იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კაცი. ჰყავდა სამი ქალი.
უფროსმა ქალმა უთხრა მამას:
- ისეთი სარკე უნდა მიყიდო, რომ თავისთავად მოვიდეს ჩემთან, ჩავიხედო შიგ, წავიდეს და ისევ მაგიდაზე დაიდოსო!
მამამ აუსრულა სათხოვარი. შუათანამ სთხოვა:
- მე ისეთი მოსახვევი უნდა მიყიდო, რომ როცა მომინდეს, თავისთავად მომეხვიოს, როცა მინდა, დაიკეცოს და სკივრში ჩაიდოს ხოლმეო!
მამამ იმასაც უყიდა ისეთი მოსახვევი. ახლა უმცროსი ქალი შეეხვეწა:
- მამილო, მე ედემის ყვავილი უნდა მომიტანო თმაში ჩასატანებლადო!
რა გაეწყობოდა? მამა წავიდა დევების ქვეყანაში, გადაიპარა ერთ ბაღში, დაკრიფა ედემის ყვავილი და მოუტანა ქალს.
დევმა შეიტყო ყვავილების მოპარვა და გამოჰყვა კაცის კვალს, მოვიდა იმათ სახლის კარებზე და დაუძახა:
- ოჯახის პატრონო!
ერთმა ქალმა თქვა:
- ვისაც მოსახვევი მოუტანა, იმან გაიხედოსო!
მეორემ თქვა:
- ვისაც სარკე მოუტანა, იმას ეკუთვნის გახედვაო!
მერმე პატარამ გამოიხედა. დევმა შეხედა და დაინახა: ედემის ყვავილი იმის თმებში ბრწყინავდა. დაავლო ხელი და მოიტაცა. წაიყვანა და ხელზე მოსამსახურედ დაიყენა.
ქალი ჩავარდა მწუხარებაში: არცა სვამს, არცა ჭამს, დღე და ღამე ზის და აბნევს მდღუღარებას.
იქვე ახლოს ერთი ქვრივ-ოხერი დედაკაცი ცხოვრობდა, ამას ენანებოდა საწყალი ქალი, ერთხელ დაუძახა თავისთან და უთხრა:
- შვილო, ღვინო მომიტანე, ბანგს გაგაკეთებ, დევის დედას დაალევინე, დაეძინება და მაშინ გაიპარეო.
ქალმა მოუტანა ერთი ხელადა ღვინო, ბებერმა გააკეთა ბანგი და მისცა ქალს. იმან წაიღო, დაალევინა დევის დედას. იმას რომ მაგრად დაეძინა, ქალმა დაკრიფა ედემის ყვავილი, გაივსო კალთა და შინისაკენ გასწია.
ამ დროს გაიგო დევმა ქალის გაპარვა და ედემის ყვავილის დაგლეჯა. გაბრაზებული გამოუდგა ქალს.
მირბის ქალი და მისდევს დევი. გზის პირზე საყდარი იდგა. ქალი შიგ შეავრდა და მოხურა კარები. დევი მივარდა კარებთან და დაუწყო ბრაგაბრუგი, ხან ეხვეწებოდა, ხან ემუქრებოდა ქალს: კარი გამიღეო. მაგრამ ქალმა ყური არ ათხოვა.
დევმა რომ ვერაფერი გააწყო, შინ დაბრუნდა.
იმ ეკლესიაში იწვა ერთი ხელმწიფის შვილი, რომელიც დღე კვდებოდა, ღამე კი ცოცხლდებოდა ხოლმე.
როცა დაღამდა, ვაჟი ადგა, აანთო სანთელი, ნახა თახჩაში მჯდომი ქალი და უთხრა:
- რა ხარ, რა სულიერი ხარ, აქ რამ მოგიყვანაო?
ქალმა უამბო თავისი თავგადასავალი. ვაჟმა სთხოვა:
- შენ ცოლი და მე ქმარიო! - ქალმაც პირობა მისცა.
გაჟმა უთხრა:
- მე დღისით ვკვდები და ღამე ვცოცხლდები, შენ არ შეგეშინდესო!
ცხოვრობდნენ ასე ერთად რამდენიმე ხანს. ქალს სიორსულე გამოაჩნდა.
ვაჟმა უთხრა:
- წადი ჩემ სამშობლოში და იქ მოილოგინეო!
ქალმა გასწია, მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა:
- ამაღამ აქ დამაყენეთო!
დედოფალმა უბრძანა მსახურებს, წაეყვანათ და საქათმეში დაეყენებინათ.
იმ ღამეს საქათმეში ქალს ოქროსქოჩრიანი ვაჟი ეყოლა.
შეორე ღამეს ქმარი მოუვიდა იმას და დაუძახა:
- ქალო, ედემ-მარიამო!
- ბატონო!
- რა გყავს შვილად?
- ღვთის მოწყალებით, ვაჟი ოქროსქოჩრიანიო! - დაუძახა ქალმა.
ახლა სხვა ღამეს მივიდა და დაუძახა:
- ქალო, ედემ-მარიამო!
- ბატონო!
- რა გაქვს ქვეშსაგები?
- ღვთის მოწყალებით, ჩალა-ფუჩეჩიო!
ეს მოახლეს გაეგონა და დედოფალს ამბავი შეუტანა:
- ქალბატონო, წუხელ ვიღაცა მოვიდა ამ ქალთან და დაუძახა. სულ ჩვენი ალექსას ხმასა ჰგავდაო.
დედოფალი შევიდა და შეეხვეწა მელოგინეს: - ამაღამ რომ მოივდეს, უთხარი, შინ შემოვიდეს; მე კარებს უკან
დავდგები, იქნება ჩემი ალექსა იყოსო.
ვაჟი ისევ მოვიდა იმ ღამეს, დაუძახა:
- ქალო, ედემ-მარიამო!
- ბატონო!
- რა გაქსვ საჭმელი?
- ღვთის მოწყალებით, კუტმატიო:
- ვაი შენს ალექსის, შენი საჭმელი ნუში და ქიშმიშიაო.
მერმე ქალმა დაუძახა:
- ცოტა ხანს შინ შემოდიო:
- არა, ვერ შემოვალო.
- მოდი, მოდი, გენაცვალე, ცოტა ხანს და ისევ წადიო!
მივიდა გაჟი. კარებში რომ შევიდა, დედამ იცნო: ჩემი ალექსიაო.
სიხარულით გადაეხვია და დაკოცნა. მერმე შვილი დღეც მოუკვდა და ღამეც. ქალმა ტირილი დაიწყო. ყმაწვილი გუდაში ჩაისვა, შეეხვეწა დედამთილ- მამამთილს: არ დამარხოთ, სანამ არ დავბრუნდებიო და თვითონ კი მზის დედასთან წავიდა.
გზაზე გუთნით ხნავდნენ. უნდოდათ, შეეხსნათ და ვერ ახერხებდნენ.
ჰკითხეს ქალს:
- სად მიდიხარო?
- მზის დედასთანო!
- მაშ ჩვენიც გაიგე რამეო:
გაიარა კიდევ. მეცხვარეებს შეხვდა. უნდოდათ ცხვრის ბალახზე გარეკვა და ვერ მოეხერხებინათ. ჰკითხეს:
- სად მიდიხარო?
- მზის დედასთანო!
- მაშ ჩვენიც გაიგე რამეო!
გაიარა ქალმა და ერთ სახლს მიადგა. შიგ სამი გასათხოვარი ქალი ცხოვრობდა. იმათაც გაიგეს ქალის მზის დედასთან მომავლობა და უთხრეს:
- ჩვენი ამბავიც გაიგე, გასათხოვრები ვართ და ვერ მოგვიხერხებიაო.
გაიარა კიდევ. ერთი ირემი შემოხვდა, რქები ცასა ჰქონდა მიბჯენილი.
ქალმა სთხოვა:
- ირემო, თავი დაიღე, ამაგდე ცაშიო!
- მაშ ჩემიც გაიგე რამეო - უთხრა ირემმა.
ირემმა დაიღო რქები და შეაგდო ცაში. მივიდა მზის დედასთან. მზის დედამ უთხრა:
- შვილო, აქ რამ მოგიყვანა? ჩემი შვილი რომ შინ დაგხგედროდა და ქვეყნიერობაზე არ იყოს წასული, უთუოდ შეგჭამდაო.
ქალმა უამბო მზის დედას თავისი თავგადასავალი, გუთნისაც უთხრა, ცხვრისაცა, ქალებისაც და ირმისაცა. მზის დედამ ცოცხად აქცია ქალი და კარებს უკან მიაყუდა.
ამ დროს მოვიდა მზეც. დედას აუტყდა:
- ადამიანის სუნი მომდისო!
- არა, შვილო, აქ ადამიანს რა უნდა, რას მოიგონებ ხოლმეო!
- როგორ არა, ადამიანის სუნი მომდისო!
- ნეტავი იყოს ადამიანი, შვილო, ხმას მაინც გამცემდა. სიმარტოვით ლამის გამოვყრუვდე. იმას კი ნუ მკითხავ, რაც არ არის, რატომ არ მიამბობ, რა ხდება ქვეყანაზე? განა არა იცი, რაა საკვირველი, რომ თავის დღეში არას მეტყვიო!
- რა გინდა. რომ გითხრაო?
- რატომ, შვილო, დედა ვარ შენი, მაშ შენი გულის პასუხი მე არ უნდა მითხრაო?
- კარგი, დედავ, რაკი გინდა გაიგო, გეტყვი: ერთი ხელმწიფის შვილი სანადიროდ დადიოდა; რომ ვერაფერი მოკლა, გაჯავრებულმა მესროლა ისარი. მაშინ დავწყევლე: დღე მკვდარი იყო, ღამე კი ცოცხლდებოდე-მეთქი. ახლა კი გამოვასალმე წუთისოფელს. იმან რომ ჩემი პირისნაბანი დალიოს, გაცოცხლდება.
ერთ ადგილას გუთანი უბიათ, ის ვერ მოუხერხებიათ, რომ რკინის უღლები ახსნან და ხისები დაადგან, ეს კი
რომ მოახერხონ, მოხნავენ.
სხგაგან ცხვარი ჰყავთ, ვერ მოუხერხებიათ, რომ საძოვარზე გამორეკონ. იმათ რომ ღმერთს ერთი ცხვარი შესწირონ, გარეკავენ.
ერთ სახლში სამი ქალია გასათხოვარი, ბინდზე გვიან სახლს და კალთებზე გადმომაყრიან ხოლმე. იმათ რომ მზეთ უკან სახლის გვას თავი დაანებონ, გათხოვდებიან.
ერთგან კიდევ ირემი დგას, რქები ცაში აქვს მიბრჯენილი. ის ვერ მოუხერხებია, რომ გაიყრევინოს, მაისის წყალი დალიოს და ბალახს მისწვდესო.
დედამ მიუტანა ტაშტი და ხელ-პირი დააბანინა შვილს.
მზე რომ ქვეყანაზე გაისტუმრა, ბებერმა ცოცხი ისევ ქალად აქცია. ბოთლში ჩაუსხა პირის ნაბანი და გამოატანა.
- წაიღე, შვილო, ესა, დაალევინე შენს ქმარსა და გაცოცხლდებაო!
ქალი წამოვიდა. ირემს ამბავი მოუტანა, ქალებსაც, მეცხვარეებსაც, მეგუთნეებსაც და მივიდა შინ.
მიცვალებულს პირიც დაბანეს, პირშიც ჩაასხეს მზის ნაბანი წყალი და გააცოცხლეს. მერმე მშვენიერი ქორწილი და ჯვრისწერა გადაიხადეს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.