კუჭი
* * * * * * *
თამაშობ თუ სკოლაში მერხს უზიხარ, გძინავს თუ კითხულობ, შენი სხეულის სამზარეულოში განუწყვეტლივ მზადდება საკვები, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს სჭირდება.
წარმოიდგინე ასეთი რამ! სკოლიდან მოშიებული დაბრუნდი. დედა კი საჭმლის ნაცვლად დაკეპილ უმ ხორცს და მოუხარშავ კარტოფილს გთავაზობს. შენ რასაკვირველია, არ შეჭამ, და სთხოვ, როგორც ყოველთვის, კატლეტი ან კარტოფილი შეგიწვას.
ასევე განსაკუთრებულად მომზადებული საკვები სჭირდება შენს ორგანიზმს, რომ სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებები მიაწოდოს სისხლს. ამ საქმეს ეწევიან საჭმლის მომნელებელი ორგანოები.
ადამიანის შიდა სამზარეულო პირის ღრუდან იწყება. საკმარისია გემრიელი საჭმელი დაინახო ან გემრიელი სუნი გეცეს, რომ ნერწყვი მოგადგება - იგი ლოყის სანერწყვე ჯირკვლებმა გამოყო, რომ პირში მოხვედრილი საჭმელი კბილების დახმარებით დაარბილოს. უამისოდ ღეჭვა ძალიან გაძნელდებოდა.
რბილ ფაფად ქცეული საჭმელი საყლაპავი მილით კუჭში ხვდება. კუჭი ადამიანის შიდა სამზარეულოს მთავარი განყოფილებაა. მის კუნთოვან კედლებზე მოთავსებული განსაკუთრებული ჯირკვლები მჟავე წვენებს გამოყოფენ საჭმლის დასაშლელად. ხედავ, რა საოცრად არის მოწყობილი ყველაფერი? აი რატომ გიჩნდება ჭამის სურვილი ანუ მადა.
რაც უფრო მიმზიდველად გამოიყურება ან, რაც უფრო სურნელოვანია საჭმელი, მით უფრო მეტი ნერწყვი და კუჭის წვენი გამოიყოფა.
თუ საჭმელი გემრიელია, მისი მონელება სწრაფად ხდება და ორგანიზმისთვისაც უფრო სასარგებლოა. აი, რატომ ზრუნავს დედაშენი, ვარდისფრად შებრაწული კარტოფილი ან ლამაზად შეწითლებული შემწვარი წიწილა მოგართვას. შენ ოღონდ გემრიელად ჭამე!
გახსოვდეს, ყველაზე კარგი მადა იმ ბავშვებს აქვთ, ვინც ბევრი ირბინა ანდა ჰაერზე წაიმუშავა. რამდენიც არ უნდა ჭამონ მცონარებმა და ძილისგუდებმა, მხოლოდ სიმსუქნეში მატულობენ, ფიზიკურად კი სუსტები და მოდუნებულები არიან.
კუჭი კეთილსინდისიერად და აუჩქარებლად მუშაობს. შაქარს და ხილს ადვილად ამუშავებს, ხორცის გადამუშავებას კი მეტი დრო სჭირდება.
დედა ალბათ ხშირად გეუბნება ჭამის დროს, - კარგად დაღეჭე, მოზრდილ ლუკმებს ნუ ყლაპავო! იცი რატომ? იმიტომ, რომ კუჭს სამუშაო არ გაურთულო, კბილებისა და ნერწყვის საქმეც მას არ აკეთებინო!
გახსოვდეს, არც უსაზღვრო ჭამა ვარგა. როცა უანგარიშოდ იყრი პირში ძეხვს, ღვეზელს, კანფეტებს, მურაბას, იცი, ამ დროს კუჭში რა განგაშია? ჩქარობენ კუჭის ჯირკვლები, მაგრამ მაინც ვერ ასწრებენ ამდენი საკვების გადასამუშავებლად საკმარისი წვენის გამოყოფას.
საჭმელი კუჭში გროვდება და აშლილობას იწვევს. ენაზე თეთრი ნადები გადაგეფარება, ყველაფერი უგემური გეჩვენება. ასეთი უპატივცემლობით გამწყრალი კუჭი ყველაფერს უკან გიგზავნის, რაც ღორმუცელობით ჩააყარე.
თუ გულს გზიდავს, ესე იგი მეტი შრომისა და დაძაბვისაგან დაიღალნენ შენი შიდა მზარეულები და საშველად ექიმი გჭირდება.
ის დიეტას დაგინიშნავს. დიეტა - მსუბუქი საჭმელია: ჩაი, ორცხობილა, ბრინჯის ნახარში, კისელი. ისევ ნორმაში რომ ჩაგიდგეს ყველაფერი, მწარე აბების გადაყლაპვაც მოგიწევს.
რას იზამ, ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
* * * * * * *
თარგმნა მ. გორგაძემ
















