1
ეს ამბავი ესპანეთში მოხდა, XIX საუკუნეში. ერთი მონადირე ალტამირას მიდამოებში ნადირობდა. მისი ძაღლი მელას ჩაუდგა კვალში და ის იყო, კუდზე უნდა სწვდომოდა, რომ მელა მიწამ ჩაყლაპა და ძაღლიც თან ჩაიყოლა.
მონადირემ დაინახა, როგორ გაუჩინარდნენ ისინი ბნელ ხვრელში. მან ქვებით ჩახერგილი ხვრელი გააფართოვა და რამდენიმე ხნის შემდეგ ჩაბნელებულ მღვიმეში აღმოჩნდა. კაცმა გამოქვაბული გაანათა და კედელზე უცნაური შავი ხაზები შენიშნა, ცოტა შეეშინდა და იქაურობას სასწრაფოდ გაშორდა.
მონადირე იმ დღესვე ეახლა იმ ადგილების მეპატრონეს, დონ მარსელინო საუთოლად და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
საუთოლა მოყვარული არქეოლოგი იყო, მაგრამ მღვიმეში მცხოვრები პირველყოფილი ადამიანების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. მღვიმე მოინახულა, შესასვლელში შავ ხაზებსაც შეავლო თვალი, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ამბად არ მიიჩნია.
რამდენიმე ხნის შემდეგ ის პარიზში, საფრანგეთის გამოქვაბულებში აღმოჩენილი ქვის იარაღების გამოფენაზე მოხვდა და გადაწყვიტა, ალტამირაში არქეოლოგიური გათხრები მოეწყო. გათხრების შედეგად, მან შესანიშნავად ნახელავი ქვის იარაღი იპოვა.
ერთ დღეს დონ მარსელინომ გათხრებზე თავისი ცხრა წლის გოგონა, მარია წაიყვანა. როცა მამამ მუშაობა დაიწყო, გოგონა მღვიმის ვიწრო გასასვლელში გაძვრა და სიბნელეში გაუჩინარდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმიდან მამას შვილის ყვირილი მოესმა: „ტორიოს პინდა, ტორიოს!" - „აქ ხარებია დახატული, ხარები!“ ყვიროდა აღტაცებული მარია.ეს ყვირილი მალე მთელმა მსოფლიომ გაიგო.
მარსელინო სასწრაფოდ გაძვრა მღვიმის იმ ნაწილში, საიდანაც მისი შვილის ხმა ისმოდა და დიდ დარბაზში აღმოჩნდა.
საუთოლა გაოცებისაგან გაშეშდა - დარბაზის კედლები და ჭერი დაფარული იყო გარეული ხარების, ცხენების, ირმებისა და ტახების გამოსახულებებით. უცნაური და ულამაზესი ცხოველები ფარნების შუქზე თითქოს მოძრაობდნენ კიდეც.
ზოგი მათგანი მოწითალო ფერის იყო, ზოგი - შავი და ზოგსაც ღია ყავისფერი გადაჰკრავდა. ფარნების შუქმა ათასწლეულების მანძილზე ბნელით მოცული მღვიმე გაანათა და მთელ მსოფლიოს მანამდე უცნობი ხელოვნების აღმოჩენის ამბავი ამცნო.
2
მოგვიანებით არქეოლოგებმა საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიაზე კიდევ მრავალ მღვიმეს მიაკვლიეს, რომლებშიც ათასობით ულამაზესი ნახატი აღმოაჩინეს,
მღვიმეებში დახატული იყო ცხენები, ბიზონები, მამონტები, თხები, დათვები, ირმები, ლომები და მარტორქებიც კი, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, აღარ არსებობდნენ ევროპაში.
მეცნიერებმა შეისწავლეს მღვიმეების ნახატები და დაადგინეს, რომ ცხოველთა ეს საოცარი გამოსახულებები ძველი ქვის ხანის მხატვრების მიერ უნდა ყოფილიყო შესრულებული.
უძველესი ხელოვნების ნიმუშებს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთშიც, ვხვდებით. ეს არის ირმების, ცხენების, ქვეწარმავლების, ფრინველების ნაკაწრი ნახატები, რომლებიც ნადირობის სცენებსა და მახეში გაბმულ ცხოველებს გამოსახავს. ისინი დაახლოებით ცხრა ათასი წლის წინ არის შესრულებული.
მეცნიერები დაბეჯითებით ვერაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ ხატავდნენ ძველი მხატვრები ამ უცნაურ ნახატებს - უბრალოდ რთავდნენ და ამშვენებდნენ თავიანთ მღვიმეებს თუ გარკვეულ მაგიურ აზრს დებდნენ ნახატებში.
მაგალითად, შესაძლოა, ნადირობის სცენის გამოსახვა იღბლიან, წარმატებულ ნადირობას მოასწავებდა მათთვის; ირმისა და ნუკრის, ცხენისა და კვიცის გამოსახვა კი ამ ცხოველთა გამრავლებასა და ნაყოფიერებას ნიშნავდა.
ზოგი ფიქრობს, რომ ამ ნახატებით ისინი თავიანთ ძველისძველ მითებსა და ლეგენდებს გადმოსცემდნენ.
ასეა თუ ისე, მღვიმის ნახატები გვიჩვენებს, თუ როგორი იყო სამყარო ათასობით წლის წინ და როგორ ხედავდნენ და აღიქვამდნენ მას უძველესი ადამიანები.
ეს მხატვრობა ჩვენ წარსულის ადამიანებთან გვაკავშირებს.