ჯვარედინ გზაზე ისმის:
- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰყნოსვით!
- მე მონა ვარ!..
- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისუფლდები...
- მე სუსტი ვარ...
- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...
- არ მაქვს იმედი...
- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
- მეშინია უარესის...
- მონობაზე უარესი რაღა იქნება?
- სიკვდილი... შიმშილი...
* * * * * * *
- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.