, ესე იგი - ყველა ამ მონადირეთაგანი მოიშვლეპს ქუდს, შეისვრის ჰაერში, რაც ძალი და ღონე აქვს, დაუმიზნებს და - ბუჰ! ზოგი საფანტს მეხუთე ნომერსა ხმარობს, ზოგი - მეექვსეს, ზოგი - მეორეს... გააჩნია, როგორა აქვთ დათქმული.

ვინც უფრო მეტად დახვრეტს თავის ქუდს, მონადირეთა მეფეც ის არის და უნდა ნახოთ, რა დიდებით და ზეიმით შებრძანდება  ხოლმე გამარჯვებული მეფე საღამოზე ქალაქში, უნდა ნახოთ, რა მამაცურ სურათს წარმოადგენს ქუდზე მონადირეთა მეფე, როდესაც თოფის წვერზე თავის დახვრეტილ ქუდს ათამაშებს, რა ჟივილ-ხივილი ატყდება ხოლმე და ძაღლების ყეფა, - რომ გაიგოთ, ტარასკონელს ნადირობა ასე გაგიჟებით  რად უყვარს.

ვგონებ, ზედმეტი იქნება მოგახსენოთ, რამდენად ყვავის ტარასკონში სანადირო ქუდით ვაჭრობა. წარმოიდგინეთ, ბევრ იმისთანა მექუდესაც შეხვდებით, რომლებიც წინდაწინ დახვრეტილ ქუდებს ჰყიდიან... ვინც სროლა არ იცის, ვითომ იმათთვისაო, მაგრამ, ბ-ნ ბეზიუკეს გარდა, აფთიაქარს მოგახსენებთ, დახვრეტილ ქუდებს არავინ ყიდულობს: სირცხვილია!

ქუდზე ნადირობაში ტარტარენს ვერავინ შეედრებოდა. ყოველ კვირა დილით ახალი ქუდით მიდიოდა სანადიროდ და ყოველ კვირა საღამოს ქუდის წილ რაღაც ჩვარილა მოჰქონდა. ბაობაბის პატარა სახლის სხვენი სავსე იყო სახელოვანი ნადავლით, ესე იგი, დახვრეტილი ქუდებით.

ამიტომ იყო, რომ ყველა ტარასკონელს ტარტარენი მონადირეთა მეფედ მიაჩნდა და, რადგან ტარტარენმა ზედმიწევნით იცოდა ნადირობის საქმე და წესები, რადგან ძირის-ძირამდე შეესწავლა ყოველგვარი ნადირობის წიგნი, - ყველგან ბაზიერთუხუცესად ითვლებოდა და როდესაც კი მონადირეთა შორის შუღლი რამე ატყდებოდა, მაშინვე მას მიმართავდნენ, შენ გაგვასამართლეო.

კოსტაკელდის მაღაზია (იარაღით ვაჭრობდა) სამი საათიდან ოთხამდე ყოველდღე სავსე იყო ქუდზე მონადირეებით და შიგ შუაგულში სავარძელში გაჭიმულ ერთ პატარა, სქელ კაცს ნახავდით, სახემოჭ-

მუხვნილს და გარემოებათა შესაბამისად ღრმად ჩაფიქრებულს, ან გაბრაზებით ტუჩდაშვებულს. 

მის გარშემო ერთი ორომტრიალი იდგადა ის კი, თავისი განუშორებელი ჩიბუხით, აუჩქარებლივ სჯიდა ქუდზე მონადირეთ და სამართალს უჭრიდა. ეს გახლდათ ტარტარენი, ნემროდი და თან სოლომონ ბრძენი.

 

ორი ტარტარენი

 

მაგრამ როგორ მოხდა, რომ გრძნობათა ღელვის მსურველს, მოგზაურობის მნატვრელს, სულითა და გულით ტყე-ღრეში და მთებში ხეტიალისა და განსაცდელის მძებნელ ტარტარენს აქნობამდე ტარასკონის მეტი არა ენახა რა?

წარმოიდგინეთ, მართალს მოგახსენებთ. ორმოცდახუთი წლისა იყო ჩვენი გმირი და ქალაქგარეთ ერთი ღამეც არსად გაეთენებინა. ხომ იცით, რა აუცილებელი საჭიროებაა ყველა პროვანსელისთვის მარსელის ნახვა. აბა, ის რა კაცია, ვისაც მარსელი არ უნახავს? ტარტარენი კი ჯერ აქაც არა ყოფილიყო. სულ ბევრი-ბევრი, ბოკერი თუ ენახა და, მოგეხსენებათ, ტარასკონიდან ბოკერამდე დიდი არაფერი მანძილია: რონის ხიდს გახვალთ და... ეგეც თქვენი ბოკერი. 

საუბედუროდ, ამ დაწყევლილ ხიდს ხან წყალი წაიღებდა ხოლმე, ხან ქარი ანგრევდა... თვითონ ხიდიც... თვალს ვერ გაუწვდენთ, იმსიგრძეა!.. ნაფოტებით აგებული ხუხულა გეგონებათ! რონა ხომ ასე ღრმა არსად იქნება!.. ჰოდა... საქმეც ეგ არის! ტარასკონელ ტარტარენს ხმელეთი ერჩივნა!

ცოდვა გამჟღავნებული ჯობიაო! ჩვენი გმირის აგებულებაში ორი სრულიად განსხვავებული არსება მოთავსებულიყო.

მე ვგრძნობ, რომ ჩემში ორი ადამიანი იმყოფებაო, - უთქვამს, აღარ მახსოვს, რომელ განდეგილს. ეს რომ ტარტარენზე ეთქვა, სრულ ჭეშმარიტებას იტყოდა: სული დონ-კიხოტისა ედგა, იმასავით რაინდული ვნებათაღელვით იყო გატაცებული, იმასავით გმირული იდეალით აღსავსე, იმასავით ძლიერებით და რომანტიკული ღელვით გახელებული; 

მაგრამ, საუბედუროდ, დონ-კიხოტის აგებულება არა ჰქონდა: აკლდა მისი გამხმარი ჩონჩხი, რომლისთვისაც ცხოვრების მოთხოვნილებათ ვერა დაეკლოთ რა, შეეძლო მთელი თვე აბჯარ-ჩაჩქანი არ მოეხსნა და ორი-სამი დღე ერთ მუჭა ბრინჯზე გადაევლო. ტარტარენის აგებულება სულ სხვა იყო: ქოსმენივით? ჩასუქებულიყო, დამძიმებულიყო, კარგი სმა-ჭამა უყვარდა, განცხრომა მოსწონდა, სავსე გახლდათ სურვილით, რომ სიცოცხლით დამტკბარიყო... ღიპი გადმოეგდო და სანჩო პანსას მოკლე ფეხები ძლივსღა იმაგრებდა მის მუცელს.

დონ კიხოტი და სანჩო პანსა ერთ კაცში მოთავსებულიყვნენ! ახლა წარმოიდგინეთ, როგორ მორიგდებოდნენ ის საწყლები?! ჯოჯოხეთი იყო მათი ცხოვრება! რა ბრძოლა ჰქონდათ ხოლმე, რა შეტაკება! მათი კამათი ხომ.. ტარტარენ-კიხოტის და ტარტარენ-სანჩოს კამათი... მე სად შემიძლია... გენიოსის კალამი უნდა მქონდეს, რომ მათი ბაასი აღვწერო და უკვდავება მოვიპოვო.

ტარტარენ-კიხოტი, სათავგადასავლო რომანებში მოთხრობილი ამბებით გატაცებული, წამოვარდებოდა და - მივდივარო, - შეჰყვირებდა.

ტარტარენ-სანჩოს საშინლად ეშინოდა - ნეკრესის ქარები არ ამეშალოსო, და შესძახებდა: მე არ წამოვალო!

ტარტარენ-კიხოტი  აღტაცებული:

- დიდება მოიხვეჭე, ტარტარენ!

ტარტარენ-სანჩო ძალიან მშვიდად:

- ფლანელი არ მოიშორო, გაცივდები!

ტარტარენ-კიხოტი უფრო და უფრო აღგზნებული:

- რა სჯობს ბასრ ხმალს და ხანჯალს! სამლულიან თოფს! შუბს და აბჯარ-ჩაჩქანს!

ტარტარენ-სანჩო უფრო და უფრო მშვიდად:

- რა სჯობს თბილ ნაქსოვ ჟილეტს! თბილ პაჭიჭებს! საღამურ ქუდს!

ტარტარენ-კიხოტი თავდავიწყებული:

- ცული მომეცით, ცული!

ტარტარენ-სანჩო, ზარის წკარუნით:

- ჟანეტ! რა ვქნა, ე შოკოლადი რა უყავით?!

სწორედ ამ დროს შემოვიდოდა მოახლე და მოართმევდა საუცხოო შოკოლადს, ცხელს, მადის გამხსნელს, სურნელებით სავსეს და თან დაბრაწულ ქადებს. პირში ნერწყვი მოსდის ტარტარენ-სანჩოს და ისე გულიანად კუჭკუჭებს, რომ ტარტარენ-კიხოტის გაბრაზებული ხმა აღარც კი ისმის.

აი, როგორ მოხდა, რომ აქამდე ტარტარენი ტარასკონის იქით არსად ყოფილა.

 

მთარგმნელი: ივანე მაჭავარიანი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ