თავდაპირველად ცეცხლი შიშის ზარს სცემდა კაცს. გავარდებოდა მეხი, გაჩნდებოდა ხანძარი ტყეში, წაეკიდებოდა ცეცხლი ბარდებით შემოსილ ბუმბერაზ ხეებს.
ხანძრის გიზგიზითა და ცას შეწვდენილი ალის შიშით შეძრწუნებული მხეცების ბღავილი აყრუებდა არემარეს.
ხანძრის დროს ადრეულ ხანაში ადამიანებიც იღუპებოდნენ, მაგრამ შემდეგ თანდათან ჭკუა ისწავლეს, ცაში შავი ბოლი რომ ავარდებოდა, სადმე შემაღლებულზე შეგროვდებოდნენ და იქიდან უცქეროდნენ ტყეში დატრიალებულ უბედურებას.
ერთი სიტყვით, ადამიანს ცეცხლისა ეშინოდა, მაგრამ ადამიანი რის ადამიანი იქნებოდა, რომ მისი საიდუმლო არ გაეგო.
ერთხელ თმააბურძგნილი, წელში ოდნავ მოხრილი კაცი მინავლულ ნაკვერჩხლებს მიუახლოვდა. სიცივისაგან აკანკალებულმა სასიამოვნო სითბო იგრძნო და ცეცხლი მზეს შეადარა.
კაცმა იფიქრა, მოდი, ჩემს სადგომში წავიღებ მზესო და ნაკვერჩხლები ჩაბღუჯა. უმალვე მისმა ღრიალმა შეძრა არემარე. მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა, კაცი მაინც არ შეშინდა. დიდხანს უკირკიტა ცეცხლს და ბოლოს მოახერხა კიდეც, თავის სადგომში მიეტანა.
ბრტყელ ქვაზე დაყრილ ნაკვერჩხლებს ხის ხმელი ტოტები დააყარა და კოცონი დაანთო. მიხვდა, რა ასაზრდოებდა ცეცხლს და მას შემდეგ აღარ გაუნელებია იგი.
ამას იმიტომ ვამბობ ასე თამამად, რომ ამისი უტყუარი საბუთი მაქვს - არქეოლოგებმა ერთ გამოქვაბულში იპოვეს კოცონის კვალი, ნაცრის სისქე რამდენიმე მეტრს აღწევდა. ამ აღმოჩენით დამტკიცდა, რომ გამოქვაბულში ადამიანების ბევრ თაობას უცხოვრია და დანთებული ცეცხლის ალი საუკუნეების მანძილზე ანათებდა ბნელით თმოცულ არემარეს.
ბოლოს კაცმა ხელოვნურადაც ისწავლა ცეცხლის დანთება და ბუნების ამ უძლიერესი ძალის დამორჩილებით გზა გაიკაფა სიბნელიდან სინათლისაკენ.
ცეცხლმა უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ყველაფერი, რაც აქამდე გიამბეთ, მოხდა პალეოლითის - „ძველი ქვის“ - ხანაში. დაიმახსოვრეთ, „პალეო" ძველს ნიშნავს ბერძნულად, „ლითი“ კი ქვას.