წინასიტყვაობა
ამ ოცი-ოცდახუთი წინათ თბილისის ქუჩებზე ხშირად შეხვდებოდით არაჩვეულებრივი სიმაღლის ახოვან ვაჟკაცს, რომელსაც ძველებური ქართული ჩოხა-ახალუხი ეცვა.
ნაცნობები მას „ნიკო ბურს“, ხანაც უფრო მოკლედ „ბურს“ ეძახდნენ, მაგრამ ბევრმა როდი იცოდა საიდან მიიღო ამ ქართველმა კაცმა ასეთი უცნაური მეტსახელი, როდი იცოდნენ, რომ ამ ბერიკაცს თითქმის ფანტასტიკური ბიოგრაფია ჰქონდა.
თავისი ცხოვრების მანძილზე მან შემოიარა ნახევარი მსოფლიო, ახალგაზრდობის წლებში ის იარაღით ხელში იბრძოდა სამხრეთ აფრიკის ჯუნგლებში, მამაცურად და თავგანწირულად იცავდა ბურების პატარა რესპუბლიკას და ამის გამო იყო, რომ კაცთმოძულე ინგლისელმა იმპერიალისტებმა მას დახვრეტა მიუსაჯეს.
ის სრულიად უბრალო შემთხვევის წყალობით გადარჩა სიკვდილს იმ წუთებში, როცა ინგლისელ ჯარისკაცს თოფი უკვე შემართული ჰქონდა მის მოსაკლავად.
ეს ძალიან საინტერესო ამბავია და ნიკო ბაგრატიონი ამაზე ვრცლად მოგვითხრობს წი-ნამდებარე თავის მემუარებში.
ნიკო ბაგრატიონის მემუარებს ინტერესით წაიკითხავს მკითხველი.
მემუარების ავტორი – მეფე-პოეტის არჩილის (1647-1713 წ.) შორეული შთამომავალი იყო. არჩილ მეფისა და მისი შვილის ბაქარის საგვარეულო თოფი სწორედ მათს ოჯახში ინახებოდა. ნიკო ბაგრატიონი დაიბადა და აღიზარდა მუხრანში, ძველი ფეოდალის პატრიარქალურ ოჯახში. წინამდებარე წიგნში ავტორი აგვიწერს თავისი ბავშვობისა და სიყრმის წლებს და ჩვენს თვალწინ იშლება ფეოდალური არისტოკრატიის ყოფა-ცსოვრების რღვევისა და დეგრადაციის მკაფიო სურათი.
ბ უ რ ე ბ თ ა ნ
ნაწილი პირველი
ბუნების სიმშვენიერე და მისი საკვირველებანი, ცისა და მიწის საიდუმლოებანი მუდამ იტაცებდა ჩემს ბავშვურ გონებას. არა ერთხელ მიოცნებია ფეხით მომევლო მთელი ქვეყანა და საკუთარი თვალით მეხილა თუ რისაგან შესდგებოდა ის და როგორ იყო დასახლებული.
იმავე დროს ვნატრობდი, ისეთი ძალა მქონოდა, რომ შემძლებოდა შევბრძოლებოდი ცხრათავიან დევებს და ქვეყნად სიკეთე დამემყარებია.
ამ სურვილებს დღითი დღე მიღვიძებდა ჩემი მოხუცი გამდელი თინათინი თავისი შესანიშნავი ზღაპრებით და თქმულებებით.
გამდელი ჩემს მამიდებთან ერთად იზრდებოდა, ყურს უგდებდა მათ მეცადინეობას, მამიდებზე უკეთესად იცოდა ზეპირად უკვდავი რუსთაველის უბადლო ქმნილება.
მას იტაცებდნენ მისი გმირები, თავის ახალგაზრდა ქალბატონებთან ერთად მსჯელობდა მათზე, გამოთქვამდა თავის აზრებს... ტარიელზე შეყვარებულიც კი იყო...
გამდელი ისე ნელა და ტკბილად მიყვებოდა ზღაპრებს, თითქოს ნაკადული ჩურჩულებსო. მის ხმაში იმდენი გრძნობა და თილისმა იყო, რომ მე მთლად ვთრთოდი, ღამე ვერ ვიძინებდი და გული იმ უცნობი მხარეებისაკენ მიილტვოდა, რომლებსაც გამდელი ამიწერდა.
ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდეგ, სიტყვას ვაძლევდი ჩემს თავს, რომ ოდესმე უთუოდ წავიდოდი იმ საარაკო ქვეყნებში, თან საყვარელ ტარიელად გახდომას ვნატრობდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ამისათვის საჭირო იყო გაზრდა, დავაჟკაცება, ძალ-ღონის მოკრება და ცოდნის მოხვეჭა.
ბევრი ლოდინი იყო საჭირო, რადგან მაშინ მხოლოდხუთი წლის ვიყავი და უკანასკნელ წელს ვატარებდი სანუკვარსა და საყვარელ გამდელთან, რომელსაც ჩემთვის მუდამ მზად ჰქონდა კარგი ზღაპარი და გემრიელი ჩურჩხელა.
გადია მანებივრებდა, მიფარავდა ჩემი უფროსი ძმების თავდასხმებისაგან, მაგრამ უძლური იყო მამაჩემის ნება-სურვილის წინაშე და ამიტომ ის ცრემლებად იღვრებოდა, როცა მის კალთას მომგლიჯეს და ჩემს უფროს ძმასთან ერთად სასტიკ აღმზრდელს მიმაბარეს.
გაქრენ ზღაპრები, ტკბილი ოცნებები და მათთან ერთად ჩურჩხელებიც. აღმზრდელმა და მისმა თანაშემწეებმა დაიწყეს ჩვენი მამაკაცური, მკაცრი აღზრდა: წერა-კითხვის გარდა, გვასწავლიდნენ ცხენზე ჯდომას, თოფ-იარაღის ხმარებას და გვაჩვევდნენ ყოველგვარი სიძნელეების ატანას.
მე განსაკუთრებულ უნარს ვიჩენდი თოფის სროლაში. მალე ისე გავიწაფე თვალი და ხელი, რომ გაფრენილ ჩიტს არ ავაცდენდი. მომწონდა და მიყვარდა ეს ვარჯიშობა, ძალზე ვცდილობდი და სწრაფი დახელოვნებით აღტაცებაში მომყავდა ჩემი აღმზრდელი ზაქრო.
ჩვენი წვრთნა წარმოებდა ყოველდღე ერთი წესით და ამიტომ იგი მალე მოსაბეზრებელი გახდა.
ერთადერთი გასართობი ამ ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში, მცხეთაში ან წილკანში ხატობაზე წასვლა იყო.
სალოცავად მივდიოდით მთელი ჩვენი შინაყმებით.
წინასწარვე იგზავნებოდა როგორც სამღვდელოებისათვის მისართმევი ძღვენი და შესაწირი, ისე ჩვენი ოჯახისათვის სავჭრო ყოველგვარი სანოვაგითა და საკლავით დატვირთული ურმები.
სამგზავრო სამზადისების დროს ჩემი უფროსი ძმა ლევანი, რატომღაც გულგრილად იქცეოდა, მე კი პირიქით, ძალიან ვღელავდი, ყველაფერი უნდა გამეგო, ყველაფერში უნდა ჩავრეულიყავი. ხან ჩემი ახალგაზრდა მამიდების ოთახებში შევირბენდი, ხან თავლაში, სადაც ასუფთავებდნენ ცხენებსა და წესრიგში მოჰყავდათ უნაგირები და მოსართავები.
ბოლოს, მოურავი მოახსენებდა მამაჩემს, რომ სამგზავროდ ყველაფერი მზად იყო. დიდი ხნის ნანატრ დღეს ჩვეულებრივ, შაბათისათვის დანიშნავდნენ, რომდროულად ჩავსულიყავით და კვირას წირვა გულდასმით მოგვესმინა ბებიასა და დედაჩემისათვის საუკეთესო, ყველაზე განიერ ურემს ამოარჩევდნენ. რომ არ დანჯღრეულიყვნენ, ჭალებზე ბაწრებს დახლართავდნენ, ზედ აუარებელ ლეიბებსა და ბალიშებს დაიწყობდნენ და შემდეგ ნოხს გადააფარებდნენ. ურემს ზევიდან ნოხისავე ჩარდახს გაუკეთებდნენ. ამნაირად მოწყობილ ურემს შეუბამდნენ ორ წყვილ საუკეთესო კამეჩს; კამეჩები ისე იყვნენ დაბანილნი და გასუფთავებულნი, რომ გიშერივით ბზინავდნენ.
ურმებს, სადღესასწაულოდ, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი მეაღალეები მართავდნენ, რომელღაც მეხრეებად თან ახლდათ 8-10 წლის ბიჭები.
ურემზე პირველად ჩემი ლამაზი დედა ავიდოდა, შემდეგ, თითქმის ხელზე ატატებულს, მოახლეები ბებიაჩემს თამარს აიყვანდნენ, და როცა ძლივსძლივობით საბოლოოდ მოხერხებულად მოეწყობოდნენ, მაშინ პირველი ეს ურემი დაიძვროდა ადგილიდან და მოშორდებოდა კიბეს.
დანარჩენი მსახურნი, რომელნიც თან უნდა გვხლებოდნენ, ჩქარობდნენ დამსხდარიყვნენ კიბიდან მოშორებით მდგარ სხვა ურმებზე, რათა უკან გაჰყოლოდნენ წინა ურემს, რა თქმა უნდა, იმ მანძილის დაშორებით, რაც დადგენილი იყო მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად.
ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი გამგზავრებისას, ჩვენ, მამაჩემის მეთაურობით, სრულ საჭურველში გამოწყობილნი, კიბეზე ვიდექით: ეროვნულ, შინდისფერ ჩოხებში ჩაცმულებს გვეკიდა ხანჯლები, ხმლები და მოკლე თოფები მხარზე გვქონდა გადაგდებული.
დაიწყეს ცხენების მოყვანაც: მამას შესანიშნავი დოღის შავი ცხენი მოგვარეს, რომელიც თავისი ჩამოსხმული ფეხებით ამაყად მოაბიჯებდა, ფრუტუნობდა და ისე აბრიალებდა დიდრონ თვალებს, თითქოს ეძებდა იმას, ვინც გაბედავდა მასზე შეჯდომას. ორი მეჯინიბე ძლივს
უკავებდა თავს, მაგრამ მამამ მოსაზრებაც არ აცალა, ისე მარდათ მოიქნია ტანი და პირდაპირ კიბიდან უნაგირზე დაახტა, აღვირი მაგრად მოსწია და ამით ცხენს აგრძნობინა, რომ ის მისი პატრონი იყო. მეჯინიბეებიგანზე გახტნენ, ცხენი ყალყზე შედგა, მაგრამ მამამ მოხდენილი მოძრაობით მოთოკა იგი და ეზოში გააჯირითა.
ცხენოსანმაც და ცხენმაც აღფრთოვანება გამოიწვიეს დამსწრე აზნაურებსა და ფარეშებში, რომლებიც უძველესი დროიდანვე დიდი მემამულის ყმებად ითვლებოდნენ. ჩვენი აღმზრდელების გარდა, კიდევ ოცი აზნაური მაინც იქნებოდა. ყველანი მშვენივრად ჩაცმულნი და შეიარაღებულნი საჩქაროდ მიცვივდნენ თავიანთ ცხენებს, რომ თან ხლებოდნენ მამაჩემს.
ბოლოს ჩვენი ჯერიც დადგა. მოუთმენლობისაგან ვკანკალებდი, ჩემი თვალის წინ გაიელვა ტარიელის შესანიშნავმა სახემ, და მეჩვენებოდა, რომ ის ჩემში განსხეულდა და მეც, ამ ხოტბაშესხმული გმირივით, თითქოს ტაიჭს უკვე მივაქროლებდი.
ამ ოცნებებში გართული, უეცრივ ზაქრომ ხელით ამიტაცა, თავის ცხენზევე უკან შემომისვა და მიბრძანა მისი ქამარი ხელში მაგრად მჭეროდა; ცხენს მათრახი გადაჰკრა და ჩემს ძმებსა და სხვა აღმზრდელებთან ერთად მოვქუსლეთ, რომ მამას დავწეოდით და მასთან ერთად გვევლო.
ამ გიჟურ ჭენებაში, უნდა გამოვტყდე, მღელვარებისსაგან კი არ ვცახცახებდი, არამედ შიშისაგან, – მეშინოდა, რომ ცხენიდან გადმოვვარდებოდი, ზაქროს კი ერთხელაც არ მოუხედნია ჩემსკენ, რომ გაეგო, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი.
მე კი მრცხვენოდა მეთქვა მისთვის, რომ მეშინოდა და მთელი მგზავრობა ისე გადავიტანე, ერთი სიტყვითაც არ გამომიმჟღავნებია ჩემი შიში.
აი, ასეთი სასტიკი ზომებით, ყოველგვარ პირობებში, გვაჩვევდნენ მედგრობასა და გამძლეობას. შემდეგ როცა ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა მომიხდა, არა ერთხელ მომგონებია და მადლობის გრძნობით განვმსჭვალულვარ ჩემი მკაცრი, მაგრამ მაინც საყვარელი ზაქროსადმი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩაეგონებია ჩემთვის, რომ საერთოდ მამაკაცი, და მისი აზრით, განსაკუთრებით ბატონიშვილი, უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაციო. თვითონ ზაქრო ადლიანი მხარბეჭის მქონე და ღონიერი, გულითაც მხნე და უშიშარი იყო.მიმაჩემის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მამა ხშირად მიდიოდა ხოლმე სახლიდან და მაშინ ის მთელ სახლს მართავდა.
ჩორთით მივდიოდით – მამას, მეტად თავაზიან ადამიანს, დაუშვებლად მიაჩნდა ქალებისათვის გადაესწრო და გზაზე მტვრის ბუღი დაეყენებია, მით უმეტეს, როცა საქმე დედას, დებს, ცოლს და ბავშვებს ეხებოდა, ამიტომ ურმები წინ მიდიოდნენ. საათნახევრის შემდეგ მივედით სვეტიცხოველის დიდებულ ტაძართან, რომელსაც უკვე განვლილი ჰქონდა თხუთმეტი საუკუნე მრავალტანჯული ქართველი ხალხის ისტორიისა და რომელსაც თავისი სიდიადით, გაჭირვების წუთებში, ბევრჯერ გაუმხნევებია ქართველთა გული.
ამ ჯერად კვირას მოგვიხდა ხატობაზე წასვლა. ჩვენ წირვის ბოლოს მივუსწარით და ეპისკოპოსი მთელი თავისი კრებულით, სრულ შემოსილობაში შეუდგა პაპაჩემის ნიკოლოზის (სამწუხაროდ მე არ მოვსწრებივარ პაპას, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გარდაცვლილა) და მამაჩემის უმცროსი ძმის, ირაკლის ხსოვნის პანაშვიდის გადახდას. ირაკლი ნიჟეგოროდის პოლკის ოფიცერი ყოფილიყო და იმავე პოლკის ოფიცერს წერეთელს მოეკლა ეჭვიანობის ნიადაგზე.
ირაკლის ჯორჯაძის ქალი დაენიშნა. ნიშნობის შემდეგ ეს ამბავი აღფრთოვანებით უამბო თურმე მან თავის ამხანაგს წერეთელს. ირაკლის ვერც კი წარმოედგინა, რომ ის მისი მოქიშპე აღმოჩნდებოდა. ეჭვიანობით გაბოროტებულმა წერეთელმა დაუყოვნებლივ იძრო რევოლვერი, ესროლა და იქვე მოკლა.
ოცდაოთხი წლის ულამაზესი ვაჟკაცის ასეთმა ნაადრევმა დაღუპვამ სიცოცხლე მოუსწრაფა ჯერ კიდევ მაგარ, ჯანიანს, სამოცდაორი წლის მოხუცს, ნიკოლოზს.
შვილის სიკვდილს თან დაერთო ოჯახის მთლიანი დარბევა, რაზედაც შემდეგ მექნება ლაპარაკი.
პანაშვიდის შემდეგ სამადლობელი პარაკლისი გადავიხადეთ. მერმე გავეშურეთ წმიდა ნინოს დედათა მონასტრის – სამთავროს წინამძღვრის სანახავად და მისგან დალოცვის მისაღებად. წინამძღვარი ნინო, ცხოვრებაში კნეინა ამილახვარისა, ქმრით დედაჩემს ენათესავებოდა. ის მეტად ჭკვიანი, განათლებული ქალი იყო და დაქვრივების შემდეგ მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. მონასტრის საქმეებს შესანიშნავად განაგებდა, დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოხვეჭილი როგორც მონაზნებში, აგრეთვე მცხეთის ირგვლივ მდებარე სოფელთა მცხოვრებლებში.
მონასტერთან არსებობდა წმინდა ქართულ საწყისებზე დაფუძნებული ქალთა სკოლა, სადაც ქალიშვილები, განურჩევლად მათი წოდებისა და მდგომარეობისა, ღებულობდნენ განათლებას, აღზრდას და ემზადებოდნენ ღირსეული დედები ყოფილიყვნენ.
სამი დღე დავრჩით მასთან სტუმრად. ამ ხნის განმავლობაში სულ ალერსსა და ნებივრობაში ვიყავით.
მონასტრის არც ერთი სენაკი არ დარჩენილა, რომ არ გამოგვეცოცხლებია ბავშვური ხმაურით. ამ სენაკებში განუწყვეტლივ გვიმასპინძლდებოდნენ ყოველგვარი ტკბილეულობით – ჩურჩხელებით, ფალუსტაკით, ჩამიჩით და გემრიელი ცხელი ნაზუქებით, მაგრამ ყველაზე უფრო ვტკბებოდით იმ თავისუფლებით, რომელიც მოგვანიჭა ჩვენი აღმზრდელების მახვილი თვალის და შეუბრალებელი სიმკაცრის მოშორებამ.
მამაჩემის მხლებელ მამაკაცთა ამალას, წმიდა სავანის კედლებს შიგნით შემოსვლის ნება არ ჰქონდა. ამიტომ კარავი მონასტერთან გაშალეს და დროს უქმად არ კარგავდნენ – გაბმით ლხინობდნენ, საიდანღაც ზურნაც კი მოიყვანეს. გაფიცხებული საცეკვაო ხმები აღწევდნენ მოხუცი ნინოს სმენამდე. ეტყობოდა მას არ სიამოვნებდა ეს, რადგანაც აღკვეცილთა შორის ბევრი ახალგაზრდა ქალი ერია და შესაძლო იყო მათში დათრგუნვილი ნამდვილი ცხოვრების სურვილი ხელახლა გაღვიძებულიყო, მაგრამ წინამძღვარი რატომღაც მაინც სდუმდა.
მამასაც არ უნდოდა აეკრძალა მონასტრის კედლებთან საუკუნოებით დაწესებული ლხინი.
გათავდა ხატობა. ნეტარი უდარდელი დრო ისე გაქრა, თითქოს ჯადოქრული წუთები ყოფილიყოს. უკვე სახლს, მეცადინეობას უნდა დავბრუნებოდით და შეწყვეტილიყო ჩვენი მხიარულება. მივიღეთ რა ეპისკოპოსისა და ნინოს კურთხევა, გავეშურეთ უკანვე სახლისა-კენ ყოველგვარი წესებისა და ეტიკეტის დაცვით.
აი, ჩვენ უკვე სახლში ვართ. ისევ დავუბრუნდით გონებრივ და ფიზიკურ მეცადინეობას. უკანასკნელი მე ძალზე მღლიდა და მქანცავდა; უჯანო, სუსტი ბავშვი ვიყავი, ხშირად ავადვმყოფობდი და ოჯახის ლამაზ წევრთა შორის მახინჯად ვიყავი მიჩნეული, რის გამო მშობლები მაინცადამაინც არ მწყალობდნენ. ამან საგრძნობი დაღი დაასვა ჩემს სულს, რომელიც მუდამ სითბოს და ალერსს ეძებდა; ამიტომ იყო, რომ ყოველი უბრალო საბაბის გამოც გამდელთან მივრბოდი გულში ჩასაკრავად და ალერსის მისაღებად.
მან იცოდა ჩემი სულიერი წონასწორობის აღდგენა. მის მეტი მე არავინ მყავდა, ვისთანაც შემძლებოდა მივსულიყავი და ჩემი მწუხარება გამეზიარებია. დედა მუდამ მოუცლელი იყო. ის ძლივს ასწრებდა მასპინძლობა გაეწია აუარებელ ნათესავებისა და მამაჩემის მეგობრებისათვის, რომლებიც ძველი სტუმართმოყვარეობის გამო მუდამ ავსებდნენ ჩვენი სახლის დიდ დარბაზებს. დედას, როგორც ვთქვი, არამც თუ ეცალა ჩვენთვის, არამედ მეტწილად იშვიათად ვხედავდით მას.
დილაობით, ჩვენი აღმზრდელების თანხლებით გამოვეცხადებოდით მშობლებს, ხელზე ვემთხვეოდით დედას და მამას, შემდეგ ვუპასუხებდით ერთი და იგივე კითხვებზე – ჯანმრთელობის და სწავლის შესახებ და დინჯად დავსხდებოდით მაგიდის ბოლოში ფინჯან რძის მოლოდინში. ჩაის ჩვენ არ გვასმევდნენ, მას მხოლოდ ბებიას და მეტად პატივსაცემ, სახელოვან სტუმრებს მიართმევდნენ ხოლმე. ახალგაზრდებს, იმისდა მიხედვით, წლის თუ რა დრო იყო, მიუტანდნენ მწვადებს, შემწვარ გოჭს, ნედლ თევზს – ორაგულს, რომელიც ბევრი ცურავდა განიერ ქსანში, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ის ქვირითს ყრიდა მდინარის სათავეში.
მამაჩემი ძველი გვარის ნაშიერი და მეფის შთამომავალი იყო – მეფე არჩილის ხაზით, იმ არჩილის, რომელმაც იმპერატორ პეტრე პირველის დროს, თავისი დღეები რუსეთში დალია. მეფე არჩილის ვაჟი ალექსანდრე, პეტრეს ბავშვობის მეგობარი, არტილერიის პირველი ფელცეხმეისტერი იყო, პეტრე დიდის გვერდით მონაწილეობას ღებულობდა პოლტავის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა, ათი წელიწადი სტოკჰოლმის ციხე-სიმაგრეში გაატარა და განთავისუფლების შემდეგ, პეტერბურგისკენ მომავალი, გზაში გარდაიცვალა.
მამაჩემი სამხედრო სამსახურში მსახურობდა, გენერალ ოგლობჟიოს ადიუტანტად იყო, მასთან ერთად გაატარა კავკასიის მთელი ომი და პორუჩიკის ჩინში, ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული იყო სამსახურისათვის თავი დაენებებია.
მამა გვიამბობდა ხოლმე, რომ თურქეთის არმიის დამარცხებისას8) ტყვედჩავარდნილმა თურქეთის გენერალურმა შტაბმა, რომლის უფროსი ინგლისელი უილიამსი ყოფილიყო, არ მოინდომა გაევლო ჩვენი მთავარსარდლის წინ, როგორც დამარცხებულს და რუსეთის გენერალურ შტაბიდან ნებართვა მიიღო პეტერბურგში თავისუფლად წასულიყო.
ასეთი უცნაური განკარგულების გამო, არა მარტო ჯარი იყო ნაწყენი, არამედ მთელი რუსეთიც. ცნობილია, რომ ინგლისელები, ჯერ კიდევ უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ რუსეთის სიძლიერისათვის, ხან სპარსეთისა და ხან თურქეთის მხრიდან, მაგალითად, ნადირ-შაჰის დროს გამოჩნდა ვიღაც ინგლისელი ავანტიურისტი ელტონი, რომელიც აგულიანებდა ნადირ-შაჰს, თავს დასხმოდა რუსეთს, სამხედრო მზადებაც კი დაიწყეს, მაგრამ ამ დროს, საბედნიეროდ, სპარსეთში აჯანყებამ იფეთქა და ნადირ-შაჰი მოკლულ იქნა.
სპარსეთი მოიცვა ანარქიამ და რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრების ამბავი დროებითი დავიწყებას მიეცა.
იმავე დროს, პეტერბურგში ინგლისის ელჩი უიტვორტი დედოფალ ეკატერინესთან – შემდეგში ეკატერინე მეორესთან – ლხინობდა.
ალექსანდროპოლში, როცა გენერალ ოგლობჟიომ დამარცხებული ანატოლიის არმია განაიარაღა, თურქეთის არმიის მთავარსარდალმა ფაშა ზიულიმ არ ინება თავისი იარაღი მისთვის ჩაებარებია, როგორც მან უწოდა, მოღალატისათვის და როცა მამაჩემის ვინაობა გა-იგო, იარაღი, როგორც ღირსეულ პიროვნებას, მას გადასცა. მისეული თოფი დიდი ხნის განმავლობაში მე მქონდა სახლში, შემდეგ კი საქართველოს მუზეუმს გადავეცი.
როცა მამაჩემი ფაშას თოფს ართმევდა, მისი ყურადღება ერთმა ლამაზმა ახალგაზრდა სამხედრო პირმა მიიქცია თურმე, ალბათ, ფაშას ადიუტანტმა, რომელიც მოწიწებით მდგარა ფაშას უკან.
ფაშას თავის მხლებელი მამიჩემისათვის გაუცვნია და მათთვის საუბრის საშუალებაც მიუცია. მამაჩემი გამოლაპარაკებთ ახალგაზრდას და ვინაობაც უკითხავს.
ახალგაზრდას მშვენიერი, წმინდა ქართული ენით უპასუხნია, რომ მისი წინაპრები – ქართველები, თურქეთში გაუყიდნიათ, და თუმცა მუსულმანობა ძალდატანებით მიუღიათ, ენა მაინც შეუნარჩუნებიათ. ამ ახალგაზრდის და მისი ძმის ოცნება ყოფილა ოდესმე როგორმე დაბრუნებოდნენ სამშობლოს.
მაგრამ საბრალო ახალგაზრდა, რომლის თვალებში ვედრება გამოიხატებოდა, სამხედრო ტყვედ არ ითვლებოდა, რომ გადაცვლა მოხერხებულიყო, არამედ, საუბედუროდ, თურმე მონა ყოფილიყო; ამასთანავე, ეტყობოდა, რომ ფაშას ეს ახალგაზრდა დიდათ უღირდა, და მამაჩემს მისი განთავისუფლების ცდამ ამაოდ ჩაუარა.
მამაჩემი, როგორც აღვნიშნე, ოჯახური პირობების გამო იძულებული გამხდარა სამხედრო სამსახური მიეტოვებინა.
ნიკოლოზ პირველმა თვალთმაქცურად უწოდა საქართველოს თავისი „გვირგვინის მარგალიტი“. დიდი დღესასწაულის დროს საქართველოს ღერბი მესამე რიგში მიჰქონდათ, ნამდვილად კი საქართველოში სულ სხვა პოლიტიკას აწარმოებდა.
ქართველი ხალხის გულის მოსაგებად იმავე ნიკოლოზ პირველმა მცხეთის ტაძრის დათვალიერებისას რუს ეგზარხოს „დურაკი“ დაუძახა, თითქოს იმისათვის, რომ მან სვეტიცხოვლის შესანიშნავი ქართული ფრესკები კირით გაათეთრებინა.
ვორონცოვი ფრთხილად განაგრძობდა ქართველი ხალხის დამონების საქმეს. მან პირველმა შექმნა ე. წ. „პრიკაზი“, სადაც მემამულეებს შეეძლოთ დაეგირავები-ნათ თავიანთი მამულები და ქონება, ვითომდაც მათივე სასარგებლოდ.
საქმის კარგად და წესიერად დაყენებისათვის მოიწვია ვიღაც ებრაელი ხასკინი, როგორც მცოდნე ფინანსისტი, რომელმაც სულ ცოტახანში გაფცქვნა მემამულეები, მოაგროვა ორი მილიონი მანეთი და ამ ფულიანად ამერიკაში გაიქცა.
პაპაჩემს ვალად დაედვა ექვსასი ათასი მანეთი თავისი პროცენტებით, ეს ისეთი დიდი თანხა იყო, რომ მის გონებას ვერც კი წარმოედგინა. გადახდის ვადები მალე მოვიდა და რადგანაც ფული არ მოეპოებოდა, სახლიდან ორი ურემი ვერცხლეულის და რამდენიმე ძვირფასი ნივთის გატანა მოუხდა.
ყველაფერი ეს ახალგორელმა სომეხმა მზარეულოვმა შეისყიდა და ფული „პრიკაზში“ იქნა შეტანილი სართის, ანუ პროცენტების გადასახდელად. ვალი კი კვლავ ვალად დარჩა. დაიწყო სატანჯველი ხანა ოჯაბისათვის, რომელსაც მთავრობა ისედაც არ უყურებდა კარგი თვალით მამაჩემის პაპის ედიშერ ივანეს-ძის გამო, რომელიც მაშინ, როცა იგი 22 წლისა ყოფილა, თავად თარხნიშვილთან, ჯავახიშვილთან და სხვებთან ერთად მონაწილეობა მიუღია 1810 წლის გლეხთა აჯანყებაში მარკიზ პაულუჩის დროს.
ამისათვის იგი გადაუსახლებიათ ჯერ ვლადიკავკავში, შემდეგ კი რუსეთში, სახელდობრ სად, დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. მიწერ-მოწერის ნებაც არ ჰქონია.
ასე უკვალოდ გაჰქრა ის. მას დარჩა ქვრივი თამარი, მაჩაბლის ქალი და სამი წლის ვაჟი. თამარი საცხოვრებლად თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა, რადგან მას ეშინოდა, კიდევ რამე ახალი უსიამოვნება არ მიეყენებია მთავრობას და ნათესავებს, რომელნიც ყოველივე ღონისძიებებით ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის მიწები. მშობლებთან წასული თამარი განუწყვეტლივ უგზავნიდა თხოვნებს გენერალ ერმოლოვს და თხოვდა, რომ მცირეწლოვანის შვილისათვის მეურვედ გენერალ- მაიორი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი დაენიშნათ.
როცა ნიკოლოზს ჩვიდმეტი წელი შესრულებია, იგი თავის დედით დაბრუნებულა მამისეულ მამულში და შე-ურთავს ივანე ჯორჯაძის ასული თამარი.
პაპაჩემი ნიკოლოზი გორის რაზმში22) მსახურობდა და დაჯილდოვებული ყოფილა ჯარისკაცის გიორგის ჯვრით.
დედაჩემის გადმოცემით, ნიკოლოზს დიდი უნარიანი და გამჭრიახი გონება ჰქონია. ყველაფერი აინტერესებდა. ცდილობდა, რომ შვილებისთვის, განსაკუთრებით ვაჟებისათვის, კარგი განათლება მიეცა, რომ მათ შეძლებოდათ ღირსეულად მხარში ამოდგომოდნენ იმდროინდელ ჭკვიანსა და სწავლულ ადამიანებს. პაპაჩემის ოჯახში მსვლელობა ჰქონიათ პლატონ იოსელიანს და სრულიად ახალგაზრდა რაფიელ ერისთავს, რომელიც ძალიან მხიარული და ცეკვების მოყვარული ყოფილა.
ის, თურმე, ცეკვებს ასწავლიდა ჩემს უმცროს მამიდებს, ერთი მათგანი, ლამაზი მართა კიდეც შეყვარებია, მაგრამ უიმედოდ.
პაპაჩემის ხშირი სტუმარი ყოფილა ნიკოლოზ ბარათაშვილიც. იქ კითხულობდნენ მის ლექსებს და თარზე ამღერებდნენ „სულო ბოროტოს“.
შემდეგ პაპაჩემის ოჯახს ხშირად ეწვეოდა ხოლმე ახალგაზრდა პოეტი, ილია გრიგოლის-ძე ჭავჭავაძეც, რომელიც დუშეთის მაზრაში 1864 წელს მომრიგებელ შუამავლად დაუნიშნავთ, შემდეგ კი მოსამართლის თანამდებობაზე გადაუყვანიათ. თანახმად მაშინდელი ეტიკეტისა, ილია სადარბაზოდ დადიოდა მისდამი რწმუნებულ მაზრის ყველა მემამულესთან, ჩვენი სახლი კი, როგორც დუშეთთან ახლომდებარე, ახალგაზრდებით ყოველთვის სავსე, რომელიც წარმოადგენდა მხიარულ კულტურულ წრეს, უფრო მეტად იზიდავდა ახალგაზრდა პოეტს. მის მოსვლას ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდნენ თურმე.
მე დავიბადე 1868 წელს, და, ფრონტიდან მამაჩემის ერთ-ერთ დროებით ჩამოსვლის დროს მომნათლეს, და სწორედ მაშინ განსაკუთრებით გამოუჩენია თავი ახალგაზრდა ჭავჭავაძეს თავისი მჭევრმეტყველებით. მას მამაჩემისათვის მიუმართავს შესანიშნავი ქართული ენით და ურჩევია, რომ შვილები ქართულ წესზე აღეზარდა და ჩაენერგა მათთვის სამშობლოსა და ხალხის სიყვარული.
ამ ხანებში პაპაჩემის ოჯახი საგრძნობლად შერყეული ყოფილა ხასკინის მიერ ფულის გატაცების გამო. ამას თან დართვია გლეხების ბატონყმობიდან განთავისუფლება, რასაც მემამულეები, კერძოდ პაპაჩემი მძიმე მდგომარეობაში ჩაუგდია.
საქართველოში ბატონყმობის არსებობის შესახებ ცნობები XVII საუკუნიდან გვხვდება, დაკანონებულ ხასიათს კი XVIII საუკუნიდან – მეფე ვახტანგ VI -ის დროიდან ღებულობს. ვახტანგი ნიკოლოზის პაპის სახლიშვილი იყო, და ამ საფუძველზე საგვარეულო თოფი მისი ვაჟის ბაქარისაგან გადაეცა მეფე კონსტანტინეს, შემდეგ – დამოუკიდებლივ ედიშერს და ედიშერისაგან – პაპაჩემს ნიკოლოზს, რასაც მოწმობს თვით თოფზე არსებული წარწერები. ეს თოფი, როგორც რელიკვია, ჩვენს სახლში ინახებოდა და ამტკიცებდა გვარეულობაში ჩვენი შტოს უფროსობას. 1925 წელს ეს თოფიც საქ. მუზეუმს ჩავაბარე.
* * * * * * *
თავადი ვორონცოვი თავის პოლიტიკას ატარებდა, მისი მეუღლე კი – ელისაბედ ქსავერის ასული, გრაფ ბრანიცკის ქალი, ცნობილი თავადი პოტიომკინ-თავრიზელის დისწული, თავის მხრივ მართავდა შესანიშნავ ნადიმებს, ქმრებს და მამებს აიძულებდა, ამ წვეულებებზე მიეყვანათ თავიანთი ცოლები და ქალიშვილები ახალ მოდაზე ჩაცმულები. მკერავებად გამოწერილი იყვნენ ფრანგი ქალები. ამ ქალების ერთმა ჯგუფმა თბილისში გახსნა სამკერვალო სახლი „რუსელი“. მოდებზე აუარებელი ფული იხარჯებოდა.
ამ ახალი წესების გავლენით, ქართველმა ქალებმა თანდათანობით იწყეს ეროვნული ტანსაცმელის გახდა და მის ნაცვლად ევროპულის ტარება. სწავლობდნენ რუსულსა და ფრანგულ ენებს, რისთვისაც გახსნილი იყო პირველი ფრანგული პანსიონი ქალებისათვის, მადამ ფავრის ხელმძღვანელობით.
კნეინა ვორონცოვისა თვითონ დადიოდა სოფლებში – იმ თავადაზნაურთა ოჯახებში, სადაც ახალგაზრდა ქალები ეგულვებოდა; მისი მისვლის შედეგად უკმაყოფილო მამებს უხდებოდათ ლეიბის ქვეშ შენახულ არაერთი ასი მანეთის გამოღება, ანდა ცნობილ „პრიკაზისათვის“ მიმართვა.
ასეთსავე მდგომარეობაში ჩავარდა პაპაჩემი ნიკოლოზ ედიშერის-ძე. მას ოთხი ქალიშვილი ყავდა, უფროსი – სალომე, მამის საყვარელი შვილი, გათხოვილი იყო თავად არჩილ ბაგრატიონ-მუხრანელზე, მუხრანელებიდან ყველაზე მდიდარ თავადზე. მისი შესანიშნავი, მაღალსვეტებიანი სახლი, ანჩისხატის ტაძრის გვერდით მდებარეობდა. ეს სახლი, კარგი ქართველი ხუროთმოძღვრის გემოვნებით აშენებული, ნახევრად ევროპულად, ნახევრად ქართული სტილით იყო მოწყობილი.
არჩილი ყოველგვარი გასართობების და ცირკის დიდი მოყვარული 29 წლის ვაჟკაცი, უშვილოდ გარდაიცვალა, მადლიერმა ცირკის მსახიობებმა არჩილის კუბო მცხეთამდე წაიღეს ხელით. მას დარჩა მეუღლე, რომელსაც არჩილის ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ, ბოლოს ის საშინელ გაჭირვებას განიცდიდა. მისი მშობელი ოჯახიც, ძალზე დაღარიბებული, ვერაფრით დაეხმარა.
მეორე ქალიშვილი, 14 წლის ლამაზი მართა, განსაკუთრებით მოეწონა ვორონცოვის მეუღლეს და ერთხელ წაიყვანა თავის ნადიმზე.
ნადიმზე ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება მართამ მოახდინა. მისმა შესანიშნავმა სილამაზემ მიიპყრო იქ მყოფი მთელი ახალგაზრდობის ყურადღება. მაგრამ მართას ასეთმა მოწონებამ მამამისი საგონებელში ჩააგდო, – პაპაჩემს სიძედ გარდა ქართველისა, არავინ უნდოდა, ამიტომ მან მართას გათხოვება დააჩქარა და ცოტა ხნის წინათ დაქვრივებულ თავად რევაზ ერისთავს გაატანა ცოლად.
რევაზი ძალიან მდიდარი, მაგრამ საცოლეზე თითქმის 40 წლით უფროსი, მეტისმეტად ეჭვიანი კაცი გამოდგა.
რევაზმა ახალგაზრდა ცოლი ჩაკეტა თავის თეთრ სასახლეში; ეს სასახლეც ისეთივე ლამაზი და სვეტებიანი იყო, როგორც თბილისში არჩილ მუხრანელის სახლი;
ის მდინარე ქსნის ნაპირზე მდებარეობდა, საცხოვრებელ ადგილებიდან სრულიად განცალკევებულად. რევაზის პირველი ცოლი ეკატერინე, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის მკვიდრი და იყო, რომელთანაც ხშირად დადიდიხნობით სტუმრობდა ხოლმე პოეტი. ამ შესანიშნავი ბუნების წიაღში, სადაც უღრანი ტყე შემოსალტოდა ანკარა, ჩქარ მდინარე ქსანს და სადაც ირმის ჯოგები ისე მოდიოდნენ წყლის დასალევად, რომ ადამიანებს არც კი ერიდებოდნენ, პოეტს მრავალი დღე გაუტარებია.
ხშირსა და ფოთლოვან ტყეში გაისმოდა ბულბულის სტვენა, სადღაც მწყემსი სალამურს უკრავდა და შორს კი, ვიღაცა ურმულს მღეროდა.
მრავალხმიანი, გულწრფელი სიმღერა იფანტებოდა ლაჟვარდში და ადრიანი დილის ჰაერში მისი გამოძახილი აღწევდა სასახლემდე, სადაც ყველაფერი თანდათანობით გამოცოცხლებას იწყებდა. პირველი თვითონ პატრონი გამოდიოდა აივანზე და მადლიერი თვალით უყურებდა მის ირგვლივ გაშლილ პანორამას, უნებურად იხდიდა ქუდს და პირჯვარს იწერდა.
ეს მიწიერი სამოთხე მთელს არემარეში უხვად აფრქვევდა ბაღისა და მინდვრის ყვავილების სურნელებას. მთელი სახლი, მზის მცხუნვარე სხივებში გახვეული, რაღაც ფეერიულ ჰაეროვან შენობას აგონებდა ადამიანს. აქ, ბუნებასთან ახლოს, ბარათაშვილს არა ერთხელ განუცდია უიმედო სიყვარულით გამოწვეული გულის ტკივილიც.
როგორც პოეტს, მას ხელგაშლილი ხვდებოდნენ, აღფრთოვანებაში მოდიოდნენ და ხოტბას ასხამდნენ მის მუზას, მაგრამ ღარიბ და კოჭლ ახალგაზრდისათვის ეს არ კმაროდა.
ყოველივე ეს გავლენას ახდენდა ახალგაზრდა კაცზე, მით უმეტეს, რომ მის გატაცებას და სიყვარულს ყოველთვის იწვევდნენ საქართველოს ულამაზესი ქალები, როგორც, მაგალითად, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, ეკატერინე და ქეთევან შალვა ერისთავის ასული, ელიზბარ ერისთავის მეუღლე.
მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ არავისთვის არ ეჩვენებია თავისი საუნჯე – მეუღლე, ამაყ მემამულეს ერისთავს არ შეეძლო სხვებს ჩამორჩენოდა და არ გადაეხადა პირველი შვილის ნათლობა. მან დიდი წვეულება გამართა, სტუმრები ანადირა კიდეც. მხოლოდ ერთიპირობით: – ირმები არამც და არამც არ მოეკლათ. უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, თითქოს ბაგრატიონის სახლიდან მტრებმა ქორფა ბავშვი ტყეში გაიტაცეს და იქ ნადირის შესაჭმელად დასტოვეს, მაგრამ ბავშვს ირემმა ძუძუ აწოვა და გამოზარდაო. ამიტომ ბაგრატიონის ოჯახის ყველა წევრს და მათ ახლო ნათესავებს აკრძალული ჰქონდათ ირმის მოკვლა.
ერისთავს ნათლობაზე მოპატიჟებული ჰყავდა მეფის ნაცვლის, თავადი ვორონცოვის მთელი ამალა, მისი ახალგაზრდა ადიუტანტის გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის მეთაურობით. დაშკოვი ნათლიად იყო მიწვეული.
ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში ქეიფობდნენ, მხიარულობდნენ და მიუხედავად ეჭვიანი ქმრის სიმკაცრისა, მაინც ახერხებდნენ და ბედავდნენ აღფრთოვანებული თვალებით ემზირათ სილამაზით ბრწყინვალე ახალგაზრდა კნეინასათვის.
შემდეგში, როცა ვორონცოვ დაშკოვი მეფისნაცვლად დანიშნეს და კვლავ დაბრუნდა თბილისში, მოიგონა თავისი ახალგაზრდობა, მილტოზში30) მხიარულად გატარებული დრო და მოისურვა ერისთავის ოჯახის რომელიმე წევრის ნახვა, მაგრამ აღარავინ იყო, მოხუცები უკვე გარდაცვლილიყვნენ, რევაზის ერთადერთი ქალიშვილი კი ქმართან ერთად ვლადიკავკავში ცხოვრობდა.
პაპა ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ, მამაჩემს მოვალეები იღრჩობდნენ, „პრიკაზი“ მამულებს უწერდა და საჯაროდ უყიდდა. ამნაირად გაუყიდეს თბილისში მტკვრის მთელი მარჯვენა ნაპირი მუხრანის ხიდიდან დაწყებული. იქ მაშინ ბორანი მუშაობდა, რომელსაც ხალხი ავლაბარში გადაჰყავდა. ეს ბორანი საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა, ესეც მოგვესპო. ასე ამნაირად მივდიოდით საბოლოო გაღატაკებამდე. ბოლოს, ბევრი ტანჯვის შემდეგ, მამამ პეტერბურგში წასვლა გადაწყვიტა, რომ თხოვნა მიერთმია მეფე ალექსანდრე მეორისათვის, რათა მისთვის მოეხსნათ სახაზინო ვალი 600 ათასი მანეთის რაოდენობით და მისი პროცენტებიც.
მეტი ცდა აღარ შეიძლებოდა. არზა დაუწერა ახლად შეძენილმა სიძემ, იმ დროის შესაფერად დიდად განსწავლულმა, მრავალ აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ცნობილმა მწიგნობარმა პლატონ ეგნატეს-ძე იოსელიანმა.იმ ხანად, ალექსანდრე II-ის ნაცვალი კავკასიაში, მისი ძმა მიხეილ ნიკოლოზის-ძე იყო. ის ცდილობდა ხალხს თავდაბალ კაცად მოჩვენებოდა. ხშირად დადიოდა ბაზარში, გამბედავი და ენამახვილი ყარაჩოხელები „მიხაკო“-ს უძახოდნენ, დამტვრეული რუსულით ელაპარაკებოდნენ და სანოვაგეს თავაზობდნენ.
მისი მეუღლე – გერმანელი ქალი, ოლგა თეოდორეს სასული, მკაცრი წესების ადამიანი იყო. თვითონ ძალიან მშვიდსა და სათნო ცხოვრებას ეწეოდა და სურდა, რომ მთელი საზოგადოება ასევე მოქცეულიყო. თავად ბარიატინსკის მხიარულ წვეულებებსა და დროსტარებას მიჩვეულთათვის, ასეთი ცხოვრება მეტად მოსაწყენი აღმოჩნდა. ოლგა თეოდორეს ასულის დაჟინებით, ციმბირში გადაასახლეს ანდრონიკაშვილი, რომელმაც აფხაზებისა და მეგრელების ძველ ჩვეულებას წაბაძა და საცოლედ მოიტაცა აბაშიძის ქალიშვილი.
თავისი შვაბების გადმოსახლებით, ოლგა თეოდორეს ასულმა თბილისში დიდი ახალშენი მოაწყო, რისთვისაც დაუთმეს მტკვრის მარცხენა ნაპირი – ვერის ხიდიდან მოყოლებული დიდუბემდე – თავისი შესანიშნავი ბაღებით. ახალშენს გადასცეს ძროხები და მერძეობისათვის საჭირო ინვენტარიც. ეს შვაბები მთელ თბილისს აწოდებდნენ რძის ნაწარმს; ბორჩალოს რაიონშიაც დააარსეს ყველის დასამზადებელი ქარხნები. ამ ქარხნებში ისინი იყენებდნენ ადგილობრივი მცხოვრებლების შრომას, რაშიაც უმნიშვნელო გროშებს იხდიდნენ.
დიდი მთავრის დროს, უცნაურმა „პრიკაზმა“ თავისი სახე თანდათან შეიცვალა.
* * * * * * *
იოსელიანის მიერ საქართველოს არქეოლოგიის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების გამო სრულიად ღირსეულად დამსახურებულმა პროფესორის მაღალმა წოდებამ და დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის-ძის კანცელარიის დირექტორის თანამდებობამ ააგულიანა მამაჩემის მესამე და, ძალიან განათლებული და ნაკითხი – ანა ნიკოლოზის ასული, ცოლად გაჰყოლოდა მას, მაგ-რამ ისიც თითქმის 30 წლით უმცროსი იყო თავის ქმარზე.
წლოვანებაში ასეთი განსხვავების გამო, ანა თავის მეუღლეს მხოლოდ „ბატონობით“ მიმართავდა ხოლმე.
დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის-ძე მეტისმეტად წყალობდა პლატონ იოსელიანს და ხშირად აპატიებდა ხოლმე მას ზოგჯერ არა თავაზიან და ახირებულ საქციელს, მაგალითად, ერთხელ იოსელიანის კაბინეტში თურმე შესულა დიდი მთავარი და, იოსელიანისათვის, რომელიც ამ დროს რაღაცას წერდა, მიუმართავს: „პლატონ იგნატიევიჩ“! – პლატონს ხმა არ გაუცია, მეორედ დაუძახნია, იოსელიანს წერა კვლავ განუგრძვია. ეს უხერხულობა რომ გაექარწყლებია, დიდ მთავარს უთქვამს: „მე სულ დამავიწყდა, რომ როდესაც ფილოსოფოსი წერს, ხელი არ უნდა შეუშალოო“ „სრული სიმართლეა, თქვენო აღმატებულებავ,“ – უპასუხნია პლატონს.
პლატონის მიერ მეუღლისადმი თავაზიანი მოპყრობისა და მისი ღრმა ინტელიგენტობის წყალობით, მათი წლოვანების განსხვავება, როგორღაც შესამჩნევი არ იყო, თუმცა, პაპაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მიუხედავად იოსელიანის ბევრი დადებითი მხარეებისა, ეს ქორწინება მაინც არ მოხდებოდა, რადგან პაპა მოითხოვდა, რომ სიძეები წარმოშობით მისებრ მაღალი წოდების ყოფილიყვნენ. პლატონი დიდ პატივს ცემდა თავის მეუღლის ოჯახის წევრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მაინც წამოცდებოდა ხოლმე ყველა მუხრანელების მიმართ: – „ფულის მკვნეტავები არიანო“.
თვითონ პლატონი მეტად ყაირათიანი იყო.
თხოვნა, ხასკინისეული ვალის ჩამოწერის შესახებ უკვე დაწერილი იყო და მცხეთაში კურთხევის მიღების შემდეგ, მამაჩემი, როგორც ყოფილი სამხედრო პირი, ფოსტის ცხენებით გაემგზავრა პეტერბურგისაკენ. რითი გათავდებოდა ასეთი ყოველმხრივ გაბედული მგზავრობა, ან რას მოუტანდა ის გაუბედურებულ და გაღატაკებულ ოჯახს, სადაც სანთლის მაგიერ ახლა ხშირად კვარი ენთო?
საბედნიეროდ, მეფემ ისმინა მამაჩემის ვედრება და მთელი ვალი ჩამოწერილი იქნა.
სატახტო ქალაქში სამი თვის ყოფნის შემდეგ, მამაჩემი გახარებულა და გამხნევებული დაბრუნდა მუხრანში,სადაც გულის ფანცქალით ელოდებოდა მთელი ოჯახი. როცა კარგად დაისვენა, ზაქროსაგან ჩაიბარა საქმეები და კვლავ შეუდგა შვილების მომავალ განათლების საქმეზე ზრუნვას. გიმნაზიაში ჩვენი შესვლა ჯერ ადრე იყო.
იმ ხანად ფრანგული ენა სულ უფრო და უფრო შემოდიოდა მოდაში. თითქმის ყველა არისტოკრატიულ ოჯახში იყვნენ ფრანგი აღმზრდელები. დედაჩემი ინსტიტუტში აღზრდილი იყო, მაშასადამე, ფრანგულად ლაპარაკობდა, მაგრამ მას ჩვენთვის არ ეცალა, ამიტომ მამაჩემმა გადაწყვიტა, მე და ჩემი ძმა მოვეშორებიეთ ოჯახისათვის და მივებარებიეთ ფრანგთა ოჯახში.
ასეთ „კულტურულ“ ოჯახად მამაჩემმა თბილისში დალაქ ბერლემონის ოჯახი მიიჩნია. ბერლემონი სიამოვნებით დაეთანხმა მამაჩემის სურვილს. ოქტომბრის ერთ დღეს, როცა რთველი სავსებით მოთავებული იყო, ყოველგვარი სანოვაგით დატვირთული ურმით, ჩვენმა ზაქრომ მიგვიყვანა ახალ საცხოვრებელ ადგილზე, გზაში ერთხელ კიდევ ჩამოგვართვა სიტყვა, რომ წესიერად მოვიქცეოდით და არ შევარცხვენდით არც ოჯახს და არც ზაქროს.
ლევანი მთელი გზა ტიროდა, მე თავს ვიმაგრებდი, ვიგონებდი ტარიელს და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორ მოიქცევოდა ის ჩემს მდგომარეობაში, მაგრამ, როდესაც დამშვიდობებისას ზაქრომ ხელი მოგვხვია და ვიგრძენი, რომ ჩვენი მოშორება მისთვისაც ძნელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ზაქრო უშვილოთ ბერდებოდა და მთელი მამობრივი გრძნობები ჩვენზე გადმოქონდა.
ფრანგის ქალს, ეტყობოდა არ მოეწონა ჩვენი ალერსიანი გამომშვიდობება და ჩქარობდა მის შეწყვეტას, ზაქრო მოურიდებლად გამოაბრძანა გარეთ და მე და ჩემი ძმა დავრჩით, თითქოს უცხო მხარეში, სრულიად მარტონი. ასე დაიწყო ჩვენი ცხოვრების ახალი ხანა, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდით.
მოხუცი ბერლემონი, ძალიან ლამაზი, რბილი ხასიათის და გულუბრყვილო, ნაზად გვეალერსებოდა, ლოყაზე ხელს გვითათუნებდა და, ჩვენთვის სრულიად გაუგებარ ენაზე რაღაცას ბუტბუტებდა, რაც არც ჩვენს გონებასა და არც ჩვენს გულში არავითარ გამოძახილს არ პოუ-ლობდა. რუსული ენა, რომელიც მისმა მოსამსახურემ იცოდა, უფრო მეტი გასაგები იყო ჩვენთვის.
ყველაფრის ატანა შეიძლებოდა, გარდა იქაური კვებისა, საშინელება იყო მუდამ ერთი და იგივეს ჭამა - ყოველდღე მზადდებოდა ფხალეული და კარტოფილი, სხვადასხვა სახით. მე ნაკლები მოთხოვნილების ვიყავი და ნაკლებ აზიზობას ვიჩენდი, ლევანს კი თვალით დასანახავადაც ეზარებოდა ასეთი სადილები, განსაკუთრებით სტაფილო, რასაც დილაობით ძალით გვაჭმევდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ სტაფილო აუცილებელია ბავშეისათვისო.
გვძულდა კარტოფილიც, როცა მას მოგვიტანდნენ, პირდაპირ ჯოჯოხეთი შეიქნებოდა: არც ხვეწნა და არც მუქარა ლევანზე არ მოქმედებდა. მაშინ როკაპი ფრანგი ქალი აიძულებდა ლევანს ინდაურივით ეყლაპა მთელ-მთელი კარტოფილები: ქმარი ლევანს თავს დაუჭერდა და ძალით გაღებულ პირში, ცოლი ჩანგლით კარტოფილს ჩაუტენიდა და მანამდე ეკავა ჩან გალი, სანამ ლევანი არ ჩაყლაპავდა კარტოფილს.
ასეთი წამება ყოველდღე მეორდებოდა სამი წლის განმავლობაში, ბერლემონები ტრაბახობდნენ, რომ პატარა აზიელებს ვწვრთნითო.
მალე ჩვენ მშვენივრად დავიწყეთ წმინდა ფრანგულ ენაზე ლაპარაკი. ბერლემონებმა გვაიძულეს დაგვევიწყებია ჩვენი მშობლიური ენა; როცა მამა ჩამოდიოდა ხოლმე, მასთან ლაპარაკისათვის თარჯიმანი გვჭირდებოდა. მამას უხაროდა ჩვენი ასეთი წარმატება და მადლობას უხდიდა ჩვენს მწვალებელს, რომლის საქციელის შესახებ ვერაფერს ვეუბნებოდით მამაჩემს, რათა გაბრაზებულ ქალს შემდეგში მეტად არ ვეწვალებიეთ.
თვითონ ბერლემონი, მისი ვაჟი და ქალი ყოველთვის კარგად და გულთბილად გვეპყრობოდნენ, დედა კი იმათთვისაც ისეთი იყო, როგორც ჩვენთვის.
ზამთრის გრძელ ღამეებში, ხან ვაჟი და ხან ქალიშვილი გვიკითხავდნენ ანდერსენის ზღაპრებს. მთელი დღის ნამტირალევი ლევანი, რაღაც გულცივობას იჩენდა მათდამი, მე კი სიამოვნებით ვისმენდი, რა თქმა უნდა არა ისეთი აღფრთოვანებით, როგორც მშობლიურსაქართველოს გმირულ თქმულებებს, მაგრამ მაინც ეს იყო უხილავი მხარის ამბები, რომლებიც მე ძალზე მაინტერესებდნენ და მიზიდავდნენ. კიდევ უფრო მეტად მინდოდა გავცნობოდი მაინ-რიდის და ჟულ ვერნის წიგნებს, მაგრამ ბერლემონის ცოლი არ გვაძლევდა ნებას და გვარწმუნებდა, რომ ეს წიგნები აღელვებენ ისედაც თავქარიან ბიჭებს, და მათი კითხვა საჭირო არ არისო.
განვლო სამმა წელმა. გათავდა ჩვენი სწავლის მძიმე გამოცდის ვადა და ყოველ წუთში მოუთმენლად ველოდით ზაქროს. ყოველ ხმაურს ვაყურადებდით, და აი, მაისის ერთ მშვენიერ დღეს, როცა გრძელი და თვალისმომჭრელი მზის სხივი შემოიჭრა ჩვენს ნახევრად ბნელ ოთახში, რომელიც მოთავსებული იყო სადალაქოს უკან, ვაჭარ სარაჯიშვილის სახლში სასახლის ქუჩაზე, – დავინახეთ ზაქრო.
ჩვენს სიხარულს და აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდით, რომ ბერლემონებს არ წყენოდათ. საჩქაროდ ჩავალაგეთ ჩვენი ბარგი, გამოვეთხოვეთ ბერლემონების მთელ ოჯახს და წავყევით ზაქროს.
უბედურება ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში სრულიად გადაგვავიწყდა მშობლიური ენა, თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდით, რომ ქართული ენის ხმოვანება გვქონდა ჩარჩენილი სმენასა და გონებაში.
მთელი გზა თბილისიდან მუხრანამდე ჩუმად ვიყავით. როცა მშობელ სახლს მივუახლოვდით, გულმა გამალებული ძგერა დაგვიწყო. სახლში ყველაფერი სამხიარულოდ და არაჩვეულებრივად გვეჩვენებოდა, საალერსოდ ხელიდან ხელში გადავდიოდით – მამიდან დედასთან, ბებიასთან, მამიდებთან და ბოლოს ჩემს უსაყვარლეს, სამი წლის უნახავ გამდელთან.
ჩვენით და ფრანგებთან ჩვენი ყოფნის შედეგებით კმაყოფილმა მამაჩემმა ნება დაგვრთო, ყველაფერი შემოგვერბინა და დაგვეთვალიერებია, რასაც კი მოვისურვებდით; ჩვენც ვისარგებლეთ ამით და არც ერთი კუთხე არ დაგვიტოვებია უნახავი – საქონლის ბაკი, საჯინიბო, კოშკშიაც კი ვიყავით, მთელი ჩვენი შინამოსამსახურეები დავკოცნეთ, ყოველი მათგანი თავისებურად გვესალმებოდა და უკვე ისეთ განათლებულებად გვთვლიდ-ნენ, რომ სახელის დაძახებას ვეღარ გვიბედავდნენ და „ბატონიშვილობით“ მოგვმართავდნენ.
მუხრანში სეირნობისას, მე როგორც ბუნების დიდი მოყვარული, იმ ადგილამდე მივედი, რომელიც ძველ მუხრანად ითვლება. იქ ასწლოვანი მწვანე მუხები ჩრდილს ფენდნენ უძველესსა და ნახევრად დანგრეულ ე. წ. წმინდა გიორგის ეკლესიას. საქართველოში გიორგი დიდ წმიდანად ითვლებოდა და მას ყველა თაყვანს ცემდა.
ყოველწლიურად, 23 აპრილს, გიორგობას მთელი სოფლელები თავიანთი ოჯახებით თავს იყრიდნენ ამ ტაძართან, რომ წმიდა და ისტორიულ კედლებთან ღამე გაეთიათ და შესაწირი შეეწირათ. მეორე დღეს კი, წირვის შემდეგ, ჭიდაობა იმართებოდა. ჭიდაობდნენ ნამდვილი ბუმბერაზები, რომლებიც თავისი ხერხებით ფრანგ მოპიდავეებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ. ჭიდაობის დროს ზურნა უკრავდა და მისი ხმები აქეზებდნენ გოლიათ მოჭიდავეებს.
მე სიამოვნებით ვუყურებდი მამაპაპურ სანახაობას, აღფრთოვანებაში მოვყავდი მოჭიდავეების ღონესა და სიმკვირცხლეს და თვალს ვერ ვაცილებდი მოცეკვავე ტანწერწეტა ახალგაზრდა ქართველ ქალებს.
იმავე დროს, საპატივცემო, ხანშიშესული მანდილოსნები ისხდნენ მათზე არა ნაკლებ პატივცემულ მაჭანკლებთან ერთად, ათვალიერებდნენ საცოლო ვაჟებს და გასათხოვრებს, იმისდა მიხედვით, თუ ვისთვის ვინ იყო შესაფერი, და გულდასმით უსმენდნენ მაჭანკლებს, რომლებიც დაწვრილებით უყვებოდნენ მათი მდგომარეობის, ქონებისა და წარმოშობის შესახებ.
აქაური გლეხების ნახევარი სომხები იყვნენ. ეს შემდეგნაირად მოხდა: როცა ჩვენმა წინაპარმა მუხრანელმა წილად მუხრანი მიიღო, ის ყარაბახში წავიდა, იქ შეისყიდა მონა-სომხები, ჩამოიყვანა მუხრანში და დაასახლა. ისინი ერთგული ყმები გამოდგნენ, მაგრამ თავისი ენა და გრიგორიანული სარწმუნოება კი შეინარჩუნეს.
* * * * * * *
საქართველოს რუსეთთან შეერთებისას, იმის გამო, რომ საქართველოს მეფის ოჯახი მეტად მრავალრიცხოვანი იყო, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ოჯახის წევრე-ბი ნათესაური ხარისხის მიხედვით დაეყო, და რომ პენსია ნაკლები, ან სულ არ მიეცათ, უმცირებდნენ ტიტულებს. მაგალითად, მუხრანელები „უგანათლებულესი“ თავადებიდან „უბრწყინვალესად“ გახადეს, ასე ჩასწერეს გვარტომობის უწყებაში და, რა თქმა უნდა, არავითარი პენსია აღარ დაუნიშნეს.
ყველაფერი ეს უბრალო რამ იყო იმასთან შედარებით, რაც გენერალ გოლოვინმა38) ჩაიდინა. მან ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში გლეხობის გარდა წოდება არ არსებობსო.
გოლოვინის ასეთმა განცხადებამ საშინელი აღშფოთება გამოიწვია და ლამის აჯანყების მიზეზი შეიქნა. იგი საქართველოს საჩქაროდ მოაშორეს და მის მაგივრად დანიშნეს მეტად განათლებული ადამიანი, გენერალი ნეიდგარტი, რომელიც სულით და გულით ცდილობდა საქართველოში ნორმალური მდგომარეობა დაემყარებია, რაც მეტად ძნელი იყო გოლოვინის მიერ შექმნილი არევდარევის შემდეგ.
* * * * * * *
მოვიდა მინდვრის სამუშაოების დრო. ამ მუშაობაში მე დიდ მონაწილეობას ვიღებდი, ადრიანად, დილიდანვე მივყვებოდი ხან მამაჩემს და ხან ზაქროს, მაგრამ ახლა არა მის ზურგს უკან შემომჯდარი, არამედ საკუთარი ცხენით.
მამამ, ხედავდა რა ჩემს სიყვარულს სოფლის მეურნეობისადმი, სახლსა და გლეხობასთან ახლო ყოფნის სურვილს, მაჩუქა კარგად გახედნილი ცხენი ქართული უნაგირით. ცხენს მოსართავი მოვერცხლილი ჰქონდა, რაც ჩემს ძმებში დიდ შურს იწვევდა.
აღფრთოვანებით ვუმზერდი თვალუწვდენელ, მობიბინე ხავერდოვან მწვანე მდელოს, ხალიჩასავით აჭრელებულს მინდვრის ყვავილებით და ეს მასულდგმულებელი სანახაობა თითქოს მეც მმატებდა სიცოცხლეს.
მაგონდება ჩემი ყანაში ყოფნა – უკან მივყვებოდი ხოლმე გუთანს და მთელი ძალით ვაწვებოდი მას, რომ სახნისს რაც შეიძლება უფრო დიდი ბელტი გადაებრუნებია,ვცდილობდი, მორჩილ ხარებს ისე ევლოთ, რომ ჩემი კვალი სწორი გამოსულიყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემთან მომუშავე გლეხი მაქებდა. შესვენების წუთებში მოკითხულ მისგან შოთის პურს და ყველს მადიანად და გემრიელად ვჭამდი, რადგან ეს უკვე ჩემი შრომით ნაშოვნი ლუკმა იყო.
საშემოდგომო თესვასთან ერთდროულად პურსაც მკიდნენ. ხევსურები და ფშაველები ასობით ჩამოდიოდნენ მთიდან სამუშაოდ, და ქირით მკიდნენ პურს.
მახსოვს ერთი ღონიერი, ფართო მხარბეჭიანი მომკელი; ვარდისფერ ბაგეზე ბავშვური ღიმილი უთამაშებდა, მის ნაცად ხელს მუშაობა ისე ემარჯვებოდა, რომ ნამგლის ერთი მოქნევით, თავის მწკრივს თითქმის ნახევრად მკიდა. ის მიწას გრძნობდა, თითქოს მასთან იყო შეზრდილი, ყნოსავდა მის სუნს და იკრებდა ახალ ძალას. როცა მუშაობით დაღლილი შედგებოდა, მთელ ქვეყანას მფლობელის თვალით გაჰყურებდა.
არც თიბვისა და არც მკის ნება არ დამრთეს, რადგან ეშინოდათ ნამგალითა და ცელით, გამოუცდელობის გამო, ხელი ან ფეხი არ დამეშავებია, მაგრამ, სამაგიეროდ, მოთიბულით კი ვიჯერე გული – ვაგროვებდი თივას და ფიწლის მოხდენილი მოქნევით ურემზე ვყრიდი.
დაბინდებისას ურმების მთელი მწკრივი გაუდგებოდა სახლის მიმართულებით, სადაც ჩვენი ზაქროს მეთვალყურეობით, თივას ზვინებად დგამდნენ.
თვალს ახარებდა შესანიშნავი საქართველოს ღამე, მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცის თაღზე მედიდურად მცურავი მთვარე გზას უნათებდა დატვირთულ ურმებს.
მამაჩემი მუშებს ეზოში დახვდებოდა. საუკუნოების მანძილზე სიხარულის საწინდარი – თავმოხდილი ქვევრი უცდიდა დაღლილთ, მაგრამ სულით მხნე ადამიანებს. იქვე გემრიელი ლობიოთი სავსე დიდ ქვაბთან ფუსფუსებდა მოხუცი მზარეული, რომელიც დიდიხნიდან, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ჩვენს ოჯახს ემსახურებოდა.
ჩქარა გაირბინა მხიარულმა ზაფხულმა, დადგა შემოდგომა, ოქროდასხმული ნაყოფის სიმძიმით ხეების ტოტები მიწამდე იხრებოდნენ, დამწიფებულ ვაშლსა და მსხალს ყუნწები ძლივს იმაგრებდნენ, უკვე დაბერტყილიკაკალი გასახმობად იყო გაფენილი. ფაქიზი ხავერდოვანი ატმებიც ჩქარობდნენ დამწიფება მოესწროთ ჯერ კიდევ მცხუნვარე მზის სხივებზე.
სექტემბრის ბოლოს უთუოდ მოვკრეფდით ხილს, რომ ყურძენს ჩრდილი მოშორებოდა და დამწიფებადატკბობის საშუალება მიცემოდა.
თეთრი და შავი ყურძნის მტევნები ლამაზად ელვარებდნენ მწვანე ფოთლებში, ჰაერში ფუტკრის განუწყვეტელი ბზუილი იდგა, ფუტკარიც ჩქარობდა მოეთავებია თავისი გულმოდგინე და ბეჯითი შრომა.ოქტომბრის დასაწყისში შეუდგებოდნენ ყურძნის კრეფის სამზადისს - ასუფთავებდნენ დიდრონ, ღრმა ქვევრებს, ქვევრში ჩასული კაცი სარცხით რეცხვისას, ხშირად დამთვრალა შიგ ჩარჩენილი ღვინის სუნით. ამზადებდნენ საწნახლებს და გოდრებს. ერთი სიტყვით ყველგან, როგორც უშველებელ მარანში, ისევე მთელ სახლში, ყველაფერი მოძრაობდა – ელოდნენ სტუმრებს, შორეულ და ახლო ნათესავების ჩამოსვლას.
რთველის დაწყების დღეს, მთელი შინამოსამსახურეები ზურგზე მოკიდებული გოდრებით, მათთან ერთად სტუმრებიც, რა თქმა უნდა, ვისაც სურდა, და ოჯახის წევრები მოედებოდნენ ვრცელ ზვრებს. დილიდან გვიან საღამომდე ვენახებში ისმოდა ქართული მელოდიური სიმღერები, ზედიზედ იტვირთებოდა ურმები და მარანში მიჰქონდათ. მარანში შეტანამდე დიასახლისის განკარგულებით, ყურძნის ნაწილს საჩამიჩედ არჩევდნენ, ნაწილს ჯაგნებად საზამთროდ ინახავდნენ, დანარჩენს კი უზარმაზარ საწნახელში ყრიდნენ.
საღამოს მოიტანდნენ ტკბილით სავსე უშველებელ კასრებს, პირამდე ავსებდნენ ქვევრებს, საჩურჩხლე ტკბილს დიდრონ ქვაბებში ასხამდნენ, ხარშავდნენ თათარას, შიგ ავლებდნენ მაგარ ძაფზე აცმულ ნიგვზეულს.
ამოვლების შემდეგ, მეორე დღეს, მზეზე გაკიდებდნენ, აშრობდნენ და როცა ჩურჩხელები უკვე მზად იყო, ახვევდნენ სუფთა ტილოში და ინახავდნენ.
ორი კვირა მაინც გრძელდებოდა რთველი, მთელი ეს დრო პირდაპირ დღესასწაული იყო – აზარფეშა მხიარულად გადადიოდა, იქვე, ბაღში მსხდომ მოქეიფეთა ხელიდან ხელში, ისმოდა გულითადი „ალავერდი“, რომელსაც თან მოჰყვებოდა საუკეთესო სურვილები და მომავალის იმედები…
ადამიანს, როგორ ცუდ მდგომარეობაშიაც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის გაუელვებს იმედი მზის სხივის მაგვარად, ასეთია ადამიანის ბუნება, ის ყოველთვის ცდილობს გული არ გაიტეხოს, ხვედრს ძლიოს, ასეთივე იყო მამაჩემიც – ჭკვიანი, ენერგიული, მიუხედავად ყველა გადატანილ სიძნელეებისა, როგორც საბრძოლო, ისე ოჯახურისა, მაინც ვაჟკაცური მამაკაცის მთლიან ტიპს წარმოადგენდა.
შემოდგომის ნამუშევრები მოთავდა, წლიური სარ-ჩო უზრუნველყოფილი იყო. მამას ისევ გავახსენდით, და რადგანაც წლოვანობით გიმნაზიაში შესასვლელად კიდევ პატარები ვიყავით, ოჯახურ თათბირზე გადაწყდა, რომ მოსამზადებლად გავეგზავნეთ თბილისში ჩვენს სიძესთან, იოსელიანთან, შესახედავად თუმცა მკაცრსა, მაგრამ არსებითად ძალიან კეთილსა და გასაოცრად გულისხმიერ მოხუცთან.
იოსელიანი ზაფხულობით დუშეთში ცხოვრობდა თავის პატარა კარმიდამოში, სადაც გაშენებული ჰქონდა შესანიშნავი საზღვარგარეთული ჯიშებით განთქმული ხილის ბაღი. პლატონი ნამდვილი ქველმოქმედი და გულშემატკივარი იყო იქაური ღარიბი მოსახლეობისა, ყოველგვარ მათ გაჭირვებას გამოეხმაურებოდა ხოლმე – დაწყებული თხოვნების წერიდან, გათავებული ფულით დახმარებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოყვარულ მამიდასთან მივდიოდით, მაინც გული გვწყდებოდა მშობლიური მუხრანის დატოვების გამო, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ უსწავლელი კაცი ცხოვრებაში უძლური იყო.
ამის შესახებ ყოველ ფეხის გადადგმაზე და უზარმაზარი სახლის ყოველ კუთხეში გვესმოდა ლაპარაკი.
პლატონს თბილისში რტიშჩევისა და ამაღლების ქუჩების კუთხეში შესანიშნავი საკუთარი სახლი ჰქონდა. ის თავისი მდგომარეობის მიხედვით, ფართოდ ცხოვრობდა – ვინც კი, ცოტაოდენ მაინც იყო კულტურის მატარებელი, საზოგადოებრივად და გონებრივად მაღლა მდგარი, მისთვის იოსელიანის სახლის კარები ყოველთვის ღია იყო; მათ გულღიათ ხვდებოდა და პატივს ცემდა მამიდაჩემი, ჭკვიანი და სტუმართმოყვარე დიასახლისის სახით.
პლატონი, როგორც ნამდვილი პატრიოტი, სიხარულით ღებულობდა მონაწილეობას საქართველოს კულტურულ-ნაციონალური ცხოვრების ყოველ გამოვლინებაში, მაგალითად, როცა ერისთავის პიესა – „გაყრა“ხელახლა კნეინა მანანა ორბელიანის) სახლში დაიდგა, პლატონი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო, რამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა საზოგადოებას დანარჩენთა უხეირო თამაშთან შედარებით.
დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის-ძეც დაესწრო ამოჯახურ წარმოდგენას.
პლატონმა საქმისადმი დიპლომატიური მიდგომა იცოდა, ყველაფერს ისე მოაწყობდა, ისე მოიქცეოდა, რომ არავის აწყენინებდა. ის განაგრძობდა არქეოლოგიურ მუშაობას, ამდიდრებდა საქართველოს თავის ღრმა ცოდნით, იცოდა რამდენიმე უცხოური ენა, მიწერ-მოწერა ჰქონდა ევროპის დიდ არქეოლოგ-მეცნიერებთან და საქართველოში ჩამოსვლისას ოჯახში მიიპატიჟებდა ხოლმე მათ. შეიძლება ითქვას, რომ პლატონის ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა ერთი ისეთი დღეც, რომ მას რაიმე არ გაეკეთებიოს ქვეყნის სასარგებლოდ.
ერთი სიტყვით, ყველა შესაძლებლობით ცდილობდა როგორც მეცნიერებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავისი წვლილი შეეტანა, რომ სიკვდილის წინ საშუალება ჰქონოდა ეთქვა: „დიან, მე ვცხოვრობდიო“.
არქეოლოგიის როგორც იშვიათმა მცოდნემ და მოყვარულმა, მან მოახერხა საბერძნეთში გამგზავრება – ათონში, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს ქართული „ივერიის მონასტრის“ ბერებმა. პლატონმა უკან დაბრუნებისას ათონიდან თან ჩამოიტანა ერთი ძველისძველი ქართული ხელნაწერი სახარება.
ბოლოს, თავისი შესანიშნავი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა არა მარ-ტო ძველი ქართული წიგნების კოლექციას, არამედ სხვა ქვეყნების იშვიათ წიგნებითაც მდიდარი იყო, მან საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა იმ პირობით, რომ შემდეგში ის ქართული უნივერსიტეტისათვის გადაეცათ. მართლაც, მისი გარდაცვალებისთანავე მისმა ქვრივმა მთელი წიგნები ჩააწყო თორმეტ დიდ ყუთში და დანიშნულებისამებრ გაგზავნა.
პლატონს არ მოსწონდა მაშინდელი სოციალური, უთანასწორობა, და როდესაც გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ივანე კონსტანტინეს-ძე ბაგრატიონ-მუხრანელმა გლეხს ურემი არ გაატარებინა თავის მიწაზე, პლატონმა, რომელიც იმ დროს მასთან იყო სტუმრად, უწინასწარმეტყველა ამაყ მემამულეს და უთხრა: „გახსოვდეს, შენ ახლა ერთი ურემი არ გაატარე, დადგება ისეთი დრო, როდესაც ასეული ურემი გაივლის შენს დარბა-ზებთანო“.
საერთოდ იოსელიანი ამ გენერალს არ ერიდებოდა, რადგან ისიც ახსოვდა, თუ როგორ უმართებულოდ მოეპყრო ის მამაჩემს – ისარგებლა რა იმით, რომ მისი ძმა გიორგი სენატორი იყო, და შეეძლო უკანონო საქმეც კი ისე გაეტარებია სენატში, როგორც მას სურდა.
მამაჩემის მუხრანში არ ყოფნის დროს, მან სამასი დესეტინა საუკეთესო მიწა წაგვართვა, რომელსაც „მუხრანის თვალი“ ერქვა. ამ ადგილზე მან გარდა შესანიშნავი, აივნებითა და სვეტებით მორთული სახლისა, ღვინის დიდი და საუკეთესო სარდაფებიც ააშენა. ამ სარდაფებში ქვევრების ნაცვლად დიდრონ ხის კასრებში აყენებდნენ ღვინოს. მან გამოიწერა ფრანგი-მეღვინე ჟორჟი და ღვინის დაყენება ფრანგულ ყაიდაზე დაიწყო.
მისი ღვინოები მთელ საქართველოში განთქმული იყო. მან აუარებელი ვენახები გააშენა ამერიკული წესით, მიწები არა მარტო ჩვენ წაგვართვა, არამედ გლეხებსაც ართმევდა, რომ გაეფართოებია თავისი უკანონოდ მიღებული სამფლობელო. გენერლის სახლის აივნიდან მოჩანდა კავკასიის ქედი და ყაზბეგი, რომელიც მზის სხივებით გაბრწყინებული, ამაყად იდგა საქართველოს ბუნებრივი საზღვრების სადარაჯოზე.
გენერალს მუხრანში მხოლოდ ორი კომლი გლეხი ჰყავდა – კარაპეტოვები და მამულაშვილები, დანარჩენი მისი გლეხები დიღომში ცხოვრობდნენ.
მიუხედავად ამისა, მას მაინც სურდა რეზიდენცია მუხრანში ჰქონოდა. გენერალს დიდ დახმარებას უწევდა მისი მეუღლე, სამეგრელოს მთავრის დავითის და ნინო, ჭკვიანი და შეძენის საკითხებში ძალიან მოხერხებული ადამიანი.
როცა დედაჩემმა ისტერიული ყვირილი მორთო და მთელი აურზაური ატეხა, გენერალმა იმის შიშით, რომ ეს ამბავი საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო და თვით დიდი მთავრის ყურამდე არ მიეღწია, სამასი დესეტინა მიწის ნაცვლად მოგვცა ოცი დესეტინა გაშენებული ვენახი სოფელ დვალისში. თავათ მოვიდა ჩვენთან და მოიტანა გეგმა. მეტი გზა არ იყო, უნდა მიგვეღო და გავჩუმებულიყავით.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, თუკი ჩვენ ვერაფერსგავხდით მასთან და ვითმენდით, რაღა უნდა ექნათ გლეხებს!
1895 წელს კნეინა ნინო გარდაიცვალა. მართვა-გამგეობა გადავიდა შესანიშნავი, შედარებით ჰუმანიური ადამიანის, გენერლის ვაჟის, თავად კონსტანტინეს ხელში. თვითონ ივანე კონსტანტინეს-ძეც პირველ ხანებში მოკლებული არ იყო კარგ სულიერ თვისებებს. მას გათავებული ჰქონდა პაჟების კორპუსი, მსახურობდა გვარდიაში, პირადად იცნობდა ნიკოლოზ პირველს, რომელიც მას „ჩემს ცელქს“ ეძახდა.
გამბედავი და უშიშარი მეომარი, უკანასკნელად იმყოფებოდა რუსეთის ჯარის ავანგარდში და სამეგრელოს თათრების შემოსევისაგან იცავდა. კნეინა ეკატერინეს იგი დაჟინებით ურჩევდა არ დათანხმებულიყო ომარ-ფაშის დიპლომატიურ წინადადებაზე. ომარ-ფაშა, იგივე მიხეილ ლატოში, ტომით პოლონელი, შვილი იყო 1871 წელს გარდაცვლილ ავსტრიის ჯარის ოფიცრისა.
* * * * * * *
და აი, ჩვენ უკვე თბილისში ვართ, ამჯერად მამამ ჩამოგვიყვანა. მამიდა ანიკომ, რომელსაც თავის ძმა გაგიჟებით უყვარდა, დიდი მზრუნველობით მოგვიწყო ნათელი და სასიამოვნო ოთახი ფლიგელში. პლატონის არჩევით მოწვეულ იქნა როგორც რუსულის და სხვა სპეციალურ საგნის, ისე ქართული ენის მასწავლებელიც.
მამიდას მეთვალყურეობით, მეცადინეობას გულიანად მოვკიდეთ ხელი. ანგარიში პლატონისათვის უნდა ჩაგვებარებინა. როცა ვიცელქებდით, ან რამეს დავაშავებდით, პლატონი გვიბრძანებდა სასჯელის მოსახდელად ზევით, ჭერში ავსულიყავით. ამ სასჯელს ჩვენთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა, რადგან ჭერი სავსე იყო შესანახად ატანილი აუარებელი ხილით და ოქროსფერი ყურძნის ჯაგნებით.
კვირაობით, ანჩისხატის ტაძარში49) წირვის შემდეგ, უფროს მამიდა სალომესთან მივდიოდით სათაყვანოდ. იგი მედიდურად იჯდა მაღალ სავარძელში და ისე ღებულობდა სტუმრებს.
ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული, მაგრამ თეთრი ხელთათმანიანი ლაქიები ვერცხლის ლანგრებით ჩამოატარებდნენ ჩაის და ტკბილეულს; „ხუთსაათიანი ჩაი“ ახლად შემოსული იყო მოდაში. ქართული არისტოკრატია თავს იყრიდა სასახლეებში, მაგალითად, მარიამ დედოფლისეულ სასახლეში, ერთმანეთთან მიდიოდნენ ნაწირვებს.
უმეტეს წილად წირვის მოსასმენად ანჩისხატში დადიოდნენ, რადგან იქ ქართულ ენაზე წირავდნენ. თითქმის ყველა ფართოთ და მდიდრულად ცხოვრობდა; როგორც ყველგან, აქაც ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ფუფუნებით ცხოვრებაში გადაეჭარბებიათ და ამიტომ ხშირად უხდებოდათ წყეულ „პრიკაზში“ შესვლა, რომელიც ჭაობის მსგავსად თანდათან ითრევდა მათ.
ვერცხლის ფოლაქებიანი ლურჯი მუნდირების აჩრდილი გვიზიდავდა, გვაჩქარებდა და ჩვენც თავს უკვე მომზადებულად ვგრძნობდით. მაისის დასაწყისში, მამაჩემის თანხლებით, მივედით გამოცდებზე. ლევანმა საუკეთესოდ ჩააბარა გამოცდები და პირველ კლასში მიიღეს, მე ლევანზე ცოტა უფრო ნაკლებად ჩავაბარე გამოცდები და წლოვანების მიხედვითაც უფროს მოსამზადებელში ჩამრიცხეს.
ბედნიერები და კმაყოფილები, გახარებულმა მამამ მოგვიყვანა სახლში. საყვარელმა მამიდამ დაგვახვედრა გაშლილი მაგიდა შესანიშნავი საუზმით და თითო თუმანი ფულად გვაჩუქა.
თავს უმდიდრესებად ვთვლიდით, ჩვენი წარმოდგენით უკვე შეგვეძლო დაგვესაჩუქრებია ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, გამდელიც და ზაქროც მათ რიცხვში იყვნენ. მეორე დღესვე, მამიდაჩემის ხელმძღვანელობით ქარვასლაში ვყიდულობდით ყველაფერს, რისი ყიდვის საშუალებასაც გვაძლევდა ჩვენი თანხები. გული არავისთვის დაგვიწყვეტია, მამის ხელით საჩუქრები ყველას გავუგზავნეთ და ამით დიდი სულიერი კმაყოფილება მივიღეთ.
თავად ვორონცოვის დროს დაარსებული რუსული გიმნაზიის დირექტორი იყო ლევ ლვოვის-ძე მარკოვი, რომელიც მოწაფეებს ძალიან უყვარდათ. განათლებული, ბუნებით კეთილი, ის მოწაფეებს არ არჩევდა ერთი მეო-რისაგან. შესანიშნავად მართავდა გიმნაზიას, რომელიც მაშინ კულტურის გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა.
ლევანი პირველ მოწაფედ ითვლებოდა, მე კი ჩემი სუსტი ჯანმრთელობის გამო, ხოხვით მივიწევდი წინ. გადავედი სათავადაზნაურო კლასში (ასე ეძახდნენ მეოთხე კლასს – მემამულეთა შვილების განათლების ცენზის საბოლოო პუნქტს).
გიმნაზიაში შესვლის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა. ზამთარს თბილისში ვატარებდით, ზაფხულს კი მუხრანში.
თვალუწვდენელ მინდვრებსა და ტყეებში სეირნობის დროს, უნებლიეთ წარმომიდგებოდა ჩვენი ქვეყნის უძველესი სურათები.
ამავე დროს ვოცნებობდი საქართველოს უკეთეს მერმისზე, ხალხის კეთილდღეობაზე და ადამიანის თავისუფლებაზე.
იმ ხანებში მამამ ავადმყოფობა დაიწყო, სულ მეტად და მეტად უარესდებოდა მისი მდგომარეობა. მთელი თბილისის ექიმები, ვინც კი იყო მაშინ, ექიმობდნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. მუხრანიდან ჩვენთან ჩამოიყვანეს მამა, ავადმყოფობა საშინელი სიჩქარით ანადგურებდა მის რკინასავით მაგარ ორგანიზმს.
ექიმებმა გამოგვიცხადეს, რომ მდგომარეობა უიმედოაო. მე მამას დღე და ღამე არ ვშორდებოდი. ჩემთვის ქვეყნიერება ჩაბნელდა და მასთან ერთად ჩემი ოცნებებიც.
მამაჩემმა იცოდა, რომ მე ძლიერ მიყვარდა ჩვენი სოფელი, მეურნეობა და ჭკუას მასწავლიდა, მარიგებდა, თუ როგორ უნდა მეწარმოებია საქმეები მომავალში, მთხოვდა, დედაჩემი დამეცვა უსიამოვნებისაგან; საერთოდ ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდას მაკისრებდა ჩვენი დიდი ოჯახის მთელ სიმძიმეს. ერთადერთ ნუგეშს ის წარმოადგენდა, რომ ვალები აღარ გვქონდა და ყველა საქმე მოწესრიგებული იყო. მე ვერ წარმომედგინა ცხოვრება ძვირფასი არსების გარეშე. მამის სასთუმალთან გატარებულ გრძელ ღამეებში ბევრს ვტიროდი, მაგრამ ცრემლები ვერ მიმსუბუქებდნენ სულიერ ტანჯვას. მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იღუპებოდა. ის მხოლოდ 50 წლისა იყო.
მამამ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და მოისურვა მუხრანში გადაგვეყვანა, თანაც გვთხოვა დაგვემარხა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც პაპაჩემმა ააშენა.
ეს ეკლესია, ქართველი მხატვრის მიერ, შესანიშნავი ფრესკებით იყო მოხატული (საუბედუროთ, ამ მხატვრის გვარი არ არის ცნობილი). ამ ფრესკებს ყურადღება მიაქცია პატარა და ლამაზ ეკლესიის საკურთხებლად პაპაჩემის მიერ მოწვეულმა ღრმად განათლებულმა ეგზარხოსმა ისიდორემ, რომელიც შემდეგ პეტერბურგში იქნა დანიშნული მიტროპოლიტად.
პაპამ, ისარგებლა რა იმით, რომ ეკლესიის მოსახატად მუხრანში იმყოფებოდა მხატვარი, მას დაახატვინა ოჯახის ყველა წევრების დიდი სურათიც.
იმის გამო, რომ ამ დიდ ტილოზე გამოსახული იყო 11 ადამიანი, ისიც ფრესკული სტილით, ის ძალიან არ მოსწონდა მთელ ოჯახს და სადღაც მიგდებული ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი იყო და ამიტომ ვინახავდი მას, ახლა კი ეს სურათი მეტეხის მუზეუმშია და თითქმის საუკეთესო ექსპონატად ითვლება. აი, ასე იცვლება დრო.
მამას ჩვენც წავყევით. რკინიგზა უკვე გაყვანილი იყო. სადგურ ქსანში დაგვხვდნენ შინა მოსამსახურეები, რომლებმაც საკაცით წაიყვანეს ავადმყოფი, რადგან მას ოდნავი მოძრაობაც კი ჯოჯოხეთურ ტკივილებს აყენებდა, გასავლელი მანძილი პატარა არ იყო – შვიდს კილომეტრს უდრიდა.
მშობლიური ადგილების ხედმა, იმ სახლის დანახვამ, სადაც განვლო მისმა ცხოვრებამ, სადაც ცხოვრობდნენ მშობლები, სადაც დაიბადნენ მისი შვილები, ყველაფერმა ამან, ალბათ, იმოქმედა და გაამხნევა მამაჩემი იმდენად, რომ მან მოისურვა საკუთარი ფეხი გადაედგა მშობლიურ ზღურბლზე, რამაც ჩვენში დიდი სიხარული გამოიწვია.
სანამ ადამიანი სუნთქავს, მის მახლობლებს მაინც აქვთ რაღაც იმედი, მაგრამ ეს იმედი მოკლე გამოდგა. მამა ჩაწვა და სულ მალე, 1884 წელს ივნისის თვეში,ზიარების მიღებისა და ჩვენი დალოცვის შემდეგ, სრული ცნობიერებით გარდაიცვალა წყალმანკისაგან.
სუფთა, მოწმენდილ ცაზე მზე კაშკაშებდა და უხვად აფრქვევდა თავის სხივებს მიწაზე, მაგრამ ჩვენი მზე ჩაესვენა, ჩაქრა ჩვენი ცხოვრების ლამპარი, აღარა გვყავდა ოჯახის თავი. რა უნდა გვექნა?
თვალს ვერ ვაცილებდი მიცვალებულის ძვირფას სახეს, სწორედ ამ წუთებში გამახსენდა მამის ანდერძი და უეცრად ვიგრძენი, რომ მემატებოდა ენერგია და მიმტკიცდებოდა საკუთარი ძალის რწმენა. უკვე ვაჟკაცად ვიგრძენი თავი და მამაჩემის მიერ დაკისრებული ტვირთი მსუბუქად მომეჩვენა.
დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ მთელი ჩვენი ნათესავები, მთელი დუშეთის ოლქი, სამღვდელოება ეგზარხოსის მეთაურობით, მაგრამ მღვდელთმსახურება ეპისკოპოსმა გრიგორიმ ჩაატარა (ერისკაცობისას იგი ულამაზესი ვაჟკაცი, თავადი დადიანი იყო).
დიდი ქელეხი გადავიხადეთ, – გლეხებისათვის მაგიდები ორ რიგად იყო გაწყობილი ეზოში; სამღვდელოებისათვის, ნათესავებისათვის და ნაცნობებისათვის – ვეებერთელა დარბაზში და სასადილოში. ჩვენ, შვილები, ყველა ფეხზე ვიდექით, თვალყურს ვადევნებდით, რათა ყველაფერი წესრიგზე ყოფილიყო როგორც სახლში, ისე ეზოში, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩენილიყო.
მალე ზაქროც ლოგინად ჩაწვა და თანდათანობით მისი ჯანმრთელობაც გაუარესდა. მამაჩემის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.
სახლი, რომელიც ასეთ მაგარ საძირკველზე იდგა, თითქოს დაინგრა.
ჩავები მუშაობაში – შემცვლელი არავინ მყავდა. ლევანი გაბრუნდა გიმნაზიის დასამთავრებლად, უმცროსებიც უკვე სასწავლებლებში იყვნენ. ვცდილობდი უმამობა არ დატყობოდა ოჯახს. გავხსენი პატარა არაყის სახდელი ქარხანა და შემოსავალი ოცი ათას მანეთამდე გავზარდე, მაგრამ ამ დროისათვის ლევანმა გაათავა გიმნაზია, არ ისურვა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს საზღვრებს გასცილებოდა, და როგორც უფროსმა, მოინდომა მართვა-გამგეობა და მამულების საქმეების წარმოება. ის აუქმებდა ჩემს მიერდადგენილ წესებს, რითაც უთანხმოებას იწვევდა.
მე უფროსების პატივისცემით გაჩუმებული ვიყავი და დიდხანს ვითმენდი, მაგრამ როცა ძმის უყაირათობამ შემოსავლის შემცირება გამოიწვია, მე აღვშფოთდი, ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე დედაჩემს, მაგრამ დედამ არ დამიჭირა მხარი, და მეც გულის ტკივილით დავტოვე მშობლიური სახლი, რადგან არ მინდოდა ოჯახის ამბები საქვეყნოდ გამეხადა, და ფეხი შევდგი სხვა დამოუკიდებელ ცხოვრებაში.
სახლიდან რაიმე დახმარების მიღებაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე სხვა რამ საქმისათვის მომეკიდა ხელი. სწორედ იმ ხანებში თბილისში ჩამოვიდა ინგლისის ფირმის წარმომადგენელი მატყლის შესასყიდათ. ფირმა მთელს კავკასიაში აწარმოებდა მატყლის შესყიდვას.
ერთმა მეგობარმა გამაცნო ეს წარმომადგენელი, იგი ხალისით დათანხმდა მივეღე სამსახურში და თავის წარმომადგენლად დამნიშნა. შევადგინეთ ხელშეკრულება, დამიტოვა შვიდი ათასი მანეთი ბეს დასარიგებლად, მე კი თვეში ჯამაგირი 300 მანეთი დამინიშნა.
გულმოდგინეთ შევუდექი საქმეს, თითქმის ოცი ათასი ფუთი გაურეცხავი მატყლისა დავუმზადე. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი მარწმუნებელი და ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი მუშაობით, ქათინაურიც მითხრა, რომ ის არ ელოდა ქართველი კაცისაგან ასეთ საქმიანობას.
როცა შემატყო, რომ მე ნაწყენი დავრჩი როგორც ჩემი ისე ჩემი თანამემამულეების შეურაცხყოფისათვის, ბევრი იბოდიშა, მაგრამ მე მკვახედ მოვუჭერი სიტყვა და ცივად გავშორდი.
გემი, რომელსაც ის მიყავდა მისი სამშობლოს ნისლოვან ნაპირებისაკენ, დაიღუპა შავ ზღვაში, და მას აქეთ, ამ ბედუკუღმართ ფირმის შესახებ არაფერი გა- მიგია.
შემდეგ, ყარსის რკინიგზის იჯარებს მოვკიდე ხელი.
ყარსის რკინიგზას აშენებდა თავის საქმის კარგი მცოდნე ინჟენერი ვურცელი.
ორი წლის მუშაობის შემდეგ, მე უკვე მოგროვილი მქონდა პატარა თანხა, რომელიც ბანკში შევიტანე, და როგორც მონომანი, სულ მოგზაურობაზე ვოცნებობ-დი, თანაც ოჯახსაც არ ვივიწყებდი, რომლის საქმეები სულ უფრო ცუდათ და ცუდათ მიდიოდა. ლევანი აირჩიეს დუშეთის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად და საშინლად გატაცებული იყო ამით – სინამდვილეში სრულიად დამღუპველი საქმით. წინამძღოლობას დიდი ხარჯები მოსდევდა, ლევანი კი მხოლოდ მამულებს შეჩერებოდა.
დადგა 1896 წელი. ახლოვდებოდა რუსეთის მეფის კურთხევა. საქართველოშიაც დაიწყეს დღესასწაულისათვის მზადება. არჩევდნენ დეპუტატებს რუსეთში გასაგზავნად.
თავადაზნაურთა დეპუტაციაში მეც მოვხვდი. ჩვენს დეპუტაციას მეთაურობდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მეფის კამერგერი, თავადი კონსტანტინე ივანეს-ძე მუხრან ბაგრატიონი.
ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება იყო. საქართველოს საზღვრების დატოვება, უსაზღვროდ ვრცელ რუსეთში წასვლა – პირველი საფეხური იყო საოცნებო უცნობი ქვეყნების ნახვისა. ჩემი ოცნება სინამდვილეთ იქცა.
ბედნიერება ასე ახლო იყო და ასე შესაძლო გახდა, და მეც დიდის მონდომებით დავიწყე წასასვლელად მზადება – დავრბოდი მკერავებთან ეროვნული ტანსაცმელის შესაკვეთად. ვიყიდე შესანიშნავი ქამარ-ხანჯალი – ერთი ცისფერი მინანქრით, მეორე კი ვერცხლითა და მარჯნით მოოჭვილი, განსაკუთრებით ხანჯალი და ხმალი იშვიათი ოსტატობით იყო გაკეთებული. კმაყოფილი და ბედნიერი, დელეგაციასთან ერთად 10 მაისს გავემგზავრეთ მოსკოვში. ჩასვლისას ვჩქარობდით სასტუმროში ოთახების დაჭერას, რადგან თითქმის მთელი რუსეთიდან და აგრეთვე საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები ავსებდნენ იქაურობას.
ქუჩაში განუწყვეტელი ხმაური იდგა.
ალერსიანი, კაშკაშა მზე უხვად აფრქვევდა თავის სხივებს ამ სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვანაირ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხს. ამ თვალისმომჭრელმა სანახაობამ ძალზე გამიტაცა და პირდაპირ აღფრთოვანებაში მომიყვანა.
ცოტა დასვენებისა, ტანსაცმელის გამოცვლისა და დანაყრების შემდეგ, ქუჩაში გავედი, ხალხის მორევმა მაშინვე ჩამითრია. ვიქირავე ეტლი, რომ თავისუფლად დამეთვალიერებია რუსეთის უძველესი სატახტო ქალაქი, რომელსაც ჩვენსავით გადატანილი ჰქონდა მრავალი თავდასხმა და შინაბრძოლები. მაისის ამ მშვენიერ, ნათელ დილას მისი ოქრასთავიანი გუმბათების ჯვრები ბრწყინავდნენ, აპობდნენ ცის სილურჯეს და თითქოს ღრუბლებისაკენ მიილტვოდნენ და მოუწოდებდნენ ყეელას ეცქირათ ციური დიდებისათვის.
მეორე დღეს, მირქმის ტაძარში დანიშნული იყო - მეფის კურთხევა. საქართველოს დეპუტაციას ცალკე ადგილი ჰქონდა მიჩენილი ეკლესიაში. მეფის საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი, ყველა დიპლომატიური კორპუსები თან მოჰყვებოდნენ მეფის ოჯახს.
ტაძარი მაინცადამაინც დიდი არ არის, მაგრამ მისი მოწყობილობის სილამაზე აოცებდა ადამიანს. ჩემი სიმაღლის წყალობით მე ყველაფერს ვხედავდი.
აუარებელ სანთელთა შუქი, სამღვდელოების მოვერცხლილი სამოსელის ბრჭყვიალი, კარისკაცთა და უცხოეთის პრინცების ოქრომკედით ნაკერი მუნდირები, მანდილოსნების ულამაზესი და უმშვენიერესი ტანსაცმელი, ძვირფასი თვალმარგალიტით მოფენილი თავსართავები, – ყველაფერი ეს საოცრად ბრწყინავდა.
მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა „ხოდინკა“. ამ სიტყვამ ყველა შეაძრწოლა.
ხოდინკაზე მოხდა არეულობა, რის დროსაც ათასობით ხალხი დაიღუპა, მოსკოვი დამგლოვიარდა, მაგრამ ეტიკეტი და პოლიტიკა მოითხოვდა კურთხევის დღესასწაულის გაგრძელებას.
საჭირო იყო, რომ ჟურნალისტებს არ მიცემოდათ საშუალება დაწვრილებით გამოექვეყნებიათ ის, რაც მოხდა და რომ რუსეთში საპასუხისმგებლო ადგილებზე უპასუხისმგებლო პირები არიან.
ჩუმად, კუთხეებში ჩურჩულებდნენ იმის შესახებ,რომ ახალგაზრდა დედოფალმა ბევრი იტირა, რადგან მომხდარ უბედურებას ახალი მეფისა და მისი მეფობისათვის ცუდის მომასწავებლად თვლიდა.
დღესასწაული გრძელდებოდა, მაგრამ მას სევდის ელფერი დაჰკრავდა.
საღამოთი წვეულება იყო გამართული. სურათი სურათს ცვლიდა, უძველესი კრემლი გაცოცხლდი – ყველა დროის მბრძანებლების მთელმა მწკრივმა გაიარა მის საუკუნეებით მდგარ თაღების ქვეშ, ყოველი მათგანი ავად თუ კარგად თავის დაღს ასვამდა რუსეთის ცხოვრებას.
ლამაზ ქალთა თაიგულში ერთი მეორეს სჯობდნენ, ერთი მეორეზე მეტად მომწონდა და მაღელვებდა. მათ შორის გამოირჩეოდა ელენე ჩერნოგორსკაია, რომელიც შემდეგში იტალიის დედოფალი გახდა; აგრეთვე, ყველას ყურადღებას იპყრობდა მეორე ულამაზესი ქალი, ქართველების სასიხარულოდ და სასიქადულოდ – მარიამ მიხეილის ასული სუმბათაშვილი.
ფართოთ გაღებულ კარებიდან, შოპენის პოლონეზის მომჯადოებელ ხმებზე გამოვიდა მბრწყინავი მწკრივი, სამჯერ შემოუარეს დარბაზს ირგვლივ, და ყოველ შემოვლაზე ინაცვლებდნენ წყვილში მყოფ მანდილოსნებს, შემდეგ დაიწყო ცეკვები.
ამ წვეულებაზე ჩემი ძველი მეგობრები საშა და გრიცკო ვიტგინტეინები ვნახე, ისინი თავს ქართველებად თვლიდნენ, რადგან მათი დედა დადიანის ქალი იყო.
რუსეთში ყოფნის დროს ვცდილობდი გავცნობოდი რუს ინტელიგენციას, რომელიც ძალიან მაღლა იდგა, დაუფლებული იყო ყოველ დარგს და წინ მიჰყავდა თავის მშობლიური მხარის ცივილიზაცია. ამ ინტელიგენციას შეადგენდნენ ნიჭიერი მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და მხატვრები.
დეპუტაციასთან ერთად უკან დაბრუნებაზე უარი ვთქვი. ნიჟნინოვგოროდში გახსნილი გამოფენა მინდოდა მენახა, მთავარი კი ის იყო, რომ ვოლგით, ამ რუსეთის დედა-მარჩენალით, წამოსვლა მაინტერესებდა. სანახავი ბევრი რამ იყო: განიერი, ფირუზის ფერი მდინარე დღით ნელა მიიკლაკნებოდა, მისი ზვირთები ოდნავი ხმაურით გადადიოდნენ ერთი-მეორეზე და იცვლიდნენ ფერს; ღამით მთვარე მიცურავდა ვარსკვლავებით მო-ჭედილ ცაზე, თავის ანარეკლს თითქოს წყალზე სტოვებდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე მაოცებდა რუსეთის ბუნების სხვადასხვაგვარი სილამაზე.
ჩემს ბედად, ჯერ კიდევ მოსკოვში შევხვდი ჩემს მეგობარს, ნადირობის დიდ მოყვარულს, თავად ნიკოლოზ ვახტანგის-ძე ორბელიანს. მე ვთხოვე წამოსულიყო ჩემთან ერთად ნიჟნინოვგოროდამდე, რაზედაც სიამოვნებით დამეთანხმა. ის კარგ გუნებაზე იყო, რადგან კნეინა ელისაბედ დიმიტრი ორბელიანის ასულის, ბარიატინსკის მეუღლის, ქონების ნახევარი მიიღო მემკვიდრეობით, მეორე ნახევარი დარჩა ევგენი დავითისძე ქობულაშვილს.
ჩვენი ვოლგაზე მოგზაურობის დროს, მან წინადადება მომცა, ბუნებისა და ნადირობის მოყვარულთა მთელ ჯგუფთან ერთად, წავსულიყავით ლომებზე სანადიროდ ცხელ ქვეყნებში.
აი, აქ ხელახლა წარმომიდგა ტარიელი მთელი თავისი ვაჟკაცობით და გამბედაობით. მე უკვე შემეძლო ვყოფილიყავი მისი პროტოტიპი. სუსტსა და უძლურს ბავშვობაში, ახლა ისეთი ძალა მქონდა, რომ ვერცხლის აბაზიანს სულ იოლად ვტეხდი შუაზე.
ამ წინადადების გაგონებაზე, სიხარულისაგან ზევით წამოვხტი.
ალერსიანად მოვხვიე ხელი ჩემს მეგობარს, ვთხოვე საქმის კურსში ვყოლოდი და სამზადისის ყოველგვარი ამბავი ეცნობებია ჩემთვის. ნიჟნინოვგოროდში ერთმანეთს დავშორდით. იქიდან ასტრახანამდე სულ სხვა ხასიათით მივდიოდი, თითქოს ყველაფერი წარსულში გადავიდა, ახალი ცხოვრება მელოდა წინ და მასზე ოცნებამ გაიტაცა მთელი ჩემი არსება.
აუარებელი შთაბეჭდილებებით აღსავსე დავბრუნდი სახლში. ნახული და ჩემს მიერ უშუალოდ განცდილი პირველად დედაჩემს გავუზიარე, მერმე კვლავ შევუდექი მამულის საქმეების მოწესრიგებას. ჩემი შინ არ ყოფნის დროს მეურნეობა დაქვეითებულიყო, დაუდევრობისა და უყაირათობის გამო განადგურების პირას იდგა. მინდოდა ოჯახი უზრუნველმეყო და დღეღამეს ვასწორებდი მუშაობაში, თან ველოდი ორბელიანის წერილს.ცდა თითქმის ორ წელიწადს მომიხდა. ბოლოს, როგორც იყო დადგა სანატრელი დღე – პეტერბურგიდან მივიღე ორბელიანის დეპეშა, რომლითაც საჩქაროდ მიხმობდა.
დაუყოვნებლივ შევუდექი მზადებას, მაგრამ დედაჩემს ვუმალავდი, რომ ვტოვებდი არა თუ საქართველოს, არამედ რუსეთის საზღვრებსაც, რადგან ვშიშობდი მის ცრემლებს არ დავებრკოლებიე.
1899 წელს, ზამთრის მიწურულს გავემგზავრე პეტერბურგს. თბილისის სადგურზე მიმაცილეს ნათესავებმა და მეგობრებმა. ყველანი გარს მეხვეოდნენ, მისურვებდნენ კეთილ მგზავრობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას.
მესამედ დარეკეს ზარი. სათითაოდ გადავკოცნე ჩემი კეთილისმდომნი და შევედი ვაგონში. მატარებელი დაიძრა. გავშორდი საყვარელ თბილისის საზღვრებს. მატარებლის თანაბარი სვლა ბრაზს მგვრიდა. მეგონა – კი არ მიდიოდა, მიღოღავდა.
მეორე დღეს უკვე დაუსრულებელ ტრამალებზე მივქროდი. ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. დაბლა გაწელილი რუხი ღრუბლები ჩემს აღტაცებულ გუნებას არ ეხამებოდა. ზოგჯერ მასევდიანებდა კიდეც.
როდის იყო, როდის არა მატარებელი შეგრიალდა პეტერბურგში. ვაგონიდან გადმოსვლისთანავე კოლა ორბელიანი გადამეხვია. თავის ბინაში წამიყვანა. იგი ცხოვრობდა მცირე საზღვაო ქუჩაზე.
მიუხედავად ხანგრძლივი, მოსაწყენი მგზავრობისა, თავს მხნედ ვგრძნობდი და ვჩქარობდი გავდგომოდი უფრო შორეულ გზას. კოლას მეგობრებს სასაცილოდაც არ ყოფნიდათ ჩემი ჩქარა გამგზავრების სურვილი და როგორც დონ კიხოტს ისე მიცქეროდნენ. ლომებზე ნადირობა ჩემთვის იყო მხოლოდ საბაბი – გავმგზავრებულიყავი შორ ქვეყნებში, მენახა უცხო ხალხები, გავცნობოდი მათ ზნეს, ჩვეულებას, კულტურას.
დავმტკბარიყავი უცხო ბუნების სილამაზით. თუმცა მჯეროდა – საქართველოს მსგავსი მეორე ქვეყანა არსად იყო.
აბა სად შეიძლება არსებობდეს კიდევ ასეთი მხარე, სადაცყოველგვარი მცენარე ხარობდეს, ყოველგვარი ყვავილი ჰყვაოდეს, სადაც ამდენი ჩანჩქერები და ნაკადულები ჩქეფდნენ, უკუღმა გადაგდებული მარცვალიც კი წაღმა ამოდიოდეს; სადაც ქალი და კაცი ასეთი ლამაზები იყვნენ.
განსაკუთრებით ქართველი ქალი იყო და არის არა მარტო ლამაზი, არამედ იგი მამაკაცის ცხოვრების დამამშვენებელია, მისი მხნეობის, სიამაყის წყარო, მისი შთამაგონებელი და ვაჟკაცური სულის აღმზრდელი.
ფენელონი ამბობს: „მამაკაცებს, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებაში, არ შეუძლიათ ქალის დაუხმარებლად რაიმე სასარგებლო გააკეთონ ცხოვრებაში“. ეს უწინარეს ყოვლისა, შეიძლება ითქვას ქართველ ქალზე, რომელიც მამაკაცთან ერთად იბრძოდა და იბრძვის უკეთესი მერმისისათვის.
აი, მე უკვე რუსეთის სატახტო ქალაქში ვარ. დიდებული ნევა გრანიტის კალაპოტში ნელა მიატორტმანებს თავის ტალღებს. ნაპირზე დგას საუცხოოდ ნაგები ე. წ. საზამთრო სასახლე, შორს მოჩანს პეტრეპავლეს ციხის გუმბათი.
აგერ, შესანიშნავი ტაძარი, მეფეთა სამუდამო სავანე; ირგვლივ ძვირფასი სახლები, სწორი, თვალუწვდენი ქუჩები. მათ შორის ყველაზე უფრო შესანიშნავია ნევის პროსპექტი ორივე მხრივ მდიდარი სავაჭროების გაჩახჩახებული ვიტრინებით. უთვალავი ეტლები, კარეტები.
ყველაფერი ეს რაღაც საარაკო იერს აძლევს ჩემს თვალში ამ ქალაქს, მაგრამ არა, ეს არაა „ათასერთი ღამის“ ზღაპარი, ესაა ნამდვილი, ყოველმხრივ შემკული დიდი ქალაქი.
ერმიტაჟი? იგი ყველა საუკუნის და ყველა ხალხთა ხელოვნების ნიმუშების საგანძურია. ძნელია თვალი მოწყვიტო მასში მოთავსებულ მაგიურ ტილოებს. სადღა არიან მათი შემქმნელი ჯადოქრები? რა ხელმა შეახამა ეს უთვალავი ფერები და ჩვეულებრივი ფუნჯით გააცოცხლა ასეთი საოცრებანი? აქ შეიძლება განუწყვეტლივ იარო წლების განმავლობაში და ყოველ მისვლისას გეგონოს, თითქოს ყველაფერ ამას პირველად ხედავდე.
არანაკლებ შთაბეჭდილებას ტოვებენ ყაზანისა და ისაკის ტაძრები. ძეგლები? აგერ პეტრე დიდის ძეგლით! ამ კუნთებდაძაბულ ფიგურაში, მისი ცხენის მიმართებაში, გამოსახულია მთელი ხალხის ძალა და წინსვლის დაუშრეტელი სურვილი.
ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩვენი გამგზავრება რომ ყოვნდება? გაზაფხული დგება და ისევ პეტერბურგში ვარ. კოლას, როგორც იურისტს, რაღაც საქმე გაუჭიანურდა სასამართლოში და იძულებული ვარ ველოდო მის დამთავრებას.
ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთიც არ დამიკარგავს ტყუილუბრალოდ – ყველაფერს ვათვალიერებდი და ვაკვირდებოდი. ვიყავი სმოლნის ინსტიტუტშიც, სადაც იზრდებოდნენ ჩემი ნაცნობი თავად გრუზინსკის ქალიშვილები. ზამთრის მზის მცხრალი შუქი ოდნავ აფუჭებდა სვეტებიან დარბაზს და განსაკუთრებულ სინაზეს მატებდა თეთრ წინსაფრებიან ქალწულთა სახეებს.
ვიყავი მარინის თეატრშიაც. მართალია, დიდათ გამიძნელდა ბილეთის შოვნა, მაგრამ სამაგიეროდ მრავინას მომჯადოებელმა ხმამ პირდაპირ ფრთები გამომასხა, თუმცა ანტრაქტების დროს, მრავინასაგან მიღებულ შთაბეჭდილებას, მიშხამავდნენ ჩემსკენ მომართული ლორნეტები და ბინოკლები.
მე გამოწყობილი ვიყავი ეროვნულ ტანისამოსში – ქულაჯაში, რითაც ვიქცევდი მშვენიერ ბანოვანთა განსაკუთრებულ ყურადღებას. ძლიერ ვნანობდი, რომ დავუჯერე კოლას და ქულაჯით წავედი თეატრში, რადგან ჩემი ქულაჯის წყალობით შებორკილად ვგრძნობდი თავს, რაც ხელს მიშლიდა უფრო ღრმად განმეცადა მრავინას ხმა.
როგორც იყო, კოლა მორჩა თავის საქმეს და ორივე გავემგზავრეთ პარიზს. აქ უნდა დაგვეცადა დანარჩენი ამხანაგებისათვის, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყვნენ ცხელ ქვეყნებში ლომებზე სანადიროთ.
ისევ თოვს, მიწა მთლად დაფარულია თეთრად. ყინავს. ულვაშები და წვერი თოშით მევერცხლება, მაგრამ გულში გაზაფხული მიღვივის, თვალწინ სახარის ცხელი უდაბნო მესახება...
ვარშავის მატარებელი უკვე პარიზისაკენ, ევროპის ამ ახალ ბაბილონისაკენ მიგვაქროლებს.
მივედით შეპეტოვკაში.აქ პოლონეთის საზღვარია. ეს ოდესღაც ბრწყინვალე სახელმწიფო, თავის უხეირო მეფეთა წყალობით, ახლა უფლებააყრილი და დაქუცმაცებული ქვეყანა იყო. მისი დიდი ნაწილი გერმანიის იმპერატორმა ფრიდრიხ II-ემ მიიტაცა.
თოვლნარევი წვიმიანი ამინდი დაგვხვდა პარიზში, მაგრამ ცუდი დარი სრულებითაც არ უშლიდა ხელს მრავალმილიონიან ქალაქის მოუსვენარ ცხოვრებას. პირიქით, ამჟამად, პარიზი განსაკუთრებული სიცხოველით მოძრაობდა. მალე უნდა გახსნილიყო მსოფლიო გამოფენა და გამალებული ემზადებოდნენ დედამიწის ყოველი კუთხიდან სტუმრების მისაღებად.
გამოფენის ადგილას დღედაღამ განუწყვეტელი მუშაობა იყო. მთელი პარიზი ცდილობდა ერთხელ კიდევ დაემტკიცებია ქვეყნიერებისათვის, რომ უმეფოთაც შეიძლება ცხოვრება, რომ პარიზი ახლა უფრო ცივილიზაციის კერაა, ვიდრე იყო ლუდოვიკების დროს.
მართლაც, პარიზის ყოველი ძარღვი განსაკუთრებული ინტენსივობით ფეთქდა.
ტყუილა როდი უყვარდა პარიზი გერცენს. კარლ V-ემ კი პარიზს უწოდა მთელი სამყარო.
აი ეიფელის კოშკი.69) მისი მწვერვალიდან გადმოხედვის დროს, პარიზი მომეჩვენა უსასრულო ზღვად, ადამიანთა ტალღები ბობოქრობდნენ და ქალაქის ნაპირებს ეხეთქებოდნენ.
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ მღელვარე ცხოვრებიდან განზე იდგნენ. არსებული წესწყობილების გარდა, მათ არც ის მოსწონდათ, რომ მსოფლიო გამოფენისათვის ასეთი აურზაური იყო ატეხილი.
საღამოს მე და კოლა ვიჯექით ერთ კაფეში. გამოველაპარაკეთ უცნობ მოქალაქეს. ჭიქა ღვინოზე საუბრის დროს ამ მოქალაქეს შევატყვეთ, რომ იგი ალმაცერად უყურებდა არსებულ წესწყობილებას და მსოფლიო გამოფენის წინააღმდეგიც იყო. „ამ კოსმოპოლიტურ ფუსფუსისაგან, - თქვა მან, – საფრანგეთი, ფრანგი ხალხი, ზარალის მეტს ვერაფერს გამორჩება. აი თქვენ ნახავთ, ეს გამოფენა მსოფლიო გასართობი უფრო იქნება, ვიდრე ხალხთა შორის კულტურის, ცოდნისა დამეცნიერების გადანერგვის საშუალება. ჩამოვლენ ამერიკელები, ვიღაც პრინცები, პარიზის საკვირველებათა ნახვის სურვილით აღტკინებულნი სხვადასხვა ქვეყნის მილიონერები და გაიმართება ორგია. საკვები პროდუქტები კი გაძვირდება და ღარიბი ხალხი კიდევ უფრო გაჭირვებაში ჩავარდება“.
* * * * * * *
მთელი ქალაქი გაჩირაღდნებულია. სენის ნაპირებზე ხეებზედაც კი სანათურები ჰკიდია.
ჩვენ დავდექით კონტინენტალის ქ. N 3 მდებარე სასტუმროში. სასტუმრო მაინცადამაინც ვერ იყო პირველხარისხოვანი, მაგრამ ამ ორომტრიალში უკეთესი ბინის შოვნაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ყველა სასტუმრო უკვე დაკავებული იყო უცხოელი სტუმრებისაგან.
დიდხანს დარჩენას არც ვაპირებდი პარიზში. მე გული უფრო ცხელი ქვეყნებისაკენ მიმიწევდა. მაგრამ კოლას პარიზელმა ქალებმა ისეთი თავბრუ დაახვიეს, რომ ფეხის გადგმაც არსად უნდოდა. შენი ლომები და ვეფხვები არსად წავლენ, ნუ გეშინიაო, – მეუბნებოდა იგი სიცილით. არც კოლას მეგობრები ჩანდნენ. ისინი დაგვპირდნენ პარიზს მალე ჩამოვიდოდნენ და ერთად წავიდოდით სამოგზაუროდ, მაგრამ რატომღაც იგვიანებდნენ.
სხვა გზა არ იყო, ხვედრს უნდა დავმორჩილებოდი.
ერმიტაჟში ნახული მქონდა ეკატერინე II-ის მიერ საფრანგეთში შეძენილი გობელენები და გადავწყვიტე დამეთვალიერებია ის ფაბრიკა, სადაც ასეთ იშვიათ ქსოვილებს ამზადებდნენ. სახელმწიფოს შემოსავლის გადიდების მიზნით ეს ფაბრიკა თავის დროზე მოუწყვია ლიუდოვიკ XIV-ის70) ფინანსთა მინისტრს კოლბერს.
გავემგზავრე ლიონს. ფაბრიკის დირექტორმა დიდი თავაზით მიმიღო, ფაბრიკის ყველა ცეხი გამაცნო და დაწვრილებით ამიწერა მათი მუშაობის პროცესები. როცა გაიგო, რომ მე ბაგრატიონი ვარ, ფაბრიკის საგანგებო კოლექციიდან გამოითხოვა თამარ მეფის სურათი და გასცა განკარგულება ამოექარგათ იგი აბრეშუმზე. ამ ამბავმა დიდად გამახარა და თანაც გამაოცა. ეს პატარა გობელენი დღესაც შინ მაქვს სრულიად დაუზიანებელი.
დავბრუნდი პარიზს.უკვე ოთხ თვეზე მეტი დრო გავიდა, რაც საფრანგეთში ვიყავით და კოლა ჯერ კიდევ არ აპირებდა პარიზიდან დაძვრას, გადავწყვიტე მარტო გავმგზავრებულიყავი. კოლა ბევრს ეცადა, მაგრამ განზრახვაზე ხელი ვერ ამაღებინა.
სექტემბრის ბოლო რიცხვებში, შაბათ დდეს, ჩავედი მარსელში. მშვენიერი დარი იყო. კვირას დღის 12 საათზე საოკეანო გემით უნდა გავმგზავრებულიყავი აფრიკისაკენ.
იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ხანა.
რა მელოდა?
სრულ 12 საათზე კაპიტანი და ლოცმანი ავიდნენ საკომანდო კიბეზე, მეზღვაურებმა ფუსფუსი დაიწყეს. ას-
წიეს ღუზა. გემის სიღრმეში აგუგუნდნენ მანქანები და ჩვენ თანდათან მოვშორდით ნაპირს, სადაც აუარებელი ხალხი იდგა და ხმამაღლა გვეთხოვებოდნენ, თან ცხვირსახოცებსა და ქუდებს გვიქნევდნენ. გემმა სვლას მოუმატა. იგი საოცრად დიდ ნაპრალს ტოვებდა სარკედ ქცეულ ზღვაზე, რაც მალე ისევ ივსებოდა. ხმელთაშუა ზღვაში შორს შევედით. სამხრეთის მოწმენდილ ციდან მზე უხვად გვაფრქვევდა სხივებს.
აღტაცებული გავცქეროდი დატოვებულ ხმელეთს, რომელიც თანდათან სივრცეში ქრებოდა.
ერდოზე დიდხანს ვეღარ გავძელი, თავი ცუდათ ვიგრძენი და კაიუტაში ჩავედი.
ზღვის ავადმყოფობამ დამრია ხელი.
მიუხედავად დიდი ცდისა, საექიმო პერსონალმა ოდნავათაც ვერ შემიმსუბუქა მდგომარეობა.
ვიწექი უძრავად, არაფერს ვჭამდი. ვსვამდი მარტო ლიმონიან წყალს.
მეორე დღეს ცოტა უკეთ გავხდი, მაგრამ ადგომის თავი მაინც არ მქონდა.
ერდოზე და მეზობელ კაიუტებში გაჩაღებული იყო ხმამაღალი ლაპარაკი და დავა ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ მოსალოდნელი გალაშქრების გამო.
ზოგი ამტკიცებდა, რომ ინგლისელებს ამერიკელებიცდაეხმარებიანო, და ფრანგები აძაგებდნენ როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს, ჰკიცხავდნენ ინგლისის პრემიერს და ამერიკის პრეზიდენტს მაკ-კინლეის.
გემზე იმყოფებოდნენ ძნგლისელებიც და ამერიკელებიც. ფრანგი კაპიტანი ფრთხილობდა დავა ხელჩართულ ჩხუბად არ გადაქცეულიყო, ამიტომ მეზღვაურები წესრიგის აღსადგენად წინასწარ მომზადებული ყავდა.
მივედით ალექსანდრიაში, მეზღვაურებმა ხელით გადამიყვანეს ხმელეთზე. ფეხზე დგომა არ შემეძლო. მთვრალივით ვბანდალებდი. კეთილმა და თავაზიანმა კაპიტანმა ჩემი თავი ჩააბარა ვიღაც ფრანგს, რომელმაც მიმიყვანა სასტუმროში. სასტუმროს პატრონი, ისიც ფრანგი, თავის თანამემამულესავით გულშემატკივარი აღმოჩნდა, საუკეთესო ოთახში მომათავსა და ცხოვრების ყოველგვარი პირობები შემიქმნა.
მომგვარეს ექიმი. იგი ლამაზი კაცი იყო, წარმოსადეგი, მაგრამ რა ეროვნებას ეკუთვნოდა, მგონი თვითონაც არ იცოდა. მშვენივრად ლაპარაკობდა როგორც ფრანგულად ისე ინგლისურ ენაზე... ჩემი ავადმყოფობა მან მიაწერა ხედვითი ორგანოების სისუსტეს და მირჩია ზღვით მგზავრობის დროს უთუოდ მეტარებია წითელ შუშიანი სათვალე.
ექიმის წასვლის შემდეგ, სასტუმროს პატრონმა თავაზიანი საუბარი გამიბა.
გამოირკვა, რომ სასტუმროს პატრონმა, ჩემი აღმოსავლური იერის გამო, თურმე ეგვიპტის პრინცად შემიცნო. მე გულიანად გამეცინა. ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ეგვიპტე თვალითაც არ მქონდა ჯერ ნახუხული, მას უფრო ჯეროდა პასპორტის, რომელშიაც აღნიშნული იყო ჩემი ტიტული. პირდაპირ საოცარია – ზოგიერთი ფრანგი, რა გინდ რესპუბლიკელიც არ უნდა იყოს ის, არისტოკრატიის დიდი თაყვანისმცემელია.
ამრიგად, მე უკვე იმ ზღაპრულ ქალაქში ვცხოვრობ, რომელიც შექმნა ალექსანდრე მაკედონელის გენიამ და რომელიც ახლა იმყოფებოდა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ.
ამბობდნენ: მაკედონელი წუხდაო, რომ აღარსად დარჩა დაუპყრობი ქვეყანა.
მართლაც, როგორც ვიცით, იგი ბრწყინვალე, გენიალური სარდალი იყო, მრავალ გამარჯვებათა გამო, მასარაბები თითქმის ღმერთად თვლიდნენ, ხოლო ეგვიპტელები მზის შვილს ეძახდნენ.
გარდა იმისა, რომ მაკედონელი იყო იშვიათი მხედართმთავარი, მან ფართოდ გაშალა ანტიკური ქვეყნის ჰორიზონტიც და გაამდიდრა მისი კულტურა.
ალექსანდრიას ირგვლივ ზღვა არტყია. იგი განთქმულია თავისი აბანოებით და მუზეუმით, სადაც თავმოყრილია ძველი მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები.
ქალაქში უამრავი ლაბირინტია. სასმელი წყლის სიმცირის გამო, მიწის ქვეშ მოწყობილია მრავალი ჭა.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა – ეს იყო ადრინდელი, საუცხოო საგანძური, სადაც ინახებოდა ურიცხვი, იშვიათი, უნიკალური ფოლიანტი და პერგამენტი, მაგრამ ვანდალიზმმა არ დაინდო ძველი მსოფლიოს კულტურის ეს შესანიშნავი კერაც. 640 წელს ხალიფ ომარის დროს ბიბლიოთეკის საგრძნობი ნაწილი განადგურებულ იქნა.
ამ უგნურ ქცევას იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს მასში დაცული ყოფილიყო მუსულმანებისათვის მიუღებელი შინაარსის ხელნაწერები. თურმე ძვირფასი პერგამენტებით კარგახანს ათბობდნენ აბანოებს, რომლებიც ასე უხვადაა ალექსანდრიაში.
უკანასკნელ საუკუნეებში დამპყრობლებმაც ბევრი რამ მოიტაცეს. მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკა მაინც მდიდარია.
მეორე დღეს, დილით, როცა ქალაქში გავედი, გამვოცდი, ქუჩები სავსე იყო ახმაურებული ხალხით. თეთრი წამოსასხამები, ჭრელი დოლბანდები, სხვადასხვა ფერის ტანისამოსი, აქა-იქ ევროპელ ქალ-ვაჟთა მორთულობა, ყველაფერი ეს მეტად კოლორიტულ სურათს ჰქმნიდა.
კარგახანს ვიდექი ერთ ადგილას ამ სანახაობით მოხიბლული: მშობლიური ქვეყნის ფერი და სურნელი ვიგრძენი.
მეორე სურათი კიდევ უფრო წარმტაცსა და დიადს წარმოადგენდა.
მშვიდად მოტორტმანე ზღვაზე, დილის ბურუსში გახვეული იყო მრავალი გემი, სამხედრო და სამგზავრო.
მათი ანძების ტყე თვალსაწიერზე ოდნავ ირხეოდა.
ალექსანდრია როგორც თავის გარეგნობით, ისე ცხოვრებით დიდათ განსხვავდება სხვა ქალაქებისაგან. ზედმიწევნით თავისებურია. იგი მთლიანად აღმოსავლურსტილზეა გაშენებული. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანან ლამაზი, ჰაეროვანი თეთრი მინარეთები, რომლებიდანაც გსურს გესმოდეს მშვენიერი ჰანგები და არა მუეძინების გულის ამრევი ხმა.
ამ ზღაპრულ ქალაქში, ეტყობა, დღეს არაჩვეულებრივადაა ხალხი აღგზნებული.
მიზეზი?
დიდმა, ძლიერმა, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისმა ომი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხს – ბურებს.
ქალაქში ხმაური თანდათან ძლიერდებოდა.
ადამიანები ყვიროდნენ, ერთმანეთს ეხლებოდნენ, სადღაც მიიჩქაროდნენ.
გაზეთების გამყიდველი ბავშვები საოცრად გაჰკიოდნენ და ცეცხლწაკიდებულივით დარბოდნენ აქეთ-იქით.
ხალხის მღელვარებამ მეც შემიპყრო.
დავბრუნდი სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა
მითხრა:
– საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურები უნდათ გადააქციონ მონებათ, ხოლო მათი ქვეყანა – კოლონიად.
გამახსენდა საყვარელი საქართველო!
მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.
ცხელი ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ, მინდოდა მენახა რომი, ანტიკური ხელოვნების ეს დიდი სავანე, სადაც ამდენი უკვდავი მხატვრები და მოქანდაკენი დაიბადნენ, დამეთვალიერებია მისი შესანიშვავი ძეგლები, მაგრამ ბურებთან წასვლის სურვილმა ყველაფერზე ხელი ამაღებინა.
ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა, თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.
ჩემთვის ყველა დამპყრობელი, მოძალადე, ერთნა-ირად საძულველი იყო და ყოველთვის გული მიმიწევდა დავხმარებოდი დაჩაგრულს.
გადვწყვიტე ახლავე დამეტოვებია ალექსანდრია.
მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა:
მიმიღებენ როგორც უცხოელს ბურები თავის ჯარში?
მითხრეს: ყველა პატიოსან უცხოელ მოხალისეს ბურები ხელგაშლით ხვდებიანო.
ისიც გავიგე, რომ მათ არ ყავდათ, თურმე, მუდმივი ჯარი, მაგრამ თითოეული მამაკაცი განსაზღვრული ვადით, განსაზღვრულ ასაკამდე ვალდებული იყო შეესწავლა სამხედრო საქმე. შრომის მოყვარე ბურები იმავე დროს შესანიშნავ მსროლელებად, დისციპლინის მოყვარულ ვაჟკაცებად, გამბედავ მეომრებად ითვლებოდნენ და მუდამ მზად იყვნენ მკერდით დაეცვათ თავიანთი ლამაზი ქვეყანა.
თავისუფალი ბურები პრეზიდენტს და პარლამენტს – ნამდვილ სახალხო სამსჯავროს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ალალი გულით ირჩევდნენ.
ამ ჟამად ბურებს პრეზიდენტად ყავდათ ყველასაგან პატივცემული და საყვარელი 75 წლის მხნე მოხუცი – პავლე კრიუგერი.
კრიუგერს ძულდა ინგლისელები.
მან მტკიცედ უარყო მათი წინადადება პროტექტორატის შესახებ. მოხუცი პრეზიდენტი შეეცადა შეენარჩუნებია თავისი ქვეყნის თავისუფლება და ინგლისელთა მეორე თავდასხმისაგანაც ხალხი გამარჯვებული გამოეყვანა.
ყველა ამ ცნობებისათვის და, აგრეთვე, სტუმართმოყვარეობისათვის დიდი მადლობა მოვახსენე ჩემი სასტუმროს პატრონს.
შევუდექი მზადებას. საჭიროა ვიჩქარო. ფელდმარშალი ფრენჩი თურმე უკვე იოჰანესბურგშია. მაშასადამე, სამხედრო მოქმედება ჯერ თუ დაწყებული არაა, მალე დაიწყება.
ჩემმა ლამაზმა ექიმმა მომამარაგა ლიმონით, წამლებით და წითელშუშიანი სათვალით.მეორე დღეს ნავსადგურზე გამაცილეს სასტუმროს პატრონმა, ექიმმა და ახალგაზრდა მომვლელმა ქალმა. მან გემზე შესვლის წინ მიძღვნა პატარა, მაგრამ შესანიშნავი, სურნელოვანი თაიგული, რამაც ძლიერ გამახარა.
დაიძრა გემი.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს უცხო ქალაქს კი არ ვტოვებდი, არამედ მშობლიურს და ნათესავ-მეგობრებით სავსე ადგილს ვშორდებოდი.
ამ ჯერად ზღვის ავადმყოფობას გადავურჩი.
მთელი გზა თავს კარგად ვგრძნობდი.
გემმა მადაგასკარში შეუხვია სასმელი წყლისა და ნახშირის მოსამარაგებლად. იქ ერთი დღეღამე დავყავით.
მადაგასკარი, რომელიც იმ ხანად საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა, მდებარეობს აფრიკის პარალელურად, მათ ერთმანეთისაგან ჰყოფს მოზამბიკის სრუტე. მადაგასკარის ბუნება ტროპიკულია, ცა მსუყე ლურჯი ფერისაა. ჩვენი, ქართული ღამეები მშვენიერია, მაგრამ მადაგასკარზე ღამე კიდევ უფრო წარმტაცია… იქ ვარსკვლავები საოცრად დიდნი და ბრწყინვალენი ჩანან. მეტეორები ერთი კიდიდან მეორემდე განუწყვეტლივ სერავენ ცის კაბადონს და ფოსფორული ბრწყინვალებით ისარკებიან ოკეანის ვრცლად გადაშლილ მუქ მკერდზე.
ოკეანე ღამით უძრავი იყო, არაფერი არღვევს მის დიდებულ, მეფურ სიმშვიდეს.
მადაგასკარის მოსახლეობა საკმაოდ ჭრელია. მცხოვრებნი თავიანთი იერით მალაელებს გვანან. ბევრია მონა-ზანგი. გოვას ტომის შვილებს უფრო ეტყობათ ცივილიზაცია, მაგრამ სამაგიეროდ ულამაზონი არიან. ვნახე კიდევ გაურკვევი ტომი, რომელიც, ჩემის აზრით, თეთრკანიანებთან შერეული ტომი უნდა იყოს. მათი ქალები საოცრად ლამაზები არიან.
ნაწილი მეორე
ჩვენი გემი შევიდა დელაგოას ნავსადგურში. იგი მოწყობილია აფრიკის სამხრეთ ნაპირთან და არსებობს 1646 წლიდან. გადმოვედი გემიდან. მატარებლის გასვლამდე გადავწყვიტე დამეთვალიერებინა ახლო-მახლო ადგილები. როგორც კი ცოტა გავცდი ნავსადგურს, დავინახე ნახევრად შიშველი მამაკაცების ბრბო. ყველა მათგანი მეტად ლამაზი, მაღალი, მოყვანილი და ევროპელზე უფრო თეთრკანიანი იყო. ქერა გრძელი თმა მხრებზე ეყარათ.
წელზე თითოეულს რაღაც ხანჯლისმაგვარი ეკიდა. მათი ლამაზი, ლურჯი თვალების გამოხედვა თვინიერი ყო. ერთმანეთს მხიარულად ეხმაურებოდნენ. ირგვლივ თოფებმომარჯვებული ინგლისელი ჯარისკაცების მჭიდრო რკალი ერტყათ.
ერთ-ერთ გამვლელ ფრანგს ვკითხე, თუ ვინ იყვნენ ეს შიშველი ადამიანები. იგი შეჩერდა და რატომღაც გაოცებით შემომხედა.
– კაცის მჭამელები არიან, – მიპასუხა მან, – როცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიან, შეიარაღებული ინგლისელები მიაცილებენ დანიშნულ ადგილამდე და შემდეგ გაუშვებენ. ასე რომ არ იყოს, ვინ იცის რამდენ ჩვენგანს იმსხვეპლებდნენ. ცოტახნის მერმე კვლავ განაგრძო:
– კაციჭამია-კანიბალები ცხოვრობენ აფრიკის ახლო კანიბალის კუნძულებზე. კანიბალებს მეტად თავისებური ენა აქვთ, მათი წარჩინებული წარმომადგენლები ლაპარაკობენ ინგლისურადაც. კანიბალებს ყავთ თავიანთი მეფე, რომელიც ინგლისის ტახტის ვასალია, მაგრამ იგი მაინცადამაინც არ ექვემდებარება ინგლისის დედოფალს ვიქტორიას და ხშირად ეურჩება მას.
ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, როცა წარმოვიდგინე, კანიბალების მიერ ადამიანების შეჭმის სურათი. ასეთი შემთხვევა კი ხშირია თურმე.
აქედან პირდაპირ გავემგზავრე ტრანსვაალის რესპუბლიკის დედაქალაქში პრეტორიაში, სადაც კრიუგერის რეზიდენცია იყო, მაგრამ პრეზიდენტი ვერ ვნახე.
მითხრეს პრეზიდენტი იოჰანესბურგშიაო. დაუყოვნებლივ წავედი, მაგრამ იგი არც იქ აღმოჩნდა.
იოჰანესბურგი ძლიერ მომეწონა. სავსებით კეთილმოწყობილი ქალაქია. აქ არსებობს ბურჟუაზიული ქალაქის ყველა ატრიბუტი – ბანკი, ბირჟა, მაღაზიები.
მაღაზიები სავსე იყო მაშინ ინგლისური საქონლით.
ტრანსვაალის ბაზრები ინგლისელებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამას ურიგდებოდნენ ბურები, მაგრამ როცა ინგლისელებმა დააპირეს მათი ეროვნული ღირსების შელახვა და მთელი რესპუბლიკის უბრალო კოლონიად გადაქცევა, ბურებმა მყისვე აისხეს იარაღი და მოძალადეებს მრისხანედ წინ გადაუდგნენ.
ცივილიზებულ ბარბაროსებისაგან კრიუგერის ქვეყა-ნას დიდი საფრთხე ელოდა. ბურების შემართული იარაღი თუ ვერ გაიმარჯვებდა, რესპუბლიკა დაიღუპებოდა.
ეს კარგად იცოდა მოხუცმა პრეზიდენტმა, ამიტომ არ ცილდებოდა თავის ჯარს და ამხნევებდა მას. დიახ, ინგლისელები ემუქრებოდნენ ბურების რესპუბლიკას, მათ თავისუფლებას.
ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავი იყო ინგლისის ისტორიისათვის. ინგლისის კაპიტალისტები მუდამ იმით იყვნენ გართულნი, რომ ყოველგვარ ახალს ებრძოდნენ, თავისუფალ ხალხს თავისუფლებას ართმევდნენ და თავიანთ მონებად ხდიდნენ. ამ ლიუციფერებისაგან დიდიხანია მოსვენება არა აქვს კაცობრიობას.
განსაკუთრებით ისინი აღმოსავლეთში ეწევიან პოლიტიკურ ავანტიურას, აგრესიას და სადაც კი ფეხს დაადგამენ, ყველგან ცრემლისა და სისხლის ტბებს აყენებენ.
ინგლისის ყველა მთავრობა, მიუხედავათ მათი მრწამსისა, ერთმანეთს გვანან და ერთიმეორის გზას აგრძელებენ სხვა ხალხების დასამონებლად, მათი დოვლათისა და განძის ხელში ჩასაგდებათ. ისინი უსულგულონი და პირწავარდნილი მაკიაველები არიან სხვების მიმართ.
მაგონდება ერთი ამბავი:
ბალკანეთის ომის დროს, რუსეთის ერთ-ერთმა მეფისწულმა ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მიმართა თხოვნით ინგლისი დახმარებოდა ბალკანეთს.
უელსის პრინცმა ეს თხოვნა გადასცა პრემიერ-მინისტრს პალმერსტონს, რომელმაც თავის მხრით რუსეთის მეფისწულს შემდეგი უპასუხა:
„მე ბედნიერი ვარ დაგარწმუნოთ ინგლისის ტახტის მემკვიდრის გულკეთილობაში, მაგრამ ამავე დროს გაცნობებთ, რომ თვითონ ინგლისს გული არა აქვს“.
კრიუგერს ჯეროდა, რომ სიმართლე მის მხარეზე იყო, რომ ევროპის სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ და ახლაც გადაარჩენდა რესპუბლიკას.
კრიუგერს დიდი იმედი ჰქონდა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II, რომელსაც იგი თავის მეგობრად თვლიდა. ვილჰელმი კრიუგერს „დაეხმარა“ ინგლისელებთან პირველ შეტაკების დროს და მოხუც პრეზი-დენტს ეგონა გაჭირვებაში არც ახლა დაივიწყებდა იგი.
მაგრამ ამ დროს იფეთქა ბოქსიორთა აჯანყებამ ჩინეთში და მოკლეს გერმანიის ელჩი ბარონი კეტტელერი. აჯანყებულთა დახმარებით ჩინეთის ქვრივმა დედოფალმა უშუალოდ ხელში ჩაიგდო უზარმაზარი ქვეყნის მართვის სადავეები და მოინდომა ყველა უცხოელის განდევნა თავის ქვეყნის საზღვრებიდან.
ვილჰელმისათვის ახლა ხელსაყრელი არ იყო ინგლისის გადაკიდება და თავისი ჯარი დაძრა არა კრიუგერის დასახმარებლად, არამედ ჩინეთის წინააღმდეგ – სხვა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად. არც დანარჩენი ქვეყნები გამოეხმაურნენ კრიუგერს.
მიუხედავათ დიდი გამოცდილებისა, კრიუგერი ვერ ანსხვავებდა ინგლისთან პირველ შეტაკებას ახლანდელ ომთან.
ინგლისთან პირველი ომი, ომი კი არ იყო, არამედ ის წარმოადგენდა ინგლისის მიერ ყაჩაღურ თავდასხმას და მას არ ჰქონდა ოფიციალური სახე. მაშინ ვილჰელმმა ბურებში გერმანიის გავლენის მოსაპოებლად გაუწოდა ხელი კრიუგერს და გამარჯვებისთანავე გაუგზავნა მას მილოცვა, რითაც ინგლისელების აღშფოთება გამოიწვია.
ახლა კი საქმე სხვანაირად იყო. ინგლისმა ოფიციალურად გამოუცხადა ომი ბურებს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინც ბურებს დაეხმარებოდა, ის ინგლისის აშკარა მტერი ხდებოდა. ბურების გულისათვის ასეთი ნაბიჯის გადადგმას კი ყველა ერიდებოდა და არ უნდოდათ საომარ მდგომარეობაში ჩამდგარიყო მაშინ უძლეველი ინგლისის წინააღმდეგ.
* * * * * * *
1497 წელს პორტუგალიელმა ვასკო-დე გამამ ჰოლანდიის გემით მოიარა სამხრეთ აფრიკის ნაპირები. შემდეგ ამისა, იქ ჰოლანდიელებმა დააარსეს პატარა კოლონია, მალე ამ ადგილებში გადმოსახლდნენ უმიწაწყლო და ბოგანო ფრანგებიც, ხელისუფლების მიერ დევნილი
და ხელისუფლებასთან შეურიგებელი ადამიანები. გადმოსახლებულთა უმრავლესობას შეადგენდნენ ჰუგენო-ტები84). ახალ მიწაზე დასახლებულებში პირველ რიგში ხელი მიჰყვეს მიწის დამუშავებას. ამრიგად, წარმოიშვა ბორთა, ანუ ბურთა ახალი ქვეყანა.
ბურმა ფერმერებმა ერთიმეორისაგან საკმაოდ დაშორებით მოაწყვეს ხუტორული მეურნეობა. ბურები ეწეოდნენ მესაქონლეობას, მევენახეობას და მიწის დამუშავებას. ბევრმა მოაშენა სირაქლემები, რომელთა ნაკრტენები მეტად ძვირად ფასობდა ევროპაში, ამ უცნაური ფრინველების შენახვა კი იოლი იყო. ბურებს აგრეთვე ჰქონდათ ოქროს მდიდარი საბადოები.
სამხრეთის მშვენიერმა ბუნებამ, ჯანსაღმა ჰაერმა და ნოყიერმა მიწამ, განსაკუთრებით შრომის დიდმა სიყვარულმა, ბურებს საშუალება მისცა სწრაფად გაეუმჯობესებიათ თავიანთი მდგომარეობა. თითოეული ბური თავს ვალდებულად რაცხდა რესპუბლიკისათვის გაეღო განსაზღვრული წვლილი. დაგროვილი თანხებით შენდებოდა ევროპული ქალაქები, გაყავდათ რკინიგზები, წყალსადენები და გზატკეცილები.
ბურები მუდამ დაღვრემილნი არიან, მათ სახეზე იშვიათად ნახავთ ღიმილს. ეს ნირი უთუოდ ბათლომეს ღამის შემდეგ მოდევთ მათ. როგორც ცნობილია, ამ ღამეს თავისი დედის ეკატერინე მედიჩის ჩაგონებით კარლ IX გასცა ბრძანება ამოეწყვიტათ ჰუგენოტები.
ამავე ღამეს კათოლიკებმა ფანჯრიდან გადააგდეს და მოკლეს სამშობლოს წინაშე დამსახურებული მოხუცი ადმირალი კოლინი, რომელიც ითვლებოდა ჰუგენოტების ერთ-ერთ მეთაურად.
ბურები ზოგჯერ უცნაურებიც არიან. ისინი ომობენ თავიანთი განწყობილებისა და შეხედულებისამებრ, რასაც ხშირად მოყოლია კატასტროფა. მათი დისციპლინა, უმთავრესად, რელიგიაა, რამაც, აგრეთვე, რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას უდავოდ თავისი დაღი დაასვა. მიუხედავად ამისა, მათ ყავდათ შესანიშნავი გენერლები, რომლებიც ბრწყინვალედ აწარმოებდნენ პარტიზანულ ომს.
საერთოდ კი ბურებს მტკიცე ხასიათი აქვთ და ღრმად დარწმუნებულნი არიან თავიანთ ძალაში.
XVIII საუკუნის მიწურულამდე ბურები მშვიდად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ თავიანთი პარლამენტი და ყავ-დათ არჩეული პრეზიდენტი.
მაგრამ, აი გამოჩნდნენ ინგლისელები და შექმნეს ახალი ახალშენები. ისინი პირველად დასახლდნენ ნატალში და როცა ფეხი კარგად მოიკიდეს, მოითხოვეს სხვა რესპუბლიკელებთან უფლებრივი გათანასწორება, იმავე დროს ისინი უარს ამბობდნენ ეკისრათ სამოქალაქო ვალდებულებანი რესპუბლიკის წინაშე, კერძოდ, არ უნდოდათ სამხედრო ვალის მოხდა.
მიუხედავათ ინგლისის მხარის დაჭერისა, ბურების პარლამენტმა ისინი არ მიიღო რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეებად.
მაშინ ინგლისის მთავრობა შეეცადა ხელში ჩაეგდო ინგლისელებით დასახლებული ნატალი. დიდიხნის დავისა და დიპლომატიურ მოლაპარაკების შემდეგ, ბურები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და მათთვის მიეყიდნათ ნატალი.
ბურებს კვლავ დაუწყეს შევიწროვება ინგლისელებმა, მაშინ ბურების ერთმა ნაწილმა დატოვა კაპსკის თავდაპირველი საბინადრო და პრეტორიუსის მეთაურობით გადავიდნენ მდინარე მსხალის გაღმა, დააარსეს ტრანსვაალის ახალი რესპუბლიკა და პირველ პრეზიდენტად აირჩიეს პრეტორიუსი.
ბურების მეორე ნაწილმა დააარსა მეორე რესპუბლიკა ორანჟი.
ნატალზე აღმოჩენილ ალმასის დამუშავებას აწარმოებდა ინგლისური საზოგადოება სესილ როდსის მეთაურობით. სესილ როდსმა მოინდომა ხელში ჩაეგდო ტრანსვაალში აღმოჩენილი მდიდარი საბადოებიც. როცა ბურები წინ აღუდგნენ, მაშინ ინგლისელებმა მიმართეს ძალადობას, მაგრამ აჯანყებულმა ბურებმა სასტიკად დაამარცხეს ისინი. ამ გამარჯვების გამო ბურებმა თავიანთ მთავარ ქალაქს პირველი პრეზიდენტის პრეტორიუსის პატივსაცემად დაარქვეს პრეტორია.
ბურების წინააღმდეგ ინგლისის ამ გალაშქრებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ დროს ინგლისის მთავრობას სათავეში ჩაუდგა ლიბერალი გლადსტონი, რომელმაც ინგლისის რეზიდენტს აფრიკაში გაუგზავნა ცნობილი დეპეშა: „ჩვენ დამნაშავე ვართ ბურებთან, დადევი ზავი“. მაგრამ ეს იყო თვალთმაქცობა. ინგლისს ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ფიქრი ტრანსვაალის დასაპყრობად. ცდიდნენ უფრო ხელსაყრელ პირობებს და აი, ინგლისის მთავრობამ ახლა ომი გამოუცხადა ბურებს.
ეს მოხდა 1899 წელს.
ამ ამბავმა, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დააყენა მთელი რესპუბლიკა და მოხუცი პრეზიდენტის მეთაურობით შეუდგა ომისთვის სწრაფად მზადებას.
კრიუგერი არც იოჰანესბურგში აღმოჩნდა. იგი ფრონტზე წასულიყო.
მეორე დღეს გადავწყვიტე პრეზიდენტის დაბრუნებამდე დამეთვალიერებია მახლობელი მიდამოები და გავცნობოდი სოფლად მცხოვრებ ბურებს.
სასტუმროს პატრონმა ფრანგმა-ჰუგენოტმა დაუყოვნებლივ მიშოვა ადგილობრივი ჯიშის, დაბალტანიანი ცხენი და შავკანიანი გამყოლი.
მისივე დახმარებით შევიძინე რევოლვერი, მოკლე ლულიანი თოფი და გავემგზავრე.
მიუხედავათ იმისა, რომ ოქტომბერი იყო, საკმაოდ ცხელოდა. ჩემი ცხენი შესანიშნავი თოხარიკი გამოდგა. ჰაერი გაჟღენთილი იყო უცხო ყვავილთა სურნელებით. ფართოდ გაშლილ უღრუბლო ცას კრიალი გაუდიოდა. ირგვლივ თვალს იტაცებდა ტროპიკული ტყე. ქოქოსის მაღალი, მწვანე ხეები ლურჯ ცის თაღებს წვდებოდნენ. ტყეში გაბმით ისმოდა ჭრელი ჩიტების ჟღურტული. ათასგვარი ფერის ბუმბულით შემოსილი თუთიყუშები გაოცებით მადევნებდნენ თვალს.
შუადღისას მზე საოცრად გავარვარდა. გადმოვხტი ცხენიდან და შევედი ღრმად ტყეში, რომ ცოტა სული მომეთქვა.
უცებ გამოჩნდა მომცრო ტაფობი და გაოცებული შევდექი:
პატარა მაკაკები თავდავიწყებით დარბოდნენ, თითქოს თვალხუჭობანას თამაშობენო. ზოგი კუდით ეკიდა ტოტზე და ქანაობდა.დაუფიქრებლად მყისვე ამოვიღე რევოლვერი და ვესროლე ერთ მაიმუნს.
დაჭრილმა საშინლად, ბავშვურად იყვირა. მიცვივდნენ სხვა მაკაკები და მომაკვდავს ზრიალით გარს შემოეხვივნენ.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჩემი გამყოლი კი იცინოდა.
მაშინვე გამოვედი ისევ გზაზე, რომელიც შუაგულ ტყეში იყო გაჭრილი.
კარგახანს ვიარეთ.
ოდნავ დაჰქროლა ნიავმა და გზისპირას ჩარიგებული ხეების ფოთლები ააშრიალა. ცას ახლა მწიფე ატმის ფერი გადაჰკვროდა. ყოველივე თვალის მომტაცი ფერებით იყო შემკული.
მხლებელი უკან მოდიოდა და რაღაცას ღიღინებდა.
ჩემი ცხენი უეცრად შედგა და გაქვავდა. მოულოდნელად შეჩერების გამო ლამის უნაგირიდან გადმოვვარდი. გაკვირვებულმა ირგვლივ მიმოვიხედე, არაფერი არ ჩანდა. ათრთოლებულ ცხენს დეზი ვკარი, მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარი. ამ დროს წამომეწია შეშინებული გამყოლი და მან დამანახვა საშინელი სურათი: ჩვენგან კარგა მოშორებით გზაზე გარდიგარდმო იწვა უზარმაზარი რუხი მახრჩობელა გველი. ბოლო გზის ერთ ნაპირის ტყეში ჰქონდა, თავი მეორე ნაპირის ბუჩქებში.
გველს ეძინა და ეს იყო ჩვენი ხსნა. ცხენები განზე მივაბრუნეთ და ელვის სისწრაფით გავკურცხლეთ. მათ აღარჭირდებოდათ წაქეზება, თავისთავად მთელი სისწრაფით მიჰქროდნენ.
მე არა ვარ მშიშარა, მაგრამ ამ საოცრების დანახვამ თავგზა ამიბნია. ცხოველური შიშის გამო ყოველი კუნთი მითრთოდა.
გამოჩნდა განმარტოებული ფერმა და ჩვენ გიჟებივით შევაგელვეთ მასში ცხენები. ფერმის პატრონებმა თავაზიანად მიგვიღეს. ავუხსენით რის გამოც ვიყავით ასე შეშფოთებულნი. ცოტა არ იყოს, მასპინძლებიც შეკრთნენ. შემიყვანეს ერთ მომცრო ოთახში, გამყოლი კი გარეთ დარჩა გაქაფული ცხენების მოსავლელად.
კვლავ მახრჩობელა გველი მელანდებოდა.
ბეწვზე გადავრჩით. რომ არ ძინებოდა, მის გაგან-ტურ ხახტომებს, რა თქმა უნდა, ვერ გავასწრებდით. ამ საშინელი ცხოველის ერთი დანახვაც კი ყოველგვარ მხეცს, მათ შორის ლომებსაც, ძრწოლას გვრის.
ცოტა დავისვენე. გონს მოვედი. გამყოლი მოვიკითხე, იგი, თურმე სამზარეულოში იყო და მადიანათ შეექცეოდა სადილს.
მეც მალე მიმიწვიეს სასადილოდ.
ჩემს მასპინძელს 5 შვილი ყავდა, ორი მათგანი ქალი იყო, ასე 15-17 წლის. სუფთა ოთახში მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინის გვერდით ყვავილებიანი თიხის ლარნაკი იდგა.
სადილის წინ მასპინძელმა ბიბლია გაშალა და ამ დღისათვის შესაფერი თავი წაიკითხა. მერმე უფროსმა ვაჟმა ლოცვა წარმოსთქვა, რის შემდეგაც შემოვუსხედით სუფრას. საჭმელი გლეხური – მსუყე და გემრიელი იყო.
მთელმა ოჯახმა პირველი ჭიქით ჩემი სადღეგრძელო შესვა.
სადილის შემდეგ მასპინძელს ვთხოვე ეჩვენებინა ჩემთვის თავის მეურნეობა.
გავედით გარეთ.
დიდი, სუფთა ეზოს ირგვლივ გარს ერტყა უხეშად მოჭრილი ქვის მაღალი ღობე. ეზოს ერთ ყურეში თივის ზვინები შევნიშნე. მის მახლობლად თავლა იყო გამართული, იქვე ორთვალიანი ბოსელი იდგა, ერთ დიდ თვალში სუფთა ბაგაზე ორი ჯიშიანი ძროხა ება, მეორე თვალში ხბოებს ამწყვდევდნენ. ყველგან ყველაფერი კრიალებდა. თავლასა და ბოსელში ელექტრონი იყო გაყვანილი.
მეორე მხარეს მოწყობილი იყო საკმაოდ დიდი ფარეხი.
ჩემი მასპინძელი ტიპიური ჰოლანდიელი იყო, რემბრანდტის ფუნჯით დახატული. ფრანგულად ლაპარაკი უჭირდა. შემომჩივლა, რომ ამ ბოლო დროს მის ფერმას შეჩვევია საოცარი სიდიდის ვეფხვი და რამდენიმე ცხვარი უკვე მოუტაცნია. იგი აგრეთვე წუხდა ინგლისელების მიერ ომის გამოცხადების გამო. კარს მომდგარი ორივე ეს საშიშროება ეტყობოდა მას ძლიერ აშფოთებდა.როცა მთელი კარ-მიდამო დავათვალიერე, მასპინძელმა მირჩია დამესვენა. მართლაც, ძლიერ დაღლილი ვიყავი და თანაც შიშნაჭამი, ამიტომ მაშინვე შევედი ჩემთვის განკუთვნილ ოთახში, მაგრამ ვერ დავიძინე და მზის ჩასვლისთანავე ზეზე წამოვდექი. ცხელი დღე შეიცვალა გრილი ღამით. ფანჯრებიდან გავხედე ცას.
იგი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მაგრამ ბრწყინვალე ცა ერთბაშად დაბნელდა და ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი.
დედამიწა ირყეოდა. წამდაუწუმ თვალის მომკვეთად ელავდა. მალე წამოვიდა კოკისპირული ტროპიკული თქეში. ჭექა-ქუხილი გრძელდებოდა. ცისა და მიწის ზანზარს თან ერთვოდა გარეული მხეცების ღმუილი.
შემოვიდა მასპინძელი და მიმიწვია ყავაზე. ყავა შესანიშნავი იყო. მისი დამათრობელი სურნელება მთელ ოთახში იდგა. გაიმართა საუბარი. დამიწყეს ფრთხილად გამოკითხვა: ვინა ვარ და რა მინდა მათ რესპუბლიკაში. თანაც თვალს არ აშორებდნენ ჩემს ჩაცმულობას.
მე სიამოვნებით დავაკმაყოფილე მათი სრულიად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ხოლო როცა განვაცხადე, რისთვისაც ვიყავი ჩასული, ოჯახის წევრები მაშინვე წამოდგნენ და დიდი მოწიწებით სათითაოდ ჩამომართვეს ხელი.
უცებ ზედ სახლის კარებთან გაისმა გაბმული ღრიალი, რამაც ყველას ფერი გაგვიკრთო.
მყისვე ფეხზე წამოვხტი, მეორე ოთახში დატოვებული თოფი გამოვარბენინე და მიუხედავად მასპინძლების წინააღმდეგობისა კარი გამოვაღე. უკვე აღარ წვიმდა, მთვარისაგან ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. თვალი მოვკარი ვეფხვს. მისი შავფორეჯებიანი ოქროსფერი ტანი ათასფერად ლივლივებდა მთვარის შუქზე.
დავუმიხნე და ვესროლე. სროლის ხმასთან ერთად გაისმა საშინელი ღრიალი. ვესროლე მეორეჯერაც. ვეფხვი კიდევ ერთხელ შეხტა და მიწაზე უსულოდ დაეცა.
ეს უკვე ტარიელის გმირობას უდრიდა და მე საკუთარი თავით მეტად კმაყოფილმა დავაპირე სახლში შეხვლა, მაგრამ კარები დაკეტილი დამხვდა.
– ნუ გეშინიათ, გააღეთ, ვეფხვი მოკლულია! – რატომღაც ყვირილით მივმართე შეშინებულ მასპინძლებს.
გაბედეს გარეთ გამოსვლა.
მე კი დასაძინებლად შევედი შინ.
დილის 6 საათზე უკვე მეღვიძა. ოჯახის წევრები საუზმეზე მელოდებოდნენ.
კვლავ ბიბლიის კითხვა და ლოცვის წარმოთქმა.
გულდაგულ ვისაუზმეთ, რის შემდეგ მასპინძლებს დიდი მადლობა მოვახსენე და ეზოში გავედი. ჩემს გამყოლს ცხენები უკვე სამგზავროდ მოემზა- დებია.
ფერმის პატრონმა სამახსოვროდ მომართვა წუხელი ჩემს მიერ მოკლული ვეფხვის ტყავი.
ეს მართლაც დიდი საჩუქარი იყო და გახარებულმა მასპინძელი ლამის გადავკოცნე.
ამ დროს ჭიშკარს მოადგა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ჩემს მასპინძელს თხოვა თავის ხვედრი ფული ვადაზე ადრე გადაეხადა, და აგრეთვე შეძლებისამებრ, სურსათ-სანოვაგე ჩაებარებია ჯარის გამოსაკვებად.
ოჯახის უფროსი მაშინვე შეუდგა რესპუბლიკის წინაშე თავის წმინდა მოვალეობის მოსახდელად საჭირო თადარიგს.
ხელისუფლების წარმომადგენელს გამოველაპარაკე. მისი სიტყვიდან გავიგე, თავდაცვის ხაზიდან პრეზიდენტი გუშინ საღამოს დაბრუნებულიყო იოჰანესბურგში და უკვე პრეტორიაში გამგზავრებულიყო. გადავწყვიტე აქედან მეც პირდაპირ პრეტორიაში წავსულიყავი.
მანვე მასწავლა, თუ რომელი გზით უფრო უხიფათო იქნებოდა ჩემი უკან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა ინგლისელების განლაგების ზონაში მოვხვედრილიყავი.
დავემშვიდობე ყველას და გავუდექი გზას. მიუხედავად წუხანდელი თქეშისა, მიწა ამ დილით მთლად მშრალი იყო. ტყეში ფოთოლიც არ ირხეოდა. დიდი ბობოქრობის შემდეგ ბუნება თითქოს ისვენებდა.
მზე კარგა მაღლა იყო წამოსული, მაგრამ გუშინდელთან შედარებით გაცილებით გრილოდა. ინგლისელებისა და მახრჩობელა გველის შიშით, მე და ჩემი გამყოლი ახლა უკან ვბრუნდებოდით სულ სხვა მიმართულებით, რის გამოც ზოგან გაუვლელი ადგილების გადალახვაც გვიხდებოდა, რაც აბრკოლებდა ჩვენს მგზავრობას.
მხოლოდ მზის ჩასვლისას მივაღწიეთ პრეტორიას. სასტუმროში მისვლისთანავე სასტუმროს პატრონს ვთხოვე გაეგო, თუ როდის შეიძლებოდა მენახა პრეზიდენტი.
– რა თქმა უნდა, დღეს აღარ მოხერხდება მისი ნახვა. მიუხედავად ყოველგვარი მდგომარეობისა, პრეზიდენტი მუდამ საღამოს 7 საათზე წვება და დილის 3 საათზე დგება. შემიძლია გავიგო მხოლოდ ხვალ რა დროს ისურვებს იგი თქვენს მიღებას, – მითხრა მან და წავიდა.
მალე დაბრუნდა.
– ვნახე ძალუა სამა, – მაცნობა მან ალერსიანად, – მისი სიტყვით, პრეზიდენტს შეგიძლიათ ეახლოთ მხოლოდ ზეგ, ორშაბათს, დილის 11 საათზე.
– სამა ვინაა? – ვკითხე მე.
გამოირკვა, რომ ბურები თავის მოხუც პრეზიდენტს, კრიუგერს, ეძახოდნენ ბიძია პავლეს, ხოლო მის მეუღლეს – ძალუა სამას.
ზეგამდე გაძლება არ გინდოდა?
მეორე დღეს კვირა იყო. ამ დღეს ყოველი ბური მხოლოდ ეკლესიაშია და მერმე თავის ოჯახში. ესაა კულტი. კვირაობით არც ერთ უცხო კაცს არ იღებენ. არც გარეშე ამბებზე მსჯელობენ. ეკლესიაში ლოცულობენ, ოჯახში ისვენებენ და აქაც სასოებით არიან გამსჭვალულნი. როგორც ჩანს, ახლაც, ომის პირობებში, ამ წესს არ არღვევენ, თორემ ძალუა სამა ხვალვე უთუოდ მომიწყობდა პრეზიდენტთან შეხვედრის საქმეს.
გულდაწყვეტილი დავწექი. გუშინ და დღეს მგზავრობითა და განცდილით დაღლილს ღრმად ჩამეძინა.
დილის 8 საათზე სასტუმროს პატრონმა გამაღვიძადა მირჩია, თუ პრეზიდენტის დანახვა მინდოდა, გავჩერებულიყავი ფანჯარასთან.
დაუყოვნებლივ წამოვდექი.
სასტუმრო ისეთ ადგილზე იყოს, რომ ეკლესიაში ლოცვის მსურველს უთუოდ მის წინ უნდა გაევლო. პატარა ტაძარი ძველ ჰოლანდიურ ხუროთმოძღვრების ნიმუშს წარმოადგენდა. მღვდელთმსახურებაც ჰოლანდიურ ენაზე წარმოებდა. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ბურების სახელმწიფო ენად ითვლებოდა ჰოლანდიური.
გაფაციცებით ვიცქირები ფანჯარაში.
აი, გამოჩნდა ეკლესიისაკენ მიმავალი პრეზიდენტის ამალა. წინ მოუძღვება კრიუგერი, მაღალი, მხარბეჭიანი მხნე მოხუცი, რომელსაც მკლავდამკლავ მოყავს თავის მეუღლე. პრეზიდენტის მეუღლე ქმარზე უფრო დაბალია და გამხდარი. იგი წარმოშობით ფრანგი-ჰუგენოტია, და მრავალი შვილის დედა.
მათ უკან, დაშორებით, მოყვებათ სამი წარჩინებული სამხედრო პირი – ჟუბერი, კრონიე და დელარეი. შემდეგ მოდიან სხვადასხვა თანამდებობის პირნი და პრეზიდენტის ოჯახის წევრები. მთელ ამ ამალას, როგორც მცველები, ირგვლივ არტყია თეთრ მუნდირებში გამოწყობილი ბური ოფიცრების წრე.
გადავწყვიტე მეც წავსულიყავი ეკლესიაში.
– უხერხული ხომ არ იქნება, ან თავხედობათ ხომ არ ჩამეთვლება უცხო ეროვნებისა და სარწმუნოების კაცი თქვენს ეკლესიაში წავიდე? – ვკითხე სასტუმროს პატრონს.
მან დამარწმუნა – მლოცველ ბურებს ეს სასიამოვნოდაც დარჩებათო. გავხსენი ჩემოდანი და ამოვიღე ახალთახალი ჩოხაახალუხი, მე იგი ამ დღეს პირველად ჩავიცვი. არა თუ რევოლვერი, ხანჯალიც კი არ დამიკიდია.
სასტუმროს პატრონიც წამომყვა. როდესაც ეკლესიის ზღურბლს გადავაბიჯეთ, საკმე8ველის მძაფრი სურნელი ვიგრძენით. ყველა სკამი დაკავებული აღმოჩნდა. მლოცველები გართული იყვნენ ლოცვაში და ჩვენი მისვლა არც კი გაუგიათ.განმარტოებით, ფრთხილად დავდექით კუთხეში.
ორღანო რაღაც ღვთის სადიდებელ მელოდიას უკრავდა. მალე ორღანოს ხმაზე მლოცველებმა დაიწყეს ამ დღისათვის განკუთვნილი ფსალმუნის გალობა. ეტყობოდა, ყველა განსაკუთრებული ექსტაზით იყო მოცული და იმავე დროს ყველას იმედი ჰქონდა – ღმერთი უთუოდ გაამარჯვებინებდათ მტერზე.
დამთავრდა წირვა.
ხალხმა წყნარად დაიწყო ეკლესიიდან გასვლა. ისე მოხდა, რომ მე და ჩემი სასტუმროს პატრონი სულ ახლოს აღმოვჩნდით ძალუა სამასთან. ამით ისარგებლა მან და გამაცნო პრეზიდენტის თანამეცხედრეს. სანამ დედობრივი კილოთი მთხოვა ხვალ, 11 საათზე უთუოდ ვწვევოდი მის მეუღლეს.
მე დიდი მადლობა მოვახსენე და განზე გავდექი. პრეზიდენტი და მისი მხლებლები იმავე წესით გაემართნენ შინისაკენ, როგორც მოვიდნენ ეკლესიაში.
ძალუა სამამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იგი უყვარდათ არა მარტო ბურებს, არამედ, რაც მეტად საკვირველია, ინგლისელებსაც. თუ გადმოცემის მიხედვით განვსჯით, ის თითქოს არ იყო მიწიერი არსება. ეს მოხუცი კეთილი ქალი მტერსა და მოყვარეს ერთნაირი მზრუნველობით ექცეოდა და ყველას მწუხარებას თავის მწუხარებად თვლიდა.
იგი გულწრფელად ლოცულობდა, როგორც ბურების, ისე ინგლისელების საკეთილდღეოთ, რასაც მას საერთოდ ადამიანის სიყვარული უკარნახებდა. იგი ცხარე ცრემლით დატიროდა ორივე მხარის მიერ გაღებულ მსხვერპლს, რის გამოც მას დიდათ პატივს ცემდნენ ბურების ისეთი მოძულე ინგლისელი გენერლებიც კი, როგორიც იყვნენ რობერტსი და კიტჩენერი.
ეს სათნო ადამიანი ჭირსა და ლხინში თავის მეუღლის განუყრელი მეგობარი და კეთილი აზრების შთამაგონებელი იყო. ამიტომაც მისმა სიკვდილმა დიდი მწუხარება გამოიწვია, როგორც მოხუც პრეზიდენტში, ისე თითოეულ ბურში.
სამა გარდაიცვალა 1900 წელს, ივნისის პირველ რიცხვებში, წყალმანკისაგან. ამ დროს პრეზიდენტი ევროპაში იყო, რათა ევროპის სახელმწიფოებს დახმარება გაეწია ბერებისათვის და მათი რესპუბლიკა ეხსნათ ინგლისელების უღლისაგან.
ინგლისელებმა ყაჩაღურად დაარღვიეს საერთაშორისო წესი და ჰააგის კონფერენციის დადგენილება. მოხუც კრიუგერს არ ეგონა, თუ ამ კონფერენციის დადგენილება იყო უბრალო, ლიტონი სიტყვა და ამიტომ ელოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ევროპა ჩაერეოდა ორთა ბრძოლაში და დაიცავდა სრულებით უდანაშაულო ბურების უფლებებს.
მაგრამ ამაო იკო კრიუგერის ოცნება!
იგი იმედგაცრუებული დაბრუნდა თავის რესპულიკაში. მაგრამ ქედი როდი მოუხრია საშიშროების წინაშე! იგი ახალი ძალით შეუდგა ქვეყნის დაცვის საქმეს.
მას ღრმად წამდა, რომ სიმართლე უთუოდ გაიმარჯვებდა, სიმართლე კი ბურების მხარეზე იყო. მან ამაყად ასწია ჭაღარა თავი და თანამემამულეთ მოუწოდა უკანასკნელი სისხლის წვეთამდე ებრძოლათ ბოროტების წინააღმდეგ.
კრიუგერი იყო ნამდვილი ციცინატი. როგორც ციცინატი, იგი ომის დროს ომობდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს უბრალო გლეხივით მუშაობდა მინდვრად. მაგალითად, კრიუგერი პირადათ იღებდა მონაწილეობას ინგლისელების მიერ აჯანყებულ კაფრების წინააღმდეგ ომში, ხოლო 1880 წელს ებრძოდა ინგლისელებს, ახლაც იგი ნახევარჯერ ფრონტზე იყო.
აქვე მინდა მკითხველს ვუამბო კრიუგერის უკანასკნელი ცხოვრების ერთი ეპიზოდი.
ქვრივი პრეზიდენტი შეუყვარდა სიცოცხლით სავსე, სრულიად ახალგაზრდა ერთ ფრანგ ქალს, რომელსაც აგრეთვე ერქვა სამა. იგი მეტად ლამაზი იყო და აუარებელი თაყვანისმცემლები ეხვია მუდამ ირგვლივ, მაგრამ მან ყველას არჩია კრიუგერი.
კრიუგერმა იგი შეირთო.
რამდენადაც ვიცი, მოხუც პრეზიდენტს ძლიერ უყვარდა თავის ახალგაზრდა ცოლი და ხშირად ეჭვიანობდა კიდეც.
ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ამბების თანამიმდევრობას გადავუხვიე.
გათენდა ორშაბათი.
მე და ჩემი სასტუმროს პატრონი, რომელიც თარჯიმანის მაგივრობის გასაწევად წავიყვანე, ისეთი ვარაუდით გავედით სასტუმროდან, რომ სრულ 11 საათზე უთუოდ პრეზიდენტის სასახლეში ვყოფილიყავით, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სასახლის ნაცვლად მივადექით ერთ სადა სააგარაკო სახლს. სახლი იდგა ბაღში და შესავალში მას მწოლიარე მარმარილოს ორი ლომის ქანდაკება ამშვენებდა.
ეს იყო და ეს სხვა სახლებისაგან ამ სახლის განმასხვავებელი სამკაული.
სადღესასწაულოდ გამოწყობილი გუშაგები შიშველი ხმლებით იდგნენ სახლის წინ. სალუტით შეგვეგებენ.
ცხადია, ეს ჩემს პატივსაცემად იყო გამართული, მაგრამ რა დამსახურებისათვის?
სასტუმროს პატრონს უნდოდა ჩამომშორებოდა, მაგრამ გავაფრთხილე არ მომცილებოდა, რადგან კრიუგერთან საუბარს მისი დახმარების გარეშე ვერ მოვახერხებდი. მან კარგად იცოდა ჰოლანდიურიც, კრიუგერი კი მხოლოდ ამ ენაზე ლაპარაკობდა.
საკვირველია, მაგრამ პრეზიდენტმა სხვა ენა არ იცოდა, ამიტომ ევროპაში მოგზაურობის დროს თან დაყავდა თავის მდივან-მწიგნობარი რეიცი, ან თავის მეგობარი, მეზობელ რესპუბლიკის ორანჟის პრეზიდენტი შტეინი. შტეინი კრიუგერზე გაცილებით ახალგაზრდა იყო და დიდათ უყვარდა მოხუცი მეგობარი.
როგორც კრიუგერს, მასაც ძლიერ ძულდა ინგლისელები, მიუხედავათ იმისა, რომ კრიუგერისაგან განსხვავებით, შტეინს განათლება მიღებული ჰქონდა ინგლისში.
მართალია კრიუგერმა არ იცოდა ინგლისური ენა, მაგრამ როგორც შტეინი, ისიც კარგად იცნობდა ინგლისის იმპერიალიზმის წარმომადგენლების – დიზრაელების და ჩემბერლენის პოლიტიკას.
ოთახი, სადაც ღრმა სავარძელში იჯდა კრიუგერი და ხელში ყავით სავსე დიდი ფინჯანი ეჭირა, საკმაოდ ვრცელი იყო. როგორც კი შევედი, პრეზიდენტმა თავიასწია და შედარებით პატარა, მაგრამ ჭკვიანური თვალები გაოცებით მომაპყრო. მერმე ფინჯანისაგან ხელი გაიცალა და სწრაფად წამოდგა. მე მყისვე მივედი და ხელი ჩამოვართვი.
კარგახანს მიცქერდა. ახლა ქულაჯა მეცვა. ეტყობოდა ჩემმა ჩაცმულობამ ძლიერ გააკვირვა. დავსხედით.
დამიწყო თავაზიანი საუბარი. ჩემმა ვინაობამ იგი კიდევ უფრო გააოცა. ქართველი და საქართველო მას, თურმე, არასოდეს გაეგონა. ცოტა მეწყინა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეც არ ვიცოდი აქამდე ბურების არსებობა და მხოლოდ სულ ბოლოს გავიცანი მათი ხალხი და ქვეყანა, ისიც ჯერ კიდევ არა საკმაოდ.
ყველაფერი ეს პირდაპირ ვუთხარი, რაც მას არა თუ ეთაკილა, არამედ ჩემი გულახდილობა მოეწონა, რის დასამტკიცებლადაც კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი.
ამის შემდეგ მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შორეულ საქართველოდან ჩამოვედი მათ დასახმარებლად და ვთხოვე მივეღე მოხალისედ რესპუბლიკის ჯარში.
ამ ამბავმა მეტად გაახარა მოხუცი, იგი კვლავ წამოდგა და თარჯიმანს უთხრა – ჩემთვის გადმოეცა მისი და ყველა ბურის უღრმესი მადლობა. შემდეგ გამოიხმო „ძალუა სამა“, რომელიც, ჩემდა გასაოცად) რევერანსით მომესალმა, რაც სრულებით არ შეეფერებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, მით უფრო მის ასაკში მყოფ მანდილოსანს.
კრიუგერმა მეუღლეს აცნობა ვინც ვიყავი და თანაც განუმარტა ჩემი სტუმრობის მიზანი. გახარებულმა სამამ, მადლობის ნიშნად, თავის ხელით გამომიტანა ყავა.
როცა დიასახლისი გავიდა, კრიუგერს კვლავ ვთხოვე მივეღე მოხალისედ, მხოლოდ მოქმედ არმიის ისეთ ნაწილში გავეგზავნე, რომლის უფროსსაც ფრანგული ენა ეცოდინებოდა.
კრიუგერმა დარეკა ზარი. შემოვიდა ადიუტანტი. რაღაც უთხრა. ადიუტანტი მყისვე გაბრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოცხადდა სამი სამხედრო პირი. ერთი მათგანი იყო გენერალი ჟუბერი, ბურების შესანიშნავი მთავარსარდალი. იგი შიშის ზარს სცემდა ინგლისელების მიერ აჯანყებულ კაფრებსა და თვით ინგლისელებს.
სამხედრო მოღვაწეობის გრძელ მანძილზე მას არ უნახავსარც ერთი დამარცხება. ჟუბერს არა ერთხელ ჰქონდა მოვლილი გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია.
როგორც ყოველი ფრანგი-ჰუგენოტი, რომელსაც წინათ გამუდმებით დევნიდნენ, ჟუბერიც ცოტა ზედმეტად ფრთხილი და ეჭვიანი იყო ადამიანებისადმი. იმავე დროს მას მეტად ღრმად სწამდა ღმერთი და უყვარდა თავის ქვეყანა. ამ სიყვარულს სახელოვანი მხედართმთავარი უნერგავდა თავის მებრძოლებსაც.
რაც შეეხება გენერალ კრონიეს, მისთვის ომი გმირობისა და მოხერხებულობის ასპარეზი იყო. იგი განსა-
კუთრებით დიდ სიმარჯვესა და გამომგონებლობის უნარს იჩენდა მტრისაგან გარემოცვის პირობებში. ერთი შეხედვით, კრონიე სათნო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მხედრისათვის უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნობოდა მთელ მის აღნაგობაში. მაგრამ ნამდვილად მტრისათვის ღვთის რისხვას წარმოადგენდა.
იგი განაგებდა არტილერიის საქმეს და ყოველთვის ენერგიულად აქეზებდა თავის ხელქვეითებს – ჯოზეფ ჩემბერლენის ქუხილისათვის“ გამანადგურებელი გრგვინვით ეპასუხნათ.
ინგლისელები არა ერთხელ გაუკვირვებია კრონიეს თავის სამხედრო ტალანტით.
მესამე გენერალი დელარეი კი იყო ნამდვილი გიგანტი, უშიშარი, სამხედრო სულისკვეთებით მთლად გამსჭვალული. ზოგჯერ წრესგადასულ სიფიცხის გამო შეეძლო გაებედა მარტო შებრძოლებოდა ყველა ინგლისელს და როგორც გველები გაესრისა თავისი მაგარი ტერფებით. მას თავისი ტაქტიკით არა ერთხელ ჩაუყენებია ინგლისელები მძიმე მდგომარეობაში.
დელარეი რატომღაც ერთბაშად მომეწონა, ეტყობოდა მასაც თვალში მოუვედი. იგი სხვა ორ გენერალთან ერთად, მხედრის წესისამებრ, მხრებგასწორებული იდგა და ზოგჯერ, მგონი ჩემს შესახებ, რაღაცას მორიდებით ელაპარაკებოდა მათ.
როცა პრეზიდენტმა წარუდგინა გენერლებს ჩემი თავი და აცნობა, რისთვისაც ვიყავი შორეულ ქვეყნიდან აფრიკაში ჩასული, დელარეი მოვიდა ჩემთან და დიდიხნის უნახავი მეგობარივით ჩამომართვა ხელი, იმავე დროს წინადადება მომცა მასთან მემსახურა. მისი დივიზია შედიოდა კრონიეს არმიაში.
მე დიდი სიამოვნებით განვუცხადე თანხმობა.
დელარეიმ მითხრა გამოვცხადებულიყავი ხვალ, დილის 8 საათზე მისი დივიზიის შტაბში, რომელიც მახლობელ სახლში იყო მოთავსებული.
აუდიენცია დამთავრდა. როგორც უბრალო ჯარისკაცი შორიდან დავემშვიდობე ყველას და დავაპირე წასვლა, მაგრამ კრიუგერმა შემაჩერა, მოვიდა და მომეხვია.
ვიგრძენი მშობლიური მამის სითბო და გული ამიჩქროლდა. მოხუცი მეხვეოდა და თარჯიმანის მეშვეობით მიხდიდა მადლობას, მთავაზობდა ფულს, მამულს.
მე, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. თან დავურთე, რომ ყოველგვარი ანგარი განზრახვის გარეშე გამოვიარე ამოდენი გზა და გულწრფელად მსურდა დავხმარებოდი ბურებს.
კრიუგერმა ბოლოს მთხოვა, ხვალ დელარეიდან მასთან შემევლო და დამელია ერთი ფინჯანი ყავა.
როგორც შემდეგ გავიგე ეს იყო დიდი პატივისცემის ნიშანი. ყველას როდი ჰქონდა ბედნიერება პრეზიდენტის ასეთი მასპინძლობის ღირსი გამხდარიყო.
თვითონ კრიუგერი მთელი დღე სვამდა ყავას და ეწეოდა ყალიონს.
მეორე დილას წავედი დელარეის შტაბში.
ბურებს, როგორც მის პრეზიდენტს, არასოდეს გაეგონათ საქართველო და ქართველი, მაშასადამე ჩემი გვარიც მათ არაფერს ეუბნებოდათ, მაგრამ პრინცის ტიტულმა კი საოცრად დიდი აღტაცება გამოიწვია შტაბში, ბედნიერი ღიმილით ჩამომართვეს ხელი და თან იმეორებდნენ: „პრინცი, პრინცი“.
გაკვირვებული ვიდექი. როგორც შემდეგ გამოირკვა, ბურებს ეგონათ მათ რიგებში პრინცის ყოფნა ეს იქნებოდა ევროპის თვალში კიდევ ერთი ზედმეტი საბუთი იმისა, რომ ინგლისელების წინააღმდეგ მათი ბრძოლა იყო ბრძოლა სამართლიანი.
ეს, მეტი რომ არ ვთქვათ, წარმოადგენდა ნამდვილ ბავშვურ გულუბრყვილობას. მოვლენების სწორედ ასეთმა მიამიტურმა შეფასებამ მიიყვანა ბოლოს ბურები სა-ვალალო მდგომარეობამდე. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ.
მივიღე ბური ჯარისკაცისათვის შესაფერი ტანისამოსი – ევროპული ყაიდის კოსტუმი და კეპი. მართალი გითხრათ, არაფრად მესიამოვნა, როცა ამ ტანისამოსში წარმოვიდგინე თავი. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ჩემი ქულაჯით ან ჩოხა-ახალუხით ხომ ვერ წავიდოდი ფრონტზე.
ახალი მორთულობა სასტუმროში გავგზავნე, თვითონ, გუშინდელ დაპირებისამებრ, გავეშურე პრეზიდენტთან. ისევ ქულაჯა მეცვა, რის გამოც კმაყოფილი დავრჩი, რადგან გამოირკვა კრიუგერს ამ დილით ჩემთან სურათის გადაღება ნდომებოდა.
მოვიდა ფოტოგრაფი. პატარა მაგიდასთან შუა ადგილას დამსვეს. მაგიდაზე ყავის ჭურჭელი ეწყო. პრეზიდენტი და მისი მეუღლე აქეთ-იქიდან მომისხდნენ. სურათის გადაღების პროცესი მოხუც პრეზიდენტს მეტად მოწონდა, იგი ცოლს მხიარულად ელაპარაკებოდა და თან ისე გულიანად იცინოდა, თითქოს ინგლისელები ქვეყნად სულ არ არსებულიყვნენ და არც სადმე ომი ყოფილიყო.
შევსვით ყავა. როგორც მშობლებს, გულთბილად დავემშვიდობე მოხუც ცოლ-ქმარს და წავედი. ტალანში შევხვდი დელარეის, დავპატიჟე სადილად, მაგრამ მოუცლელობის გამო თავაზიანი უარი მითხრა, იმავე დროს გამაფრთხილა – სრულ ხუთ საათზე შტაბში ვყოფილიყავი, რომ აგრილებისთანავე ფრონტზე გავმგზავრებულიყავით.
ჩემი სასტუმროს პატრონის დახმარებით ვიყიდე საკუთარი ფულით კარგი ცხენი, ჩავიცვი ნამდვილ ბურისებურად და სასტუმროს პატრონს გავუმართე სადილი, რის დროსაც დიდი მადლობა მოვახსენე გაწეული დახმარებისა და მზრუნველობისთვის.
დანიშნულ დროს მივედი დელარეის შტაბში და მასთან ერთად მალე დავტოვე პატრიარქალური პრეტორია.
თბილი, ნელი სიო ქროდა. ოდნავ ირხეოდა პალმების ხეივნის წვეროები. შორს მოჩანდა დაისით ვარდისფრად აელვარებული ლაჟვარდი. ბინდი შეუმჩნევლად ეპარებოდა მიდამოს და მხურვალე მიწა გრილი ხდებოდა.
სიჩუმე ისადგურებდა. უკვე აღარ ისმოდა ფრინვე-ლების ჟრიამული. ბნელი ღამე ჩამოწვა. ცაზე ერთი ვარსკვლავიც არსად კიაფობდა. გამალებული მივქროდით. ჩვენს ცხენებს თითქოს ფრთები ესხათ, ნიადაგს ფლოქვებს არ აკარებდნენ.
„აი ბანაკიც“, – ამბობს დელარეი. მე გაკვირვებით დავიწყე ცქერა აქეთ-იქით, რომ იქნებ ღამეში თეთრი კარვების ანარეკლი მაინც დამენახა. მსგავსიც არაფერი ჩანდა. ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა.
არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა – გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მისვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფარნები, მაგრამ მალე ისევ ტყე ბნელმა შთანთქა. ჩვენთან დარჩა ორი-სამი კაცი. გადმოვხტით ცხენებიდან. დელარეი მაცნობს მათ და მოკლედ უხსნის, თუ რისთვისაც მივედი ბანაკში.
შევდივართ პალმებისაგან გაკეთებულ კარავში. თავი რობინზონი მგონია, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მარტო არ ვარ და ირგვლივ მახვევია შავწვერიანი გოლიათები, რომლებიც მეტად თავაზიანად მეპყრობიან.
ერთი მათგანი ცარიელ ყუთებს გვთავაზობს, რომ დავისვენოთ. მალე ვახშამიც მოგვიტანეს. მართალია, კონსერვი თვალის დასანახავად მეზარება, მაგრამ აუცილებელია აქედანვე შევეჩვიო მას, ორი დღით ხომ არ ვარ მოსული ამ ტყეში!
დამხვდურთა საუბრიდან ვატყობ, ბურები პარტიზანულ ომს განაგრძობენ და ერიდებიან გადამწყვეტი, ან ნახევრად გადამწყვეტი ხასიათის ბრძოლებს. ეს გამოწვეულია მათი მცირე რიცხვისა და რეგულარული ჯარის უყოლობის გამო.
ისინი თითქმის, როგორც პანსიონერები, ისე არიან ფრონტზე, მრავალი მათგანი შაბათ საღამოს ორშაბათ დილამდე მიდის თავის ფერმაში, რითაც არევ-დარევა შეაქვთ ჯარში და იმავე დროს მტერს საშუალებას აძლევენ მთელი კვირის განმავლობაში ბრძოლით მოქანცულმა ახალი ძალა მოიკრიბოს.
გენერალმა ბოტამ ამის აღსაკვეთად რამდენიმე გამოუსწორებელი დეზორგანიზატორი დახვრიტა, ყველა დივიზიასთან ჩამოაყალიბა თავდადებული ახალგაზრდა ბურებისა და მტკიცე ხასიათის მოხუცთა ბატალიონები, მათში შეურია უცხოელ მოხალისეთა რაზმები და ამ ბატალიონებს დააკისრა დივიზიებში სრული წესრიგის დაცვა.
ჯარში დისციპლინის აღდგენას ხელი შეუწყვეს ქალებმაც. როცა ოჯახის ქალებმა გაიგეს, რომ მათი ქმრები და შვილები ზოგჯერ თვითნებურად ტოვებდნენ ფრონტს, საშინლად გაწყრნენ და ასეთებს შინ არ უშვებდნენ.
უნდა ითქვას, რომ ბურებს შესანიშნავი გენერლები ყავდათ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ გენერლებს გარდა, შემთხვევა მქონდა გავცნობოდი კიდევ მრავალ გმირ გენერალს, მათ შორის ნამდვილ აქილევსს. ეს იყო დე-ვეტა. მისი ენერგიული სახე, მუდამ ელვარე მჯიღის ოდენა თვალებით გაშუქებული, მოწიწებას იწვევდა მნახველებში.
დე-ვეტა ინგლისელებისთვის ყოველთვის მოულოდნელი უბედურება იყო. თითქოს მას უჩინ-მაჩინის ქუდი ხურებოდეს, სადაც არ ელოდნენ, სწორედ იქ დაატყდებოდა მტერს თავზე სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი.
დღე და ღამე ყველგან დე-ვეტა ელანდებოდათ.
დე-ვეტა ატარებდა ფრენჩისმაგვარ ტანისამოსს, თავზე ეხურა წითელ-ბაფთიანი და ფართოფარფლებიანი ქუდი. ასეთ ქუდებს ატარებდნენ მისი ოფიცრებიც.
მისი ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი თავის ჯარით, მუდამ მოძრაობდა ინგლისელების ჯარის პარალელურად, რის დროს მოულოდნელად თავს ესხმოდა მათ, იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს ძვირად უჯდებოდა.
გარდა ამისა, მოთარეშე რაზმების მეოხებით, მოპირდაპირეს გამუდმებით უნადგურებდა კომუნიკაციებს, სურსათ-სანოვაგეს და საჭურველის მიმწოდებელ ბაზებს.
იგი თავისი გაწვრთნილი მებრძოლებით ქარივით დაქროდა მტრის ახლომახლო, ხან ავანგარდში იყო, ხან არიერგარდში – იმისდა მიხედვით, თუ სად ითხოვდა მისდახმარებას მდგომარეობა.
დე-ვეტა ვერცხლის წყალივით მოძრაობდა და სულის ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა ინგლისელებს. მისი სახელი თავზარს ცემდა თითოეულ მათგანს. დე-ვეტა განათლებით იურისტი იყო.
დაუშრეტელი უნარის მქონე ორი გენერლის – დე-ვეტისა და ბოტას მისვლამ ჯარში, ბურების ძალ-ღონე გააორკეცა, თუმცა ფართო შეტევაზე გადასვლას მაინც არიდებდნენ ჯერ კიდევ თავს.
ბურების წინააღმდეგ ინგლისელების მიერ უსამართლოდ ატეხილმა ომმა დიდი აღშფოთება გამოიწვია მაშინდელ მსოფლიოს პროგრესულ ადამიანებში. ბურების დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან განუწყვეტლივ მოდიოდნენ მოხალისეთა რაზმები.
პოლკოვნიკ ვილბუა-დე-მორელის მეთაურობით დგებოდა ინტერნაციონალური პოლკი, რომელშიც უკვე ირიცხებოდა 1000 მოხალისე.
დელარეის და მის ხელქვეითებთან კარგა ხანს საუბრის შემდეგ გულში გადავწყვიტე, ჩავრიცხულიყავი ვოლონტერთა პოლკში. ალბათ, შუაღამე გადასული იყო, როცა დასაძინებლად დავიწყეთ მზადება, მაგრამ გველის მეშინია, აქ მორიელებიც ბევრია და შიშველ მიწაზე რა დამაძინებს?
ამ დავიდარაბაში რომ ვარ, შემოიტანეს დასაკეცგასახსნელი რკინის საწოლები და ზედ სუფთა ლოგინები გაშალეს. სული მოვითქვი, გაუხდელად დავწექი და მაშინვე ჩამეძინა.
* * * * * * *
ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ დაწყებული ომი ყოველგვარ ომზე უფრო საშინელი იყო. ეს იყო უბრალოდ ცინიკური სურვილი, მოესპოთ პატარა, მაგრამ მდიდარი სულის პატრონი ხალხი.ბურები კი თავის მხრით იჩენდნენ გასაოცარ სულგრძელობას. ტყვედ წამოყვანილ ინგლისელებს ბურები, როგორც სტუმრებს, ისე ეპყრობოდნენ, მალე კი მთლად ათავისუფლებდნენ.
გერმანელმა მოხალისე ოფიცრებმა კრიუგერს, მასთან შეხვედრის დროს, განუცხადეს: „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილო“, მაგრამ მოხუცმა პრეზიდენტმა მათი მოთხოვნილება არ გაიზიარა.
ამის გამო გერმანელებმა დატოვეს ბურების ჯარი და უკან დაბრუნდნენ.
ლმობიერად მოეპყრნენ ბურები უნისტონ ჩერჩილსაც რომელიც იმ ხანებში ტყვედ შეიპყრეს.
მე ერთხელ გენერალ ბოტას ბანაკში მოვხვდი. ჩემი იქ ყოფნის დროს მოიყვანეს ტყვედ ჩავარდნილი რამ-
დენიმე ინგლისელი. ერთი მათგანი იყო წითელ-ლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი, შემდეგში ყველასათვის ცნობილი უინსტონ ჩერჩილი. იგი მაშინ „მორნინგ პოსტის“ სამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ-აფრიკას და ითვლებოდა ბურების დაუძინებელ მტრის, სესილ როდსის დიდ თაყვანისმცემლად.
ბურებმა ეს ახალგაზრდა ტყვედ შეიპყრეს შემდეგ პირობებში: ჩერჩილი უნდა ჩასულიყო ლედსმიტში, მაგრამ ქალაქი ბურების მიერ ალყა შემორტყმული იყო. ინგლისელები შეეცადნენ ჯავშნიან მატარებლით ალყის გარღვევას, მაგრამ ბურებმა მატარებელი ხელთ ჩაიგდეს და სხვა რამდენიმე ინგლისელთან ერთად ჩერჩილიც ტყვედ წაიყვანეს.
ახალგაზრდა ტყვე ოფიცერი გერცოგის შთამომავალი აღმოჩნდა. დედამისი ამერიკელი ჟურნალისტის „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პატრონის, ჯერომის ქალი ყოფილიყო.
ჩერჩილი დაბადებულა 1874 წელს, მიუღია სამხედრო განათლება, მაგრამ პირველადვე, როგორც ვთქვით, ბედმა არ გაუღიმა და ტყვედ ჩავარდა.
გენერალმა ბოტამ ტყვეები ზურგში, პრეტორიაში გადააგზავნა, საიდანაც ჩერჩილმა იოლად მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა პორტუგალიის ბოღაზს – ლორენსო მარკოს, აქედან კი, როგორც შემდეგ გავიგე, იგი გადასულიყო ინგლისელების კოლონიაში, ნატალში.
რამდენიმე ხნის მერმე გენერალ ბოტას ბანაკიდანგენერალ დევეტას მოქმედ არმიაში მომიხდა ბრძოლა.
ერთ დღეს გენერალს გავუმჟღავნე ვილბუა-დე-მორელის პოლკში ჩარიცხვის სურვილი. მან მეგზურად გამატანა ერთ-ერთი ბური, რომელმაც შედარებით ჩქარა მიმიყვანა ვიღაცის დიდ ფერმაში, სადაც იმყოფებოდა პოლკოვნიკი ვილბუა.
ჩვენი შეხვედრა და გაცნობა იყო გულითადი. პოლკოვნიკმა ვილბუამ ბროსეს105) შრომების მეოხებით საქართველოზე ბევრი რამ იცოდა. განსაკუთრებით აინტერესებდა ბაგრატიონების ვინაობა, კერძოდ, პეტრე ივანეს-ძე ბაგრატიონის ბიოგრაფია.
შემდეგ განმიცხადა, რომ მნიშნავდა თავის ადიუტანტად, რამაც ძლიერ გამახარა. ბოლოს მაცნობა ინგლისის მთავრობის მიერ გენერალ რობერტსის გაწვევისა და მის ადგილას გენერალ კიტჩენერის დანიშვნის ამბავი. ვილბუას აზრით, კიტჩენერი მოსვლისთანავე შეეცდებოდა ბურები პარტიზანულ ომიდან გადასულიყვნენ პირდაპირ ბრძოლებზე.
– ეს კი დააჩქარებდა ბურების „ყოფნა არ ყოფნის“ საკითხის გადაჭრას, – დაურთო მან.
ბურებმა იცოდნენ, რომ ახლოვდებოდა ეს წამი და დღეღამე ემზადებოდნენ გამოცდილ გენერლის კიტჩენერის დასახვედრად.
ინგლისელები ყოველგვარ ძალადობას მიმართავდნენ, რათა გაეტეხათ ბურების მხნეობა. დაპყრობილ ადგილებიდან ქალსა და ბავშვებს ერეკებოდნენ არა ტყვეთა ბანაკებში, არამედ პირდაპირ სასაფლაოზე.
ყველაზე საშინელი ადგილი იყო, ე. წ. კიმბერლეი.
იქ ალმასის საბადოებში უჭმელ-უსმელ ბავშვებსა და ქალებს საშინელ სიცხეში ამუშავებდნენ. საბადოების პატრონები მდიდრდებოდნენ საათობით, ბურების დედები, შვილები და ცოლები კი ბუზებივით იხოცებოდნენ.
ბურების მხარეზე გადმოსული შოტლანდიელის სიტყვით, პოლკოვნიკმა ვილბუამ, რომელმაც კარგად იცოდა ინგლისური ენაც, გაიგო, რომ კიტჩენერი ემზადებოდა დელარეის დივიზიისათვის ალყის შემოსარტყმელად დამის გასანადგურებლად. ამ დივიზიაში შედიოდა ჩვენი პოლკიც.
ნათქვამის შესამოწმებლად და კიტჩენერის ჯარის მოძრაობის დასაზვერავად, პოლკოვნიკმა ვილბუამ ჩემი მეთაურობით გამოყო პატარა რაზმი. რაზმში ჩემს გარდა შედიოდა ფრანგი გრაფი ბრედა და ვაჟკაცური გამომეტყველების რამდენიმე შვედი ოფიცერი.
როცა კარგად შეღამდა, გავუდექით გზას. მეგონა, ყოველ ტროპიკულ ბუჩქიდან ვეფხვი გვითვალთვალებდა და ემზადებოდა სასიკვდილო ნახტომის გასაკეთებლად.
ხელში შემართული რევოლვერი მეჭირა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩვენ ნელა მივიკვლევდით გზას პალმებს შორის გაბარდულ უსურვაზებსა და სათუთ ტოტებიან მცენარეებში. საკუთარი გულისცემა გვესმოდა.
მოვიკრიბე ძალა, რომ ზედმეტ მღელვარებისაგან თავი შემიკავებია და არ ავყოლოდი პირველად ჩასახულ შიშს. აქ ხომ მართლა სანადიროდ არ ჩამოვსულვარ!
მე ბურებთან მომიყვანა ჩემმა ადამიანურმა მემ, რათა დავხმარებოდი უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს და, შეძლებისდაგვარად, შემემსუბუქებია მათი ტანჯვა.
შიში და ხიფათი რას მიქვია!
დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. შოტლანდიელის ნათქვამი დადასტურდა. ახლა ვწევარ და ვისვენებ სახელდახელოდ გაკეთებულ ჩემი კარავის წინ. ქვეშ ხასხასა, სურნელოვანი მოლია. ირგვლივაც ათასგვარი ამბრითაა ჰაერი გაჟღენთილი.
ბრჭყვიალა ფერებიანი ბუზანკლები თავზე დამფრინავენ და განუწყვეტლივ ბზუიან.
ვწევარ გულაღმა და მივჩერებივარ მოკიაფე ვარსკვლავებს. ერთი წუთით უკვე საქართველოში ვარ, ნათესავთა და ახლო მეგობართა შორის, მაგრამ ერთი წუთი და თვალები მეხუჭება. სულ ცოტახანს მეძინა, კვლავ ფეხზე ვარ. დილის შეტევისათვის ვემზადებით.
სამხედრო თათბირზე გადაწყდა – დელარეის მთელმა დივიზიამ მოულოდნელად დაარტყას ინგლისელებს.
საჭიროა მხოლოდ ვიჩქაროთ, რომ ტროპიკულმა მზემ ამოსვლა არ დაგვასწროს და ჩვენი განზრახვა უნებლიედ მტერს არ გაუმჟღავნოს.ადგილიდან დავიძარით. ირიჟრაჟა თუ არა, დაიგრიალა ჩვენმა ზარბაზანმა. ეს იყო ნიშანი. მთელი დივიზია ელვის სისწრაფით გადავიდა შეტევაზე. მირბიან ქვეითნი, მიჰქრიან ცხენოსნები. კრონიემ ახლა ყველა ზარბაზანს ამოადგმევინა ენა. იგი ყველგანაა. წამლის ბურუსშიაც არტილერისტის გამჭრიახი თვალი ყველაფერს ხედავს.
ჩვენი ზარბაზნების ქუხილისა და ყუმბარების აფეთქებისაგან ინგლისელები უმწეოდ გარბი-გამორბიან, მაგრამ ეტყობა კიტჩენერმა მალე მოიყვანა ისინი გონს და ახლა მოწინააღმდეგე მხრიდანაც ატყდა საშინელი გრგვინვა.
ჩაღდება დაუნდობელი, სისხლისმღვრელი ბრძოლა.
ბურებს სათადარიგოდ ყავთ დე-ვეტა და ბოტა. მაგრამ ბოტა ცოტა შორსაა. არა უშავს, გაჭირვების დროს ის ჩვენთან გაჩნდება. პირველ დღეს, ორივე მხრივ თავდადებული ბრძოლა თითქმის უშედეგოთ დამთავრდა.
ვნახოთ, რა მოჰყვება ხვალინდელ დღეს.
ვილბუა ვაჟკაცურად და მოხერხებულად ხელმძღვანელობდა პოლკს, რის გამოც მის პოლკს მხოლოდ 100 კაცი გამოაკლდა, მათ შორის ნახევარზე მეტი დაჭრილია.
ჩვენი პოლკი სავსებით ინტერნაციონალურია. ჭარბობენ ლამაზი, წარმოსადეგი და ხალისიანი შვედები.
შემდეგ ყველაზე მეტნი არიან ფრანგები. მე დავუმეგობრდი ერთ ფრანგ გრაფს ბრედას. იგი ჩემთან შედარებით მომცრო ტანის იყო, ხმელ-ხმელი.
არიან ჰოლანდიელებიც.
დაღლილობისაგან ხალხს მუხლები ეკვეთება. ლაპარაკის თავიც არავის აქვს. ბანაკში თანდათან სიჩუმე მყარდება. მარტო პოლკოვნიკი ფხიზლობს თავის კარავში. იგი რუკას დაცქერის და მოსალოდნელ ბრძოლის ადგილებს აზუსტებს.
ვურჩევ ცოტა დაისვენოს, ყავა დალიოს, მაგრამ არ მიჯერებს. კვლავ რუკას დატრიალებს. მისი დაღვრემილი იერი, მოდუნებული ქცევა რაღაც არ მომწონს და მეც ნაღველი მერევა. უხმოდ გამოვდივარ გარეთ პოლკოვნიკის კარავიდან.
საჭიროა ცოტა მაინც თვალი მოვატყუო, რომ დილას ბედს წელგამართული შევხვდე, თორემ ჩემს დღევანდელ დაღლილობას თუ უძილობაც დაერთო, ხვალ ბრძოლაში შეიძლება სირცხვილი ვჭამო.
ნეტავი ამ ინგლისელებს კისერს მალე მოვტეხავდეთ და ბურების გამარჯვების შემდეგ, სამართლიანობის წინაშე ვალმოხდილი, ჩემს საქართველოში დავბრუნდებოდე, მაგრამ...
„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა,
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა“.
დასწყევლოს ღმერთმა, ამ საღამოს ეს რა მომდის, ლამის სევდამ დამრიოს ხელი!
„ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა, ვით ქვითკირსა!"
მაგონდება შოთას მეორე ლექსი და მხნეობა მემატება.
ცას გავხედე. მზე კარგა ხნის ჩასულია, მაგრამ ლაჟვარდი ისევ სარკესავითაა. ცისა და მიწის შუა ნისლის გოდოლებია აღმართული – ეს გახურებული მიწიდან ასული ოხშივარია.
დასაწოლი ადგილი მოვნახე. მხართეძოზე ვწვები.
სიჩუმეა.
ფოთოლიც კი არ ირხევა.
ერთბაშად ბნელდება. ცა სრულებით აღარ ჩანს.
უვარსკვლავო ღამემ თავის შავი ფრთები გადააფარა სამყაროს.
რული თანდათან მომერია. როცა თვალი გავახილე, ღამე უკვე გაცრეცილიყო. ასე სწრაფად დაბნელება და გათენება მგონი მარტო აფრიკაში იცის.
უცებ ქუხილი გაისმა.
ეტყობათ ბურებმა ბრძოლა დაიწყეს.
ინგლისელთა მხრიდანაც ატეხეს საპასუხო სროლა.
მათი ყუმბარები მოშორებით ხან აქ, ხან იქ ეცემიან და ჯერჯერობით ბურებს ვერ აზიანებენ. ისინი მიმოფანტულად, კარგად გათხრილ სანგრებში სხედან.
კრონიეს მიერ გასროლილი ყუმბარები კი, ეტყობა მტრის განლაგებას ანადგურებს, რადგან მოწინააღმდეგის ცეცხლი მალე შენელდა.
ჩვენც კარგი საფრები გვაქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვისხდეთ აქ გულხელდაკრეფილნი? ირკვევა, ჩვენს პოლკს სათადარიგოთ ინახავენ. საგანგებო ბრძანებამდე შო-რიდან მაცქერალის როლში უნდა ვიყვნეთ.
საერთოდ, დღეს ბურები რატომღაც აგვიანებენ იერიშზე გადასვლას, რის გამოც ვილბუა ღელავს.
უკვე შუადღე წამოვიდა, მზე ცხარედ იკბინება, ოფლი ღვარად გვდის, წყურვილი გვკლავს, მაგრამ ერთი პატარა ნაკადულიც კი არსადაა ახლომახლო, მდინარიდან მეტად შორს ვართ.
კიტჩენერიც თავს იკავებს ბრძოლაში ჩაბმისაგან.
როგორც ბოლოს გავიგეთ, მაშველ ჯარს ელოდა თურმე. გარდა ამისა გაეგო, რომ მოპირდაპირე მხრიდან გენერალი ლუი ბოტა მოეშურებოდა დელარეის დივიზიასთან შესაერთებლად. გზას ქარიშხლის ფრთებიანი დე-ვეტა უკვლევდა და ამიტომ კიტჩენერი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა.
რა კარგი იქნებოდა, ბურებს იძულებული გაეხადათ იგი თავის ბუნაგიდან გამოსულიყო, ან იმავე ბუნაგში დასხმოდნენ თავს!
კრონიე კი დარწმუნებული იყო მტერი შეტევაზე თვითონ გადმოვიდოდა და დასახვედრად ყოველმხრივ მზად იყო. მაგრამ გაოცებული დარჩა, როცა მზვერავებმა აცნობეს, რომ კიტჩენერი დამხმარე ძალებს ელის რკინიგზით და მათ მოსვლამდე იერიშზე გადმოსვლას არ აპირებსო.
კრონიემ მყისვე გააგზავნა 1000 კაცი, რათა რკინიგზა დაენგრიათ და მტერი თავის ბაზებისაგან მოეწყვიტაო, მაგრამ როგორც ჩანს, კრონიეს ეს ღონისძიება დაგვიანებული გამოდგა და ინგლისელებმა ამ ბრძოლაში ბურები უკუაგდეს.
ასე უქმად ვიდექით რამდენიმე დღეს.
ვილბუას მკაცრი ბრძანება იყო ჩვენი პოლკის მებრძოლები სანგრების სანახებს არ გაცილებოდნენ, მაგრამ, მე, ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო, ბურებთან ერთად ღამღამობით მივდიოდი სათარეშოდ.
ერთ ღამეს, ჩემი თაოსნობით, თარეშზე წასულებმა ხელთ ვიგდეთ ინგლისელთა დიდი აღალი, დატვირთული სურსათ-სანოვაგით. აღალში აღმოჩნდა ხორცი, დიდძალი სხვადასხვა კონსერვი, ყავა, შოკოლადი და სხვ... მეაღალენი და მათი მცველები ტყვედ წამოვიყვანეთ, რომლებიც ირლანდიელები აღმოჩნდნენ, მაგრამ ბანაკშიმოყვანისთანავე ბურებმა ისინი ყველანი გაუშვეს.
ჩვენმა მოპოებულმა დავლამ პირდაპირ სულზე მოუსწრო ბურებს, რადგან სურსათ-სანოვაგე უკვე საგრძნობლად აკლდა ყველას.
გახარებულ მებრძოლებს უნდოდათ ჩემი ხელში აყვანა და ჰაერში აბურთავება, მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო – ფუთზე მეტს ვიწონიდი, თანაც არ მინდოდა ამ ამბავს ვილბუას ყურამდე მიეღწია, ამიტომ ჩემს სანგარში სასწრაფოდ დავბრუნდი.
ბედი მწყალობდა. არა მარტო ამ ფრონტზე, სხვა ადგილებშიაც არა ერთხელ ვყოფილვარ ხან სათარეშოდ, ხან დაზვერვაზე, ხელჩართულ ბრძოლაშიაც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ამოდენა ტანის კაცს უბრალოდ კანიც არ გამკაწვრია. განსაკუთრებით მეშინოდა ციებცხელება არ შემყროდა, ამ საშინელი სუნისაგანაც რაღაც მანქანებით უვნებლად გადავრჩი.
მაგრამ, პირველ ხანეში მაინც, ერთი რამ კი მტანჯავდა, ეს იყო – დღე აუტანელი სიცხე და ღამით მკაცრი სიცივე.
კარგახნის სიჩუმის შემდეგ, ერთ დილას ინგლისელებმა მომაღლო ადგილზე აათრიეს უზარმაზარი საზღვაო ზარბაზანი და აგვიტეხეს სროლა.
ამ გამოწვევას ბურები არ გამოეხმაურნენ. ისინი
დიდი შეტევისათვის ემზადებოდნენ და განგებ თავს იმკვდარუნებდნენ.
ინგლისელები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ხაფანგში მომწყვდეულებივით გრძნობდნენ თავს. წინ ჩვენ ვიყავით, სხვა მხრივ პარტიზანთა გაძლიერებული რაზმები იდგნენ, მაშველი ჯარი იგვიანებდა, მათ დარჩენოდათ ან ელოდნათ, ან პირდაპირ შეტევაზე გადმოსულიყვნენ, მაგრამ ამას ვერ ბედავდნენ. ვერ ბედავდნენ იმიტომ, რომ სანგრიდან კრონიეს ამოგდება ადვილი არ იყო.
გარდა ამისა, ეშინოდათ გაჩაღებული ბრძოლის დროს უკანიდან, ან გვერდიდან გენერალი ბოტა არ წადგომოდათ თავს. თანაც უცნობ ადგილებში შესაძლო იყო მოწინააღმდეგის მარწუხებში მოხვედრილიყვნენ, მაშინ მდინარესა და თავიანთ ბაზებს მთლად მოწყ-ვეტილნი, მართლაც დაიღუპებოდნენ.
მაგრამ ეტყობოდა, ლოდინს ისევ იერიშზე გადმოსვლა არჩიეს. კიტჩენერის ბრძანებით, ლორდ მეტუენმა შეაგროვა რაც მის ხელში საშუალებანი იყო, ყოველი სახის იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და დაიძრა ჩვენს წინააღმდეგ.
ინგლისელები, როგორც მზვერავებმა მოიტანეს ცნობები, ღამით კოკისპირულ თავსხმაში წამოსულან, იმ ვარაუდით, რომ განთიადისას ჩვენს პოზიციებს მოდგომოდნენ.
მართლაც, ინათა თუ არა, ისინი მოგვიახლოვდნენ, მაგრამ ინგლისელთა მოწინავე ჯარის სარდალმა უოშოპმა ბრძოლის დასაწყებად ბრძანების გაცემაც ვერ მოასწრო, ბურებმა ერთბაშად დააყარეს ტყვიები.
ტყვიები კალიასავით მიფრინავდნენ და მოწინავე ჯარის რიგებს უმოწყალოდ ცელავდნენ. ბრძოლის დაწყებისთანავე ბურების ტყვიამ იმსხვერპლა თვითონ უოშოპი. ინგლისელებმა ახლა თავის დავლა ცადეს, იმავე დროს ლორდმა მეტუენმა ჯარის ახალ ნაწილს უბრძანა ბურებისათვის აუცილებლად წაერთმია დაკავებული პოზიცია.
ბურები მომაღლო ადგილზე იყვნენ გამაგრებულნი, მტერი კი დაბლობებში მოქმედებდა. როგორც კი ინგლისელები ახალ იერიშზე გადმოვიდნენ, ბურებმა მოულოდნელად საპასუხო შეტევა დაიწყეს. ბრძოლაში ჩვენი პოლკიც ჩაება და შეერთებული ძალით მტერს პირდაპირ მუსრი გავავლეთ. ვინც გადარჩა, ზოგი ნებით დაგვნებდა ტყვედ, ზოგი დავიმორჩილეთ, ზოგიც გაიქცა. ტყვეებმა ვრცლად გადაგვიშალეს ინგლისელების გეგმები. ბურებმა ტყვეები დააპურეს და საღამოს გაუშვეს, რაც ყოვლად მიზანშეუწონელი იყო. ასეთი ზედმეტი ქრისტიანული დამოკიდებულება მტრისადმი, ბოლოს სანანებლად გაუხდათ ბურებს, მაგრამ გვიანღა იყო.
საღამოს გამოჩნდა მტრის არტილერია, რომლის დაგვიანება ჩვენთვის გაუგებარი იყო. კრონიემ მტრის
არტილერიას განლაგებაც არ აცალა, მათ ადგილსამყოფელზე ქვა-ქვაზე დაადუღა.
ინგლისელებმა უკან დაიხიეს. ჩვენ ფეხდაფეხ მივდუმდით. უკვე მეზობელ ორანჟის რესპუბლიკის იმ ადგილსმივაღწიეთ, რომელსაც კიმბერლეი ეწოდება და სადაც ალმასის საბადოები იყო. ამ საბადოებს ინგლისელები განსაკუთრებით იცავდნენ.
ბურები დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდნენ ჩვენი პოლკის მეთაურის ვილბუა-დე მორელის აზრს. მან ურჩია ბურებს იერიში მიეტანათ ქალაქ ლედი-სმიტზე, სადაც თავმოყრილი იყვნენ ინგლისელების მთავარი ძალები. იქვე იყო მათი ბაზაც.
კრონიე ახლა კიმბერლეის მიდამოებში იბრძოდა და ჰქმნიდა ორანჟის მებრძოლთა მტკიცე ბირთვს, ჩვენ კი ვილბუა-დე-მორელის სარდლობით ვიბრძოდით ლედისმიტის სანახებში. ქალაქ ლედი-სმიტს იცავდა ინგლისელი გენერალი უაიტი.
ქალაქის მისადგომებთან პირველი ფლანგის გასამაგრებლად ინგლისელებმა გაგზავნეს პოდპოლკოვნიკი კარლსტონი. მისი რაზმი დაიძრა ღამით. დილას დაინახეს, როშ მათ რაზმს გარს ერტყმიან ბურები გენერალ ჟუბერის სარდლობით.
გაჩაღდა ცხარე ბრძოლა, რაც ინგლისელთა დამარცხებით დამთავრდა.
ეს იყო გენერალ ჟუბერის უკანასკნელი ბრძოლა. იგი ამის შემდეგ მალე მოკვდა. ბურებისათვის ეს დიდ დანაკლისს წარმოადგენდა. ჟუბერი შესანიშნავი ადამიანი და მეტად ნიჭიერი მხედართმთავარი იყო. იგი ვილბუას მეგობრობდა.
მეგობრის წინაშე უკანასკნელი ვალის მოსახდელად ვილბუა პრეტორიაში წავიდა და მეც თან წავყევი. გენერალი დაკრძალული დაგვხვდა.
მივედით მის ქვრივთან სამძიმრის სათქმელად. დიდი გემოვნებით მოწყობილ სახლში იჯდა შავებით მორთული აზიზი აღნაგობის ქალი, რომელსაც სასიამოვნო სახის იერი ჰქონდა. იგი არც მოთქვამდა, არც ჩუმად ტიროდა დამწუხრებული კი ძლიერ იყო.
ქვრივს გარს ეხვივნენ სამხედრო უფროსთა ცოლები, რომელთა შორისაც თავის სილამაზით გამოირჩეოდა დე-ვეტის მეუღლე.
ზანგის ახალგაზრდა ქალმა ვერცხლის სინით მარდათ ჩამოგვირიგა ყავა.
მამაკაცებს მოგვიტანეს მაგარი სასმელიც. აფრიკაშიჩასვლამდე მე მას ახლოსაც არ ვეკარებოდი, აქ კი, ფრონტზე ისე შევეჩვიე, რომ ცივ ღამეებში უიმისოდ დავალების შესრულება მიჭირდა.
ცერემონიალის შემდეგ დაუყოვნებლივ დავტოვეთ პრეტორია და მივაშურეთ ჩვენს პოლკს.
* * * * * * *
ომი გრძელდებოდა. კიტჩენერი უმწეო იყო შეესრულებია თავისი დაპირება ბურების სწრაფად დამარცხების შესახებ. ბურები თავგანწირულად იცავდნენ თავიანთი რესპუბლიკის ყოველ მტკაველ მიწას. ინგლისელებს კა გადაწყვეტილა ჰქონდათ უთუოდ ხელში ჩაეგდოთ ეს მდიდარი ქვეყანა, რისთვისაც მზად იყვნენ სასაფლაოდ გადაექციათ მთელი ტრანსვაალი.
კიტჩენერი თხოულობდა ჯარის ახალ-ახალ ნაწილებს. ამ ჟამად მის განკარგულებაში მყოფი ჯარი საგრძნობლად შეთხელებული და მოქანცული იყო ბურების მოთარეშე რაზმებთან განუწყვეტელ ბრძოლებში.
დიახ, კიტჩენერს ეგონა, ბურებს, როგორც „მეამბოხეებს“, მალე მოუღებდა ბოლოს საექსპედიციო კორპუსით, მაგრამ ვარაუდში მოტყუვდა. ამიტომ ინგლისი იძულებული გახდა გამოეგზავნა ახალი არმიები.
ინგლისიდან ჯარის გადმოყვანას 6 კვირას უნდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში მგზავრობით დაღლილნი და ზღვის ავადმყოფობით ღონეგამოლეულნი, შეუძლებელი იყო ხმელეთზე გადმოსხმისთანავე ჩაებათ ომში. ბურები კი სულისმოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ მოულოდნელი თავდასხმებითა და პარტიზანული თარეშებით.
ინგლისელებს უხდებოდათ უცნობ გარემოცვაში და შეუჩვეველ ბუნების პირობებში ბრძოლა. გარდა ამისა, ისინი დაქირავებულნი იყვნენ და იბრძოდნენ სხვის ქვეყანაში, ბურები კი თავის ნებით იბრძოდნენ თავისივე ქვეყნის დასაცავად. ეს გარემოება ბურებს ენერგიას უორკეცებდათ და შეუძლებელს ხდიდა მათი მხნეობის გატეხვას.
ბურებს ერთი უპირატესობაც ჰქონდათ, ისინი შესანიშნავი ცხენოსნები იყვნენ. ცხენებიც ადგილობრივ პირობებთან შეგუებული და კარგად დაურვებულიყავდათ.
ინგლისელების ცხენები კი ყოველივე ამას მოკლებულნი იყვნენ. ამავე დროს ცხელ ჰავის გარდა, მათ ცხენებს უკანასკნელ ძალას აცლიდნენ შხამიანი ბუზები,
ე. წ. „ცეცე“, რომელთა მოგერიებას თავიანთი შეჭრილი კუდებით ისინი ვერ ახერხებდნენ.
ასეთ პირობებში მტრის კიდევ უფრო შესავიწროებლად, ბურები საჭიროების და მიხედვით, ადგენდნენ რაზმებს, რომელთაც ეწოდებოდათ „კომანდო“. ეს რაზმები, პარტიზანების მსგავსად და პარტიზანებთან შეთანხმებით, მოსვენებას არ აძლევდნენ ინგლისელების ჯარის ნაწილებს, იმავე დროს იგივე რაზმები ებრძოდნენ შინაურ მტრებსაც.
ზოგჯერ ინგლისელები აქა-იქ ახერხებდნენ მომხრეების შოვნას. ინგლისელების მიერ გაბრიყვებული სულმოკლე ადამიანები ბოლოდროს არც თუ ისე ცოტანი იყვნენ. ისინი გადადიოდნენ მტრის ბანაკში და სამწუხაროდ, პატარა დახმარებას როდი უწევდნენ მას. ბურები თუ ტყვეებს სათნოთ ეპყრობოდნენ, მოღალატეებს როგორც კი ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინვე ხვრეტდნენ.
ერთხელ გენერალ ლუი ბოტასთან გამოცხადდა ინგლისელების მიერ გადაბირებული ბური, როგორც პარლამენტიორი და კიტჩენერის სახელით შეთავაზა ზავი.
გაცეცხლებულმა ბოტამ იგი იქვე თავისი ხელით დახვრიტა.
კრონიეს ჯარი 7-8 ათასი კაცის რაოდენობით, როგორც ვთქვით, უმთავრესად განლაგდა კიმბერლეის გარშემო. დელარეი კი დარჩა ლორდ მეტუენის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად. კრონიემ ვილბუას პოლკი თავის მოქმედების არეში გადაიყვანა, საჭიროების დროს ღია ბრძოლაში გამოსაყენებლად.
დელარეიმ სასტიკად დაამარცხა ლორდ მეტუენის ჯარი და თვითონ მეტუენი ტყვედ ჩაიგდო. მაგრამ მანვე იგი მალე გაანთავისუფლა.
ინგლისელებს არც სხვა ფრონტზე ჰქონდათ სახარბიელოდ საქმე. ამ გარემოებამ, აგრეთვე ედუარდ VII სურვილმა, რომ მისი გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი დამთავრებულიყო, ინგლისის მთავრობა აიძულა საზავო წინადადებით მიემართა ტრანსვაალისდა ორანჟის რესპუბლიკებისათვის. ორივე რესპუბლიკა მყისვე დათანხმდა. დაიწყო მოლაპარაკება.
ბურებმა წარადგინეს სამი პირობა:
1) ორივე რესპუბლიკისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
2) ომისაგან მიყენებულ ზარალის ანაზღაურება ბურებისათვის.
3) ამნისტიის გამოცხადება, რომლის ძალითაც არ უნდა დასჯილიყვნენ კაპსკის კოლონიის მცხოვრები აფრიკელები ინგლისის წინააღმდეგ აჯანყების გამო.
ინგლისის მთავრობა არც ერთ ამ პირობას არ დაეთანხმა.
ვინაიდან ევროპიდან დახმარებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, თანაც ინგლისელებმა აფრიკაში ნახევარ მილიონამდე ჯარს მოუყარეს უკვე თავი, ბურებმა არჩიეს დათმობაზე წასულიყვნენ. ისინი დათანხმდნენ უარი ეთქვათ დამოუკიდებლობაზე, თუ მათ ექნებოდათ ფართო უფლებებიანი ავტონომია. ამრიგად ჩაისახა ტრანსვაალის, ორანჟის, ნატალის და კაპსკის კოლონიის სამხრეთ აფრიკის შეერთებული შტატების იდეა. ამ შტატებს უნდა ჰქონოდა თავის კონსტიტუცია და პარლამენტი, ინგლისის უმაღლესი მფარველობის ქვეშ.
სამაგიეროდ ბურებისათვის ზარალის ასანაზღაურებლად ინგლისმა იკისრა 10 მილიონი სტერლინგის გაღება, აგრეთვე კაპსკის კოლონიისათვის ამნისტიით დანაშაულის პატიება.
მაგრამ, ვინაიდან მოლაპარაკება გაჭიანურდა და ამ მოლაპარაკების დროს დროებითი ზავი არ ყოფილა დადებული, ომი კვლავ გრძელდებოდა. ინგლისელები, განსაკუთრებით დევნიდნენ დელარეის, მაგრამ დელარეის მარწუხებში მოქცევა არც ისე ადვილი იყო.
მან ერთ დღეს ბრწყინვალედ დააღწია თავი გარემოცვის საშიშროებას. იმავე დღეს, საღამოს დელარეიმ დაამარცხა მტრის საკმაოდ ძლიერი მეორე რაზმი.
აღმოსავლეთ ტრანსვაალიდან ნატალისაკენ სწრაფად მოეშურებოდა ლუი ბოტა.
ამავედროს კიტჩენერი ცდილობდა ედუარდის გვირგვინის კურთხევის დღისათვის ბურებთან ომი გამარჯვებით უთუოდ დაემთავრებია. ამისათვის მან აამოქმე-და მთელი ჯარი და ყოველგვარი სახის იარაღი. იმავე დროს მან ბურების წინააღმდეგ მიმართა ისეთ ველურობას, რაც ატილასაც108) არ ჩაუდენია. კიტჩენერმა ბოლო ხანებში, ბურებზე შეტევისას წესად შემოიღო ქალებისა და ბავშვების წინ გამძღვარება. როცა ასეთი საფარით ბურებს მტერი მიუახლოვდებოდათ, ისინი იძულებული იყვნენ პოზიცია დაეთმოთ, მაგრამ ახლა სხვა პოზიციაზე მაგრდებოდნენ, ან მტერს თავს დაუვლიდნენ და სამაგიეროს ერთი-ორად აზღვევინებდნენ.
ამას ბურები უფრო თარეშით ახერხებდნენ და ამიტომაც ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ.
ინგლისელებმა მთელი ფრონტი ბლოკჰაუსებით დასერეს, მაგრამ მათ შორის დე-ვეტა და დელარეი მაინც უვნებლად დაჰქროდნენ. ისინი ხან აქ, ხან იქ ზედიზედ ანგრევდნენ რკინიგზებს, რაც ინგლისელებს მეტად უძნელებდა ომის წარმატებით წარმოებას.
კიტჩენერი დარწმუნდა, რომ ბურების ცალ-ცალკე რაზმების დევნა და მათი გარემოცვაში მოქცევის სურვილი ამაო იყო, ამიტომ გადაწყვიტა დაეწყო გაშლილი ფრონტით ღია თანმიმდევრული შეტევა. კიტჩენერმა დაიწყო მზადება. ვემზადებოდით ჩვენც, რადგან უკვე ვიცოდით მისი განზრახვა.
* * * * * * *
ჟუბერის სიკვდილის შემდეგ, მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ლუი ბოტა.
თავის გმირული ბრძოლებით, ბურებმა დიდათ დააზარალეს ინგლისელები, რომლებსაც უკანასკნელად ამ პატარა ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს დიდძალი საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი. მარტო 20'000 კაცი გამოყოფილი იყო დე-ვეტას შესაპყრობად. დე-ვეტამ კი, თავის მხრით, ერთხელ ლამის ტყვედ ჩაიგდო თვითონ კიტჩენერი.
კიტჩენერმა დაიწყო შეტევა ყველა ფრონტზე პარველ რიგში მან 40.000-იანი არმია დაძრა კრონიეს წინააღმდეგ და აიძულა იგი უკან დაეხია. კრონიე უკან იხევდა ბრძოლით. ბოლოს იგი გამაგრდა ქალაქ ბოსგოფის კედ-ლებთან. აქ 9 დღეს გაგრძელდა სასტიკი ბრძოლა. ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი პოლკის ნახევარზე მეტი. ამავე ბრძოლაში დაეცა ჩვენი პოლკის შესანიშნავი სარდალი ვილბუა-დე-მორელი.
ვილბუა ყუმბარის ნატეხით მძიმედ დაიჭრა თავში.
იგი იწვა ჩემს მკლავზე და თანდათან ვაჟკაცურ სულს ლევდა. ირგვლივ კი კვლავ გააფთრებული ბრძოლ წარმოებდა, ზარბაზნების ქუხილი აზანზარებდა ცასა და მიწას. ვილბუა კვდებოდა და წუხდა, რომ აღარ შეეძლო თავის პოლკის უკანასკნელ ჯარისკაცამდე ებრძოლა.
მას ერთი წუთითაც არ დაუკარგავს გონი. როცა მთლად შეუწყდა მაჯისცემა, უკანასკნელად ამოილუღლუღა: „საფრანგეთი“, და სამუდამოთ დახუჭა ერთ დროს მგზნებარე და სიცოცხლით სავსე თვალები.
ყველა მეტად დაამწუხრა მისმა სიკვდილმა. მე კი ვილბუას სიკვდილს განვიცდიდი, როგორც ღვიძლი მამის დაკარგვას. დიახ, ის იყო ჩემთვის არა მარტო მამა, არამედ ძმა, მეგობარი, რაღაც კიდევ უფრო მეტი. ამ შესანიშნავ მებრძოლთან და ადამიანთან მე გვერდით-გვერდ გავატარე თითქმის ორი წელიწადი, მერე და როგორი ორი წელიწადი! ერთი დღეც არ გვქონია ისეთი, რომ ქარცეცხლში არ ვყოფილიყავით.
არა ნაკლებ შეაძრწუნა მისმა სიკვდილმა კრონიეც.
ვილბუა იყო კრონიეს ნამდვილი მარჯვენა ხელი ბრძოლაში და საუკეთესო მრჩეველი ბრძოლის დაწყების წინ.
და ახლა, როცა არა თუ კრონიეს, არამედ მთელი რესპუბლიკის ბედი ბეწვზე ეკიდა, ვილბუა მას გვერდით აღარ ყავდა.
სასტიკი ბრძოლა გრძელდებოდა.
დე-ვეტა და ბოტა ამაოდ ცდილობდნენ კრონიეს გამოხსნას. ინგლისელების ურიცხვ ჯარს იგი მომწყვდეული ყავდა ორმაგ რკალში. ბურები იხოცებოდნენ ვაჟკაცურად. მთელი არემარე აივსო გვამებით. მათ და სამარხად არავის ეცალა. მცხუნვარე მზისაგან გახრწნი-ლი ნეშტები წამლავდა ჰაერს და სუნთქვა ჭირდა.
იფეთქა ეპიდემიამ.
ამავე დროს გამოგველია არა მარტო ტყვია-წამალი,არამედ სურსათ-სანოვაგეც. ჩვენივე ხელით ვკლავდით ჩვენს ერთგულ ცხენებს და მათ ხორცს ვწვავდით მოვარვარე მზეზე. მე ძალისძალად ვყლაპავდი ნახევრად უმსა და სავსებით უმარილო ხორცის ნაჭრებს. ზოგჯერ ამიტყდებოდა საშინელი პირღებინება და დედის რძეც აღარ შემრჩებოდა.
შიმშილზე უფრო გვტანჯავდა წყურვილი.
მდინარეს მოწყვენილი ვიყავით. წყალსადენის მილები კი, სადაც იყო, ინგლისელებმა გადაგვიჭრეს, თანაც სწორედ ამ დროს ტროპიკული სიცხე მძვინვარებდა და რაც გარემოცვაში მოვყევით, ერთხელაც არ მოსულა წვიმა.
ჩვენს მდგომარეობაზე უფრო საშინელი იყო ჩვენთან ერთად გარემოცვაში მოყოლილ ლტოლვილ ბავშვებისა და ქალების მდგომარეობა. ჩონჩხად ქცეული ბავშვები ჭერეხივით ეყარნენ ყველგან, ხოლო მომაკვდავი ჩვილი ბავშვები შეშლილებივით ეჭირათ გამხდარ ხელებში ძუძუ გამშრალ დედებს. დასუსტებული ბავშვები კატის კნუტებივით კნაოდნენ.
მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავი.
კრონიემ ვეღარ გაუძლო ამდენი ხალხის წამებას.
იგი იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. დავყარეთ იარაღი. კიტჩენერის ჯარმა დაიკავა ჩვენი პოზიციები. ტყვედ ჩავარდნილები ჯგუფ-ჯგუფად გაგვიყვანეს ბრძოლის ველიდან.
ინგლისელებმა განაგრძეს შეტევა.
ბურებმა კი ყველა ფრონტზე დაიწყეს უკან დახევა.
მაშ ასე, მე უკვე ტყვე ვარ. ტყვეების ერთი ნაწილი გაგზავნეს წმ. ელენეს კუნძულზე. ნაწილს, ყოველგვარი სამსჯავროს გარეშე, რაღაც მოსაზრების გამო, დახვრეტა მიუსაჯეს. მათ შორის ვიყავი მეც.
ყველაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ ორი წლის განმავლობაში სამართლიანობისათვის ბრძოლისა და გმირი ხალხის რესპუბლიკის დაცვისათვის, ათასგვარი ტანჯვაგამოვლილი მტერს უნდა დავეხვრიტე, როგორც ავაზაკი.
მხოლოდ ეს მიშფოთებდა სულს.
მერმე თანდათან აპათიამ შემიპყრო. ახლა ჩემთვის სულერთი იყო ერთი საათის თუ ერთი დღის შემდეგ დამხვრეტდნენ.
უკვე აღარაფერს ვაქცევდი ყურადღებას.
დაღამდა. ურიცხვი ვარსკვლავი კვლავ აკიაფდა სუფთა ცაზე. თოფ-ზარბაზნების საშინელი ჭექა-გვრგვინვის ნაცვლად, ახლა ირგვლივ გულისგამაწყალებელი სიჩუმე იდგა.
ვეგდე მიწაზე და უხალისოდ შევცქეროდი მოციმციმე ვარსკვლავებს.
გამახსენდა საქართველო, ჩემი სახლ-კარი მუხრანში, მოხუცი დედა... ნათესავები... მეგობრები...
ერთხელ ვალბუამ მითხრა, რომ ფრანგულ, ხშირად ამერიკულ გაზეთებშიაც შენზე ბევრს წერენო, ალბათ, ახლა ჩემი დახვრეტის ამბავსაც გამოაქვეყნებენ. თუ ეს ამბავი რუსულმა გაზეთებმაც გადაბეჭდეს და მათი მეოხებით დედაჩემმა გაიგო ჩემი ცხოვრების ასეთი სავალალო ბოლო, ეს იქნება პირდაპირ საშინელება მოხუცისათვის!
დედის მოგონებამ რაღაცნაირად გული შემიქანა. გულის ჯიბიდან ამოვიღე მშობლის სურათი, რომელსაც მუდამ თან ვატარებდი და მთვარის შუქზე დავცქეროდი, მისი სახით კვლავ თვალწინ წარმომიდგა შორს დარჩენილი ჩემი საყვარელი სამშობლო.
მთელი ღამე რული არ მომკარებია. როგორც კი ირიჟრაჟა, ყველანი ფეხზე წამოგვყარეს. 100 კაცი ვიქნებოდით. გაგვიყვანეს და ქალაქის კედლებთან გაგვამწკრივეს. თითოეულ ჩვენგანს პირდაპირ თოფმომარჯვებული თითო ინგლისელი დაგვიყენეს.
მე მაბრაზებდა ინგლისელთა ოფიცრების ნელი, გულგრილი მოქმედება, ისინი განსაკუთრებულ პუნქტუალობას იჩენდნენ ჩვენი დახვრეტის წინ. ეს პროცედურა აღმაშფოთებელი იყო იმიტომ უფრო, რომ ისინი დასჯას უპირებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თავიანთ რესპუბლიკას და სამართლიანობას.
დასახვრეტად გამზადებულთა შორის იყვნენ ახალგაზრდა და ხანდაზმული ბურებიც, რომლებიც ამაყად თავაწეულნი იდგნენ მოღერებული ლულების წინ.
მე მათ შორის ვიყავი.
ყველასაგან გამოვირჩეოდი ჩემი არაჩვეულებრვი სიმაღლისა და იერის გამო.
ვიდექი უძრავად. ხელში კვლავ დედის სურათი მეჭირა - სიკვდილის წინ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეხედა მისთვის.
ერთმა ოფიცერმა შორიდან თვალი გამიშტერა, მერმე ახლო მოვიდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბოლოს ხელში სურათი შემნიშნა და გამომართვა.
რაღაც გაკვირვება დაეტყო.
დედაჩემს ქართული ძველებური ყურთმაჯებიანი კაბა ეცვა და ჩიხტი-კოპი ეხურპა.
- ვინ არის ეს ქალი ასე უცნაურად მორთული? - მკითხა მან.
- ჩემი დედაა! - ფრანგულად ვუპასუხე მე.
- დედა? შენ თვითონ ვინ ხარ?
- ქართველი! გვარად ბაგრატიონი!
ამის გაგონებისთანავე ოფიცერმა მყისვე უკან დაიხია, მერმე ბრძანა ჩემი მწკრივიდან გამოყვანა და სადღაც გაიქცა. კი არ წავიდა, გაიქცა.
მალე იქაურობას მომაშორეს. წამიყვანეს და ჩამაგდეს ქალაქის ხაროში, რომელსაც ისინი სატუსაღოს ეძახდნენ, მაგრამ ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. საკანში მხოლოდ ერთ პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა დღის სინათლე. პირველ ხანებში ვერაფერი გავარჩიე, მერმე, როცა თვალი თანდათან შევაჩვიე სიბნელეს, საშინელი სურათი წარმომიდგა: ქვის იატაკიან საკმაოდ დიდი ოთახის ნესტიან კედლებზე მაჯაჭვული იყვნენ ტუსაღები, რომელთაც ადამიანის აღარაფერი ეტყობოდათ. ჩონჩხად ქცეულებს გაბურძგვნილ თმასა და წვერში მარტო თვალებიღა მოუჩანდათ.
დაკონკილი ძველმანები სანახევროდაც ვერ უფარავდათ ჭუჭყიან, გაძვალტყავებულ სხეულს კარგახანს ვიდექი სიზმარში მყოფივით და ხან ერთს მივჩერებოდი, ხან მეორეს, ბოლოს ერთბაშად ძილი მომეკიდა, დავწექი ჩემს ნარზე, მაგრამ ბაღლინჯოები მაშინვე დამესია და წათვლემის საშუალებაც არ მომცეს.მთელი ღამე წამებით გავატარე. დილას ავტეხე არაადამიანური ხმით ყვირილი. ვყვიროდი, რომ მე სამხედრო ტყვე ვარ და არა ყაჩაღი.
ყვირილი მანამ არ შევწყვიტე, ვიდრე ციხის მესვეურებს ხმა არ მივაწვდინე. როგორც იყო, გაიღო საკანის კარი, შემოვიდა ორი შეიარაღებული ჯარისკაცი და გამიყვანეს. უცებ აღმოვჩნდი ნათელ, რაც მთავარია, შედარებით სუფთა ოთახში.
მაშინვე დავეცი იქვე მდგარ ტახტზე, მკლავზე კარგად თავის დადებაც ვერ მოვასწარი, რომ ღრმად ჩამეძინა.
მეორე დილამდე გვერდი არ მიცვლია, მორალურად და ფიზიკურად მოქანცვის გამო, მკვდარივით ვეგდე. ზედამხედველმა მითხრა, რომ ვერაფრით ვერ გამაღვიძეს თურმე.
მომიტანეს საკმაოდ ნოყიერი საუზმე და ერთი ჭიქა არაყისებური რაღაც მაგარი სასმელი, თავი კვლავ მხნედ ვიგრძენი.
საუზმის შემდეგ, იმავე ზედამხედველმა გამომიცხადა, რომ კიტჩენერს უნდა წარვდგომოდი. და აი, 3 დღის ტყვეობის შემდეგ, შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს ინგლისის არმიის მთავარსარდალთან.
გაიღო კარი და ადიუტანტმა კაბინეტში შემიხმო. მაღალჭერიან, ლამაზად მორთულ ფართო ოთახში განიერ მაგიდასთან იჯდა კიტჩენერი. ჩემი შესვლისთანავე ადგა, მაგიდას გამოცილდა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.
ზურგზე ხელებ დაწყობილი მომიახლოვდა. მეგონა მრისხანე იუპიტერის მზერას მესროდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, თავაზიანად მომაპყრო თავისი უცნაური თვალები, რომლებიც ქამელეონივით იცვლიდნენ ფერს. პირველად მე ისინი ჭროღა მეჩვენა, ერთი წუთის შემდეგ კი დაფანჩულისა და მოშავო წარბებს ქვეშ დავინახე მუქი წაბლისფერი გუგები.
კიტჩენერი შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას, ყოველგვარი კილოს გარეშე ლაპარაკობდა, რაც ინგლისელთა შორის იშვიათი შემთხვევაა.
ის იყო დაბალი, ჯმუხი. მე წელამდეც ვერ მწვდე-ბოდა და ძალაუნებურად მაღლიდან დავყურებდი.
რამდენიმე წუთს უხმოდ ვუცქეროდით ერთმანეთს.
ჩემს წინ იდგა კაცი, რომელიც ასე მხეცურად მუსრს ავლებდა ბურებს და იმავე დროს წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდა მათი ბავშვებისა და ცოლებისადმი.
მან მკითხა:
– თქვენ ბაგრატიონი ხართ?
ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ, განაგრძო:
– რატომ იბრძვით ჩვენს წინააღმდეგ?
– აფრიკაში მე მოვედი, როგორც მოგზაური. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა ძლიერი ინგლისის მიერ პატარა ხალხის წინააღმდეგ ომის გამოცხადების ამბავს. მაშინვე გადავწყვიტე ჩავმდგარიყავი ბურების რიგში, რადგან ბურების ბრძოლა მე მიმაჩნია საერთოდ თავისუფლებისათვის ადამიანების ბრძოლად. ყველა ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად იცხოვროს ამ ქვეყანაზე.
ამისათვის ხალხი არ უნდა ისჯებოდეს.
კიტჩენერის თვალებში ახლა სხვა ფერის შუქმა გაიელვა, მაგრამ თავი შეიკავა და თავიდანვე აღებული კილოთი მოკლედ მითხრა:
– ჩვენ ვხვრეტთ მეამბოხეებს. თქვენ კი, როგორც სამხედრო ტყვე, ინგლისის მთავრობის განკარგულებით, იგზავნებით წმ. ელენეს კუნძულზე, – ეს თქვა და შებრუნდა.
ადიუტანტმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კარებთან უძრავად იდგა, ტალანში გამიყვანა და ჩემი თავი კვლავ შეიარაღებულ ჯარისკაცებს გადასცა.
ბურები კიტჩენერს ეძახდნენ მახრჩობელა გველს. მათმა სისხლმა, ბური ქალების და ბავშვების ცრემლმა ბოლოს უწია მას: იგი დაიღუპა 1916 წელს, როცა სამხედრო გემით ინგლისიდან რუსეთში მიემგზავრებოდა.
* * * * * * *
რამდენიმე დღის შემდეგ უკვე გემში ვიყავი, მაგრამ არა როგორც თავისუფალი მოგზაური, არამედ როგორც სამხედრო ტყვე. თავისუფლებასთან ერთად დავკარგე ჩემი წითელი სათვალეებიც, თუმცა მე იგი აღარ მჭირდებოდა, რადგან ზღვას სულაც ვერ ვხედავდი: ზღვის
ავადმყოფობით გასავათებული სადღაც გემის ჯურღ-მულში ვიყავი მიგდებული.
არც კი გამიგია რამდენი დღე ვიმგზავრეთ და როდის მივედით წმ. ელენეს კუნძულთან. როცა კუნძულის მთავარ ქალაქის ჯემსტოუნის ნავთსადგურში გემმა ღუზა ჩაუშვა, ჩემმა თანამებრძოლებმა ცოცხალ-მკვდარი ძლივს გადამიყვანეს ხმელეთზე. საშუალება მოგვცეს დაგვესვენა. ცოტა დაგვანაყრეს კიდეც, მერმე ჩაგვაყენეს მწკრივში და წაგვასხეს ტყვეებისათვის განკუთვნილ ბანაკისაკენ, რომელიც ქალაქიდან კარგა შორს აღმოჩნდა.
ქალაქში გზად გავლისას, ჯემსტოუნი საკმაოდ კეთილმოწყობილად მომეჩვენა: მთავარ ქუჩაზე, ერთი სტილისა და მოყვანილობის სახლები, მაღაზიები. მივდიოდით აჩქარებით, რომ დაღამებამდე მივსულიყავით ბანაკში.
მართლაც, დაბინდებამდე მივედით ბანაკში, რომელიც მოწყობილი იყო მთიან ადგილას. მე მომცეს გვარიანი კარავი, რომელშიაც ცარიელი ტახტის მეტი არაფერი იყო.
ტყვეებს სასტიკად აკრძალული გვქონდა ბანაკის ფარგლებს გავშორებოდით. ყველგან გუშაგები იდგნენ.
მაგრამ სად უნდა გავქცეულიყავით? ირგვლივ უსაზღვრო ოკეანე გეერტყა.
შიშველ კლდეებზე ატლანტიკის ოკეანეს ტალღების ტლაშუნი სევდას მგვრიდა. იმავე დროს მოტორტმანე ზღვის ზედაპირზე, დილით ამომავალი მზის შუქის და საღამოობით დაისის მეწამული ფერის ციაგი თვალს მიხარებდა.
ხშირად ვიჯექი მარტოდ-მარტო კლდის ქიმზე და გავცქეროდი უსაზღვრო მოციმციმე სივრცეს.
ალბათ, არა ერთხელ უცქერია ამ დიდებულ სურათისათვის ნაპოლეონს თავის მარტოობის ჟამს.
ნაპოლეონის სასახლე, რომელიც უფრო ჩვეულებრივ სახლს წარმოადგენდა, აგებული იყო კუნძულის მეორე მხარეს, მდიდარ ტროპიკულ მცენარეთა შორის.
ნაპოლეონმა, როგორც ტყვემ, თავის მცირე ამალით აქ დაჰყო 1815 წლიდან 1821 წლამდე, აქვე გარდაიცვალა, აქვე იქნა დამარხული, შემდეგ ინგლისელების ნებართვით, გადაასვენეს პარიზში.კუნძულზე ორი თვის ყოფნის შემდეგ მე და გრაფ ბრედას ნება დაგვრთეს გვენახა ის სახლი, სადაც ნაპოლეონმა გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. ნება დაგვრთეს, აგრეთვე ჩვენი გვარები ჩაგვეწერა მნახველთათვის განკუთვნილ წიგნში.
ნაპოლეონისეულ სახლის ერთ ნაწილში ცხოვრობდა საფრანგეთის ელჩი, მეორე ნაწილი წარმოადგენდა მუზეუმს, სადაც იდგა ნაპოლეონის საუცხოო ბიუსტი.
ერთ დროს რუსეთის ველებზე მას ებრძოდა პეტრე ბაგრატიონი, ახლა ცხრა მთასა და ცხრა ზღვის გადაღმა მისი პატარა ბიუსტის წინაშე ვიდექი მე, მეორე ქართველი, და ცივ ქვად ქცეულ სარდალს შევყურებდი!
გამახსენდა ნაპოლეონის მამელუკიც.
მართლაც, საოცარია ცხოვრება!
… ბურებთან ყოფნის დროს, მე ვწერდი დღიურებს, მაგრამ ინგლისელებმა ტყვედ წაყვანის დროს ჩამომართვეს. ალბათ, მისი ერთი ფურცელიც აღარაა ახლა სადმე, შეიძლება შემორჩენილიც იყოს, ვინ იცის! კუნძულზე კი რაიმეს წერის ნებას არ გვაძლევდნენ. შეგვეძლო ოჯახში გაგვეგზავნა მხოლოდ ერთი ღია ბარათი, თვეში ერთხელ, ისიც სამხედრო ცენზურის დასტურის შემდეგ.
ერთხელ გადავწყვიტე დედისათვის ქართულად მიმეწერა წერილი, მაგრამ ეს ბარათი უკანვე დამიბრუნა კუნძულის ხელისუფლებამ.
ბანაკში ოფიცრები ცალკე გამოყვეს, მეც მათ ჯგუფს მიმაკუთვნეს, ჯარისკაცები კიდევ ბანაკის მეორე მხარეს დააბინავეს.
როგორც ვთქვი, კარავი კარგი მქონდა, მაგრამ სავსებით მოუწყობელი იყო.
ტრანსვაალიდან ჩამომყვა ბაჯაღლო ოქროს მონეტები, რომელზედაც ამოტვიფრული იყო კრიუგერის სახე, მაგრამ ამ ფულს ვიზოგავდი საჭმლისათვის. ბოლოს, იძულებული გავხდი, ამ ფულიდან შემეძინა ცოტა რამ.
პირველ რიგში ვიყიდე პურის ფქვილის ცარიელი ტომრები, გავტენე თივით და ნაალად დავიგე. ეს ჩემი მოუსვენარი თავიც თივის მუთაქაზე მედვა.კომენდანტმა დამითმო ცარიელი ხის ყუთები, რომლისაგანაც საკუთარი დურგლობით გავიკეთე მაგიდა, სკივრი და სკამი. მაგიდაზე იდგა ბოთლი შიგ ჩარჭობილი სანთლით. ეს იყო ჩემი ლამპარი. სკივრში ვინახავდი მცირე სურსათ-სანოვაგეს.
თუ დარი იყო, ჩემს კარავს არა უშავდა, მაგრამ ტროპიკული წვიმის დროს შიგ ტლაპო დგებოდა, ხის იატაკის დაგების საშუალება კი არ მქონდა და შევნატროდი სხვებს, რომლებიც ამ მხრივ ჩემზე უფრო ბედნიერები იყვნენ.
მალე მთლად შემომაცვდა მოგვები, იძულებული ვიყავი წვიმაში ფეხშიშველს მევლო. აღარც თეთრეული გამაჩნდა. ტანისამოსიც ძონძებად მექცა, ერთი სიტყვით, პირდაპირ მათხოვარს დავემსგავსე. ძალიანაც გავხდი, 8 ფუთის ნაცვლად უკვე 5 ფუთს ვიწონიდი.
ჩემმა მეგობრებმა ჰოლანდიელებმა კაპიტნებმა ფიგელიუსმა და ვიტხამორმა, განსაკუთრებით კი გრაფმა ბრედამ სესხად შემომთავაზეს ფული, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან არ ვიცოდი როდის შევძლებდი ვალის გადახდას.
ბოლოს, ბრედამ მაიძულა მისგან სესხად მიმეღო ბანაკის პირობებში საკმაოდ დიდი თანხა. ამ ფულით, უწინარეს ყოვლისა, შევიძინე უბრალო, მაგრამ სუფთა ტანისამოსი, ფეხსაცმელები და ლოგინი. დანარჩენი გადავინახე საზრდოსათვის.
„კრიუგერებიც“ მქონდა, ასე რომ გაჭირვებას როგორც იყო თვალი გავუსწორე.
ბანაკის ხელისუფლება ბოლო ხანებში, რატომღაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი. მომვლელად ერთი ფრანგი ვინმე კოსტი მომიჩინეს. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. როგორც ბავშვს ისე მივლიდა.
შედარებით მაძღრად ვიყავით, მაგრამ ჩემი მორთულობით კოსტი უკმაყოფილო იყო და სულ იმას მეჩიჩინებოდა უფრო ხეირიანი კოსტუმი მეყიდა, მაგრამ მე საოცარ სიძუნწეს ვიჩენდი. უწინარეს ყოვლისა ჯანს უნდა გაუფრთხილდეს კაცი, ვეუბნებოდი მას, ტანისამოსი კი ეს ისეთი ქერქია, რომლის გამოცვლა ყოველთვის შეიძლება-მეთქი. მართლაც, სურსათ-სანოვაგის შესაძენად უფრო გულუხვობას ვეწეოდი, თუმცა ყაირათიანობას აქაც ვი-ცავდი, რადგან მეშინოდა ბრედასაგან ნასესხები ფული და ჩემი „კრიუგერები“ მალე არ გამომლეოდა.
ერთ დღეს ჩემი ფარფლებიანი ძველი ქუდი ქარმა
მომტაცა და ახლა რაღაც ჩვარით თავწაკრული დავდიოდი. უცნობმა ბურმა ერთი კვირის შემდეგ საჩუქრად გამომიგზავნა სრულიად ახალი ქუდი, რამაც მართალი გითხრათ, დიდად გამახარა.
მალე ზოგიერთებს, მათ შორის მე და ბრედასაც ნება დაგვრთეს, განსაზღვრულ დღეებსა და საათებში, ბანაკს გარეთ, სადაც გვსურდა, წავსულიყავით.
ერთხელ, ბანაკის კომენდანტმა მე და ბრედა საუზმეზე მიგვიწვია და ერბოკვერცხით გაგვიმასპინძლდა. ეს მეტად ძვირფასი საუზმე იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კუნძულზე თითო კვერცხი ოქროს 5 მანეთად ფასობდა. საუზმის შემდეგ სამივე გავემგზავრეთ საფრანგეთის ელჩთან, რომელთანაც მშვენიერი დრო გავატარეთ.
ამ დღიდან მოკიდებული ბანაკს შიგნითაც დავიწყეთ ერთმანეთს შორის სტუმრად მისვლა-მოსვლა.
პირველად, საღამოს შეიკრიბენ ჩემთან. მოსვლისთანავე ბანქოს თამაშს შეუდგნენ. შავი დღისათვის შემონახული გროშების წაგების შიშით მე შორიდან ვუცქეროდი. ამაზე უფრო ის მაწუხებდა, რომ არ შემეძლო სტუმრებისთვის ჩაის მეტი სხვა რამ მიმერთმია. ისიც, იქაური უვარგისი წყლის გამო, ყოვლად უგემური იყო.
წყალს რაღაცნაირი, უხეირო გემო ჰქონდა. იგი ხელს უწყობდა ბანაკში მუცლის ალხის გავრცელებას. ეს საშინელი სენი რომ არ შემყროდა, მე მას წვეთობით ვსვამდი.
მეორე საღამოს შევიკრიბეთ ფიგელიუსთან, ჩამოვარდა ლაპარაკი პოლიტიკაზე, შემდეგ ჩინეთზე, სადაც ბოქსიორთა აჯანყება, როგორც ჰოლანდიური გაზეთები წერდნენ, ფართო ხასიათს იღებდა. ეს გაზეთები ჭორებსაც წერდნენ, თითქოს, ბოქსიორების ხელში ჩავარდნის შიშით, ევროპელებმა საკუთარი ხელით დახოცეს თავიანთი ქალები და ბავშვებიო, ხოლო თვითონ ისინი, დაახლოვებით 800 კაცი, ჩინელებმა ამოწყვიტესო. შემდეგ საუბარი გადავიდა ბურებზე, რომელთა საბოლოო დამარცხება უკვე საეჭვო აღარ იყო.
მწუხარე ფიქრებიდან თავის დასაღწევად დავიწყეთ ჭადრაკის თამაში, რასაც მშვენიერი ვახშამი მოჰყვა – ჩვენმა მასპინძელმა ამსტერდამიდან მიღებული ძეხვის თითო ნაჭერი ჩამოგვირიგა.
თითქმის მთელი თვის განმავლობაში მოდიოდა წვიმა, რის დროსაც ხანდახან საოცარი გრიგალი მძვინვარებდა. ქარიშხალმა არა ერთი და ორი კარავი მოიტაცა. ამ საშინელ ამინდში მე და კოსტი ვიჯექით ჩვენს ტალახიან კარავში და ყოველ წუთს ველოდით, რომ გრიგალი მას წაგვართმევდა.ზოგჯერ კარავში ვეღარ ვძლებდი და გავდიოდი გარეთ.
ჭექა-ქუხილი კუნძულს აზანზარებდა. ელვის ნაპერწკლებიანი მახვილი უწყალოდ ჩეხდა ცას. მისი ბრწყინვალება თვალის ჩინს ართმევდა ადამიანს, ხოლო გამუდმებული გრგვინვა და მეხის გრიალი ვის არ შეაძრწუნებდა!
ოკეანე ხომ პირდაპირ დუღდა. მისი აქოჩრილი ქაფიანი ტალღები გამაყრუებელი ღრიალით ეხეთქებოდნენ კუნძულის კლდოვან ნაპირებს.
ეს იყო ბუნების ძალთა დიდებული გამოვლინება. ამ დროს თავი რაღაც უმწეოდ, სავსებით უსუსურად მოგეჩვენებოდა კაცს.
მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი მაინც უფრო ძლიერია სტიქიაზე, ერთ ასეთ მშფოთვარე დღეს, გამოჩნდა გემი, რომელიც ცამდე ატყორცნილ ტალღებს ამაყად მოარღვევდა.
მთელი ბანაკი აფუსფუსდა.
ყველა მოელოდა წერილს და ამანათს ახლობლებისაგან.
მე კი? ნუთუ ახლაც არ გამიღიმებს ბედი? ნუთუ დავავიწყდი ყველას? მაგრამ დედას როგორ დავავიწყდი? შეუძლებელია! – ვინუგეშებდი მე თავს, – შეუძლებელია, რომ
მას მაინც არ ვახსოვდე. ალბათ, ჩემი ერთი წერილიც არ მიუღიათ...
მაშინვე შევუდექი ახალი ბარათის წერას...
ეს კი მიაღწევს?
* * * * * *
ბანაკში ოფიცრები საკუთარი სახსრებით ვცხოვრობდით, ბევრს, მათ შორის მეც, მეტად მცირე რამ გვქონდა, რომ გაჭირვებისათვის გაგვეძლო. უფრო აუტანელ პირობებში იყვნენ ტყვე ჯარისკაცები. ისინი პირდაპირ პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრობდნენ ამ მოტიტვლებულ კლდეებში.
მათი ხვედრის შესამსუბუქებლად გადავწყვიტე რამე გვეღონა. ერთ დღეს მოვიწვიე ტყვეების წარმომადგენელთა კრება.
გაბმული წვიმებისა და ქარტეხილის შემდეგ მშვენი-ერი წყნარი, მზიანი ამინდი დადგა.
დაწყნარებულ ბუნების წიაღში კრებამ საჭიროდ მიიჩნია ბანაკში შეგვექმნა ვალეიბოლის და ტენისის მოთამაშეთა გუნდები, აგრეთვე მოგვეწყო მომღერალთა კაპელა.
ამავე კრებაზე გადავწყვიტეთ დაგვეარსებინა ღია ცის ქვეშ ტყვეთა კლუბი, რომლის გამგეობის თავმჯდომარეთაც ამირჩიეს მე.
კლუბი სათავეში ჩაუდგა ჩამოთვლილ გუნდების ჩამოყალიბებისა და გაწვრთვნის საქმეს. მალე, დიდი თხოვნისა და დავიდარაბის შემდეგ, კუნძულის ხელისუფლებისაგან მივიღეთ ნებართვა ქალაქში გაგვემართა კონცერტები და ტენისის თამაში. შემოსული ფული ინახებოდა კლუბის სალაროში, საიდანაც დახმარებას ვუწევდით ტყვეებს.
პირველ ხანებში ხალხი ბლომად გვესწრებოდა, მაგრამ მერმე და მერმე, წინასწარ გაწეულ უმნიშვნელო ხარჯებსაც ვეღარ ვინაზღაურებდით.
კლუბს მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. იგი ახლა თვით ბანაკში შეუდგა კულტურულ საქმიანობას, რასაც ერთგვარი სიხალისე და შუქი შეჰქონდა ჩვენს ერთფეროვან და მოწყენილ ცხოვრებაში.
კლუბი მოწყობილი გვქონდა კლდის ძირას გაშლილ საკმაოდ ვრცელ ტაფობზე. შევიძინეთ დიდი ტილო, აი ისეთი, როგორსაც ნავსადგურებში ხმარობენ წვიმისაგან ბარგის დასაცავად.
ეს ტილო გადავჭიმეთ ბოძებზე, ამ სახით ჩვენი კლუბი უფრო ტალავარს ჰგავდა, სადაც დიდი სიცხისა და მოულოდნელი წვიმის დროს თავს ვაფარებდით. კლუბს ჩემს წილად შევწირე საკუთარი ხელით გაკეთებული მაგიდა და ლამაზად გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები.
გვქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი გაზეთები და სასულიერო შინაარსის ჟურნალები.
კლუბში ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით, ვკამათობდით.
კლუბის მესვეურებმა გადავწყვიტეთ 14 ივლისს გვედღესასწაულია ბასტილიის აღების დღე.
ხალისიანი, მზიანი დილა გათენდა.ტყვეებმა ადრიანად იწყეს შეკრება. თითქმის არავინ დაკლებია. ტაფობი ხალხს ვეღარ იტევდა. ჩვენი მომღერალთა გუნდი ავიყვანე კლდის წინ გამოშვერილ ქიმზე, საიდანაც მთელი ტაფობი ხელის გულივით ჩანდა, შორს კი მშვიდად გაწოლილიყო რამდენიმე დღის წინათ მობობოქრე ოკეანე.
ტყვეებს ნიშანი მივეცი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. გუნდმა დაიწყო მარსელიოზა, რასაც თანდათან მთელი ტაფობი აყვა და მალე იქაურობა მგზნებარე ხმებით აივსო. მღეროდა ყველა – ფრანგი, ჰოლანდიელი, ზანგი, ვმღეროდი მეც. ვმღეროდით ყველა და ეს იყო თავისუფლების ნამდვილი ჰიმნი. ეს დიდებული გუგუნი ატორტმანებდა მთელ ტაფობს და მიჰქონდა სადღაც შორს, შორს ოკეანეს იქით.
შუა სიმღერის დროს, ორიათასზე მეტი კაცი უცებ მუხლებზე დაეცა. ახლა სიმღერა რაღაც სასოების მომგვრელ ღაღადს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბრძოლაში მიმავალთა ქუხილს, მაგრამ ღაღადი თანდათანობით ისევ მქუხარე ხმებად იქცა და არემარემ კვლავ იწყო ტორტმანი.
მე ახლაც თვალწინ ცხადლივ მიდგია შუაგულ ოკეანეში მზით გაჩახჩახებულ კუნძულის განაპირას მუხლებზე დაცემული თვალებაგზნებული ადამიანები და მესმის მათი შესანიშნავი სიმღერა. ისინი დაჩოქილი იყვნენ არა მტარვალთა წინაშე, არამედ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მოკრძალების ნიშნად.
* * * * * * *
ვგრძნობ სამშობლოზე დარდი თანდათან მერევა. ვებრძვი ამ დარდს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვცდილობ მისგან თავის განთავისუფლებას, მით უფრო მეკუმშება კაეშნით გული. ნეტავი ერთი პატარა ბარათი მომივიდოდეს ქართულად დაწერილი, ეს ბარათი პირდაპირ მკვდრეთით აღმადგენდა, მაგრამ ჩემი ნატვრა კვლავ ამაოა.
ვიღაც ხშირ-ხშირად მიგზავნის გერმანულ ენაზე დაბეჭდილ სასულიერო შინაარსის წიგნებს, მე გერმანული არ ვიცი, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ იმ უცნობ ადამიანის, რომელიც ასეთ მზრუნველობას იჩენს ჩემზე.ხშირად ვზივარ ჩემი კარვის წინ, გავცქერი ზღვას და კვლავ ვფიქრობ: ნუთუ ყველას დავავიწყდი? ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს ჩემი ცხოვრება? ნუთუ აქ უნდა გავატარო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები და აქვე, როგორც უთვისტომომ, სამუდამოთ დავხუჭო თვალი?
თითქმის ყველა ღებულობს წერილს, მე ვარ გამონაკლისი, რომელიც აღარავის ვახსოვარ ჩემს სამშობლოში.
მეგობრები ცდილობენ გამიფანტონ მწარე ფიქრები, გამართონ. ჭმუნვის გადასაყრელად, ვიღაცამ თავის ხელით სადათ გაკეთებული ციტრა მაჩუქა. სულ მოკლე ხანში თავისუფლად ვისწავლე მასზე დაკვრა. მისი მელოდიური ხმები მტკივნეულ გულს მოყუჩებდნენ და ზოზინით მიმავალ დროს მიმოკლებდნენ.
ესეც მომწყინდა.
ვნატრობდი წიგნებს. ჩემს უცნობ კეთილისმდომელს, რომელიც სისტემატიურად მიგზავნიდა სასულიერო წიგნებს, წერილით ვთხოვე მოეწოდებია რუსული წიგნები, მაგრამ მათ ნაცვლად ახლა გამომიგზავნა ფრანგული ჟურნალი „ფიგარო“, რომელიც დიდი სიამოვნებითნ რამდენჯერმე გადავიკითხე თავიდან ბოლომდე,
ბანაკის კომენდანტმა მიიღო ინგლისური გაზეთები.
კომენდანტისაგან გავიგე, რომ რუსეთის სინოდს ტოლსტოის ნაწერები მიუჩნევია ხალხისათვის მავნებელ წიგნებად და აპირებს თურმე მათი ავტორის შეჩვენებას.
იმის მაგივრად, რომ ლიტერატურის ამ ბრწყინვალე კორიფეით იამაყოს სახელმწიფომ, მას დევნიან! საკვირველია სწორედ.
ამინდი კვლავ შეიცვალა. სუსხიანი ქარი ქრის.
ქუდი კვლავ წამართვა ქარმა.
კარგახანია ცუდ გუნებაზე ვარ, მაგრამ ეს ფიზიკურად არ მეტყობა, პირიქით, ბოლო დროს ჯანზე ისე ვარ, როგორიც ვიყავი აფრიკაში ჩასვლამდე. პირდაპირ გოლიათის ღონეს ვგრძნობ, რომ შემასახელოს ვინმემ, მგონი ამ კლდეს მოვიკიდებ ზურგზე.
დილას ჩემთან შემოირბინა ვიტხამორმა და შემომთავაზა ცოლისაგან გამოგზავნილი შოკოლადის ერთი მომცრო კვერი. მანვე მაცნობა, რომ ფრანგმა ოფიცერმა, მეიმ, ინგლისელებისაგან მიიღო საფრანგეთშიდაბრუნების ნებაო.
ალბათ, ნათესავები დაეხმარნენ.
მე ნუთუ მუდმივ ტყვედ უნდა ვიყო?
არა, როგორმე უნდა გავიქცე აქედან. ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. ამ აზრით მოცული, მეგობრებთან ერთად მივემგზავრები კუნძულის დასათვალიერებლად, იქნებ აღმოჩნდეს ისეთი ადგილი, საიდანაც მოვახერხოთ ტყვეობიდან თავის დაღწევა!
კარგახანს ხეტიალის შემდეგ, გზაზე შემოგვხვდნენ საფრანგეთის ელჩის ქალიშვილები, რომლებიც ვირებით წამოსულიყვნენ სასეირნოდ.
ამ სურათმა ღიმილი მომგვარა. გამახსენდა საქართველო, სადაც ქალის ვირზე შეჯდომა სათაკილოდ ითვლება.
ფრანგმა ქალიშვილებმა მშობლიურ ენაზე ერთი სიტყვაც არ იცოდნენ, იძულებული ვიყავი მუნჯივით ხელებით მეპასუხნა ზოგი რამ.
მათ მალე გავცილდით.
ცოტა ცივა. მზე თითქო სუდარაში იყოს გახვეული, მკრთალად ანათებს.
მახლობელ მთებზე უკვე დაუთოვია. ზამთარი იწყება?
დაღონებული დავბრუნდი ბანაკში. სად გაიქცევი!
აქედან ჩიტიც ვერ მიაღწევს დიდ მიწამდე. ნავს კი აბა ვინ მოგცემს. გემი კი იშვიათად მოადგება ჩვენს კუნძულს, მაშინაც ახლოს არავინ მიგიშვებს.
საღამოს შევიკრიბეთ ფოგელიუსთან, თითო პატარა სასმისით რაღაც მაგარი სითხე დაგვალევინა, შესატანებელი კი არაფერი ჰქონდა. რამდენიმე ხელი ჭადრაკი ვითამაშეთ, ვისაუბრეთ. 11 საათზე დავბრუნდი კარავში. ძალზე მშიოდა. ჩემი კიდობანი გადმოვაბრუნე, მაგრამ შიგ პურის ერთი ნამცეციც ვერ ვიპოვე. დავწექი.
მაშინვე დამეძინა. ტყუილი უთქვამთ – მშიერს ძილი გაურბისო, დილამდე გვერდიც არ მიცვლია.
ჩემმა კოსტიმ სადღაც ერთი ნატეხი შაქარი მიშოვა და სამი დღის შემდეგ, ამ დილით შაქრიან ყავას პირველად ვსვამ. რა ცოტა უნდა ადამიანს! მშვენიერ ხასიათზე დავდექი. გავედი გარეთ და ჩვეულებრივად შე-ვუდექი ვარჯიშობას. ვარჯიშობის შემდეგ კიდევ უფრო გამომიკეთდა გუნება. პირდაპირ ამირანის ძალას ვგრძნობ კუნთებში, მაგრამ რაში მარგია!
კარავის წინ დავჯექი.
ვფიქრობ, ჩემი ღონის პატრონი რად უნდა ვიყო ნაცარქექიასავით უმწეო? მაგრამ ამ ღონესთან ერთად ნაცარქექიას მოხერხების უნარი რომ მომცა, წმ. ელენეს კუნძულს დანტეს ჯოჯოხეთს რომ გავს, ნამდვილ სამოთხედ ვაქცევდი.
რა გავაკეთო ისეთი, ამ ხალხს ტკბილი ყავა მაინც რომ ჰქონდეს ყოველდღე?
დოღი!
ეს რა კარგი აზრი მომივიდა! კუნძულის მცხოვრებთათვის ეს უთუოდ უცხო სანახაობა იქნება და ჩვენი კლუბის დაშრეტილი სალარო შეიძლება კვლავ იქცეს უკვდავების წყაროდ.
გავიქეცი ფიგელიუსთან. იქ დამხვდა ვიტხამორიც. მალე გრაფი ბრედაც მოვიდა.
გავუზიარე მათ ჩემი განზრახვა, თან დავუმატე, რომ დოღის შემდეგ მაყურებლებს ვაჩვენებ ჩემი მკლავების ძალას მეთქი.
მაინც რას აპირებო, – ჩამაცივდნენ მეგობრები. იძულებული გამხადეს საიდუმლოდ მეთქვა მათთვის, რასაც ვაპირებდი.
კომენდანტს მოციქულად მივუგზავნეთ გრაფი ბრედა. დიდი ყოყმანის შემდეგ იგი დათანხმდა 10 ცხენი ორი კვირის განმავლობაში ენათხოვრებია ჩვენთვის.
მეორე დღეს შევარჩიე ტყვეებიდან 10 საუკეთესო ცხენოსანი და შევუდექი მათ გაწვრთნას.
* * * * * * *
ქალაქის მახლობლად საჯირითო მოედნის გამოძებნა და აფიშების დაბეჭდვა-გაკვრის საქმის მოგვარება იკისრა ფიგელიუსმა. მანვე რომელიღაც მაღაზიიდან ქირით იშოვა სიმებიანი ინსტრუმენტები, ტყვეებს შორის აღმოჩნდნენ მშვენიერი დამკვრელები ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ვიოლონჩელზე.
ბანაკის კომენდანტმა მოითხოვთ ორკესტრსა და მომღერალთა გუნდს დოღის დაწყების წინ უთუოდ შეესრუ-ლებია ინგლისური ჰიმნი. ეს არაფრად გვეჭაშნიკა, მაგრამ იძულებული ვიყავით ძალას დავმოჩილებოდით.
გუნდი და ორკესტრი უხალისოდ შეუდგა ჰიმნის შესწავლას.
ზანგებმა ცალკე შეადგინეს ეროვნული გუნდი.
უკვე გაიკრა აფიშები, რომლებზედაც ჩემი გვარი ფიგელიუსს დიდი ასოებით გამოეცხადებია.
მოახლოვდა დანიშნული დღეც.
ბანაკში ყველა ღელავდა. ჩვენზე არა ნაკლებ ღელავდნენ, თურმე, ქალაქის მცხოვრებლებიც. ბილეთები წინასწარ გაიყიდა.
გათენდა 15 აგვისტო.
კოსტი დილა ადრიან შეუდგა ჩემი გამოხუნებული კოსტუმის წმენდას. ხუმრობა ხომ არ იყო, მთავარი მომქმედი პირი დღეს მე უფრო ვიყავი, ვიდრე სხვები.
დოღი დანიშნული იყო დღის 12 საათზე, მაგრამ სტუმრებმა 10 საათიდან იწყეს მოსვლა. მალე მთელ კუნძულზე უვრცესი მინდორი ხალხით აივსო. ტყვეების მიერ სახელდახელოდ გაკეთებული უბრალო ფიცრის მერხები საკმარისი არ აღმოჩნდა, უმრავლესობა ფეხზე იდგა.
საუცხოო დარი დაგვესწრო. მოწმენდილ ციდან მზე უხვად გვაფრქვევდა თავის სხივებს, მაგრამ რაც მთავარია, სრულებითაც არ იყო მცხუნვარე.
ირგვლავ უჩვეულო ჟრიამული იდგა. ყველაზე უფრო მეტს ხმაურობდნენ მხიარული და მოუსვენარი ფრანგები.
დოღის შეფი იყო ბანაკის კომენდანტი, ინგლისელი პოლკოვნიკი შილი. საზეიმოდ გამოწყობილს მეტად ცივი, იმავე დროს ყოყოჩური, მიუკარებელი გამომეტყველება ჰქონდა.
ქალაქის მაღალ თანამდებობის პირებს იგი ეგებებოდა ხოლმე, თავისი უცნაური თავაზიანობით. სრულ 12 საათზე გაისმა საკომენდანტოდან მოტანილი დაფდაფის ხმა. ერთბაშად ჩამოვარდა სიჩუმე.
გუნდმა და ორკესტრმა დაიწყო ინგლისის სახელმ-წიფო ჰიმნი, რასაც მაინცადამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. შემდეგ ორკესტრის აკომპანიმენტზე გუნდმა შეასრულა ცნობილ ევროპელ კომპოზიტორების რამდენიმე საგუნდო სიმღერა.
პირველი განყოფილების დასასრულს გამოვიდნენ ზანგები, რომლებიც მეტად მელოდიურად მღეროდნენ თავიანთ ეროვნულ ჰანგებს, იმავე დროს კეთილხმოვანად, მაგრამ უცნაური გატაცებით აჟღერებდნენ უბრალო სპილენძის ნაჭრებს, პატარა ქვაბებს და სპილენძისავე სინებს. ასევე გატაცებით უკრავდნენ ლერწმისაგან გაკეთებულ სხვადასხვა ზომის სალამურებს. ეს იყო რაღაც ჯაზისმაგვარი.
დაიწყო დოღი.
დოღში მონაწილეობდნენ კუნძულის მცველ ინგლისელთა ჯარის საუკეთესო ცხენოსნებიც, მაგრამ მათ ტყვე ბურებმა აჯობეს.
დადგა ჩემი გამოსვლის დრო.
შუაგულ მოედანზე საკომენდანტოს მეჯინიბე ოთხმა ზანგმა გამოიყვანა ორი ცხენი, ორ ზანგსაც მათზე გამობმული თასმები ეჭირათ.
ცხენებს რომ შევხედე, ცოტა შიშმა გამკრა – მეტად ფიცხნი და ღონივრები ჩანდნენ, მეჯინიბეები ძლივს უჭერდნენ თავებს.
ეტყობა კომენდანტს განგებ შეურჩევია ყველაზე დიდი და ღონიერი ცხენები, რომ ამდენი ხალხის წინაშე სირცხვილი მაჭამოს. ეს მისი საქციელი უფრო შურისძიებას გავს, ვიდრე ჩემი მკლავების ძალაში დარწმუნების სურვილს.
არ მეგონა პოლკოვნიკი შილი თუ ასეთი მუხანათი გამოდგებოდა. მან კარგად იცოდა, რომ მე ცირკის ჯამბაზი არ ვიყავი და არც პირადი სარგებლობის მიზნით გამოვდიოდი ამ მოედანზე, არამედ მინდოდა, რითაც შემეძლო, ტყვეების გაჭირვებულ მდგომარეობის შემსუბუქების საქმეში ჩემი წვლილი შემეტანა.
რა გაეწყობა! უკან დახევა უკვე გვიანაა!
მოვიკრიბე მთელი ძალ-ღონე და მტკიცე ნაბიჯით გავედი მოედანზე.
ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, თითქოს მთელ არემა-რეზე ერთი კაციც არ ყოფილიყო.
მარჯვენა ფეხს დავეყრდნე, მარცხენა ოდნავ წინ წავდგი და მკლავები მოვხარე. მეჯინიბეებმა, ცხენების გრძელი თასმების ყულფები როგორც კი ჩამომაცვეს მკლავებზე, მყისვე კისერზე გადმოდებულ მაგარ ღვედს ჩავავლე ხელები, ამრიგად ყულფები ნიდაყვებთან მოვიქციე. ეს მთავარი იყო.
– გაუშვით ხელი! – ვიყვირე მე და მეჯინიბეები, რომელთაც ცხენები აქეთ-იქით აღვირებით ეჭირათ, განზე გახტნენ.
ცხენებმა წამსვე გაიწიეს, მაგრამ ადგილზევე შედგნენ. მაშინ მეჯინიბეებმა ცხენებს შოლტები გადაჰკრეს.
ახლა ცხენებმა მოინდომეს ერთბაშად თავის დაღწევა, მაგრამ როცა ადგილიდან ოდნავადაც ვერ დამძრეს, ყალყზე აიმართნენ.
ვატყობდი ძარღვები დაწყდომაზე მქონდა, მაგრამ მაინც ვიდექი, როგორც მიწაში ღრმად ფესვებგამდგარი მუხა, ცხენები თითქოს ჩემს ორ ტოტზე გამობმული ყოფილიყვნენ.
გახელებული ცხენები ცდილობდნენ გამსხლტომოდნენ, მაგრამ ამაოდ.
მეჯინიბეებმა კვლავ გადაჰკრეს შოლტები და თან უცნაური ხმით დასჭყივლეს ისედაც ცეცხლმოდებულ მერნებს.
ცხენები ერთხელ კიდევ აიტოტნენ, მერმე გაქაფულებმა ერთხელ კიდევ გაბედულად დაჰკრეს ტორები მიწას და თანდათან დაცხრნენ, დაოკდნენ.
ყულფები მკლავებიდან წავიყარე და მოედნიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ამ დროს მოირღვა რკალი და ხალხის ტალღამ გზა გადამიღობა.
ატყდა უცნაური ყვირილი, აღტაცებულთა ყიჟინა, ტაში. ყველას უნდოდა ხელი ჩამოერთმია, შემხებოდა, გადავეკონე. როგორც იყო თავი დავაღწიე გაგიჟებულ მაყურებლებს და მაშინვე გავწიე ბანაკისაკენ. ნახევარი მოედანი გამომყვა თან.
ბანაკის ალაყაფთან იძულებულნი გახდნენ შეჩერებულიყვნენ, მე შევედი ჩემს კარავში და ლოგინზე მი-ვეგდე. ალაყაფთან შემდგარი ხალხის ყიჟინა კიდევ კარგახანს მესმოდა. მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, მე საშინლად დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ძლიერ ვნანობდი, რომ ბრბოს ველური ინსტინქტების გაღიზიანების მიზეზად ვიქეცი.
ჩამეძინა. ძილში ვგრძნობდი თუ როგორ მიკრთოდა ყოველი კუნთი, როგორ აჩქარებით მიძგერდა გული, მინდოდა თვალის გახელა, მაგრამ ქუთუთოები აღარ მემორჩილებოდნენ.
მართალია, მე უკმაყოფილო ვიყავი დღევანდელი დღის, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენს ღარიბ სალაროს 2500 გირვანქა სტერლინგი შეემატა.
* * * * * * *
ბანაკში დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრება. ერთ დილას გამაღვიძა ბანაკის მცველი ჯარის სასულე ორკესტრმა.
რა მოხდა? რა უხარიათ ინგლისელებს?
კოსტიმ მომიტანა სამწუხარო ამბავი:
ინგლისელებს ბურებთან ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში გაუმარჯვიათ, 5000 ბური ტყვედ ჩაუგდიათ, ტყვედ წაუყვანიათ მათი გენერალიც პრენცლო.
ბოღმა შემომაწვა. წარმოვიდგინე მოხუცი კრიუგერი, რომელიც ჯერ კიდევ იდგა რესპუბლიკის სათავეში მაგრამ რესპუბლიკა კი თითქმის უკვე აღარ არსებობდა.
ამ დილით ბურები თითქოს მიწამ ჩანთქაო, არსად ჩანდნენ. ბანაკი მიტოვებულ ადგილს ჰგავდა.
კუნძულიდან გაქცევის სურვილი თანდათან მოსვენებას მიკარგავს, მაგრამ რა გზით გავაღწიო თავი ამ ჯოჯოხეთს?
მშვიდად გაწოლილ ზღვას გავცქერი. ცა რატომღაც დღეს ძლიერ დაწეულა დაბლა. ცასა და ზღვას შორის მკრთალი ნათელი შუქი დგას. უცებ ამ შუქში გამოჩნდა შავი ჩრდილი. იგი თანდათან იზრდება და უახლოვდება კუნძულს.უკვე კარგად ვარჩევ, რომ ეს ჩრდილი დიდი საოკეანო გემია, რომლის მაღალ ანძაზედაც ფრიალებს ამერიკული ალამი.
მთელი ბანაკი გამოეფინა ნაპირზე.
გემი ჩქარა მოდიოდა.
თვალს არ ვაშორებდით, გვეშინოდა მოჩვენება არ ყოფილიყო და მასთან ერთად არ გამქრალიყო წერილებისა და ამანათების მიღების იმედი.
არა, ცხადად გემია! იგი უკვე ნავსადგურში შევიდა. ვისაც ბანაკის დატოვების ნება ჰქონდა, ყველა გაეშურა ნავსადგურისაკენ. მე კი ბანაკში დავრჩი, რადგან დარწმუნებული ვიყავი ამჟამადაც არავის გავახსენდებოდი.
კარგახანს ვიჯექი ქვაზე, მწუხარე ფიქრებით შეპყრობილი. ფიქრებიდან სასწრაფოდ მოსულმა ოფიცერმა გამომარკვია.
– კომენდანტი გთხოვთ ახლავე გამოცხადდეთ ნავსადგურში, – მითხრა მან.
ცოტა გაოცებული წამოვდექი და გავყევი.
„ნეტავი რა საქმე აქვს ჩემთან კომენდანტს, ისიც ნავსადგურში?“ – ვფიქრობდი გზადაგზა.
როგორც კი ნავსადგურში მივედი, კომენდანტმა გამაცნო გემის კაპიტანი, რომელმაც თავაზიანად მომმართა:
– თქვენ ბრძანდებით ბაგრატიონი?
– დიახ.
– ეს გემი თქვენს სახელზეა გამოგზავნილი სამხრეთ ამერიკიდან, იგი ამერიკელ ფრანგი ქალების მიერ შეგროვილი საჩუქრებითაა დატვირთული. გთხოვთ თქვენი გვარი მოაწეროთ ამ ქაღალდზე, რომ მასში აღნუსხული საჩუქრები, ნამდვილად მიიღეთ, – მითხრა მან ფრანგულად და საბუთი გამომიწოდა.
მართალი გითხრათ, გაკვირვებასთან ერთად, ჩემში ამ ამბავმა სწორედ უჩვეულო სიხარული გამოიწვია.
განსაკუთრებით მიხაროდა ის, რომ ნებით თუ უნებლიედ, შემეძლო კიდევ ერთხელ დავხმარებოდი ჩემს თანამებრძოლებს.
კაპიტანმა აგრეთვე მთხოვა, პირადათ დავსწრებოდიგემის გადმოტვირთვას. მე ბურების სახელით დიდი მადლობა გადავუხადე და ხელი მაგრად ჩამოვართვი.
კაპიტანი შუახნის კაცი იყო, წარმოსადეგი, პირში განუწყვეტლივ ჩიბუხი ჰქონდა.
კომენდანტის ბრძანებით მოიყვანეს ტყვეები, რომლებიც დიდი ხალისით შეუდგნენ გემის გადმოტვირთვას.
მე და კაპიტანი კომენდანტის თანდასწრებით განვაგრძობდით საუბარს. ცოტახნის მერმე კაპიტანმა ბოდიში მოიხადა და გემზე ავიდა. მალე დაბრუნდა. უკან მეზღვაური მოჰყვებოდა, რომელსაც რაღაც საგანგებოდ შეხვეული მოჰქონდა.
– ეს საჩუქარი პირადათ თქვენ გეკუთვნით. იგი ერთმა ლამაზმა ქალმა გამომატანა და მთხოვა ჩემი ხელით მომერთმია თქვენთვის. – ამ სიტყვებით კაპიტანმა ამანათი გადმომცა, რაც თავშეკავებული სიხარულით ჩამოვართვი და გადავაბარე იქვე ჩემს უკან გაჩერებულ კოსტის.
კომენდანტის ნებართვით აქვე დავწერე ფრანგულ ენაზე სამადლობელი წერილი და კაპიტანს ვთხოვე იგი ამერიკაში დაბრუნებისთანავე გადაეცა ჩემი კეთილისმყოფელ უცნობ მანდილოსნისათვის.
საღამოს დავემშვიდობე კაპიტანს და დავბრუნდი ბანაკში.
კოხტის უკვე გაეხსნა ხავერდის მანდიკი და ამოელაგებია საჩუქრები – მშვენიერი შავი კოსტუმი, ორი წყვილი თეთრეული, ერთი გახამებული პერანგი, წინდები, ფეხსაცმელები, ქუდი, ყელსახვევი, ცხვირსახოცები და რამდენიმე შოკოლადის ლორფინი.
სავსებით დენდივით გამოვეწყვე. მაგრამ ამ მორთულობას მერჩია დედის ხელით ქართულად დაწერილი პატარა ბარათი მიმეღო!
დავიჯერო კოლა ორბელიანსაც დავავიწყდი? დიდიხანია, ალბათ, პარიზიდან პეტერბურგში დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოვგონებივარ.
ასე რომ არ იყოს, უთუოდ რამეს იღონებდა. მას ხომ უამრავი გავლენიანი ნაცნობები ყავს! იქნებ ჩემი ასავალ-დასავალის არაფერი იცის? შეუძლებელია არ იცოდეს. ათასჯერ ვიყავი მოხსენებული ფრანგულსა, ჰოლანდიურსა და ინგლისურ გაზეთებში.
თვითონ თუ არ წაიკითხა, ვინმე მაინც ეტყოდა, მაგრამ ვაი თუ მას ჩემხე უარესი რამ დაემართა?
ერთი კვირაა გაოგნებული ვარ. აქედან თავის დაღწევის სურვილი ისე ამეკვიატა განსაკუთრებით დღეს, რომ ლამის ჭკუაზე შევიშალო. დილიდან მოკიდებული აგერ შუადღემ მოაღწია და შეუსვენებლივ მიმოვდივარ ჩემი კარავის წინ.
კოსტი ხანდახან გაოცებული თვალებით შემომხედავს და კვლავ კარავში მიიმალება.მოულოდნელად ისევ გამომეცხადა საკომენდანტოს ოფიცერი და გადმომცა კომენდანტის ბრძანება – სასწრაფოდ მივსულიყავი მასთან.
უგუნებოდ წავედი.
კიბის თავთან კომენდანტიდან ახლად გამოსული სახეგაბრწყინებული გრაფი ბრედა შემომხვდა, – როგორც კი დამინახა, მაშინვე უსიტყვოდ მომეხვია და გადამკოცნა, მერმე კიბეზე დაეშვა და თავის კარავისაკენ გაიქცა.
სრულებით ვერაფერს მივხვდი. შევედი კომენდანტთან. იგი მყისვე წამოდგა და სალამის ნაცვლად მითხრა:
– გსურთ დაბრუნდეთ ევროპაში?
სიხარულისაგან ენა დამება. ერთ წუთს ჟრუანტელმა ტერფებამდე დამიარა. ცოტა წავბარბაცდი და მაგიდას ცალი ხელით დავეყრდნე.
კომენდანტმა ჩემს პასუხს აღარ დაუცადა და განაგრძო:
– თქვენ უნდა მოგვცეთ წერილობითი პირობა, რომ აფრიკაში აღარასოდეს ჩამოხვალთ, და გაემგზავრებით საკუთარი ხარჯით.
– ომის განმავლობაში აფრიკაში აღარ ჩამოვალ, ალბათ, არც სხვა დროს მექნება საშუალება კვლავ ვინახულო ეს მხარე, მაგრამ ახლა კი უთუოდ უნდა გავიარო პრეტორიაში, რათა იქ ბანკში შენახული ფული და ნივთები დავიბრუნო. სხვა სახსრები მე არ მაქვს ევროპამდე ჩემი ხარჯით რომ ვიმგზავრო.
– გადმომეცით საბუთი და ჩვენ გამოვითხოვო თქვენს ქონებას ბანკიდან.
– ქვითარი ჯერ კიდევ ტყვედ ჩავარდნამდე დავკარგე პრეტორიაში თუ თვითონ ჩავალ, მაშინ მოწმეთა ჩვენებით მიბარებულ ქონებაზე ჩემს უფლებებს აღვიდგენ.
– პრეტორიაში თქვენი დაბრუნება შეუძლებელია, - ცოტახნის დაფიქრების შემდეგ მიპასუხა მან, - დიახ, ეს არა თუ შეუძლებელი, წარმოუდგენელიცაა. რაღაც სხვა საშუალება უნდა გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევახში, ომის დამთავრებამდე მოგიწევთ აქ ყოფნა.
გიჟივით გამოვარდი გარეთ.წინ გრაფი ბრედა, ფოგელიუსი და ვიტხამორი შემომხვდნენ. გრაფს ახლა დამშვიდებული სახე ჰქონდა. მის მოძრაობაში უკვე თავისუფალი ადამიანის სიამაყე იგრძნობოდა. ფოგელიუსი და ვიტხამორი კი მოუსვენრად იყვნენ.
– როდის მივდივართ, მეგობარო! – დინჯად მკითხა გრაფმა.
მე ვუთხარი რაც მაბრკოლებდა.
– ეგ არაფერია. ფული მე მაქვს. ხვალ-ზეგ იმდენს მივიღებ საფრანგეთიდან, რომ თუ ნებას დამრთავენ, ნახევარ ბანაკს წავიყვან ჩემი ხარჯით. დამშვიდდი. ახლა წავიდეთ და ამ მეგობრებთან ერთად განთავისუფლების სადღეგრძელო შევსვათ.
ოთხივემ ნელი ნაბიჯით გავიარეთ ბანაკის ალაყაფის კარი.
ჩავედით ქალაქში. ერთ პატარა რესტორანში შემოვუჯექით მაგიდას. დიდხანს ვისაუბრეთ. საღამოს გვიან დავბრუნდით ბანაკში.
მეორე დღეს ბარგი უკვე შევკარი, მაგრამ ორ კვირაზე მეტხანს მომიხდა ლოდინი. მოვიდა ჯავშნოსანი სამხედრო გემი „ვიქტორია.“ მე და ბრედას გამოგვიცხადეს, რომ ამ გემით უნდა წავსულიყავით. ჩამოვიარე თითქმის მთელი ბანაკი და ყველას დავემშვიდობე.
რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი, თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი, რომ მე მივდიოდი და ისინი კი ტყვეობაში რჩებოდნენ. ბურები კი აღტაცებით მართმევდნენ ხელს და იმავე დროს თითოეული მათგანი თავს ვალდებულად თვლიდა ბანაკში თავის ხელით გაკეთებული რამე ნივთი ესახსოვრა ჩემთვის.
მე საკმაოდ დიდი ბარგით მივედი ნავსადგურში.
1901 წლის 10 ნოემბერს დაიძრა გემი.
ნაპირზე დარჩენილი ფოგელიუსი, ვიტხამორი და კოსტი თანდათან პატარავდებოდნენ. მალე კუნძულიც თვალს მიეფარა.
ჯავშნოსანი, რომელსაც მე და ბრედა უნდა მივეყვანეთ ინგლისში, შესანიშნავი გემი იყო. ისე სწრაფად მიდიოდა, რომ სრულებით არ ქანაობდა.
საუცხოო კაიუტებში მოვთავსდით. მეორე დღეს კვლავ ზღვამ დამცადა და ავად გავხდი… მთელი გზა ვიწექი. გემის ექიმმა ვერაფრით მერ შემიმსუბუქა მდგომარეობა.
* * * * * * *
6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა მგზავრობა და ამ დროის განმავლობაში ხეირიანად თავიც არ ამიწევია ბალიშიდან.
როდის იყო და როდის არა, მივედით დუვრში. კაპიტანმა ჩვენი თავი გადასცა ორ ოფიცერს, რომლებიც, ეტყობოდათ, გველოდებოდნენ. ოფიცრებმა მაშინვე ჩაგვსვეს წასასვლელად გამზადებულ მატარებელში.
მეორე დილას გადმოვედით მატარებლიდან, ჩავსხედით ავტომობილში და მივედით კომფორტაბელურ სასტუმროში, სადაც მე და ბრედამ გვერდი-გვერდ დავიჭირეთ ოთახები. სასტუმროში მისვლისთანავე დავწექი.
მგზავრობით ისე ვიყავი გალახული, რომ ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი, მაგრამ კარგი ექიმების წყალობით მესამე დღეს უკვე წამოვდექი. ბრედამ მაშინვე გამოუძახა მკერავს. მკერავმა აგვიღო ორივეს თარგი. ეს იყო დილის 10 საათი. საღამოს 7 საათზე უკვე ახალი კოსტიუმები გვეცვა, მაგრამ მერე რა, – სასტუმროდან რესტორანში ჩასვლის ნებაც არ დაგვრთეს ჩვენზე მოჩენილმა ოფიცრებმა.
ბრედამ ნომერში მოითხოვა ძვირფასი ვახშამი. ორივე გათენებამდე ვისხედით მაგიდასთან და ტკბილად ვსაუბრობდით.
დილას ვთხოვეთ ოფიცრებს საშუალება მოეცათ ავტომობილიდან მაინც დაგვეთვალიერებია ლონდონი.
ნება დაგვრთეს, მაგრამ ისინიც თან წამოგვყვნენ. თითქმის მთელი ლონდონი დავიარეთ. მე იგი არ მომეწონა. მიუხედავად შესანიშნავი შენობებისა, სწორი, კრიალა ქუჩებისა, ქალაქს აკლდა მიმზიდველობა. შეიძლება ასე იმიტომაც მომეჩვენა, რომ ამ დღეს ლონდონი მთლად ნისლში იყო გახვეული.
ირგვლივ მძიმე სიჩუმე იდგა. როგორც მითხრეს, არც მზიან დღეებშია თურმე იგი მაინცადამაინც ხალისიანი.
სასტუმროში დაბრუნებისთანავე დავწექით და წუხანდელ უძინრებს ღრმად ჩაგვეძინა.
ერთი კვირის შემდეგ გადავცურეთ ლამანში უკვე სიცოცხლით სავსე, ნათელ პარიზის ქუჩებში მიგვაქროლებდა ავტომობილი.
* * * * * * *
მშობლები ბრედას გაშლილი ხელებით შეხვდნენ. აღფრთოვანებული ბრედა ხან აცრემლებულ დედას ეხ- ვეოდა, ხან ცრემლშეკავებულ მოხუც მამას.
ცოტა შურიანი თვალით ვუცქერდი ბრედას, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ მალე მეც ასე სიხარულით შემომეგებებოდნენ ჩემიანები ჩემს სამშობლოში.
ბრედას მშობლებმა მეც დიდი სიხარულით მიმიღეს. ცოტახნის მერმე მე ისინი დავტოვე და წავედი სასტუმროში. სასტუმროში მისვლამდე შევიარე ფოსტა-ტელებრაფში და საქართველოში გავაგზავნე დეპეშა.
ორი დღის შემდეგ სასტუმროში მოვიდა ჩემთან გრაფი ბრედა და წამიყვანა თავის საგვარეულო კოშკში, რომელიც ქალაქ ტურიდან სულ ახლოს იყო.
ტურის სანახები მეტად მომეწონა. ძველი ფრანგული არისტოკრატია თითქმის ტურის მიდამოებში ცხოვრობდა. აქ ზოგან იყო ისეთი ძველი ციხე-კოშკებიც, რომელთაც ირგვლივ უზარმაზარი სქელი გალავნები ერტყათ, წინ ღრმა თხრილებში წყალი ჩაუდიოდათ, ხოლო თხრილებზე გადასვლა ასაწევი ხიდებით შეიძლებოდა.
გრაფ ბრედას კოშკის გალავანი ისეთი სქელი იყო, ზედ ეტლი თავისუფლად გაივლიდა. შიგნით რამდენიმე კოშკი იდგა, ყველაზე მაღალ კოშკზე ბრედას საგვარეულო დროშა ფრიალებდა. ეზო საუცხოოდ მოვლილი იყო. მთავარ კოშკში მრავალ დარბაზებს შორის, ყველაზე დიდი დარბაზი ბიბ-ლიოთეკას ეჭირა. აქ იყო საუკეთესო წიგნები არა მარტო ნაბეჭდი, არამედ ხელნაწერებიც თითქმის ყველა ენაზე. ბიბლიოთეკაში შესაფერ ადგილებზე იდგა ფრანგი კლასიკოსების კორნელის, ჟან-ჟაკ რუსოს, დიდროს და დალამბერის ბიუსტები.
მცირე დარბაზში დაცული იყო სხვადასხვა დროის იარაღები, მათ შორის თოფები, ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები და ფარები.
ბრედას მშობლები იქ დაგვხვდნენ. ღვიძლი შვილიდან არ მარჩევდნენ. მოხუცები უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, რომ თავიანთ ერთადერთ შვილს ასე ახლო ხედავდნენ. ბრედაც ბედნიერათ გრძნობდა თავს მოხუც მშობლებთან, რომლების ნახვასაც ამდენი ქარცეცხლში გავლის შემდეგ კიდევ ეღირსა. ბრედას ეძნელებოდა მშობლების დატოვება, მაგრამ ჩემი მარტოდ გაშვებაც არ უნდოდათ და აი, ორი კვირის შემდეგ კვლავ პარიზში დავბრუნდით.
პარიზში უკვე დამხვდა დედაჩემის მიერ სასწრაფოდ გადმოგზავნილი 1000 მანეთი. ცალკე ფულის მიღებამ გამახარა, ცალკე იმ ამბავმა, რომ დედა ცოცხალი და კარგად ყოფილა.
ორ დღეს დავრჩი კიდევ პარიზში. მთელი ეს ორი დღე ჩემმა მეგობარმა ბრედამ სად არ მატარა - ხელახლა ვიყავი ლუვრში, ვერსალში, ვნახე ტრიანონიც. საღამოს ვეწვიეთ ვარიეტეს და მულენ-რუჟს.
წამოსვლის წინა საღამოს ვიჯექით ტროკადეროს ერდოზე. ვუცქეროდით „ღამის დღესასწაულს“. ჩვენს წინ უზარმაზარ კვარად ენთო ეიფელის კოშკი. მის ირგვლივაც შუქთა ზღვა ლივლივებდა.
უკანასკნელად ვართ ერთად. ბრედა ცოტა მოწყენილია. მე ვეპატიჟები საქართველოში. ის მპირდება, მაგრამ ვატყობ თავისი დაპირების თვითონვე არ ჯერა.
შესანიშნავი კაცი იყო ბრედა. იგი გამოირჩეოდა თავისი ფართო, დიდი გულით, კეთილშობილებით, დე-მოკრატიული სულისკვეთებით. სამართლიანობისა და ადამიანისადმი სიყვარულმა წაიყვანა ის აფრიკაში და ააღებია თოფი ხელში.
დიახ, ბურებისათვის თავგანწირვა მისი დიდი ჰუმანური გრძნობით იყო გამოწვეული, თორემ მას სხვებზე უფრო უზრუნველად შეეძლო ეცხოვრა თავის საყვარელ საფრანგეთში.
მშვიდობით, კარგად იყავი, ჩემო გულითადო მეგობარო! ვინ იცის კიდევ შევხვდებით თუ არა ერთმანეთს! ვინ იცის!
დილას უკვე რუსეთისაკენ მიმაქროლებს ექსპრესი. დრო ნელა მიდის, თუმცა ექსპრესი ფრთამალი მერანივით მიაპობს სივრცეს.
აი გამოჩნდა ეკლესიების გუმბათები. ცოტაც კიდევ და მე უკვე პეტერბურგში ვარ.
სადგურზე გადმოსვლისთანავე გამომეცხადა პეტერბურგის გუბერნატორის ადიუტანტი და სამხედრო სამინისტროს განკარგულებით სადგურიდან პირდაპირ წამიყვანეს ჰაუპტვახტში.
ერთი კვირის შემდეგ მაცნობეს, რომ აკრძალული მაქვს პეტერბურგში თავისუფალი ცხოვრება. იმავე დღეს ჩამსვეს მატარებელში და საქართველოში გამომამგზავრეს.
ეს ყველაფერი ისე მოულოდნელი იყო, რომ კოლა ორბელიანისათვის შეტყობინებაც ვერ მოვიფიქრე. ეჰ, რაც იყო, იყო. მთავარი ისაა, რომ მე უკვე საქართველოსაკენ ვადგივარ გზას.
რუსეთში ზამთარია. ყველგან დიდი თოვლი დევს. ღრუბლებს მზე ხანდახან თუ დააღწევს თავს, მაგრამ მალე ისევ ბურუსი ნთქავს. როცა კავკასიის საზღვრებს მოვუახლოვდი, ცა თანდათან მოწმენდილი გახდა, საქართველოს საზღვართან მთლად მოისარკა და კაშკაშა მზე სხივებს უხვად აფრქვევს.
სალამი, ჩემო ქვეყანავ!
















