I
მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მოხუც გაბრიელ ბუკაშვილს ნასწავლი შვილი ჰყავდა. მეზობლები დიდის პატივისცემით შეჰყურებდნენ გაბრიელს და მის ცოლს აღათისაც, რომლებმაც. სამაგალითოდ გამოზარდეს თავიანთი ერთადერთი ვაჟი.
გაბრიელ სამოცდაათი წლის, თეთრ გრძელწვერა, მაღალი, დინჯი კაცი იყო; აღათი კი - პატარა, გამხდარი, ფუსფუსა და მუდამ მომღიმარი ბებერი დედაკაცი. ორსავე მოხუცს თავი მოსწონდა სოფელში, რომ მხოლოდ იმათ, მართალია - წვითა და დაგვით, მაგრამ მაინც გამოზარდეს შვილი, რომელიც ახლა ტფილისში დიდად ცნობილი მდიდარი ვექილი და განათლებული კაცია.
ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ივლიანეს მჯობი კაცი, არა თუ ტფილისში, მთელ ქვეყანაზედაც არ მოიპოვებოდა; განა სამაგალითო კაცი რომ არ ყოფილიყო, მართალია, შვილი იყო, მაგრამ ასე ეყვარებოდათ მთელ სოფელში პატიოსნებით განთქმულ გაბრიელს და კეთილ აღათის?
იმის „დიდ-კაცურ“ ცხოვრებას ამტკიცებდა ისიც, რომ ბევრს სოფელში ჩამოსულს ამბავი ჩამოჰქონდა; ბევრს ახალგაზდა სოფლელს, ქალაქში მოსამსახურედ წასულს, ენახა ივლიანე: ზოგს ეტლში, ზოგს ისე შორიდან ბულვარზე დაენახა, როცა ის თავის ლამაზ ცოლთან ერთად დასეირნობდა; მაგრამ დალაპარაკებით კი ვერ დალაპარაკებიან, რადგანაც „განა დიდ კაცთან დალაპარაკება ასე ადვილი არის“-ო, - დასძენდნენ ისინი.
გაბრიელი ამ დროს სიამოვნებით იღიმებოდა ულვაშებში და კმაყოფილი ამბობდა: „ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას კაი კაცი იყოს; აბა დიდი კაცი რომ არ იყოს და რომ არაფერი ჰქონდეს, თუმანს როგორ გამომიგზავნის თვეში?“ და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატებდა: „მამაშვილობას, რომ წახვიდე, უსიკვდილოდ ნახე, ჩემი ხათრი თუ გაქ, ნახე, დაელაპარაკე, ჩვენი ამბავი უთხარი, - პატივს გცემს, ძმასავით მიგიღებს... მამა-შენი და იგი ერთად გაზდილი არიან“.
დიახ, ყველამ იცოდა, რომ ივლიანე ბუკაშვილი ქალაქში მდიდრულად ცხოვრობდა და ყველას უკვირდა, რომ სოფელში დედ-მამის სანახავად აგერ თორმეტ წელიწადზე მეტი იყო არ ჩამოსულა, და მერე კიდევ რა დედ-მამის, - რომლებმაც იმის გამოსაზრდელად გაყიდეს მთელი საცხოვრებელი, - სახლი, კარი, მიწა-წყალი, და ახლა სამოცდაათი წლის მოხუცი, თავის ბებერი ცოლით, მოწნული ფაცხაში სცხოვრობს იმ თუმნის ანაბარად თვეში, რომელსაც ის იქიდან უგზავნის.
დიახ, სოფლელებს უკვირდათ, გაბრიელს და აღათის კი მძიმე ლოდივით აწვათ გულზე ის გარემოება, რომ ამდენი ხანი თავიანთი მზე და მთვარე, თავიანთი ნუგეში ერთადერთი შვილი ივლიანე არ უნახავთ. მთელ ამ დროს განმავლობაში ერთად-ერთი საფიქრელი, ერთადერთი სანატრელი, დღე-ღამე, ზამთარ-ზაფხულ, ძილში და ღვიძილში - მათი შვილი იყო.
დღესასწაულების მოახლოვების დროს ხომ ეს ნატვრა და დარდი უასკეცდებოდათ და იმედი და სასოწარკვეთილება ებრძოდნენ ერთმანეთს მოხუცების გულში. ყოველსააღდგომოდ და საშობაო-საახალწლოდ ელოდნენ შვილს, ნატრობდნენ იმის მოსვლას და ღელავდნენ.
ახლაც გაბრიელ და აღათი ისხდნენ თავიანთ დაწნული ფაცხის გვერდით მზისყურეზე და გაჰყურებდნენ ძირს ფერდობზე გაშლილ, სოფლისაკენ ამომავალ გზას. სოფლის შარა გზაზე არა-ჩვეულებრივი მოძრაობა იყო: ხალხი მიდი-მოდიოდა სანოვაგით დატვირთული და მხიარული; კიდევ ორი დღე და ახალ-წელიწადი თენდებოდა: ყველას ეჩქარებოდა დროთი მოეთავებინა სამზადისი და პირნათლად შეხვედროდა დღესასწაულს.
მზე ცხოვლად ანათებდა, ათბობდა არემარეს და აბრჭყვინებდა თოვლით დაბურულ შორეულ მთა-გრეხილს და ახლო-მახლო, აქა-იქ ბამბის ქულასავით ხმელ გვიმბრაზე და გატიტვლებულ მიწაზე გაფანტულ თოვლის ნაგლეჯებს. მიდამო შორს მოსჩანდა. დაბლობში მიიკლაკნებოდა მდინარე.
გაბრიელ და აღათი გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს სანავოს, ნავის წინ და უკან სრიალს და დროთი დრო. ხვნეშოდნენ. გაბრიელ ჩიბუხს აბოლებდა. ბოლოს ჩიბუხი გამობერტყა, დაიდვა გვერდით და შეხედა აღათის; შუბლი ოდნავ შეეჭმუხვნა, სახეზე სიბრალულმა გადაურბინა. აღათი იჯდა დაფიქრებული, მოკუნტული და კიდევ უფრო პატარა სჩანდა.
- რა იყო, აღათი, მაინც ელი ივლიანეს? რომ მეიწერა, ვერ ჩამოვალო.
აღათიმ ამოიოხრა, ბაგეები ოდნავ დაებრიცა და თვალებზე ცრემლები მოადგა.
- კი მეიწერა, - სთქვა მან, - მარა ჩვენი წიგნი რომ მიუვიდოდა, რავა მეითმენდა იმის კაი გული, არ შეესმინა ჩვენი ხვეწნა: უსიკვდილოდ ჩამოდი, თუ მამაშენის პატივისცემა და ჩემი სიყვარული გაქ მეთქი, მივსწერე, - შენ უნახავს ნუ ჩაგვიშვებ საფლავში, მეთქი, და რავა არ შეგვიბრალებს?
- თუ ასე მისწერე... - სთქვა გაბრიელმა, ისევ ჩიბუხი აიღო და გაჩუმდა. გაჩუმდა აღათიც. ორივეს დაავიწყდათ, რომ შარშან ამ დროსაც, შარშან-წინაც, იმის წინაც და კიდევ იმის წინათაც, სააღდგომოთაც, საშობაოდაც და საახალწლოდაც სწორედ ამნაირი წერილები მისწერეს. ისხდნენ ჩუ-მად მიკუნჭულნი და სდუმდნენ.
ზევით ორღობეში შალით შეფუთვნილი მოხუცი დედაკაცი და ათი-თერთმეტი წლის პატარა ბიჭი გამოჩნდნენ. ბიჭს ხურჯინი ჰქონდა მხარზე გადაკიდული და დედაკაცსაც რაღაც მოკრული ბოხჩები ეჭირა ხელში.
დაუპირდაპირდა თუ არა გაბრიელს და აღათის დედაკაცი, შეჩერდა და მხიარულად სალამი მისცა.
- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს; საით მიემგზავრები, როდამ? - ჰკითხა გაბრიელმა.
- ქალიშვილთან, აბა ვისთან წავალ. მომწერა, ჩამოდი, აი კაი დღე ერთად გავტაროთო. და მეც აი ერთი კაკალაი ბადიში მყავს, მეტი არაფერი გამაჩნია, მიმყავს და მივალ ჩემი საგზლით. ღარიბად ცხოვრობენ საცოდავები: დღითა და ღამით იმათი შესვენება არ არის, ისე მუშაობს ორივე ცოლ-ქმარი, თვარა კაი გულის-კი არიან; ფულიც გამომიგზავნეს საგზაოდ... მარა მე რომ ჩემი ამბავი გავაბი, თქვენ... თქვენ რას აპირობთ, ხომ არ ელით ივლიანეს?
აღათი თითქოს ახლა გამოერკვა, ოდნავ შეკრთა და შეახედა გაბრიელს. გაბრიელი როგორღაც უხერხულად იღიმებოდა.
- ველით, ველით, როდამ, აბა არ ველით, - მიუგო აღათიმ სწრაფად და ცრემლები ჩუმად მოიწმინდა.
- ეჰ, მართლა!? კაი გაგაგონოს ღმერთმა, კაი ამბავი მითხარი. მარა ეგება მე ვეღარც-კი ჩამოუსწრო. უანგარიშოდ აკოცე, აღათი, ჩემ მაგივრად, თუ ხათრი გაქ. უთხარი: დედა-შვილობის გამჩენმა ღმერთმა ტკბილად შეგარგოს ჩემი ნაჭმოვი ძუძუ თქვა და შენი შვილიშვილები მაჩვენოს თქვა. ისე გამეხარდება იმის ჩამოსვლა, ვითამც ჩემი საკუთარი შვილი ჩამოსულიყოს... მშვიდობით, - ღმერთმა მხიარული კალანდა გაგითენოს... მეჩქარება სადგურზე, არ დამიგვიანდეს...
- მშვიდობით, ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეს.
- კესარიას აკოცე ჩვენ მაგიერ.
- მადლობელი ვარ...
მოხუცი დედაკაცი გაეშურა თავის გზაზე.
ჩვენი მოხუცები-კი ისევ ისე ისხდნენ.
- შეუდგეთ ჩვენც სამზადისს: გოჭი დავკლათ, ქათმებიც...
- შეუდგეთ, როგორღაც სასოწარკვეთილებით გააწყვეტინა ქმარს სიტყვა აღათიმ, - აგუნაიც (საახალწლო სიმღერა გურიაში) გადავიძახოთ არა? ქათმებსაც გაუშვებ, გოჭსაც. არაფერი აღარ მინდა, თუ ერთად ერთ ნაკვტავ-ნაწყვტავი შვილის ნახვა არ მეღირსება...
- შენ ისე ამბობ, ვითომ მე ვიყო დამნაშავე, აღათი, - უთხრა გაბრიელმა ნელის ხმით, გულმტკივნეულად და თავი ჩაღუნა. აღათის შერცხვა თავის საყვედურისა და დახარა თავი,მაგრამ ერთბაშად წამოდგა და ჩქარის ნაბიჯით, მკვირცხლად შევიდა ფაცხაში. გაბრიელმა ჩიბუხის ბოლებით გააყოლა თვალი და შემდეგ ისევ გაჰხედა სანავოს.
ცოტა ხნის შემდეგ აღათი ისევ სწრაფის ნაბიჯით გამოვიდა გარედ; თვალები უბრწყინავდა და ანაოჭებული სახე როგორღაც უცნაურად უღიმოდა.
- ბეროკაცო, იცი... გამიგონე... იმისთანა რამე უნდა გითხრა... დაიწყო მან აღელვებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, - კი არ გაგიკვირდეს...
გაბრიელ შესცქეროდა დაკვირვებით და არ იცოდა რა ეფიქრა.
იცი? მოდი ჩვენც წევიდეთ შვილთან... აღარ შემიძლია უნახაობა...
-რაიო? - გააწყვეტინა გაბრიელმა, - თბილის ქალაქს წევიდეთო... რას ამბობ?..
- კი, კი, - ჩემი სიცოდვე თუ გაქ, და... შენც ხომ იტანჯები, შენ საცოდვავო... ვერ გატყობ თუ? თუ იგი ვერ ჩამოვა, ჩვენ მაინც წევიდეთ: ბაღანაიც გავახაროთ და ჩვენც გავიხაროთ. აი კაი დღე ერთად გავატაროთ... კი, კი, - მე ახლავე სამზადისს შევუდგები.
- რას ამბობ, დედაბერო, სათბილისო ფარა სად გვაქვს. მაინც რას გვეყოფოდა, მარა ხუთი მანათი სიძეს რომ მივეცით, დაგავიწყდა?..
- არა, არა, ფარა კი გვაქ... ზანდუკში რომ გვაქ შენახული, იქიდან ამოვიღოთ, ცოტა არ იყოს გაუბედავად, მაგრამ სწრაფად წარმოსთქვა აღათიმ და შეშინებული შეაცქერდა გაბრიელს.
გაბრიელი ერთ წუთს ჩუმად იყო, შემდეგ ერთბაშად წამოდგა, ისე რომ ჩიბუხიც კი დაავიწყდა და ძირს დავარდა, და უფრო განცვიფრებული, ვიდრე გაჯავრებული შესცქეროდა თავის მოხუც ცოლს.
- რას ამბობ, დედაბერო, გაგიჟდი?! სამარხი ფული დავხარჯოთ!?. აბა არ გრცხვენია, რა სთქვი მაგი, ა?.. არ მომველოდი ამ სიბერის დღეს ამას შენგან...
აღათი ერთბაშად აენთო:
- შენ ასე ხარ: არ მოელოდი, ნეტაი რას მოელოდი? პურ-ხავი ხარ: გეზოგება შვილის სანახავად ფულის დახარჯვა; არც ბაღანაი გეცოდვება, არც მე!.. - აღათიმ შეხედა ქმარს და შეკრთა, იგრძნო თავის საყვედურის უსამართლობა; შერცხვა: მიხვდა, რომ რაღაც საშინელი სისულელე სთქვა, - მოიკუნტა, ცრემლები წამოსქდა თვალთაგან და პატარა ბავშვივით მწარედ აქვითინდა.
- აბა რა ვქნა: თორმეტი წელიწადია ასე ვიწვი და ვიტანჯვი... არ მინდა სამარხი; ჩემი სამარხი დავხარჯოთ, შენი იყოს, - ხელს ნუ ვახლებთ. ვინმე სამადლოდ დამმარხავს, თუ ივლიანე არ დამმარხავს; მიწას ზეიდან ხომ არ დამტოვებენ. ბაღანაიც გაიხარებს: ვინ იცის რავა ვენატრებით და იტანჯება უნახაობით.
გაბრიელ საყვედურით, მდუმარედ შესცქეროდა ცოლს და ხმას არ იღებდა. აღათისთვის ცხადი შეიქნა, რომ მისი განზრახვა დასაგმობი, სამარხი ფულის დახარჯვა შეუძლებელი იყო, გაბრიელი ამაზე თავის დღეში არ დასთანხმდებოდა, და ნელის ნაბიჯით, შერცხვენილი ისევ წავიდა ქოხისაკენ.
გაბრიელი კი ისევ დაჯდა და ისევ დაიწყო თამბაქოს წევა: მოსწევდა ჩიბუხს, დაბერტყდა, გამოიძრობდა წელიდან გრძელ, წითელ ქისას, ამოიღებდა თამბაქოს, დასრესდა ხელის გულზე, გაავსებდა ჩიბუხს და ისევ გააბოლებდა. ამნაირად იჯდა დიდხანს და აღელვება თანდათან უფრო დამშვიდებულ გამომეტყველებად ეცვლებოდა.
„სამარხი ფული დავხარჯოთ... ოცი წელიწადია იმას ვინახავ, და ახლა დავხარჯო? პურ-ხავი... მეზოგება" - ბუტბუტებდა ის დროთი-დრო, ოდნავ გასაგონად. სახეზე სევდა ეხატებოდა; მიმქრალი თვალები თითქოს ოდნავ უბჟუტავდნენ; თეთრი წვერი როგორღაც უცნაურად ეჭირა ცალ ხელში.
შემდეგ სრულიად მიყუჩდა და დიდხანს იჯდა გაქვავებულივით. ბოლოს იმისმა სახემ გარკვეული შესახედაობა მიიღო; ადგა, ახალუხი გაიბერტყა და ფაცხაში შევიდა. კერასთან ცეცხლისპირას იჯდა აღათი. მოხუცი ქალი პატარა თავით ხელებს დაყრდნობოდა და ნელა ტიროდა, - უკბილო ბაგეები უთრთოდა, ქმრის შემოსვლაზე არ განძრეულა. გაბრიელ მივიდა, დაადვა თავზე დროსა და შრომისაგან დაკორძებული ხელი და ნელის ხმით, თანაგრძნობით უთხრა:
- დედაბერო, აღათი, შენ მართალი ხარ, საცოდავო დავიტანჯეთ... წევიდეთ, ვნახოთ ჩვენი ერთი კაკალა ბაღანაი: იგიც გავახაროთ და ჩვენც გავიხაროთ. ღმერთმა ხომ იცის, რომ სიკეთე მინდოდა. შენი და ჩემი სამარხი ფული ჩემი ოფლით ნაშოვნია: მინდოდა ორივე ამ ჩემი ოფლით დავმარხულიყავით... იმიტომ უფრთხილდებოდი. ახლა ხომ აღარ შემიძლია შოვნა... მარა სულერთია, - შვილი დაგვმარხავს...
- ეჰ, მართალს ამბობ? - შეჰყვირა აღათიმ და თვალის უმალესად, თითქოს თხუთმეტი წლის ქალიაო, ზეზე წამოხტა, მართალს ამბობ?.. ცოცხლითაი ცხონდები ჩემი მადლით. - მეტის ბედნიერებით სახე გაუცოცხლდა, თვალები გაუბრწყინდა, სწრაფად მოეხვია მოხუც ქმარს და მხარზე აკოცა.
გაბრიელ იღიმებოდა.
- აბა შეუდექი ახლა სამზადისს. მე მაქ ჩავალ ერთს ლაზარესთან: შევიტყობ როდის გადის მატარებელი, და ხვალვე გაუდგეთ გზას. ისე უნდა წევიდეთ, რომ დილაზე ვიყოთ ქალაქში.
- ახლავე, ახლავე ხაჭაპურებს დავაცხობ; ჯანჯუხებს ჩამოვიღებ სხვენიდან, ტკბილის კვერსაც. ქათმებს უნდა გამოყვანა ძარიდან... - ფუსფუსებდა აღათი.
II
მეორე დღეს, თუმცა მატარებელი ღამე გადიოდა სადგურიდან, მზე ჯერ კიდევ მაღლა იყო, როცა გაბრიელ და აღათი გამოვიდნენ თავიანთ ქოხიდან და დაკეტეს კარი. გასაღები მეზობელ მოხუცებულ ქალს მიაბარეს, რომელიც ლოცვა-კურთხევით, ალერსიანად ისტუმრებდა:
- ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცეს... ჩემი გაგზავნილი ჯანჯუხების მიცემა არ დაგავიწყდეს ივლიანეზა, აღათი. ჩემ მაგიერად მიეცი ხელში და აკოცე უთხარი, ერთირ ატომ არ ჩამოდი თქვა.
- კი, კი, - აბა არ ვეტყვი. დროი არა აქვს: დიდი საქმეები აბარია, თვარა არ ჩამოვიდოდა? - ამბობდა აღათი და იკაპიწებდა კაბას თავშალს ქვეშ.
გაბრიელს მხარზე დიდი, სანოვაგით გატენილი, ჭრელი ხურჯინი ჰქონდა. გადაკიდული, ტანზე ნაცრის ფერი ჩოხა და ფეხებზე - წუღა-მესტები ეცვა; თავზე ყაბალახი ეხურა, თეთრი დიდი წვერი მარაოსავით გაშლოდა გულზე და ცოტათი წახრილი მიდიოდა. აღათისაც ბოხჩა ეჭირა ხელში და მხარზე თავის „პოლსაპოჟკები“ გადაეკიდა ფეხზე კი ოჩაფეხები (ხის ფეხსაცმელები) ეცვა; შეჩვეულიც იყო და ტალახში სასიარულოდ მეხერხებაო, ამბობდა.
მიდიოდა მხიარულად, გამოცოცხლებული და გაცინებული. ქვევით ორღობეში რომ ჩავიდნენ, ერთი სახლიდან ქალი გამოვიდა, თან რამოდენიმე ბავშვი გამოჰყვა და გამოეგებნენ მგზავრებს.
- გაბრიელ, მიბრძანდებით? - კი არ გეწყინოს, და ერი პატარა საჩუქარი უნდა გაგატანო ივლიანესთან. მან ფრთხილად გაშალა ჩვარში შეხვეული კარგა მოზრდილი, ერთის მხრით ფერადი მძივით ნაქარგი და მეორე მხრით კი ოთხი ფერადი აბრეშუმის ნაჭრისაგან შეკერილი დიდფოჩიანი ქისა.
- ძმასავით მიმაჩნია, ღმერთმა კი იცის, რვაი წელიწადია შენახული მაქვს მისთვის... ჩემ მაგიერად მიუტანე: უთხარი, მენიკამ გამოგიგზავნა თქვა; ვიცი გიამება, ჩემო ივლიანე, ნახელაობით გიგზავნი თქვა; და-ძმობის გამჩენმა ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და შენი კაი დედ-მამა გიცოცხლოს-თქვა...
- მეიტანე, ნენავ-შვილო. ამისთანა კაიც რომ არ იყოს, შენი ნახელავი მაინც ნამეტანი გაუხარდება...
- გაბრიელ, რავა გეკადრება. ვერ დამიძახე; ახლა ამ ხურჯინს შენ გაგატან, მე ვერ ჩაგიტან სადგურზე? - ეუბნებოდა. მეორე ეზოდან გამოსული ახალგაზდა გლეხი გაბრიელს.
გაბრიელს არ უნდოდა მიეცა, მაგრამ ახალგაზდა არ მოეშვა, გამოართვა და წაუღო ხურჯინი. მეზობლები, ვინც სახლში იყო და დაინახეს, დიდის ხალისით ეგებებოდნენ და გზას ულოცავდნენ მოხუცებულებს; ისინიც სახეგაბრწყინვებულნი, ბედნიერნი მიეშურებოდნენ თავიანთ ერთადერთ ნუგეშ და სიხარულ შვილისაკენ.
სადგურზე ჩასვლისას აღათიმ ოჩაფეხები გაიხადა და ჩაიცვა თავის „პოლსაპოჟკები“. აიღეს მესამე კლასის ბილეთები და როცა მატარებელმა ჩამოიარა, ჩასხდნენ და ამ გასწიეს - თბილისისაკენ.
გაბრიელს და აღათის თავიანთ მაზრის ქალაქის გარდა ქალაქი არ ენახათ და თბილისის შესახებ არავითარი გარკვეული წარმოდგენა არ ჰქონდათ; ამიტომაც მეორე დილით, როცა თბილისს ჩავიდნენ და სადგურზე ჩამოხტნენ, აღარ იცოდნენ საით და როგორ წასულიყვნენ.
არავინ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა; პირიქით, რამოდენიმეჯერ ხელიც კი ჰკრეს და გააგდეს, გზაზე ნუ გვიშლით, იქით წადითო. უკვირდათ და თან თავზარსა სცემდათ ეს ამოდენა ხალხი, ხმაურობა, ფუსფუსი და ღრიანცელი, ეტლებისა და ტრამვაის გრიალი, - და შეშინებულნი ხან აქეთ გარბოდნენ, ხან იქით აწყდებოდნენ და ხან ერთს, ხან მეორეს ეკითხებოდნენ: „სადა სდგას ჩვენი შვილი, ივლიანე ბუკაშვილიო?“ - ზოგ საცინებდა ეს კითხვა, ზოგიც კი გულგრილად ეუბნებოდა, არ ვიციო.
- არა, რა უზრდელი ხალხი ყოფილა, შენი ჭირიმე!.. - ჰკვირობდა აღათი.
ბოლოს ერთი ქალი გაჩერდა და ჰკითხა:
- ვის ეძებთ, მოხუცო?
- შვილს, ჩვენ შვილს; სანახავად ჩამოვედით სოფლიდან. ივლიანე ბუკაშვილია, სახელოვანი კაცია, ქვეყანაში ცნობილი.
ქალს ოდნავ გაეღიმა.
- სადა სდგას, რა ქუჩაზე, არ იცით?
- რა ქუჩაზეე, ჰოო: ადრესი რომ გვაქ, აღათი, იგი უნდა ვაჩვენოთ.
გაბრიელმა გადმოიღო ძირს ხურჯინი და კარგა ხნის ძებნის შემდეგ უბიდან ამოიღო - ქაღალდი, სადაც ადრესი ეწერა.
ქალმა წაიკითხა და უთხრა:
- ოჰ, ეს ქუჩა აქედან შორს არის. აი ამ გზას დაადექით, იარეთ, იარეთ სულ პირდაპირ და ხიდს შეხვდებით: ხიდის თავში დიდი რკინის კაცია, ძეგლი, - მაშინვე შეამჩნევთ. იმ ხიდზე გადით, იქ დიდი ბაღია; ბაღი აიარეთ, დიდ ქუჩაზე ახვალთ, იქ იკითხეთ, და გასწავლიან: იქიდან შორსაღარ არის... ქაღალდი აჩვენეთ.
- მადლობელი ვარ, შენ გაცოცხლა ღმერთმა, გაბრიელმა ისევ წამოიკიდა ხურჯინი და გასწია წინ შუა ქუჩაში, აღათიმაც ამოიკარწახა კაბა და გამოუდგა უკან ქმარს თავის ბოხჩით ხელში.
საშინელი ტალახი იყო ზევიდან თოვლ-ჭყაპი მოდიოდა. ტრამვაის წკარუნი და ეტლების გრიალი უშლიდა იმათ სიარულს; ტალახი ეშხაპუნებოდათ და თავით-ფეხამდე ტალახით დაწინწკლულები იყვნენ, მაგრამ მაინც ყოჩაღად და მხიარულად მიაბიჯებდნენ ტლაპოში; ვერც-კი ამჩნევდნენ, რომ ქვაფენილებზე მოსიარულე აუარებელ ხალხში აქა-იქ ზოგიერთები ჩერდებოდნენ, ერთმანეთს იმათკენ აჩვენებდნენ და ხარხარით ამბობდნენ:
- შეხედე, შეხედე, სოფლიდან ჩამოსულები არიან, შუა ქუჩაში რომ მიბძანდებიან... ხურჯინს უყურეთ, ხურჯინს!
მხოლოდ ერთხელ დაისვენეს ქვაზე ქუჩის პირას, ამოიღეს მჭადი და ყველი და დანაყრდნენ. დაათვალიერეს, ხომ არ გაფუჭდა ხაჭაპურები და მსუქანი ქათმები, ხურჯინში ერთად ჩაწყობილიო, და ისევ გაუდგნენ გზას. თუმცა იმ ქალმა უთხრა: რკინის კაცს ნახავთო, მაგრამ, სანამ იქამდის მივიდოდნენ, კიდევ მრავალჯერ იკითხეს.
უკვე მოსაღამურდა, როცა იმ ქუჩას მიაღწიეს, სადაც ივლიანე სცხოვრობდა.
III
ივლიანეს, ანუ, როგორც თვითონაც და ნაცნობებიც ეძახდნენ, - იულონ გაბრიელოვიჩ ბუკიევის ოჯახში დილიდანვე დიდი სამზადისი იყო. საღამოს ჯერ ბავშვებისათვის შობის ხის გამართვას და შემდეგ ახალწლის შეხვედრას აპირებდნენ და სტუმრები ჰყავდათ დაპატიჟებული. მთელი დღე რთავდნენ და ამკობდნენ სხვადა-სხვა ზიზილ-პიპილებით ნაძვის ხეს, ალაგებდნენ და ანაწილებდნენ სათამაშოებს და ხილეულობას პარკებში.
სამზარეულოში მზარეული სწვავდა, ხარშავდა და აცხობდა საჭმელებს. ივლიანეს მეუღლე აგრაფენა ანდრეევნა, ჯერ კიდევ ახალგაზდა, ლამაზი, მოხდენილი ქალი, ახალი მშვენიერი კაბით გამოწყობილი აქაც იყო, იქაც და დაუღალავად აძლევდა განკარგულებას...
უკვე შებინდებული იყო, როცა მან ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი ყველაფერს და გაუდგა კაბინეტისაკენ; შეაღო კარი და მხიარულად უთხრა ქმარს:
- იულონ, აბა ნახე, როგორ მოვრთეთ ყველაფერი: უკვე მზად არის შობის ხეც; ვახშმისთვისაც ყველაფერი მზადაა. ბავშვებიც ჩაცმულები არიან... აბა ნახე!
ივლიანემ თავი დაანება წერას, გაუღიმა ცოლს და ადგა. ტანზე შავი სერთუკი ეცვა და თოვლივით თეთრი გახამებული საყელო-სამაჯურები ჰქონდა გაკეთებული.
- აჰ, რა მშვენიერი კაბა გაცვია! - სთქვა მან მხიარულად და ცოლთან ხელი-ხელ გაყრილი დარბაზში გამოვიდა.
აგრაფენა ანდრეევნამ გადაატრიალა მარჭვალი და შობის ხე სხვა-და-სხვა ფერ ელექტრონის სინათლით გაჩაღდა.
- რა მშვენიერებაა, - შესძახა ივლიანემ: - ძალიან მიყვარს და დიდი თაყვანისმცემელი ვარ მშვენიერებისა. უნდა ვსთქვა სიმართლე, რომ დიდი გემოვნება გაქვს...
- განა არ ვიცი, რომ მშვენიერების მოტრფიალე ხარ და ფაქიზი გრძნობები გაქვს; იმიტომაც ვცდილობ გასიამოვნო, - მიუგო ცოლმა - საცაა სტუმრებიც მოვლენ... შობის ხეზე სინათლეს ჩავაქრობ... რომ შეიკრიბებიან, მაშინ ერთბაშად გავაშუქებ.
მარჭვალი ისევ გადაატრიალა: შობის ხეზე ელექტრონი ჩაქრა, მაგრამ სამაგიეროდ გაჩაღდა დარბაზი, სრულიად გაპრიალებული, სადღესასწაულოდ მორთული, რბილი წითელი ავეჯით მოწყობილი. მხიარული, კმაყოფილი ცოლ-ქმარი ღიმილით იცქირებოდნენ ირგვლივ. აღელვებული, გაუბედავი ნაბიჯით შემოვიდა ოთახში მოსამსახურე და გაჩერდა. ცოლ-ქმარი კითხვით შეაცქერდნენ.
- ბატონო... იქ... მოვიდნენ... ვიღაცაები...
- ახალ-წლის. მომლოცველები იქნებიან, - აღარ დააცალა სიტყვის დამთავრება ივლიანემ და გასწია ხელი ჯიბისაკენ.
- არა, ბატონო, სოფლიდან ჩამოვიდნენ; ამბობენ... ბატონის მშობლები...
ივლიანე შეკრთა.
- კი, კი, ჩემი ივლიანეა, ჩემი... მისი ჭირიმე... ასი წელიწადი რომ არ მენახა, მაშინაც-კი ვიცნობდი... გამიშვი, მამა გიცხონდება... შვილო ივლიანე ღმერთო, გმადლობ, რომ კიდევ მაღირსე ნახვა... - ამ სიტყვებით შემოვიდა დარბაზში აღათი და ჩქარი ნაბიჯით გასწია იქითკენ, სადაც შემკრთალი, გაფითრებული ივლიანე და წარბებ-შეჭმუხვნილი, გაკვირვებული და უკმაყოფილო, მორთულ მოკაზმული მაგრაფენა ანდრეევნა უძრავად იდგნენ.
- შვილო, ნენავ, ვერ მიცანი, შენი ჭირიმე, ჩემო სიცოცხლევ?..
ამ დროს შემოვიდა თავის ხურჯინით გაღიმებული გაბრიელიც. თეთრი წვერი ფართოდ გაშლოდა გულზე.
- შვილო, კი არ გვიშობდა ეს ოჯახ-კეტიანი: აქ იულონ გაბრიელოვიჩ ბუკიევი სცხოვრობსო, ძმაო, ჩემი შვილია მეთქი...
აღათიმ მოჰხვია შვილს კისერზე ხელები და დაუწყო უანგარიშოდ კოცნა, მაგრამ ერთბაშად შეჩერდა და შერცხვენილი, დამნაშავის სახით, მოცინარე და ბედნიერი გაიწია აგრაფენა ანდრეევნასკენ.
- ნენავ, შვილო, შენი ცოლია? მაპატიე, შენი ჭირიმე, ჩემო ნანატრო; ყველაზე უწინ შენთვის უნდა მეკოცნა... - მან ასწია ხელები რძლის მოსახვევნად, მაგრამ აგრაფენა ანდრეევნამ შეშინებულმა გასწია იქით თავისი ჰაეროვანი კაბა, თვითონაც უკან დაიხია და თავი მოარიდა მოხუცებულს, მაგრამ თითქოს შერცხვაო, ისევ წამოიწია ოდნავ წინ და გამოუწია ხელი ჩამოსართმევად. სწორედ ამ დროს მოულოდნელმა სანახაობამ ყველაფერი დაავიწყა და უკმაყოფილოდ შეჰყვირა:
- იატაკს უყურეთ, იატაკს, - როგორ დასვარეს... ღმერთო ჩემო... ახლავე სტუმრები უნდა მოვიდნენ... რაღა ეშველება... სადა ხართ... დაიხოცენით მანდ, თუ რა ამბავია?..
გაბრიელმა ამ დროს ის-ის იყო ასწია ორივ ხელები და შვილს უნდა მოხვევნოდა, რომ ერთბაშად გაჩერდა და უკან მოიხედა. შეკრთა აღათიც: გაპრიალებულ იატაკზე ფეხების ნაკვალევისა და აღათის კაბისაგან ტალახის ზოლები და ჭაო-ბები იდგა. სახლში ფაცა-ფუცი ასტყდა. შემოცვივდნენ მოსამსახურეები. შემოვიდნენ ივლიანეს ბავშვებიც - ერთი ვაჟი და ორი ქალი და განცვიფრებით მიაჩერდნენ მოსულებს.
- ჩქარა, ჩქარა მჩვარი მოიტანეთ, გასწმინდეთ... საცაა სტუმრები მოვლენ... იულონ... - ამბობდა შეწუხებული აგრაფენა ანდრეევნა და უტევდა ხან მოსამსახურეებს და ხან კითხვით შესცქეროდა ქმარს.
ივლიანე როგორღაც უხერხულად მიუახლოვდა მამას, ჩამოართვა ხელი და უთხრა:
- რატომ არ შემატყობინეთ, ასე როგორ შეიძლება, მოვემზადებოდით და...
- მამა, ვინ არიან ესენი? მათხოვრები არიან? მე ფული მაქვს, მივსცემ, გამოსწია ხელით მამა სულ პატარა, თეთრი კაბით გამოწყობილმა ქალმა: - არა... მაშ შობის ხის ბაბუაა! რა კარგი წვერი აქვს, თეთრი, - სთქვა მან აღტაცებით და მიიწია მოხუცისაკენ; უფროსი ბავშვები-კი ჩუმად, გაკვირვებით შესცქეროდნენ და არ იცოდნენ რაში იყო საქმე.
მოსამსახურეები ფაცა-ფუცით შეუდგნენ იატაკის წმენდას.
- წავიდეთ, წავიდეთ კაბინეტში!.. - მიმართა ივლიანემ მშობლებს.
- კაბინეტში!.. რას ამბობ? იქაც ხომ დასვრიან... ღმერთო ჩემო, - წარმოსთქვა უცხო ენაზე აგრაფენა ანდრეევნამ, რომ მოხუცებს არ გაეგოთ.
ქმარმა სასოწარკვეთილებით შეხედა მას.
აგრაფენა ანდრეევნამ, თუმცა უკმაყოფილო და შეწუხებული იყო, მაინც უხერხულობა იგრძნო; უფრო მაყურებლებისათვის - და ოდნავ სათნოდ მიუბრუნდა ქმარს.
- იცი, იულონ... გამდლის ოთახში შეიყვანე... არა უშავს რა.
ივლიანეს სახე გაუნათლდა, შვება იგრძნო: „იქ სტუმრებიც ვერ ნახვენ,“ - გაიფიქრა გულში.
შერცხვენილი მოხუცები წყნარად, ფეხის თითებზე გაჰყვნენ ივლიანეს, რომელიც გაუძღვა წინ აივანზე, სამზარეულოს გვერდით გამდლის ოთახისაკენ.
გაისმა ზარის წკარუნი.
- ჩქარა, ჩქარა... აჰა, ღმერთო... სტუმრები იქნებიან. ხურჯინი, ხურჯინი, გაიტანეთ ჩქარა, იქით სადმე აივანზე დადეთ; რა ტალახის ჭაობი დაუყენებია... - ფუსფუსებდა აგრაფენა ანდრეევნა.
ბავშვები გაცვივდნენ სტუმრების მისაგებებლად, რომლებიც დერეფანში უკვე პალტოებს იხდიდნენ.
როცა ყველაფერი ისევ გაწმინდეს და უწინდებურად გაალაპლაპეს, სტუმრებიც შემოვიდნენ: ორი მოზრდილი მორთული ბავშვი. აგრაფენა ანდრეევნამ მხიარულად და ალერსიანად მიიღო ბავშვები, თითქოს ამ ერთი წუთის წინ არაფერი უსიამოვნება არ მომხდარიყოს.
შემოვიდა უხერხული ნაბიჯით, შეწუხებული, დაღრეჯილი სახით ივლიანე, ბავშვებს ხელი ჩამოართვა, გაუღიმა, მაგრამ, როგორც-კი ბავშვები გაიქცნენ, მაშინვე მიმართა ცოლს:
- რა უნდა ვქნათ ახლა?
- რა ამბავია, რისთვის ჩამოვიდნენ ნეტავი?
- მოგვენატრეთო. უნახავად ვეღარ გავსძელითო... ერთი სიტყვით... მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, რომელ ოთახში დავაბინაოთ...
- როგორ, ჩვენსა აპირებენ დარჩენას? მერმე ადგილი სადა გვაქვს?
- არ შეიძლებოდა სადმე, როგორმე მოგვეწყო?. მაგრამ, მართალია, ადგილი არა გვაქვს: დარბაზში -არ შეიძლება; სასადილო ოთახში... მოუხერხებელია; ჩემი კაბინეტიცსაჭიროა. - ამბობდა ნაწყვეტ-ნაწყეტად ივლიანე.
- აბა თვინონაც ხედავ, რომ არ არის ადგილი: საწოლ ოთახში და ბავშვების ოთახში ხომ შეუძლებელია; გადიის ოთახში...იცი რა, - სთქვა ივლიანემ ყოყმანითა და თავის ფხანით, - გადიის ოთახშიი... გადიას სჭირდება თავისი ოთახი და მაინც... იცი.. ისევ სასტუმროში წავიყვან; ამაღამ იქ დავაბინავებ და მერმე ვნახოთ... უთუოდ წავლენ ჩქარა..
- აბა რა გაეწყობა, მეტი რა გზაა. მაგრამ ამდენი ხარჯი...
IV
მეორე დღეს, ახალწელიწადს, ერთობ გვიან გაეღვიძა ივლიანეს. ოთახში არავინ არ იყო. ცოლი უკვე ამდგარიყოდა გასულიყო. გაიღვიძა თუ არა მაშინვე თვალწინ მოხუცი დედ-მამა წარმოუდგა და რაღაც უსიამოვნო გრძნობა მოაწვა გულზე. ამგვარი უსიამოვნო გრძნობა არ მოშორებია წუხელის მთელი საღამო და უშლიდა ჩვეულებრივ მხიარული და მოსწრებული მასპინძელი ყოფილიყო სტუმრებთან.
„უფერულად ჩაიარა ვახშამმა, “ - გაიფიქრა მან უკმაყოფილოდ, სწრაფად წამოხტა რბილ, თეთრ ლოგინიდან და საჩქაროდ ჩაიცვა ტანისამოსი. სწრაფად დაიბანა პირი და პირსახოცით ხელში დიდ სარკესთან მივიდა. სარკეში თავისი ლამაზი სახე დაინახა: მაღალი შუბლი, ოდნავ გამელოტებული ხუჭუჭი თავი, ლამაზად შეკრეჭილი წაბლისფერი წვერი, შავი, ცქრიალა, მოცინარე თვალები... და მაშინვე თვალწინ დედა წარმოუდგა: ისეთი, როგორიც იყო აღათი, - პატარა, გამხდარი.
რისთვისღაც მოაგონდა დიდი ხნის დავიწყებული ამბავი: ერთხელ პატარაობისას ავად გახდა, და დედა თავს შემოევლო ფორთხვით სამჯერ. მოაგონდა როგორ ევედრებოდა ტირილით ღმერთს, ჩემი ივლიანეს მაგიერ მე მიმიღეო და აღუთქვა, სამ წელიწადს ფეხშიშველა ვივლი, გულზე ქვას ჩამოვიკიდებ და ვატარებო.
„მთელ სამ წელიწადს ქვა ეკიდა გულზე და ფეხშიშველი დადიოდა ჩემი გულისათვის,“ - გაიფიქრა ივლიანემ და გაწითლდა, რაღაცასი შერცხვა და თავი მოარიდა სარკეს. მაგრამ მაშინვე მოაგონდა, როგორ უყვარდა მაშინ დედა, რა ლამაზი და საყვარელი ეჩვენებოდა.
„რა მხიარული იყო: სულ იცინოდა და მღეროდა და როგორ ვუყვარდი.“ - გაიფიქრა მან და გული როგორღაც სასიამოვნოდ შეეკუმშა და გაიღიმა, მაგრამ მაშინვე თვალწინ წარმოუდგა წუხანდელი სცენა თავის ოჯახში და შემდეგ სასტუმროში; როგორ ცდილობდა როგორმე ჩქარა დაეღწია თავი, ჩქარა მოშორებოდა მშობლებს და წამოსულიყო შინ.
მოაგონდა როგორ ჩუმად, უსიტყვოდ, უანგარიშოდ ჰკოცნიდა მას ხელებზე სასტუმროში სრულიად ტალახით დაწინწკლული პატარა მოხუცი დედაკაცი, რომელსაც, ივლიანე გრძნობდა, გული უტიროდა. მაგრამ მან-კი ვეარაფერი უთხრა სანუგეშო.
„სიტყვები არ მომეპოვებოდა... ვჯავრობდი,“ - გაიფიქრა ივლიანემ და გაახსენდა მამის მხიარული შემოსვლა დარბაზში ხურჯინით მხარზე და მერმე სასტუმროში: „როგორ ცდილობდა არ შეემჩნევინებინა, რომ მიხვდა ჩემ ურიგო საქციელს, უნდოდა თავი მხიარულად ეჩვენებინა...
როგორ ამოიღო ის სასაცილო ქისა: მენიკამ გამოგიგზავნაო... „რომ ჩამომაღრჩოთ, არ მახსოვს ეს მენიკა“... მაგრამ რაღაც შორეულმა, ბუნდოვანმა, დავიწყებულმა სანახაობამ გაჰკვეთა წყვდიადი და ერთწუთს იმის მეხსიერებაში აღსდგა სოფლის მწვანე კორდი, სადაც ბავშვები გროვდებოდნენ ხოლმე სათამაშოდ: ბევრი, ბევრი ფეხშიშველა ბავშვი;
მოაგონდა იმათი თამაში, სირბილი, წარმტაცი სიმღერები, სიცილ-ხარხარი და განსაკუთრებით-კი ერთი, ყველაზე უფრო საყვარელი, პაწია გოგონა. იმისმა გონებამ შეუერთა ის პაწია გოგონა ამ სასაცილო ქისას და ქისის მოგონებაზე ისევ ოდნავ გაეღიმა, მაგრამ იმ წამსვე წარბები შეეჭმუხვნა, რადგანაც მოაგონდა, როგორი ჩაიდვა ის ქისა ისევ ჯიბეში გაღიმებულმა გაბრიელმა, ვითომც აქ არაფერიაო, მაგრამ ეტყობოდა მთელი თავისი არსებით საშინელ შეურაცხყოფას გრძნობდა.
„ეჰ“.. - გააქნია მან თავი, - „ერთი სიტყვით“...
სწორედ ამ დროს ჯერ გაუბედავად და ნელა და შემდეგ კი სწრაფად გაიღო ოთახის კარი და შიგ ქარივით შემოიჭრა პაწია, ცქრიალა გოგონა, ივლიანეს უმცროსი ქალი.
ივლიანეს ყველაზე მეტად უყვარდა თავისი პაწია ნუნუ და ძალიან ანებივრებდა.
- მამილო, მამა, უჰ, რამდენი გეძინა! უშენოდ მომწყინდა... დედას სტუმრები ჰყავს.
ივლიანემ აიყვანა ბავშვი და უსიტყვოდ აკოცა.
- მამა, იცი... სად არიან ისინი, გუშინ რომ მოვიდნენ?.. მართლა შენი მამაა ის თეთრწვერა ბაბუა? გამდელმა სთქვა მამააო. მე დედას ვკითხე და მითხრა: მამას ჰკითხეო... მართლა შენი მამაა, ისე, როგორც შენ ჩემი მამა ხარ?
- მართლა, ჩემი მამაა, ნუნუ, ისე როგორც მე შენი, - მიუგო ცოტა ყოყმანის შემდეგ ივლიანემ და გაწითლდა.
- მერე მართლა საძაგელი მამაა?
ივლიანე გააცვიფრა შვილის სიტყვებმა და მაშინვე მოაგონდა გაბრიელ, როგორც მამა, მოაგონდა, როგორ უსრულებდა ყოველ სურვილს მას, პატარა ივლიანეს, როგორი უსაზღვრო სიყვარულით და სიხარულით უკეთებდა სხვადასხვა სათამაშოებს, როგორ დაჰყავდა მხრებზე შემჯდარი ყველგან, სადაც წავიდოდა.
შემდეგ, როცა წამოიზარდა, სკოლაში მიაბარა, და სწავლის უნარი რომ გამოიჩინა, რა სიმწარითა და ვაი-ვაგლახით შოულობდა ფულს; რამოდენსამე წელიწადს მოჯამაგირედაც კი იდგა, რომ შვილისათვის საშუალება არ დაეკლო.
შემდეგ, როცა უმაღლეს სასწავლებელში მოინდომა წასვლა, დაუყოყმანებლად გაჰყიდა სახლ-კარი, ეზო, თავის ნაშენი სიამაყე - ბაღი...
- არა, ნუნუ... არა, საძაგელი, მამა არ არის... კარგი მამაა.
- მაშ რატომ არ გიყვარს?
- რატომ ფიქრობ, რომ არ მიყვარს? - ჰკითხა შემკრთალმა ივლიანემ.
- კოკი ამბობს და ლილიც დააჯერა, მამას არ უყვარს თავის მამა, რადგანაც სოფლის ტეტიააო. ჩვენ იმიტომ გვიყვარს ჩვენი მამა, რომ ქალაქელია და იმიტომ ვცხოვრობთ იმასთანაო... ასე სთქვა გადიამაო.
- კოკი სისულელეს ამბობს...
- ხომ სისულელეს ამბობს?!. მე ასე ვეტყვი კოკის... დედაც ხომ გიყვარს?.. მე ვიცოდი, რომ გიყვარდა... განა შეიძლება მამა და დედა არ უყვარდეს კაცს?.. გამიშვი, გავიქცე... ლილისაც ვეტყვი... აქ დაუძახებ ორივეს... შენ თითონ უთხარი... ჰო, ჰო, მამილო!..
ნუნუმ აკოცა მამას, ჩამოსრიალდა მუხლებიდან და გავარდა ოთახიდან.
შეშინებული ივლიანე ერთ წუთს უძრავად იჯდა და გასცქეროდა ბავშვს.
„ოჰ, ღმერთო ჩემო! სამნივე მოვლენ, რა უნდა ვუთხრა? - არა, ახლავე წავალ... რაც იყოს-იყოს: მოვიყვან“... წარმოსთქვა მან, სწრაფად წამოდგა და დარეკა.
მოსამსახურე შემოვიდა.
- ქალბატონს სთხოვე საჩქაროდ აქ მობრძანდეს, მერე გაიქეცი და ჩქარა ეტლი მოიყვანე... გამდელს უთხარი, ბავშვებს ნუ გამოუშვებს აქეთ, ცოტა ხანს იქ გააჩეროს...
როცა ლამაზი, მხიარული და მორთული აგრაფენა ანდრეევნა შემოვიდა, ივლიანეს თავისი გადაწყვეტილების ასრულება ცოტა არ იყოს ისეთი აუცილებელი და საჭირო აღარ ეჩვენა და თითქოს გაუბედავად და ყოყმანით უთხრა ცოლს:
- იცი, მივდივარ იქ... სასტუმროში.
- ჰო, ჰო, წადი, - უთხრა ცოლმა, - თორემ ბავშვებმა ძალა წაიღეს: აღარ მეშვებიან თავიანთ კითხვებით: ვინ იყვნენ, რისთვის, საიდან მოვიდნენ, რატომ აქ არ არიან?.. უცნაური ბავშვებია: არავის არა ჰგვანან... - დაუმატა მან ღიმილით და განაგრძო: მოიყვანე - ამაღამ როგორმე მოუხეორხოთ აქ ბინა, - სასადილო ოთახში დავაწვინოთ და ხვალ-ზეგ წავლენ უთუოდ.
- კი, კი, გავისტუმრებ, რასაკვირველია! - და ივლიანესისევ მოაგონდა დედ-მამა ისეთები, როგორებიც დარბაზში შემოვიდნენ, ტალახიანი, სასაცილოები, „როგორი აურ-ზაურ ასტეხეს“, გაიფიქრა მან. გულში უკმაყოფილო გრძნობამ გაურბინა და უკმაყოფილოდ გასწია კარებისაკენ.
- არ დაგავიწყდეს, დღეს სადარბაზოდ უნდა წახვიდე რამდენსამე ადგილას... უკვე გვიანია და იჩქარე! - მიაძახა ცოლმა.
ივლიანე ჩამოხტა ეტლიდან სასტუმროს კარებთან და სწრაფის ნაბიჯით გასწია ზევით კიბეზე.
- სად მიბრძანდებით, ბატონო! - ჰკითხა მეკარემ.
- აქ, მეოცე ნომერში, - მიუგო ივლიანემ.
- ისინი ბატონო აქ აღარ არიან: უკვე წავიდნენ დილის მატარებლით.
- წავიდნენ!.. - ნელა წარმოსთქვა კიბეზე სახტად დარჩენილმა ივლიანემ.
* * * * * * *
გაბრიელ და აღათი-კი სწორედ ამ დროს ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ ქშენითა და რახრახით მიმავალ მატარებლის თითქმის ცარიელ ვაგონში და საბრალოდ მოკუნტულ აღათის შეუწყვეტლად, ჩუმად, უსიტყვოდ სდიოდა თვალთაგან ცრემლის ნაკადული; მხოლოდ დროთი-დრო, მწარედ, თითქოს ეს-ეს არის გული ამოატანაო, ნელა ამოიკვნესებდა:
- არ გვიკადრა...
გაბრიელს გული უკვდებოდა ამ სიტყვების გაგონებაზე. გრძნობდა იმის საუკეთესო მშობლიურ, დედობრივ გრძნობის შელახვას; უნდოდა ენუგეშებინა - ეთქვა რამ გამამხნევებელი, მაგრამ ხმა ვერ ამოეღო: ეშინოდა თვითონაც არ ატირებულიყო.
















