(ნაწყვეტი)
...როცა მოსკოვიდან გამოვფრინდით, ცოტა წვიმდა. ყველაფერს რუხი ფერი ედვა, კავკასიის მისადგომებთან ცა აიჭრა და მალე ლურჯი სივრცე გამოჩნდა, შემდეგ ენით გამოუთქმელი სილამაზის სამყაროში შევედით, თეთრი ღრუბლები ცის თვალუწვდენელ სივრცეში ზანტად მორონინე აქლემებს ჰგავდა, მზის ოქროსფერი სხივები ჯადოსნურ სვეტებად ეშვებოდა თეთრ ნაფლეთებს შორის. აი, იტალიელი მხატვრები წმინდანების სურათებში რომ ხატავდნენ ღრუბლებიდან სვეტებად გადმოსულ მზის სხივებს.
როგორ ვინანე, აქამდე რომ არ ვიფრინე, რა ვნახე, რა დიდი სილამაზე ვნახე, მზის სხივებით განათებული ეს უწმინდესი და უთეთრესი ბამბის უზარმაზარი ნაგლეჯები თოვლით დაფარულ კლდოვან კონტინენტებს ჰგავდა; ნელა, უხმოდ მიცურავდნენ, ზოგჯერ შეერთდებოდნენ, ახალ, ფანტასტიურ ფორმას მიიღებდნენ და განაგრძობდნენ გზას.
დროდადრო ზეცის ხომალდებს შორის ცის სივრცეები ჩნდებოდა, მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც ჩვენ დაგვინახავს მიწიდან. ეს იყო ნამდვილი ფირუზი, ეს იყო ვერონეზეს ცა.. საიდან იცოდა ვერონეზემ, რომ ცა ასეთი ფერისა იყო? მას ხომ ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ადამიანი ოდესმე ღრუბლებში იფრენდა, ცას მიუახლოვდებოდა.
მე რომ პირველად ვერონეზეს ნამუშევრები ვნახე, განვცვიფრდი, განსაკუთრებით მისმა ცამ გამაკვირვა. ვერონეზეს ცა სრულებით არ ჰგავს სხვა რომელიმე ოსტატის ცას, მისი ცა სულ სხვა ფერისაა, ვერონეზეს ცა ზღაპარია.
როცა ვერონეზეს ცასთან ახლოს ვიყავი და ჩემს გარშემო უზარმაზარი თეთრი ხომალდები დაცურავდა, ერთი სურვილი დამებადა მინდოდა თვითმფრინავის სარკმელი გამეღო და დიდ თეთრ ღრუბელს რომ გავუსწორდებოდი, მესკუპა და ზედ დავმხტარიყავი, ღრუბელი ოდნავ ჩაიზნიქებოდა და მეც შიგ ჩავეფლობოდი, მაგრამ ისე კი არა, როგორც თოვლში ჩაეფლობა კაცი, არა, სულ სხვაგვარად - რბილად, ნაზად, სიზმრის მსგავსად, თეთრი ღრუბელი ზანტად გააგრძელებდა გზას, მეც თან წამიყვანდა, გზადაგზა სხვა ნაფლეთებს შეუერთდებოდა, გადიდდებოდა, უზარმაზარ მთად გადაიქცეოდა, მალე მათი ზანტი ცურვა მომწყინდებოდა - მეორედან მესამეში გადავეშვებოდი.
ასე ვიცურებდი დიდხანს, ძალიან დიდხანს, და როცა დავიღლებოდი, ბოლოს ცის ულამაზეს ხომალდს მივნებდებოდი. რა სანახაობაა, რა მდუმარებაა! როგორ მინდოდა თეთრი ხომალდით მესეირნა და ცის უწმინდესი ჰაერი მესუნთქა.
















