იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო შვიდი ძმა. ძალიან მდიდრები იყვნენ, აუარებელი სარჩო-საბადებელი ჰქონდათ; თვალისა და მარგალიტის ანგარიში არ იცოდნენ, მუდამ ლხინსა და გახარებაში იყვნენ, მაგრამ ერთი არც მტერი ჰყავდათ და არც მოკეთე. ქვეყნისა არაფერი არ იცოდნენ.
ბოლოს თქვეს ძმებმა, ასე სიცოცხლეც არ შეიძლება, მოდი, წავიდეთ, ან მტერი ვინმე შევიძინოთ და ან მოკეთეო! თქვეს და აასრულეს.
აჰკიდეს შვიდ ცხენს შვიდი საპალნე თვალ-მარგალიტი, აისხეს თვითონაც იარაღი და წავიდნენ მტრისა ან მოკეთის შესაძენად.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მივიდნენ ერთ დიდ ტრიალ მინდორზე.
გაიხედეს: სხვა არაფერი ჩანს, მთელი მინდორი მარტო ცხვრით არის თეთრად დაფარული და ერთი მეცხვარე უდგას.
ძმები მაშინვე მივიდნენ იმასთან და უთხრეს, ესეა ჩვენი საქმე, გვინდა, დავიმოკეთოთ ვინმეო!
მეცხვარეს გაუხარდა. მაშინვე მიიპატიჟა შინ და მშვენივრად გაუმასპინძლდა. შვილი ჰყავდა მოსანათლი, ისიც მოანათვლინა და დანათესავდნენ.
როცა ძმებმა წასვლა დააპირეს, მეცხვარემ იმდენი ცხვარი გაატანა, რამდენსაც კი შეიძლებდნენ და წაასხამდნენ. წამოვიდნენ ძმები გახარებული, რომ კარგი მოკეთე იშოვეს. ცხვარი კი არ უხაროდათ. იმიტომ რომ თავისი სარჩოც ბევრი ჰქონდათ.
გავიდა კარგა ხანი. აღარც არაფერი ძმებმა იცოდნენ მეცხვარისა, აღარც მეცხვარემ იმათი. ერთმანეთი აღარ ენახათ.
ბოლოს ძმებმა თქვეს: მოდი, წავიდეთ, ჩვენი ნათლული და ნათლიმამა ვნახოთო.
წავიდნენ, ნახეს: აღარსად ნათლიმამა, აღარსად ნათლული, აღარსად ცხვარი, აღარც სადმე მეცხვარე. ძალიან გაუკვირდათ. ბევრი ეძებეს, ბევრი თავიც შეიწუხეს. ბოლოს ერთი ბებერი ნახეს, ჰკითხეს:
- მავანი და მავანი მეცხვარე თუ გაგიგონია, რა იქნა, სად წავიდაო?
ბებერმა უთხრა:
- ღმერთმანი, ეგეთი მეცხვარე ღიდი ხანია ამოწყდა. ერთი შვილი დარჩა; სამადლოდ ხან ვინ აჭმევს და ხან ვინ. დღეს ერთთან გაძღება, ხვალ მეორესთან; სადაც დაუღამდება, იქ გაუთენდება, ერთი თავშესაფარი არა აქვსო!
ძმებმა სთხოვეს ბებერს:
- ერთი ის ბიჭი გვიპოვე და, რასაც გვთხოვ, მოგცემთო!
ბებერმა მოუყვანა ნათლული. კარგა მოზრდილი ბიჭი იყო. ძმებს ძალიან გაუხარდათ. წამოიყვანეს, ასვეს, აჭამეს, ჩააცვეს, დაახურეს, დაბანეს და გაურეცხეს, გაუშალეს ბუმბულის ლოგინი და უთხრეს, მოისვენეო!
მაგრამ ბიჭმა უარი უთხრა:
- არ შემიძლია, მაგაზე ვერ დავიძინებ, ბანზე ავალ და იქ დავიძინებ. ერთ საბანს კი დავიხურავ ზემოდანო.
ძმები თავს რაღას შეაწყენდნენ, - როგორც გენებოსო, – მოახსენეს.
ავიდა ბიჭი და დაიძინა ბანზე.
თურმე იმ ღამეს ერთი ხელმწიფის ქალსა და ხელმწიფის შვილს პირობა ჰქონდათ: იმ ბანზე უნნდა მოსულიყენენ და მერმე უნდა წასულიყვნენ ჯვრისდასაწერად.
მოვიდა ქალი პირველი. ნახა, არსადაა დაპირებული. მივიდა, ასწია საბანი; იქნება ის იყოსო, ის არ გამოჩნდა. ქალმა დიდხანს იცადა კიდევ. ბოლოს რომ არა და არ მოუვიდა ხელმწიფის შვილი, ქალმა თქვა, ხომ მაინც მომატყუილა და მომატყუილა, შემარცხვინა და, რასაც ღმერთი მაძლევს, მოდი ნუ დავკარგავო!
გააღვიძა ვაჟი და უთხრა:
- ჩქარა წავიღეთ, ჯვარი დავიწეროთ, ქმრად მინდიხარო!
ვაჟი რის ვაი-ვაგლახით დათანხმდა:
- ერთი ღარიბი კაცი ვარ, რასაც არა მხედავ, ამაზე მეტი არც სახლი მაქვს, არც კარი, არც სარჩო-საბადებელი, არც საჭმელი, სასმელი და საცმელიო!
- არაფერი უშავს უთხრა ქალმა, - ყველაფერი მე მაქვსო!
წაიყვანა ქალმა ვაჟი შინ. მერმე წავიდნენ იქიდან და ერთი ხელმწიფის ქალაქში მივიდნენ. იქირავეს ხელმწიფისაგან სახლი და დადგნენ.
ის ქალი ისეთი ლამაზია, რომ ხელმწიფე კინაღამ გაგიჟდა იმისი სილამაზით. დაიბარა ნაზირ-ვეზირები და უთხრა:
- მე ისეთი ცოლი მყავს, რომ ქრისტიან კაცს პური არ ეჭმევა იმასთან და დახეთ, იმ მთიულს როგორი ლამაზი ცოლი ჰყავსო!
- რა ვუყოთ, დიდებულო ხელმწიფევ, - უპასუხეს. ნაზირ-ვეზირებმა, - ძალით ხოშ ვერ წავართმევთო!
ხელმწიფემ უბრძანა, ნაზირ-ვეზირებმა ისეთი რამ იღონეთ, რომ იმას ცოლი წავართვათო!
ნაზირ-ვეზირებმა იფიქრეს, იფიქრეს და მოახსენეს: ის მთიული კაცია, არაფერი უნახავს, სადილად მოვიპატიჟოთ, ის წესზე ვერ მოიქცევა. ვერ ადგებ-დაჯდება, გაურისხდი და წაართვი ცოლიო!
მაშინვე გაუგზავნეს ვაჟს კაცი, რომ ხვალ ხელმწიფე გეპატიჟება სადილზეო.
ვაჟი, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა: არ ვიცი, არაფერი მინახავს, ან როგორ უნდა ადგომა და დაჯდომა, ან სხვა საქციელიო!
ცოლმა დაარიგა:
რომ შეხვიდე, არ გაიცინო: თუ გაიცინონ, შენც გაიცინე, დაილაპარაკონ, შენც დაილაპარაკეო!
ბოლოს, ექვსი ვაშლი მისცა, - სადილი რომ გათავდეს, ეს ექვსი ვაშლი თეფშზე დააწყვე და მიართვი ხელმწიფეს. ხელმწიფე ისევ დაგიბრუნებს, დაჭერი და ისევ ხელმწიფეს შესთავაზე. საჭმელი რომ მოგიტანონ, ყველა საჭმლიდან თითო ლუკმა აიღე და გადადგი. მერმე ადექ, დაუკარ თავი და წამოდიო!
ვაჟი სწორედ ისე მოიქცა, როგორც ცოლმა დაარიგა.
სადილი რომ გაათავეს, ადგა, დაუკრა თავი და წამოვიდა.
ხელმწიფე ძალიან გაურისხდა ნაზირ-ვეზირებს, თქვე ვირებო, ვირები
მართლა თქვენა ყოფილხართ და არა ის მთიული. რაზე შემარცხვინეთ და თავი მომჭერით? ახლა სხვა რამე მოიფიქრეთ, თორემ ცოცხლები ვერ გადამირჩებითო!
ნაზირ-ვეზირებმა უთხრეს:
- სასეირნოდ წაბრძანდით და ისიც დაიბარეთ, რომ თან გახლდეთ. ან წინ წავა, ან უკან დარჩება, არაფერი ეცოდინება და გაურისხდითო.
ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა ვაჟი და უბრძანა:
- სასეირნოდ მივდივარ ხვალ და შენც თან უნდა მახლდეო!
ვაჟს მეტი რა ღონე ჰქონდა! წამოვიდა ცოლთან დაღონებული.
- რას დაღონებულხარ? - უთხრა ცოლმა, - აჰა, ეს ძუა, ეს ბურთი ჯიბეში ჩაიდე და როდესაც იმათ მიუახლოვდები, ძუა გამოხსენი, დანიშნულ ადგილას რომ მიხვიდეთ, უცებ მოატრიალე რაში, ბურთი ამოხტება ჯიბიდან და თამაშობას დაიწყებს. რაშიც იმას დაუწყებს თამაშობას და ხელმწიფეც შენ დაგიწყებს ცქერას. გზაზე კი არა და არა ჰქნა და ან წინ არ წაასწრო, ან უკან არ ჩამორჩე. გააქციონ ცხენები, შენც გააქციე, დააყენონ, შენც დააყენეო.
წავიდა ვაჟი, წაიღო ძუა და ბურთი.
როდესაც ხელმწიფე და დიდებულები სასეირნოდ გამოვიდნენ, გამოხსნა ვაჟმა ძუა და ერთი მშვენიერი რაში მაშინვე იმასთან დაიბადა. მოახტა ვაჟი რაშს და ამოუდგა გვერდში ხელმწიფეს.
გააჩქარებს ხელმწიფე, გააჩქარებს ვაჟიც. ნელა წავა ხელმწიფე, ვაჟიც ნელა წავა. იარეს და, როდესაც დანიშნულ ადგილას მივიდნენ, უცებ რაში მოაბრუნა. ამოხტა ბურთი ჯიბიდან და დაიწყეს რაშმა და იმათ თამაშობა.
მთელი დიდებულები და ხელმწიფეც იდგნენ და პირდაღებულები შესცქეროდნენ რაშისა და ბურთის თამაშს. როდესაც მორჩა თამაშობას, დაუკრა ვაჟმა თავი ხელმწიფეს და შინ გაეშურა.
ხელმწიფე ახლა უფრო მეტადაც გაუწყრა ნაზირ-ვეზირებს: თქვე ვირებო, მეც ვირად გამხადეთ და გამაბრიყვეთ. იმაზე კარგი და შესაქცევი მხედარი ვის უნახავს? თუ ისეთი არაფერი მოიგონეთ, რომ იმას არ შეეძლოს გაკეთება, ვაი თქვენს ტყავსაო!
ნაზირ-ვეზირებმა ბევრი იფიქრეს, ეძიეს და ბოლოს, გადაწყვიტეს: ბოჟმის ყვავილი მოვატანინოთ, იქიდან კი ვერასგზით ვეღარ მოვაო.
წავიდნენ და მოახსენეს ხელმწიფეს. ხელმწიფესაც ძალიან გაუხარდა. დაიბარა მეორე დღეს ვაჟი და უბრძანა:
- ბოჟმის ყვავილი უნდა მომიტანოო!
ვაჟმა დაუკრა თავი და გამობრუნდა. მივიდა ცოლთან და უთხრა:
- ესე, ესე არის ჩემი საქმე და რა ექნაო!
ცოლმა უთხრა:
- წადი, ხელმწიფეს ცხრა თვე, ცხრა დღე და ცხრა საათი ვადა გამოსთხოვე და ჩემთვის კიდევ სასმელ-საჭმელიო!
წავიდა ვაჟი ხელმწიფესთან და ყველაფერი ესენი გამოსთხოვა. მოვიდა ცოლთან, მოუტანა ცხრა თვის საზრდო და თვითონ კი წავიდა ბოჟმის ყვავილის მოსატანად. ბევრი ეძება, ბევრი იარა, რა სოფელზედაც გაივლიდა, იკითხავდა, ბოჟმის ყვავილი ხომ არ იცით, სად არისო? ყველა ერთ პასუხს აძლევდა:
- ჩამვლელი ბევრი გვინახავს ბოჟმის ყვავილის მოსატანად და ამომვლელი ბოჟმის ყვავილით კი აღარც ერთიო.
ვაჟმა ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მივიდა, ბოლოს, ერთ ადგილას, - სამი ყანა დგას და სამი ძმა მკის: ერთი ბოლოს დგას, ერთი - შუაზე და ერთიც - თავში. მკიან და ვერ მოუმკიათ.
მივიდა ქვევითა კაცთან ვაჟი და მიესალმა. ერთმანეთს გამარჯვება უთხრეს და ამბავი ჰკითხეს.
ვაჟმა უთხრა:
- ბოჟმის ყვავილისთვის ვარ წამოსული და იქნება იცოდე რამე, მასწავლეო!
ის კაცი ისეთი ბებერი იყო, რომ თეთრი დახავსებული წვერი წელზე ედო.
ამ ბერიკაცმა უთხრა:
- მე კი არ ვიცი, და ეგრე იარე, ზევით რომ ყანასა მკის, ის ჩემზე უფროსი ძმა არის, და იქნებ იმან კი იცოდესო!
გადაუხადა ამ კაცს მადლობა ვაჟმა და წავიდა შუათანა ძმასთან. მივიდა, ნახა, იმ კაცს თეთრი ძლივს ურევია, ყოჩაღად არის. მიესალმა, გამარჯვება უთხრეს ერთმანეთს. დასხდნენ, დაისვენეს. სამი დღე აქ მოუგვიანდა ვაჟს, სამი იმ უმცროს ძმასთან.
ცხრა თვე გასულია და ექვსი დღეც. სამი დღე და ცხრა საათიღა დარჩა ვადა.
ჰკითხეს ერთმანეთს ამბავი და ვაჟმაც უამბო ყველა თავისი თავგადასავალი და უთხრა:
- ახლა ბოჟმის ყვავილის მოსატანად ვარ წამოსული, და არ ვიცი, გავიმარჯვებ, თუ ვერა. იქნება, შენ იცოდე, სად არის, როგორია, როგორ იშოვება, მასწავლეო.
კაცმა უთხრა:
- მე კი არ ვიცი და იქნება ჩემმა უფროსმა ძმამ კი იცოდეს! ეგრე ზევით რომ აივლი, ის არის ჩემი ძმაო.
გამოეთხოვა ამასაც ვაჟი, მადლობა გადაუხადა და წავიდა უფროს ძმასთან. უფროს ძმას ეძინა. კარებში იმის ცოლი დახვდა, მშვენივრად მიიღო, პატივი სცა და გამოჰკითხა ასე შორს წამოსვლის მიზეზი. ვაჟმა უთხრა:
- ბოჟმის ყვავილის მაძებარი ვარ და იქნება თქვენმა ქმარმა იცოდესო!
- ქმარსა სძინავს, - უთხრა დიასახლისმა, - გავაღვიძებ, ვკითხოთ, იქნება იცოდესო.
ახადა სკივრს, ამოიღო იქიდან ცხრა წლის ნიშნობის ქოშები, ჩაიცვა და გაიარ-გამოიარა ქმრის ოთახის კარებზე: ეგება ქოშების ხმამ გააღვიძოსო.
გაეღვიძა ქმარს და ცოლს უსაყვედურა:
- რად გამაღვიძეო?
ჩაიხედა სარკეში, ერთი თეთრი თმა გამოჰრეოდა, გამოიგლიჯა და გადააგდო.
ცოლმა უთხრა:
- ეს ყმაწვილი ბოჟმის ყვავილისთვის არის მოსული და ხომ არ იცი, სად არისო?
- მოიცადე, - უთხრა იმ კაცმა, - ჯერ ვისადილოთ, დროება გავატაროთ და მერმე გასწავლი, მაგრამ ადვილი კი არ არის მოტანაო!
გაშალეს სუფრა. სადილს რომ მორჩნენ, ქმარმა უთხრა ცოლს:
- ჩადი და ერთი ნესვი ამოიტანეო. :
ცოლი ორსულად იყო და უკანასკნელ თვეში იდგა. ჩავიდა ცოლი ნესვისათვის ძირს, მეოთხე სართულში, ამოიტანა ერთი ნესვი. ქმარმა დაუწუნა: - ეს არ ვარგა, სხვა ამოიტანეო! ჩავიდა მეორედ ცოლი. ამოიტანა კიდევ, ქმარმა ისიც დაუწუნა. ჩავიდა მესამედ ცოლი.
ვაჟი ატყობდა, რომ ქალს ძალიან უჭირდა, სულ ოფლი დაასხა.
ქმარი მაინც არ მოეშვა, სანამ ცხრაჯერ არ ჩაგზავნა, ამოატანინა და ჩაატანინა.
ვაჟი ეხვეწებოდა ქმარს:
- ნუ აწუხებ ცოლს, ცოდო არისო!
მაგრამ იმან არ გაუგონა, ბოლოს უთხრა:
- ხომ ნახე ჩემი უმცროსი და შუათანა ძმები როგორები იყვნენ და მე როგორი ვარ. ეს ერთხელ ჩემ უნებურად გამაღვიძა ცოლმა და მაშინაც თეთრი თმა გამომერია. ისინი უფროსები ეგონება კაცს და მე უმცროსი, იმიტომ რომ ასეთი მასიამოვნებელი ცოლი მყავს. ცხრა წელიწადია ცოლს ჩემთვის ერთი ჩემი უნებური სიტყვაც არ ამოსცდენია; მე ამ ჩემს ცოლზე დანიშნული ვიყავი, ჩემი ძმები შემეცილნენ, დიდხანს არ ვანებებდით ერთმანეთს; ბოლოს, უცხო კაცმა ჩამოიარა და გაგვასამართლა: ვინც პირველი დაინიშნეთ, ცოლი იმისი არისო.
მას შემდეგ ჩემ უმცროს ძმას ძაღლის ყეფის მეტი არაფერი ესმის თავის სიცოცხლეში, შუათანას - ვირის ყროყინის მეტი და მე - მამლის ყივილის მეტი. ბედმა ასე გვარგუნაო.
მერმე უთხრა, ბოჟმის ყვავილი სადაც იყო. ერთი კლდე უჩვენა, თავი თეთრი ჰქონდა, შუაგული წითელი და ძირი შავი. ისეთი მაღალი კლდე იყო, რომ ჭადრის წვერიც ვერ ასწვდებოდა.
- იმ კლდეზე ქაჯის ქალი დაჯდება და გადმოჰფენს თმებს, თმას სულ ბოჟმის ყვავილი ასხია; იმისი თმა კლდის ძირზე დაეფინება, ვინც მივა, იქ დაიმალება და, თუ იშოვის, მაშინ იშოვის იმ ყვავილს. ბევრი ახალგაზრდა ვაჟი დაღუპა და დაანელა იმან. შენ რომ მიხვიდე, ის თმა ხელზე დაიხვიე და თვითონ იცის მერე, მოგკლავს თუ დაგარჩენსო.
წავიდა ვაჟი და დაჯდა კლდის ძირას.
გამოვიდა ქაჯის ქალი და გადმოფინა თავისი ოქროს თმა კლდეზე, ათასნაირი ყვავილით აჭრელებული და აყვავილებული. მივიდა ვაჟი. დაიხვია, დაიხვია იმისი თმა მკლავზე და უნდოდა დაჭერა.
ქალმა სიმძიმე იგრძნო, გაიგო ვინც იყო მიზეზი, აიწია, აკრიფა თმები და ვაჟი თავის ოთახში გადატყორცნა, თვითონაც თან მიჰყვა. ვაჟი უვნებლად ფეხზე იდგა.
ქალმა ჰკითხა:
- რა გინდა, რისთვის მოხვედი, რამ გაგაბედვინა აქ მოსვლაო?
- ბოჟმის ყვავილი მინდაო, - უპასუხა ვაჟმა.
- ვიცი, რადაც გინდა, - უთხრა ქალმა, - ნუღარ დავიგვიანებთ, ცხრა საათიღა არის დარჩენილი, წავიდეთ, მეც წამოვალო!
შესხდნენ ნიავქარის ცხენებზე და გაეშურნენ.
ღამე იყო, იმის ცოლთან რომ მივიდნენ. ჩამოხტნენ კარებზე და ვაჟმა დაუკაკუნა ცოლს. ქალი გულგახეთქილი წამოვარდა, ეგონა, ხელმწიფიანი მოვიდნენ ჩემ წასაყვანადო...
- თქვე უღმერთოებო, გათენებას მაინც მოუცდიდით, რა გაუძლებარი გჭირთო!
კარებს უკან გასანთლული თოკი ჰქონდა ჩამობმული, თუ ვადა გადავიდოდა და ქმარი არ დაბრუნდებოდა, გაჰყოფდა შიგ თავს და დაიხრჩობდა თავს.
ქაჯის ქალმა უთხრა ვაჟს:
- არაფერი გაქვს განა შენი ცოლისა, რომ აჩვენო, არ შეწუხდესო?!
ვაჟს ხელზე ბეჭედი ჰქონდა, გამოიძრო და კარებიდან შეუგდო ქალს. ცოლს საშინლად გაუხარდა, გაუღო კარი და გადაეხვია თავის ქმარს. მეორე დღეს ქაჯთა ქალმა გაუგზავნა ხელმწიფეს ბოჟმის ყვავილი და შეუთვალა:
- დიდებულო ხელმწიფევ, ეს როგორი ხელმწიფე ყოფილხარ, ზღვაზე გამოგიარე და ხიდი არ იდო. სამი ქალი მიშოვე და გამომიგზავნე, მე ხიდს ავუშენებ, ასწიონ და გადონ ზღვაზეო!
როგორც იყო, ის სამი ქალი უშოვა ხელმწიფემ და გამოუგზავნა, თავის ნაწნავები ხეებად აქცია და უბრძანა იმ ქალებს, ზღვაზე ხიდად გადეთო. ასწიეს ქალებმა და გააკეთეს ხიდი. თვითონ ქაჯთა ქალიც იქვე ჩაეკრა. ხიდია იმისთანა, რომ კაცი უკეთესს ვერ ინატრებს. შეუთვალა ქალმა ხელმწიფეს:
- შენი ცოლის გარდა წამოიყვანე შენი დიდებულები და ნახე ხიდიო!
ხელმწიფე წავიდა თავისი დიდებულებით, ნაზირ-ვეზირებით ხიდის სანახავად. შედგნენ ზედ და გაისეირნ-გამოისეირნეს. მართლა ძალიან მოეწონათ. მესამედ რომ გაიარეს და შუა ადგილას მივიდნენ, ასწია ხიდი ქაჯთა ქალმა, აქცია ხეები თმებად, შეიკეცა და ხელმწიფე თავის ნაზირ-ვეზირ-დიდებულებით წყალში გადაუძახა, იმათი ლეშით თევზები დააძღო.
ვაჟი ხელმწიფედ დასვა, ქალიც იმას დაუნარჩუნა. ხელმწიფის ცოლი კიდევ ხელზე მოსამსახურედ დაუყენა. გამოემშვიდობა და თვითონ წავიდა თავის ადგილას.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
ელასა, ბიჭო, მელასა,
კოკა მეკიდა ყელასა,
მთქმელსა და გამგონებელსა,
ძილი გვაამოს ყველასა.
უნაგირი მცხეთას დამრჩა,
მოსართავი არაგვზედა,
ღმერთმა ყველა გადღეგრძელოთ,
გინცა სხედხართ ალაგზედა.
ჩიტი გაფრინდა ცხრა ფრთანი,
ასი ტყუილი, ერთი მართალი.