მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 6939 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დაიძინე, დაიძინე! დრო მოვა, მე თვითონ გაგაღვიძებ, - მეუბნება ჩემი ბიძაშვილი, რომელიც სობოროში! სააღდგომო წირვაზე წაყვანას დამპირდა.

- დაიძინეო? ადვილი სათქმელია. ვწევარ ტახტზე, ჩუმადა ვარ, მაგრამ ძილს რა მოაკარებს ჩემს თვალებს, როდესაც აგერ გვერდზე ვხედავ სკამზე დალაგებულს, გამზადებულს ტილოს ახალ ხალათსა და შარვალს და სკამქვეშ ახალ ლაფჩინებს, როგორც ეძახდნენ ქუთაისში მეწუღისაგან შეკერილ ქუსლიან ფეხსაცმელს.

ჯერ კიდევ არ დაღამებულიყო, მე რომ მოუთმენლობამ ამიტანა: როდის იქნება დაღამდება და წასვლის დრო დადგება, გამოვეწყო ახალ ტანისამოსში და სობოროში წავიდე-თქო.

საღამომდე ამ მოუთმენლობას მინელებდა ჩვეულებრივი, ამ შემთხვევაში - შინაური ფაციფუცი, მზადება და, რაკი ოჯახში ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, ოღონდ არც ისე პატარა, რომ ჩემი დასაქმება არ შეძლებულიყო, ხშირი გამოძახება:

- აბა, ერთი გადირბინე, შენ გაზდას, დუქანში და მოიტანე... ან: - გაიქეცი ერთ წამს მეფურნესთან, ჰკითხე, ბატკანი შეიწვა თუ არა-თქვა...

საბედნიეროდ, ყველა ამას ერთბაშად კი არ დამაბარებდნენ: ერთი ათჯერ მაინც გამარბენინეს და მომარბენინეს.

ახლა კი საქმე აღარაფერი მაქვს და წირვაზე წასვლის მოლოდინმა უკიდურე წერტილამდე აიტანა მოუთმენლობა.

საზეიმოდ გამოწყობა და საზეიმოდვე გამოწყობილ ხალხში გარევა უკვე საკმარისი მიზეზია ამისათვის, ხოლო მე კიდევ ერთი სხვაცა მაქვს, რომელიც განსაკუთრებით აღელვებს ჩემს პატარა გულს და ცნობისმოყვარეობას მიღიზიანებს: თვით გაბრიელ ეპისკოპოსია მწირველი.

გამახსენდა, როგორის მოკრძალებით ახსენებენ ხოლმე მის სახელს უფროსები, როგორი მოწიწებით ლაპარაკობენ მის შესახებ და, თუმცა ერთხელ თუ ორჯერ მინახავს შემთხვევით ქუჩაში, ის აზრი, რომ ახლო ვნახავ და, ამასთან - მწირველს, მოსვენებას არ მაძლევს.

- აბა, დროა, მოვემზადოთ, - მეუბნება ჩემი ბიძაშვილი და თვალის დახამხამაბაზე უკვე გამოწყობილი ვიყავი.

მოუთმენლად ვაყოლებ თვალს ჩემი ბიძაშვილის მოძრაობას, დინჯად და აუჩქარებლად რომ იცვამს, და დროგამოშვებით ვაჩქარებ:

- მალე, ვასიკო, თორემ ლიტანიას ვერ მივუსწრებთ.

- ნუ გეშინია, მივუსწრებთ, დროზე მივალთ.

როგორც იქნა, გამოვედით, გავიარეთ ეზო, - დიაx, იმდროინდელ დალოცვილ ქუთაისში, დასავლეთ საქარ-თველოს უდიდეს ქალაქში, სახლს ვერ ნახავდი თითქმის უეზოოს და ზოგი ხომ სოფლურად შუა ეზოში იყო მოქცეული და ხეხილის ხეებს ამოფარებული, - და სობოროსაკენ გავუდექით.

უმთვარო, მაგრამ საუცხოოდ მშვიდი და თბილი ღამე იყო. ოდნავ სიო სახეს გვიკოცნიდა. თბილი და რბილი აპრილის ნაზი, წყნარი ჰაერი, ხეხილის ყვავილებისა და იასამნის სუნით გაჟღენთილი, იმ ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ რაღაც ნეტარებით უვსებდა ადამიანს სულსა და გულს. ნამდვილი აღდგომის ღამე!

 

* * * * * * *

 

სობოროსთან რომ მივედით, ჩემმა ბიძაშვილმა დამარიგა, არ მომშორდე, თორემ დიდი ხალხი იქნება და გაგსრესენო. მაგრამ რისი დარიგება: მე წინდაწინვე მქონდა გულში გადაწყვეტილი წინა რიგში მოქცევა, რომ ეპისკოპოსი ახლოს მენახა. შიგ სობოროში ტევა აღარ იყო. აქ გამოვიყენე ჩემი უპირატესობა - პატარა ტანი, ავამუშავე იდაყვები, გავძვერი, გამოვძვერი და იმდენი მოვახერხე, რომ ამბიონთან (ამაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც ქადაგებენ) ამოვყავი თავი.

დაიწყო ლიტანია. აგერ თვით ეპისკოპოსიც: წინ მოუძღვის ცნობილი თავისი საუცხოო ხმით მთავარდიაკვანი შარაბიძე, - ის რომ ასამაღლებელს (წირვის დროს ლოცვების დამამთავრებელი ნაწილი, რომელსაც მღვდელი ხმამაღლა წამღერებით წარმოთქვამს) იტყოდა, გუმბათის ვიწრო სარკმლებს ზანზარი გაჰქონდა.

ისევ ამბიონთან ვარ. ეპისკოპოსი ამბიონზეა და, „ქრისტე აღსდგაო“, ულოცავს ვიღაცას და ჰკოცნის, მერე - მეორეს.

გავბედე, შევდგი ფეხი ერთ საფეხურზე, მერე მეორეზე და წინ წავიწიე.

- ქრისტე აღსდგა! - დამადო ხელი მხარზე და მაკოცა. სიხარულისაგან დაბნეულს „ჭეშმარიტად“ ყელში გამეჩხირა.

გათავდა ლიტანია. დაიწყო წირვა. თვალს არ ვაშორებ ეპისკოპოსს. ვისმე რომ ეკითხა, რას მისჩერებიხარ მოჯადოებულსავითო, ალბათ ვერავითარ პასუხს ვერ მოვახერხებდი მაშინ.

რად მივჩერებოდი? განა დიდებსაც იგივე არ გვემართება, როდესაც პირველად ვხედავთ გამოჩენილ, დიდ პიროვნებას?

დიდი ყურადღებით ვუკვირდებით, ვუსინჯავთ გარეგნობას, ქცევას და მიხვრა-მოხვრას. ერთი სიტყვით, ვეძებთ მისი ნიჭის გარეგან ნიშნებს. უმეტეს ნაწილად პირველ დანახვაზე ასეთ ნიშნებს ვერ ვპოულობთ და, ცოტა არ იყოს, იმედმოტყუებულნი გუნებაში ვამბობთ: ისეთივე ყოფილა, როგორც სხვებიო!

მხოლოდ უფრო გვიან, როდესაც საქმეში ვნახავთ, თავის სტიქიონში, ერთბაშად ვუპოვით ხოლმე იმ რაღაც განსაკუთრებულს, სახეში, თვალებში თუ ხმაში, რაც განარჩევს მას უმრავლესობისაგან. მეც იმ ინსტინქტურმა ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა ალბათ იმ აღდგომა ღამეს, ისე რომ მივჩერებოდი ეპისკოპოს გაბრიელს. ოღონდ ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ბედნიერი გამოდგა; რაც გამიგონია, გამართლდა: გარეგნულადაც დიდ პიროვნებას ვხედავდი.

აქაც რომ ეკითხა ვისმე, რაში იხატებაო, რაზე ატყობ, რომ შენ წინ დიდი პიროვნებააო, ვერც ამ კითხვაზე მოვახერხებდი ალბათ პასუხს.

 

არ ვიცი, რაღაც სხვანაირია, სხვებს არ ჰგავს-მეთქი, ვიტყოდი ალბათ. უფრო გვიან მხოლოდ, როდესაც კიდევ და კიდევ ვნახე, განსაკუთრებით, როდესაც ერთი მისი ქადაგება მოვისმინე და ამ ქადაგების დროს მის ნაღვლიან სახეს და მწუხარე თვალებს თვალმოუშორებლივ მივჩერებოდი, მხოლოდ მაშინ, მხოლოდ მაშინ მივაგენ მისი მაღალი სულის და გულის სიღრმის ნიშნებს.

 

* * * * * * *

 

1884-ში თუ 1885-ში, ერთი სიტყვით, ნახევარი საუკუნეა მას აქეთ, ქუთაისის გიმნაზიაში მოხდა ერთი ამბავი, რომელმაც ძლიერ ააღელვა ქართული საზოგადოება.

ოცდათერთმეტ მაისს, სამოსწავლო წლის უკანასკნელ დღეს, გიმნაზიის დირექტორმა მასწავლებელთა ამალის თანხლებით ჩამოიარა ჩვეულებისამებრ ყველა კლასი და გამოაცხადა წლიური სწავლის შედეგები, - ვინ იყო გადაყვანილი შემდეგ კლასში და ვინ რჩებოდა. ჩამოიარა დირექტორმა კლასები, გამოაცხადა შედეგები და მოწაფენი დაიშალნენ, წავიდ-წამოვიდნენ, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ოღონდ...

ოღონდ იმავ საღამოს გიმნაზიის უშველებელ, გრძელ შენობას, ქუჩიდან ფანჯრებს და ეზოს მხრივ შენობის მთელ სიგრძეზე დაყოლებულ შუშაბანდს ერთი მთელი მინა აღარ შერჩენოდა; მთლად დაემსხვრიათ და დაელეწათ იმ მოწაფეთ, რომელნიც უკვე წინა წელს იყვნენ დატოვებული თავიანთ კლასებში და ეხლა, რაკი ისევ ვერ ეცნო გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს შემდეგ კლასში გადაყვანის ღირსად, ხოლო მესამე წელიწადს იმავ კლასში დარჩენა კანონით აკრძალული იყო, გიმნაზიიდან დათხოვნილნი აღმოჩნდნენ.

გიმნაზიაში იმჟამად ირიცხებოდა ხუთასამდე მოწაფე და ამათგან, უნიჭობის გამო, - ასეთი იყო პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების აზრი, - დათხოვნილი იყო ას ოცი მოწაფე, ყველა ქართველი.

ამ მოვლენამ ძლიერ ააღელვა საზოგადოება.

- როდის აქეთ არის, რომ ასეთი უნიჭონი აღმოჩნდნენ ჩვენი შვილები, - ამბობდნენ წყრომით მშობლები.

- ამის მსგავსი მაგალითი ჯერ ქვეყანას არ უნახავს, – ღელავდნენ არა მარტო მშობლები, მთელი საზოგადოება.

ხუთას ბავშვსა და ყმაწვილში ყოველთვის გამოერევა რამდენიმე ისეთი, რომელიც სიზარმაცისა თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო ჩამორჩება სწავლას და ამიტომ შეიძლება შემდეგ კლასში გადაყვანის ღირსი არ იყოს, მაგრამ ხუთასიდან ას ოცი, ესე იგი, მოწაფეთა რაოდენობის მთელი მეოთხედი? წარმოუდგენელია და გაუგონარია!

ქუთაისის საზოგადოების მღელვარება თბილისის ქართველობასაც მოედო, - გულს მოხვდა სხეულის ტკივილი. „ივერია“ გამოეხმაურა ამ მოვლენას და მისი ნამდვილი მიზეზი გამოამზეურა.

თვით ქუთაისში გადადგეს რაღაც ნაბიჯები თავადაზნაურობის წინამძღოლმა და ქალაქის მოურავმა, მაგრამ გაიარა ერთმა-ორმა თვემ და დათხოვილ მოწაფეთა ამბავი მიყუჩდა, ყველას მიავიწყდა.

 

* * * * * * *

 

დადგა ენკენისთვე, დაიწყო ახალი სამოსწავლო წელი. ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში ჩამდგარიყო, - ას ოცი ქუჩაში გაყრილი ყმაწვილის ამბავი აღარავის აგონდებოდა... გარდა ერთისა, რომლის მუდამ ჩაფიქრებული სახე და ნაღვლიანი თვალები მოწმობდნენ თავის სამწყსო ერისათვის მუდმივ სავსე ფიქრსა და დარდს...

ქუთაისის გიმნაზიას თავისი, წმ. ნიკოლოზის სახელის ეკლესია აქვს, ამიტომ ნიკოლოზობას ეპისკოპოსი აქ სწირავდა ხოლმე. იმ წელსაც, როდესაც მოხდა ას ოცი ყმაწვილის დათხოვნის უცნაური ამბავი, ეპისკოპოსი გიმნაზიაში მობრძანდა საწირველად.

საზეიმოდ გამოწყობილნი ვდგავართ ეკლესიაში უფროს-უმცროსნი, მასწავლებელ-მოწაფენი. ადგილის სიწმიდეზე უფრო ეპისკოპოსის იქ ყოფნა მოქმედებს ჩვენზე, - კრძალვით ვუსმენთ მის წირვას. წირვა თავდება კიდეც, ეპისკოპოსი გამოდის საკურთხევლიდან. კვერთხი მიართვეს.

დაებჯინა ორივე ხელით კვერთხს, გადაიხარა ჯერ მარჯვნით, მერე მარცხნით, უფრო მაგრად დაეყრდნო კვერთხს და:

- ჩემო შვილებო, - დაიწყო ისეთი ხმით, რომელიც ორატორული მიხვრა-მოხვრისა და შთაბეჭდილების მოსახდენად გარეგანი ნიშნების ხმარების არავითარ მოლოდინისთვის ადგილს არ იძლეოდა, მაგრამ პირველ გაგონებისთანავე იპყრობდა მთელს თქვენს არსებას და გიმონებდათ განსაკუთრებული სიწრფელის ჰანგებით.

მსმენელი გრძნობდა, რომ ის, რასაც ეპისკოპოსი ამბობდა, არ იყო მორალური ფორმულების ჩვეულებრივი გადაშლა, მოვალეობის უბრალო ასრულება; რომ ის აზრები, ის საკითხები, რომელთაც ის ეხებოდა თავის ქადაგებაში, არათუ ღრმად ჰქონდა მოფიქრებული, არამედ მთელი მისი ცხოვრების საგანს შეადგენდა და მისი ღრმა გონებისა და გრძნობის, მისი მაღალი და სპეტაკი სინდისის საუცხოო ნაყოფი იყო...

- ჩემო შვილებო, თქვენ დღეს მოისმინეთ სახარების სიტყვები: ღმერთი, ვინც უყვარს, იმას სჯის...

სახარების ამ სიტყვების შესახებ მინდა გელაპარაკოთ...

დღეს თქვენ, ჩემო შვილებო, და უფრო თქვენ, აღმზრდელნო და მასწავლებელნო!

ზარმაცის, გაუგონარის, ცუდი ყოფაქცევის ბავშვის თავიდან მოშორება, დათხოვნა და ხელის დაბანა, - ამაზე ადვილი რა იქნება, - ამბობდა ეპისკოპოსი, - მაგრამ ეს არ არის აღმზრდელის დანიშნულება. მას მეტი მოთმენა სჭირია, ვიდრე რაც გინდა სხვა ხელობის კაცს, და მეტი კიდევ სიყვარული მათდამი, ვინც ხვალინდელ საზოგადოებას წარმოადგენენ.

უდიდესია მოვალეობა იმათი, ვინც მომავალი თაობის აღმზრდელობას კისრულობს, და უმაღლესი, და აღმზრდელს არა აქვს უფლება თქვას, რაც შემეძლო, ვქენ და მეტი აღარ შემიძლიანო. დასაჯეთ, გაუჯავრდით, დატუქსეთ ზარმაცი და გაუგონარი და კიდე უფრო შეეცადეთ სიყვარულით და მოთმინებით მიუგნოთ მისი ბუნების კეთილი მხარენი და მისი ნაკლულოვანების მიზეზები...

უნდა გენახათ, რა დღე დაადგათ ჩვენს მასწავლებლებს, დირექტორს. ეპისკოპოსის სიტყვები გახურებულ შანთსავით ხვდებოდა მათ დამნაშავე სინდისს. კარგად მიუხვდნენ მღვდელმთავარს მის ნამდვილ აზრს: სკოლაში პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდესო, და გაჭარხლებულნი საჩქაროდ გაიკრიბნენ ეკლესიიდან და ქადაგების დასრულებასაც არ მოუცადეს...

 

* * * * * * *

 

1888-ის შემოდგომაზე ალექსანდრე მესამე (რუსეთის იმჟამინდელი იმპერატორი) ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ თბილისს მოვიდა, მოიარა კახეთი და ბოლოს ქუთაისს ეწვია. აქ სადგურიდან პირდაპირ სობოროში გაემართა, სადაც გაბრიელს პარაკლისი (საეკლესიო მღვდელმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა) უნდა გადაეხადა.

ეტლი სობოროს კიბესთან გაჩერდა. ხელმწიფემ ამალის თანხლებით აიარა კიბე, შევიდა სობოროში და ამბიონისკენ გაემართა, როდესაც ეპისკოპოსის ხმა მოესმა: - შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ!..

ხელმწიფე შეყოყმანდაო, ამბობდნენ დამსწრენი, უნდოდა სვლა განეგრძო, მაგრამ უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოასწრო, და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა.

- ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინშიო, - უთხრა სხვათა შორის თავის მისალმებაში გაბრიელმა, - და როგორც ასეთი, სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო...

ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული ეპისკოპოსის სიტყვაში, რომ იმთავითვე გუნებაგაფუჭებული იმპერატორი სულ მოიღრუბლა. ის ღრუბელი ვერც იმ საღამოს თავადაზნაურობის მიერ გამართულმა ნადიმმა გადაუყარა სახიდან.

 

* * * * * * *

 

უნივერსიტეტში ახალი შესული ვარ. გიმნაზიური პატარა კლასის შემდეგ, სადაც სულ ოცდაათიოდე მოწაფე ვიყავით, უნივერსიტეტის კურსი, სადაც სამასზე მეტი სტუდენტია, მეუცხოება.

ვინ არ გინდათ, არ იყოს სამას ყმაწვილში, რუსი და უკრაინელი, მრავლად არიან ებრაელებიც, სომეხი, ბერძენი, პოლონელი და სერბ-ბულგარელებიც კი.

ამ უკანასკნელთ, სერბ-ბულგარელებს, ამ უნივესიტეტში, - კიევისაში, - სამხრეთ სლავიანების სახელით უფასო სწავლის პრივილეგია აქვთ მინიჭებული.

ქართველ სტუდენტებს ძლიერ გვეინტერესება სერბ-ბულგარელების აზრი რუსის მთავრობის ასეთი არშიყობის შესახებ.

გავეცანი ერთ ბულგარელს და, როდესაც მისი ქვეყნის ამბავი ვკითხე, - ხომ სულ ათი-თორმეტი წლის წინ განთავისუფლებული ერი იყო, - ცივი წყალი გადამასხა:

- მე რომ შენი ქვეყნის ამბავს არ გეკითხები, შენ რაში გეინტერესება ჩემიო?

მაგრამ, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, ერთი სასიამოვნო რამ კი მითხრა:

 

- საქართველო? ეს ის ქვეყანაა, რომელსაც განთქმული გაბრიელ ეპისკოპოსი რომ ეკუთვნის? - მკითხა და როდესაც გაკვირვებულმა მივუგე, საიდან იცოდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელი, მიპასუხა:

- გაბრიელ ეპისკოპოსის სახელი დიდად არის ცნობილი ბულგარეთში, როგორც შეუდარებელი მქადაგებლისა და მისი ქადაგებანი ბულგარულ ენაზე ნათარგმნია და გამოცემული.

საქართველოსი ამ ჩემმა ბულგარელმა სხვა არა იცოდა, გარდა იმისა, რომ ის იყო ეპისკოპოს გაბრიელის სამშობლო.

გაბრიელ ეპისკოპოსის მაღალი ნიჭის დიდი და მაჩვენებელი საბუთი ამაზე უკეთესი რაღად გინდათ: შორეული, სულ სხვა ტომის ერი თარგმნის მის ქადაგებად.

არა ნაკლები, თუ უფრო დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამ მხრით იმას, რომ გაბრიელის ქადაგებანი ნათარგმნი იყო და გამოცემული აგრეთვე ინგლისურად ბრიტანეთის საბიბლიო საზოგადოების მიერ.

 

* * * * * * *

 

ძნელი წარმოსადგენია უფრო მთლიანი და, ამასთან, ისეთი თავისებური ბუნების ადამიანი, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი იყო. მადლიანი და მადლით სავსე იყოო, - რაღაც გემომოკლებული დახასიათება იქნებოდა.

სათნოება და მადლი მას უსათუოდ არ აკლდა, ოღონდ მისი სახის ღრმა და რთული გამომეტყველება, რომელშიაც სიყვარული და სიკეთე სიმკაცრის რაღაც მსგავსს ეუღლებოდა და ყველა ამას მწუხარე, სევდიანი იერი ახლდა, რჩეულთა შორისაც განარჩევდა. მისი ნაღვლიანი თვალები სადღაც შორს იცქირებოდნენ, მის მსმენელთა თავებს ზემოთ, თითქო ცდილობდნენ, სადღაც შორს მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული მომავალი განეჭვრიტათ.

ბოროტება და სიავე საკმარისად არის გაბნეული ამ სოფლად, რომ ნამდვილი და ღირსეული მოძღვრის გული დაამწუხროს, ხოლო გაბრიელ ეპისკოპოსს ამ მწუხარების და ნაღვლის ბეჭედი დასდო არა სიავემ უფრო, რომლის მსხვერპლი ხდება ცალკე პირი, ფიზიკური არსება. მას გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი თვალწინ ედგა უფრო დიდი მსხვერპლი, გრიგოლ დადიანი მისი დაჩაგრული ერი, დაჩაგრული ისეთი ძალისაგან, რომელზედაც მისი სიტყვა კი არა, ვერ ჭრიდა ვერავითარი ძალა.

ამ ნაღველს ადვილად ამოიკითხავდით მის დამწუხრებულ თვალებში. მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილნი, ქართველნი საერთოდ, ზედმიწევნით მიხვდომოდნენ თავიანთი გულშემატკივრის სულიერ წამება-ტანჯვას, ნათლად ხედავდნენ, რომ მათმა ეროვნულმა უბედობამ დაუღონა სამუდამოდ სახე და დაუნაღვლიანა თვალები მათ საყვარელ გაბრიელს.

და უნდა ითქვას, ერიც ისეთი ღრმა სიყვარულით, ისეთი გამოუთქმელი პატივისცემით და მოწიწებით უპასუხებდა თავის გაბრიელს, რომ ვეჭვობთ, ვისმე სხვას დაემსახურებინოს ასეთი საერთო, ღრმა სიყვარული და პატივისცემა.

თავისი ასეთი გრძნობა ქართველმა ერმა ნათლად გამოხატა გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალებისა და გასვენების დღეებში.

 

* * * * * * *

 

1896-ში ქუთაისს ეწვია ის დიდი ზამთარი, რომელიც იქ იცის დაახლოებით ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. ნინოობას დაიწყო თოვა და განუწყვეტლივ თოვდა სამი კვირის განმავლობაში.

ორ მეტრზე მეტი თოვლი დადო. ქუჩებში სიარული შეუძლებელი გახდა და ალაგ-ალაგ ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელად თოვლში გვირაბების გათხრა გახდა საჭირო.

16 თებერვალს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გავარდა ხმა, ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაიცვალაო. ქუთათურები ღრმა მწუხარებამ მოიცვა. მაგრამ მწუხარებაცაა და მწუხარებაც. ქუთათურების მწუხარებას რაღაც უნუგეშობის სახე მიეცა, თითქოს გაბრიელ ეპისკოპოსის სიკვდილი ბუნების საწინააღმდეგო ყოფილიყოს, თითქოს ის სამუდამოდ უნდა შერჩენოდა სააქაოს და უფრო თავის ქვეყანას.

იმ გრძნობამ უნუგეშობისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს გამოუცდია, როდესაც საყვარელი არსება დაგვკარგვია და ასე გვგონებია, აწი ყველაფერი გათავდა, ვეღარაფერი გვიშველისო, ეხლა მთელი ერი თუ არა, მთელი ქუთაისი მოიცვა. ოღონდ გასვენების დღემ ნათლად დაგვანახა, რომ მთელი ქართველი ერი, როგორც ერთი კაცი, განიცდიდა ამ ღრმა მწუხარებას.

მიცვალებული ქუთაისის სობოროში მიასვენეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ხალხის დენა არ შეჩერებულა.

პირველი წირვა სობოროში სწირა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა. მისმა ამ წირვის დროს წარმოთქმულმა დიდად მჭევრმეტყველურმა სიტყვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.

 

* * * * * * *

 

„ლამპარო საქართველოს ეკლესიისა, დიდებავ ქართველთაო. მოძღვარო ოქროპირო გაბრიელ, ერთი ოდენ (მხოლოდ) მოვალეობა თანამსახურის მღვდელმთავრისა მაბედვინებს მივიღო ჩემს თავზე საშიში პატივი ლაპარაკისა იმ კათედრიდან, რომელიც განაშვენე შენ“, - ასე დაიწყო ეპისკოპოსმა გრიგოლმა თავისი შესანიშნავი სიტყვა:

„გარნა (მაგრამ), მოძღვარო ჩემო, მე არა ქადაგებასა და არა მოძღვრებასა ვბედავ დღეს ამ კათედრიდან წინაშე საფლავისა შენისა. მე მხოლოდ მინდა, ამა კათედრიდან თაყვანის-გცე უკანასკნელის მადლობითა შენის წმიდა სამსახურისათვის“...

და ამ სამადლობელო თაყვანისცემაში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა საუცხოო სიმშვენიერით დახატა განსვენებულის დიდებული სახე და ღვაწლი.

პირველი მადლობა მიუძღვნა სამღვდელოთა და საეკლესიო მსახურთაგან:

„შენ ხარ პირველი მღვდელმთავარი ქართველთა, რომელმანცა ამ ძველს ჩვენს სამღვდელოებას, დროთაგან დაჩაგრულს, შთაბერე სული ახალი და მიეც აწინდელი ძალი სამოქალაქო ცხოვრებისა, ვითარცა მემკვიდრეობა ღირსთა მამათა, და აღმოკვეთე იმის ცხოვრებიდგან ყოველივე, რაიცა შეადგენდა ღვარძლსა უსარგებლოსა.

მეორე მადლობა გშვენის შენ, მოძღვარო, სამწყსოსაგან. რამდენი სუსტი სარწმუნოება განამტკიცე; რამდენ ურწმუნოსა განუნათლე გზა დამასკოსი (იგულისხმება ქრისტიანული გადმოცემა დამასკოს გზაზე მომხდარ სასწაულზე, როცა წარმართი სავლე ღვთის გამოცხადების შედეგად მოიქცა და შემდეგ ქრისტიანებს პავლე მოციქულად მოევლინა).

რამდენი ცრუმორწმუნეობა აღმოფხვრა უვიცის ხალხის გულისაგან შენმა წინასწარმეტყველურმა სიტყვამ! რა ზნეობითი ნაკლულოვანება დარჩა შენს სამწყსოში, რომელიც არ განგემსჭვალოს შენ მახვილის სიტყვითა? რა ღირსება იყო, რომელიც არ გექოს და არ გესწავებინოს ხალხისათვის?.. თითქმის ორმეოცი წელი შენ იყავ მოძღვარი უებრო იმერეთისა, სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებელნი ზრდიდნენ და ზრდიან ახალ თაობათა. შენ მეტი საქმე ჰქმენ, მოძღვარო, შენ ხალხი აღზარდე, გიხაროდენ!

გმადლობს შენ ერი საქართველოსი, რომელიც განაშვენე შენ სახელითა შენითა. შენ იყავ სიქადული ქართველთა, პირველი ქართველი ამა საუკუნოისა, რომელმანცა დაანახე ქვეყანას ძალი საქართველოს შვილის გონებისა, რომლის სიბრძნის მოყვარეობას და ქადაგებას თანასწორ გვიქებდნენ ჩვენ ფრანგნი, გერმანელნი, ინგლისელნი, ე.ი. მთელი განათლებული ქვეყანა.

გმადლობს შენ ენაცა, მშობლიური ენა, რომელიც მდიდარ ჰყავ შენ ქადაგებითა შენითა, ენა, რომლისთვისაცა ებრძოდი შენ მედგრად იმ განუსჯელ პირთა, რომელთაცა ენა პეტრიწისა, გიორგი მთაწმიდელისა და ამბროსი მქადაგებლისა უარყვეს, ვითარცა უვარგისი და გამოუსადეგარი მეცნიერებისათვის...“

...უაღრესად ლამაზი იყო ეპისკოპოს გრიგოლის სიტყვის უკანასკნელი აკორდი, რადგან ჭეშმარიტად უმძლავრესი მუსიკალური სიმფონიის მსგავსად სწვდა მსმენელთა გულის სიღრმეს:

„სიტყვით წმიდაო, საქმით წმიდაო, ცხოვრებით წმიდაო. შენ სიკვდილითაც დაამოწმე შენი კეთილი კაცობა იმით, რომელ სხვათა და სხვათა კეთილთა საქმეთა შესწირე ყოველი შენი ქონება!“

ეპისკოპოს გაბრიელის გასვენება და მის საყვარელ გელათში დაკრძალვა დანიშნული იყო 26 თებერვლისათვის.

დადებული თოვლი არა თუ გადნა, არამედ თებერვლის შუა რიცხვებში კიდევ ბლომად დაათოვა ზედ და გასვენების დღეს ისეთივე გაუვალი იყო ქუჩები და გზები, როგორც იანვრის ბოლოს. ადვილი წარმოსადგენია ამიტომ, რა გასაჭირი მოელოდა იმ ხალხს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა უკანასკნელ განსვენების ადგილამდე მიეცილებინა თავისი საყვარელი ეპისკოპოსის კუბო. ამ ხალხის რიცხვი კი უშველებელი იყო - გელათს მივიდა არანაკლებ ათი ათასი ქალი და კაცი.

არ დარჩენილიყო საქართველოს არცერთი კუთხე, რომ საგანგებო დელეგაცია არ გამოეგზავნა; არცერთი თვალსაჩინო ქართველი მოღვაწე, გაბრიელის გასვენებას არ დასწრებოდა; არცერთი სარწმუნოება, რომლის მსახურთ გაბრიელის კუბო გელათამდის არ მიეცილებინათ.

ილია ჭავჭავაძეს ქუთაისი ახალგაზრდობაში ენახა, რადგან იქ ემსახურა რამდენიმე ხანი, ოღონდ, ვგონებ, გელათი პირველად ამ დღეს და ამ გარემოების გამო ნახა.

ილიას პირველად გელათში მოსვლა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედრის წინაშე მუხლთ მოსაყრელად და „შენა ხარ, რომ სარწმუნოება გაამეცნიერე და მეცნიერება გაასარწმუნოვე“-ს სათქმელად ერთი საუკეთესო მოწმობათაგანია გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრებისა და ღვაწლის დიდებისა და დიდებულების.

მეცხრამეტე საუკუნის ორი დიდი ქართველი პირველად და უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს, ერთი ცოცხალი, მეორე კი - მარადისობის საიდუმლოებას ზიარებული.

დიდმა გელათმა საუკუნოდ მიიბარა და გულში ჩაიხუტა ღვთისა და ერის დიდი მსახური ეპისკოპოსი გაბრიელი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ