მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 752 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მამაჩემს ერთი კარგი მეგობარი ჰყავს, სახელად სევა ჰქვია. ვის მამას არა ჰყავს მეგობარი, მაგრამ ისეთი უცნაური კაცი, როგორიც ბიძია სევაა, დედამიწის ზურგზე მეორე არ მეგულება.

ეს რომ ცარიელი სიტყვები არ გეგონოთ, ნუ დაიზარებთ და ცოტა ხანს მომისმინეთ. მე გიამბობთ, როგორ მოდის ხოლმე იგი ჩვენთან სტუმრად, გიამბობთ, რატომ გვიხარია მამას და მე მისი მოსვლა და რატომ არ უხარია დედას... მოკლედ, დავიწყოთ:

მე ვცხოვრობ ერთი ძველი ეკლესიის პირდაპირ, ორსართულიან ლამაზ შენობაში, რომელშიც რვა წლის წინ დავბადებულვარ. ეკლესიის ეზოში კი პატარა, ლურჯაივნიან სახლში, ოცდაცამეტი წლის წინათ დაბადებულა და დღესაც ცხოვრობს მამაჩემის მეგობარი, ბიძია სევა.

მამაჩემს თურმე კარგად ახსოვს, როგორ დაძვრებოდა ხოლმე პატარაობისას სევა ეკლესიის მაღალ სამრეკლოზე, როგორ დასდევდა და ვერ იჭერდა ბებერი მნათე და რა ოსტატურად ხმარობდა პატარა სევა თავის შურდულს, რის წყალობითაც იგი მთელი ქალაქის მეშუშეების უსაყვარლესი ბავშვი ყოფილა. 

იმასაც კი ამბობენ, რომ როცა სევა გაზრდილა და დაჭკვიანებულა, მეშუშეებს თურმე თავიანთი ხელობისათვის თავი მიუნებებიათ და ზოგს - დურგლობა, უმრავლესობას კი ლექსების წერა დაუწყია. 

თვითონ სევას შუშების მტვრევის ნაცვლად სახლების შენებისათვის მიუყვია ხელი და მამაჩემსაც, საბოლოოდ, სწორედ ხარაჩოებზე დამეგობრებია.

და, აი, ერთ სრულიად ჩვეულებრივ საღამოს ჩვენს ოთახში ისმის ზარის ხმა. მამა იხსნის სათვალეს, განზე დებს გაზეთს და იყურება კარისაკენ, რომლის თეთრი ფარდები დედას გასარეცხად ჩამოუხსნია. გარეთ, კარწინ არავინ არის. შუშის იქით მოჩანს ქუჩა, ქუჩის იქით - ეკლესია, ეკლესიის ეზოში - პატარა, ლურჯაივნიანი სახლი.

კვლავ რეკავს ზარი.

- მეზობლის ბავშვებმა სისხლი გამიშრეს! - ამბობს დედა, - რეკავენ და გარბიან! მანამ არ მოისვენებენ, სანამ პოლიციაში არ განვაცხადებ!

- ცოტნე! - მეუბნება მამა წყნარად და თან ულვაშებში ეღიმება, - წადი, გაუღე კარი ბიძია სევას!

დედა ჭერს უყურებს და ოხრავს. მე გახარებული გავრბივარ კარის გასაღებად, ვაღებ და... მართალია, მოულოდნელი არ არის ჩემთვის, მაგრამ მაინც შეშინებული მოვრბივარ უკან, მამასკენ. ღია კარში მოჩანს ბიძია სევას მსუქანი სახე, მაგრამ იმ სიმაღლეზე კი არა, სადაც უნდა იყოს, ბევრად უფრო დაბლა, სულ დაბლა. 

ბიძია სევა ოთხზე შემოდის დერეფანში და ბოხი ხმით ყეფს: - ვავ! ვავ! ვავ! საღამო მშვიდობისა! ვავ!

მამა სიცილით იგუდება. მე ტახტზე ვგორავ, ფეხებს ვიქნევ და დიდხანს ვხარხარებ. დედა არც კი იღიმება.

- ბავშვი ნუ გადამირიე! - მკაცრად ეუბნება იგი ბიძია სევას, - გეყოფა მაიმუნობა!

ბიძია სევა ორ ფეხზე დგება, დათხვრილ შარვალს აუჩქარებლად იბერტყავს და ამბობს:

- სად გინახავთ მაიმუნი ძაღლივით ყეფდეს?

მე ვსარგებლობ იმით, რომ ბიძია სევა ჩემკენ ზურგით დგას, ვეპარები და ზურგზე ვახტები. ბიძია სევა თავბრუდამხვევი სისწრაფით დამაჭენებს მაგიდის გარშემო და ცხენივით ჭიხვინებს, მერე ტლინკებს ყრის და ისე დახტის, მთელი სახლი ზანზარებს. 

მერე ბიძია სევა მე ტახტზე მაგდებს და დინჯად ჯდება სავარძელში, მამას გვერდით. იწყება საქმიანი საუბარი მეგობრებს შორის. დედა ფარდებს აუთოებს.

- გაიგე, კაცო?! - უამბობს ბიძია სევა მამაჩემს, - იმ ჩვენს კოლეგას, არქიტექტორ ბაცაციანს, რვასართულიანი სახლი აუშენებია და კიბის გაკეთება კი დაჰვიწყებია! 

- მერე, როგორ ადის ხალხი ზედა სართულებზე?! - უკვირს დედას.

- როგორ და, სახლის წინ ალვის მაღალი ხეები ჩაურგავთ და დაძვრებიან ზევით-ქვევით ჭიანჭველებივით! - იცინის ბიძია სევა.

მამაც იცინის.

ოთახში დამწვრის სუნი ტრიალებს: დედა პირდაღებული უსმენდა ბიძია სევას. ქათქათა თეთრ ფარდაზე უთომ მუქი ყავისფერი დაღი დატოვა. დედამ ლამის იტიროს, მაგრამ ისევ ბიძია სევა ამშვიდებს:

- არა უშავს! ყველაფერს ეშველება! მომეცით მაკრატელი!

- მაკრატელი? - უკვირს დედას, - რისთვის?

- ახლავე გაიგებთ! - ამბობს ბიძია სევა და მარჯვე პარიკმახერივით აჩხაკუნებს მაკრატელს, რომელიც მე მივურბენინე.

ცოტა ხნის შემდეგ დამწვარი ადგილი ფარდის შუაგულში ამოჭრილია და იქედან ბიძია სევას სასაცილოდ დაჭყანული სახე მოჩანს. 

- ჭიტაა! - იძახის იგი.

- ეს რა ჰქენი, სევა? ეკითხება დედა.

- რა და, ახლა, როცა თქვენს სადარბაზოს ვინმე მოადგება, ფარდის გადაწევა აღარ დაგჭირდებათ!

- თუკი ყველა ოთხი ფეხით მოვა, ისე, როგორც დღეს შენ, მაშინ ვერც ეს ამოჭრილი უშველის საქმეს! - იცინის მამა.

- მაშინ, იცით რა?! - ამბობს ბიძია სევა და არ იცინის, - კარის ამოჭრაც შეიძლება! ეს სულ არ არის ძნელი! ცოტნე, მომიტანე ხერხი!

თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ჩვენი საკუჭნაოსკენ. დედა თურმე ფეხდაფეხ მომდევდა და, როგორც კი შიგ შევდივარ, გარედან ურდულით მიკეტავს კარს.

- ახლა ბრძანდებოდე მანდ, ვაჟბატონო! სანამ ჭკუას არ ისწავლი და სხვის სისულელეს აღარ აჰყვები! - მესმის მისი ხმა.

მე ხმამაღლა ვღრიალებ.

- ცოტნე რა შუაშია?! - მესმის ბიძია სევას აღშფოთებული ყვირილი, - მე გადაჭრით მოვითხოვ ცოტნეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

- მაშინ ნამდვილი დამნაშავე უნდა დაისაჯოს! - იცინის მამა.

- თანახმა ვარ! - ყვირის ბიძია სევა, - დამაპატიმრეთ! 

იღება საკუჭნაოს კარი და ჩემს ადგილს იკავებს ბიძია სევა. თუმცა ეს მას სულაც არ ეადვილება: მისი ვეებერთელა ღიპი ძლივს ეტევა ჩვენს პატარა საკუჭნაოში. დედა ისევ კეტავს ურდულს და კმაყოფილი უბრუნდება საქმეს. 

მამა გაზეთის კითხვას განაგრძობს. მე საკუჭნაოს კარს არ ვცილდები: მინდა ჩემი ყურით მოვისმინო, როგორ შეახრამუნებენ ვიოთაგვები ბიძია სევას. მალე მართლაც მესმის ღრაჭაღრუჭის ხმა და მიკვირს, რომ ბიძია სევა ხმასაც არ იღებს.

ცოტა ხნის შემდეგ საკუჭნაოდან გვესმის:

- ღრუტ-ღრუტ! კარი გამიღეთ! ღრუტ-ღრუტ! გავძეხი!

დედა შუბლში ირტყამს ხელს და ელდანაკრავივით ხტება:

- ეს რა დამემართა! როგორ შეიძლებოდა სევას შეშვება საკუჭნაოში?! იქ ხომ კომპოტებს ვინახავთ!

დედა აღებს კარს და სიბნელიდან გამოდის სახეგაბადრული ბიძია სევა ქილით ხელში. იგი მადიანად ილოკავს გატკბილულ ტუჩებს და ამბობს:

- მაპატიეთ, მაგრამ მეოთხე ქილას ვეღარ მოვერიე, ნახევრამდე ძლივს დავიყვანე. დანარჩენს ცოტნე მოუვლის! - და მიწვდის ქილას, - შესანიშნავი თეთრი ბალია! 

მე სიამოვნებით შევექცევი კომპოტის ტკბილ ნარჩენს.

- ცოტა დამიტოვე! - მთხოვს მამა და მე, რა თქმა უნდა, ვუსრულებ თხოვნას.

დედა ვალერიანს ისხამს პატარა ჭიქაში და წვეთებს ითვლის.

- რა მშვენიერი საკუჭნაო გაქვთ! - აღტაცებულია ბიძია სევა, - ის თევზის კონსერვები საიდანღა გაქვთ? ნაყიდია თუ ისიც თქვენი ნახელავია?

- რაო? ნუთუ თევზიც შეჭამე? - აღშფოთებულია დედა.

- არა, არა! - ამშვიდებს ბიძია სევა, - თევზი არ მიყვარს, იმიტომ, რომ გემის გემო აქვს!

მე ვუყურებ ბიძია სევას უზარმაზარ მრგვალ მუცელს და არ მიკვირს, რომ კაცს შეიძლება გემის გემოც ჰქონდეს გასინჯული. გააჩნია გემს და, კაცსაც გააჩნია! ბიძია სევასგან კი ყველაფერი უცნაური ადვილად მოსალოდნელია.

- ბიძია სევა! - ვეხვეწები, – მიამბე, როგორ შეჭამე გემი!

- დიდი სიამოვნებით! - მპასუხობს ის და მამის გვერდით, სავარძელში, მოხერხებულად ჯდება. მე კალთაში ვუჯდები.

მამა ათავებს კომფოტის ჭამას, ცარიელ ქილას იატაკზე დგამს და სმენად იქცევა. დედაც კი მზად არის ამ უცნაური ამბის მოსასმენად, თუმცა ცდილობს, არ შეიმჩნიოს.

- ჰოდა, ერთხელაც... უცაბედად... - იწყებს ბიძია სევა, მაგრამ თვალები ნელ-ნელა ელულება, ლოყები ებერება, თავი მკერდზე უვარდება და... - ქხხხ!.. ქხხხ! - ოთახში ისეთი ხვრინვა გაისმის, თითქოს ვიღაცამ ელექტროხერხი აამუშავაო.

- არიქა! - ყვირის დედა, - მიშველეთ, სევა იძინებს! არ მისცეთ ნება! დავიღუპებით! მაგას ვინღა გააღვიძებს?!

მე ყურებში ვაფრინდები ბიძია სევას და, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვანჯღრევ; მამა გვერდებში უღიტინებს; მაგრამ ყველაფერი ამაოა! ბიძია სევა უკვე ხვრინავს და ზანზარებს ჩვენი ოთახის სქელი კედლები, ზრიალებს ფანჯრის მინები, საქანელასავით ქანაობს დიდი ჭაღი დაბზარულ ჭერზე.

...სანამ სძინავს ამ უცნაურ ადამიანს, რომლის მსგავსიც მთელ დედამიწის ზურგზე არ მეგულება, სანამ მას ესიზმრება რვასართულიანი უკიბო სახლი და ერთხელ უცაბედად შეჭმული ნამდვილი გემი, გირჩევთ, იჩქაროთ ძველი ეკლესიის პირდაპირ მდგარი ჩემი სახლისკენ, რომლის სადარბაზო კარის ფანჯრებს უკვე ამშვენებს შუაგულში ამოჭრილი თეთრი ფარდა. 

შემოიჭყიტეთ შიგ და თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი, რაც გიამბეთ, სრული სიმართლეა. და როცა გაიღვიძებს, მე გაგაცნობთ მას, ნამდვილ, ცოცხალ ბიძია სევას, უცნაურ კაცს, რომელსაც უყვარს თეთრი ბლის კომპოტი, ბევრი სიცილი და პატარა ბავშვები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ