ცხოვრობდნენ ქვეყნად მეფე და დედოფალი. შვილი არ ჰყავდათ და ძლიერ განიცდიდნენ. სად არ დადიოდნენ მოსალოცად, რა სამკურნალო წყლებში არ განიბანებოდნენ, მაგრამ ამაოდ.
და აი, როდესაც იმედი სრულიად გადაწურული ჰქონდათ, შეეძინათ ქალიშვილი.
ალბათ წარმოგიდგენიათ, რა დღეობას მოაწყობდნენ! მეფის პატარა ასულთან ყველა ფერია მოიწვიეს, რომლებიც კი ქვეყანაში მოიძებნებოდა. საქმე იმაშია, რომ იმხანად ფერიებს ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდათ - თავიანთ ნათლულებს სხვადასხვა ჯადოსნურ ნიჭებს ანათლავდნენ. ვინაიდან ფერია შვიდი აღმოჩნდა, მეფის ასულს მათგან არანაკლებ შვიდი სათნოება ან ღირსება უნდა მიეღო.
ფერიებსა და სხვა საპატიო სტუმრებს მეფის სასახლეში სადღესასწაულო სუფრა გაუშალეს.
ფერიებს სადილი საუცხოო ჭურჭლით მიართვეს და წინ თითო ოქროს ლანგარიც დაუდეს. ლანგრებზე საუკეთესოდ ნაკეთი ოქროს კოვზები, ჩანგლები და დანები ეწყო, რომლებიც ალმასებითა და ლალებით იყო მორთული.
და აი, როცა სტუმრები მაგიდას მიუსხდნენ, მოულოდნელად კარი გაიღო და დარბაზში მოხუცი ფერია შემოვიდა, რიგით მერვე, რომლის ნათლობაზე მოწვევაც დავიწყებოდათ. ცხადია, მოხუცი ფერია ძლიერ განაწყენდა. მეფე-დედოფალს ასეთი საქციელი უზრდელობაში ჩაუთვალა, თეფში და ლანგარი გვერდზე გასწია და კბილებში რაღაც მუქარა გამოსცრა.
ბედად, მის გვერდზე მჯდომმა ახალგაზრდა ფერიამ გაიგონა მისი ჩადუდღუნება. შეშინდა, მეფის პატარა ასულს მოხუცმა არაფერი ავნოსო და, როგორც კი სტუმრები წამოიშალნენ, მაშინვე საბავშვო ოთახს მიაშურა, საწოლის ქვეშ შეძვრა და დაიმალა. ახალგაზრდა ფერიამ იცოდა, რომ გამარჯვება მას რჩება, ვინც ბოლო სიტყვას ამბობს, ამიტომ სურდა, ბოლო სურვილი თავად ეთქვა.
სადილის შემდეგ ყველაზე საზეიმო წუთი დადგა - ფერიები საბავშვო ოთახში შევიდნენ და სათითაოდ დაანათლეს ნათლულს ნიჭები.
უფროსმა ფერიამ უსურვა: ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ყოფილიყავიო; მეორემ თბილი და კეთილი გულით დააჯილდოვა; მესამემ თქვა: მისი ყოველი მოძრაობა აღტაცებას გამოიწვევსო; მეოთხე დაპირდა: მეფის ასულს არაჩვეულებრივი ცეკვა ეცოდინებაო; მეხუთემ - ბულბულივით ტკბილად იმღერებსო; მეექვსემ დასძინა: ყველა საკრავზე ერთნაირად დაკვრა შეეძლებაო.
ბოლოს ჯერი მოხუც ფერიაზე მიდგა. ბებრუხანა ბავშვის საწოლთან დაიხარა და თავის კანტურით წაისისინა: მეფის ასული თითში თითისტარს იჩხვლეტს და მოკვდებაო.
ბოროტი ჯადოქრის საჩუქარმა ყველა შეაშფოთა. ცრემლს ვერავინ იკავებდა.
სწორედ ამ დროს სამალავიდან ახალგაზრდა ფერია გამოვიდა და ხმამაღლა თქვა:
- დამშვიდდით, მეფევ და დედოფალო! თქვენი ქალიშვილი არ მოკვდება. მართალია, მე ისეთი ძალა არა მაქვს, რომ ნათქვამი სრულიად გავაქარწყლო, მაგრამ შემიძლია მისი ხვედრი შევამსუბუქო. პრინცესა თითისტარს მართლაც იჩხვლეტს, მაგრამ არ მოკვდება, არამედ დაიძინებს ღრმა ძილით და იძინებს ზუსტად 100 წელიწადი, სანამ მშვენიერი უფლისწული არ გამოაღვიძებსო.
ამ დაპირებამ მეფე-დედოფალი ცოტათი დაამშვიდა. თუმცა მეფე მაინც შეეცადა, ქალიშვილი ბოროტი ფერიის ნაწინასწარმეტყველები უბედურებისაგან დაეცვა. იმ დღიდან ხელმწიფის საგანგებო ბრძანებით ყველა მის ქვეშევრდომს აეკრძალა ძაფის რთვა და სახლში სართავისა და თითისტარის შენახვა. ბრძანების დამრღვევს სიკვდილით დასჯა ელოდა.
გავიდა 15-16 წელიწადი. ერთხელ მეფე-დედოფალი ქალიშვილთან ერთად ერთ-ერთი რეზიდენციაში გაემგზავრა ქალაქგარეთ. მეფის ასულმა ძველი ციხე-სიმაგრის დათვალიერება მოისურვა. მან ყველა ოთახი მოიარა და ბოლოს ციხე-სიმაგრის კოშკის უკანასკნელ ოთახს მიადგა. იქ, ვიწრო სენაკში ერთი დედაბერი იჯდა და მშვიდად ძაფს ართავდა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას არასოდეს სმენოდა მეფის ბრძანების შესახებ.
- რას აკეთებთ, დეიდა? - ჰკითხა მეფის ასულმა, რომელსაც სართავი ცხოვრებაში არ ენახა.
- ძაფს ვართავ, შვილო, - უპასუხა მოხუცმა ისე, რომ არც კი იცოდა, თუ მეფის ასულს ელაპარაკებოდა.
- ოჰ, რა ლამაზია! - წამოიძახა მეფის ასულმა. - მომეცით რა, მეც ვსინჯავ, თქვენსავით კარგად თუ გამომივა...
მეფის ასულმა თითისტარს ხელი წაავლო და წესიერად არც მიკარებია, რომ ფერიის წინასწარმეტყველება ასრულდა: თითისტარი თითში იჩხვლიტა და, ღრმა ძილს მიცემული, ძირს დაეცა.
შეშინებულმა მოხუცმა ყვირილი მორთო. ხალხმა მოირბინა. რა არ იღონეს: მეფის ასულს პირზე წყალი ასხურეს, ლოყებზე ხელები უტყაპუნეს, ყვრიმალები სურნელოვანი ძმრით დაუზილეს, მაგრამ არაფერმა უშველა.
ეს ამბავი სასწრაფოდ ხელმწიფეს მოახსენეს. მეფე კოშკში ავიდა, ქალიშვილს დახედა და მიხვდა, რომ ასრულდა ის სამწუხარო წინასწარმეტყველება, რომელსაც ასე უფრთხოდნენ.
დამწუხრებულმა მეფემ ბრძანა, მეფის ასული სასახლის ყველაზე ლამაზ დარბაზში გადაეყვანათ და ოქრომკერდით ნაქარგ თეთრეულში ჩაეწვინათ.
მეფის ასული ენითუთქმელად ლამაზი იყო: ლოყები ვარდისფრად უღვიოდა, ტუჩები კი - ალუბლისფრად. და თუმცა თვალები მაგრად დაეხუჭა, ჩანდა, რომ სუნთქავდა.
ეს მართლაც ძილი იყო და არა სიკვდილი.
ხელმწიფემ ბრძანა: მეფის ასულს არავინ მიეკაროს, სანამ მისი გაღვიძების ჟამი არ დადგებაო.
ამ დროს კეთილი ფერია, რომელმაც ნათლული სიკვდილს გადაარჩინა, მეფის სასახლიდან ძალიან შორს იყო. მაგრამ უბედურების შესახებ უმალ შეიტყო, ჩაიცვა ჯადოსნური ჩექმები და მაშინვე გზას გაუდგა. ერთი საათიც არ გასულა, რომ მისი ცეცხლოვანი ეტლი ხელმწიფის სასახლესთან იდგა. მეფემ ფერიას ხელი გაუწოდა და ეტლიდან ჩამოსვლაში მიეშველა.
ფერიამ, შეძლებისდაგვარად, ანუგეშა მეფე-დედოფალი.
იგი ძალზე წინდახედული იყო და მაშინვე მიხვდა, რომ საბრალო მეფის ასული ძლიერ მოიწყენდა, როცა ასი წლის შემდეგ გაიღვიძებდა და ვერცერთ ნაცნობ სახეს ვერ დაინახავდა. ასე რომ არ მომხდარიყო, ფერიამ, აი, რა მოიმოქმედა:
თავისი ჯადოსნური ჯოხი სათითაოდ შეახო ყველას, ვინც სასახლეში იმყოფებოდა (გარდა მეფე-დედოფლისა). იქ კი თავი მოეყარათ დიდებულებს, სეფექალებს, აღმზრდელებს, მზარეულებს, ჯარისკაცებს, კარისკაცებს, მსახურებსა და ლაქიებს.
ფერია ჯოხით შეეხო სამეფო საჯინიბოში მოჭიხვინე ცხენებსა და მეჯინიბეებს, ცხენებს რომ კუდებს ვარცხნიდნენ, ეზოში დაბმულ უზარმაზარ ქოფაკებს და ასევე მეფის მძინარე ასულის ფეხებთან მოკალათებულ ცუგას, სახელად ჰუფის.
ფერიის ჯადოსნური ჯოხის შეხებისას ყველას ღრმა ძილი ეუფლებოდა. მათ ზუსტად ასი წლით დაიძინეს და გაიღვიძებდნენ მხოლოდ მეფის ასულთან ერთად, რათა უწინდელივით მომსახურებოდნენ მას. მიიძინეს თვით წიწილებმა და თევზებმაც, ცეცხლზე რომ იწვებოდნენ, მიიძინა შამფურმა, რომელზეც ისინი წამოეცვათ, მიიძინა ცეცხლმაც, მათ რომ ბრაწავდა.
და ყოველივე ეს თვალის დახამხამებაში მოხდა. ფერიებმა იციან თავიანთი საქმე - ჯოხის ერთი მოქნევა და ყველაფერი მზადაა!
შემდეგ მეფე-დედოფალმა მძინარე შვილს აკოცეს, გამოემშვიდობნენ და დარბაზიდან ჩუმად გავიდნენ.
დედაქალაქში დაბრუნებულებმა ბრძანება გასცეს, მოჯადოებულ ციხე-სიმაგრეს არავინ მიეკაროსო. თუმცა ასეთი ბრძანება საჭირო არც იყო, რადგან სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ციხე-სიმაგრის ირგვლივ იმდენი დიდი თუ პატარა ხე და ეკალ-ბარდი ამოიზარდა და ერთმანეთში ისე გადაიხლართა, რომ ვერც ადამიანი და ვერც ცხოველი იქ ვერ შეაღწევდა. ციხე-სიმაგრის წვეროსღა თუ დაინახავდით შორიდან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მთის თავზე მოექცეოდით.
ეს ყველაფერი ფერიამ იმისათვის გააკეთა, რომ ცნობისმოყვარეებს მეფის ასულის სიმყუდროვე არ დაერღვიათ.
გავიდა ასი წელიწადი. ამასობაში მრავალი მეფე-დედოფალი გამოიცვალა.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს, იმ ქვეყნის უფლისწული სანადიროდ წავიდა.
შორს, უღრანი ტყის გადაღმა, მან რომელიღაც ციხე-სიმაგრის წვერს მოჰკრა თვალი.
- ვისია ეს ციხე-სიმაგრე? - იკითხა მან. - ვინ ცხოვრობს იქ?
ყველა სხვადასხვას ეუბნებოდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ეს ძველი ნანგრევებია, სადაც მოჩვენებები ბუდობენ; სხვები ამტკიცებდნენ, მიგდებულ ციხე-სიმაგრეში მთელი იმ მხარის ჯადოქრები იკრიბებიანო. მაგრამ უმეტესობა ირწმუნებოდა, ციხე-სიმაგრე კაციჭამიას ეკუთვნის, რომელიც გზააბნეულ ბავშვებს იტაცებს და თავისთან მიჰყავს. კაციჭამიას კვალს ვერავინ აგნებს, რადგან მოჯადოებულ ტყეში გზა მხოლოდ მან იცისო.
უფლისწულმა აღარ იცოდა, ვისთვის დაეჯერებინა. სწორედ ამ დროს მასთან მოხუცი გლეხკაცი მივიდა, თავი მდაბლად დაუკრა და მოახსენა:
კეთილო უფლისწულო, ნახევარი საუკუნის წინ, როცა თქვენსავით ჯეელი ვიყავი, მამაჩემისაგან მესმა, რომ იმ ციხე-სიმაგრეში ღრმა ძილით სძინავს მზეთუნახავ მეფის ასულს და კიდევ ნახევარი საუკუნე იძინებს, სანამ მისი საქმრო, ვიღაც უფლისწული არ მივა და არ გააღვიძებსო.
წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა უფლისწულს, ეს სიტყვები რომ მოისმინა. გული აუძგერდა. საუკუნო ძილისაგან მზეთუნახავის გამოღვიძება ჩემი ბედი ხომ არ არისო?
უფლისწულს ბევრი არ უფიქრია, ცხენი მაშინვე ძველი ციხე-სიმაგრისაკენ გააჭენა, საითაც სიყვარული იზიდავდა.
და აი, მის წინ მოჯადოებული ტყე აღიმართა. უფლისწული ცხენიდან ჩამოხტა. მოულოდნელად მაღალმა ხეებმა და ეკალ-ბარდებმა გაიწ-გამოიწიეს და უფლისწულს გზა მისცეს. ასე მიდიოდა უფლისწული გრძელ ხეივანში სრულიად მარტო, რადგან მის უკან ხეები და ეკალ-ბარდები ისევ ერთმანეთში გადაიხლართნენ და უფლისწულის მხლებლებს გზა ჩაუკეტეს.
ასეთი სახილველი ნებისმიერს შეაშინებდა, მაგრამ უფლისწული ახალგაზრდა იყო, თანაც შეყვარებული. ეს კი საკმარისია შიშის დასაძლევად.
კიდევ ასი ნაბიჯი და უფლისწული ციხე-სიმაგრის ეზოში აღმოჩნდა, იქაურობას თვალი მიმოავლო და ძარღვებში სისხლი გაეყინა: მის ირგვლივ იწვნენ, ისხდნენ, იდგნენ, კედელს მიყრდნობოდნენ ძველებურ სამოსში გამოწყობილი უცნობი ადამიანები. ყველანი მიცვალებულებივით გაქვავებულნიყვნენ. მაგრამ, როცა კარისკაცების ვარდისფერ სახეებს დააცქერდა, მიხვდა, რომ მკვდრები არ იყვნენ, მხოლოდ ეძინათ. ხელში ღვინით სავსე ჭიქები ეჭირათ. აშკარა იყო, მოულოდნელმა ძილმა მაშინ მოიცვათ, როცა ჭიქების გამოცლას აპირებდნენ.
უფლისწულმა დიდი, მარმარილოს ფილებით მოკირწყლული ეზო გაიარა, კიბეზე ავიდა და სასახლის სადარაჯოში შევიდა. ჯარისკაცები რიგზე ჩამწკრივებულიყვნენ, ზურგზე თოფები მოეგდოთ და ხვრინავდნენ.
უფლისწულმა უამრავ ლამაზად ჩაცმულ-დახურულ ქალბატონსა და მოხდენილ კავალერს ჩაუარა. ამათაც ყველას ეძინათ: ვის დამდგარს ჩასძინებოდა, ვის - დამჯდარს.
ბოლოს, ერთ დარბაზში შევიდა. დარბაზის ჭერი და კედლები ოქროთი მოევარაყებინათ. შევიდა და გაშეშდა.
საწოლზე იწვა მზეთუნახავი მეფის ასული, 15-16 წლისა (თუ იმ ას წელიწადს არ ჩავთვლით, რომლის განმავლობაშიც მას ღრმად ეძინა). მზეთუნახავი ისე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო, რომ მასთან შედარებით ოქროც კი მრუმე და უფერული ჩანდა. აღტაცებული უფლისწული მეფის ასულს მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაეშვა.
სწორედ იმ დროს ამოიწურა ფერიისაგან განსაზღვრული ასი წელიწადი.
მეფის ასულმა გამოიღვიძა, თვალები გაახილა და უფლისწულს მიაცქერდა.
- აჰ, ეს თქვენა ხართ, უფლისწულო? როგორც იქნა, მოხვედით! დიდხანს კი მალოდინეთ! - თქვა მეფის ასულმა.
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ირგვლივ ყველაფერი გამოცოცხლდა.
პირველად მეფის ასულის ფერხთით მოკალათებული ცუგოს, ჰუფის, ხმა გაისმა, რომელიც უცნობ უფლისწულს უყეფდა, მას ეზოდან მცველი ქოფაკების უხეში ხმები გამოეპასუხა.
საჯინიბოში ცხენებმა დაიჭიხვინეს, სახურავზე მტრედები აღუღუნდნენ, ღუმელში ცეცხლი აინთო და ასი წლის წინ შეწყვეტილი სადილის მზადება განაგრძო - წიწილები და თევზები ერთ წამში დაბრაწა.
მსახურთუხუცესის ზედამხედველობით სარკეებიან სასადილო დარბაზში მსახურები უკვე სუფრას შლიდნენ. ქალბატონები სადილის მოლოდინში კაბებს ისწორებდნენ და გამოძინებულ კავალრებს უღიმოდნენ.
სასახლის სადარაჯოში ჯარისკაცები ჩვეულ საქმიანობას მიუბრუნდნენ - თოფები შემართეს და დაჭექეს.
სასახლის კარიბჭესთან კარისკაცებმა ღვინო გამოცალეს და ჭიქები საუცხოო ღვინით შეავსეს, რომელიც ასი წლის შემდეგ დაძველებულიყო და უფრო გემრიელი გამხდარიყო.
მთელი ციხე-სიმაგრე გამოცოცხლდა და ახმაურდა.
უფლისწულსა და მზეთუნახავს კი არაფერი ესმოდათ. ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ცქერით ვერ ძღებოდნენ. მეფის ასულს სულ გადაავიწყდა, რომ მთელი საუკუნე არაფერი უჭამია, არც უფლისწულს გახსენებია, რომ დილის მერე პირში არაფერი ჩაუდევს. მთელი ოთხი საათი მუსაიფში გაატარეს, და მაინც, სათქმელის ნახევარიც ვერ უთხრეს ერთმანეთს.
მაგრამ სხვები ხომ შეყვარებულები არ იყვნენ, ამიტომ შიმშილით კვდებოდნენ. ბოლოს უფროსმა სეფექალმა ვეღარ მოთმინა და მეფის ასულს მოახსენა, სადილი მზად არისო.
უფლისწულმა საცოლეს ხელი გაუწოდა და სასადილო დარბაზისაკენ წაუძღვა.
მეფის ასულს საუცხოოდ ეცვა და კმაყოფილი შესცქეროდა საკუთარ თავს სარკეებში. შეყვარებულ უფლისწულს, რა თქმა უნდა, არც უფიქრია ეთქვა, რომ ასეთი კაბები, სულ ცოტა, ასი წლის წინ გავიდა მოდიდან, რომ ასეთ სახელოებსა და საყელოებს მისი დიდი ბებიების დროიდან აღარავინ ატარებდა.
ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა? - მეფის ასული ძველმოდურ კაბაშიც კი ყველას სჯობდა.
სიძე-დედოფალი მაგიდას მიუსხდა. ცნობილი კავალრები ძველებური სუფრის ნაირნაირ კერძებს სთავაზობდნენ, ვიოლინოები კი მათთვის გასული საუკუნის ლამაზ, მივიწყებულ მელოდიებს უკრავდნენ.
კარის პოეტმა იქვე ახალი, თუმცა ცოტათი ძველმოდური სიმღერა შეთხზა მზეთუნახავ მეფის ასულზე, რომელსაც ასი წელიწადი ეძინა მოჯადოებულ ტყეში.
სიმღერა ყველას ძალიან მოეწონა; და მას შემდეგ დიდი თუ პატარა, მეფე თუ გლეხკაცი, მღეროდა მას. ის კი, ვისაც სიმღერა არ შეეძლო, მზეთუნახავის ამბავს ზღაპრად ყვებოდა, ერთი მეორეს უამბობდა, მეორე მესამეს და ასე მოვიდა ბოლოს ჩვენამდეც, ძვირფასო პატარებო.
* * * * * * * * *
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე და დედოფალი. მათ შვილი არ ჰყავდათ და ამას ძალიან დარდობდნენ. ლოცვა, აღთქმა, ხატში სიარული - ყველაფერი სცადეს... ბოლოს, როგორც იქნა, დედოფალს ქალიშვილი შეეძინა. მშვენიერი ნათლობა გადაიხადეს. ნათლიებად პატარა მეფის ასულს დაუპატიჟეს ყველა ფერია, რომელიც იმ სამეფოში იყო, სულ შვიდი ფერია.
როგორც იმ დროს სჩვეოდათ თურმე, ყოველ მათგანს რამე ნიჭი უნდა დაენათლებინა, რომ მეფის ასული ყოველნაირი ღირსებით ყოფილიყო შემკული.
ნათლობა რომ დამთავრდა, ყველა მეფის სასახლეში დაბრუნდა, სადაც ფერიებისთვის დიდი ნადიმი იყო გამართული. თითოეულ მათგანს ბრწყინვალე სუფრა გაუშალეს და წინ დაუდგეს ოქროს კოლოფი, რომელშიც ალმასისა და ლალის თვლებით შემკული ბაჯაღლო ოქროს კოვზი, ჩანგალი და დანა იდო.
როცა ფერიები სუფრას მიუსხდნენ, შემოვიდა ერთი ბებერი ფერია, რომელიც არ იყო მოწვეული. თითქმის ორმოცდაათი წელიწადი იყო გასული, რაც ის თავისი კოშკიდან არ გამოსულიყო და ყველას დიდი ხნის მკვდარი ეგონა.
მეფემ ბრძანა, მისთვისაც გაეშალათ სუფრა, მაგრამ ოქროს კოლოფი ვეღარ მიართვეს, რადგან ისეთი კოლოფი მხოლოდ შვიდი ფერიისთვის დაემზადებინათ. დედაბერმა იფიქრა, უდიერად მომექცნენო და რაღაც ჩაიბუტბუტა, თითქოს დაიმუქრა.
იქვე ახლოს ერთი ახალგაზრდა ფერია იჯდა, ბუტბუტი რომ გაიგონა, გაიფიქრა, ამან საშიში რამ არ უსურვოს პატარა მეფის ასულსო; და როგორც კი სუფრიდან აიშალნენ, ფარდის უკან დაიმალა, ბოლოს მე ვილაპარაკებ და ვეცდები, დედაბრის მიერ მიყენებული ვნება გამოვასწოროო.
ამასობაში ფერიებმა მეფის ასულის დასაჩუქრება დაიწყეს.
ყველაზე ახალგაზრდა დაჰპირდა, ამ ქვეყანაზე ულამაზესი ქალი იქნებიო, მეორემ - ანგელოზივით კეთილიო, მესამემ - რაც უნდა გააკეთო, მომხიბვლელობას არ დაკარგავო, მეოთხემ - ჩინებულად იცეკვებო, მეხუთემ - ბულბულივით იმღერებო, მეექვსემ - ყველანაირ საკრავზე დაუკრავო.
მოხუცი ფერიის ჯერი რომ დადგა, მან უფრო განაწყენების გამო, ვიდრე სიბერისგან, თავის ქანქარით თქვა, მეფის ასული თითისტარით ხელს გაიკაწრავს და მოკვდებაო.
ხალხი შეძრწუნდა და ატირდა. ამ დროს ფარდის უკან დამალული ახალგაზრდა ფერია გამოვიდა და ხმამაღლა თქვა:
- დამშვიდდით, მეფევ და დედოფალო, თქვენი ქალი არ მოკვდება. მე არ შემწევს ძალა, სულ გავაუქმო ის, რაც ჩემზე უფროსმა ფერიამ დაანათლა. მეფის ასული თითისტარით ხელს გაიკაწრავს, მაგრამ არ მოკვდება, მხოლოდ ღრმა ძილს მიეცემა და ასი წლის დამლევს მეფისწული გააღვიძებს.
მოხუცი ფერიის ნაწინასწარმეტყველები უბედურების თავიდან ასაცილებლად მეფემ ბრძანა, სიკვდილით დაისჯება ყველა, ვინც არამცთუ თითისტარით ძაფის დართვას, არამედ მის სახლში შენახვას გაბედავსო.
თხუთმეტი თუ თექვსმეტი წელი გავიდა და ერთხელ მეფე და დედოფალი სააგარაკო სასახლეში გაემგზავრნენ, ასულიც წაიყვანეს. ერთ დღეს ახალგაზრდა მეფის ქალი სულ მარტო დარბოდა სასახლის პალატებში, შემდეგ კოშკის ბოლო სართულზე ავიდა, სადაც პატარა ოთახში ერთი დედაბერი სართავს ართავდა. მან არ იცოდა, თუ მეფეს თითისტარის ხმარება აკრძალული ჰქონდა.
- მაგას რას აკეთებთ, მოხუცო? - იკითხა მეფის ასულმა.
- ვართავ, ჩემო მშვენიერო, - უპასუხა დედაბერმა. იგი არ იცნობდა მეფის ასულს.
- რა კარგია! - წარმოთქვა მეფის ასულმა. - აბა, მაჩვენეთ, იქნებ მეც შევძლო.
აიღო თუ არა ხელში თითისტარი, თითში იჩხვლიტა და გონებამიხდილი დაეცა.
კეთილი დედაბერი შეწუხდა და ყვირილი მორთო, მიშველეთო. მოირბინეს აქეთ-იქიდან, მეფის ასულს სახეზე წყალი მიაპკურეს, თასმები შეუხსნეს, ხელები დაუზილეს, მაგრამ გონს მაინც ვერ მოიყვანეს.
ხმაურზე მეფეც მოვარდა. მას გაახსენდა ფერიების წინასწარმეტყველება, ბედისწერას შეურიგდა, რაკი ფერიებმა ასე ინებეს, და ბრძანა:
- მეფის ასული სასახლის საუკეთესო დარბაზში ოქრომკედით და სირმით ნაქარგ სარეცელზე დაასვენეთო.
მეფის ასული ისეთი მშვენიერი იყო, გეგონებოდათ ანგელოზიაო. ლოყები ვარდისფრად უღვიოდა, ხოლო ტუჩები მარჯანს მოგაგონებდათ, მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული. თუ ყურს დაადებდით, ნელ სუნთქვას გაიგონებდით, მიხვდებოდით, რომ მკვდარი არ იყო. მეფემ ბრძანა:
- დაე, მშვიდად იძინოს, ვიდრე მისი გაღვიძების საათი დაჰკრავსო.
მეფის ასულს უბედურება რომ შეემთხვა, კეთილი ფერია, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა, მატაკენის სამეფოში იყო, თორმეტი ათასი მილის დაშორებით. მას ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობეს ერთი ჯუჯა კაცის შემწეობით, რომელიც შვიდმილიან ფეხსაცმელს იცვამდა. ფერია გველეშაპებშებმული ცეცხლის ეტლით გზას დაადგა და ერთ საათში უკვე სასახლეს მიაღწია.
მას მეფე მიეგება. ფერიამ მეფეს ყველა ბრძანება მოუწონა, მაგრამ ძალიან წინდახედული იყო და გაიფიქრა, როცა მეფის ასულის გაღვიძების დრო მოვა, ამ ძველ კოშკში სულ მარტო აღმოჩნდება და დიდ გაჭირვებაში ჩავარდებაო. ამიტომ, მეფისა და დედოფლის გარდა, ჯადოსნური ჯოხით შეეხო ყველას, ვინც იმ კოშკში იყო: გადიებს, სეფექალებს, პირისფარეშებს, დარბაისლებს, ასისთავებს, მსახურთუხუცესებს, მზარეულებს, მეჭურჭლეებს, შიკრიკებს, კარისკაცებს, მეაბჯრეებს, ლაქიებს. ჯოხი შეახო ცხენებსაც, საჯინიბოში მეჯინიბეებსაც.
ფერიამ ჯადოსნური ჯოხის შეხებით ყველა დააძინა, რათა მათ თავის ქალბატონთან ერთად გაეღვიძათ და მას მომსახურებოდნენ. თვით ხოხობ და კაკაბწამოგებულმა შამფურებმაც ჩათვლიმეს. ცეცხლმაც კი ჩაიძინა კერაში. ეს ყველაფერი ერთ წუთში მოხდა - ფერიები მარდები არიან.
მეფემ და დედოფალმა საყვარელ ასულს აკოცეს, ციხედარბაზიდან გავიდნენ და ბრძანეს, მასთან ახლოს არავინ მისულიყო.
ეს ბრძანება ზედმეტი იყო, რადგან სულ მალე ბაღის ირგვლივ იმდენი დიდი და პატარა ხე, ბუჩქნარი და ერთმანეთში გადახლართული ძეძვნარი ამოვიდა, რომ ვერც ძეხორციელი, ვერც პირუტყვი ვერ შეაღწევდა შიგ. მხოლოდ ციხე-დარბაზის კოშკებიღა მოჩანდა და ისიც კარგა მოშორებით. აღარავინ ეჭვობდა, რომ ფერიამ აქაც თავისი უბადლო ოსტატობა გამოიჩინა, რათა მძინარე მეფის ასულისთვის ზიანი არავის მიეყენებინა.
ასი წლის შემდეგ ერთი უფლისწული იმ მხარეში ნადირობდა. იკითხა, ეს რა კოშკებია, ამ დიდ უღრან ტყეში რომ მოჩანსო.
ვის რა ჰქონდა გაგონილი, ვის რა: ერთნი ამბობდნენ, - ძველი სასახლეა, იქ მოჩვენებანი ბუდობენო, მეორენი ამბობდნენ, – აქაური ჯადოქრები კუდიანობა ღამეს აქ ღრეობენ. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულება კი ის იყო, თითქოს აქ ერთი დევი ბინადრობდა, რომელიც ბავშვებს იტაცებდა და იმ სასახლეში მიათრევდა, რათა არხეინად შეეჭამა. ამ დაბურულ ტყეში გასვლის ძალა მხოლოდ მას შესწევს და უკან ვერავინ დაედევნებაო.
უფლისწულმა არ იცოდა, ვისთვის დაეჯერებინა. ბოლოს ერთმა მოხუცმა გლეხმა წამოიწყო:
- ბატონიშვილო, აგერ ორმოცდაათი წელიწადი იქნება, რაც მამაჩემისგან გაგონილი მაქვს, თითქოს იმ სასახლეში მეფის მზეთუნახავი ასული ასვენია, რომლის მსგავსი ქვეყნად არავის უნახავს; მან ასი წელიწადი უნდა იძინოს და ის უფლისწული გააღვიძებს, რომელიც ცოლად შეირთავსო.
ამ სიტყვებზე ახალგაზრდა უფლისწულს სახეზე ალმური მოედო. სიყვარულისა და დიდებისადმი ლტოლვამ სურვილი აღუძრა, მყისვე გაეგო, ეს მართალი იყო, თუ არა. როგორც კი უფლისწული ტყეს მიუახლოვდა, უშველებელი ხეები, ძეძვნარი და ბუჩქნარი განზე გადგა, რათა მისთვის გზა დაეთმო.
მან სასახლისკენ გასწია, რომელიც ფართო ხეივნის ბოლოში მოჩანდა, თან ცოტათი გაკვირვებული დარჩა, რომ მისი ამალიდან უკან არავინ გაჰყვა. თურმე, როცა უფლისწულმა დაბურული ტყე გაიარა, ხეები კვლავ მიიჯარნენ. მეფისწული არ შეჩერებულა. ის შევიდა ფართო ეზოში, სადაც ყველაფერი, რაც თვალში ეცა, ადვილად დასცემდა შიშის ზარს.
საზარელი სიჩუმე სუფევდა და ყველაფერს სიკვდილის ფერი ედო. ირგვლივ ადამიანები და ცხოველები იყვნენ გაწოლილნი: ისინი მკვდრებს ჰგავდნენ, მაგრამ კარისკაცების ჭორფლიან ცხვირებსა და აწითლებულ ლოყებს რომ შეხედა, ადვილად მიხვდა, მათ მხოლოდ ეძინათ.
უფლისწულმა დიდი, მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული ეზო გადაჭრა, კიბე აიარა და გუშაგების დარბაზში შევიდა. მხრებზე თოფებგადებული, ჩამწკრივებული გუშაგები გემრიელად ხვრინავდნენ. გაიარა დარბაზები, ყველა სავსე იყო მიძინებული ვაჟებითა და ქალებით. ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა. ბოლოს ოქროთი მოვარაყებულ დარბაზში შევიდა და წარმოუდგა უმშვენიერესი სანახაობა: სარეცელზე, რომელსაც ფარდები არ ეფარა, თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლის მეფის ასული იწვა. მის თვალისმომჭრელ სილამაზეში რაღაც ნათელი და ღვთაებრივი იყო.
აღტაცებული ვაჟი მძინარე მზეთუნახავს თრთოლვით მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაეშვა. რაკი ჯადოქრობის ვადაც გასულიყო, მეფის ასულმა თვალი გაახილა. მან ბატონიშვილს ნაზად შეხედა და უთხრა:
- თქვენ ბრძანდებით, ჩემო უფლისწულო? რამდენ ხანს მალოდინეთ!
უფლისწული მოხიბლა ამ სიტყვებმა, უფრო კი ნათქვამის კილომ. არ იცოდა, როგორ გამოეთქვა თავისი სიხარული და მადლობა. ქალს არწმუნებდა, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარო. დალაგებულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მზეთუნახავს ეს უფრო მეტად მოეწონა; მჭევრმეტყველება ნაკლები იყო, სიყვარული მეტი.
უფლისწული ქალზე მეტად ღელავდა და ეს არც იყო გასაკვირი. ქალს სათქმელის მოსაფიქრებლად დრო ჰქონდა. კეთილმა ფერიამ ხომ ხანგრძლივი ძილის დროს საამო სიზმრებიც აჩვენა, თუმცა ისტორია ამაზე დუმს. ამგვარად, უკვე ოთხმა საათმა განვლო მუსაიფში და ჯერ სათქმელის ნახევარიც არ ეთქვათ.
ამასობაში მთელმა სასახლემ გაიღვიძა. ყველა თავის საქმეს ეშურებოდა. შიმშილით იხოცებოდნენ. ერთმა, სხვებივით შიმშილით შეწუხებულმა სეფექალმა მოთმინება დაკარგა და მეფის ასულს ხმამაღლა უთხრა: კერძი უკვე მზად არისო. ბატონიშვილმა მეფის ასული წამოიყვანა, ქალს საუცხოო, მაღალსაყელოიანი კაბა ეცვა.
ქალი და ვაჟი სარკეებიან დარბაზში შევიდნენ და ივახშმეს. ჭიანურები და თარები ძველებურ, წარმტაც ჰანგებს უკრავდნენ. უკვე ასიოდე წელი იყო, ასეთი ჰანგები აღარავის დაუკრავს. ვახშმის შემდეგ სასახლის მღვდელმა აღარ დააყოვნა და კარის ეკლესიაში მათ ჯვარი დასწერა, სეფექალმა კი საწოლს ფარდა ჩამოაფარა.
უფლისწული მეორე დილას ქალაქში, მშობლებთან დაბრუნდა და უთხრა, ნადირობისას ტყეში გზა ამებნა და ღამე ერთი მენახშირის სახლში გავათენეო. მამა, მოხუცი მეფე, ალალმართალი კაცი იყო და დაუჯერა. დედა კი ასე ადვილად არ მოტყუვდა. მან შეამჩნია, რომ უფლისწული თითქმის ყოველდღე სანადიროდ დადიოდა და ხშირად რამდენიმე დღე შინ არ ბრუნდებოდა. დედოფალი მიხვდა, რომ მას სატრფო ჰყავდა.
უფლისწული ორ წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა ასე თავის მეუღლესთან. მათ ეყოლათ ორი შვილი: გოგონა, რომელსაც ცისკარას ეძახდნენ და ვაჟი, რომელსაც დღეისა დაარქვეს.
დედოფალი ცდილობდა, შვილის საიდუმლო ამოეხსნა, თუმცა ვაჟი მისთვის სიმართლის თქმას ვერ ბედავდა. მას დედის ეშინოდა, რადგან ის კაციჭამია დევების შთამომავალი იყო. სასახლეში ამბობდნენ, დედოფალი კაციჭამიაა და როცა პატარა ბავშვებს ხედავს, თავს ძლივს იკავებს, რომ არ ეცესო. ამიტომ უფლისწული არაფერს ამბობდა, მაგრამ როდესაც მამა მოუკვდა და თავად გახდა მეფე, თავისი დაქორწინების ამბავი გამოაცხადა. შემდეგ ცოლ-შვილი სასახლეში მიიყვანა.
გავიდა ხანი და მეფე მეზობელ იმპერატორთან საომრად წავიდა, სახელმწიფოს მმართველობა კი დედას მიანდო. ცოლი და ბავშვებიც მას ჩააბარა.
დედამ, როგორც კი შვილი შორს დაიგულა, თავისი საზარელი განზრახვის შესრულება გადაწყვიტა. მან რძალი და ბავშვები ტყეში მდგარ სააგარაკო სახლში გაგზავნა. მერე თავადაც მივიდა იქ და ერთ საღამოს თავის მზარეულთუხუცესს უბრძანა:
- მსურს, ხვალ დილით საუზმედ პატარა ცისკარა მივირთვა.
- ოჰ, დედოფალო!.. - მწუხარედ წამოიძახა მზარეულთუხუცესმა.
- მე მსურს! - მკაცრად გაიმეორა კაციჭამია დედოფალმა.
საბრალო კაცი მიხვდა, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. აიღო დიდი დანა და პატარა ცისკარას ოთახში შევიდა. ოთხი წლის ცისკარა მზარეულთუხუცესისკენ ხტუნვითა და სიცილით გაიქცა, კისერზე ჩამოეკიდა და ტკბილეული სთხოვა. კაცს ცრემლი მოერია და დანა ხელიდან გაუვარდა. მან დედოფლის ბრძანება არ შეასრულა. უკანა ეზოში გავარდა, პატარა ბატკანი დაკლა და ისეთი კარგი საწებელი გაუკეთა, რომ დედოფალმა გამოუცხადა, ასეთი გემრიელი არასოდეს არაფერი მიჭამიაო. ცისკარა კი თავის პატარა სახლში გადამალა.
ერთი კვირის შემდეგ ბოროტმა დედოფალმა მზარეულთუხუცესი კვლავ იხმო და უბრძანა:
- მსურს, ვახშმად პატარა დღეისა შევჭამო!
მზარეულთუხუცესი არ შეეპასუხა. გადაწყვიტა, კაციჭამია ქვრივი ამჯერადაც მოეტყუებინა და პატარა დღეისას მოსაძებნად წავიდა. დღეისა სამი წლის ძლივს იყო. მზარეულთუხუცესმა ისიც თავის ცოლს მიჰგვარა. ბავშვის მაგივრად კი დედოფალს ციკანი მიართვა. ერთ საღამოს ბოროტმა დედოფალმა მზარეულთუხუცესს უთხრა:
- მინდა ჩემი რძალიც შევჭამო. მასაც ისეთივე საწებელი გაუკეთე, როგორიც მის შვილებს.
საბრალო მზარეულთუხუცესი შეწუხდა. სად უნდა მოენახა ისეთი საკლავი, რომლის ხორციც დედოფალს თავისი რძლისა ეგონებოდა?..
ამიტომ მან გადაწყვიტა, ახალგაზრდა დედოფლისთვის ყელი გამოეჭრა, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინა. მის ოთახში შევიდა და ქვრივი დედოფლის ბრძანება მოწიწებით აუწყა.
- შეასრულეთ ეგ ბრძანება, - მიუგო ახალგაზრდა დედოფალმა მშვიდად, - საიქიოს მაინც ვნახავ ჩემს საბრალო შვილებს.
მან არ იცოდა, რომ ბავშვები ცოცხლები იყვნენ.
- არა, არა, დედოფალო! - უპასუხა გულაჩუყებულმა მზარეულთუხუცესმა, - თქვენ არ მოკვდებით. თქვენი ბავშვების სანახავად წამოხვალთ ჩემთან, იქ, სადაც მე ისინი დავმალე. მე კიდევ მოვატყუებ დედოფალს, ირმის ხორცს მივართმევ.
მან ახალგაზრდა დედოფალი თავის პატარა სახლში წაიყვანა. ქვრივმა დედოფალმა კი ირმის ხორცი მადიანად მიირთვა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავისი შვილისთვის ეთქვა, შენი ცოლ-შვილი ცოფიანმა მგლებმა შეჭამესო.
ერთ საღამოს, სასახლის უკანა ეზოში ხეტიალისას კაციჭამია დედოფალს ცისკარასა და დღეისას ხმა შემოესმა, ბავშვები დედას ეტიტინებოდნენ. ის მიხვდა, რომ მოატყუეს, საშინლად გაშმაგდა და ბრძანა, მეორე დილით შუა ეზოში დიდი ქვაბი დაედგათ და შიგ დედოფალი, ბავშვები, მზარეულთუხუცესი, მისი ცოლი და მოახლე ჩაეყარათ.
მართლაც, მეორე დილას ყველანი შებორკილები გამოიყვანეს სასახლის ეზოში. ის-ის იყო ქვაბში უნდა ჩაეყარათ, რომ მეფემ, რომელსაც ასე ადრე არავინ ელოდა, ეზოში ცხენი შემოაჭენა. მან გაოცებულმა იკითხა, რას ნიშნავს ეს საზარელი სანახაობაო.
კაციჭამია დედოფალი მიხვდა, რომ თავის განზრახვას ვეღარ შეასრულებდა და სიბრაზისგან გონებაარეული მისსავე ბრძანებით გამზადებულ ქვაბში გადაეშვა. ასე დაასრულა სიცოცხლე ბოროტმა დედოფალმა. ყველაფრის მიუხედავად, კეთილი მეფე დედის სიკვდილმა მაინც დაამწუხრა.
* * * * * * *
მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე