ცენზურიდან „ივერიის“ ახალი ნომრის დაგვიანება კარგს არაფერს მოასწავებდა.
რედაქციაში ყველა ღელავდა, ღელავდა თავისებურად... იაკობ მანსვეტაშვილი თავჩაქინდრული იჯდა თავის მაგიდასთან და ხანდახან, ქვეშქვეშ თუ გახედავდა კარს. მას თავის დამცირებად მიაჩნდა წუთიერი გრძნობის გამომჟღავნება, ქვის კაცივით დუმდა. დუმდნენ სხვა თანამშრომლებიც.
ისინი ხან ქუჩიდან შემოსასვლელს გახედავდნენ, ხან – რედაქტორის კაბინეტის დახშულ კარს.
მხოლოდ მორგვივით ჩაფსკვნილი, მაგრამ საოცრად მოძრავი გიგა ყიფშიძე ვერ ისვენებდა ერთ ადგილას, ეს დუმილი თითქოს ყელში მარყუჟივით უჭერდა, ახრჩობდა. წინ და უკან დადიოდა, მერე შეჩერდებოდა, რაღაცას წამოიძახებდა, ხელს ჩაიქნევდა...
უკვე პირველი საათი იწყებოდა, რედაქტორს კი ჯერ თავისი კაბინეტიდან არ გამოეხედა... არც ეს იყო კარგი ნიშანი: ალბათ საფრთხეს ისიც გრძნობდა და ოთხკედელშუა ჩუმად ბდღვინავდა.
უცებ გიგა ყიფშიძემ წამოიძახა:
- ვერ გამიგია, რას გაჩუმებულხართ... როდემდის უნდა ვითმინოთ იმ გადაგვარებულის თავხედობა? ამ სიტყვებით თითქოს ყველას მიმართავდა, მაგრამ მხოლოდ თავჩაღუნულ მანსვეტაშვილს უცქერდა აბრიალებული თვალებით.
იაკობს თავი არ აუწევია, წყნარად თქვა:
- ვასრულებთ ჰორაციუსის“ რჩევას: მძიმე წუთებში მოთმინებას და სიმტკიცეს ვიჩენთ!
- ჰორაციუსი.. რა დროს ჰორაციუსია!.. - დაიჭექა გიგამ, - ესეც არ იყოს, განა რუსთაველმა უფრო ადრე არა თქვა:
„ჭირსა შიგან...“
- მოიცა, მოიცა, - ღიმილით გააწყვეტინა იაკობმა, - კარგად გავიხსენოთ, მგონი დაგიჭირე...
- წადი და შენვე შეამოწმე, რომელი ადრე ცხოვრობდა... განა ახლა ამისათვის გვცალია?! თუმცა შენ ბედნიერი კაცი ხარ, ცხოვრებაში ყველაფერს ისე უყურებ, როგორც სანახაობას, ცნობისმოყვარის თვალით... ესეც იმიტომ, რომ მერე უბის წიგნაკში შეიტანო და.. შთამომავლობას გადასცე. მე კი, აბა, შემომხედე, ვიხრჩობი!
და თითქოს მართლაც იმის დასადასტურებლად, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა, იხრჩობოდა, გიგა ყიფშიძემ კარი ხმაურით გააღო და გარეთ ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
იაკობმა თვალი ღიმილით გააყოლა, ჯიბიდან გაცრეცილი წიგნაკი ამოიღო და რამდენიმე წუთის განმავლობაში შიგ რაღაცას იწერდა.
წერა ხმაურმა შეაწყვეტინა. რედაქტორის კაბინეტის კარი გაიღო. ღია კარიდან ჯერ ბოლქვა-ბოლქვად შეკრული პაპიროსის კვამლი გამოვარდა, მერე ტყვიისფერ ნისლში რედაქტორის მწყრალი სახე გამოიკვეთა.
- არ მოუტანიათ?
- არა, ბატონო ილია, იმ შეჩვენებულმა ისარლოვმა რაღაც საკბილოს მიაგნო.
იაკობმა წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო და ფეხზე წამოდგა.
- დასწყევლოს ღმერთმა, კიდევ არ დაგვიჩეხოს გაზეთი.
- ჰო, თქვენი მოწინავე, ცოტა არ იყოს...
ილიამ თანამშრომლებს თვალი მოავლო, ვიღაცას ეძებდა. მერე უმცროს თანამშრომელს მიუბრუნდა: - გარეთ გაიხედე, გიგა ყიფშიძე სადმე მონახე და ახლავე ცენზურაში გაგზავნე, იმ წყეულთან მოგვარიგოს, თორემ... თუ ფეხი ავიდგი, მერე თვითონ მივალ და არ ვიცი, რა ამბავს დავაწევ!
თანამშრომელი გავიდა. იაკობი ისევ დაჯდა. ილია შუბლშეკრული იდგა ფანჯარასთან და პაპიროსს ეწეოდა.
„არა, როდემდის უნდა გაგრძელდეს ასე... დღემუდამ, ყოველ ნაბიჯზე ერთი და იგივე... - ფიქრობდა იგი, - ერთი წუთიც კი არა გვაქვს ბედნიერი, კაცური ცხოვრებისა".
- ხომ არავინ მიკითხა?
- ის დრამატურგი იყო... შემოივლის.
ილიამ შუბლი შეიჭმუხნა. კვლავ ჩაფიქრდა. როგორც ჩანდა, დღეს ბევრი უსიამოვნება იყრიდა ერთად თავს... ისე კი ილია კარგა ხანია ემზადებოდა ამ აბეზარი ავტორისათვის გულღია აღსარების სათქმელად.
- მოვიდეს... - კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ამ დროს რედაქციის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში ქოშინით შემოვარდა გიგა ყიფშიძე. ხელში „ივერიის“ ახალი ნომრის ამონაბეჭდი გვერდები ეჭირა. უკან გუნებაწამხდარი თანამშრომელი მოსდევდა.
გიგა პირველსავე სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ამოიხვნეშა.
- რა იყო, გიგა, რა მოხდა?
თითქოს ამ შეკითხვას ელოდაო, გიგა ფეხზე წამოხტა, წინ და უკან სიარული დაიწყო, ქაქანებდა და ქოთქოთებდა, ამონაბეჭდებს აფრიალებდა.
- არაფერი ადამიანური არ გააჩნია, არა... საიდან არ მოვუარე, რა არ ვუთხარი, რა არ ვუმტკიცე, დავემუქრე კიდეც, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის წყეული ლუკა ისარლოვი დღევანდელ კანონებს ისე უფრთხილდება, როგორც საკუთარ ქეციან ტყავს... დახედეთ, გული მოგიკვდებათ, დასეტყვილ ყანასა ჰგავს, გაზეთს კი არა!
- მაჩვენე... - შეგუბებული ხმით თქვა ილიამ, - გაზეთის ამონაბეჭდები გამოართვა, მაგიდაზე გაშალა და გოროზად! დააშტერდა წითელი ფანქრით აჭრელებულ გვერდებს.
ხაზები, ხაზები... წითელი ხაზები, მოკლე და გრძელი ხაზები... ამოშლილი სიტყვები და წინადადებები, მთელი აბზაცები, წითელი ჯვრები, დიდი, წითელი კითხვის ნიშნები... შეუბრალებელ ფანქართან ბრძოლაში დახოცილი სიტყვები და აზრები... ხმაჩამწყდარი ამოძახილები... წითელი ჯვრით გადახაზული, ჩახშობილი გულის ძგერა.
ამოშლილი ადგილები უდაბნოებს თუ სასაფლაოებს ჰგავდა, უთანასწორო ბრძოლაში დახოცილ აზრთა სასაფლაოს... გრძელი და მოკლე ხაზების, წითელი ჯვრების, საბედისწერო კითხვის ნიშნების ეკლიანი მავთულებით შემოზღუდულ სასაფლაოს.
ბოროტ ხელს საგულდაგულოდ დაეთხარა აზრთა ფესვები, ღონივრად, ჟინიანად დასწოლოდა ფანქარს, მარჯვენა წაეჭრა ნათელი აზრისათვის, დაეთხარა თვალები, დაებლაგვებინა მჭრელი პირი, დაემუნჯებინა მეტყველი ბაგე.
სტრიქონის ბოლოს ატუზულ კითხვის ნიშანს უკან ცენზორის კმაყოფილი სახე მოჩანდა.
- ჰა, მიგიხვდით თუ არაო, - ისმოდა დამცინავი ხითხითი...
ილია დაღვრემილი დასცქეროდა ამ უცნაურ სასაფლაოს.
- აი, რა ამოუშლია...
„რამდენადაც უფრო მეტად ვგრძნობთ უკეთესად ცხოვრების მოწყობის სურვილს და ხელმოკლეობას ამ სურვილის განხორციელებისათვის, იმდენად უფრო მეტად ვიტანჯებით, მეტად გაჭირვებულად გვეჩვენება ჩვენი არსებობა".
რა კაცია ის, ვინც ამ სიტყვებს ხელს შეახებს?
არაკაცი, არაკაცი...
- ისტორიას უნდა გადაეცეს მისი სახელი, რომ მომავალმა საკადრისი მსჯავრი დასდოს! - თითქოს ილიას ფიქრის საპასუხოდ თქვა მანსვეტაშვილმა, მაგრამ ილიას თავი არ აუწევია, გაცოფებით წამოიძახა:
- ისტორიას კარგთა სახელები გადავცეთ... ის კი, ის...
რედაქციაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ელოდა, თუ რით დაამთავრებდა რედაქტორითავის ნათქვამს, მაგრამ განაჩენი იგვიანებდა.
აი კიდევ...
„თანდათან უფრო საიმედო, უფრო გამამხნევებელი ლაპარაკი ისმის არამცთუ მარტო დასავლეთ ევროპაში, არამედ რუსეთშიც კი. აი, რას ამბობს ერთი რუსი მწერალი: ისტორიულ ერთა მოსპობა შეუძლებელია... დიდი უბედურებისა და დამცირების შემდეგაც კი იგინი კვლავ აღდგებიან ხოლმე და გულში ღრმად იმარხავენ შეურიგებელ სიმძულვარეს დამჩაგვრელთა და დამპყრობთა მიმართ".
ილია დაბალი ხმით, მაგრამ გრძნობით კითხულობდა. ამ ხმაში ჟღერდა ის გულისტკივილი, რითაც ეს სიტყვები იწერებოდა.
ყველა მონუსხულივით უსმენდა. კითხვა დაამთავრა, წამოდგა, გაიარ-გამოიარა, დუმდა. პაპიროსს ხარბად აბოლებდა და ფანჯარას გასცქეროდა.
ფანჯარას უკვე მზე მოსდგომოდა, აგვისტოს ცხელი, თბილისური მზე. ოთახში ცხელოდა. ისმოდა გიგა ყიფშიძის შეკავებული ქშენა. მას არ შეეძლო სხვასავით გამკლავებოდა სიჩუმეს.
- ამ სიტყვების ამოშლით... - წამოიძახა მან და ილიას გახედა, - ამ სიტყვების ამოშლით ლუკა ისარლოვი ადასტურებს მეფის მთავრობის სურვილს ჩვენი მოსპობის შესახებ!
- ეჰ, ლუკა ისარლოვი, ლუკა ისარლოვი.. - დაღლილი ხმით გაიმეორა ილიამ, - ძაღლის თავი უფრო ღრმად არის დამარხული, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება. ლუკა ისარლოვს რა უნდა მოვთხოვოთ გიორგი მუხრანსკის შემდეგ. ის გადაგვარებული ხომ ამტკიცებდა, დიდმა ერებმა უნდა შთანთქან პატარა ერებიო!
ამ დროს მანსვეტაშვილს გაეღიმა, რაღაც გაახსენდა.
- ამისთვის ხომ კარგადაც მოხვდა... აკი თქვენ თვითონ მოუგრიხეთ კისერი:
"კოხტაა და ღობემძვრალა,
პატარა და ჩამომხმარი,
ცხვირნისკარტა, ნიკაპწვეტა,
უჟმური და განს გამდგარი,
ჭკვით და გულით მოცვეთილი,
ქვეყანაზე უქმად გდია,
თვით მაღლა ზის, ქვეყნის საქმე
მასაც ფეხებზე ჰკიდია!"
ილიასაც გაეღიმა, ფიქრში წავიდა, ხელი ჩაიქნია!
- რანი ვართ, რანი? - ბოღმიანად ამოიძახა მან, - ათასი გიორგი მუხრანსკი, ათასი ლუკა ისარლიჩი, ათასი გამცემი გვაზის თავზე... ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩვენს აზრსა და სიტყვას და საძრაობას არ აძლევს... არ ვიცით ბრძოლა, არა! ჰმ, წკიპურტები, გამოცანები, ლათაიები!? აი, რით ვებრძვით მტერს, რომელიც ღონეს არ ზოგავს ჩვენი დასამარებისათვის... განა ჩვენ შეგვიძლია გავუძღვეთ ერს, აღვძრათ იგი მჩაგვრელთა წინააღმდეგ?..
ერეკლემ ხმლით ვერ შეაერთა საქართველო, ჩვენ როგორღა გვინდა კალმით შევაერთოთ? ვაწრიპინებთ, ვაცოდვილებთ უბადრუკ კალამს, ვირჯებით, ვჩალიჩობთ.. ვითომ ესმის ჩვენი ხმა ერს? ვითომ გვისმენს ხალხი?.. არა... აი, ხედავთ, მტრის კალამი გვჯობნის, მოსყიდული კალამი!
მან გაზეთის ანაბეჭდებს დაავლო ხელი და თავისი კაბინეტის კარისკენ დაფიქრებული წავიდა. სანამ შევიდოდა, მობრუნდა, მანსვეტაშვილს გახედა და ყრუ ხმით თქვა:
- თუ ვინმემ მიკითხოს... აღარ დაამთავრა.
გიგას უნდოდა ეკითხა, შეგაწუხოთ თუ არაო, მაგრამ უმალ გადაიფიქრა და როცა ილიას ზურგი კარს მიეფარა, წამოიძახა:
- ვაი მას, ვინც ახლა ილიას ხელში მოხვდება! - ჩემს მტერს...
გიგამ ისევ გარეთ, ჰაერზე გასვლა დააპირა, მაგრამ კარზე კაკუნი მოესმა და შეჩერდა.
- ეს ვიღაა?
- ალბათ ის დრამატურგი იქნება!
- თუ ის არის, ახიც და ვახიც მის თავს! - თქვა გიგამ და კარის გასაღებად გაეშურა.
იაკობმა თავი მხოლოდ მაშინ ასწია, როცა მხიარული, ხმამაღალი შეძახილი შემოესმა.
- ჩუ... - იაკობმა კარისკენ გაიხედა, გაიხედა და უმალ თვალები გაუბრწყინდა, წამოდგა, მასაც ხმამაღლა წამოსცდა:
- შემო... შემოდი, კაცო!
კარებში ჩოხიანი ბრგე ახალგაზრდა იდგა, თავი ჩაეღუნა, კეთილად იღიმებოდა.
- რა ვიცი, შემომესვლება? - მორცხვად იკითხა ახალგაზრდამ, ნაბიჯი გადმოდგა და დაფუკული ხურჯინი კუთხეში მიაყუდა.
- ცარიელი ხურჯინით, ვაჟავ, მართლაც არ გეკადრება, - გაიცინა გიგამ.
ჩოხიანმა ყველას ჩამოართვა ხელი, მერე იაკობის წინ შეჩერდა და შუბლშეკვრით გაიმეორა:
- მართლა გეკითხებით, შემომესვლება?
- ასეა, - დაფიქრებით ალაპარაკდა მანსვეტაშვილი, - სიკეთე გაუბედავად აკაკუნებს, ბოროტება კი არ კითხულობს, ისე აწვება კარებს!
- აგაშენა ღმერთმა... თუ სხვებიც ასე ფიქრობენ... - ვაჟამ აღარ დაამთავრა, რედაქტორის კაბინეტის კარს მორიდებით გახედა.
- თონეთელი მამასახლისის ცილისწამებისა არავის გვჯერა. ამის საბუთად ის სილაც კმარა, რომელიც მან მიიღო... მაგრამ ილია შენზე მაინც გაჯავრებულია, ხომ იცი მისი ხასიათი.
- მაგიტომაც გკითხეთ, შემომესვლება თუ არა-მეთქი... ჰოდა, თუ ასეა... მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ ვაჟა კარისკენ გაბრუნდა.
ყველა სახტად დარჩა.
- არა, მოიცა... სად მიხვალ, არც ასეა... - აფუსფუსდა შეწუხებული გიგა და როცა ვაჟა კუთხეში მიყუდებულ ხურჯინს დასწვდა, ისიც ქოთქოთით და ძახილით მიეტანა ხურჯინის თვალს.
- მოიცა...
- არა, შენი ჭირიმე, არა...
იაკობ მანსვეტაშვილმა სიჩუმის ნიშნად ხელი ტუჩებთან მიიტანა, მაგრამ გვიანღა იყო. უცებ შუა კარი გაიღო და ილიას პირქუში სახე გამოჩნდა. ანაბეჭდები ისევ ხელში ეჭირა.
- სანამ ჩემი სიმართლე არ დამტკიცდება, ვერ დავენახვები, ვერა! - გაიძახოდა ვაჟა და კარისკენ მიათრევდა ხურჯინზე დაბღაუჭებულ ყიფშიძეს.
- რა ჩარფუზანა გაგიმართავს, ვაჟავ... აქაც თონეთი ხომ არა გგონია!
ვაჟას მკლავები მოსწყვიტა, მაჯა მოუდუნა ამ ხმამ.
„აქაც თონეთი ხომ არა გგონიაო"...
ილიამ ამით ყველაფერი თქვა. მოკლედ გამოხატა თავისი გულისწყრომა, მაგრამ უწყის კი, არის თუ არა ვაჟა მართლაც დამნაშავე თონეთელ მამასახლისთან?.. ვაი, რომ ილიას ახლა ასე სჯერა!
ხურჯინი ქშენაავარდნილ გიგას შერჩენოდა ხელში. ის ჯერ ვერ გამორკვეულიყო... ილიას ვერ ხედავდა და კმაყოფილი ღიმილით დასცქეროდა ჭრელად ნაქსოვ ნადავლს. ამ ძიძგილსა და დავიდარაბაში ხურჯინს ერთი თვალის პირი შეხსნოდა. სწორედ ამ თვალში იჭყიტებოდა ახლა გამარჯვებული გიგა.
- ჰყრია რამე შიგა? - დაცინვით იკითხა ილიამ...
გიგა ილიას ხმამ შეაკრთო. ხურჯინი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
- არაფერი, შენი ჭირიმე, ნახევარი დღის საგზალიც არ იქნება, - მწარედ გაიღიმა ვაჟამ.
- მეც მანდა ვარ, - მწყრალად თქვა ილიამ, - რას მიქვია ნახევარი დღის საგზალი?! ნახევარი დღის საგზლით მოდიხარ ამ გაუთავებელ გზაზე? როდემდის უნდა დადიოდეს ქართველი კაცი ამ ტიალ წუთისოფელში ნახევარი დღის საგზლით?.. რატომ საუკუნო საგზლისთვის არ უნდა ზრუნავდეს და იღვწოდეს?!
კარგა ხანს ბრდღვინავდა და ბობოქრობდა აღელვებული რედაქტორი. სიტყვები მეხის ნაპერწკლებივით სცვიოდა პირიდან.
ვაჟა გაოცებული იდგა, შეჰყურებდა და სიტყვას ეძებდა. ყიფშიძე ღიმილით დასცქეროდა მანსვეტაშვილის უბის წიგნაკს.
- იმ მამასახლისზე ცალკე გაგატარებენ ბერაში, ახლა კი ეგ შენი ნახევარი დღის საგზალი მაჩვენე, ეგეც რამეა, თუ მართლაც კარგია... გახსენი, ამოცალე შენი ხურჯინი!
ვაჟა ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა, სირცხვილით იწვოდა, ალმური მონთებოდა სახეზე.
- შევიდეთ, წავიკითხოთ!
- არა, ბატონო... აი, აი, აქ მაქვს... - დაბნევით ბურტყუნებდა ვაჟა და ჩოხის მასრებზე ისვამდა აკანკალებულ ხელს, მაგრამ ილიას არაფერი ესმოდა... ხურჯინს მისწვდა, ხელიდან გამოჰგლიჯა გიგა ყიფშიძეს. ხურჯინს პირი ქვევით მოექცა, გახსნილი თვალიდან რაღაც გამოვარდა და რახუნით ძირს დაეცა.
ყველამ იატაკს დახედა. ვაჟას ფეხებთან ნაცარში გამომცხვარი ხმიადის მოზრდილი ნატეხი ეგდო.
ილიამ ვაჟას შეხედა, ვაჟა დაიხარა, ხმიადს დასწვდა, პირთან მიიტანა, მძლავრად შეუბერა, კიდევ შეუბერა, სამჯერ აკოცა... ჯერ ხურჯინისკენ გაიწია, მერე ხელი ჩაიქნია, ერთი ამოიხვნეშა და ხმიადი ფანჯრის რაფაზე დადო.
- ჰო... - თქვა ილიამ და თვალი ვეღარ გაუსწორა ვაჟას.
ვაჟამ ჩოხის გულისპირი გაიხსნა, ხელი ჩაყო და ორად გაკეცილი რვეული ამოიღო.
- ეგ რა არი?.. - მისწვდა ილია. ხურჯინი უნებურად კუთხეში მიაგდო და რვეული გადაფურცლა, ალაგ-ალაგ ჩახედა, ჩაიკითხა. არა თქვა რა. თავისი ოთახისკენ წავიდა, თან ნაწერს თვალს არ აშორებდა... ვაჟა დაავიწყდა. კართან შედგა, ჩაფიქრდა, მოიხედა. - აქ იყავ, სანამ არ გამოვალ...
ყველა ჩუმად იჯდა. ჩუმად, მაგრამ მოუსვენრად იჯდა ვაჟაც. რედაქტორის ოთახიდან ლომის ბუხუნი ისმოდა. ილია ხმამაღლა კითხულობდა.
- რაც აინტერესებს, მარტო კითხულობს... ისიც ხმამაღლა, - თქვა გიგამ.
- როდის დაწერე? - იკითხა იაკობმა.
- რაც „ხმელი წიფელი" დამიხანჯლეს, შურისძიების გუნებაზე დავდექ...
ქუჩაში ცხენის ფრუტუნი გაისმა. სადღაც ეტლი მიგრიალებდა.
ვაჟა მოუსვენრად შეტოკდა. თითქოს რაღაც გაახსენდა, ფეხზე წამოდგა, კართან მივიდა და ხურჯინს დასწვდა.
- მოიცა!.. - წამოიძახა გიგამ და ხურჯინს წეღანდელივით მოეჭიდა.
- ნუ... ნუ, გეთაყვა, - გაიწია ვაჟამ.
- საქმე მაქვს შენთან, ხომ იცი... მერე პატარა ხნით ჩავიდეთ იქ... - მრავალმნიშვნელოვნად ევედრებოდა გიგა.
ვაჟა ცალი თვალით რედაქტორის ოთახისკენ იცქირებოდა.
- არა, ცხენს მომიშივდა... არა, შენი ჭირიმე, არა...
- ხელათ ჩაიკითხავს...
- არა-მეთქი, არა... სანამ წაიკითხავს, მცხეთას გავცდები! - წამოიძახა ვაჟამ, გაიწია და ატორღიალებული გიგა ყიფშიძე ხურჯინთან ერთად გარეთ გაიტანა.
სანამ გიგა შემობრუნდებოდა, რედაქციის თანამშრომლები გულიანად იცინოდნენ, იცინოდნენ ხმადაბლა, რომ რედაქტორის ყურადღება არ მიექციათ.
- ჩაიყვანს...
- არ ჩაჰყვება, დღეს გუნებაზე არ არის...
- არა, ილიასაც კი აღარ მოუცადა...
გიგა ნაწყენი დაბრუნდა.
ნამდვილი ველურია... მთიული... არც აინტერესებს!
* * * * * * *
როდის-როდის რედაქტორის კაბინეტში ლომის ბუხუნი მიწყდა, შუა კარი გაიღო. დილანდელივით ჯერ თამბაქოს კვამლის ბოლქვები გამოვარდა, მერე ილიას სახე გამოჩნდა. ეს სახე მაშინდელივით კუშტი და მრისხანე აღარ იყო. უცნაურად ბედნიერი და კმაყოფილი ღიმილი თამაშობდა დიდრონ, გონიერ თვალებში.
- ვაჟა!.. - გაისმა მისი ხმა.
- ვაჟა წავიდა...
ილია ფანჯარასთან მიიჭრა, გადაეყუდა, ქუჩას გახედა.
- ვაჟა!..ვაჟა!.. რა იქნა? რად გაუშვით?.. დააბრუნეთ, დააბრუნეთ, თქვენ გაზრდას!
- ერიჰა!!. ვაჟა ახლა მცხეთას იქნება გაცილებული...
ილია ფანჯრის რაფას დააცქერდა. რაღაცას ეძებდა თვალით. ახლა სხვა ფანჯრებს გახედა, უხერხულად შეიშმუშნა.
- წაიღო? - უცებ იკითხა და ერთხელ კიდევ მოათვალიერა ოთახი, წიგნის თაროებსაც კი შეავლო თვალი.
- რა? - გაკვირვებით შეეკითხა გიგა.
- ხმიადი... თავისი ნახევარი დღის საგზალი.
- ჰო, ხმიადი.. მართლა, ხმიადი რა იქნა?
თანამშრომლებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. იაკობი თავჩაღუნული იჯდა და მაგიდას დასცქეროდა. მერე ფეხზე წამოდგა და დარცხვენით თქვა:
- ხმიადი... ხმიადი, ბატონო ილია, ვაჟას აღარც გახსენებია. მე... მე შევუნახე...
- „შეუნახავს, თონეთური ხმიადის ნატეხი წმინდა ნაწილივით ჩუმად შეუნახავს ამ შეჩვენებულს!“ - გაიფიქრა გიგამ და თავი ვეღარ დაიჭირა, გულიანად გადაიხარხარა.
ილიამ პირქუშად შეხედა გიგა ყიფშიძეს.
- რად გაუშვით?..
- ვეხვეწე, ქოსების სარდაფიც! კი ვუხსენე, ბატონო ილია, მაგრამ არ მოიცადა, ცხენს მომიშივდაო...
- ცხენს?.. ცხენსა თუ...
ილია ფიქრს მიეცა.
ფანჯრიდან კავკასიონის ქედი მოჩანდა, მთებს ჩამავალი მზის ვარდისფერი შუქი მოსდგომოდა. მკვდართა მზის ყვითელი ბინდი აშუქებდა კავკასიონს.
„ცხენს მომიშივდაო... თვითონაც შიოდა, ალბათ, შიოდა, უთუოდ შიოდა. ჩვენ კი ვერ გავუგეთ, ნახევარი დღის საგზალიც დავუკარგეთ...“
ვაჟა ალბათ უკვე გასცდა მცხეთას. ახლა არაგვის ჭალებში მიაჭენებს ცხენს. მშიერი ცხენი ჯიუტობს, ფეხს ითრევს, გზის პირებისაკენ, ბალახისაკენ მიიწევს.
„რა იყო, სამგლევ?.. განა სხვას შენზე ნაკლებ ენატრება გაშლილი სუფრა?.. შენ წუხელ ქერი მაინც ახრამუნე, დილით ბალახიც დააყოლე, ფერდი ამოიდგი... მე?.. მე რა, თონეთიდან უზმოდ გამოვიქეც. ქალაქშიც ლუკმა არ გამიტეხია... ნუ, ნუ... ნუ აჰყვები გულსა, ამაყი უნდა იყო, სხვამ არ უნდა გაიგოს შენი გაჭირვება.“
ალბათ ასე ეჩურჩულება ვაჟა თავის ბედაურს, მის ფაფართან თავი ჩაუქინდრავს და ამხნევებს.
ვინ იცის, წეღან, მცხეთაში რომ გამოიქროლა, ჭრაქით გაშუქებული დუქნებიდან მემთვრალეთა არეული სიმღერა და ღრიანცელი შემოესმა, იქნებ წუთით შეაყენა ცხენი, იყოყმანა, ჯიბისკენ წაღებული ხელი უიმედოდ ჩაიქნია. ისევ მიუშვა აღვირი და ახლა თავის თავს შეუწყრა.
„ჟინვალამდე მაინც ითმინე, ვაჟავ... იქ ძმაკაცმა ეგებ ხინკალზეც მიგიპატიჟოს...“
მაგრამ ცხენი არ ითმენს. შორსაა ჟინვალი. არაგვი ხმაურით მიაგორებს ტალღებს.
არაგვი... არაგვი... არაგვისპირები... განა შეიძლება, ქართველმა აქ გაიაროს და... როგორ იქნება, არ განისვენოს? სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს... ღიღინებს ვაჟა.
ალბათ ასე ღიღინებს: „სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს“... ამ სიტყვების ამომღერების მერე მწარე სიცილი აუტყდება.
- იმ დალოცვილს ტიკჭორა ექნებოდა ხურჯინის ცალ თვალში, მეორეში... შენ კი თონეთური ხმიადის ნატეხიც გენატრება... უჰ, რა სირცხვილი გაჭამა იმ თონეთურმა ხმიადმა! აჩუ, შე სამგლევ... შენ კი... შენს ხურჯინში თაგვებს ჩარფუზანა გაუმართავთ. რატომ არ დაუჯერე, ბიჭო, გიგა ყიფშიძეს? მოგეცადა, შე კაი კაცო, შენი ალუდას," შენი წვრილი სიმღერების ამბავსაც გაიგებდი და იქნებ ქოსებთანაც გადაგეკრა!
ნეტავ რას იტყვის!.. მოეწონება?.. ჰმ, შენი ნაჯღაბნი... აი, მესმის:
"ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს, შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი ამისთვის აღარ დაღონდეს..."
შორს არის ჟინვალი...
- იქნებ ძმაკაციც არ დახვდეს შინ. ცხენს კი შია, ვაჟას დარიგება არ ესმის, ხვიხვინებს, ლაგამს ახრამუნებს და ბალახისაკენ მიიწევს.
აი, ვაჟა ცხენიდან ჩამოხტა, ლაგამი წაჰყარა, აღვირი საბლით დაუგრძელა, ბუჩქზე გამოაბა და ჭალაში შეაგდო. ცხენმა მხიარულად დაიფრუტუნა.
აი, ვაჟამ ცარიელი ხურჯინი თავქვეშ ამოიდო, მოწყვეტილი მუხლები გაშალა და ზმორებით ცას შეხედა. ვარსკვლავები უკვე ჩნდებიან, იბადებიან როგორც ოქროსფერი წიწილები, შიგნიდან ყვითელ ნისკარტებს სცემენ ლაჟვარდს, ციმციმით იჭყიტებიან, დაჟივჟივებენ.
ამას ყველაფერს ცხადად ხედავს ფიქრებში წასული ილია. ხედავს იმ ვარსკვლავებსაც. ცხენის ფრუტუნი კი არა, ვაჟას სუნთქვაც კი ესმის.
„არ მოეწონება... მშიერ კაცს როდის რა დაუწერია".
არა, ეს ილიას ფიქრი არ არის... ასე გამწარებული ვაჟა ფიქრობს... არ არის ვაჟა მართალი, არა.
აი, თუ არ დაუწერია, აი, თუ არა...
"სანამ კი ვცოცხლობ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულ მკლავებსა...
თუ გიღალატო; დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დადვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია...
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს გზაშია,
ქვეყნისგან შეჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!
თუ გიღალატო, დედაო..."
ილიამ თავი ასწია, გამოფხიზლდა.
- აჰა, მაშ მცხეთას იქნება გაცილებული? ვითომ ასე სწრაფად მიჰქრის ამ ფშაველი ვაჟას მერანი?.. კი... კი, ნამდვილად იქნება გაცილებული. უფრო შორსაც იქნება. შორს წავა...
ილია თითქოს ვაჟას მეტს ვერავის ხედავდა, ისე ლაპარაკობდა.
იქ, სადღაც, არაგვის პირას, ვაჟა ისევ გულაღმა იწვა და ვარსკვლავიან ცას შეჰყურებდა.
- რატომ გიკვირთ ჩემი ნათქვამი?.. კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასაგან.. შორს წავა-მეთქი, შორს!
ყველა გაოცებული შეჰყურებდა ილიას. გრძნობდნენ, რომ ახლა იგი მათ კი არ ელაპარაკებოდა, არამედ საკუთარ თავს უტყდებოდა, ქადაგად დაცემულსავით ბორგავდა, შფოთავდა და ბოდავდა.
- ნახევარი დღის საგზალი დავუკარგეთ, მან კი საუკუნო საზრდო მოგვიტანა... დიახ, აი, ეს რვეული საუკუნო საგზლად გასწვდება საქართველოს!
ხმამაღლა ფიქრობდა ილია...
ახლა ვაჟა ალბათ ჟინვალსაც გასცდებოდა და მაღაროსაც. გვერდით, ხევში, ფშავის წმინდა არაგვი მიხმაურობდა, ქვევით, დედა საქართველოსკენ მოედინებოდა... ვაჟა კი ზევით, ჩარგლის მაღალი ხეობისაკენ მიაქროლებდა ცხენს.
ჰმ, მამასახლისი, ყვითელთავა ისარლოვის გამხმარი გული...
არა, ისინი ვეღარ შეგვაჩერებენ თავისი წკიპურტებით.
აი, როგორი ძალით ამოხეთქა ხალხის სიმღერამ. ამ წუთში მე მწამს საქართველო... მაინც ყოფილა მის ძარღვებში რაღაც არაგვივით ძლიერი, სუფთა და თავისუფლების მაძიებელი.
- არა, ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი ძირს უნდა დავდოთ!.. გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ! - წამოიძახა ილიამ და ფეხზე წამოდგა.
იაკობ მანსვეტაშვილმა აქ კი ვეღარ მოითმინა და, პირველად თავის სიცოცხლეში, ილიას თანდასწრებით ამოიღო თავისი საიდუმლო უბის წიგნაკი. მაგიდასთან ფეხაკრეფით მივიდა, ჩამოჯდა, თავი მხრებში ჩარგო და აკანკალებული ხელით შეუდგა წერას.
გიგა ყიფშიძეს კინაღამ სიცილი წასკდა, ცრემლმორეულ თვალზე ხელი აიფარა.
„ნუთუ ამ გამოთაყვანებულს არ შეუძლია დაიმახსოვროს, კარგად ჩაიჭედოს თავში და მერე სიტყვასიტყვით შეიტანოს თავის კარაბადინში?!“
ილია კი ვერაფერს ამჩნევდა. არც მანსვეტაშვილის მორიდებული კალმის წრიპინი ესმოდა, არც გიგა ყიფშიძის ქშენა.
- ხომ ცუდი დილა გაგვითენდა, დაგვცინეს, გაზეთი დაგვისეტყვეს... ხომ ასეთია ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს დროში კაცურად ცხოვრების ერთადერთ წუთსაც კი თავისი მადლი და ფასი აქვს... აი, ყოფილა ასეთი წუთი... ამ ერთი კაცური, ბედნიერი წუთისათვის ვცხოვრობთ ამ გაძაღლებულ ქვეყანაზე!
მოხიბლული ილია ისევ კავკასიონს გაჰყურებდა.
მკვდართა მზე უკვე აღარ აშუქებდა ტყვიისფრად ალანძულ ჭაღარა ქედებს. ღამდებოდა, მაგრამ საიდანღაც ახალი, უცნაური შუქი მოსდგომოდა საქართველოს მთების ზურგს.
მაღლა იწევდა, ცდილობდა თავზე დასდგომოდა კავკასიონს.
ილია ამ შუქს შეჰხაროდა.
















