იყო ერთი მეფე. უთვალავი თვალ-მარგალიტი და ოქრო-ვერცხლით მოჩარდახებული სასახლეები ჰქონდა. მაგრამ ერთი პატარა ოქროს ჩიტი ჰყავდა, რომელიც მთელ თავის ქონებას ერჩია.
გაფრინდებოდა ეს ჩიტი, მთელ დღეს იფრენდა, იფრენდა, საღამოს კი მეფის მარჯვენა მხარზე წამოსკუპდებოდა და დიდ მბრძანებელს ყურში საოცარ ამბებს ჩასჩურჩულებდა.
ცხოვრობდა მეფე ტკბილად და არა ენაღვლებოდა-რა. მაგრამ, აბა, ვინ ყოფილა ამქვეყნად მუდამ კმაყოფილი? მასაც სიბერის ჟამს ერთი სადარდელი გაუჩნდა.
ერთ საღამოს ოქროს ჩიტი დაღონებული დაბრუნდა შინ და მეფეს ასე მოახსენა:
- დიდო ბატონო, ჩემო ბატონო! ვიფრინე, ვიფრინე, ნეტავ სულაც არ მეფრინა. ისეთი რამ ვნახე, ნეტავ სულაც არ მენახა. შენს მეზობლად ერთი მეფე მბრძანებლობს, მას შენებრ თვალმარგალიტით სავსე სალარო აქვს. მაგრამ შენზე მეტი ერთი ოქროს კიბე ჰქონია, რომლითაც ყოველ საღამოს ცის ქვეყანაში ადის მოსალხენად.
იწყინა მეფემ: რატომ ის ოქროს კიბე მე არ უნდა მქონდესო; თავი ჩაჰქინდრა და საგონებელს მიეცა.
ეს ამბავი გაიგო მეფისწულმა ფარნაოზმა. მაშინ ის სამი წლისა თუ იქნებოდა. ფარნაოზმა ვაჟკაცურად მიმართა მამას:
- შენ დარდი ნუ გექნება, მამაჩემო, მე სულ მალე გავიზრდები, მეფეს მოვკლავ. მის ჯარს შევმუსრავ, კიბეც მე დამრჩება და მთელი მისი ქონებაც.
მოხუცს შვილის სიტყვა ესიამოვნა, იმედი მიეცა და გული გაუმრთელდა.
თურმე, არც ოქროსკიბიან მეფეს აკლდა საზრუნავი. წყეული ოქროს ჩიტი, რომელიც ყოველ დილით მის მაღალთაღიან სახლის რიკულების წინ გაიქროლებდა, სიზმარშიაც არ აძლევდა მოსვენებას.
- დიდო უფალო, ყოვლის პატრონო და ყოვლის შემძლეო, ყოველი კარგი სამკაული მე მარგუნე და ეს ოქროს ჩიტი რაღა სხვას მიეცი! - ჩიოდა განაწყენებული მეფე.
როცა ეს ამბავი მისმა ძემ, პატარა ტარიელმა გაიგო, ანუგეშა, ჩიტის ხელში ჩაგდება აღუთქვა და ამით ძალზე გაახარა მამა.
იზრდებოდა ორი მოქიშპე ბატონიშვილი; ან ერთს უნდა გაემარჯვნა, ან მეორეს.
ფარნაოზმა იფიქრა: მე თუ დევებზე მეტი ღონე არ მექნება, მტერზე როგორ გავიმარჯვებო, და გადაწყვიტა - დღე და ღამე ევარჯიშნა. ხან მთებში დარბოდა სანადიროდ, ხან დევებთან ფარიკაობას ეჩვეოდა და ვინ იცის, რას არ აკეთებდა, მხოლოდ წიგნის კითხვას გაანება თავი. სწავლა რა ჩემი საქმეაო, - ფიქრობდა გუნებაში ფარნაოზი.
თხუთმეტი წლისა რომ გახდა, მამამისმა თქვენი ჭირი წაიღო. ფარნაოზმა თავი მეფედ გამოაცხადა და სახელმწიფოს მართვას შეუდგა.
მეტად პირქუში მეფე იყო. ძალა ერჩოდა და მუდამ ღონეს ისინჯავდა. ერთხელ ბრძანება გასცა: ყველა ძლიერი მეომარი რაინდი ჩემთან გამოცხადდესო. ბრძანება სწრაფად შესრულდა. ამდენი იარაღასხმული რაინდი ერთად რომ დაინახა, მეფეს ძალიან გაეხარდა: ახლა კი გამოჩნდება ჩემი ღონეო. დაერია და სულ ერთიანად ამოსწყვიტა.
არც ტარიელი იყო უსაქმოდ. მამის სიკვდილის შემდეგ ის თვითონ შეუდგა სამეფო საქმეების მართვას. ტარიელი ფიქრობდა: თავი და თავი წიგნების კითხვააო, იწვა და მთელ დღეს კითხულობდა. ზოგჯერ თვეები ისე გაივლიდნენ, რომ ერთხელ არ წამოდგებოდა. სიარული ეჯავრებოდა და საჭმელსაც იშვიათად მიირთმევდა.
სულ ასე იძახდა: ამა და ამ ქვეყანაში არის ამა და ამ ფილოსოფოსის მიერ დაწერილი ესა და ეს წიგნი, ახლავე მომიტანეთო. მოჰქონდათ და მოჰქონდათ მონებს ოქროს ყდაში ჩასმული წიგნები. მოდიოდნენ ყოველი მხრიდან წიგნებით დატვირთული ურმები, მაგრამ ტარიელი მაინც კმაყოფილი არ იყო, ავადმყოფი იყო და უღონო, ხელები ხუთი წლის ბავშვისა ჰქონდა, ფეხები უფრო პატარასი. მხოლოდ თავი ეზრდებოდა საოცრად.
ტარიელის მოქიშპე ფარნაოზი კი უფრო მაგრდებოდა და კაჟდებოდა. პირქუში იყო და ძალდაულეველი. დაეტაკებოდა ასწლოვან მუხას, მიგრეხ-მოგრეხდა და ცხრა მთას იქით გადაისროდა, უყვარდა რაშით ჯირითიც.
მაგრამ სათაკილო ის იყო, რომ მას თავი თანდათან უპატარავდებოდა. ერთ დღეს კარისკაცებმა შენიშნეს, რომ მეფეს თავი ხახვისოდენა გახდომოდა. ყველას გაუკვირდა, მაგრამ კრინტი არავის და უძრავს; აბა ვინ რას გაბედავდა. ისე კი ეს ამბავი აწუხებდათ და საკუთარ გულში მალავდნენ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ამქვეყნად დიდხანს არაფერი დაიმალება.
ერთ დღეს, როდესაც მებატე ბიჭმა მეფის კარზე ხახვისოდენა თავი დაინახა, სიცილი ვერ შეიკავა და ამხანაგებსაც უამბო ეს. ამით არაფერი დაშავდებოდა, რომ ერთ ბრუციან და ენატარტალა კარისკაცს სამეფო დარბაზში ხმამაღლა არ დაეყვირა: ბატონებო, მეფეს ხომ სულ არა აქვს თავიო.
მართლაც, მეფის კისერზე თავის ნატამალიც კი აღარ იყო. ამის შემდეგ ყველამ დაიჯერა, რომ ფარნაოზ მეფეს მართლაც არა ჰქონდა თავი. მთელ სამეფოში ერთი ალიაქოთი ატყდა. უბედურება ის იყო, უთავოდ დარჩენილი კისერი ჯერ კიდევ იძლეოდა ბრძანებებს და საშინლად როხროხებდა.
ფარნაოზის უთავობა იმითაც მტკიცდებოდა, რომ ერთ საღამოს მოულოდნელად მოინდომა ტარიელ მეფის წინააღმდეგ გალაშქრება. კარისკაცებმა ძლივს დააშოშმინეს და ბრძოლა მეორე დღისათვის გადაადებინეს.
სასახლის მდივანმა კი ფარნაოზის სახელით ტარიელ მეფეს მუქარის წიგნი გაუგზავნა: მოვდივარ, ჯარს შეგიმუსრავ, მოგკლავ და კიბე მე დამრჩებაო.
ტარიელმა აინუნშიაც არ ჩააგდო ფარნაოზის მუქარა. აბა, უთავო კაცმა რა უნდა მიყოსო. მართლაც, რის მაქნისია უთავო კაცი?
მაგრამ საქმე ცოტა სხვანაირად დატრიალდა. ტარიელმა თქვა, მე ჯერ საომრად არა მცალია და აქედან ფეხს არ მოვიცვლიო.
ამ დროს ჭიშკათან ჭრელმა ფასკუნჯმა შეიფრთხიალა და სასახლეში მყოფთ შესძახა:
- კარი გამიღეთ, მე ღონე მქვია და ჩემი მძლეველი ქვეყანაზე არავინ არის.
- მერე ჩვენთან რა საქმე გაქვს? - უპასუხეს კარისკაცებმა.
- ტარიელ მეფე უღონოა და მიშველება მწადია. ეს რომ ტარიელმა გაიგონა, ოდნავ გაიღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა: საბრალო ფრინველო, შენი ღონე მე რად მინდაო.
ფასკუნჯმა კიდევ გადმოსძახა: ადგები, საფრთხე მოგელის, არ ადგები და მით უარესიო. ტარიელმა ყურადღებაც არ მიაქცია ფასკუნჯის ლაყბობას და ისევ ტახტზე წოლა ამჯობინა. მაგრამ ხალხი ღელავდა საშინელი მტრის მოლოდინში და მეფის სასახლის კარებთან ირეოდა.
კარისკაცებმა ტარიელ მეფეს ურჩიეს, გარეთ გასულიყო, ორიოდე სიტყვა ეთქვა და ხალხი დაემშვიდებინა. ტარიელმა ბევრი იფიქრა და ბოლოს ეს რჩევა მართლაც გონივრულად მიიჩნია. თორმეტმა ვაჟკაცმა სცადა მისი წამოყენება, მაგრამ ადგილიდან ვერ დასძრეს. რამდენს არ ეცადნენ, ვერა გააწყეს რა: ტარიელის ვეება თავი დაბლა ეშვებოდა. ფეხები კი ზევით მიიმართებოდნენ.
ამ დროს ჭიშკართან ისევ გამოჩნდა ჭრელი ფასკუნჯი. კისერი წაიგრძელა და მეფეს გადასძახა:
- ტარიელ მეფევ, მე ღონე მქვია, შენ ცოდნა. მიძმე და გავიმარჯვებთო. ტარიელმა საცოდავად დაიკნავლა:
- გასწი, საზიზღარო, შენი ძმობა მე რად მინდა! მაშინ ფასკუნჯი განრისხდა და თქვა:
- რაკი შენც არა იცი და ჩემიც არ გინდა დაიჯერო, აჰა, ეს წყევლა შენ, - და დასწყევლა: საზიზღარ ჭიად იქეცი და ჭაობში გქონდეს ბინაო.
ფასკუნჯის წყევლა ასრულდა, ტარიელ მეფე თავკომბალად გადაიქცა და დღესაც დაგუბებულ წყალში ათასობით შეხვდებით უხეირო მეფის შთამომავლობას.
ახლა ფარნაოზ მეფის ამბავს მოგახსენებთ.
როდესაც ფარნაოზი საომრად გაემართა, თან არავინ წაიყვანა: ტარიელს და მის ჯარს მარტო ვეყოფიო. მართლაც, რა დახმარება სჭირდებოდა ფარნაოზს: ერთი მკლავის მოქნევით კლდეს გაანგრევდა, ერთი ნახტომით ორ მთას გადაახტებოდა. ერთი შეძახილით ეშმაკსაც კი დააყრუებდა. პირქუში იყო და ძალდაულეველი.
გზას რომ დაადგა, თეთრი მელა შემოეყარა და საუბარი გაუბა:
- დიდო მბრძანებელო! მეც შენი ერთი ყმათაგანი ვარ და ნება მომეცი, ორი სიტყვა მოგახსენოო.
- სთქვი! - დაიროხროხა უთავო მეფემ.
სულ მარჯვნივ იარე, ჩქარა მიხვალ და გამარჯვება შენი იქნება.
ფარნაოზ მეფემ დაუჯერა და მარჯვნივ იწყო სიარული. ბევრი იარა თუ ცოტა, ისევ მთას მიადგა. ბუჩქიდან ახლა წითელი მელა გამოძვრა და მეფეს სიტყვა ჰკადრა:
- დიდო მბრძანებელო, აქეთ რატომ წამოსულხარ, მარცხენა გზაზე იარე, იარე და გამარჯვება შენი იქნებაო.უთავო მეფემ ახლა ამას დაუჯერა. ბევრი იარა თუ ცოტა, ისევ მთას მიადგა, საიდანაც გამოძვრა შავი მელა და, მეფეს მოწიწებით უთხრა:
- დიდო ხელმწიფევ, ეს რა გიქნია, რომელი გზით წამოსულხარ? მე გასწავლი სწორ გზას: სულ პირდაპირ იარე, გზაზე ერთი ხე შეგხვდება, იმას რომ გასცდები, ისკუპე და ტარიელ მეფის ეზოში ჩახტებიო.
რაკი ფარნაოზს თავი არა ჰქონდა, შავ მელასაც დაუჯერა და პირდაპირ გაუდგა გზას.
ხესთან რომ მივიდა, ისკუპა და შუა ზღვაში ამოჰყო თავი. ბევრი იღრიალა და იბორგა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. უთავო მეფე ვეშაპად იქცა და დღესაც ზღვაში დასცურავს.
ასე დაემართა ორ მოქიშპე მეფეს. აბა, რა კარგი დაემართებოდათ: ერთი ღონიერი იყო და სწავლა არ უყვარდა, მეორეს წიგნების კითხვა უყვარდა, მაგრამ უღონო იყო.
მთელი მათი სამეფო, ოქროს კიბე და ოქროს ჩიტიც ხელთ იგდო ერთმა ჭკვიანმა მეწისქვილემ, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს საზღვარზე ცხოვრობდა. ბრილიანტის ქვებისაგან წისქვილი ააგო და ოქროვერცხლით მოავარაყა.
ყოველ საღამოს თვითონ მთვარე ვარსკვლავების ამალით დაბლა დაეშვება ხოლმე ოქროს კიბეზე და თან საფქვავი მოაქვს. ჯადოსნური ჩიტი წისქვილის ქობაზე ზის და საოცარ ამბებს ჰყვება უთავო მეფისა და დიდთავა მეფის შესახებ.
მთვარე კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |