ჟურნალისტმა ლურჯყდიანი რვეული იპოვა. ვიღაც ბიჭის დღიური აღმოჩნდა. ვინაიდან რვეულს სახელი და გვარი არ ეწერა და მისი პატრონის მოძებნა შეუძლებელი იყო, ჩანაწერები კი ძალიან საინტერესოდ ეჩვენა, გადაწყვიტა ისინი ჩვენთვის გაეცნო.
აი, ეს ჩანაწერებიც.
9 ოქტომბერი
დღეს 9 ოქტომბერია. გუშინ ჩემი და კითხულობდა გალაკტიონის ლექსს:
ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი... მკითხა: - გესმის, ბიჭო, რამე?
- რა უნდა მესმოდეს. კაცს უნდოდა ლექსის დაწერა და მოიფიქრა შესანიშნავი რითმა: ლომფერი - ოქტომბერი.
- არ გესმის, ვერც გაიგებ! - ამოიოხრა ნანულიმ და კითხვა განაგრძო...
მე თავს ძალა დავატანე და წარმოვიდგინე ლომის ფერი შემოდგომის დღე.
ელვარე და ლომფერი. რაღაც ოქროსფერი, არა, მზისფერი. არა, უფრო მზეზე რომ მტვერი დადგეს, ისეთი, ეს უკვე ლომფერი იქნება. არა, მართლაც არის ლომის ფერი დღეები ოქტომბერში. „ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი".
კარგი, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ცხრა ოქტომბერი? შესაძლოა იმ დღეს მოხდა რაიმე ისეთი, რამაც ასე ლომფერად დაამახსოვრა ეს დღე?
ეჰ, რას გაიგებ?! ყველაფერს რომ ვხვდებოდე, მე თვითონ ვიქნებოდი პოეტი...
12 ოქტომბერი
ყოფილა ერთი ჩინებული პოლონელი პედაგოგი იანოშ კორჩაკი. აი, რა წესებს სთავაზობდა მათ, ვისაც თვითაღზრდის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი:
1. თუ ძალიან გიჭირს, გამოსწორდი არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით;
2. დასაწყისისათვის მარტო ერთი, შედარებით მცირე ნაკლი ამოირჩიე და ის გამოასწორე;
3, სულით ნუ დაეცემი, თუ ერთხანს არამცთუ გაუმჯობესება, გაუარესებაც დაატყო საქმეს;
4. ძალიან იოლ პირობასაც ნუ დადებ, ისეთი რამ დათქვი, რომლის შესრულება უკვე გამარჯვებას მოასწავებდეს.
13 ოქტომბერი
ისევ სიცხე მაქვს.
წუხელ ბევრი ვიფიქრე ჩემს მომავალ საქმეზე და გადავწყვიტე: უპირველეს ყოვლისა, ამოვიჭრა გლანდები. მერე შევუდგე ფიზიკურ წვრთნას. მოვიგონე ასეთი კომპლექსი:
ნახევარი საათით გამამხნევებელი ვარჯიში, ტანის დაზელა სველი ტილოთი; რამდენიმე ხნის შემდეგ გადავალ ცივ შხაპზე.
დერეფანში ჩამოვკიდებ რგოლებს და ყოველი გაკვეთილის მომზადების შემდეგ ვივარჯიშებ რგოლებზე.
ძალიან მეჩქარება ვარჯიშის დაწყება. ანკი სად ვიყავი აქამდე?
17 ოქტომბერი
ბიბლიოთეკაში წავედი. მინდოდა, რაიმე ისეთი წიგნი მომეძებნა, რომელშიც ნებისყოფის ან ფიზიკური ძალის წრთობაზე იქნებოდა სასარგებლო რჩევები.
დეიდა მეგი, ჩვენი ბიბლიოთეკარი, ძალიან კარგი ქალია. იცის, რომ მე კატალოგში არ მიყვარს წიგნის მოძებნა და ყოველთვის მიშვებს წიგნის თაროებთან.
წიგნს გადაშლამდე ვატყობ, საინტერესო იქნება თუ არა. თუ საინტერესოა, ბევრი კითხვისგან ოდნავ გაცვეთილიც იქნება. ფურცლებზე აქა-იქ აღნიშვნებსაც მოჰკრავ თვალს. ეს ის ადგილებია, ჩემამდე სხვას რომ მოსწონებია. იმ ადგილს რომ წაიკითხავ, იმასაც მიხვდები, ჭკვიანმა კაცმა აღნიშნა თუ სულელმა.
ნახატებს გადაათვალიერებ. ამ ნახატებს ხომ ეტყობა, რაზე მოგვითხრობს წიგნი.
ამ ნახატების გამო გადავიკითხე მთელი ჟიულ ვერნი. მოყვითალო გაცრეცილი ფურცლები თითქმის ცალ-ცალკე ეწყო, ნახატებს კი იდუმალების ელფერი გადაჰკრავდა. წიგნს ეტყობოდა, რომ სულმოუთქმელად იკითხებოდა. „ნაუტილუსი“ და კაპიტანი ნემო თავისი შავი ალმით.
„80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“ რომ დავამთავრე, მაშინვე მოვძებნე „საიდუმლო კუნძული“ და „კაპიტან გრანტის შვილები“.
ნეტავ ბევრი იყოს ასეთი წიგნი!
ახლა კი წავაწყდი წიგნს „გამოცდილია ცაში", მფრინავ-გამომცდელებზეა. სხვა წიგნის ძებნა აღარ დამიწყია. დავავლე ხელი და მაშინვე შინ გამოვიქეცი.
წიგნი გადაშლილი დავდე საწერ მაგიდაზე და გადავწყვიტე: სანამ გაკვეთილებს არ მოვამზადებ, შიგ არ ჩავიხედო.
ერთი სული მაქვს გავიგო, რა ამბები ტრიალებს წიგნში, მაგრამ სიტყვა სიტყვაა.
თვალი წიგნისკენ გამირბის, წაკითხულს კარგად ვერ ვიგებ. ამოცანის პირობა რაღაც უაზრობად მეჩვენება.
წიგნი დავხურე და კარადის თავზე შემოვდე. მაგრამ მივხვდი, რომ ეს ნებისყოფის სისუსტით მომივდა. ისევ ამოვიღე, გავშალე და ისე დავდე მაგიდაზე.
არა, სანამ ამოცანას არ გამოვიყვან, წიგნში არ ჩავიხედავ.
„ა პუნქტიდან გამოსული მატარებელი "ბ" პუნქტამდე მისვლას უნდება...“
„ა“ პუნქტი თვალს უკრავს „ბ“ პუნქტს და ეჭყანება, „გ“ პუნქტი იმუქრება, მუშტს უქნევს. შემდეგ ეს პუნქტები ერთმანეთს ხელს ხვევენ და რვეულზე ხორუმს ცეკვავენ.
გავბრაზდი, რვეული მაგიდაზე დავახეთქე, სააბაზანოში შევედი და პირზე ყინულივით ცივი წყალი შევისხი.
ნებისყოფის ნატამალი არ გამაჩნია, თუ ახლავე ამოცანა არ გამოვიყვანე, მფრინაობაზე ფიქრს თავს დავანებებ.
ამოცანის პირობა თავიდან გადავწერე. სქემა დავხაზე. აჰა!.. მივხვდი, რაში ყოფილა საქმე. თურმე შინაარსი სულ იოლია, მაგრამ განგებ, ჩვენთვის თავგზის ასარევად სიტყვების კორიანტელშია გახვეული. მოვაშორე ზედმეტი სიტყვები და გამეცინა:
ნუთუ ასე ადვილ ამოცანაზე ამდენს ვფიქრობდი! პასუხი შევადარე. რა თქმა უნდა, სწორია.
გადავათეთრე.
ხვალ ჯუნა ჩვეულებრივად ეტყვის სერგო მასწავლებელს:
- მასწავლებელო, პასუხში შეცდომაა!
- შენ თვითონ ხარ შეცდომა, - უპასუხებს მასწავლებელი და დაფასთან გაიყვანს.
- დახაზე, ბიჭო, „ა“ პუნქტი. ახლა „ბ“ პუნქტი აღნიშნე. გაავლე წრფე. დაწერე, რა სიჩქარით მიდის მატარებელი. - და ასე თანდათან, სანამ ბოლოს ჯუნა არ აღიარებს: პასუხი სწორი ყოფილაო.
ახლა დამრჩა ისტორია და ქართული.
თითოჯერ წაკითხვა საკმარისია. დილით თარიღებს გავიმეორებ და მორჩა.
19 ოქტომბერი
წიგნში „გამოცდილია ცაში“ ბევრი რამაა დამაფიქრებელი. აი, მაგალითად, რა არის სიმამაცე? ამდენ ხანს მე მიმაჩნდა, რომ როცა ადამიანი თავს წირავს, ის უკვე მამაცია, ღირსია პატივისცემის. ან მოხვდა რაღაც განსაკუთრებულ პირობებში, ვთქვათ, ხანძარში, და გაბედა მესამე სართულიდან გადმოხტომა.
ახლა ვხვდები, რომ მთლად ასე არაა საქმე.
ვთქვათ, ქურდი, რომელსაც მესამე სართულზე შეუსწრეს, წირავს თავს და ხტება, რომ თავს უშველოს. მამაცია? ღირსია თაყვანისცემისა? არა, პირიქით, ის მშიშარაა, სუსტი ნებისყოფისაა და, რაც მთავარია, არა აქვს არჩევანის საშუალება.
ვთქვათ, კაცი უცაბედად წყალში ჩავარდა. გამოცურა და გამოვიდა. მამაცია? კი მაგრამ, მეტი რა ექნა? ეს, უბრალოდ, თავის გადარჩენის ინსტინქტია და არა გმირობა. წყალში გადაგდებული ცხოველიც ცდილობს ნაპირზე გამოვიდეს. მასაც სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი ამოძრავებს და არა სიმამაცე.
სიმამაცეზე ლაპარაკი იწყება იქ, სადაც არის არჩევანის შესაძლებლობა.
ხანძარია. გარედან მაყურებელს შეუძლია არჩევანი გააკეთოს: შევიდეს ადამიანების გადასარჩენად თუ არა? და თუ ნებით შევიდა, დაძლია შიში, არად ჩააგდო საშიშროება, რომელიც ცეცხლში აშკარად ელოდება, ასეთ კაცზე ვიტყვი, მამაცია-მეთქი.
ასე რომ, სიმამაცე - ეს ნებაყოფლობითი მოქმედებაა და არა - იძულებითი. მას შემთხვევით არ სჩადიან. შემთხვევით არავინ შევარდება ცეცხლში, არ გადაეშვება აღელვებულ ზღვაში სხვის გადასარჩენად. შემთხვევით გმირებად არ ხდებიან...
წიგნის მთავარი გმირი სიმამაცის, გამბედაობის ორ სახეობას არჩევს, რაც მე განსაკუთრებით მომეწონა.
ეს არის გამბედაობა უცოდინარობის გამო და ცოდნისმიერი გამბედაობა. გამბედაობა უცოდინრობის გამო ის არის, როცა სასოწარკვეთის წუთებში თვალდახუჭული კაცი რაღაც რისკზე მიდის იმ იმედით, იქნებ გამიმართლოსო.
ცოდნისმიერი გამბედაობა იმ მფრინავის სიმამაცეა, რომელიც შესანიშნავად ფლობს თავის მანქანას. არა უაზრო რისკი მოსალოდნელი უაზრო მსხვერპლით, არამედ გონივრული ნაბიჯი.
ერთხელ მფრინავი და მისი ამხანაგი ცუდ ამინდში აფრინდნენ ცაში და კინაღამ დაიღუპნენ. იგი ამის შესახებ წერს:
„გარეგნულად ეს ჩვენი უპრინციპო გადაწყვეტილება ძალიან ლამაზი ჩანდა; გაბედული მფრინავები არად დაგიდევენ სიძნელეებს და ცუდ ამინდშიც კი მიდიან დავალების შესასრულებლად.
სინამდვილეში კი ის იყო წმინდა წყლის უპრინციპობა. თურმე ყოველთვის როდი შეძლებულა ადამიანთა საქციელზე ამ საქციელის გარეგნული მხარის მიხედვით იმსჯელო“.
თვითმფრინავი თავისი ეკიპაჟით დაიღუპებოდა, რომ არ მიეღო აეროდრომს, რომელზედაც ამ თვითმფრინავის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგან მისი სიგრძე იმ მანძილზე მოკლე იყო, თვითმფრინავს გასარბენად რომ ესაჭიროება.
ყველაზე მამაც ადამიანებად ავტორი თვლის აეროდრიმის მუშაკებს, რომლებმაც უზარმაზარი რისკი გასწიეს - „შესანიშნავი მაგალითი მოქალაქეობრივი სიმამაცისა, რაც ზოგჯერ პირად გაბედულებაზე მეტია“.
„მოქალაქეობრივი სიმამაცე“ - ეს გამოთქმა ძალიან მომეწონა; ის, რასაც გაბედულება, სიმამაცე ჰქვია, იმაზე ბევრად მეტი მგონია. მოქალაქეობრივი სიმამაცე შეიძლება გამოიჩინოს ადამიანმა, რომელიც არც წყალში ვარდება და არც ცეცხლში, არამედ, ვთქვათ, ქმნის რთული ავადმყოფობის საწინააღმდეგო ვაქცინას და 5-10 წლის განმავლობაში ატარებს ერთსა და იმავე ცდას. მ
ისი ბრძოლის ველი, სიმამაცის ასპარეზი, ჩუმი ლაბორატორიაა, კოლბები და სინჯარები. მას ოვაციას არ უმართავენ და ქუჩაში ყვავილებით არ ხვდებიან, მაგრამ, მე მგონი, გმირულ საქმეს სჩადის.
27 ოქტომბერი
ხვალ გლანდების ოპერაციას ვიკეთებ. დღეს სკოლაში არ წავსულვარ, მაგრამ გავიგე დავალება და შევასრულე.
ვცდილობ, არ ვიფიქრო ხვალინდელ დღეზე.
სამაგიეროდ, ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ დავიწყებ ვარჯიშს, როგორ გავიკაჟებ კუნთებს.
29 ოქტომბერი
დაწოლილი ვწერ.
ოპერაცია გავიკეთე. რომ ვთქვა, არ მეშინოდა-მეთქი, მართალი არ იქნება. მუხლები მიკანკალებდა, მაგრამ ექიმმა ვითომ ვერც შემატყო შიში, პირიქით, ასე იძახდა: ო, რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილაო, მამხნევებდა.
საშინელი შეგრძნებაა, მაგრამ გაძლებით გაუძლებ.
ახლა ვწევარ და ყინულიან რძეს ნელ-ნელა ვწრუპავ. ყლაპვა მიჭირს, მაგრამ რომ მახსენდება, ოპერაცია უკანა მაქვს მოტოვებული, ერთბაშად ვმშვიდდები.
ნანულიმ სიურპრიზი გამიკეთა. რგოლები და მაგარი თოკი მომიტანა. ავდგები თუ არა, დერეფანში ან ლოჯიაში ჩამოვკიდებ.
3 ნოემბერი
მეორე დღეა ვვარჯიშობ და სველი ტილოთი ვიზელ ტანს. ჯერჯერობით კუნთების ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ კორჩაკმა ხომ გვასწავლა, მდგომარეობის დროებით გაუარესებამ არ შეგაშინოთო.
6 ნოემბერი
არ მეგონა, თუ შემთხვევა ასე სწრაფად დამაყენებდა გამოცდის წინაშე. კლასმა გადაწყვიტა მეოთხე გაკვეთილიდან გაპარვა.
- „შატალოზე“ მივდივართ, - ისმოდა ჯგუფში. გოგოებიც კი ემზადებოდნენ „შატალოზე“ წასასვლელად.
- ნაყინი ვჭამოთ და კინოში შევიდეთ. გადასარევი ფილმია, ფრანგული.
მე რამდენიმე მიზეზის გამო არ მინდოდა წასვლა, მაგრამ არც ის იყო სასიამოვნო, ივერის თვალები მოეწკურა და ეთქვა:
- ვა, ჯარჯი! ხალხო, ჯარჯი რჩება. მოგვიწევს მოვისმინოთ დამრიგებლის სიტყვები:
„თუკი ჯარჯის ეყო პატიოსნება და არ გაიპარა გაკვეთილებიდან, თქვენ რაღა ღმერთი გაგიწყრათ!“ ჯარჯი, შემთხვევით დამრიგებელსაც ხომ არ შეატყობინებ ამ „შატალოს“ ამბავს?
რაღაც არაა სასიამოვნო, საზოგადოებრივ აზრს წინ აღუდგე. მეც ავდექი და წავედი კლასთან ერთად.
მაგრამ, როცა კინოსურათი დაიწყო, მივხვდი, რომ ჩემი საქციელი უპრინციპობა იყო, გამოსწორება კი აღარ შეიძლებოდა. მე ვერ შევძელი, ვყოფილიყავი ბოლომდე მართალი და პატიოსანი. ვერ გამოვიჩინე პრინციპულობა. პრინციპულობა არა იმაში, რომ მთელი კლასისთვის დამეშალა „შატალოზე“ წასვლა, არამედ ვერ შევძელი, ჩემი საკუთარი სურვილი შემესრულებინა.
17 ნოემბერი
„როგორ ჩამოვაყალიბებდი ჩემი ცხოვრების წესებს, თუნდაც რამდენიმე სახელმძღვანელო წესს?
აბა, ვცდი:
1, იყავ მიზნის ერთგული!
2. არასოდეს მოიქცე შენი პრინციპების საწინააღმდეგოდ!
3, თუ გიმართლებს - განაგრძე, თუ არ გიმართლებს, მაინც განაგრძე!
4. რაგინდ მაღალ მწვერვალზე ახვიდე, ნუ დაივიწყებ, რომ ადამიანი ხარ!
გადავიკითხე, არა უშავს რა. მთავარია შევასრულო.
15 იანვარი
ჩვენს კლასში ერთი ამბავია.
კარგა ხანია მამუკა და ქეთინო მეგობრობდნენ. შარშან ბანაკში ერთად იყვნენ. წლეულსაც ერთად მეცადინეობდნენ.
თავიდან ქეთინოს დედას ძალიან უხაროდა, რომ მამუკა მის შვილს ამეცადინებდა, მაგრამ შემდეგ აღარ მოსწონებია მათი მეგობრობა და შვილისთვის მოუთხოვია, მამუკასთან ნუღარ იმეცადინებ და ნურც იამხანაგებო.
ქეთინო სასტიკად შეურაცხყოფილი დარჩა და უარი უთხრა დედამისს ამ თხოვნის შესრულებაზე. პირიქით, მათი მეგობრობა, რაკი ჩაშლის საფრთხე დაემუქრა, უფრო ძლიერ გრძნობაში გადაიზარდა.
მაშინ ქეთინოს დედა სკოლაში მოვიდა და ელენე მასწავლებელს, ჩვენს დამრიგებელს, სთხოვა „ზომების მიღება“.
დამრიგებელმა უთხრა:
- მე ამ ახალგაზრდების მეგობრობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და არც მიმაჩნია მართებულად ასეთი ჩარევა.
მაშინ ქეთინოს დედა დირექტორთან შევიდა და მოსთხოვა: მამუკას ხელწერილი ჩამოართვით, რომ ჩემს შვილს აღარ დაელაპარაკოსო.
ეტყობა, ქეთინოს დედამ იმდენი და ისე ხმამაღლა ილაპარაკა, რომ დირექტორი გააბრუა, მან დაიბარა მამუკა და ხელწერილის დაწერა მოსთხოვა.
მამუკამ ამ უცნაურ მოთხოვნაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა და ისიც დასძინა:
- მე თქვენგან მეტ გაგებას მოველოდიო. და უნებართვოდ დატოვა დირექტორის კაბინეტი.
მაშინვე დირექტორთან გამოიძახეს ჩვენი დამრიგებელი. ჯგუფში ქეთინოს გოგოები შემოხვეოდნენ.
- სულ წავალ სახლიდან, დეიდაჩემთან ჩავალ ქუთაისში და იქ ვისწავლი, - ტიროდა იგი.
მამუკა ჩანთისთვისაც აღარ შემოსულა ჯგუფში. ჩანთა ზურიკომ წაუღო, თან გვითხრა, ნუ გეშინიათ, უსათუოდ მოვძებნი და მოვიყვანო.
მამუკას ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი, საერთოდ აღარ მოვიდოდი სკოლაში, ჩემი გრძნობა რომ ასე საჯაროდ გამოეტანათ და ამგვარი შეურაცხყოფა მოეყენებინათ.
25 იანვარი
სკოლის ფოიეში გამოკრულია წითელი საღებავით დაწერილი ვეებერთელა განცხადება: „30 იანვარს, დღის 2 საათზე, მოეწყობა დისპუტი თემაზე: „რა არის ბედნიერება?“ დისპუტში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები, მწერლები, მეცნიერები. მსურველებს ვთხოვთ მოემზადონ“.
30 იანვარი
არ მეგონა, თუ ამდენი ხალხი მოიყრიდა თავს დისპუტზე, სავსე იყო მერხები, ზოგი ფეხზე იდგა. უფროსკლასელები თითქმის უკლებლივ მოსულიყვნენ. რამდენიმე მეექვსე-მეშვიდეკლასელიც შემოსულიყო. და ორ მეხუთეკლასელ გოგონასაც მოვკარი თვალი. ნეტავ ამათ რაღა უნდოდათ?
დისპუტი გახსნა თამრიკო გედენიძემ, პარალელური კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ.
თამრიკო სტუმრებთან ყოფნას მიჩვეულია და ახლაც შესანიშნავად უჭირავს თავი: არ ღელავს, არ იბნევა.
რადგან პირველად გამოსვლისაგან ყველამ თავი შეიკავა, თამრიკომ სიტყვა მოწვეულ მეცნიერს მისცა.
- თქვენ ალბათ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა: „მდიდარია, როგორც კრეზი". ლიდიის მეფე კრეზი ძველ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი იყო და მისი სახელი სიმდიდრის სიმბოლოდ გადაიქცა.
როცა სპარსეთის მეფემ, კიროსმა, ლიდია დაიპყრო, კრეზი ტყვედ ჩავარდა. სიკვდილით დასჯის წინ მან თქვა: - ო, სოლონმა მართალი მითხრა, სანამ ადამიანს სიცოცხლე არ დაუსრულებია, ვერ იტყვი, ბედნიერი კაცია თუ უბედური.
როცა კრეზი დიდების მწვერვალზე იყო, მას ესტუმრა ათენელი კანონმდებელი სოლონი. მასპინძელმა დიდძალი სიმდიდრე აჩვენა სახელოვან სტუმარს, თან შეეკითხა:
- ვინ არის ყველაზე ბედნიერი კაცი, რომელიც კი ოდესმე გინახავსო.
გულში ფიქრობდა, რომ სოლონი მას, კრეზს, დაასახელებდა. მაგრამ სტუმარმა უპასუხა:
- ჩემი აზრით, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ათენელი თალესი იყო. - თან დასძინა: - ჯერ ერთი, ის ცხოვრობდა ათენის აყვავების დროს, ე.ი. მაშინ, როცა ქვეყანა და ხალხი ბედნიერი იყო. მეორეც, მას ჰყავდა კარგი შვილები და შვილიშვილები.
მესამე, ის არ განიცდიდა მატერიალურ სივიწროვეს; მეოთხე, ის გმირულად დაეცა თავისი მშობლიური ქალაქის, ათენის, დაცვისას. მეხუთე, მადლიერმა თანამოქალაქეებმა პატივით დაკრძალეს.
- მე თუ შემიძლია ჩემი თავი ბედნიერად ჩავთვალო? - ჰკითხა სოლონს კრეზმა.
- მე არ შემიძლია ვთქვა, რომ შენ ბედნიერი ხარ, სანამ არ ვნახავ შენი სიცოცხლის ბედნიერ დასასრულს, - უპასუხა ბრძენმა.
ეს ჭკუის სასწავლი ამბავი ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ გვამცნო.
რა არის აქ მთავარი?
საზოგადოების ბედნიერების, მისი კეთილდღეობის გარეშე შეუძლებელია ადამიანის ბედნიერება.
ამასთანავე, პირადი კეთილდღეობა, პიროვნების ღირსების საყოველთაო აღიარება - ეს არის ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი.
აი, ეს არის ჰეროდოტეს ძირითადი დასკვნა. საყურადღებოა, რომ სიმდიდრე და ძალაუფლება მას არ მიაჩნია ბედნიერებისათვის საკმარის საფუძვლად.
- ამ თემაზე მსჯელობისას ბევრ სხვადასხვა აზრს მოვისმენთ, - გვითხრა სტუმარმა, - მაგრამ ბედნიერებისა და სიცოცხლის აზრის შესახებ კამათს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ბედნიერებად თვლიან მას, რაც სულაც არ არის ჭეშმარიტი ბედნიერება. მაგალითად, სიმდიდრის დაგროვებას, პირად კეთილდღეობას. ზოგი კიდევ, თუკი წაიფორხილა, მარცხი განიცადა ან მატერიალური სივიწროვე აწუხებს, საერთოდ კარგავს ბედნიერების რწმენას.
ამ უკიდურესობაში რომ არ ჩავვარდეთ, საჭიროა ხშირად ვიფიქროთ ცხოვრების აზრის, ბედნიერების თაობაზე, ვიკამათოთ, რადგან კამათში იბადება ჭეშმარიტება.
მეცნიერის გამოსვლის შემდეგ გაიმართა კამათი. მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, რომელთა შორის ბევრი საყურადღებოდ მომეჩვენა. მოჰყავდათ ციტატები დიდი ადამიანების გამონათქვამებიდან.
აი, ორი მათგანი, რომელთა ჩაწერაც მოვახერხე:
ბეთჰოვენი წერდა: „არაფერი არ არის იმაზე უფრო ძვირფასი და მშვენიერი, ვიდრე ის, რომ ბედნიერებას ანიჭებდე ადამიანებს".
„ბედნიერება მისი ხვედრია, ვინც ბევრს შრომობს,“ - ეს აზრი ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის.
















