მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 470 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ხაშმი

 

ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას "ავჰაეროვანსა და უმავშნოს" უწოდებს; ბებიაჩემი ნინოც მიყვებოდა ხოლმე, - კომშებივით იყვნენ დაყვითლებულნი და დაბუსუსებულნი ციებისაგან ჩვენებურები; გამოვიდოდნენ დასხდებოდნენ მყუდროებში თავწახვეულები, სწორად ვერ სხდებოდნენ, ტყირპები ჰქონდათ დასიებულები, გადახრილები იყვნენ საცოდავადო.

მეც კი მახსოვს ციებიანები, მიყუდებულები მზემიმდგარ კედელთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს ყოფილა.

ჯერ ის რად ღირს, რომ რამდენიმე კომლს დღესაც სჯერა, რომ შთამომავლები არიან სახელგანთქმული კაწარელებისა. კაწარეთიდან მათი პაპისპაპანი ჩამოსახლებულან ძველ ხაშმში, ივრისა და ლაფიანხევის შესართავთან, იქიდან, ნაწილს ცოტა ქვემოთაც ჩამოუწევიათ, ფიქლიანის აღმართის დაბლა, საბოლოოდ კი ახლანდელ ადგილას დამკვიდრებულან.

აქ, დღევანდელ ქვემო უბანში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყოფილა კარგად შეკრული მონასტერისა. ნაწილი უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ირგვლივ ჩანს ხაშმელთა ყველაზე ძველი სახლები.

აქაური კაცი, დიდი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, 1844 წლის რუსულ ”სოვრემენიკში” წერს: სერისკენ რომ გახედავ, დაბლითა შემაღლებაზე დაინახავთ ახალაღმართულ წმინდა გიორგის მშვენიერ ეკლესიასო. ესე იგი, ზემო უბანი მაშინ ჯერ კიდევ არ ჩანს ეკლესიის იქით.

უფრო ადრე, რუსთა წინააღმდეგ - კახეთის აჯანყების დღეებში, 1812 წელს, ხაშმს დიდად უმედგრია. ამაზე მეტი დიდი და პატარა შეჰკვდომია რუსის ჯარს. რუსებსაც სათანადოდ დაუფასებიათ ეს სიმამაცე, ცეცხლისთვის მიუციათ სოფელი. მაგრამ დღეს ხაშმი დიდი სოფელია, რვაასამდე კომლს ითვლის. არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს ცნობა, მაგრამ, ამბობენ, მარტო მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი ორმოცზე მეტი კაციაო აქაური. ხაშმელები ძალიან მხრებგაშლილები დადიან.

დავბადებულვარ აქ, ამ სოფელში, ქვემოუბანში, ჩრდილოეთისკენ ყველაზე განაპირებულ სახლში, 1926 წლის დეკემბრის ოცის განთიადისას. მაშინვე უფრინებიათ მახარობლად ჩვენი მეზობელი გვარიძიანთ ქეთო დედაჩემის მამასთან. პაპაჩემს, გიორგის, მეტსახელად ლიტრიძირს, ვერცხლის მანეთიანი უჩუქებია სამახარობლო.

აი, ამოდენა მანეთიანი იყოო, მოამგვალებდა ცერითა და საჩვენებული თითით ქეთო, თვითონ კიდევ, პაპას, აუკიდია კარგად მოზრდილი გოჭი და თოვაში ჭყივილ-ჭყივილით გადმოუყვანია ჩვენთან, - ძეობისთვის დაგჭირდებათო. მაგრამ დედაჩემი მშობიარობის თანავე ცუდად გამხდარა, გოჭისთვის კარგად ვერ მიუხედიათ და მოჰკვდომიათ. ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღეს კი უწოვებია დედაჩემს და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუა ჩემი მაწოვებდა თურმე (კოჭლი, ძალიან ნერვიული ქალი) ხან მეზობელი პატარძლები.

- ისეთი გამხდარი იყავი, შვილო, სულ მეტირებოდა, ხელში რომ აგიყვანდიო - მეტყოდა ხოლმე დედა. სამაგიეროდ, მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. სულ მეჩვენებოდა, რომ ნათესავები და მოკეთეები იყვნენ ყველანი ჩემს ირგვლივ.

დაცოლშვილებულსაც კი ისე მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა.

ან წყალი გამეყვანა, ან გზა, ან ბიბლიოთეკა ამეშენებინა! მე ისიც კი ვერ შევძელ, ჩემი ეზო-ყურესთვის მიმეხედა, როგორც საჭიროა. წლები გადის, ფეხიც კი არ დამიდგამს ჩემს ეზოში. ღამით კი, სიზმრებში, ხშირად ვარ იქ.

ათეული წელია, უჯარმაში ვატარებ ზაფხულის ორ თვეს მაინც, უჯარმას არასოდეს ვნახულობ სიზმრად, ხაშმში კი, კვირა არ გავა, იქ არ ვიყო, თან სულ მძიმე სიზმრებში!

ხან ჩემი ეზოს დიდი კაკალია გამხმარი და ტოტებჩამოლეწილი, მღვრიე წყალია ბაღჩაში შევარდნილი, ხანაც სახურავი ენგრევა, ან უკვე ჩანგრევია, ჩვენს სახლს. შიგაც არავინ არის, არც ჩვენთან, არც ბიძაჩემთან.

ვდგავარ ხოლმე ძირს და ვეძახი ჩემს ძმას, მერე ბიძაჩემ გიორგის. ხმას არავინ მცემს. ცივად და შავად იყურებიან ფანჯრები. ამომიჯდება გული, ავტირდები…

დღისით, ღამის გახსენებისას, ვითომ ვიცინი: “ხაშმო, ტკბილად შემკობილო, თეატრო და კლუბიანო, სოფლის თავში მაშტიაო, სოფლის ბოლოს კუზიანო", - ვიმეორებ ჩვენებური მაჩვი ნიკუას ლექსს, საწყალი მაჩვი ნიკუას იშვიათი იუმორით თქმულ ლექსს, ვითომ დარდს ვიშორებ გულიდან, მაგრამ მე და ხაშმმა ხომ ვიცით, საქმე როგორც არის! თავის მაღლა აწევა მიჭირს მის წინაშე.

 

ჩემი წარმომავლობა

 

ინანიშვილები ძირძველი ხაშმელები არა ვართ. პაპაჩემის მამას, რევაზს უთხოვია აქაური ოქრუაშვილების ქალი ბაბალე. ჩვენ და ბიძაჩემის ოჯახს, დღესაც ოქრუაანი გვქვია.

წარმომავლობით ინანიშვილები წიგნით კახელები უნდა ვიყვნეთ, უფრო ქიზიყიდან. რევაზის მამა უფრო სასულიერო პირი ყოფილა, სამი ვაჟი ჰყოლია - რევაზი და კიდევ ორნი კონსტანტინე და ვლადიმერი. კონსტანტინე ოფიცერი გამხდარა, ყირიმის ომში მიუღია მონაწილეობა (გვქონდა ორი იმდროინდელი მედალი), ძალიან ვიწრო ჩექმები ჰყვარებია. კორძები გასჩენია, მოუჭერია, განგრენა დამართვნია და ვეღარ უშველიათ. ამ კონსტანტინეს რუსეთიდან ერთი ნათესავისათვის სამოვარი და ჩაი გამოუგზავნია, ნათესავს უფიქრია, სამოვარი თურქული ყალიონია, ჩაი კიდევ - თუთუნიო და მოუწევიათ…

მეორე ძმა, ვლადიმერი, ერთ-ერთ პირველ ქართულ აგრონომად ჩანს. წამიკითხავს მისი რუსულად დაწერილი წიგნი. ფიქრობ, რომ ვლადიმერი მშვენიერ ცოდნას ამჟღავნებს საქმისას. ცოლი ჰყოლია, ვგონებ, გერმანელი. ვლადიმერი ადრე გარდაიცვალა. ცოლი საქართველოდან წასულა და თან წაუყვანია შვიდი წლის ერთადერთი ბიჭი. მას მერე მათი არაფერი გაუგონია არავის.

რევაზს არ უსწავლია. იმას საბაყლოები ჰქონია თბილისში, ზედ ~დვარცოვზე~, დახლებში დახლიდრები ეყენა, თვითონ კიდევ ერთი “ბოიდაღი” (ტანადი) კაცი, - კრაველის მაღალი ბოხოხით, ყურთმაჯებიანი ჩოხით, - შემოიდგამდა დოინჯს და იდგა. მეტსახელად კონუა რქმევია. ათგირვანქიანი მუშტი ჰქონებია, კრივში ღრიალით ჰყვარებია ჩასვლა და ბანებზე გადმომდგარი ქალები დასძახოდნენ თურმე: ხმის ჩაწყვეტა, კონო! ცოტა ჩუმად, გულები უსკდებათ ყმაწვილებსო. მისი ცოლის დისწული, ცნობილი კალატოზი ესტატე (ომის შემდეგ იძახდა, ას ოცი წლის ვარო) ამრეზით უყურებდა ყველას, - ვისა ჰგავხართ თქვენა, ბიძაჩემს ყურებზე ჰქონდა გადაწყობილი ულვაშებიო.

ერთხელ ამ კონუას საბაყლოდან ვორონცოვის ლაქიას (იქნებ სხვა მეფისნაცვალის ან მთავარმართებლის ლაქიაც იყო, მაგრამ მაშინ თბილისელები ყველას “ვარანცოვს” ეძახდნენ) ერთი დიდი საზამთრო წაუღია. საზამთრო ლაყე გამომდგარა, ლაქიას უკან მოუტანია და “დოსტებში” მდგარ კონუასთვის მიუხეთქებია. კონუა სასაცილოდ გაწუწულა,ერთი ამოუღმუვლია, ერთი დაუკრავს იმ ლაქიისთვის და “თავის ქვეყანაში სულად გაუმგზავრებია”. ესაც ესტატეს სიტყვებია .

რაღა თქმა უნდა, რევაზი გაუციმბირებიათ. დიდხანს ყოფილა კატორღაში, ხოლო იქიდან რომ დაბრუნებულა, თბილისში აღარც საბაყლოები ჰქონია, აღარც სახლი. მის ცოლს, ბაბალეს, ოთხი ბავშვი, სამი ვაჟი და ერთი ქალი, თავის სამშობლოში ხაშმში წაეყვანა, იქ ეწეოდა, თურმე, კატორღელის მეუღლის ჭაპანს. ბოღმით გაგუდული რევაზი ვენახებს მისდგომია, მუშაობდაო, სანახავად უვლია ხალხს. თან სვამდა, თურმე.

წლისთავზე გაციებულა ნასვამი, ოფლიანი, არ დაწოლილა, ვენახში ამოსვლია სული. საწყალი ბაბალე ახლა ქვრივის ჭაპანში შებმულა. ქმრის დაკრძალვისთვის ნათლია მღვდლისგან უსესხნია 30 მანეთი. ჩემს ახალგაზრდობაში მინახავს ეს ქაღალდები. მეორე წელიწადს 30 მანეთი უკვვე სამასია.

ამ ვალის მარტო სარგებელში ყოველწლიურად სამი-ოთხი საპალნე ღვინო მიჰქონებია მღვდელს ოცდათორმეტი წლის განმავლობაში, სანამ საბჭოთა ხელისუფლება არ დამყარებულა საქართველოშიც. შემორჩენილი გვაქვს ბაბალეს ჩანაწერები დათარიღებული - 1888 წლით, რა როგორ იყო და რაში რამდენი გადაუხდია. აი, ორი პატარა ადგილი:

1. “მაისში რომ ქალაქ წავედი, ოთხი აბაზი გვარიძეს მივეცი, ორი აბაზი წყალში რომ გამიყვანეს, იმათ მივეცი, ერთი აბაზით გზაში პური ვაჭამევი, იქიდან რომ წამოვედი, ექვსი აბაზი უჯარმელ კაცს მივეცი”.

2. “თორმეტ თვეს სუ რაზბორი თვეში ორჯერ მივდიოდი ქალაქშია, მთელი სოფელი ზოგჯერ თუ ფული მეხარჯებოდა, ბევრჯერ ჩემ ჯანსა ვხარჯამდი და ფეხით მივდიოდი და მოვდიოდი”. სულ იგრძნობა, რა ცრემლის ზღვაც მდგარა ამ ჩანაწერების უკან.

პაპაჩემი ივანე ადრე დაუქორწინებიათ ჩვენუბნელსავე ქალზე, ხატიაშვილ ნინოზე (აი, ამ ხატიაშვილებსაც ჰქონიათ პრეტენზია კაწარეთელთა შთამომავლობაზე). ყოფილან ესენი მესაქონლენი და პურის მომყვანები. საოცრებას წარმოადგენდა მათი ვეება მარნის მუხის დედაბოძი და თავხე - შემკული ჩუქურთმებით. ინანიშვილები და ოქრუაშვილები, თურმე, მაინც, ცხვირს უბზუებდნენ ბებიაჩემ ნინოს, გარეგნულადაც, ალბათ, დიდად თვალმახარას არა (შავგვრემანი იყო, ტანმომცრო), მაგრამ ბებიაჩემი ამაყად იტყოდა ხოლმე, - ამათ წიგნი იცოდნენ ყველამა, სამაგიეროდ, მე ორმოცი თუმანი მარტო ქრთამი მქონდა, მზითვებში კიდევ სხვაო.

“წიგნი” ბებიაჩემმაც იცოდა და კარგადაც, ბუნებით ხომ, ახლა რომ ვფიქრობ გამორჩეული იყო ყველასგან. ოცდასამი წლისა დაქვრივებულა, ოთხი შვილი დარჩენია. მაგრამ ერთხელ, ცამეტი წლის რომ ვიყავი, ეშმაკად ასეთი რამ წამცდა, - რა გული გაგისკდა მეთქი, - და მთელ დღეს იტირა, ეგ როგორა მკადრეო. თავისთვის ჰქონდა რვეულები, ბლოკნოტები, შიგ ეწერა რევოლიციური სიმღერები, ლექსები. იქნებ საკუთარი ლექსებიც. ვაი, რომ ახლა მთლიანად დაკარგულია ჩვენი ძველი ქაღალდები! არადა თვითონ როგორ უფრთხილდებოდა…

ერთი ეს მახსოვს მის მეუღლეზე თქმული: მთელ დესეტინა ყარაბულახის ვენახს რომ გვიყიდიდნენ “ტორგში”, ის იჯდა და დავითიანს კითხულობდა.

 

“ბებია-ჩემი მზე"

 

პირველად არ ვწერ მასზე. ჩემი მოთხრობების რამდენიმე პასაჟი მიძღვნილია მისადმი, მაგრამ მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება, ვუყურო მას, არა როგორც მოთხრობის პერსონაჟს, არამედ ჩვეულებრივ ჩემს მახლობელ ადამიანს.

როგორც ამ ჩანაწერების დასაწყისშივე მოგახსენეთ, ჩემი დაბადების შემდეგ დედა ცუდად გამხდარა, სულ გული მისდიოდა თურმე. მე ბებიას ვებარე, ის მივლიდა, ის დამატარებდა სხვათა ძუძუს მოსაწოვებლადაც. ოცდაორი წლის ვიყავი, ბებია რომ გარდამეცვალა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, სახის ნაკვთები როგორი იყო.

ის იყო, საერთოდ ბებია, თალხებით შემოსილი (მის კაბებს ყოველთვის ასდიოდა ბუხრის, კვამლისა და დამწვარი რძის სუნი), ძველ ქართულად ზრდილი, ტკბილი, თბილი, იმედიანი. საცა ის იყო, მეც იქ ვიყავი, საცა მე, ბებიაც იქა. თუ ფეხზე იდგა, კალთაზე ვიყავი მიკრული, თუ იჯდა, კალთაში ვიჯექი.

ავიდოდა ბაღჩაში და ვენახში სამუშაოდ და მეც თან მივყავდი. მე დამახურებდა წვერებწაკვანძული ცვირსახოცის ქუდს, თვითონ დაიწყებდა ხახვის მარგვლას, ან პომიდორის ახვევას და, - გამომართვი ნამგალიო და ბილიკზე დაყარეო, მომაწოდე სახვევიო, კიდევ მომაწოდე სახვევიო, – საქმეში გავყავდი.

მე მახარებდა ეს, შინ ნაჯაფარი კაცივით ვბრუნდებოდი. ბებია კი თან მამუშავებდა, მიხსნიდა, რა რას წარმოადგენდა ადამიანისათვის. დამამხსოვრდა კარტოფილზე თქმული: ადრე, შვილო, ჩვენშიაც და სხვაგანაც ხშირად იცოდა შიმშილობა, ჩამოდგებოდა რამდენიმე კვირას ძლიერი გვალვა, მოსწვამდა, მოფშრუკავდა ყვავილობისას პურეულს და დაიმშეოდა ქვეყანა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კარტოფილი შემოიტანეს ამერიკიდან, უპურობა ისე ვეღარ აწუხებს ადამიანებს, კარტოფილი დიდ სიცხეებს ასწრებს, მაწევრობით კი დიდად არ ჩამოუვარდება პურს, თან დიდი მოსავალიც იცისო.

აიელვებდა ჩვენგან სამხრეთით, სამგორის გასწვრივ და გაეღიმებოდა ბებიას: ღმერთო, ღმერთო, ჯავახეთისკენ წვიმს, საქართველოს პური არ გაუჭირდებაო. ვინ იცის, რა დროიდან იყო წამოსული ეს რწმენა!

აიღებდა ზაფხულის სიცხეში კიტრს, წააჭრიდა თავს, და იმ წანაჭრელს მომაკრავდა შუბლზე, მერე ნათალებსაც მომაკრავდა ცხვირზე, საფეთქლებზე, ნიკაპზე თვითონაც მიიკრავდა ნათალებს, თან კიტრს გეახლებოდით, თან იმ სიჯანსაღის ცერემონიალით ვტკბებოდით.

მაჭმევდა ვაზის პწკალებს, მაყვლის ძალიან ნორჩ ყლორტებს, ყინტორას და სხვა ხილის წაკალუკს.

ახლაც ხომ დიდი თავი მაქვს და პატარაობისას მთლად დიდი მქონია. ერთხელ ერთ უცხო კაცს უთქვამს ბებიასთვის: ეს ბიჭი ან გენიოსი გამოვა, ან ოლიგოფრენიო. ბებიას იმ წუთში ვერ გაუგია. რასაც ნიშნავდა ოლიგოფრენი, მერე, რომ უთქვამთ, გაცეცხლებულა, - დაუბრმავდეს თვალები, ჩემი ბიჭის თვალების პატრონს ოლიგოფრენობისა რა შეატყოო. ეს რომ გავიგე, მეც დავიწყე თვალმოწონება ჩემი თვალებით, ვახამხამებდი და ვახამხამებდი. ახლა ამაზე შეაწუხა ბებიამ გული, - ვაიმეო, რა გემართებაო! თავშიშველი რომ დადიხარ მზეში, მაგიტომაო.

წლისა რომ გავმხდარვარ, - წინათ ჩვენში ასეთი რწმენა ჰქონდათ. დავუსვივარ, შემოუყრიათ ირგვლივ სხვადასხვა ხელობის იარაღები: კოჭებიანი საანგარიშო, წალდი, სადგისი, ასტამი, კალამი, ნალი, ხერხი და სხვა რაღაცები. რასაც პირველად მოჰკიდებდა ბავშვი ხელს, იმ ხელობის კაცი გამოვიდოდა. ბებია მეტყოდა ხოლმე, შენო კალამს დასწვდი მაშინვეო. არა მჯერა, ერთი წლის ბავშვმა, კოჭებიანი საანგარიშოს გვერდით, კალამს წაატანოს ხელი, მაგრამ ეგრე იყოო, დაუდასტურებია დედასაც, და მეც, მეტი რაღა ძალაა, ვუჯერებ.

წერა-კითხვა ძალიან პატარას მასწავლა ბებიამ. სულ კარგად მახსოვს წერა-კითხვაც მასწავლა და დათვლაც. დათვლა მარტო ქართულად კი არ რუსულადაც და თათრულადაც. გამორჩეულად მსიამოვნებდა ეს თათრული დათვლა. ერთხელ მამიდაჩემის მულის ქმარი, მენშევიკური მთავრობის ფოსტა-ტელეგრაფის ნამინისტრალი დავით ჭიაბერაშვილი იყო ჩვენთან სტუმრად.

რომ ნახა, რეები ვიცოდი, საათის ცნობასაც გასწავლიო. აიბჯინა მსხვილი, კორძებიანი ხელჯოხი, დაიხარა და დამიწყო ახსნა - რა როგორც იყო ჩვენს ენიან საათზე საამურად რომ გაჰქონდა ტიკტაკი. ჩანს, ისე ნათლად ამიხსნა ყველაფერი, ის დღე იყო და საათის ცნობაც ვიცოდი.

თუ ჟინჟღლავდა, რა თქმა უნდა, ზაფხულში ბებია და მე ვისხედით აივანზე და გადავყურებდით ქვეყანას. ტახტზე მქონდა აკრეფილი ფეხები და რაიმე თბილიც წაფარებული. ჩვენს წინ და ზემოთ სახლები არ იყო. წინ იყო ჩანისნული დიდი ივრის ჭალა, ზემოთ -სულ ვენახები. იმ ჭალაში ვენახებში და გორაკებში იდუმალებით გამოირჩეოდა ორი მთა, ერთი ამბარა, მწოლიარე კაცი კეხიანი ცხვირით ამომართული მაღლა, მეორე იალნო, დიდი იალნო.

ბებია მიყვებოდა ბიბლიურ ამბებს: როგორ წახდა ქვეყნიერება, მართალს რომ აღარ ამბობდა აღარავინ, როგორ უბრძანა უფალმა ნოეს, აეგო კიდობანი… ააგო ნოემ კიდობანი უზარმაზარი, შეიყვანა შიგ ყოველი ცხოველისა და ფრინველის დედალ-მამალი. დაიწყო წარღვნა. კამეჩი დარჩენილიყო გარეთ. - ნოე! ნოე! ნოე! - იძახდა საბრალობლად. შეიყვანა კიდობანში კამეჩიც ნოემ. გაგრძელდა წარღვნა ორმოცი დღე და ღამე… მთელი სხეულით განვიცდიდით ამ ამბებს, ვეხუტებოდით ბებიას…

ბებია მასწავლიდა ძალიან კარგ ლექსებსაც: “ვარდმა გასძახა ბულბულსა, ეგ ბაღი დამიცალეო, განა სხვა ბაღი არ არის, რა ჩემთვის მოიცალეო”, ანდა: “მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, აგერ, საწყალი, გორავსა”,ანდა: “ნეტამც არ ჩაგძინებოდა, ჩიტო ნიბლიავ, ნარზედა, წამოგიქროლებს ალალი, წაგიღებს მაღლა მთაზედა”. სადაც მაღალი მთა-იალნო იყო, იქ მიჰქონდათ ალალებს ნიბლიები, იქ ფანტავდენ მათ ნაზ ბუმბულებს.

ჩამოჯანღულ, ჩამოღამებულ იალნოზე დააბოტებდენ დიდი, წითელპირიანი დათვები, ისხდნენ ჩასაფრებულნი მაღლა თავაწეული მგლები, ხროვად გარბოდნენ ჩხავანა ტურები. ზოგჯერ ტურები მოდიოდენ ჩვენთანაც, ჩვენი კაკლის ქვეშ, იქ ასტეხდნენ კივილს და გააგიჟებდენ ძაღლებს…

ყოველი დაძინების წინ მე ვიტყოდი ლექსს: “დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით დამესვენება”. ბებია დამასხამდა პირჯვარს: “ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი”, - და მშვიდად დამეძინებოდა.

თუ რამდენად ვიყავი შეკვეთილი ბებიასთან, ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები. ციებით დაშინებული ხაშმელები, ვისაც არ შეეძლო, ზაფხულობით, ერთი-ორი თვით მეზობელ სოფლებში გადმოდიოდენ. ერთხელ, მამამ და ბიძაჩემმა, დედის ძმამ, ჩაგვსხეს მთელი ორი ოჯახი დიდ ფურგუნში, ჩატვირთეს უკან ლოგინებიც და წაგვიყვანეს მუხროვანში, ბავშვები ჰაერს გამოიცვლიან და გაკაჟდებიანო. ბიძაჩემი იქ მუშაობდა, რუსის ოჯახში ეკავა პატარა სახლის ზედა სართული.

მე მომეწონა ეს მგზავრობა: იორში გასვლა, ყანებსა და სათიბურებს შორის სიარული, ჩადაბლებულში პატარა ლურჯი ტბა, მერე კლდეები, მუხნარი ტყე. მუხროვანში, სანამ დიდები პურობდნენ (ერთი რუსი მალ-მალ ყვიროდა, - გაუმარდჟოს!), ჩვენ, პატარები დავრბოდით, ვიმალებოდით ვეება ძირხვენებში, მეც ვიცინოდი სხვებთან ერთად, მაგრამ რომ დაღამდა, ქალებმა ლოგინების გაშლა დაიწყეს, მე ტირილი ავტეხე-ბებოსთან მინდა, ბებოსთან მინდა-მეთქი, დამაჭანჭყარა დედამ, მოიხსნა ქამარი მამამ, მაგრამ არა და არა, არ გავჩუმდი, - აქ არ დავიძინებ, ბებიასთან მინდა-მეთქი.

მაშინ მოვიდა ბებიაჩემი, - მოიცათ, ხალხო, არ გადავრიოთ ყმაწვილიო. შეაბა ფურგუნში ცხენები, ჩააგო რბილად თივა, ჩამსვა, წამოიღო პრიალა რუსული შაშხანაც დ აი იმ გვიან ვახშმობას, საერთო ჩოჩქოლში, წამომიყვანა ხაშმში. კიდევ კარგი, რომ მთვარე ანათებდა, თორემ იმ დროს არც თუ უხიფათო იყო იორში გასვლა. ბიძაჩემმა, ჩემს გასამხნევებლად, სამჯერ ისროლა შაშხანა, სამჯერვე სულ შეაჯერა მთები, მერე თვითონ წაუძღვა ცხენებს წყალში, ისე გავედით გაღმა და შუაღამისას მიჰგვარა თვისი დიდთავა შვილიშვილი ბებიას. რომ გავფრიალდი და მივუწყდი კალთაზე, ასე მგონია იმ კალთაზე მიმეძინა ისევე.

დაუსრულებლივ შემიძლია ლაპარაკი ბებიაზე, მაგრამ აქ ჯერ-ჯერობით კმარა.

 

დედა და მამა

 

დედაჩემი თამარ მამულაშვილების ქალი იყო, ისიც ხაშმელი, ისიც ქვემოუბნელი. მამამისს, გიორგის, ზემოთ უკვე ვთქვი, მეტსახელად ლიტრიძირს, სამი შვილი ჰყავდა, ორი ვაჟი და დედაჩემი, ყველაზე უმცროსი. ამ გიორგი პაპას ეძღვნება მოთხრობა “ზამთარი”, მის ბავშვობას - “ქარი რომ უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა”.

ეს ბოლო მოთხრობა მთლიანად დოკუმენტური არ არის. ამას ბედნიერი დასასრული აქვს (ასე მინდოდა დამთავრებულიყო მოთხრობა ბავშვებისათვის), სინამდვილეში კი პატარა და დაეღუპა. ერთხელ გაცხელებული იყო, გავარვარებული, მე, ცხრა წლისამ, სულ ცოტა ხნით დავტოვე მარტო, ბიჭებში გავედი ხმის ამოსაღებად და რომ დავბრუნდი, გაციებული დამხვდაო, ცრემლები კი ისევ ედგა ღია თვალებშიო.

მოიჭერდა პაპა ხელს შუბლზე, დახუჭავდა თვალებს. დედ-მამით ობოლს, იმდენნაირი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი ბავშვობაში, ათ კაცს ეყოფოდა ხასიათის გაძაღლებისათვის. პატარა დაც რომ მომიკვდა და მთლად მარტო დავრჩი ჩვენს პატარა ქოხში, მე და ერთი ჩემი ამხანაგი, ისიც დედ-მამით ობოლი, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადავსახლდით, იქ ერთი პატარა მინაშენი იყო, იქ ვიყავით მობღუნძულები. მოდიოდენენ ეკლესიაში და მოგვიკითხამდენენ ხოლმე ვინ რით, ვინ რით.

ერთხელ ერთ ჭექა-ქუხილიან ღამეს, ნათელი სიზმარი ვნახე: დაჭექა ცამ, გაირღვა ღრუბლები, გამობრწყინდა წმინდა გიორგი - თეთრ ცხენზე, მაღალი შუბით დამადგა თავზე და მკითხა მკაცრად,: - "ქონება გინდაო თუ ჯანმრთელობაო". მე მაციებდა, სულ ცუდად ვიყავი, ქონებას რა თავში ვიხლიდი, ჯანმრთელობა-მეთქი.

- ასრულდესო! - ასწია შუბი და წავიდა, შეერია ღრუბლებს. ამხანაგმა რომ გაიღვიძა და სიზმარი ვუამბე, ჩხუბი დამიწყო, ცარიელი ჯანმრთელობა რას გამოგიყრის, ქონება უნდა გეთხოვაო. მაგრამ იმ დღიდან ჩემი ბედის ბორბალმა სულ წაღმა იწყო ტრიალი. წამიყვანა სოფლის "ბორჩიკმა" (ალბათ, გადასახადების ამკრეფმა), დამბანა, ჩამაცვა, შვილივით მომიარა, - მე ხომ ცეცხლის კალოში ჩავდგებოდი, იმას რომ ეთქვა, - ბოლოს საქმეშიც გამიყვანა და ბებიათქვენიც იმან მათხოვნინა, ჩვენი სოფიო. ბებია გოგნიაშვილების ქალი იყო. ნაყვავილარი სახისა, მაგრამ საოცრად მხნე.

სოფიოს საკმაოდ დიდი მამული მოჰყვა მზითევად. პაპაც დაუღლელი იყო, ბებიაც, საზრისიანობაც არ აკლდათ და ბოლოს ისეთი ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, ეს დრო რომ დადგა, გააკულაკეს. კიდევ კარგიო, ვიღაც დიდ კაცს აქებდა პაპა (ესაც ნათქვამი მაქვს მოთხრობა "ზამთარში"), იმ კაცმა გადამარჩინაო. ოცდაჩვიდმეტში მაინც დაიჭირეს 69 წლისა და აქვე, ნავთლუღის ბოლოზე დახვრიტეს.

აი, ამ ძლიერი ოჯახის ნანატრი ქალიშვილი იყო დედაჩემი, ქალაქშიც ნასწავლი, თვით ახალგიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში), წიგნების მოყვარული. რასაც დედა იტყოდა, მათი ოჯახისათვის კანონი იყო. გიმნაზიაშიც დიდხანს არ უსწავლია. ომი იყო, ძალიან ჭირდა, თან უცხო ოჯახში იყო მიბარებული და, ერთხელ რომ პაპაჩემი ჩასულა, გამოჰყოლია, საბოლოოდ დაბრუნებულა თავის სოფელში. აქ უკვე ჰყვარებია მამაჩემი. მე ცამეტი წლისა ვიყავი, რომ გადავირიეთ, მამათქვენი კიდევ თექვსმეტისო.

თუ როგორ იყო ეს სიყვარული, თვალნათლივ ჩანს აქედან: მთელ დღეს რომ ერთად ვყოფილიყავით, საღამოს ისევ წერილებს ვწერდით ერთმანეთსო. ხან ვის ატანდნენ, თურმე, ამ წერილებს, ხან-ვის. რაღა თქმა უნდა, ქვეყანას მოედო ეს ამბავი. პაპა, ბებია და დედაჩემის ძმები გიჟდებოდნენ თურმე.

მამაჩემს, კოტე ინანიშვილს, მამით ობოლს, ჩვილბავშვობიდანვე დანგრეული, დარბეული ოჯახის შვილს (ძველი ვალის მარტო სარგებელში რომ მიჰქონდათ 3-4 საპალნე ღვინო), ერთი ძმისა და ორი დის პატრონს, არაფერი რომ არ გააჩნდა მკვირცხლი გონებისა და ძალიან ლამაზი ღიმილის მეტი, რომელი ოჯახი ინატრებდა სიძედ, მით უფრო ეგეთი ძლიერი ოჯახი, როგორიც პაპაჩემისა იყო, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა. ოღონდ არ დაგვიჭლექდესო და შეაუღლეს.

დედა თქვესმეტი წლისა ყოფილა მაშინ, მამა ცხრამეტისა. ბედნიერებიც ვიყავით ძალიანო. ახალი ცხოვრება მოვიდა. მამა პირველ კომკავშირელთაგანი გახდა, მალე პარტიულიც, ხან რა კურსებზე გზავნიდნენ, ხან რა, და ბოლოს იმას მიაღწია, რომ მთელი სოფლის თავკაცი გახდა. მოწიწებით შეჰყურებდა თვითონ პაპაჩემიც. მინახავს ოჯახის საამაყო სურათი. მალაქია ტოროშელიძე და რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის-მამაჩემი. მახსოვს რევოლვერიც, ნაჩუქარი სერგო ორჯონიკიძის ძმის, პაპულია ორჯონიკიძის მიერ. ტარზე ჰქონდა ამოკვეთილი წარწერა.

37-ში მამა რომ დააპატიმრეს, სურათიც წაიღეს, რევოლვერიც და კიდევ ბევრი რამ, - თვით დედაჩემისა და მამაჩემის ადრეული, ნახევრად ბავშვური სასიყვარულო წერილები. გადასახლებიდან ერთ ხანს მოგვდიოდა წერილები. ამ წერილებით სულ ერთს შეგვაგონებდა, - მე კომუნისტი ვარ, კომუნისტად მოვკვდები, კომუნისტებად უნდა დაიზარდნეთ თქვენცაო. ეს კი რას ნიშნავდა მაშინ, - ჯერ ხალხს, მერე შენო. ორმოცდაათში წერილები შეწყდა. 1956 წელს რეაბილიტაცია მივიღეთ.

ხომ იციან ნათესავებმა ბრძნობა, მამაჩემზეც - ასე და ისე რომ მოქცეულიყო, ვინ ახლებდა მაგას ხელსო, მაგრამ დედა მაინც არასოდეს ამბობდა რაიმე სააუგოს მამაზე. პირიქით, ეტყობა, სულ იმის სახეს დაჰფოფინებდა ფიქრებში. შემოგვისხამდა შვილებს საღამოობით, ან სიმინდს ვფხვნიდით, ან მატყლს ვწეწავდით და გვიყვებოდა თავიანთი სიყვარულის ამბებს.

დღესაც, სულ ცხადად ვხედავ ერთ იმ ამბავთაგანს: დამთავრდა საშობაო არდადეგები, ქალაქში მივყავარ დიდის ამბით ჩვენებს. თოვლია, გადაბარდნილა ყველაფერი. მოჩარდახულ, მოთბილულ ურემში ვსხედვართ: დედაჩემი, დედაჩემის დის მული (ის იყო ქალაქელი ქალი, იმასთან ვიყავი ოჯახად) და მე - გაბუებული, გადრუნჩული.

მამაჩემი ხარებს მიუძღვის წინ. ქვემოთ გზაზე მივდივართ, ვენახებში, ისევა თოვს, ბარდნის, გადათეთრებულია მამაჩემიც, ხარებიც. გავიხედე და რასა ვხედავ: კოტე არ გადმოხტა გზაზე?! თოფი უჭირავს ორი ხელით; ნადირობს. მარტო ერთი შევხედეთ ერთმანეთს და, ვენახებიდან აღარ გავსულვართ, ავიტკიე მუცელი, ვაიმე, ვკვდები-მეთქი, ვაიმე, გავთავდი-მეთქი. გადაირია მამაჩემი, მოაბრუნა ხარები, მიმიყვანეს შინ, ჩამაყრევინეს ფეხი ცხელ წყალში, დამიდეს ცხელი აგურიც, დამალევინეს ხართუთის მურაბიანი ჩაი, საღამოს კი ავიპარე, ავედი ზევით და შევხვდი გაბრწყინებულ მამაჩემს.

ესაც ადრე მაქვს ნათქვამი, დედას სანამ ავადმყოფობა დარევდა ხელს, შესანიშნავი მთხრობელი იყო, თანაც ძალიან თავისებური: თითქოს მშრალად მეტყველი. იმ სიყვარულის ამბებს ხომ ყვებოდა წერტილიდან წერტილამდე, მერე ზღაპრებს უყვებოდა შვილიშვილებს.

თვალები გადმოცვენაზე დამრჩა - ორი ძმის, გიჟისა და ჭკვიანის ზღაპარი რომ მოუყვა კოტეს: - ავიდა გიჟი ძმა პანტაზეო, დაჰკრავს ფეხს, ხრიალით მოდის პანტა, თხები და ცხვრები ხან აქეთ მიაწყდებიან შიშით, ხან იქით, მარტო ერთ თხას ჩამოუგო რქაზე პანტა; ჩამოვიდა გიჟი, შენ აქეთ იდექიო, გაიყვანა ის რქაზე პანტაჩამოგებული თხა ცალკე, დანარჩენებს კიდევ მისდგა, ამოიდებს მუხლქვეშ და გამოსჭრის ყელს, სტაცებს ხელს, დააბჯენს ზედ მუხლს და გამოსჭრის ყელს… ერთი სიტყვით, ყოველგვარ მოძრაობას დაინახავდა კაცი.

მკაცრი და თავისი თავით შემოსაზღვრული ქალი კი იყო. იშვიათად მოცინარი, იშვიათად გასული უბნის სალაყბოზე საღამოობით.

ჩემს და-ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, უფრო ძმაზე, ის ყველაზე პატარა იყო, თანაც ხშირად ავადმყოფობდა და იმას ხშირად ეფერებოდა ხოლმე, მე კი, ასე მეჩვენა, რომ გავჭაღარავდი, მაშინ მომკიდა ორივე ხელი თავზე, - ვაიმე, შვილო, რა ადრე მიჭაღარავდებიო, მიმიხუტა და იმ ჭაღარაზე მაკოცა. ვერავითარ საღლაბუცო სიტყვას ვერ ვიტყოდით მასთან. არც თვითონ იცოდა ჩვენი წყევლა. თუ ძალიან გაბრაზდებოდა, ერთ ამას გვეტყოდა - მამა გიცხონდათ… თან უკვე ვიცოდით, რომ ცხონება, ცხოვრებასაც ნიშნავდა.

ჯანსუღ ჩარკვიანმა ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რეზო ინანიშვილის დედა, თურმე, კარგაუნახავებს ეძახის გაუთხოვარ ქალებსო. ეგ ნათქვამი დედისთვის არ გაგვიმხელია, რომ გაეგო, ძალიან იწყენდა. შესანიშნავად კითხულობდა "ვეფხისტყაოსანს" - ძველებურად, წამღერებით ტკბილად. არასოდეს დამავიწყდება მისი წაკითხული "ელისოც" თითქოს ცოცხლები გელაპარაკებიანო.

სიბერეში, როცა მოიცალა ყველა გაზეთს კითხულობდა თავიდან ბოლომდის. ბევჯერ ის მაცნობებდა, სად რა ეწერა ჩემთვის საინტერესო. ჩემს დაწერილებსაც ხშირად მას ვუკითხავდი, დიდად არასოდეს შევუქივარ, მაგრამ მისი კეთილი, კმაყოფილი გამოხედვაც კი დიდ ძალას მაძლევდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ რუსულიდან ჩემს მიერ თარგმნილი მოთხრობა ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. დედას დაეწყო ამ მოთხრობის კითხვა და მკითხა, შენი გასწორებული ხომ არ არისო. მე სახტად დავრჩი.

მამაზე ერთი ესაც უნდა ვთქვა: სოფლის შვილად თუ გრძნობდა თავს - გულლაღი იყო, პირდაპირი, შეუპოვარი, მუდამ სახეგახსნილი. ახლობელი ქალები ანდა კარგად მცნობნი, ხშირად მეტყოდნენ ხოლმე, - ვაიმე, შვილო, ის რა ლამაზი გყავდათ და შენ ვის დაემსგავსეო. ინანიშვილებს ორი მთავარი გენი გვაქვს - შავები და თეთრები. შავები ზაქარაანთებში სჭარბობს, თეთრები ინანიშვილებში. მამა თეთრი იყო, მისი ძმა გიორგი შავი. შვილები შავები გამოვედით, მისი შვილიშვილები - ერთი თეთრი, მეორე შავი, ჩემი შვილიშვილებიც, – ერთი თეთრი, მეორე შავი.

36 წლისა იყო მამა, რომ მოგვაცილეს. თუმცა, რა მოგვაცილეს, როდის იყო ის ჩვენთან, დილით ძალზე ადრე მიდიოდა საქმეზე და ღამე გვიან ბრუნდებოდა. ჩვენთან, მარტო ოჯახის წევრებთან, არ დაჯდებოდა პურის საჭმელად, უეჭველად რომელიმე ამხანაგს დააძახებინებდა და წინ დაისვამდა. მე სულ რიდით ვიყავი მასთან. 3-4 წლის ვყოფილვარ, გადმოუღია თოფი და მოუმიზნებია ხუმრობით, - გესროლოო? - მე ერთი წამოვწითლებულვარ და წამოვჭიმივარ, მესროლე-მეთქი. მამას ცრემლები წამოსვლია.

ესაც უკვე მაქვს ნათქვამი: ერთხელ ბავშვები პატარა ქოხს ვაკეთებდით. ბოძების ჩასმა გვიჭირდა, გამოიარა მამამ ამხანაგთან ერთად, გამოგვართვა ის ბოძები, ჭიგოები, დააწვა ღონივრად და ჩასვა. ის დღე იყო და სულ მეამაყებოდა იმისი ღონე.

 

ბავშვობის უბანი

 

სად გასწვდება ბავშვის თვალი დიდ სოფელს. ქვემოუბნით, ჩვენი და პაპაანთ პატარა უბნით, თავდებოდა ჩემი თვალსაწიერი.

ჩვენი უბანი, ნახევრად მაინც სხვადასხვა მხრიდან მოსული ქართველებით იყო დასახლებული. ჩვენს სახლს უკან ედგა რაჭველი ბერიძის სახლი; იქიდან ოც ნაბიჯზე ცოვრობდა სენაკელი მეგრელი სიგუა; სიგუას მერე, ბარს იქით, იმერელი ქველაძე; მერე - ისევ ბერიძე, ბერიძეების ქვემოთ - ქარუმიძეები.

ეს იყო, ალბათ, მთავარი მიზეზი, რომ პარტიკულარიზმმა ვერასოდეს მოიკიდა ფეხი ჩემს გულში, კიდევ ის, რომ შედარებით ნაკლებად ვუქცევდით კახურად. მახსოვს, როგორ მისწორებდა ხოლმე ბებია, - "ბიჯო" კი არა "ბიჭოო", "შაჭამა" კი არა, "შეჭამაო" და სხვა.

სახლებს შორის ღობეები არ იყო, ვის ეზოშიც მოგვესურვილებოდა, იქ გავაჩაღებდით თამაშს. ვთამაშობდით: ლახტს, წრებურთს, თონეობას, გრძელვირს, ქერიჭამიობას, ჩილიკაობას, ხუჭალობას, სალაობას, კაკლაობას, კოჭაობას, ჭურჭლაობას… ახლა მეღიმება: იმ თამაშებში ძალიან ვგავდით პატარა ცხოველებისა და ფრინველების გუნდებს.

ვჭაჭყანებდით და ვჟივჟივებდით. ისევე გუნდად გადავდიოდით ერთი ადგილიდან მეორეზე. ყველას თვალწინ ვიყავით და ჩვენს თვალწინვე ხდებოდა ყველაფერი. ერთი კოჭლი გვყავდა, კოჭლი და ხელტაკვია, ვაჭარი. ჩასცეცხლავდა ცოტას და გასძახებდა უბანს: - მშივრებო! ღატლაკუნებო! ქალი თუ იტყოდა, ისიც თავისთვის: - აი, მიწა დავაყარე შენს ფულს და ცხოვრებასაცო. კაცებს ეღიმებოდათ. ვაჭარი ყველაზე მონჯღრეულ სახლში ცხოვრობდა.

ძალიან მნიშვნელოვნად, თავმოწონებით გაივლიდა ურემი. მიდიოდა და მიარბილებდა სახრეს. ისეთი ხმით დაგვყვირებდა პატარებს, - მაეცათო, ბიჭოო!  წამს გაცქაფულნი გავდგებოდით აქეთ-იქითა. ავტომობილი ხომ… უმთავრესად მამაჩემთან მოდიოდნენ ავტომობილებით, მისი ღმუილით შემოსვლა უბანში ხომ მთელი ზეიმი იყო მოვდევდით ყიჟინით უკან.

დიდებს ვითომ მოწყინების ღიმილით ეღიმებოდათ, მაგრამ მაინც მისკენ გაურბოდათ თვალი. მახსოვს, რა ამბავი ატეხა მეზობელთან სტუმრად მყოფმა ხევსურმა დედაბერმა კრიალა ფორდის დანახვისას. წიოკობით შევარდა კარში, მერე აკანკალებულმა გამოაღო ცოტაზე და იქიდან სწყევლიდა "ახტანობილის" გამომგონებელ-გამკეთებელს.

მოიტანდნენ რომელიმე ეზოში შეშას ან ჭიგოს. ჩვენ, პატარები, საპატიო ყარაულად ვიდექით და ვუყურებდით მათ ჩამოცლას. შეშის თითოეულ ნაჭერს ტყის იდუმალებაც მოჰყვებოდა თან. მთელი ნეტარება იყო მორზე გადაჯდომა და თითების ჩაყოფა ხავსში.

დაიწყებდნენ ჭიგოების გასუფთავება-გაჩეკვას და ჩვენც გავყავდით საქმეში, თითო-თითო ჭიგოს ვაწვდიდით მჩეკავებს, თან გვეკითხებოდნენ,- აბა ეგ რა ხე არისო. ბევრი ვიცოდით: რცხილა, იფნი, ქორაფი, შვინდი, შვინდლერწა. ბევრი-არა: ჭანჭყატა, ხეჭრელა, თრიმლი, უთხოვარი.

ძალიან კარგად მახსოვს მექვაბიანთ სანდროს - მაღალი, დინჯი კაცის მუშაობა. თითქმის ათეთრებდა ყველა ჭიგოს, მერე ჩეკავდა ზემოდან, გრძლად, სუფთად. წალდი ჰქონდა - ალმასი. მან იცოდა ხოლმე, სანდრო ძიამ, ჩვენი გამოკითხვა, რომელი ჭიგო რა ხეაო, და თუ არ ვიცოდით კარნახიც, ეს არის და დაიხსომეთო.

კარგი იყო თივების მოტანაც. თივაში ერთხელ მაინც მოგვიწევდა გადაკოტრიალება. იქაც გვასწავლიდნენ: ეს პრასა ბალახია, ეს თაგვისყანა, ეს შავთავა, ეს სოსანიო და სხვა. დიდებული სანახავი იყო კარგად დადგმული დიდი ბულული. დიდ ბულულებსაც სანდრო ძია სდგამდა ხოლმე. სხვები აქეთ-იქიდან აწვდიდნენ თივას, სანდრო ძია ადრევე დასობილი მაღალი ჭოკის ირგვლივ ანაწილებდა თანაბრად. წვერზე რომ ავიდოდა, იქ თოკით იყო მიბმული ჭოკზე, მორჩებოდა, მოამრგვალებდა წვერს, დაორპირებული თოკით ჩამოვიდოდა ურემზე.

სოფელში პირველი კამეჩებიჰყავდა მეგრელ სიგუას. ურემიც მაგარი ჰქონდა გამართული და, თუ ის მოიტანდა თივას, სხვისი ორი ურემი გამოვიდოდა. ლამაზი იყო ხორბლების გაფენაც ეზოებში. იმ ხორბლებთან, ჩრდილში, უეჭველად იჯდა ვინმე; თან ხელსაქმეს აკეთებდა, თან გრძელი ჟოხით ბეღურებს, ქათმებს, იხვებს და ბატებს აფრთხობდა. დიდი გაკვირვებით სწევდნენ ხოლმე ბატები თავებს მაღლა, თითქოს სულ ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ არ უშვებდნენ ხორბალთან. ამგვარი რამეებიდან თუ მოდის თქმა, - "ბატისტვინაო".

მარნებშიც ჩაბუდებულები იყო იდუმალებანი. თვით ჩვენი მარანი - ბნელი თახჩებით, ქილებით, საწნახით, ძველი ქვევრებით ყოველთვის ფეხს შემანელებინებდა კართან. თუ კარი მოხურული იყო და მაინც უნდა გამეღო, ვაღებდი უცებ და ყურთამდე.

პაპაანთ მარანში მაკრთობდა დედაბოძის თავხეზე დაკიდებული თევზისსუნიანი გრძელი სხეულები, ბოლოებზე რომ გამჭვირვალე ქაღალდები ჰქონდათ შემოხვეული და ის ქაღალდები სანახევროდ ქონით იყო სავეს. თურმე, ზუთხის ზურგიელები მაკრთობდა, კიდევ საწნახელის ბაქანზე გაბებღვილი თუშური-ყველი მუდამ სველი გუდები. კიდევ - დიდი მუქი ქვამარილები მათ გვერდით.

რა თქმა უნდა, იყო გაჭირვებებიც, მაგრამ ის გაჭირვებები ისეთ ადგილებში იყო მიყუნჭულები, ბავშვური თვალი ძნელად რომ ჩასწვდებოდეს იქამდე.

მამაჩემის ოჯახს ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისისათვის აღარ ჰქონდა ხოლმე ღვინო. მომცემდნენ ხელადას; დამიფურთხებდნენ მიწაზე, აბა, სანამ ეს დაფურთხებული გაშრება, აქ უნდა იყო, და გამაგზავნიდნენ პაპაანთა. გზა იქნება დიდი, დიდი 600 მეტრი. შუაგზაზე, წყაროსთან, ყოველთვის იყვნენ კაცები.

დამინახავდნენ სავსე ხელადით მომავალს და ასტეხდნენ ძახილს, - ბიჭო, ბიჭო! გასდის, შვილო, ხელადას გასდის ძირშიო! უნდოდათ, გავბრიყვებულიყავი და ხელადა ამომებრუნებინა, მაგრამ არ ვბრიყდვებოდი, გამეღიმებოდა და ფეხს ავაჩქარებდი. - აი, ნახავ, რასაც მიიტან შინაო, - დამადევნებდნენ, მაგრამ შინ სავსე მიმქონდა.

ჩვენი უბანი იორთან ყველაზე ახლომყოფი უბანი იყო. ბებია მიყვებოდა ხოლმე: აი, აქვეო, ჩვენს დაბლაო, ვენახები რომ არის ახლა, უწინ დიდი ჭაობიანი ჭალები იყოო. რომ თენდებოდა, ერთი ამბავი გაჰქონდათ ხოხბებს, წივწივებდნენ იმათი წიწილებიც, ერთხელ ღორი დავკარგეთ, გვეგონა, მგლებმა შეჭამეს, მაგრამ თვის თავზე გამოჩნდა შვიდი დამუხლუკებული გოჭითა. ეტყობოდა, ის ხანი სულ იმ ჭალებში ჰქონდა გატარებული, თორემ ერთი ადამიანი მაინც როგორ არ დაინახავდა ან თავად ღორსა, ან გოჭებსა.

არ უნდოდათ ეღიარებინათ, მაგრამ ზემოთ ჯერაც ისევ ხელუხლებლად დარჩენილი ჭაობიანი ჭალიდან ჩემს პატარაობასაც ამოდიოდა ერთი ალი ღამ-ღამობით ჩვენთან. ადიოდა მექვაბიანთ თუთაზე და იქიდან ეძახდა ჩვენს კარის მეზობელს: - ბიძინ! ბიძინ! გაუვარდებოდა ბიძინა გინებითა და ცულის ტრიალით, დაემალებოდა ალი, მეორე ღამეს კი ისევ ეძახდა… წითელიაო, წითელთმებგაშლილიო, - სასოწარკვეთილი ამბობდა ბიძინა. და ვინ იცის, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი, მამაჩემს რომ რუსული შაშხანა არ ეთხოვებინა ბიძინასათვის. იმ შაშხანის სამი ტყვია ზედიზედ უქუხა ბიძინამ ალს. ალმა იწივლა თურმე, დაიგრიხა, გაქრა. მოკვლით არ ვიცი, მაგრამ მძიმედ რომ დავჭერი, ნაღდიაო, - ამბობდა ბიძინა.

საშინლად კი გადაუხადა ეს ალმა. პატარა, სამი წლის გოგონა წაუქცია ეზოში, საფეთქელი დაახლევინა ქვაზე და ვეღარ უშველეს ვერაფერი.

ბიძინა გაქვავებული იჯდა.

რა მახსოვს კიდევ იმ ხანებისა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი… მთლიანი კოლექტივიზაციის დასაწყისი, ჯანყი ანუ "კეტაობა" ჩვენს სოფელში. შემაზრზენი ხმები ზემოდან; სოფლის ცენტრიდან, რომელზედაც კრთებოდა, მოუსვენრობდა საქონელიც კი. ბებიასა და დედას ეშინოდათ, არ ამოგვწყვიტონო (მამა ერთ-ერთი მოტივე იყო კოლექტივიზაციისა). დაგვავლეს ხელი ბავშვებს და წაგვიყვანეს პაპაანთა. სასოფლო ქვაფენილს რომ გადავდიოდით, წყაროსთან ჟატელი ფშაველი მოდიოდა ზემოდან, ბოხოხი ეხურა, საფქვავებგადკიდებულ ცხენს მოუძღვებოდა, მოაკანკურებდა გრძელ ხანჯალს და იძახდა:

- ოჰ-ოჰ-ოჰ, სისხლი დაიღვრება, სისხლიო.

მართლაც დაიღვარა სისხლი, ერთი კაცი მოკლეს, დაბეგვეს და თავები დაუმტვრიეს მრავალს.

მამა მეგობარმა გადაარჩინა, რომ მისწვდნენ, იმ მეგობარმა ტაბურეტი ჩამოადგა თავზე…

 

ოსიაური

 

ერთი წელიწადი თუ მეტი, იმ მწარე დღეების შემდეგ, მამამ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში იმუშავა. ოსიაურში მაშინდელ ვეტინსტიტუტს რაღაც დიდი საცდელი ფერმა ჰქონდა. ძროხები ჰყავდათ და ღორები. ყოველთვის გამგებელი და უფროსი გიორგი ლეონიძის ძმა ლევანი ბრძანდებოდა, ლევანთან, მეზობელ სოფლელ კაცთან, მამა კარგად იყო და იმას ჰყავდა აყვანილი ფერმის მნედა თუ ექსპედიტორად.

ღვინობის თვის ბოლოს, გვიან შემოდგომას მამამ ჩვენც ოსიაურში წაგვიყვანა. ხაშმიში მარტო ბებია დარჩა. გზა არ მახსოვს. რა შთაბეჭდილება დატოვა მატარებელმა, არც შემოგარენი, მახსოვს მხოლოდ ფარდაგით მოჩარდახული ურემი, ჩვენ რომ დაგვხვდა სადგურში. უღელში შებმული იყო ძალიან დიდრქებიანი ხარები, იმ რქებს შორის ვხედავდით თოვლის ფიფქებსაც. ჩაგვსხეს ურემში, შემოგვახვიეს თბილები და წამოვედით ჟინჟლაში, თხელ თოვაში.

ოსიაურში ერთ დიდ სახლს მივადექით. ფერდობის თავიდან გადაჰყურებდა ღრმა ხეობას. ცოტა იქით საქონლის სადგომები იყო. სახლი ადრე თავადისა ყოფილიყო, ახლა ფერმის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. კიბე ქვისა ჰქონდა. დაბლა სართულის გრძელი დერეფანი ღია იყო, აგურის სვეტების ამარა, მეორე სართული კი სულ შუშაბანდით იყო შეკრული.

როცა წვმიდა, ან ძალიან ციოდა და ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო, ოდნავ რომ დაგვერტყა ფეხი შუშაბანდში, მთელი დერეფანი გაძლევდა ხმას, ჩვენ სადღაც შუაში ვცხოვრობდით, ერთ ოთახში, ჩვენ რომ ჩაგვიყვანეს, იმ ღამეს უზარმაზარი თევზის თავი მოიტანეს მამამ და მისმა ამხანაგებმა. მამა ზედ იჯდა იმ გაზედგადაფარებულ თავზე და ისე გველაპარაკებოდა. მერე დიდი ცულით დაჩეხეს, როგორც კუნძი. გემრიელი კი აღმოჩნდა ის თავი…

თავადისეულ სახლს დიდი ბაღი ჰქონდა წინ, ჩვენ რომ ჩამოვედით, უკვე კარგა ხნის ფოთოლგაცვენილი, შავადგამომზირალი. კიბის მახლობლად მაღალ აკაციებში, მავთულით ნაქსოვი რამდენიმე გალია იდგა. შიგ ზღვის გოჭები ისხდნენ, დიდები და პატარები. ახლო რომ მიხვიდოდი, ყველანი შენ მოგაჩერდებოდნენ ანთებული მძივებივით თვალებით და ტუჩების ჩქარი ცმაცუნით. შიშისმომგვრელად საინტერესო იყო: მათ თვალებში თითქოსდა სხვა სამყარო ჩანდა.

რამდენჯერმე დაგვინახავს ყვავებიც. იბღოტებოდნენ ის ყვავები გალიის მავთულებზე, ცდილობდნენ გოჭებისთვის მიეწვდინათ ნისკარტები. მაგრამ_ამაოდ. გამოუვარდებოდა ივანიკა, იმერეთიდან ცოლ-შვილით ახლახანს გადმოსახლებული კაცი, ფერმის დარაჯი. წიოკობით გააფრთხობდა ყვავებს.

საინტერესო იყო თვითონ ივანიკას ოჯახი. დაბლა სართულის სულ ბოლო ოთახში ცხოვრობდნენ: ივანიკა, მისი მეუღლე და ორი ბიჭი - გურიკო და ზურიკო. ჯერ რა საოცარ კილოზე ლაპარაკობდნენ! თითქოს ემღერებოდნენ ერთმანეთს. მერე ყველანი სულ პირღიმილიანები იყვნენ, თითქოს დედამაც კი არ იცოდა წყევლა. კეცში აცხობდნენ მჭადს, დაწითლდებოდა ის მჭადი, ამოიღებდნენ, დატეხავდნენ ცხელ-ცხელს და მხიარულად შეექცეოდნენ ჭყინტ ყველთან ერთად.

ბევრი ჰქონდათ სანთელი და დინდგელი. გურიკო და ზურიკო ამ სანთლისა და დინდგლისაგან ძერწავდნენ პაწაწინა ცხენებს, ხარებს, ურმებს. გამოივლიდა ივანიკა ბიძია, რაღაც შენიშვნას მისცემდა, ბიჭები ერთს შეუღიმებდნენ და შენიშნულის გასწორებას იწყებდნენ. ისინი უკვე იმოდენები იყვნენ, ჭიდან თვითონ იღებდნენ წყალს. მე ამწევდნენ და ჩამახედებდნენ შიგ. თავზარდამცემი იყო, უძირო, იქ ხანდახან თუ ჩანდა რამე, ღრუბელი ან ვარსკვლავი. ეგ ღრუბელიც და ვარსკვლავიც ჭისა არისო, მოდი და ნუ იფიქრებ ოთხი წლისა მათზე…

ძალიან სანახავი იყო, საქონელს რომ გამოუშვებდნენ და ძგრიალით წავიდოდნენ დაღმართზე წყალისკენ. ის დაღმათი სულ ჩლიქებით იყო ჩატანილი . აქედან ყველა გარბოდა, იქიდან ჭყივილი სჭირდებოდათ გამორჩევით, ღორებს. ღორები იყვნენ დიდები, ჯიშიანები, დასუქებულები, თითქმის მიწაზე მოახახუნებდნენ მუცელს.

საქონლის სადგომში, ერთ დიდ ოთახში, ჭერამდე იყო ატანილი სიმინდითა და ქატოთი კვებავდნეღორებს, ძროხებს, რა თქმა უნდა, თივითაც. თივის ბულულებიც იქვე ახლოს იდგა. სადგომში თითქმის ყოველ დღეს დაინახავდი თეთრხალათიან კაცებსა და ქალებს. მათ უმთავრესად გრძელ-გრძელი მინის სინჯარები და ვეება შპრიცები ეკავათ ხელში. სინჯარებში ჭანჭყარებდა სისხლი. მბრძანებლობდა ამ ხალხში როხროხა ხნიერი რუსი კაცი-ბეწვის მაღალქუდიანი, სოლისებური წვერით. ის წვერიანი რუსი, სულ მუდამ გაბრაზებული, ჩიბუხის წევით გაივლიდა დერეფანში, ბავშვები ვიმალებოდით.

ცხოვრობდა დერეფნის თავში, ყველაზე დიდ და ნათელ ოთახში. ჰყავდა ქალიშვილი ნატალია, ვერ ვიტყვი რამდენი წლისა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა, ტანწვრილი, მაღალი, ცისფერთვალება, ლამაზი. სქელი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, "ვაჟურად", ყელ-კისერი სულ სუფთა…

ნატალია მხატვარი იყო, ოთახში ედგა მოლბერტი. ჰქონდა პალიტრა, ფუნჯები, მრავალნაირი საღებავები. ხატავდა, უმთავრესად ყვავილებს, ვარდებს, ხილს, თანაც იმდენად ცოცხლად, ხელის წავლება მოგინდებოდა. ზოგჯერ ხატავდა სახეებსაც. ერთხელ დამსვა და დამხატა მეც, ძალიან არასასიამოვნოდ, დიდთავა, რაღაც ცუდად ყვითელი ფერისა. არც დედამ მოინდომა იმ სურათის ქონა, არც მე. ნატალიას ამაზე სულ ეღიმებოდა.

მარტო ოვერ ვბედავდი და ვერ შევდიოდი მასთან. არადა საათობით ვწრიალებდი დერეფანში მის მოლოდინში. მე ის უცნაურად მიყვარდა. დავინახავდი და რამდენიმე ხანს აღტაცებული ვიყავი.

უყვარდა ნატალიას რაღაცეების გამოგონება. ერთხელ, ახალი-წლის წინა ღამეს, დერეფანში გამოვიდა თითქმის ჭერამდე ამაღლებული. მოდიოდა თეთრებით შემოსილი, გაცინებული და მოსალმების ნიშნად მოიქნევდა თავს. იმ ღამეს ჩვენ სახლში ბევრნი იყვნენ. გამორბოდნენ დერეფანში და ზოგი ხარხარებდა, ზოგი შემკრთალი ეკროდა კედელს. თურმე სახე სულაც დახატული იყო, სიმაღლე კიდევ იატაკის საწმენდი ჯოხით და თეთრი ზეწრებით. ერთხელაც მთლად ბებერ ქალად მოგვევლინა, ისეთ ბებრად, მარტო ერთი კბილიღა რომ შერჩენოდა წინ. იმ ქალმა ძალიან შეგვაშინა პატარები.

ზოგჯერ ნატალია ხეებს ხატავდა ბაღშიაც. იქ ბავშვები ვიდექით და ვუყურებდით. მოგვიბრუნდებოდა, გვეტყოდა, წადითო, ცივაო. ზოგი მართლა მიდიოდა. მე არასოდეს. მე სულ ვუყურებდი ბოლომდე. ამხდიდა ქუდს, თითქოს კლავიშებიაო, გადამატარებდა თითებს თავზე და დამახურებდა ქუდს.

თებერვლამდე სულ ოსიაურში ვიყავი. რა თქმა უნდა, მოვიდოდა თოვლიც, მაგრამ მე ყველაზე მეტად წვიმიანი დღეები დამამახსოვდა. წვიმიან დღეს საოცარი მიმზიდველობა ჰქონდა ფერდობის დაბლა ტყვიისფრად გაპრიალებულ მდინარეს სურამულას, მის იქით ნელ-ნელა ამაღლებულ და ცაში წასულ მთებს.

ო, რა კარგები იყო იმ მთების წვერებზე წვიმისაგან თუ ქარისაგან გადახრილი ხეები! უკვე ვიცოდი, რომ იმერეთში ხშირად მოდიოდა წვიმები. ამიტომ თუ მეჩვენებოდა, რომ იმ მთების იქით, ფერდობებზე, იმერეთი იყო, სულ რომ ღიმილი დასთამაშებდაო ყველას, ლაპარაკითაც წამღერებით ლაპარაკობდნენ, როგორც ივანიკას ოჯახში.

თებერვალში მძიმედ გავხვდი ავად. სიცხეებზე ყურების ტკივილიც დამერთო. ცოტა ხანს კი მიმკურნალეს იქ, ხან რას მასმევდნენ, ხან რას მიშვებოდნენ ყურებში; რომ არაფერმა მიშველა, წამომიყვანეს თბილისში, მამიდასთან. მოიწვიეს ცნობილი ექიმი ტყემალაძე. ტყემალაძემ მალე მომარჩინა, მაგრამ ოსიაურში მარტო მამა დაბრუნდა, ჩვენ, დედა, მე და ჩემი და, ხაშმს დავუბრუნდით. ეს კარგიც იყო და ცუდიც…

 

სკოლაში

 

ექვსი წლისა სკოლაში წავედი. ჯერ ხალისით წავედი, ნართვლევამდეც ვიარე, მერე უარი ვთქვი, - ვენახში მუშები მუშაობენ და მე სკოლაში რა მინდა-მეთქი. ვენახში, რომელიც ასიოდე მეტრის მანძილზეა ჩვენი სახლიდან, მართლა მუშები მუშაობდნენ, ძველ ვაზს აბრუნებდნენ.

ჯერ ჩვეულებრივი ბარის ყურება რა არის, რომ დააწვებიან პრიალა ბარს და ლამაზად წაწვეტებულ ბელტს მისდებენ სხვა ბელტებზე, გადაბრუნება მთელი ამბავია: ორი ბარისპირის სიღრმეზე ჩასვლა მიწაში, ფესვებგანთავისუფლებული ვაზების წაქცევა, ყველაზე თამამი რქის ამოშვება, ჭიგოების შედგმა, ხელახალი მიბელტვა… თან რას აღარ ლაპარაკობენ მუშები, რას აღარ მაიმუნობენ.

ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და აღარ მივდივარ სკოლაში. ხან ვიმალები, ხან ვღრიალებ და სულ იმ მუშებთან ვარ. ბოლოს ერთ ნისლიან, ცოტა ნაწვიმარ დილას ძალით წამათრია ბებიამ… ეს ამბავი ცალკე მოთხრობად მაქვს დაწერილი, "ჩემი ბავშვობის ერთი ნისლიანი დღე" ჰქვია. ეხლაც თვალებს ვხუჭავ უნებურად, მაგრამ მაინც რომ დავუბნიე მთელი კლასის რვეულები ცნობილ ისააკ მასწავლებელს. ისიც მაწუხებს, როგორ დამსვეს ამის შემდეგ მერხზე… მაგრამ აქეთ უკვე პირნათლად ვარ. დაგვიანებითაც კი აღარ დამიგვიანია აღარასოდეს, სანამ მეათეში არ გადავედი, ომი არ დაიწყო და არ აირია ყველაფერი…

ჩემს ერთ საყმაწვილო მოთხრობაში ("ჩემი ბავშვობის სკოლა") უკვე ნაამბობი მაქვს, რომ ჩვენს სოფელში ორი სკოლა იყო; ზევით სკოლა და ქვევით სკოლა, დიდი და პატარა. პირველსა და მეორე კლასში ზევით სკოლაში დავდიოდი, იქ იყო დირექტორის კაბინეტი, იქ დააბიჯებდნენ უფროსი კლასების მკაცრი მასწავლებლები; მესამე და მეოთხე კლასში - ქვევით სკოლაში, მეხუთეში ისევ ზევით აგვიყვანეს.

სულ ეეთილი, ჩვენზე მზრუნველი მასწავლებლები გვყავდა: ნადია მასწავლებელი, მარგო მასწავლებელი, თამარ მასწავლებელი, ანეტა, ტასო, მისი მეუღლე სანდრო, ისააკი, ნიკოლოზი (ჩამოსული), გუგა… მაგრამ გვყავდა ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მასწავლებელიც - მიხეილი. ეს მიხეილი ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იყო ნასწავლი, სწავლობდა, თურმე, მუსიკასაც.

იქ რაღაც მომხდარიყო, ვერ დაემთავრებინა უმაღლესი და ახლა აღარც ექიმი იყო, აღარც მუსიკოსი. ბუნებისმეტყველებას გვასწავლიდა პატარებს. ჩუმ-ჩუმად დადიოდა აზრი, რომ ცოტა… ცოტა გადახრები ჰქონდა, მაგალითად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე გვიყვებოდა დიდ კომპოზიტორებზე: ბეთჰოვენზე, ვერდიზე, გლინკაზე, ზაქარია ფალიაშვილზე, თვითონაც წერდა ალტრუისტული ხასიათის ოპერას, (მისი სიტყვებია) სიყვარულის ტალღებზე. მალე აპირებდა დამთავრებას და, მერე სხვა ვიქნები, სულ სხვაო.

ბუნებისმეტყველობას გვასწავლიდა რუსოს პრინციპებით. გვქონდა მიკროსკოპი. ის მიკროსკოპი დაგვქონდა გორებზე, ტყეში, ნათესებში, გვაჩვენებდა ნიადაგის ქანებს, ნეშომპალებს, ბოლქვებს, ფუნჯა ფესვებს, ხავსებს, მღიერებს. გვაჩვენებდა სხვადასხვაგვარ მწერებს, მათ თვალებს, ხორთუმებს, კლანჭებს. მისი გაკვეთილები ყველას ძალიან გვიყვარდა, მაგრამ დიდხანს არ დაგვიტოვეს მასწავლებლად, ჩამოაცილეს, საერთოდ, სკოლასაც.

ამის შემდეგ სულ სხვანაირს ვხედავდით მიხეილ მასწავლებელს. გრძელი, დაძველებული ფარაჯა ეცვა, ყურებზე საყელოწამოწეული. პირგაუპარსავი იყო, თვალებმოელვარე. ეწეოდა პაპიროსს, მის კვამლში ჰქონდა გახვეული სახე და მაინც გვეჩვენებოდა, რომ ძალიან სევდიანად იყურებოდა ჩვენსკენ, ბავშვებისაკენ.

დიდი ბეჯითი ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გაჭირვებულებშიც არასოდეს მოვხედრილვარ, ეს კი არა, მეხუთე კლასში სკოლის მოწინავე მოსწავლეთა შორისაც კი ვარ გადაღებული. ვდგავართ მოსწავლეები, ყველას გაზეთი გვიჭირავს ხელში. სულ თავში ნახუცრიშვილი დგას (დღეს ცნობილი ბიოლოგი), სულ ბოლოს ნიკუშა პარენაშვილი - პატარა, პატარა (ომის დროს ქარბუქმა დაახრჩო საცოდავი), ბოლოდან მეორე მე, მეც სასაცილოდ პატარა.

შეიძლება ამ მოწინავეთა შორის მოხვედრა მამაჩემის დამსახურება უფრო იყო, - მამა სოფლის ყველაზე დიდი თავკაცი იყო მაშინ, - რადგან "ფრიადოსნებია", მე კი, მახსოვს, "კარგებიც" მყავდა რამდენიმე. მაგრამ ყოფაქცევაში ხომ აქვს მნიშვნელობა, კლასში ძალიან კარგი მოსმენა ვიცოდი და შეიძლება ამანაც შემიწყო ხელი, ამ სურათში რომ მოვხვედრილიყავი.

მამაჩემის თავკაცობა კარგიც იყო და ცუდიც. ყველამ იცოდა, - ეს იმის შვილიაო. ერთნი თუ კეთილი ღიმილით იტყოდნენ ამას, მეორენი ავად წაიდუდუნებდნენ რაღაცას.

აი, გუშინდელი დღესავით მახსოვს: მეორე კლასში ვარ, წყალი უნდა დავლიო სკოლის ეზოში, ონკანიდან. მშვენივრად მოვლილი ეზო გვქონდა, მწვანე გაზონებიანები, ფხვნილი აგურით მოფენილი გზებით. მივედი ონკანთან, ავიღე ტოლჩა; უნდა ონკანიც მოვუშვა. გვერდით ორი ბიჭი დგას, დიდები. მობრუნდა ერთი სწრაფად, - მომეცი, გენა ტოლჩა, მე აგივსებო.

გამომართვა, მიბრუნდა, ჩააფურთხა შიგ და მერე გამივსო წყლით. მე დავინახე, რომ ჩააფურთხა, გადაღვრა დავაპირე, მაგრამ არ დამანება, - როგორ, ჩემს ავსებულს არა სვამო, მაძალებდა, მაშინ ჩაგვერია მეორე ბიჭიც, გაანებე თავი, რათ უშვრები მაგასო, მიუბრუნდა მოძალადე და უთხრა, - ამისმა მამამ ჩამოგვართვა ჩვენი ჭოტა ხარებიო.

საბჭოთა წყობილების დამყარებას, კოლმეურნეობის ჩამოყალიბებას და გადასახადებს მამაჩემს აბრალებდნენ. ერთხელ, მახსოვს, ერთმა თითქმის უკვე კაცმა დამიდო ფეხი და ტალახში წამაქცია, მერე თვითონვე ამაყენა, - ეგ რა მოგივიდა ბიჭოო! მაგრამ ისიც გავიგონე, როგორ ამბობდა ცოტა ხანში, - მეტის ღირსია, მაგისმა მამამ წაართვა მამაჩემს ორლულიანი თოფიო.

 

გომბორი

 

ჩემი ბავშვობის ეგზოტიკურ სამყაროს გვირგვინად ადგას სოფელი გომბორი. ზემოთაც მოგახსენეთ, ხაშმში ციება იცოდა, მუხროვანში და გომბორში - არა. ერთიც და მეორეც მშვენიერი სააგარაკო ადგილებია და გარეკახელთაგან ვისაც კი ამის საშუალება ჰქონდა, აქ ატარებდნენ ზაფხულის ორ-სამ თვეს. მე ოთხი ზაფხული მაქვს გომბორში გატარებული. მივდიოდით ხოლმე ურმით ან ფურგონით. კაცები მოგვყვებოდნენ ცხენებით, გომბორამდე უნდა გაგვევლო უჯარმა, მერე პალდო, მერე ოთარაანთ კარი, სასადილო, ასკილაური და ბოლოს დილით ადრე გასულნი ხაშმიდან, მოსაღამოვებულზე ძლივს მივაღწევდით გომბორს.

გზა აქ მართლაც უმშვენიერესი იყო, კარგად მოხრეშილი თელავის სამხედრო გზა, აქეთ-იქიდან ტყიანი მთების, ციხე-კოშკებით, ეკლესიებით, წყაროებით, რა თქმა უნდა, წყაროებთან ვჩერდებოდით, ერთ წყაროსთან დიდხანსაც იქ ვსადილობდით, რომ არ დავმშეულიყავით ძალიან, მერე ისევ განვაგრძობდით გზას, ძალიან აღტაცებულნი ვიყავით ასკილაურის წყაროთი. აავსებდნენ დიდები ჭიქას და უყურებდნენ, როგორ იორთქლებოდა ჭიქა რამდენიმე წამში. არ ვიცი, დღეს ვეღარ აღმიდგენია, რა ადგილას იყო ის წყარო.

გომბორში უმთავრესად რუსები ცხოვრობდნენ და ჩვენც მათთან ვრჩებოდით. ოდითგანვე, რაც რუსის ჯარმა ჩვენს მიწაზე მოიკიდა ფეხი, ასე ხდებოდა: დაიკავებდა ჯარის ესა თუ ის ნაწილი ამა თუ იმ ადგილს, ააშენებდნენ ყაზარმებს, იდგნენ შიგ, მერე, სამსახურის დასასრულისას, ზოგნი აღარ ისურვებდნენ სამშობლოში დაბრუნებას, იქვე ნაწილთან სახლდებოდნენ და ასე იქმნებოდა რუსული სოფლები.

გომბორს შუაში ღელე ჩაუდის - გომბორულა. ორი ზაფხული წყალს გამოღმა მაქვს გატარებული, ორი ზაფხული წყალს გაღმა, ეკლესიის იქით, ვინმე ჭანტურიების სახლში. ეს სახლი იდგა მწვანიან შემაღლებაზე, რომლის ფერდობები ამოტყევებული იყო დიდი ხეებით დიდი წიფლებით, ქორაფებით. წყალს გამოღმა ხრიოკი იყო, იდგა უმთავრესად აკაციები. იმ აკაციებში ბუდობდნენ ჩიტბატონები, ადიოდა გზა სასაფლოსაკენ, სასაფლაოზე ყოველი მხრიდან ჩანდა ლამაზი გოგონას მარმარილოს ქანდაკება. შეუძლებელია, გული არ შეგკუმშოდათ მისი დანახვისას.

სასაფლაოს იქით გზა გადადიოდა ყანებში. ო, ბევრი ყანა მინახავს, მაგრამ ისეთი ჯანმრთელი, მაღალი თავთავებდამძიმებული, როგორიც აქ იცოდა, იშვიათად. ეს იყო ჭვავი, რუსების უსაყვარლესი მარცვლეული. ყანები თავდებოდა ტყეებით, ტყეებში ბევრი იყო მარწყვი. რუსი გოგო-ბიჭები სულ იმ მარწყვსა და მაყვალს იყვნენ გასეულნი. გომბორის შთაბეჭდილებით მაქვს დაწერილი ორი მოთხრობა "ძახილი მთაში" და "შუშის ნამსხვრევი", კიდევ სხვებიც…

კვირაობით გომბორში იმართებოდა დიდი ბაზრობა. ჩამოდიოდნენ ფშავლები, ხევსურები, ოსები. გადმოდიოდნენ, რა თქმა უნდა, წიგნით კახეთიდანაც. იყო ხმაური და ყატყატი. პატარებს გამორჩეულად გვიზიდავდნენ ხევსურები, ჭრელ-ჭრელი მძიმე სამოსელით, ხმლებით, ფარებით. გაჰყიდიდნენ იქვე, ბაზარში, ღვინოს, შეხურდებოდნენ, შეზარხოშდებოდნენ, დათვრებოდნენ თანაც საღამო ხანზე გაიმართებოდა კნჭაობა.

ერთი ათ წყვილზე მეტი უკვე უტევდა ერთმანეთს, იდგა ხმლებისა და ფარების ჯახაჯუხი, ნაპერწკლების ყრა, ძახილები, - ასს, არ ას! გასდიოდათ სისხლი ხელებიდან და სახიდანაც. ხშირად მილიციაც ვეღარ ახერხებდა იმათ დაწყნარებას. მიიწევდნენ ერთმანეთზე, აელვარებდნენ თვალებსა და ხმლებს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ზოგს ჯაჭვის პერანგიც ეცვა და მუზარადიც ეხურა.

ჩვენს უფროსებთან მეგობრობდნენ ხევსური კაცებიც და ქალებიც. ჩვენს აღტაცებას იწვევდნენ ლაპარაკითაც. და აი, ესეც არის იმის მიზეზი, რომ დღემდე დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მთის ხალხებისა.

გომბორშივე, ინვალიდების სახლში, იმართებოდა გასართობი საღამოები - თამაშობანი, ცეკვები. ამ საღამოებს სულს უდგამდნენ ლაღი, ლამაზი ქალი კლავა და უსინათლო მუსიკოსი სიმონა. კლავა ცეკვავდა დაუღალავად სიმონი უკრავდა, რაზეც ვინ ინებებდა. იყო ბუფეტიც, კინოც. მახსოვს, ერთ ფილმში იჭერდნენ უზარმაზარ თევზებს.

თევზები იბრძოდნენენ, ანგრევდნენ გემბანზე ყველაფერს; იჭერდნენ კიდევ თევზებს უცნაურად: მდინარე სავსე იყო თევზების ზურგებით, შიგ მიცურავდა გრძელი წვრილი ნავი, შიგ იდგა კაცი ორპირი შუბით, ჩაჰკრავდა იმ შუბს თევზსა და ამოათრევდა ნავზე, თუ არ ვცდები, იქვე ვნახე პირველად "ჯავშნოსანი პოტიომკინი". იქიდან დაწყებული სულ ჩემკენ იყო მოშვერილი ზარბაზნებით ლულების მკაცრი შავი ტუჩები.

ჩვენი სახლის პატრონსაც დავყავდით სამკალში. ეს ძალიან კარგი საყურებელი იყო. უმთავრესად ქალები მკიდნენ მაღალ, მძიმე ჭვავს, და იყო მხიარულება, კისკისი.

გომბორშივე შეგვატყობინეს მამიდაჩემის გარდაცვლება. ცხადია, მაშინვე წამოვედით. სახლში რომ შევედით, სადაც მამიდა ესვენა, მე ხმამაღალი, ისტერიული ტირილი ამიტყდა. შემომეხვივნენ ქალები, - ნუო, შვილო, ეგრე არ გინდა, შვილოო, მაგრამ მე ფეხის ტკივილი მოვიმიზეზე და ისევე განვაგრძობდი ტირილს. მამიდა ძალიან კარგი გვყავდა, უცნაურად გულიანი მოფერება იცოდა. ქმარი ადრევე ჰყავდა გარდაცვლილი. ჩემი მამიდაშვილები დარჩნენ სრულიად ობლად

 

მიდამო

 

მეოთხე-მეხუთე კლასში, როგორც თითქმის ყველა სოფლელი ბიჭი, მეც თევზაობამ და ნადირობამ გამიტაცა. ვთევზაობდით წისქვილის არხსა და ჩვენი ჭალის ვენახის ბოლოზე გამავალ ფშატში. ვიჭერდი პატარა ანკესით პატარა ნაფოტა თევზით; ღამით, წისქვილის არხში ჩადგმული კოკოზით კარგა მოზრდილებსაც. (ნახეთ მოთხრობა "ჩემი შთამომავლობა") 

ნადირობით კი ვნადირობდი მხოლოდ "ლაგატკით", გამორჩეული სიბეჯითით გვიან შემოდგომას და ზამთარში. ზამთრისათვის ბიჭებს მოგროვილი და მიწაში საიდუმლოდ დაფლული გვქონდა კენჭები `ლაგატკისათვის~. მოზრდილ ფრინველებს, შაშვებსა და ჩხართვებს, დავდევდით ფეხდაფეხ, გვქონდა რწმენა, რომ დავღლიდით, დაღლილს ადვილად მოვინადირებდით, მაგრამ ვინ დაიღლებოდა ჩვენს შორის, მიხვდებით. საღამოს ნათეთქვი ძაღლებივით ვბრუნდებოდით შინ.

რაც უფრო შორს მივდიოდით შინიდან, უფრო და უფრო მიმზიდველი გვეჩვენება მიდამო. ჩვენ ზემოთ, სულ რაღაც ნახევარ კილომეტრზე, იყო ვეება ხევის ერთ კლდეში, ოცი მეტრის სიღრმეზე მაინც, აშკარად ჩანდა მწოლიარე ადამიანების ძვლები - მენჯის და ბარძაყისა. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი, პატარების, საგონებელში ყოფნა ამ ძვლების ყურებისას. მე დღესაც მგონია, რომ რაღაც დიდი და იდუმალი ამბავი იყო დაკავშირებული იმ ძვლებთან.

ხევს ზემოთ, მთის ძირას, იყო ალიას ძველი სააგურე, ვიღაც თათარი ჭრიდა, თურმე, აქ აგურს. სააგურეს გადმოჰყურებდა პავლიას სერი, იმ სერის ყველაზე მაღალ ადგილას მიწა მოფენილი იყო ქვითკირითა და თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებით. ცხადია, ოდესღაც აქ იყო სამოსახლო, დაბლა, ივრის ჭალებში მიაბოტებდნენ სპილოები, აქ კი, ამ მწვერვალზე ბუჩქებს ეფარებოდნენ თითქმის შიშველი, გაზანგული ჩვენი წინაპრები.

იყო სულ ზემოთ (ის ჩვენგან არ ჩანდა) გრიგოლიას ციხეც. იმ ციხიდან იორზე ჩამოდიოდა გვირაბი, იმ გვირაბით ჩამოიყვანა ცხენი გორგასალმა დასარწყულებლად, აუკრა აღვირი, გაეხსნა ბექთარი იღლიასთან და იმ გახსნილ ადგილას დაჰკრეს ისარი ჩასაფრებულმა სპარსელებმა. იყო თვითონ ჩვენს სოფელში ნათლისმცემლის ეკლესია, გალავანი, კოშკები. ერთხელ ერთი კოშკის თავიდან მეორე კოშკზე გადამახტუნა ჩემზე დიდმა ბიჭმა. მერე ღამ-ღამობით ვკანკანკალებდით ამის გახსენებისას.

იყო ის ჭაობი და ჭალა ჩვენს ზემოთ, ალი რომ მოსდიოდა იქიდან ჩვენს მეზობელ ბიძინას. იქ ცხოვრობდნენ კიდევ, ოქროს ჟღარუნა საყურეებიანი გველები, თითისტარის სიგრძე წითელი, სისხლისმწოველი წურბელები, კბილებიანი ბაყაყები.

მაგრამ ქვეყანაზე იყო მშვენიერი ფრიადოსანი გოგონა, რომელიც ყველა ბიჭს გვიყვარდა. მე იმდენად, რომ მათ ეზოსთან გამოვლისას ვეხახუნებოდი ღობეს. ამ ხახუნით რაღაცას ვტოვებდი ღობეზე ჩემი სიყვარულიდან, თუ, პირიქით, ღობიდან მომქონდა რაღაც - ამამაღლებელი, გამაღონიერებელი.

გვქონდა ერთი გატაცება ჩვენუბნელ ბიჭებს - კოლექტივობანა. ჭალის ვენახების ბოლოზე გავკაფეთ, გადავბარეთ ჩვენთვის მოზრდილი ნაკვეთი. დავთესეთ სიმინდი და გოგრები. სიმინდიც კარგი მოვიდა, გოგრებიც, მაგრამ ერთ დღეს ერთმა ვენახის პატრონმა დაგვიფრინა სახრით, - ვენახი რასაც გაიტანს, სულ ჩემია ივრამდეო. შევჩივლეთ უფროსებს, არაფერი გამოგვივიდა. როგორც წესი, კოლმეურნეობის დოვლათი ხომ სხვებს მიჰქონდათ, ჩვენიც სხვამ წაიღო და მორჩა.

ერთად ერთი ჩემი ბიძაშვილი ყაზბეგა იყრიდა ჩვენი დამრბევის ჯავრს. ის რომ ქვევით მუშაობდა, ვენახში, ყაზბეგა ავიდოდა ზევით ვენახის დიდი ბლის კენწეროზე და იქიდან ეშაირებოდა ძალიან მკაცრი შაირებით. ჩვენი დამრბევი ერთ-ორზე კი გაეპასუხებოდა, მერე ჩუმად იყო, ანდა ზოგჯერ თუ ამოიძახებდა - მგლილეკვო! აუ-აუ!

იყო სოფელში ფარული დაძაბულობებიც, მამაჩემი ყოველ დილას ან დაიკიდებდა, ან ტყავის ქურთუკის უბის ჯიბეში ჩაიდებდა რევოლვერს. ერთ ღამეს, რაღაცით განერვიულებულმა, საკუთარ ძაღლს ესროლა, როცა ის, ალბათ, სიხარულით შეახტა გულზე. კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა ის ტყვია ძაღლს…

გვყავდა სხვა ძაღლებიც, მამაჩემის ცხენიც, ძროხაც, ხბოც. იყო წმინდა მარინეს ზედაშე - გარეთ, კაკლის ქვეშ; ტახის რქები, მიკრული ლიმონა მსხალზე. იყვნენ მოლაღურები ზაფხულობით კაკალზე. იყო დიდი ხილიანობა, სიმინდობა, იყვნენ მეზობელ სოფელში გერმანელები, მათი 30-40 ფურგონი ერთად დამწკრივებული გაივლიდა ჩვენს სოფელს და წავიდოდა ტყეში.

იყო ისევ ბებია, მუდამ დადარაჯებით მაყურებელი ჩემსკენ. მამიდას სიკვდილის Dშემდეგ ხშირად წაიშენდა ხოლმე ხელებს თავში. მარანში დიდი გველი ენახა დახვეული, ბიძინასთვის დაეძახნა, ბიძინას მოეკლა, და ახლა ნანობდა, - ისეთი თვალებით შემომხედა იმ გველმა, კარგს რომ არაფერს დაგვმართებდა, მაშინვე მივხვდიო.

თანაც - ქვეწარმავლებისა მაინც და მაინც არ ეშინოდა ბებოს.

მიყვარადა სირბილი. რომ დავეშვებოდი ფეხშიშველი ჭალის ვენახის გრილ ბილიკზე, თითქმის საზეიმო ჟრიამულით მომაცილებდნენ ხეები. სულ მეალერსებოდა ჰაერი.

წინ შეუცნობელი, მაგრამ მაინც კარგი რამე მელოდა ყოველთვის.

 

მინაწერი

 

1937 წლის ზაფხულში მამა დააპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც. ჩვენ, ინანიშვილებს, ვიღაცეებმა ღამით გაგვიკაფეს მსხმოიარე ვენახიც.

ჯერ კიდევ წინა წელს პარტიიდან გარიცხულმა და სამსახურიდან მოხსნილმა მამამ თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი. არდადეგების ბოლოს, აგვისტოში, მარიამობა დღეს, იმ ქოხის იმედით, მთელი ჩვენი ოჯახი, დედა, და, პატარა ძმა, ბებიას გარდა, წავედით თბილისში.

რა დაიწყო თბილისში, რას შევუდექით ახალს, ეს ცალკე თემაა. თუ საშუალება მომეცა, ოდესმე ამაზედაც დავწერ, ოღონდ კვლავაც მოკლედ, ყოველივეს კვლავაც დანახულს თოჯინის თვალით (ის თოჯინა მე ვარ). თუ ვერ დავწერე, არც ეს შემაწუხებს ძალიან, რადგან უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობი, რა საშინელება იყო ის 1937 წელი, მერე ომი, მერე ომის დამთავრების პირველი წლები.

ბავშვობა სხვაა. ბავშვობაზე გადიდებული თვალებით და ჩაკირკიტებით წერა მუდმივი მტკიცებაა, მართლა არსებობს სადმე სამოთხე, თუ არა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ