მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2830 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბედი და იღბალი მიდიოდნენ. ერთი ღარიბი კაცი ნახეს. იღბალმა უთხრა ბედსა: მოდი, დამენაძლევე, ეს კაცი გავამდიდროო.

დანაძლევდნენ. იღბალმა კაცს მისცა ოქროს ასი თუმანი და უთხრა: წადი, დიდი დუქანი გააღე და ივაჭრე, აქ რას წვალობო!

წამოიღო კაცმა ეს ოქროს ფული და თქვა: ამოდენა ფული მაქვს, ცოტა რამე მაინც ვუყიდო დამშეულ ცოლ-შვილსაო. ერთი წითელი ხელსახოცი შეიძინა, საჭმელ-სასმელიც ბლომად იყიდა, ხელსახოცში გამოაკრა და მოაქვს შინ. გზაში დაისვენა. ხელსახოცი იქით დადო, ერთი მშიერი ყვავი დასწვდა და წაიღო.

მივიდა ღარიბი კაცი შინ დაღონებული და დაძმარებული. უამბო ცოლს თავგადასავალი. ცოლმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა.

ერთი კვირა რომ გავიდა, ბედი კიდევ შეხვდა იღბალს და ჰკითხა:

- რა ჰქენი, გაამდიდრე ის ღარიბი, თუ არაო?

- რა ვიცი, ოქროები კი მივეციო!

ჩაიარეს ღარიბ კაცთან, ისევ ღარიბად ცხოვრობს.

- რა უყავი ის ოქროებიო? - ჰკითხა იღბალმა.

- ასე და ასე მომივიდა, ყვავმა მომტაცაო.

იღბალმა ახლა ორი იმდენი მისცა: წაიღე. გამდიდრდიო!

ღარიბმა კაცმა ბაზარში რომ გამოიარა, თქვა: ამოდენა ფული მაქვს და მოდი, რამეს ვუყიდი დამშეულ ცოლ-შვილსაო!

ფული რომ ამოიღო, ორმა ქურდმა დაინახა. დიდმა ქურდმა პატარას უთხრა: მე დანით გამოგიდგები, ეგ კაცი ქულაჯის ქვეშ ამოგიფარებს და ფული ამოაცალეო.

დიდი ქურდი დანით გამოუდგა პატარას. ღარიბ კაცს შეებრალა და დაუძახა: მოდი, შვილო, მოდი, მე დაგიფარავ და ქულაჯის ქვეშ დამალა. ქურდმა ჯიბიდან ამოაცალა ფული და თავს უშველა. ღარიბი შინ მივიდა თუ არა, ცოლს უთხრა:

- აი, იმ კაცმა იმდენი კიდევ მომცაო.

ჩაიყო ხელი ჯიბეში, მაგრამ კაპიკი არა აქვს. იფიქრა, უსათუოდ იმ პატარა ბიჭმა ამომაცალაო.

ქალმა უთხრა: შენ ეშმაკები გაწვალებენ, თორემ ორას თუმანს, აბა, ვინ მოგცემდაო!

გავიდა ერთი თვე და ბედი და იღბალი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს, ბედმა ჰკითხა:

- რა ჰქენი, გაამდიდრე ის ღარიბი თუ არა?

- ორი იმდენი კიდევ მივეცი და არ ვიციო, - უპასუხა იღბალმა.

ჩაუარეს ღარიბ კაცს და ისევ დაგლახაკავებული იპოვეს.

- რა უყავი იმდენი ფულიო? - ჰკითხა იღბალმა.

- იქით გამეცალეთ, ეშმაკებო, თქვენი ფული ჩემთან არა დგება!

იღბალმა ახლა სამი იმდენი მისცა და უთხრა:

- შენ თუ შნო არა გაქვს, ამხანაგი აიყვანე და შენი საქმე წინ წავაო!

წაიღო ეს ფული ღარიბმა და პირდაპირ ცოლს მიუტანა. - აი, თუ არა გჯერა, იმ კაცმა კიდევ მომცა ფულიო. ცოლს არ შეუხედავს, ისე უთხრა: ჩააგდე ქოთანში და შეინახეო.

ღარიბი ამხანაგის საშოვნელად წავიდა. ამ დროს მეზობლის ბავშვმა შემოირბინა და დიასახლისს სთხოვა: მარილი გვასესხეო!

ქალი ცომს ზელდა და ბავშვს უთხრა: მე, შვილო, ცომიანი ხელები მაქვსო, ქოთნიდან ამოიღეო!

ბავშვმა ჩაყო ხელი ქოთანში, მარილიც წაიღო და ეს ფულიც გააყოლა. მიუტანა დედას მარილიცა და ფულიც. დედამ ფული რომ დაინახა, შვილს უთხრა: წაიღე და ჩვენი ფულის ყუთში ჩააგდეო!

ღარიბმა მოიყვანა ამხანაგი, ნახა, ფული აღარ არის.

- რა იქნა ფულიო? - ჰკითხა ცოლს.

- მე ფული არ მინახავს, ხომ გითხარი, ეშმაკები გატყუებენ, თორემ ორას-სამას თუმანს რომელი კაცი მოგცემსო!

ღარიბმაც დაიჯერა: მართლაც, ეშმაკები მატყუებენო! გავიდა ხანი. ბედი და იღბალი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

- რა ჰქენი, გაამდიდრე ის ღარიბი, თუ არაო? - ჰკითხა ბედმა.

- სამი იმდენი კიდევ მივეცი და არ ვიცი, რა მოუვიდაო!

ნახეს, კაცი ისევ ღატაკია.

- რა უყავ ის ფულიო? - ჰკითხა იღბალმა.

ღარიბმა ვეღარ მოითმინა და კეტს წამოავლო ხელი. თქვენი ფული ჩემთან არ დგება, დაიკარგეთ, ქაჯები და ეშმაკები ხართო!

ახლა ბედმა უთხრა იღბალს: შენ ხომ ამდენი მიეცი და ვერ გაამდიდრე. მე სულ ცოტას მივცემ და ნახე, თუ ვერ გავამდიდროო! ბედმა ღარიბ კაცს მისცა ხუთი მანეთი და უთხრა: სამი მანეთით ვირი იყიდე, ათი შაურით - ცული, ათი შაურით - თოკები და მოსართავები, მანეთისა - საჭმელ- სასმელი. ტყეში შეშა მოჭერი, ყოველდღე ჩამოიტანე ქალაქში, გაყიდე და აღებული ფულით ტკბილად იცხოვრეო!

მართლაც, ღარიბმა სამ თუმნად ვირი იყიდა. ათ შაურად - ცული, ათ შაურად - მოსართავები, მანეთის - სასმელ-საჭმელი და წამოვიდა შინ. მუდამდღე ტყიდან ჩამოაქვს შეშა, ყიდის და თავისი ნაოფლარით ბედნიერად ცხოვრობს.

შემოდგომით ერთი ხმელი წიფელი ნახა. შემოუარა ირგვლივ და თქვა: ამას მოვჭრი და მთელ ზამთარს მეყოფა საზიდავადო. წიფელი წაიქცა და რას ხედავს: თურმე ის წითელი ხელსახოცი ყვავს ამ ხეზე დარჩენოდა და იპოვა. ის ოქროებიც შიგ იდო. წამოიღო და მოუტანა ცოლს. ახლა ღარიბს ბევრი ფული აქვს, მაგრამ მაინც შრომობს და შეშას ყიდის.

ერთხელაც ღარიბი კაცის მეზობელს დაეთვალა თავისი ფული და სამასი თუმანი მეტი აღმოჩენოდა. მაშინვე გაიგო მიზეზი და უკანვე დაუბრუნა. ეს კაცი ახლა კი გამდიდრდა. კარგი სახლებიც დაიდგა.

გავიდა რამდენიმე წელიწადი, იღბალი შეხვდა ბედს და ჰკითხა:

- რა ჰქენი, გაამდიდრე შენი ხუთი მანეთით ის კაციო?

ჩაუარეს ღარიბს და ნახეს, მართლა გამდიდრებულა.

კაცმა დაინახა თუ არა ბედი და იღბალი, გაუხარდა და შინ შეიპატიჟა. კარგად იქეიფეს.

ღარიბმა კაცმა თქვა: ღარიბი ვიყავი, მაგრამ ახლა არა მიშავსო. ეგრეა, მაშრომე, ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო!..

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ