ნაწყვეტი
ერეკლე II-ის კარზე დაფუძნებულმა ქართულმა თეატრმა არსებობა 1795 წელს შეწყვიტა. კრწანისის ველზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ქართული სახელმწიფოს მომავალი განსაზღვრა, პირველი ქართული თეატრის ისტორიაც დაასრულა.
თეიმურაზ ბატონიშვილი მოგვითხრობს: „მცხოვრებთაგან თბილისისათა აღმოაჩინეს წინამოძღვრად თავისად კაცი ვინმე მსახიობი... წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთა მეფისათა... უფროსი.. გვარეულობით და სარწმუნოებით ქართველი, რომელსაც სახელს სდებდნენ მაჩაბელად. ის მიუძღვა გუნდსა მას თბილისელთა მტერთა მიმართ და ეპყრა ხელთა ბარბითა, ე. ი. დაირა, და უკრავდა მას ზედა შადიანსა, ე.ი. ხმასა, რომელსაც ლხინსა შინა უკრავენ... მაჩაბლისა გუნდი შეეწირა მსხვერპლად საყვარელსა მამულსა თვისას.“
ნიშანდობლივია, რომ XVIII საუკუნის მიწურულს, ევროპული თეატრის აყვავების ეპოქაში, როცა ევროპელ მაყურებელს საშუალება აქვს სცენაზე იხილოს შექსპირის, ლოპე დე ვეგას, კორნელის, რასინის, მოლიერის პიესები, ქართული თეატრის დასი მტერთან ბრძოლაში იღუპება.
ნახევარი საუკუნე დასჭირდა ქართული პროფესიული თეატრის აღდგენას. მანამდე კი, XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თეატრალური წარმოდგენები არისტოკრატთა ოჯახებში იმართებოდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე ინტენსიურად თარგმნიდა კორნელის, რასინის, ვოლტერის ნაწარმოებებს.
პიესებს წერდნენ, თარგმნიდნენ და თეატრალურ საღამოებს აწყობდნენ ქართველი მწერლები და მოღვაწეები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, სოლომონ დოდაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, თეიმურაზ, იოანე და ოქროპირ ბაგრატიონები. თეატრის იდეა ცოცხლობდა და მის აღდგენას საფუძველი ჩაეყარა 1850 წლის 2 იანვარს, როცა თბილისის გიმნაზიის შენობაში გიორგი ერისთავის კომედიის - „გაყრის“ წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლში თბილისის არისტოკრატია მონაწილეობდა. თავად ავტორი სომეხი სოვდაგრის, მიკირტუმ გასპარიჩის, როლს ასრულებდა.
საგულისხმოა, რომ თეატრის აღდგენის სათავეებთან 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები დგანან (გიორგი ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი, პლატონ იოსელიანი, ვახტანგ ორბელიანი და სხვ.), პირველი პიესა კი, რომლითაც ახალი თეატრის ისტორია იწყება, კომედიური ჟანრისაა და ქართველი თავადაზნაურობის ფუქსავატობის მხილებას ეძღვნება.
როგორც ჩანს, ქართულმა ინტელიგენციამ ბრძოლის ახალი ფორმა აირჩია. არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ახლადაღორძინებული თეატრი მეფის რუსეთის მთავრობამ სულ მალე, 1856 წელს, დახურა.
მუდმივი თეატრი საბოლოოდ 18979 წელს აღდგა, დასს ხელმძღვანელობდა გიორგი თუმანიშვილი. ამ თეატრში 1882 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის ვაჟის, დავით ერისთავის, პიესა „სამშობლო“, რომელმაც თეატრი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუკავშირა. არც ერთ პიესას არ შეუსრულებია ასეთი დიდი ეროვნული მისია XIX საუკუნის ქართულ თეატრში.
ეს იყო ფრანგულიდან გადმოკეთებული პიესა, რომელშიც დავით ერისთავმა მთელი რიგი ადგილები შეცვალა და ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა, დაუმატა ლოცვის სცენა ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან". როცა პიესაში სამშობლოს გამოსახსნელად შეიარაღებული შეთქმულნი ბრძოლისათვის ემზადებიან, ქუდებს იხდიან, იჩოქებენ და იწყებენ ლოცვას: „ღმერთო მაღალო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...“.
როგორც თვითმხილველნი მოგვითხრობენ, სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებელი ფეხზე დგებოდა და ისე ისმენდა ამ ლოცვას.
„სამშობლომ“ ბევრს გამოუღვიძა ეროვნული ღირსების გრძნობა. ამ სპექტაკლის ყოველი წარმოდგენა ნამდვილ ზეიმად იქცეოდა ხოლმე. ზოგჯერ მთელი ღამე არ ეძინა ქალაქს, ანთებული ჩირაღდნებით დადიოდნენ ქუჩებში.
რა გასაკვირია, რომ მეფის მთავრობამ ეს სპექტაკლი აკრძალა და ის წლობით აღარ იდგმებოდა თეატრში.
ოცდაათ წელზე მეტი აშორებს გიორგი და დავით ერისთავების პიესებს ერთმანეთისაგან, ოცდაათ წელზე მეტი დასჭირდა ქართულ თეატრს იმისათვის, რომ პატრიოტული სპექტაკლის დადგმა გაებედა, საზოგადოებას კი ზუსტად ნახევარი საუკუნე, რომ 1832 წლის შეთქმულების დამარცხებით გამოწვეული იმედგაცრუება დაეძლია და ღირსების გრძნობა დაებრუნებინა.
ეს ყველაფერი რომანტიკული ილუზიების მსხვრევითა და კომედიის მამხილებელი პათოსით დაიწყო. ამ თვალსაზრისითაც გიორგი ერისთავის „გაყრა“ ისტორიული მნიშვნელობის მქონე პიესაა.