მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 272 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სხვანაირად - ზღაპარი ედემის ყვავილზე

 

ქალაქის ძველ უბანს ფართო ქუჩა ასდევდა პატარა ოდა-სახლებით. ამ ქუჩაზე ერთი საოცრად ლამაზი გოგონა გამოცქრიალდებოდა ხოლმე. ყელს ისე კოხტად მოიღერებდა, მოფერება მოგინდებოდა. გამვლელები ჩერდებოდნენ და თავიანთ აღტაცებას ხმამაღლა გამოთქვამდნენ.

- რა გამიწყალეთ გული? უთქვენოდაც კარგად ვიცი, რომ ლამაზი ვარ! - ამაყად ამბობდა გოგონა.

„რა დიდგულა ყოფილა - გაიფიქრებდნენ ამის გამგონენი და ცივად გაეცლებოდნენ. 

გოგონა პატარა რომ იყო, დედამისი ვიღაცაზე იყო გულმოსული და შვილს ავტორიტეტულად უთხრა:

- ქვეყანა ასეთია, - თუ დოყლაპია ხარ, დაგიბრიყვებენ, ჰოდა, ასე... თავი არავის დააჩაგვრინო. ერთს გეტყვიან, ათი უთხარი...

გოგონამ იფიქრა: რადგან დედა ამბობს, ასე უნდაო. და ბოლოს, სხვის შენიშვნაზე ყურსაც არ აპარტყუნებდა.

და აი, ერთ მშვენიერ დღეს თავისი უტიფრობით სულ გააოცა დედასთან სტუმრად მოსული ამხანაგები. ერთმა ხანშიშესულმა მსახიობმა ქალმა სთხოვა:

- ჩემო გოგონა, გადი მეორე ოთახში, ცოტა ხნით დაგვტოვე. ზოგჯერ არ არის საჭირო, უფროსების საუბარი ბავშვებმა მოისმინონ.

გოგონა აიფოფრა, როგორ თუ დამითხოვაო, თანატოლივით თვალი თვალში გაუყარა და გაკაპასებული შეესიტყვა:

- ყველაფერიც გავიგონე, თურმე გეუბნებიან, სცენაზე თამაშს თავი დაანებე, უკვე ბებია ხარო. განა მართალი არ არის? სარკეში მაინც ჩაიხედეთ და მიხვდებით, უკვე ნამდვილად დაბერდით...

მსახიობმა ქალმა წყენა არ შეიმჩნია და, როგორღაც დამნაშავესავით გაიღიმა. სხვებსაც წაუხდათ საქციელი. უხერხულობა რომ დაეფარათ, სასწრაფოდ საუბრის თემა შეცვალეს, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანღა იყო, მსახიობი ქალი უღიმღამოდ უსმენდა მათ.

გოგონას ნათქვამმა დაანაღვლიანა: ნამდვილად უფროსების აზრი მოისმინა და ახლა თავადაც გაიმეორა, ალბათ მართლა აღარ ვვარგივარ სცენაზეო. 

ერთხელაც ასეთი რამ მოხდა. ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ. ენამწარე გოგონაც მათთან იყო. მეზობლის ქალი ერთ გრძელნაწნავა, დაწინწკლულკაბიან გოგუცანას მიეფერა:

- რა ლამაზი კაბა გაცვია შე დედის გასახარო, როგორ გხატავსო. 

როგორ თუ სხვას აქებენ და მე არაო, ენამწარე გოგონამ ტუჩები დაბრიცა:

- ჰმ, ლამაზი! სადაცაა ტანზე შემოაცვდება, ეტყობა, სხვისი კაბა გადაუკეთებიათ. დედაჩემი სულ ცინცხალ კაბებს ყიდულობს ჩემთვის. მაგას კი, ეტყობა, ახალი ენატრება.

მისი უკმეხობით გულნატკენ დაწინწკლულკაბიანს თვალები ცრემლით აევსო და შინისაკენ გაიქცა. 

- რატომ აატირე? - აეტუზა წინ ენამწარეს სათვალიანი ბიჭი.

- რა შენი საქმეა? 

- ვითომ რატომაო? 

- გამეცალე, შე ბრუტიანო, შენა, - ხელი უჯიკავა ბიჭს.

ბიჭი წამოენთო და წაუთაქა. გოგონა აილეწა და მამასთან დააბეზღა, მცემაო.

მამა გარეთ გამოვარდა, აქაურობას მოსცილდიო, შერისხა ბიჭი.

ძველი უბნის ამ ფართო ქუჩაზე ერთი ბერიკაცი აივლ-ჩაივლიდა ხოლმე, ერთთავად ფერგადასული, გაცრეცილი ტანსაცმელი ეცვა. მოხუცს მოეწონა ყვავილივით ლამაზად ყელმოღერებული ენამწარე გოგონა და ერთხელ ღიმილით უთხრა:

- გოგონა აგერ, თქვენი ქუჩის ბოლოში ვცხოვრობ, წამომყევი, ჩემს ბაღს, ჩემს ვარდებს გაჩვენებ, რომ იცოდე რა სურნელებას აფრქვევენ!.. იმათ ერთი თვისებაცა აქვთ...

ენამწარემ სიტყვა გააწყვეტინა, ალმაცერად შეათვალიერა მოხუცი და გულარხეინად უპასუხა:

- თუ ეგეთი ყვავილები გაქვს, რატომ კარგად არ გაცვია? ვერ გაყიდი?..

გოგონას შინაურებისაგან ჰქონდა გაგებული, ამ კაცს საოცარი ვარდები აქვს, მშვენივრად შეუძლია იცხოვროს, მაგრამ ვერ იხმარსო. 

ბერიკაცს ტუჩზე ღიმილი შეაცივდა. სხვას რომ ეთქვა, შეიძლება არაფრად ჩაეგდო, მაგრამ ბავშვის ნათქვამმა, თანაც ათვალწუნებით გამოხედვამ, შუბლი დაუნაოჭა. 

- ყვავილებით არ ვვაჭრობ, ჩემო პატარა - მიუგო მშვიდად და ნაღვლიანად გაეცალა.

წინა საღამოს იმ უბნის მეეზოვე ქალი ქუჩას გვიდა, რწყავდა. შემთხვევით წყალი ენამწარე გოგონას შეასხა. გოგონა აღრიალდა:

- როგორ გამიბედე, შე ქაჩალო! 

მწარე სიმართლემ გული ატკინა ქალს. აენთო, ცოცხით გამოეკიდა. 

- ვაი თქვენს დღეს უბედურს, ეს რა თავხედი შეილი გაზარდეთ?! - მიაყვირა ხმაურზე გარეთ გამოვარდნილ მის მშობლებს. დედამ თვალი აარიდა გაცეცხლებულ მეეზოვეს. კარგა ხანია, ხვდებოდა, მისი შვილი უზრდელი, უგულო რომ იყო და ენაც მწარე იმიტომ ჰქონდა.

წუხდნენ შინაურები, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ფიქრით კი ფიქრობდნენ, მაგრამ როგორც უმრავლესობა დედებისა, ენამწარე გოგონას დედაც გულჩვილი გახლდათ შვილის მიმართ. თანაც ყველა როდი კიცხავდა გოგონას: რა ჩემი საქმეაო, ამბობდნენ ბევრნი.

მალე ყველამ შეამჩნია, რომ ერთ დროს უმშვენიერეს გოგონას სახე რაღაც უსანდომო, უსიამოვნო იერმა დაუფარა: უტიფრი გამოხედვა, მქირდავი, მედიდური თვალები, მისი ხმამაღალი, მოურიდებელი სიცილი აფრთხობდა ყველას. გაურბოდნენ, ვაითუ რამე მწარე სიტყვა გვითხრას, ჩვენი სადარდებელიც გვეყოფა და მისი შხამიანი სიტყვით გუნება კიდევ უფრო რად დავიმძიმოთო. 

გოგონა მაინც გულარხეინად, დიდგულად დააბიჯებდა ძველი უბნის ფართო ქუჩაზე, თვალებში ჭინკა ეჯდა და დაჯერებულად ფიქრობდა" „იციან, სიმართლეს რომ ვეტყვი და იმიტომ გამირბიან“.

ერთ ღამეს ენამწარემ სიზმარი ნახა: იმ გახუნებულტანსაცმლიანი ბერიკაცის ეზოდან ცისფერთმიანი, მისი კბილა გოგონა გამოვიდა. ხელში ვარდები ეჭირა. მიუახლოვდა და თაიგული გამოუწოდა...

ენამწარე გოგონამ ამაყად შეხედა, ვითომდა, ასე რად წუხდებიო. 

- არ გიყვარს?.. ალერსიანად, მშვიდად ჰკითხა ცისფერთმიანმა. 

ყვავილები ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, ისეთი მომხიბვლელები იყვნენ, რომ გოგონამ ცდუნებას ვერ გაუძლო და გამოართვა. მაგრამ მოხდა საოცრება. ხელის შეხებისთანავე ვარდებმა თავი მკვდარი ჩიტებივით ჩაკიდეს. 

საქციელი წაუხდა ენამწარე გოგონას. ცისფერთმიანმა სხივანა თვალები შეანათა და გაოცებელმა თაიგული უკან გამოართვა... ყვავილები უმალვე გაცოცხლდნენ.

ენამწარე გოგონა შეშფოთდა მერე ცნობისწადილმა აიტანა, ვარდებს ხელი წაატანა. ყვავილები ისევ დაჭკნენ. სახეზე ღიმილი შეაცივდა. ცისფერთმიანს გამომცდელად შეაშტერდა, ხომ არაფერს მეთვალთმაქცებაო. უცნობი გოგონა ისეთი ალალი თვალებით, ისე შეწუხებული უყურებდა, რომ ეჭვი გაუქრა და ხელახლა შეცბუნდა

- ყვავილებს შენთან ყოფნა არ უნდათ - თქვა კრძალვით და გულისტკენით ცისფერთმიანმა.

ენამწარემ უნდოდ გაიღიმა... მაგრამ დაცინვის მაგვარი ვერაფერი შეამჩნია გოგონას და ჩურჩულით იკითხა:

- რატომ?

- შხამის ბრალია. შეეხე თუ არა, დაჭკნა.

- შხამის?! - შეკრთა ენამწარე. 

- ჰო, მწარე სიტყვა შხამივით ეწვეთება სათუთ გულებს. თანაც ენამწარეობა იგივე გულგრილობაა, როცა არაფრად მიგაჩნია სხვისი წუხილი, დარდი, - მიუგო გოგონამ და გაშორდა.

„გამერიდა!.." - გაიფიქრა ენამწარემ და თავგზა აებნა. უძლურებით გამძაფრებული ჩუმი აღშფოთება თვალებში აუფეთქდა. მზერადაფეთებულმა გახედა მიმავალ ცისფერთმიანს. უცებ მის გვერდით ვარდისფერი ჩრდილი შეამჩნია. ისიც გოგონასთან ერთად გარბოდა. სხვა დროს ასეთი რამ არც შეუმჩნევია, უფრო სწორად, არ დაკვირვებია.

„ნეტავ მე თუ დამყვება ასეთი რამეო“, - გაიფიქრა და გაიარა, გაიარა და მიწაზე ფერმიმქრალი, დაგრეხილი ჩრდილი ამოძრავდა.

„ეს ხომ ჩემი ორეულია?“ -  ბზიკივით უკბინა ფიქრმა და თვალწინ ცისფერთმიანის სწორი, ვარდისფერი ჩრდილი დაუდგა. თავი დაჩაგრულად იგრძნო. სიმწრით ტუჩები დაებუშტა. ერთბაშად, თავისდამოულოდნელად უფლებამოსილების, უპირატესობის გრძნობა დაკარგა და ატირდა...

ტირილმა გამოაღვიძა თვალები მოიფშვნიტა. გაუხარდა, ყველაფერი სიზმარი რომ იყო. კაბა გადაიცვა და უცნაური სიზმრით აფორიაქებული გარეთ გავარდა, თითქოს იქ, ქუჩაში იპოვნიდა იმ ცისფერთმიანს...

მეზობლის ქალმა თვალი მოჰკრა თუ არა, ჭიშკარი მოუხურა და გაუჩინარდა. სხვა დროს ენამწარე გოგონას ასეთი რამ არც შეუმჩნევია, უფრო სწორად, არ დაჰკვირვებია. თავაღერილს ყურადღების ღირსად არავინ და არაფერი ჩაუთვლია. 

ნაბიჯი გადადგა. პირველად თავის სიცოცხლეში ქუჩა მიათვალიერ- მოათვალიერა და ერთბაშად მიხვდა: მის დანახვაზე ყველამ დარაბები დახურა. გოგონა შეცბა, მერე ისეთი გრძნობა გაუჩნდა თითქოს ფეხი დაუსხლტა და მიწაზე ტყაპანი მოადინაო. იგრძნო, რომ არავის უყვარდა. სიზმარი გაახსენდა.. გუნება აემღვრა და შეშფოთებული შინ გაიქცა.

იმ დღიდან უცნაური წუხილი დასჩემდა. ფიქრები წამოეძალნენ, ხალისი დაკარგა, ბავშვებში თამაშს უკლო. თუ გავიდოდა, ისე თამამად აღარ მიაბიჯებდა. ყველაფერი აითვალისწუნა, რაც კი იმ ქუჩას ეკუთვნოდა და ჰქონდა, თავისი ადამიანებითურთ.

უბნის ალერსს მოწყურებული ეფრო ენამწარე გახდა.

ერთ დილით გაიხედა ქუჩაში და ჰოი, საკვირველებავ: ის ცისფერთმიანი გოგონა არ დაინახა!.. გახუნებულტანსაცმლიანი მოხუცისათვის ტვირთი ჩამოერთმია და მოაცილებდა. „ხომ არ მომეჩვენაო“, - გაიფიქრა ენამწარემ და ოთახის ფუმფულა ფოსტლებითვე სულმოუთმენლად გარეთ გაიჭრა. მალულად უკან აედევნა.

ცისფერთმიანმა მოხუცი შინ მიაცილა, დაემშვიდობა. უკან გამობრუნებისას ერთ ატალახებულ გუბესთან შეჩერდა, კაბა აიკეცა და ჩაცუცქდა... რაღაცას, დააცქერდა, დაჰფოფინებდა პირისახე უბრწყინავდა.

„ნეტა იმ წუმპეს რას ჩაშტერებია“? - გაიკვირვა ენამწარემ და ცნობისმოყვარეობამ ერთ ადგილს მიაჯაჭვა. ანაზდად ცისფერთმიანმა აიხედა და გაუღიმა. ხელი დაუქნია.

„რომ გამექცა, ეტყობა, აღარც კი ახსოვს! - ბრაზი წაეკიდა ენამწარეს და სახეზე ჩრდილმა გადაჰკრა.

ცისფერთმიანმა ერთხელ კიდევ შემოხედა სხივანა თვალებით და აქ მოდიო - ანიშნა.

მის გამოხედვაში ენამწარე გოგონამ უხმო ბრძანება ამოიკითხა. თავისდაგასაოცრად იგრძნო, რომ გულში ჩაგუბებული სიჯიუტე თანდათან იბზარებოდა. ძალაუნებრივი უცნობ გოგონასაკენ გაემართა. თან ისევ ის აინტერესებდა, იმ გუბეს ასე გაფაციცებით ნეტა რას დასცქეროდა.

ცისფერთმიანი, ნათელმხილველივით, ნაფიქრს მიუხვდა:

- გინდა გითხრა, რას დავცქერი?

ენამწარე წუმპეს დააშტერდა და ცხვირაბზუებული გალურსა. 

- რას და... შიგ წვიმის კრიალა წვეთს ეხედავ. არა და არ უნდა, სხვებივით მიწის მტვერს შეერიოს. ხან იქით გასხლტება, ხან აქეთ, ხანაც პაწია, წინწკალა ბუშტივით წყლის ზედაპირზე დასკუპდება. კალთაზე ჯერ კიდევ შერჩენია ცისარტყელას ფერი. იმედს არ კარგავს, მზის სხივს ელოდება, ზეცაში ამიყ- ვანსო.

აგერ კიდევ, ქარის მოტანილი ყვავილის თესლი ტივტივებს. საბრალოს რა ძალიან უნდა, მიწის გულში მოხვდეს, რომ მერე მშვენიერებად ამოვიდეს. როგორ მეცოდებიან! - ამოიოხრა ცისფერთმიანმა. ამ ოხვრამ ქარივით დაუბერა, გუბეში ჩამდგარი წყალი ჰაერში აისროლა და აქეთ-იქით მიმოფანტა. ცისფერთმიანიც თითქოს იმ ქარმა გაიტაცა... სადღაც გაქრა.

ენამწარე გოგონამ თვალები მოიფშვნიტა, ახლაც სიზმარს ხომ არ ვხედავო... ის იყო გონს მოეგო, რომ ვიშვიში შემოესმა. ფეხისგულებზე თითქოს რაღაც უღიტინებდა. ტერფი ასწია და დაინახა, - ფეხით გათელილი ბალახის თესლები იცრემლებოდნენ, შეშინებულები ერთმანეთს ეკვროდნენ...

ენამწარე გოგონას გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა. მერე იაზრა! ყველაფერი ცისფერთმიანისაგან მოდიოდა, იმ წუთებში მან გრძნეულებას აზიარა.

გავიდა რამდენიმე დღე. უბნის ქუჩაზე კიდევ გამოჩნდა ცისფერთმიანი. იმ სათვალიან ბიჭუნას, ენამწარე რომ ეჩხუბა, რაღაცას უყვებოდა. ორივე გულიანად იცინოდა. სხვა ბავშეებიც შემოეხვივნენ და ატყდა ერთი ჟრიამული.

ენამწარე გოგონა ფიქრმა წაიღო: ნეტა რით ხიბლავს ასე ამ ბავშვებსო... ყოველთვის, სადაც კი თვალს მოჰკრავდა ცისფერთმიანს, უჩუმრად უკან დაჰყვებოდა.

ერთ დღეს თეატრის წინ დაინახა ყვავილებით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. გაიღო კარი და ის მსახიობი ქალი გამოვიდა, ერთხელ ენამწარემ რომ დასცინა. ცისფერთმიანმა ყვავილები გაუწოდა მას.

- ო, ეს შენა ხარ, ტაშს ისე გულმხურვალედ რომ მიკრავდი? სცენიდან შეგამჩნიე. სიხარულმა ისე ამიტაცა, ფრენა დავიწყე და გალაღებულმა გავაგრძელე თამაში... აკი მერე ხალხსაც მოვეწონე!

ქალი დაიხარა და გოგონას ეამბორა.

ენამწარე ხედავდა, ცისფერთმიანი ალერსიან სიტყვას აგებებდა ყველას - ამხნევებდა, იმედგაცრუებულს ანუგეშებდა. მის გამოჩენაზე ყვავილები იშლებოდნენ, ჩიტები გალობას იწყებდნენ. თუ ვინმეს ტვირთით მომავალს დაინახავდა, ხელს შეაშველებდა. თუ ვინმე სთხოვდა, მაღაზიაშიც ეგზავნებოდა.

- სად ცხოვრობ? - ეკითხებოდნენ. გოგონა უბრალოდ უპასუხებდა: 

- აგერ, ამ ქუჩის იქით, სულ ახლოს...

- ენამწარე გოგონა მიხვდა, რატომ უყვარდათ ცისფერთმიანი. „ის ჩემზე კარგია", - გაივლო გულში და გუნება მოეშხამა, ფიქრები აეშალა. მერე ერთბაშად მზისსხივა აზრმა გაუელვა.

„მას უნდა დავემგვანო, ის კი არა, უნდა ვაჯობო კიდეც! - გადაწყვიტა და უცებ დაუცხრა სხვათა გაკიცხვის სურვილი. მის სახეს მედიდურობა ჩამოსცილდა, თვალებს - უტიფრობა. ნაბიჯებიც ჰაეროვანი გაუხდა. ჯიბრიანი, უკმეხი სიტყვა- პასუხი მოიშალა. მაგრამ მისმა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა, - ენამწარეს კეთილ საქციელზე ყურიც არ შეიბერტყეს, აღარავის სჯეროდა მისი.

გოგონა თავისუბნელების უნდობლობამ შეაკრთო, აათრთოლა. გაწბილებული ყველას გაერიდა და ლოკოკინასავით შინ შეიკეტა.

ერთ დღეს ტელევიზორის განათებულ ეკრანს მისჩერებოდა. იმ გადაცემისა არაფერი გაეგებოდა და მაინც მიშტერებოდა უაზროდ დროის მოსაკლავად... 

უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო მოტრიალდა და... ცისფერთმიანი გოგონა დაინახა. მხრებზე ჩიტივით ფრთები ჰქონდა. „სიზმარია თუ ცხადიო“ - გაიფიქრა ენამწარემ.

- წამოდი, გავფრინდეთ! - უთხრა ალერსიანად ცისფერთმიანმა. ხელი ჩაჰკიდა და თან გაიყოლა. იფრინეს, იფრინეს და სადღაც შორს დაეშვნენ.

ენამწარე გოგონას არემარე ესხვაფერა და ჰკითხა

- სად მოვედით?

- უდაბნოში

- უჰ, რა შემაზრზენი ყოფილა.

ირგვლივ მხოლოდ ქვიშა და ქვიშა, მეტი არაფერი. აქ სად მომიყვანე, ამ უკაცრიელ ქვეყანაში? სიცოცხლის ნიშანწყალი არაფერს ეტყობა.

- ვერაფერს ხედავ? კარგად დააკვირდი!

ენამწარე გოგონა თვალებად იქცა და უცებ ქვიშაში ამოსული საოცრად ლამაზი ყვავილი დაინახა. 

- რა ლამაზია! - აღმოხდა აღტაცებით.

- აკი გითხარი - ღიმილით შეაგება ცისფერთმიანმა.

- წყალი!.. - დაიძახა ენამწარე გოგონამ და თვალები მოიფშვნიტა, ცისფერთმიანი სადღაც გამქრალიყო... იგრძნო, პირი უშრებოდა. თავი უხურდა.

შვილის დაძახილზე დედა შემოვიდა. ენამწარე გოგონა სიცხისაგან იწვოდა.

გადიოდა დღეები, არა და არ უკლებდა სიცხე. ქალაქის ყველა ექიმმა გასინჯა, მაგრამ ვერა გაუგეს რა.

დედას თვალები გამოუღამა დარდმა, გულს უკლავდა, თავის ერთას რომ ვერაფერს შველოდა.

გოგონას ერთხელ კვლაე დაესიზმრა ცისფერთმიანი.

- ნუ გეშინია ედემის ყვავილს თუ მოგიტანენ, უსათუოდ მორჩები, შენს მეზობლად ბერიკაცი რომ ცხოვრობს, იმას აქვს... - უთხრა და გაუჩინარდა.

ენამწარეს გაეღვიძა. - ედემის ყვავილი. იმ ბერიკაცს აქვსო... - იმეორებდა გაოგნებული. გაახსენდა, როგორ ათვალწუნებული ჰყავდა ბერიკაცი. სირცხვილმორეულმა თავი საბანში ჩარგო და ატირდა.

ტირილზე დედა შემოიჭრა ოთახში. გოგონამ სიზმარი უამბო. მერე დააყოლა:

- მოხუცი ყვავილებს არ მოგცემს. ბევრჯერ მწარედ ვატკინე გული...

თვალცრემლიანი უსმენდა დედა, ჩაფიქრებული წამოდგა. 

„წავალ, იმ მოხუცს მოვნახავ... იქნებ მართლა ახდეს სიზმარიო“, - გაიფიქრა და მოხუცისაკენ გაეშურა. ადრე არასოდეს დაინტერესებულა იმ კაცით, ქუჩაზე ავლილ-ჩავლილი დაენახა მხოლოდ.

ბერიკაცის სახლი ორიოდ წლის წინათ ნგრევაში მოყვა და მოხუცს მასივში მისცეს ბინა. ვერა და ვერ შეეჩვია ახალ საცხოვრებელს, გამოიხერავდა სახლის კარს და სულ თავის ძველ უბანში დაეხეტებოდა. ჩამოჯდებოდა ქუჩაში გამართულ სკამზე და თავს ისევ ძველ სამეზობლოში გრძნობდა.

მზე რომ მთებს მიეფარებოდა, სევდა შემოაწვებოდა და ფეხათრევით გაუყვებოდა ერთნაირი, ანაცრისფერებული კორპუსებისაკენ მიმავალ გზას. ბოლოს, სევდით განაწამებმა, რაც ებადა, ყველაფერი მიატოვა და თავისი ძველი უბნის მახლობლად ნგრევას გადარჩენილი ერთი პაწია ოთახი იყიდა ფარდაგისოდენა ბაღითურთ. 

მარტოდმარტო ცხოვრობდა არაფერი გააჩნდა ერთი ვარდის ბუჩქის მეტი. მას შეხაროდა და შეფოფინებდა.

ვარდის ბუჩქი ზამთარ-ზაფხულ სულ ყვაოდა, იმ არემარეში ერთთავად დამათრობელი სურნელი ტრიალებდა

- ნამდვილი ედემის ყვავილიაო, - ამბობდნენ მისი მშვენიერებით მოხიბლული ადამიანები.

ბერიკაცი ყვავილის ერთ ფოთოლსაც ვერ ელეოდა. ვერავითარ ძვირფას საჩუქარშიც ვერ გაცვლიდა. მეზობლებიც არ სთხოვდნენ. ბავშვებიც კი ერიდებოდნენ. რადგან ხმები დადიოდა, თუ ვინმე ყვავილს მოწყვეტს, ვარდის ბუჩქი უსათუოდ გახმებაო. 

ენამწარე გოგონას დედამაც გაიგო ეს ამბავი და მოხუცისაკენ ფეხათრევით მიაბიჯებდა. როგორც იქნა, მიადგა მოხუცის ეზოს და ხმის კანკალით დაიძახა.

გაღებულ კარში მოხუცი გამოჩნდა იცნო ენამწარე გოგონას დედა და გაუკვირდა. სტუმარი შეიპატიჟა. 

ქალი მიესალმა და ბაღჩაში შევიდა ხმის ამოღება უჭირდა.

- მითხარით, რაზე შეწუხებულხართ? - ჰკითხა ბერიკაცმა.

- ვერ გამიბედია იმის გამხელა, რაც უნდა გთხოვოთ... - ლუღლუღით წამოიწყო ქალმა, - შვილი მყავს ავად... ხელიდან მეცლება... 

- შვილი?.. შეშფოთდა ბერიკაცი - მე.. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ქალს ქვითინი აუვარდა და გაჭირვებით, მორიდებით ამოთქვა ის, რისთვისაც მოვიდა.

მოხუცი შეკრთა თითქოს მათრახი გადაჰკრესო, მხრებში მოიბუზა. მუხლებაცახცახებული იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი დახარა. ცოტა ხანს ასე იყო, გარინდებული. მერე მძიმედ წამოდგა, ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, ხელის კანკალით მოჭრა აყვავებული ტოტი და ფერმიხდილმა სტუმარს ქალს გაუწოდა, თან წყნარად დააყოლა:

- ოღონდ თქვენს გოგონას ეშველებოდეს და ამ ვარდის სიცოცხლე მისთვის შემიწირავს.

ქალმა მოწიწებით შეხედა და მადლობის ნიშნად თავი დახარა.

მოუტანა დედამ ავადმყოფ შვილს ყვავილი. მთელი ოთახი სურნელებით აივსო. გოგონამ თვალები გაახილა. დაინახა თუ არა ვარდი, გამოცოცხლდა, ლოყები აუვარდისფერდა.

დამორცხვებით, ჩურჩულით იკითხა:

- იმან მოგცა?.. ნუთუ?.. უთხარი ჩემთვის რომ გინდოდა? 

- ვუთხარი... - მიუგო დედამ.

გოგონას გული აუჩუყდა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.

მერე ხელი ვარდის ტოტისაკენ შიშით გაწვდინა... შეეხო და... შეძახილი აღმოხდა:

- შეხედე, დედიკო, არ დაჭკნენ!.. ამ ერთ ტოტზე რამდენი ყვავილია და არც ერთი არ გამირბის. აღარ გამირბიან, ჩემი ხელის შეხებაზე აღარ ჭკნებიან! - იძახდა, თან სიხარულისაგან ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა.

გოგონამ მუხლებში ძალა იგრძნო, ტანი ჩიტივით მჩატე გაუხდა და ერთბაშად ლოგინიდან გადმოხტა. 

ფეხზე გაიარა თუ არა, მოხუცთან წასვლა ისურვა.

მოხუცი თავის ბაღჩაში დანაღვლიანებული იჯდა. ჭიშკრის გაღებაზე თავი ასწია. ეზოში ენამწარე გოგონა შემოვიდა. მაშინვე გადამხმარი ვარდის ბუჩქი მოხვდა თვალში. გაუბედავად მიუახლოვდა, დააცქერდა და დიდი კურცხალი ჩამოუგორდა...

მოხვდა თუ არა ცრემლი ბუჩქს, ვარდი ნელ-ნელა, ზმორებით გაიფოთლა, მერე ერთ-ერთ ტოტზე ბუთხუზა ყვავილებმა ჭყიტეს თვალები...

იმ ღამეს ერთი საოცრებაც მოხდა. ენამწარე გოგონამ და მოხუცმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ცისფერთმიანთან ერთად ზეცაში დაფრენდნენ. იფრინეს, იფრინეს და ბოლოს მოხუცის ბაღჩაში დაეშვნენ. 

ყვავილებით გადაპენტილი ვარდის ბუჩქი დაკრიფეს, ისევ მაღლა აიჭრნენ და ყვავილები თავიანთ უბანს გადმოაყარეს.

ქუჩები თითქოს ფერადმა თოვლმა დაფარა. სახლებიდან ბავშვებთან ერთად დიდებიც გამოსულიყვნენ. გაოცებულნი წამწამებს აფახულებდნენ და ვარდისფერი თოვლით იხიბლებოდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ