მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2473 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა ერთი მოხუცი ვეზირი. სამსახური აღარ შეეძლო და სთხოვა ხელმწიფეს:

- რაკი ისე მოვხუცდი, რომ სამსახური აღარ შემიძლია, ნება მიბოძე, ჩემი მოხუცებულობა შინ გავატაროო!

მისცა ნება ხელმწიფემ.

წავიდა ვეზირი შინ ცოლ-შვილთან, ცოლ-შვილმა გაიხარა იმისი დაბრუნებით. ვეზირმა, როდესაც გული იჯერა „ცოლ-შვილის ალერსით,

ამოიოხრა და თქვა: ნეტავი ამ სამ ქალში ერთ-ერთი ვაჟი მყოლოდით, ჩემ ალაგას წახვიდოდითო!

უფროსმა ქალმა უთხრა:

- ვაჟური ტანისამოსი მომეცი, შენს იარაღს გავიკეთებ, შენს ცხენზე შევჯდები და წავალო.

- შენ ვერ შეძლებ, ძნელი სამსახური უნდაო, - უთხრა ვეზირმა.

- შევძლებ, უნდა წავიდეო, - არ იშლიდა ქალი თავისას.

მამამაც მისცა ცხენი, იარაღი და ვაჟური ტანისამოსი. ჩაიცვა ქალმა ვაჟურად, იარაღი გაიკეთა, შეჯდა ცხენზე და წავიდა.

მამამ მოკლე გზით გადაუჭრა გზა, წინ გადაუდგა ხმალამოღებული და შესძახა:

- შესდექ, ვინ მოდიხარ ცხენითაო?!

ქალს შეეშინდა და ის იყო ცხენიდან უნდა გადმოგარდნილიყო, მაგრამ მამამ ხელი მიაშველა, ცხენიდან ჩამოიყვანა, მოასულიერა და უთხრა:

- ნუ გეშინია, შვილო, შენი მამა ვარ, აკი გითხარ, ვერ წახვალ-მეთქი და არ დამიჯერეო!

დაბრუნდნენ ისევ შინ. 

ახლა შუათანა ქალმა თქვა: - მე წავალო.

მამამ ამასაც უთხრა:

- ვერც შენ წახვალ, ქალს იმდენი გულადობა ვინ მისცა, რომ იმ სიშორე გზით წავიდესო.

ქალმა არ გაიგონა, არ იქნება, უნდა წავიდეო, დაიჟინა.

- წახვალ და წადიო! - უთხრა მამამ.

ჩაიცვა ქალმა ვაჟური ტანისამოსი, იარაღი შეიბა წელზე, შეჯდა ცხენზე და წავიდა.

მამამ იმასაც გადაუჭრა გზა და დაემალა. ქალი რომ მიუახლოვდა,

გადახტა გზაზე და შესძახა:

- აბა, ვინ მოდიხარ, გაჩერდიო: ქალს ისე შეეშინდა, რომ ცხენიდან კინაღამ გადმოვარდა, მაგრამ მამამ დაამშვიდა:

- ნუ გეშინია, შენი მამა ვარო, და წამოიყვანა შინ.

ახლა პატარამ თქვა:

- მე უეჭველად წავალ, არ მეშინიაო!

იმასაც უშალა მამამ, მაგრამ არ დაიშალა. ჩაიცვა ვაჟური ტანისამოსი, იარაღი გაიკეთა. შეჯდა ცხენზე და წავიდა.

მამა იმასაც დაუხვდა ფარული გზით, მაგრამ ქალს არკი შეეშინდა, ისე

მიაგდო ცხენი ზედ ხმალამოღებულმა, რომ კინაღამ მამა მოკლა. შეეშინდა ვეზირს და შეეხვეწა:

- შვილო, არ მომკლა, შენი მამა ვარ, იმედი მაქვს, შენ კარგად შეასრულებ ყოველსავეო. მიხვალ იმ ქალაქში, სადაც ხელმწიფე

ცხოვრობს, იმისი სასახლე ცალკე განკერძოებით დგას, წინ დიდი მინდორი აქვს გალავგანშემოვლებული, დიდ ჭიშკართან ორი ლომია დაბმული, ყარაულები ადგანან, ერთი ცხვარი მიიტანე, შუა გაჭერ, ნახევარი ერთ ლომს მიეცი, ნახევარი - მეორეს, თორემ პირველად რომ გნახავენ, არ შეგიშვებენ, შეგჭამენ, მერმე კი აღარა გინდა რა, შეგეჩვევიანო; შეხვალ, დიდი მინდორი დაგხვდება, იმ მინდორზე ხელმწიფის სახლამდი გააჭენ-გამოაჭენე ცხენი, დაგინახაგს ხელმწიფე და თვითონ დაგიბარებს, გკითხავს ვინაობას, უთხარ; თქვენი მოხუცი ვეზირის შვილი ვარ-თქო;

ვიცი, გეტყვის: იმას ვაჟიშვილი არა ჰყავდაო?! შენ უთხარი: იმისთვის მოგახსენათ, არა მყავსო, პატარაობითვე არ დამეჩაგროს სამსახურშიო, ახლა გავიზარდე, შევძლებ თქვენს სამსახურს და გიახელით-თქო.

გადაკოცნეს ერთმანეთი მამა-შვილმა და მამა შინ დაბრუნდა, ქალი კი წავიდა, ცხენს თავისთავად მიყავდა, რადგან გზა კარგად იცოდა. როდესაც იმ ქალაქში მივიდა, იყიდა ერთი ცხვარი და ერთიც მკვეთრი სამართებელი, ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, შუა გაჭრა ცხვარი, ნახევარი ერთ ლომს მისცა, ნახევარი - მეორეს დღა შეაჭენა ეზოში ცხენი. მართლაც, დიდი მინდორი ნახა და დაუწყო ცხენს იქით-აქვთ ჭენება.

ხელმწიფის სახლს ფანჯრები ეზოს მხრიდან ჰქონდა, დილა იყო, ხელმწიფე პირს იწმენდდა, დაინახა ეს ყმაწვილი და დიდად მოეწონა. ტაშს შემოჰკრა, კარისკაცი შემოვიდა. უბრძანა:

- წადით, ის ყმაწვილი მოიყვანეთ, ვინ არის, ან რად მოსულაო?

წავიდა კარისკაცი და ქალს უთხრა:

- ხელმწიფე გიბარებსო!

ქალი გადმოხტა ცხენიდან, იქვე ახლად მოსულმა მეჯინიბემ ჩამოართვა ცხენი, გაუძღვა კარისკაცი წინ და მივიდნენ ხელმწიფესთან.

ხელმწიფემ ჰკითხა მოსვლის მიზეზი და ვინაობა.

ქალმაც ყოველივე აუწყა და ისიც დაუმატა: - გთხოვთ, მამის ადგილი მიბოძოთო!

ხელმწიფე იმდენად მადლიერი იყო იმის მამისა, რომ ალაგზე უარი არ უთხრა და ჩაწერა.

ხელმწიფეს ერთი ქალი ჰყავდა მოწიფული გასათხოვრად, ეს უცხო ყმაწვილი რომ დაინახა, ძლიერ მოეწონა. ამ ვაჟს ცალკე ოთახი ჰქონდა მიცემული, ქალი შევიდა ყმაწგილის ოთახში, ნახა მძინარი, გადაეხვია და დაუწყო გზნებით კოცნა. ვაჟს გაეღვიძა, შეკრთა უცხო ქალის დანახვაზე და ჰკითხა:

- ვინა ხარ, ამ დროს აქ რამ მოგიყვანაო?

ქალმა უთხრა:

- მე ამ ხელმწიფის ქალი ვარ, დილით ეზოში ცხენს რომ დააგელვებდი, ჩემი ოთახიდან გიმზერდი, სიყვარული გულში აღმეგზნო და მოველ შეუმჩნევლად, რომ ჩემი სიყვარული გადმომეცა, თუმცა ბევრი მთხოვნელი მყავს, სულ ხელმწიფის შვილები, მაგრამ შენს მეტი ქმარი არ მინდა, შენ ქმარი და მე ცოლიო!

ვაჟმა უთხრა:

- რა დაგინახე, ძლიერ შემიყვარდი, მაგრამ თქვენი დედ-მამის შიშით როგორ შემიძლია მაგისი აღსრულებაო.

ქალი დალონდა უარის თქმაზე, მაგრამ გადაწყვიტა თავის გულში, მერმე კიდევ მოველაპარაკებიო და წავიდა.

მეორე დღეს ცოლმა უთხრა ხელმწიფეს:

- წუხელ ჩვენი ქალი ლოგინიდან ადგა და გავიდა უჩუმრა, თვალი

ვადევნე, ვეზირის შვილის ოთახში შევიდა, კარებს ყური დავადე და გავიგონე შემდეგი... რაც გაეგონა, სულ უამბო და თავის მხრივ ურჩია: ისეთ ალაგას სადმე გააგზავნე შორს, რომ იქიდან ვეღარ მოვიდეს ვეზირის შვილი, თორემ ქალი შეგვარცხვენს, იმდენი ხელმწიფის შვილები გვთხოვდნენ და ახლა ვეზირის შვილს როგორ მივცემთო?

მეორე დღეს ხელმწიფემ ავადმყოფობა მოიგონა, დაიბარა ვეზირის შვილი და უთხრა:

- ავად ვარ, სიზმარში უკვდავების ვაშლი მასწავლეს, თუ მომიტან, მოვრჩები, თუ არა, მოვკვდებიო!

ვეზირის შვილმა თავი დაუკრა, გამოვიდა, შეჯდა ცხენზე და წავიდა.

ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ დიდ მთაზე ავიდა. გადაიხედა იქიდან და დევის სახლები დაინახა, ეზოში ერთი დევის ქალი იჯდა და თითისტარზე ართავდა. სათივის შუაბოძის ტოლა ტარი ჰქონდა, სათივის ტოლა კვირისტავი და თვითონაც მთის ოდენა იჯდა.

მივიდა ახლოს ვეზირის შვილი და დაუმახა:

- დედავ, დედის-დედაო! დევის ქალმა ხმა არ გასცა.

კიდევ დაუძახა: - დედავ, დედის-დედაო! კიდევ ხმა არ გასცა. მესამედაც დაუძახა: - დედავ, დედის-დედაო! და გააგონა.

- თუ დედა არ გეთქვა, შვილო, ერთ ლუკმად მეყოფოდი და რადგან დედა მითხარ, ვაჟი არა მყავს, შენ შვილი და მე დედაო. სამი ქალი მყავს, მთაზე არიან სანადიროდ წასულნი, წავალ, დავუძახებ, იმათაც ეამებათო.

ავიდა იმ მთაზე, საიდანაც ვეზირის შვილი მოვიდა. იქიდან სამი სხვა მთა მოჩანდა, თითო მთაზე თითო ქალი იყო წასული, თითო-თითოდ დაუძახა სახელები და მოვიდნენ. მოსვლისთანავე დედამ უთხრა:

- შვილებო, ერთი შვილი ვიშოვნე, მაინც ძმა არა გყავდათ და, თუ ჩემი ხათრი გაქვთ, არა აწყენინოთ-რაო.

ამათაც შეჰფიცეს:

- რადგან შენ შვილად მიიღე, ჩვენც ძმად მივიღებთ, არას დავუშავებთო. მივიდნენ ვაჟთან და სამივემ შესძახა:

შენ ძმა, ჩვენ შენი დებიო! მოეხვივნენ, დაკოცნეს, გვერდით მოუსხდნენ, პური აჭამეს და შემდეგ ჰკითხეს:

- რას გაურჯიხარ, უამბოდ არ მოხვიდოდი, გვითხარ და რაც შეგვიძლია, გიშველითო!

ვაჟმა უთხრა:

- ხელმწიფე ავად არის, უკვდავების ვაშლისათვის გამომგზავნა და აი, თქვენ შეგხვდითო.

დევის დედამ უთხრა: ·

- კარგია, რომ აქ მოხველ, თორემ ძნელია იმისი შოვნა და ვერ მიუტანდიო. აი, ზღვას შევუბერავ სულს, დაგუბდება, შუა გაიყოფა, შენ გაღმა გადი, იქა დგას ვაშლის ხე, სამი ვაშლი ასხია, ერთიც გეყოფა, მოწყვიტე და საჩქაროდ უკან გამოდი; თორემ იმ ვაშლს მცველები ჰყავს

და, თუ გაიგეს, მოგკლავენ, ზღვა იქიდან იწყებს შეერთებას და, შიგ თუ შემოასწარ, მერმე ვეღარას დაგაკლებენ, ახლა ყარაულები იქ არ დაგხვდებიან, სასადილოდ წავიდნენ და კარგ დროს გახვალო!

წაიყვანა ვაჟი ზღვის პირას და შეუბერა ზღვას. მართლაც, ზღვა შუა გაიყო, ნახევარი ერთი მხრით გაჩერდა, ნახევარიც - მეორე მხრივ. დააბარ: იქიდანაც ჩემთან გამოიარეო! და გაუშვა. წავიდა ვეზირის შვილი

ზღვებს შუა. ნაპირზე რომ გავიდა, დაინახა ვაშლი, მართლაც სამი ცალი ება, ისეთი დიდრონი იყო, რომ ხურჯინის თვალში ძლივს ჩადიოდა თითო. მოკრიფა სამივე, ერთი ხურჯინის ცალ თვალში ჩადო, მეორე - მეორეში და მესამეც ხელში დაიჭირა, შეჯდა ცხენზე და წამოვიდა.

გამოუდგნენ ყარაულები, მაგრამ რაღას მოეწეოდნენ. ზღვაში შეასწრო და შუაგაყოფილი ზღვა იქიდან უერთდებოდა ერთმანეთს. მოვიდა დევის დედასთან.

ძლიერ გაუხარდა დედასაც და ქალებსაც. ერთი ვაშლი იქვე დაჭრეს და ორი შინ გაატანეს. დევის დედამ უთხრა:

- ვიცი, კიდევ გაგგზავნიან სადმე და უჩემოდ არ წახვიდე, თორემ დაიღუპებიო.

წავიდა ვეზირის შვილი და მიუტანა ვაშლები ხელმწიფეს. ხელმწიფეს ძლიერ ეამა, ერთი მაშინვე გაჭრა და ერთიც მთელი მაგიდაზე დადო. იმ ღამეს ყველანი დასაძინებლად წავიდნენ და დედოფალს კი რა დააძინებს!

კიდევ შევიდა ხელმწიფის ქალი ვეზირის შვილთან, მოეხვია და უთხრა:

- მანამ მოხვიდოდი, სულ მეშინოდა, შენი გზისკენ მეჭირა თვალი, შენს მეტი ქმარი არ მინდა და ნურც მომცეს ღმერთმაო!

- მამათქვენისა რომ არ მეშინოდეს, მეც ძლიერ მიყვარხარო, - უთხრა ვეზირის შვილმა.

მეორე დღეს დედოფალმა უთხრა ხელმწიფეს: - წუხელ კიდევ შევიდა ქალი. თუ კიდევ არა მოვუგონეთ-რა, შეგვარცხვენს ჩვენი ქალიო.

დაიბარა ხელმწიფემ ვეზირის შვილი და უთხრა:

- ამ ვაშლმა არა მარგო რა, უკვდავების წყალი უნდა მომიტანოო!

ვეზირის შვილმა გამოართვა ვერცხლის სურები, ხურჯინში ჩადგა, ცხენს აჰკიდა, შეჯდა და დევის დედასთან წავიდა. ვაჟის დანახვამ გაახარა დევის დედა, მოეხვია, დაკოცნა და ჰკითხა:

- უამბოდ არ გაირჯებოდი, მითხარ, რა გინდაო!

ვაჟმა უთხრა:

- უკვდავების წყალი მოინდომა ხელმწიფემ და უნდა მივუტანოო.

- ძნელი საქმეა, მაგრამ ნუ გეშინია, შენს სიმარდეზე არის დამოკიდებული, - დაამშვიდა დევის დედამ, ჯერ პური აჭამა, შემდეგ დაასვენა და წაიყვანა ზღვასთან. რომ მივიდნენ, შეუბერა სული ზღვას, დააგუბა და უთხრა:

- მანამ დაბრუნდები, ასე იქნება, წადი, დაადექ ამ გზას, ვაშლის ხესაც

გასცდები და ძალიან ბევრს სხვასაც გაივლი, ერთ ტრიალ მინდორზე გამოჩნდება ალმასის გალავანშემოვლებული ქალაქი, ამ ქალაქში

ხელმწიფედ ქალი ზის და ის წყალიც შიგა აქვთ. გალავანს ალმასის კარები

აქვს, იხსნება და იხურება ისე ჩქარა რომ თვალს ძლივს მოჰკრავ. ისე

ღონივრად გადაჰკარ მათრახი ცხენს, რომ შეასწრო, თორემ თუ მოგხვდა შენცა და ცხენსაც შუა გაგწყვეტსო! გზა დაულოცა და გაშორდნენ ერთმანეთს. წავიდა ვეზირის შვილი, მთელი ზღვა გაიარა და ათი იმოდენა ხმელეთი.

ძლივს გამოჩნდა გალავანი. ამომავალი მზე ედგა და ძალზე ბჭყვიალებდა. მივიდა, ნახა, ჭიშკარი მართლაც ისე სწრაფად იხსნება და იხურება, რომ კაცი თვალს ძლივს მოჰკრავს. თვითონაც ჰური ჭამა და ცხენსაც აჭამა ქერი. დაისვენეს კარგად. მერმე შეჯდა, გაატარ-გამოატარა, გაახურა ცხენი, გადაჰკრა მათრახი და შევიდა კარებში, შეასწრო თვითონ, მაგრამ ცხენს ძუა მოუწყვიტა. გადმოხტა მაშინვე, ცხენს უკვდავების წყალი დაასხა და გაუმთელდა ძუა.

გაიხედ-გამოიხედა, ყოველი სახლი მინისა იყო. ამ ქალაქში კაცი არ იყო. ქალს დედ-მამა ომში დახოცოდა და რაც კაცები იყვნენ, ისინიც დაეხოცნათ. ობლად დარჩენილი ქალი გამზრდელმა ისე გაზარდა, რომ კაცის სახე არ იცოდა; ლამაზიც იყო ძლიერ.

მივიდა წყაროზე, გამოიღო ხურჯინი, ცხენი საძოვარზე გაუშვა, თვითონ დაწვა და დაეძინა, გამვლელმა დაინახა, რომ ეს ვაჟი იქ მივიდა და მინის ქალს უთხრა:

- ერთი ვაჟი მოგიდა ჩვენს წყაროზე და დაისვენა, ისეთი ლამაზი არის, რომ თავის დღეში არ მინახავს ისეთი ლამაზი კაციო.

მინის ქალმა უთხრა:

- ნეტავი ერთი ვნახო, კაცი რა სახისა არისო!

როღესაც გაეღვიძა ვაჟს, გამდელი მივიდა და უთხრა:

- ჩვენი ხელმწიფე გიბარებსო!

ვაჟი მაშინვე წავიდა, ქალმა დაინახა და მეტად მოეწონა, გვერდს დაისვა და აამბობინა რისთვის მისულიყო. მერე უთხრა:

- იქ ნუღარ წახვალ, აი, ამ სახელმწიფოს ეპატრონე, ჯერ შენს მეტი კაცის სახე არ მინახავს, რადგან გნახე, ჩემი ქმარიც შენ უნდა იყოო!

ვაჟმა უთხრა:

- ამ წყალს მივუტან და მერმე დაგიბრუნდებიო.

აუვსეს სურები და მშვიდობით გამოისტუმრეს. მოვიდა. ზღვა ისევ ისევ დახვდა გაყოფილი. გაიარა მშვიდობით და მივიდა დევის დედასთან. გაეხარდა იმასაც ვაჟის ნახვა, დაასვენა და გასტუმრებისას დააბარა: კიდევ გაგგზავნიან და უჩემოდ არ წახვიდეო!

მივიდა ვაჟი შინ და მიუტანა ხელმწიფეს წყალი. იმ ღამეს ყველანი წავიდნენ დასაძინებლად. ხელმწიფის ქალი კიდევ შევიდა ვაჟთან: - მანამ დაბრუნდებოდი, გდარდობდი, მე ძლიერ მიყვარხარ და შენ კი - არაო.

ვაჟმა უთხრა:

- მეც ძლიერ მიყვარხარ, მაგრამ ხელმწიფისა მეშინიაო!

მეორე დღეს ცოლმა უთხრა ხელმწიფეს: - წუხელ. კიდევ შევიდა ვაჟთან, ახლა ისეთ ადგილას გაგზავნე, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდესო!

დაიბარა ხელწმიფემ ვეზირის შვილი და უთხრა:

- გაქვავებული ქალაქის ამბავი უნდა მომიტანოო!

ადგა და წავიდა ვაჟი დევის დედასთან.

- რა ამბავია, რაზე გარჯილხარო? - ჰკითხა დევის დედამ.

- ხელმწიფესა სურს, გაქვავებული ქალაქის ამბავი მივუტანოო.

დევის დედამ უთხრა: - ეგ კი ძლიერ ძნელია, გასწავლი, მაგრამ შველა კი არ შემიძლიაო.

წახვალ, ვაშლის ხესაც გასცდები, უკვდავების წყალსაც და კიდევ მრავალ მთასა და ბარს და იქ არიო.

წაიყვანა, შეუბერა ზღვასა და უთხრა:

- ისევ ჩემთან გამოიარეო!

გაშორდნენ ერთმანეთს, მიდის ვაჟი, გაიარა ვაშლის, წყლის ადგილები და მრავალიც სხვა. ბოლოს, გამოჩნდა ერთი მინდორი, სულ ქვით იყო სავსე, ადამიანები, პირუტყვებიც სულ თავიანთი სახით ქვად იყო ქცეული. დურგალს თავისი რანდა ეჭირა და ქვად იყო ქცეული, ერთი სიტყვით, ვინც რა ხელობაზე ყოფილიყო, ისე იყო ქვად ქცეული.

დაიარა ამ ყმაწვილმა

მაგრამ ერთი სულიერი ვერავინა ნახა, ბოლოს, მიადგა ერთ სახლს და ხმა მოესმა: ერთი წყალი დამალევინეო! მივიდა ამ ხმაზე, დაინახა კაცი, გულს ზევით კაცი იყო, გულს ქვევით ქვად იყო ქცეული. ჰკითხა ვაჟმა მიზეზი:

- რადა ხარ გაქვავებულიო?

„კაცმა უთხრა:

- აქ მოსვლა რამ გაგაბედინა, ჩქარა წადი, თორემ სადაც არის, მოვა ის ალქაჯი დედაკაცი და შენც ქვად გაქცევსო!

- სულ ერთია, თუ ხელმწიფეს არ მივუტანე ამ ქალაქის გაქვავების ამბავი, ის მომკლავსო, - უპასუხა ვაჟმა.

- მაშ, კარგიო, - დაიწყო კაცმა, - მე ამ ქალაქის ხელმწიფე ვიყავ,

მყავდა ცოლი, ნაზირ-ვეზირები და რაც ხელმწიფეს ეკადრება, ყოველივეთი სრული ვიყავ. მყავდა აგრეთვე ორი ქარის რაში, სულ დაფრინავღნენ და კარგადაც ვანახვინებდი. ვნახოთ, ერთ დღეს მეჯინიბეს წყალზე ჰყოლოდა და გამოატარა. ისეთი გამხდრები იყვნენ, ფერდი ფერდს მიჰკვროდათ. გავუჯავრდი, არ გიჭმევიათ, თუ რა არის მიზეზი, რომ ასე გამხდარან-მეთქი?

მეჯინიბემ მითხრა:

- ყოველ ღამე ცხრა მთას იქით გადადიან და როგორ არ გახდებიანო!

ვკითხე მიზეზი, იმანაც თქვა:

- დედოფალი, ცხრა მთას იქით რომ არაბის ხელმწიფე ცხოვრობს, იმასა ჰყვარობს. დაგეძინება თუ არა, ადგება და მეც თან მივყავარ, ერთზე თვითონ ჯდება, ერთზე - მე, ამაღამაც უნდა წავიდეს, იმათი დღესასწაული არის და ამას ელიანო.

მე ვუთხარ:

- შენი ტანისამოსი კარებთან დააწყვე, დაგიკაკუნებს თუ არა კარებზე, ჩავიცვამ და შენ მაგივრად მე წავყვები-მეთქი. როგორც ვუთხარ, მეჯინიბეც ისე მოიქცა. მე განგებ ძილს მივეცი თავი. ადგა დედოფალი, გავიდა, დაუკაკუნა მეჯინიბეს კარებზე და შემობრუნდა. ჩაიცვა საგანგებოდ. მე მეჯინიბის ტანისამოსი ჩავიცვი, მეჯინიბე ჩემს ლოგინში დავაწვინე, კიდევ არ მჯეროდა, მინდოდა ჩემი თვალით დავრწმუნებულიყავი. გაველ, მზად დამიხვდა, ცხენები ავუშვი და ველოდებოდი.

გამოვიდა, ერთზე ის შეჯდა, მე მიბრძანა, ჩქარაო და გააფრინა. მიგდევ მეც. გადავედით ცხრა მთას. ისე დაგვიხვდა იქაურობა გაჩირაღდნებული, რომ დღე გეგონებოდა. შეუდგათ ალიაქოთი, დედოფალი მობრძანდებაო. გადმოაბრძანეს, შეიყვანეს და ცხენის აღვირი მე მომიგდო. ვიდექ და მეჭირა ცხენები. შინ დიდი ხანი დაჰყო. გათენებამ თითქმის მოატანა. გამოვიდა და ჩემი ბაღდადით წვერი-წვერ შეკრული ხილი გამომიტანა.

ცხენებზე რომ შევსხედით, ის ბაღდადი განგებ იქ დავტოვე. ცოტა რომ გამოვიარეთ, ვუთხარ:

- უჰ, ბაღდადი იქ დამრჩა-მეთქი.

- წადი, ჩქარა მოიტანე, ხელმწიფემ არ მოიკითხოსო!

მივაბრუნე რაში, მიველ, გადავხტი ფანჯრიდან, მოვჭერი თავი არაბს და ჩავაგდე ხურჯინში. თანაც ბაღდადი ავიღე და წამოვედი. გამოვაჭენეთ, მაგრამ რა გამოვაჭენეთ, სულ მოვფრინავდით. ინათა და მოვედით. მეჯინიბე იქვე მიმალული დამხვდა. ქალმა ხილი მე მომიგდო და შეირბინა შინ, მეც მეჯინიბეს გადავეცი, გავიხადე ტანისამოსი, ხურჯინი მაღლა დავკიდე და დავწექ განაბული. თვითონაც შემოიპარა და ჩუმად დაწვა.

გათენდა კარგად და ვუთხარ:

- იცი, ქალო, როგორი სიზმარი ვნახე-მეთქი?

- რაო? - მკითხა.

მეც მოვუყევი: - თურმე შენ ცხრა მთას იქით ერთი არაბის ხელმწიფეს ჰყვარობდი და მეჯინიბედ მე გახლდი თან, გადაველ ფანჯრიღან, მოვჭერ თავი იმ არაბს და აი, იმ ხურჯინში ჩავდე, აბა, ნახე, მართალი არ იყოს-მეთქი.

მაშინვე აიღო ხურჯინი, წამოსწია და თავი გამოგორდა. გამწარებულმა მე ასე მაქცია და დანარჩენი, როგორც ხედავ, ისე.

ვეტყვი: წყალი დამალევინე-მეთქი, წუმპეს ჩამასხამს, ამისი ღირსი ხარო! ვეტყგი: მაჭამე-მეთქი, ტალახს მომიტანს - აი ჭამეო! ნეტავ, მეც სულ ქვად ვექციე. არაბეთში რომ დადიოდა, იქ ესწავლა ეს თვალთმაქცობა.

ვაჟმა ჰკითხა:

- სად არის ახლაო?

- ახლა წასულია, დადის, გულს იქარვებს და მალე მოვაო.

ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, შორით მოესმათ ფეხის ხმა. ვაჟი მივიდა და კარებთან მიიმალა. შემოვიდა ქალი. ხელმწიფემ უთხრა:

- ქრისტიანი არა ხარ? ან სულ მომკალ, ან ამ ტანჯვას მომარჩინეო!

ცოლმა უთხრა:

- ცოტაც არის შენთვისაო!

ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ვაჟი მიეპარა და ქალის თმები ხელზე დაიხვია. ისე უცებ მოხდა ეს, რომ ქალმა ვერაფერი მოასწრო. წააქცია პირქვე და დაადგა ფეხი:

- ჩქარა, ხელმწიფე ისევე როგორიც იყო ღა ქალაქი თავის სახით გადააქციე, თორემ ახლავე მოგკლავო!

მეტი რა გზა ჰქონდა, შეულოცა და ყოველივე თავის სახეღ შეიცვალა.

ვაჟმა უთხრა:

- მეც დამლოცეო! - აბა, რითი დაგლოცო: ვაჟი ხარ ქალად იქეც, ქალი ხარ ვაჟადაო.

მართლაც, იქცა ქალი ვაჟად და ის დედოფალი მაშინვე სულ ლუკმა-ლუკმად აქცია. ხელმწიფემ და მთელმა ქალაქმაც დალოცა ეს ვაჟი.

ადგა და წამოვიდა ვაჟი. გამოიარა მინის ქალთან და უთხრა:

- მზად იყავ, მოვალ და ჩემს დედ-მამასთან წაგიყვანო!

წავიდა დევის დედასთან და უამბო ქვადნაქცევი ქალაქის ამბაბი. მივიდა ხელმწიფესთან, იმასაც უამბო ყოველივე. წავიდნენ ყველანი მოსასვენებლად და კიღევ შეიპარა ხელმწიფის ქალი ვაჟთან:

- მანამ მოხვიდოდი, ვკვღებოდი შენი ჯავრითაო!

- მეც ძლიერ მიყვარხარო, - უთხრა ვაჟმა და კარგადაც მოულხინა.

ხელმწიფის შიში, წინათ რომ ასახელებდა, სულ გადაავიწყდა. მეორე დღეს ადგა და დაეთხოვა ხელმწიფეს:

- ნება მომეცი, შინ წავიდე და ჩემს მოხუც მამას მივხედოო!

გაეხარდა ხელმწიფეს, თავიდან მოვიშორებო, და მისცა ნება. წავიდა დევის დედასთან და მინის ქალის სიყვარული უამბო. წაჰყვა დევის დედა, შეუბერა სული ზღვას და გაატარა. მივიდა მინის ქალთან, ის ალმასის გალავანი მთლად აიღო, დაკეცა, ის უკვდავების წყაროც თან წამოიღეს, რაც ქალები იყვნენ, სულ წამოიყვანეს და წამოვიდნენ.

გამოიარეს დევის დედასთან, იმხიარულეს, გაახარეს და შემდეგ მამასთან გაემგზავრნენ.

დააწინაურა ქალის ჯარი და ამბობდნენ.

- ამა და ამ ვეზირის შვილი მოდის თავის ცოლითაო! - გაუკვირდა ვეზირს:

- ვაჟი ვინ მომცა, თვითონაც ქალი იყოო!

მოვიდა ვაჟი და უამბო ყოველივე დედ-მამას. იმათაც გაუხარდათ, გადაიხადეს ქორწილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად.

ჭირი იქა, ლხინი აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ