მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1704 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო სამი ძმა, ღარიბები და საწყლები საშინლად. არაფერი არ ებადათ ღვთის განაჩენი, შიმშილით კუჭები უხმებოდათ და სიცივით ზურგები აზრებოდათ.

ძმებმა თქვეს: ყველანი რომ შინ ვიყვნეთ, რა უნდა ვჭამოთ, ავდგეთ, ზოგი სად წავიდეთ და ზოგი სად, ლუკმა მაინც ვიშოვნოთო.

ადგნენ, მართლაც, და წავიდნენ სამუშაოდ. იშოვეს ცოტა რამ, მოიტანეს და დაიწყეს ცხოვრება. ისიც რომ გაუთავდათ, უმცროსი ძმა გამოაგდეს: წადი შენთვის, რაც გინდა ჰქენიო!

წავიდა, მართლაც, უმცროსი ძმა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ ადგილას დაისვენა; გაიხედა და დაინახა, რომ ერთ გორასქვეშ ყაჩაღები დგანან. ერთ მხარეს ოქრო უგროვიათ, მეორე ადგილას - ვერცხლი, სხვაგან - თვალი და მარგალიტი და ათასი სხვა რამ უნჯი. უგდო უმცროსმა ძმამ ყური ყაჩაღებს, აბა, რას იზამენო. ყაჩაღებმა მოტანილი ოქრო-ვერცხლი აწყეს, დააყარეს წინანდელს და უთხრეს გორას:

- გორავ, გაიხსენიო! - გორა გაიხსნა. შეიტანეს შიგ.

- დაიკეტე ისევაო! - უთხრეს. გორამ პირი შეიკრა; და წავიდნენ სადავლოდ.

ისინი რომ გაიგულა, უმცროსი ძმა მივიდა:

- გაიხსენიო! - უთხრა გორას.

გორა გაიხსნა, ჩაიყარა გუდაში ოქრო-ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, და წამოიღო. გამოიტანა. გორას უთხრა:

- შეიკარიო! გორა ისევ შეიკრა და გახარებულმა გასწია შინ.

მივიდა შინ, გამოართვა ლიტრიანი ძმებს, აწყა თვალ-მარგალიტი და ლიტრიანი ისევ წაუღო. სულ ხუთი ლიტრა გამოუვიდა. გამდიდრდა უმცროსი ძმა. მიდის თან და ისევ მოაქვს ცხენ- ჯორებით.

ერთხელ ძალიან ბევრი მოიტანა. ძმებს ისევ ლიტრიანი სთხოვა ასაწყავად. უფროსმა ძმამ სთქვა: მოდი, ერთი გავიგებ, რასა წყავს, რა აქვს მაგდენიო! მოუსვა ლიტრიანს ძირზე ერბო, რომ ან ზედ მიეკრას, ან დააჩნდეს, რასა წყავსო, და მისცა.

აწყო უმცროსმა ძმამ მოტანილი სარჩო და ის კი ვერ შენიშნა, რომ ლიტრიანის ძირზე მარგალიტები მიეკრა. დაუბრუნა ლიტრიანი უფროს ძმას და მადლობაც გადაუხადა. უფროსმა ძმამ თქვა: ჰო, ახლა კი გავიგე, რაც უზიდნია მაგას. წავალ, ვკითხავ, საიდან მოაქვს და მეც წავალო.

უმცროსმა ძმამ უთხრა:

- ძმაო, იქიდან მოტანა საჭირო აღარ არის, ისინი შენ მოგასწრობენ, ჩემი მოტანილი თავსა გვდისო.

გაჯავრდა უფროსი ძმა:

- რას ამბობ, ეგ რომ მინდოდეს, არც შენთან მოვიდოდიო!

უმცროსმა ძმამ უთხრა:

- კარგი, წადი, ამა და ამ ადგილას რომ ერთი გორაა, იქ მიდი, იმას უთხარი: გორავ. გაიხსენი- თქო, გოტა კარს გიზამს, შედი, გამოიტანე, რამდენიც გინდოდეს და წამოდიო!

უფროსმა ძმამ წაასხა უთვალავი ჯორ-ცხენები და წავიდა მოსატანად. მიდის გზაზე და იმეორებს: გორავ, გაიხსენიო, გორავ, შეიკარიო! მივიდა. უყო კარი გორამ და შევიდა. აწყო იქ ოქრო- ვერცხლი, ჩაყარა ტომრებში და აკი დაავიწყდა: გორავ, გაიხსენიო, და დარჩა იქ.

მოვიდნენ ყაჩაღები, ნახეს ქურდი შიგ, გაჭრეს ეს უფროსი ძმა ოთხად და ყოველ მხრივ დაუყუდეს ოქრო-ვერცხლს. ელიან ძმები უფროს ძმას. აღარსადაა ის. ყაჩაღებს კიდევ ისა ჰქონდათ გულში, იმ კაცს ოთხად რომ ჭრიდნენ, რომ ამის პატრონი მოვა, ნათესავი ვინმე ეყოლება, წაიღებს და ჩვენ გავიგებთ მერე, ოთხადგაჭრილი მკვდარი ვინ დამარხაო!

ელოდებიან ძმები უფროს ძმას, მაგრამ აბაა! ბოლოს, უმცროსი ძმა ადგა, წაასხა ჯორ-აქლემები და წავიდა. მივიდა გორასთან:

- გორავ, გაიხსენიო! - მიაძახა.

გორა გაიხსნა, შევიდა შიგ, ნახა მკვდარი კაცი. მაშინვე ჩააწყო საცალოში, ჩაყარა თვალ- მარგალიტიც, გამოვიდა და წამოვიდა. მოვიდა შინ და შეუდგა დასაფლავების თადარიგს. წავიდა, ერთ ხარაზს ათი თუმანი მისცა, წამოიყვანა თვალებახვეული, შეაკერინა ერთი დიდი ტყავის პერანგი, შიგ ჩაყარა გაჭრილი ძმა და ისე დამარხა.

მივიდნენ ყაჩაღები ადგილას, ნახეს: აღარც კაცი, აღარც თვალ-მარგალიტი. მაშინვე იქით ეცნენ, აქეთ ეცნენ, ერთი ძებნა, ერთი ამბავი. ბოლოს, იმ ხარაზს შეხვდნენ. ხარაზმა უთხრა, რომ ერთ კაცს მე შევუკერე ოთხად გაჭრილი კაცის სუდარა, თვალები ამიხვიეს და ისე წამიყვანესო. ყაჩაღებმა უთხრეს:

- უნდა გამოგვყვე და გვაჩვენო ის სახლიო!

ხარაზმა უთხრა:

- თვალახილული ვერ გავიგნებ გზას, თუ თვალებს ამიხვევთ და ისე წამიყვანთ, იქნება კი გავიგოო!

აუხვიეს ხარაზს მაშინვე თვალები და წაიყვანეს. ხარაზმა იარა ანდით, იარა და მოვიდა იმ კარებზე, სადაც ის ამბავი იყო. ეს საქმე ღამე ქნეს, რომ არ შეშლოდათ სახლი, კარებზე ნიშანი დაადეს და წავიდნენ.

ძმები ძალიან ფრთხილობდნენ. ერთი მოსამსახურე ქალი ჰყავდათ, ის გამოვიდოდა ხოლმე და დაათვალიერებდა კარებსაც და სახლსაც, ხომ არაფერია საზიანოო. იმ დილასაც გამოვიდა ძალიან ადრე. ნახა, რომ ალაყაფის კარებზე რაღაც ნიშანია, მაშინვე გაიქცა და ყველა კარს ის ნიშანი გაუკეთა.

მოვიდნენ ყაჩაღები იმათ დასახოცად, ნახეს, ყველა კარს ნიშანი აქვს. მოგვიგეს საქმეო და დაბრუნდნენ შინ. სხვანაირად მოვიქცეთო. ადგა ერთი მოხუცი ყაჩაღი, იშოვა ერთი დიდი რუმბი, ერთი ამაზე მომცრო, ჩასხა იმ რუმბში თერთმეტი ყაჩაღი, ერთში კი ზეთი ჩაასხა და წაიღო იქ, სადაც ძმები ცხოვრობდნენ. აატარა და ჩაატარა: ზეთი გასაყიდიო! საღამოზე იმათთან დადგა. უფროსმა ყაჩაღმა უთხრა იმათ, რომლებიც რუმბში ისხდნენ:

- მე ჯიბეს კენჭებით ავივსებ, თქვენ ფრთხილად იყავით; როცა ამათი დახოცვის დრო მოვა, კენჭებს დავაყრი რუმბს, თქვენ ამოცვივდით და დახოცეთო.

კაცებიანი ურმები გარეთ დააყენეს.

მოსამსახურე ქალმა გაიგონა, რომ რუმბებში ზეთი არ არისო, ადგა, რომელ რუმბშიაც ზეთი იყო, ჩამოუშვა, აადუღა, წაიღო და ჩაუშვა იმ რუმბში, სადაც ყაჩაღები ისხდნენ. და სულ ერთიან კი დაახრჩო.

შუაღამე რომ მოვიდა, ადგა ყაჩაღი, დაუწყო რუმბს კენჭების სროლა, მაგრამ ყაჩაღები არ ინძრეოდნენ. მეორე დღეს ჩავიდა. შედგა წიხლებით: თქვე, ოხრებო, რად დაიძინეთ, რომ მე კენჭებს გესროდითო! მაგრამ ყაჩაღები მკვდრები ნახა. ადგა და წავიდა. ვერც ეს მოუხერხდა. ბოლოს, ჩაიცვა ვაჭრულად, წაიყვანა თავისი შვილი. წაიღო სავაჭრო; ვაჭრობს და ნახევარს მუქთად ურიგებს. ძმებმა თქვეს:

- ეგ კაცი რამდენს აძლევს მუქთად და არავინ კი არ ეპატიჟება, ჩვენ დავპატიჟოთო!

დაიპატიჟეს. მშვენიერი ვახშამი აჭამეს. ვახშამზე სხედან. მოსამსახურე ქალი იქ არის. ულესს კბილებს ყაჩაღი ქალს, უნდა როგორმე მოიშოროს თავიდან, რომ დაატყუოს ძმები და ამოიყაროს იმათი ჯავრი, მაგრამ ქალი არა შორდება, დაჯდება და დაიწყებს ტკბილ სიმღერას. მოყვება ბაიათებს.

ძმები უიარაღოდ სხედან, ყაჩაღი და იმისი შვილი აბჯრით არიან შელესილნი.

- საჭირო არ არის ბაიათები, ჩვენ მაგდენი პატივისცემის ღირსნი არა ვართ, ქალს ნუ აწუხებთ, წავიდესო!

- არა მიშავს, - ეტყვის ქალი, - ხანჯლები მომიტანეთ, ხანჯლებზე ვითამაშებო!

მოატანინა ხანჯლები. დაუკრა დაირა და დაუარა. ატრიალებს ხანჯლებს, ივლებს ფეხებში. უცებ გაიელვებს ხანჯალი... და ყაჩაღების თავები გაგორდებიან იატაკზე. ეცემიან ძმები ქალს და წაუჭერენ ყელში:

- რად გმე პურ-მარილი, სტუმარი რად მოგვიკალიო!

- არა უშავს, - უთხრა ქალმა, - ეგენი იმის ღირსნი იყვნენო, - და მოუყვა ყველაფერს, რასაც ძმები ხედავდნენ და ვერ იგებდნენ, ესმოდათ და ვერ არჩევდნენ...

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა. ელასა - მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა...

მთქმელსა და გამგონებელსაც ჯვარი გვეწეროს ყველასა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ