მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1036 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. ცხოვრობდა ერთი ჩოფანო კაცი. სახლში არაფერი არ ჰქონდა. ედგა ნახეგრად დანგრეული ჯარგვალა, რომელსაც აქეთ-იქით ბიჯგები ჰქონდა მიყუდებული, ქარს რომ არ წაექცია.

კაცს მუშაობაც ეზარებოდა. ყოველდღე წაღმა-უკუღმა დაეხეტებოდა. ხან ერთ მეზობელთან მიდიოდა, ხან - მეორესთან. შინ წასვლასაც ვერ ახერხებდა. ამიტომ მისი სტუმრობა ყველას სძულდა.

ბოლოს, გადაღმა სოფლიდან მოიყვანა კაი გოგო და ცოლად დაისვა. ეს ქალი, თურმე, შრომას იყო შეჩვეული და როცა დაინახა, ქმარი სახლს არ შორდებოდა, ჩხუბი დაუწყო: კაცო, ხელი გააქანე, სადმე წადი, ფული იშოვნე, თორემ მშივრები დავიხოცებითო. კაცს არ უნდოდა სამუშაოდ წასვლა. როგორ ვთქვა, მაგრამ დილას ადგომაც კი ეზარებოდა თბილი ლოგინიდან. ის გაჭირვებული თვითონ ვერაფერს ახერხებდა. სანამ ცოლი ფერდებში მუშტებს არ უთავაზებდა და ლოგინიდან არ გადმოაწიკუნტალებდა, დილაობით არ დგებოდა.

ერთხელ, როცა ნასესხები გავიდა, ნააღდგომევს ქალმა უთხრა: – კაცო, სადმე ყანა დათესე, შენი თუ არა გაქვს, სახელმწიფო მიწა მაინც მოხანიო!

ქალმა გადაირბინა მეზობლისას, ითხოვა ხარები, კავ-სახნისი და მისცა ქმარს: შენ სამუშაოდ წადი, მე სადილს გავაკეთებ და ყანაში მოგიტანო!

წავიდა კაცი, იარა, იარა და მიადგა კოდარას გორას, იქ, დათუნაშვილების მამულის ახლოს, სახელმწიფო მიწა დაინახა და დაუწყო ხვნა.

ხნავდა და ხნავდა გამწარებული. ჯერ კიდევ ადრე იყო. ცოლის ჯიბრზე ბევრი უნდოდა ემუშავნა. ხნავდა და ხნავდა, მაგრამ უცებ ხარები გაჩერდნენ. კაცმა შოლტი მოუქნია და „აშიო - შეუძახა, ხარებმა ერთი გაიწიეს და ისევ გაჩერდნენ, თურმე სახნისი მიწაში რაღაცას მოსდებოდა.

ხარებმა ერთი კიდევ გაიწიეს და მიწიდან ამოაგდეს ცისა და ქვეყნისოდენა ზანდუკი. ამ კაცს შეეშინდა, ააკანკალა, იფიქრა: ახლა ნამდვილად დავიღუპე, ოჯახი დავღუპე, ამ სახელმწიფო მიწაში რაღაც შენახული ყოფილა და ჩვენი ხელმწიფე მომკლავსო! როგორც იყო, შიშით გახსნა ზანდუკი და რას ხედავს მისი თვალები: მთელი ზანდუკი ოქროს ფულით არის გავსებული! ორი-სამი თუ ერია შიგ ვერცხლისა და სპილენძის ფული, თორემ ისე სულ ოქროებით იყო სავსე ამხელა ზანდუკი.

კაცმა ტირილი დაიწყო: ამ ამბავს ვიღაც ხელმწიფეს შეატყობინებს და ჩამომახრჩობენო.

ტირის საწყალი კაცი. ამასობაში გზაზე ერთი მღვდელი გამოჩნდა, სოფელში წირვა ჩაეტარებინა, ხურჯინი აევსო ქათამ-ხაჭაპურებით და ძლივს მიათრევდა ჯორი. მღვდელს ძალიან შეეცოდა ეს კაცი და ჰკითხა:

– შვილო, რა წაგეკიდა, რად ტირიო?

ასე და ასეა, მამაო, ჩემი საქმე, - უთხრა კაცმა.

მღვდელმა დაანუგეშა:

- ეს არაფერია, მე გადაგარჩენ, მხოლოდ, როგორმე მომეხმარე, ეს ოქროები ამ ჩემ ხურჯინში ჩამაყრევინეო.

საწყალ კაცს გაუხარდა: ეს რა მთავარანგელოზი გამომეცხადაო. მღვდელმა მთლად გაცალა ზანდუკი. დიდ-დიდი ოქროები ხურჯინში ჩაყარა, ამ კაცს კი მისცა პაწ-პაწა სპილენძის შაურიანები:

- წაიღე, არაფერია, მე შევეხვეწები უფალს და ხელმწიფე გაპატიებსო!

ამასობაში შუადღე გახდა. მღვდელსაც და ამ კაცსაც გვარიანად მოშივდათ. გაიხედა კაცმა და დაინახა მისი ცოლი, მოჰქონდა სადილი და ერთი დოქი ღვინო.გაიქცა და მიახარა ასე ადვილად გადარჩენის ამბავი: - ასე და ასე დამემართა და ამ ღვთისნიერმა მღვდელმა დამიხსნა ფათერაკისგანო.

ცოლმა გვარიანად ჩაუსისტიქინა საწყალ კაცს.

რაღას იზამდა ქალი. დაპატიჟა სადილზე მღვდელი, ქმარს კი ყურში ჩაუჩურჩულა:

- მღგდელმა ჩემი სახელი თუ გკითხოს, უთხარი, ამისთანა ჰქვია-თქო, შენ კი - ამისუარესი მქვია-თქო.

დაიწყეს სადილობა. ქალმა დაასხა ჯამში ღვინო და დაალევინა მღვდელს, ქმარს კი ერთი წვეთიც არ მიაწოდა.

კაცმა უთხრა:

- პატარა მეც დამალევინე ეგ ღვთის მოცემულიო! მაგრამ, შენც არ

მომიკვდე, არ გაუგონა და, როცა მეორეჯერაც სთხოვა, ღვინო დამისხიო, ისეთი თვალებით შეხედა, რომ ღვინო კი არა, სადილის ჭამაც კინაღამ მიატოვებინა.

ერთი თუ ორი, ერთი თუ ორი, ყლაპა და ყლაპა მღვდელმა ეს ჩხავრის ღვინო!

- რაღამაც ასეთი პატივი მეცით, თქვენი სახელები მაინც მითხარითო! - უთხრა მღგდელმა მათ.

კაცმა მღვდელს თავი გააცნო ისე, როგორც ცოლმა ასწავლა. ამასობაში მღვდელი ისე დათვრა, რომ მთლად აერია გონება, თავბრუ დაეხვა.

- ჩემო დაო, დამაწვინე სადმეო! - უთხრა ქალს.

ქალმაც აიყვანა და იქვე ჯირკზე მიაწვინა.

- ახლა დაფაცურდი, - უოხრა ქალმა ქმარს, - ეს ოქროები აჰკიდე ჯორს, შენც ზედ შეჯექი და შინ მიარბენინეო!

კაცი ასეც მოიქცა. გადაჰკიდა მღვდლის ჯორს ზურგზე ოქროებით გავსებული ხურჯინი, გაირეკა წინ ხარები და დააყარა გზას ძუნძული. მღვდელმა კი ხვრინვა ამოუშვა.

ქალი მაშინვე გაიქცა იქვე ახლო მეზობლისას. ითხოვა მაკრატელი და მიირბინა მღვდელთან. მღვდელს კი ისე ეძინა, რომ მის ყურებთან ზარბაზნები რომ გაგესროლა, მაინც ვერაფერს გაიგებდა.

ქალმა ჩუმად მოაკრიჭა ცალი მხარე წვერი და ულვაში. შემდეგ მაკრატელი პატრონს დაუბრუნა და გამოუდგა უკან ქმარს,

როცა მოსაღამოვდა, მღვდელს გამოეღვიძა, გაიხედ-გამოიხედა და ვეღარავინ დაინახა. ვეღარც ჯორსა და ხურჯინს მოჰკრა თვალი. რაღა უნდა ექნა საწყალ მღვდელს. ადგა და იგიც გამოუდგა უკან გაქცეულ ცოლ-ქმარს.

გზაზე მუშა კაცები შემოხვდნენ.

- გამარჯობა თქვენი! - დაუძახა მღვდელმა.

- გაგიმარჯოს! - უპასუხეს.

- იქნებ ამისთანა დაინახეთ აქ გამოვლილი?

მუშებს გულიანად გაეცინათ და უპასუხეს:

- არა, მაგისთანა არსად არ გვინახავსო.

მირბის მღვდელი. გზაზე კიდევ შეხვდა ხალხი. ამათაც მიესალმა.

- გამარჯობა თქვენი!

- გაგიმარჯოს!

- ეგებ ამისუარესი ნახეთ სადმე?

- მაგის უარესს რას ვნახავდით, ცალ მხარეს წვერი და ულვაში აღარ გაქვსო! - სიცილით უთხრეს მღვდელს.

მღვდელმა ახლა მოისვა პირზე ხელი და დაინახა, რომ ცალ მხარეს არც წვერი ჰქონდა და არც ულვაში. მაშინ მიხვდა: იმ უშმაკის გამოგზავნილმა ცოლ-ქმარმა მიქნა ყველაფერი, მომატყუესო.

ასე დარჩა საწყალი მღვდელი კუდამოძუებული, ცოლ-ქმარი კი ამოდენა ოქროებით გამდიდრდა. დაიდგეს ორსართულიანი სახლი, შეეძინათ შვილები და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ