სპარსთა მეფე ქსერქსე აღმოსავლეთში უდიდეს სიმდიდრესა და ძალაუფლებას ფლობდა. მას მთელი აზია და ეგვიპტე ემორჩილებოდა.
ქსერქსემ გადაწყვიტა, თავისი სახელმწოფოს საზღვრები კიდე უფრო გაეფართოვებინა და უზარმაზარი ლაშქრით საბერძნეთისაკენ დაიძრა.
ქსერქსეს ლაშქარი მის მიერ დაპყრობილი სხვადასხვა ქვეყნის მეომრებისგან შედგებოდა. აქ სპარსელებთან ერთად იბრძოდნენ ინდუსები, არაბები, ეთიოპელები და სხვანი. ქსერქსეს ლაშქარში კავკასიელებიც კი ერივნენ.
ბერძენთა გადმოცემით, ჯარი ერთ მილიონზე მეტ მეომარს ითვლიდა. ეს რიცხვი გაზვიადებული უნდა იყოს, მაგრამ ცხადია, რომ ქსერქსე დიდძალი ლაშქრით მიადგა საბერძნეთს.
ბერძნები სპარსელებს საბერძნეთის ერთ მთიან ხეობაში, თერმოპილეში დახვდნენ. მათი ჯარი არ იყო მრავალრიცხოვანი. იგი შედგებოდა საბერძნეთის სხვადასხვა კუთხის მეომრებისაგან, რომელთა შორის გამოირჩეოდა სამასი მეომარი ქალაქ სპარტიდან.
ბერძენთა მთელ ლაშქარსაც სპარტელთა მეფე, მამაცი და გამოცდილი მეომარი, ლეონიდესი სარდლობდა.
თერმოპილესთან ბერძნებსა და სპარსელებს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ბერძნები თავდადებით იბრძოდნენ. განსაკუთრებული სიმამაცით სპარტელები გამოირჩეოდნენ.
როდესაც მზვერავმა ამბავი მოიტანა, სპარსელთა ლაშქარი იმხელაა, რომ მათი გამოტყორცნილი ისრები მალე მზეს დაგვიბნლებსო, ერთ-ერთმა სპარტელმა მშვიდად, ღიმილით განაცხადა: არა უშავს, მაშინ სიბნელეში ვიომებთო.
ბერძენ-სპარსელთა ყოველი შეტაკება სპარსელთა დიდი დანაკარგით მთავრდებოდა.
ბრძოლის მეექვსე დღეს ქსერქსესთან ადგილობრივი მცხოვრები, მოღალატე ბერძენი, მივიდა და სპარსელებს აჩვენა გზა, რომლის მეშვეობითაც ისინი მოწინააღმდეგის ზურგში გადასვლას მოახერხებდნენ.
როცა ლეონიდესმა ეს ამბავი შეიტყო, მან ბერძენთა ყველა რაზმი დაითხოვა, რათა ჯარს მომავალი ბრძოლებისათვის ძალები შეენარჩუნებინა, თვითონ კი თავის 300 სპარტელთან ერთად სპარსელთა უკანასკნელი იერიშის მისაღებად მოემზადა. ახლა მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება დიდხანს შეეჩერებინა მტერი.
მზის ამოსვლასთან ერთად სპარსელები შეტევაზე გადავიდნენ. ქსერქსეს ლაშქრის ნაწილებს, რომლებიც უცხო ტომის მებრძოლებისაგან შედგებოდა, მეთაურები საბრძოლველად მათრახებით ერეკებოდნენ, მაშინ როცა სპარტელები მზად იყვნენ, მტერს შეკვდომოდნენ.
მეფე ლეონიდესი ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა. იწვა დაჭრილი მეფე და ხედავდა, როგორ ეცემოდნენ ბრძოლის ველზე მისი მეგობრები.
ამ ბრძოლაში ყველა სპარტელი დაიღუპა, ქსერქსემ კი 20000 მეომარი დაკარგა.
მართალია, თერმოპილეს ბრძოლა ბერძნებმა წააგეს, მაგრამ მათ სპარსელებსა და მთელს მსოფლიოს დაანახეს, თუ რა შეუძლია ხალხს, რომელიც თავის დამოუკიდებლობასა და ღირსებას იცავს.