(ნაწყვეტი რომანიდან „არსენა მარაბდელი“)
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლი გარეუბანში მარმარილოს წყაროს პირდაპირ საკომენდანტო ქუჩის კუთხეში იდგა. ორსართულიანი შენობა კრამიტით იყო დახურული. მას თაღიანი ფანჯრები ჰქონდა და ირგვლივ თეთრად და ცისფრად შეღებილი განიერი აივანი ერტყა, რომელსაც ზემოთ ქართული ხარატის არშია ჰქონდა მოვლებული. სახლი ორი მხრივ ბაღში იდგა. მზე გადაწურული იყო და აივნის ერთ მხარეს უკვე ჩრდილი დასწოლოდა.
ჭავჭავაძეს სტუმრები ჰყავს. ყველანი ცხენებით და ფაიტონებით მოსულან. ეტლებიც და ცხენებიც მარმარილოს წყაროსთან შეუგროვებიათ და აბანავებენ, წყალს ასმევენ, რეცხავენ. მხლებელნი და მეეტლენი რიგის გამო მეთულუხჩეებს და პატარა ბიჭებს ედავებიან.
აივანი სტუმრებით არის შეკუნწლული.
ხალიჩებით და ფარჩა-ხავერდის ბალიშ-მუთაქებით დაფენილ ტახტებზე ხნიერი და ახალგაზრდა კნეინები სხედან, ხოლო მათ წინაშე და მოშორებითაც ახალგაზრდა ვაჟები და რამდენიმე ხნიერი თავადი ზის, სდგას, სეირნობს.
ორ მრგვალ მაგიდაზე, თოვლივით თეთრ სუფრაზე ფაიფურის ჭურჭელი კრიალებს. იმგვარსავე მოზრდილ ლარნაკებში მასპინძლის ბაღებიდან მოტანილი ხილი ქათქათებს. ჯერ მარიამობა არ ყოფილა და ხილი ნაკურთხი არ არის, მაგრამ რა ბედენაა: ჭავჭავაძის ოჯახი რუსულ-ევროპულ წესს მისდევს და აქაური ადათისგან მცირე რამეღა შერჩენია. ზოგი სტუმარი ჩაის არა სვამს. მას ცივი თეთრი წინანდალი ურჩევნიან. ქალებმა კი ტკბილი მალაგა და პორტვეინი დაიჩემეს, რომელსაც მასპინძლის ფრანგი მეღვინე ამზადებს წინანდალში. კნეინები ამ ღვინოს ბროლის ჭიქებით სრუტავენ და დაბალი ხმით საუბრობენ.
სამხედრო ფორმით გამოწყობილი მასპინძელი ეკატერინე-დიდის ნათლულია, ნაპაჟევი, ოდესღაც ვოლტერიანელი და აჯანყებული, მერმე ყველაზე არისტოკრატულ ნიჟეგოროდის პოლკის ბრწყინვალე პოლკოვნიკი და ახლა კი ქართველ მოხალისე რაზმის მეთაური, პოეტი, დიდი მემამულე, შვილი 1783 წლის უკვე დაფხრეწილ ტრაქტატის ავტორისა და ერეკლე მეფის ელჩის გარსევანისა.
ის შუა ტახტზე ჩამომჯდარა, ცივ წინანდალსა სვამს, სტუმრებსაც ასმევს, შავსა და თხელ ულვაშებს იგრეხავს და ხნიერ ორბელიანებსა და თავის მომავალ სიძეს გრიბოედოვს დინჯ კილოზე ესაუბრება.
წვერ-ულვაშგაპარსულ გრიბოედოვს ლურჯი ფრაკი აცვია, მკერდზე ერთი ორდენი ჰკიდია, კისერი მაღალ საყელოში აქვს ჩამძვრალი და მოსაუბრეს დიდრონი სათვალეებით უგდებს ყურს. ხოლო ცივი თვალები ოთხი ქალისკენ მიურბის და ვეღარ გადაუჭრია ოთხში ვინ უფრო ლამაზია: მარიამ ორბელიანი, მანანა ორბელიანი, მასპინძელი სალომე ორბელიანი თუ მისი უფროსი ქალიშვილი ცამეტი წლის ნინო, რომელსაც გრიბოედოვმა მურილიოს მადონა შეარქვა და თვალიც დაადგა.
ქალებს ქართულად და ევროპულად აცვიათ. აივანი ორბელიანთა გვარეულობით არის სავსე და დიასახლისი კნეინა სალომეც დიდი სარდლის დავით ორბელიანის ჩამომავალია. აქ არიან გრიგოლი და მისი ძმა ზაქარია, ალექსანდრე, ვახტანგი, დიმიტრი, ყაფლანი, ლუარსაბიც და თეიმურაზიც და მელიტონის ეფემიაც. უკლებლივ ყველა ახალგაზრდას სამხედრო მუნდირი ან ჩოხა აცვია. ხნიერებს კი ყურთმაჯიანი კაბა და ლამაზი ქულაჯა შეუნარჩუნებიათ.
ვაჟების ერთი ჯგუფი და სამი ლამაზი ქალი გრიგოლ ორბელიანს დაუტყვევებია, თვითონაც შუაში ჩამდგარა და ომის ამბებს უამბობს. თანაც ყველას და ყველაფერს ოდნავ ამასხარავებს. გრიგოლი ომში ქეიფს იყო მოწყურებული და დანაკლისი ერთბაშად აინაზღაურა: ერთი დღედაღამე ლოპიანას ბაღში გაატარა და ორმოცი მეგობარი დაათრო. ალექსანდრე ჭავჭავაძემაც იკადრა და ეწვია.
ალექსანდრე ადრე გამოიპარა, სხვებმა კი ჯერ საარი მოისმინეს და მერმე დილის მწვადი გრიგოლის საკუთარ ბაღში გაწიწკნეს. ახლა კი თითქმის ყველანი ნაბახუსევი არიან და აქედან ყაფლან ორბელიანს გაჰყვებიან, რომელიც გრიგოლს მარმარილოს დუქანში გადაუხდის სამაგიეროს.
ჭავჭავაძე კახელია და სტუმართა შორის იქაური თავადებიც მრავლად მოსჩანან. ჩოლოყაშვილები, ქვაბულაშვილები, ვაჩნაძეები, მაყაშვილები და ჯორჯაძეები ორბელიანებს ეჯიბრებიან, და თუ მასპინძლის ასულს ნინოს სხვა ვინმე მოსტაცებს, ისინი ხელს ხმალზე გაიკრავენ და არას გზით არ დაანებებენ.
მელიტონ ბარათაშვილის ვაჟი, პატარა ტატე, თავის ტოლ-ამხანაგებთან, დავით ჭავჭავაძესთან, ილია და ვახტანგ ორბელიანებთან, ლევან მელიქიშვილთან, დიმიტრი ყიფიანთან ქვემოთ, ბაღში ერთობოდა. ახლა ეზოდან ამოტყორცნილი ბურთისთვის ამოსულიყო.
კნეინა სალომემ თითის ქნევით მოიხმო იგი და ხმამაღლა მიმართა სტუმრებს:
– ბატონებო, გთხოვთ მშვენიერი ლექსი მოისმინოთ. ფრიად ნიჭიერი მომავალი მგოსანი თავისი ბიძის გრიგოლის „სადღეგრძელოს“ წაიკითხავს.
ტატე გაიწია, მაგრამ არ გაუშვეს. ყველანი სმენად გადაიქცნენ.
დიასახლისმა გრიგოლი, მელიტონი და ეფემია მოიშველა, აწითლებულ ტატეს ყურში რაღაც დაპირება ჩასჩურჩულა და დაითანხმა.
ბალღმა ყოყმანით აჰხედა თავის ბიძას გრიგოლს, რომელიც ამქვეყნიურ ღმერთად მიაჩნდა, და როცა მის სახეზე სადასტურო ღიმილი დაინახა, ოდნავ გაფითრდა, დიდრონი ალმოდებული თვალები ჭერ-კედელს მოავლო და შემკრთალი ხმით დაიწყო.
ავტორის დისწულს ეს პოემა თავისებურად ჰქონდა შემოკლებული. მას რჩეული ნაწყვეტები ამოერჩია, ოსტატურად გადაება და დიდრონი პოემიდან ხუთიოდე წუთის საკითხავი ლექსი გამოეჭრა:
"გუნდნი და გუნდნი ვაჟკაცთა სჩანან მამულის მფარველნი!
ზოგნი აზატის დამმხობნი, ზოგნი თემურის მებრძოლნი!"
მკითხველს ხმა გაუმაგრდა, გაუკაჟდა, აღფრთოვანდა და სახეც შეეცვალა: გაფითრდა, ათრთოლდა და გულწასულს დაემგვანა. მხოლოდ თვალებმა მოუმატეს კრიალს და ხელებმაც მოუხშირეს კანკალს. შემდეგ ერევნის დილა ჩაიკითხა და შთაგონებით დაასრულა:
"ჩვენც აღვდგეთ, ძმანო, და ერთიც გამარჯვებისა დავლიოთ!
და დღეს ვინც ვეღარ დაბრუნდეს, ის ცრემლით მოვიხსენიოთ!
დასრულდა, გაჰქრა სიზმარებრ ესე ლხინიცა ღამისა...
წარვიდეთ, სადაც მიგვიწოდს ხმა საიდუმლო მხვედრისა!"
დაასრულა, მოსხლტა და გაიქცა, თანაც ტაში და „ვაშა“ გაიყოლა. სტუმრების ტაში და აღფრთოვანებული თვალები ახლა ამ ლექსის ავტორს მიუბრუნდა.
გრიგოლი თვითონაც ოდნავ ფერწასული იყო და ყველას თავდაჭერილ სალამს აძლევდა, თვალებით კი უკვე შემწიფებულ ნინოს ელამუნებოდა, რომელიც თითქო სხვებზე მეტად იყო მოხიბლული და მის თვალებსა და ღიმილში მადლობა და აღტაცება თრთოდა.
ერთ ლექსს მეორე და მეხუთე მოჰყვა. გენერლის ახვერდოვის ქვრივმა თავის მოწაფეს ნინოს გრიბოედოვზე უყო თვალი და სათქმელს მიახვედრა. ამას წინათ რუსმა პოეტმა მას თავის კომედიის რამდენიმე მონოლოგი გადაუწერა და აჩუქა.
ნინო ოდნავ გაწითლდა. მაგრამ თავი ვერ დააღწია. ყველანი მას მიაჩერდნენ და სიჩუმე ჩამოაგდეს. მან თავი ჩაღუნა და თითქო ჩაფიქრდა, შემდეგ ისევ ასწია, ხელი ხშირ დალალებზე გადაისვა, მუქად ალანძული სახე კედელს მიაპყრო და მორცხვი ხმით ჩაცკის უკანასკნელი მონოლოგი წაიკითხა.
ახალგაზრდა ქალი სწრაფად გავარდა აივნიდან. ავტორს მქუხარე ტაში და მილოცვა მიაყარეს. გრიბოედოვი მორცხვად იღიმებოდა და დიდ სათვალეებს თალათინის ნაჭრით ისუფთავებდა.
- ამ ლექსს პუშკინიც არ დაიწუნებდა, - ხმამაღლა სთქვა ალექსანდრე ჭავჭავაძემ.
- ხოლო ბარატინსკი? ორივე ხელს მოაწერდა, - დაუმატა გრიგოლმა.
ავტორიც მხოლოდ მათს აზრს ელოდებოდა. მის ლოყებზე სიამის სიწითლემ იმატა. მადლობის ნიშნად ორთავ პოეტს ოდნავ დაუკრა თავი და გაახსენდა, რომ ამას წინათ კიუხელბეკერმაც იგივე აზრი გამოსთქვა.
ახლა მესამე პოეტის ჯერი იყო. კნეინა ეფემიამ თავის ძმას გრიგოლს აჰხედა და ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ანიშნა. გრიგოლმა აღარ დააყოვნა და მასპინძლის მუხამბაზი წაიკითხა, რომელიც ყველამ ზეპირად იცოდა.
"ლოთებო, ნეტავი ჩვენა, ჰარიალალი,
დღეს მოგვეცა შვება-ლხენა, თარიალალი."
პოეტი პოეტის ლექსს ხელგაშლით და კინტოური იერით კითხულობდა და წეღანდელის ლექსების მაღალ კილოს დაგორებულ ლოდსავით აქვეითებდა.
"დავეხსნათ ცოდნის ძებნასა, ღვინო სჯობს ყოველ ცნებასა,
ბრძენი სიკვდილსა ჰფიქრობს და ლოთი გამარჯვებასა."
ისევ ტაში ავარდა, მაგრამ ყველამ კილოს დამდაბლება იგრძნო და ეს გრძნობა ტაშსა და ღიმილშიც გამოჩნდა. მოღიმარე ავტორი თხელ ულვაშებს იგრეხავდა და ამ ლექსის არჩევისათვის გულში ემდუროდა გრიგოლს. შემდეგ ნახევარ პოეტს ალექსანდრე ორბელიანს მიუბრუნდა და ჩუმი ხმით უთხრა:
- სჯობდა ჩემი „გოგჩის ტბა“ წაეკითხა.
- იმიტომ არ წაიკითხა, რომ იმ ტბიდან თვითონ მაგასაც ბლომად აქვს დალეული, - ანუგეშა ალექსანდრემ.
ჭავჭავაძემ ღიმილით ჰკითხა:
- ან მაგის „სადღეგრძელო“ განა ჩემი „მუხამბაზის“ გვერდით არ წოლილა?
- წოლილა, უეჭველად წოლილა,- ხმამაღლა გაიცინა ალექსანდრემ.
- მაგის „სადღეგრძელო“ ნამდვილად შენი „მუხამბაზის“ შექმნილია, ნამდვილად!
შემდეს ერთმა გუვერნანტმა ქალმა თერთმეტი წლის კატო გამოიყვანა და ინგლისურ ენაზე ბაირონის ლექსი წააკითხა, ხოლო მეორე გუვერნანტმა პატარა სალომეს ანდრე შენიეს „ნეერა“ წააკითხა ფრანგულად.
სანამ ჭავჭავაძის ქალიშვილები უცხო ლექსებს ტიტინებდნენ, გრიბოედოვმა პოეზიას თავი მიანება და წეღან შეწყვეტილი საქმიანი საუბარი აღადგინა. ის დიპლომატობას და პოეტობას აღარ სჯერდებოდა. საზოგადო მოღვაწედაც ითვლებოდა და ახლა ეკონომისტობაც დაიწყო. გრიბოედოვი „რუსეთ-ამიერკავკასიის კომპანიას“ აარსებდა, რომელსაც აქაური სახაზინო მიწებით და ბაღებით უნდა ესარგებლა (განდგომილ და ორგულ ბატონიშვილებს და თავად-აზნაურებს რომ ჩამოართვეს) და ამგვარად ადგილობრივი ვაჭრობა და მრეწველობა გაეცხოველებინა. ამავე ამხანაგობას უნდა ეკისრა რუსების გადმოსახლება, მტკვარზე მენავეობის აღდგენა, ბათომში ნავთსადგურის მოწყობა და, საერთოდ, ქვეყნის აყვავება და გაბედნიერება.
- ფული? - ჰკითხა ჭავჭავაძემ. - რამდენიმე მილიონი დაგჭირდებათ.
- რამდენიმე ასეული ათასიც გვეყოფა, - უპასუხა გრიბოედოვმა, - ზოგს სომხები შემოიტანენ და ზოგსაც ხაზინიდან გამოვიტანთ. უმთავრესი კი სხვა რამ არის.
- არ მოგვცემენ, - მტკიცედ მოუჭრა ჭავჭავაძემ, - მაინც ცდა ბედის მონახევრეა და უკან ნუ დაიხევთ, მეც მოგეშველებით.
გრიბოედოვსაც ჯერჯერობით მხოლოდ ეს უნდოდა.
* * * * * * *
ზამთარმა და ზაფხულმა თორმეტჯერ შეინაცვლეს ალაგი. გადასახლებული შეთქმულნი თანდათან ბრუნდებოდნენ ჩრდილოეთიდან, თან ჩინ-ორდენები მოჰქონდათ, აქაც სწრაფად მიიწევდნენ წინ, ღიმილით იგონებდნენ ყაზარმობას და ომში და ლექსებში ახშობდნენ ბოღმის ნალექს.
ყველაზე ადრე ალექსანდრე ჭავჭავაძე ჩამოსულიყო. მისი მუდამ გაშლილი სუფრა და ღია გული მრავალ ზემოურს დაჰხსომებოდა. გაიხსენეს იმის ხელით დაპყრობილი ბაიაზეთი, მისი ნათლია ეკატერინე დედოფალი, მისი საქმენი სამადლიერონი, გაიხსენეს და მალე მიეშველნენ, ჩამოიყვანეს, მიაწვნენ და სხვებსაც გზა გაუხსნეს.
ისევ გაიღო დიდი ხნით მიკეტილი კარი საკომენდატო ქუჩაზე, ისევ ხშირ-ხშირად იშლებოდა სუფრა წინანდალში, კვლავ იხოცებოდა ნადირი, ეხდებოდათ სარქველი ქვევრებს და უხვად იხარჯებოდა ფული, ოფლი, სიმღერა და ლაღი ცხოვრება „წყეული“.
ჯგუფ-ჯგუფად და ცალ-ცალკე შემოდიოდნენ და ორ ოთახში ლაგდებოდნენ - დიდ სასტუმრო ოთახში ახალგაზრდები და ქალები გროვდებოდნენ, მასპინძლის კაბინეტში კი - ხნიერი მამაკაცები.
ბინა მდიდრულად და შერეულად იყო მოწყობილი: ფარჩის შპალერი, სპარსული ხალიჩები, ფრანგული რბილი ავეჯი, ქართული ბალიშ-მუთაქა, ჭერამდე აზიდული სარკეები, ფერადი სურათები, ბროლის ჭაღები, ბრინჯაო, ხავერდი და აბრეშუმი - ყველაფერი ადასტურებდა, რომ ის ბინა დედოფლის ნათლულს, სამეფო გენერალს და წინანდლის პატრონს ეკუთვნოდა.
იანვრის თოთხმეტს ნინოს დღეობა იყო. გრიბოედოვის ქვრივს სულაც აღარ ჰსურდა თავის თავი გაეხსენებინა ამ სოფლისთვის, მაგრამ მამამ მისი დღეობა გაახსენა და განდეგილ შვილს დიდი ნადიმი გაუმართა. შავი ხავერდის კაბით გამოწყობილი ქვრივი აპრიალებულ ბუხართან იჯდა და მორცხვად აძლევდა სალამს ყველა ახალმოსულს, რომელნიც მას დღეობას ულოცავდნენ და ათასნაირ სიკეთეს სთავაზობდნენ. შემდეგ შორდებოდნენ და ქალ-ვაჟთა უფრო დიდ ჯგუფს უერთდებოდნენ.
ამ ჯგუფში მედიდურად ბრწყინავდა ნინოს მომდევნო დაი ეკატერინე, რომელიც ამ დღისთვის და თავისი სამთავროს საქმეების გამო ჩამოსულიყო ქალაქში. მას ისეთივე კაბა-სამკაული აესხა სრულ ტანზე და იგივე მოურიდებელი სილამაზე გამოეფინა, რომელთაც ყოვლის მნახველი პეტერბურგიც კი მოჰხიბლეს.
მას, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლეს, დიდი საქმეები ჰქონდა ვარანცოვთან და ახლაც მას ელოდებოდა. მან იცოდა, რომ ვახშამზე მის გვერდით უნდა მჯდარიყო, რათა უკეთ მოეგვარებინა თავისი საკუთარი და სამთავროს საქმენი, რომელსაც ვერც თვითონ და ვერც სხვა ვინმე არჩევდა ერთმანეთში.
ეკატერინეს ამ ჯგუფში შუაგული დაეპყრო და ყველა ახალგაზრდა მიეზიდა: ლევან მელიქიშვილი, ნიკო ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი „გლუხარიჩი“, მიხეილ ჭილაშვილი, ისაკა თუმანიშვილი, ივანე ანდრონიკაშვილი, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, საგინაშვილი, თავის ძმა დავითიც და კიდევ სხვა ერისთავები, ამილახორები, ორბელიანები, ჩოლოყაანი, ორდენ-მუნდირიანები და უმუნდირონიც.
შამილი დიდ ძალაში შესულიყო და სანადირო მხეცად გადაქცეულიყო. მისი დაჭერა ისეთივე გმირობად იყო მიჩნეული, როგორც ერთ დროს ნაპოლეონის განდევნა იყო მოსკოვიდან, ამიტომ ყველა მას დასდევდა, გაზაფხულზე დაღისტანში გარბოდა, ზამთრის პირას ხელცარიელი მორბოდა. წარჩინება და ფული მაინც მოჰქონდათ და გაუთავებლივ მოელოდნენ ახალ გაზაფხულს, რათა ხელახლა ენადირათ, ახალ-ახალი სოფლები დაეწვათ, ისევ უამრავი სისხლი დაენთხიათ, ქვრივ-ობოლი მოემრავლებინათ, ცრემლის გუბეები დაეყენებინათ და თან ისევ წყევლა-კრულვა, ისევ ორდენები და ისევ ფული წამოეღოთ.
ამ თავმოყრილი თავადების უმეტესობაც ნადირობიდან იყო დაბრუნებული. ზამთარში ისვენებდნენ, სუქდებოდნენ, ახალი ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ და ახლა ეკატერინე დადიანზე უფრო მწვავე მოუთმენლობით ელოდებოდნენ ვარანცოვის მოსვლას, თვალის მოკვრას, მის ღიმილსა და ორიოდე სიტყვას, ჯერჯერობით კი ხალვათად ოხუნჯობდნენ და მაღალი სიცილით აყრუებდნენ ბუხრის წინ თავმოყრილ მეორე ჯგუფს, სადაც ნინოს ირგვლივ მისი უმცროსი დაი სალომე ბარონ ნიკოლაისა, მისი დედა სალომე, მანანა და მარიამ ორბელიანები და კიდევ რამდენიმე ხანში შესული და მოხუცებული კნეინა თბებოდა.
მეორე ოთახში უფრო ხნიერები და მოხუცებულნი შეკრებილიყვნენ და დაბალი ხმით საუბრობდნენ. აქ იყვნენ თვითონ მასპინძელი, ზაალი და შალვა ბარათაშვილები, ალექსანდრე, ლუარსაბ, ყაფლანი და კიდევ რამდენიმე ორბელიანი, სარდალი მოსე არღუთაშვილი, გარეგნობით მახინჯი ფილოსოფოსი პლატონ იოსელიანი, მასპინძლის სიძე ბარონ ნიკოლაი, სარდალი ვასილ ბებუთოვი, მასპინძლის მეორე სიძე სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი, კიდევ ათიოდე დიდგვაროვანი და ახლად დაბრუნებული ელიზბარ ერისთავი, რომელიც მათ ფინეთის ამბებს უამბობდა, სადაც მან, როგორც გადასახლებულმა, თორმეტი წელიწადი გაატარა.
მცირე ხნის შემდეგ ამავე ოთახში გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, ლევან მელიქიშვილი, ნიკო ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი, ივანე ანდრონიკაშვილი, კიდევ რამდენიმე ერისთავი და ორბელიანი შემოვიდნენ.
უწინდელ საზოგადოებას ბევრი ვინმე აკლდა. აკლდა მელიტონ ბარათაშვილიც, რომელმაც სამი თვის წინათ თავისი ერთადერთი ვაჟი ნიკო დამარხა განჯაში და მას აქეთ დარდისგან დნებოდა შინ.
მრავალი ნაწევრალი აკლდა ამ კრებულს და ყველას თავდაპირველად სამი მეთაურთაგანი გაახსენდა: იესე ფალავანდიშვილი არხანგელსკში მომკვდარიყო (არავის დაენანა). სოლომონ დოდაშვილი ჭლექისგან დამდნარიყო ვიატკაში და რვა წლის წინათ გარდაცვლილიყო (ყველას შერცხვა, რადგან ქიზიყელი რიტორი ბრწყინვალე წოდებას არ ეკუთვნოდა და ამიტომ არც არავინ გამოესარჩლა), ხოლო სოლომონ რაზმაძე სადღაც ყინულეთში იყინებოდა და ვერც იმისთვის ეშველნათ.
სტუმრებს ბევრი რამ ჰქონდათ მოსაგონარი. ჩვენში დამკვიდრებულმა უცხო ადათმა და კანონებმა ცხარე კამათი გამოიწვია. ალექსანდრე ორბელიანი მარტო იგერიებდა შემოტევებს.
ბოლოს მასპინძელმა ჰკითხა:
- კნიაზო ალექსანდრე, თავი მოუყარეთ საბოლოოდ ჩვენს ნაუბარს, ავიც და კარგიც სათვალავში ჩააგდეთ და გვიბრძანეთ, რუსის მოსვლამ გვარგო თუ გვავნო?
ორბელიანი დაიბნა და ჭირის ოფლი მოიხოცა. ჩიხში შეგდებული ბატონი მასპინძლის შინაყმამ იხსნა, რომელმაც წინდაწინვე დაზეპირებული სათქმელი დაიძახა:
- მათი ბრწყინვალება მეფისნაცვალი თავადი ვარანცოვი მობრძანდა!
ყველანი წამოიშალნენ, წამოცვივდნენ და უფროს-უმცროსობის მიხედვით დალაგდნენ.
ხოლო მასპინძელი და დიასახლისი კიბისკენ გაეშურნენ, სადაც ბრწყინვალე ჩექმების ბაკუნი მოისმოდა.
















