მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3224 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არ იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო უშვილო ცოლ-ქმარი. ღმერთს სულ იმას ევედრებოდნენ შვილი გვაღირსეო. ერთ ღამეს, ცოლს სიზმარში თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა და უთხრა:

- შვილი გეყოლება, მაგრამ მისი გაჩენისთანავე მოკვდებიო.

- უშვილო ქალის სიცოცხლე რა სიცოცხლეა - უთხარ ქალმა, - ოღონდ შვილი მეღირსოს და ჩემი თავი მისი ჭირის სანაცვლო იყოსო.

მართლაც დაორსულდა ცოლი და ცხრა თვის შემდეგ ბიჭი გააჩინა. ბიჭს ადიხანჯალა დაარქვეს, რადგან დედის მუცლიდან ვერცხლით შეჭედილი ქამარ-ხანჯალი გამოჰყვა.

დედა შვილის გაჩენისთანავე გარდაიცვალა და ბავშვს მარტო მამა ზრდიდა.

ადიხანჯალა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ერთ კვირისა - ათი თვისას ჰგავდა, ხოლო ერთი თვისა - ათი წლისას.

ბიჭი რომ წამოიზარდა, მამამ სხვა ცოლი მოიყვანა. დედინაცვალმა მოსვლის დღიდანვე ამოიჩემა გერი და იმდენი აწამა, იმდენი, რომ ბავშვი ბოლოს სახლიდან გაიპარა.

დადიოდა ტყე-ღრეში, ნადირობდა და თავს იმით ირჩენდა. ამასობაში დავაჟკაცდა კიდეც. ერთხელაც მინდორში გამოვიდა და ერთი თავისი ტოლი ბიჭი დაინახა. დიდი ხანია ადამიანი აღარ ენახა და გაუხარდა ბიჭის დანახვა. მაშინვე მასთან მიირბინა.

ის ბიჭიც ადიხანჯალასავით დედინაცვალს გამოქცეოდა თურმე. ერთმანეთი გაიცნეს, დაძმობილდნენ და გზას გაუდგნენ. იარეს, იარეს და გზაზე კიდევ ერთ თავიანთ ტოლ ბიჭს წამოეწივნენ,

ეს ბიჭიც მათ დღეში აღმოჩნდა. დედინაცვლისთვის ვეღარ გაეძლო და სახლიდან გამოქცეულიყო. გულმა გული იცნო. ეს მესამე ბიჭიც ძმად დაიფიცეს და წამოვიდნენ სამნი. 

ერთ ადგილას დაისვენეს და ადიხანჯალამ უთხრა ძმობილებს. ჩვენ ახლა უკვე ღვიძლი ძმები ვართ. ერთიმეორის გარდა არც პატრონი გაგვაჩნია, არც ახლობელიო. ერთმანეთს გავანდოთ გაჭირვებაში ვინ რისი შემძლე ვართ და ერთმანეთს რით დავეხმარებითო.

პირველად რომ შეხვდა ადიხანჯალა, იმ ბიჭმა თქვა:

- მე ის შემიძლია, რომ თუ რომელიმეს რაიმე გაგიჭირდათ ცხრა მთას იქითაც რომ იყოთ, იმ წამს გავიგონებო. 

- მე ის შემიძლია, - თქვა მეორემ, რომ დაკარგულს, სადაც უნდა იყოს იგი აუცილებლად ვიპოვი და თუ რომელიმე რამეს დაკარგავთ არ შეწუხდეთ მე აქა ვარო. 

მაშინ ადიხანჯალამ უთხრა:

- სანამ ჩემი ხანჯალი წელზე მექნება, ჩემი მორევა და დამარცხება, ცხრათავიანი დევების ლაშქარსაც არ შეეძლებაო.

ადგნენ და გზას გაუდგნენ, ბევრი იარეს თუ ცოტა, ბოლოს ერთ ქალაქში შევიდნენ. ძალიან ლამაზი და მდიდარი ქალაქი იყო სავაჭროები საქონლით იყო გაჭედილი ფარჩა - აბრეშუმითა და თვალ მარგალიტით მაგრამ საოცარი ის იყო რომ არც ქუჩებში და არც სახლებში კაცის ჭაჭანება არ ჩანდა.

ადიხანჯალამ ძმობილებს უთხრა, თქვენ აქ დამიცადეთ მე ქალაქში გავივლი იქნებ ვინმე ვნახო და სიცარიელის მიზეზი გავიგოო. გავიდა ადიხანჯალა ქალაქში, იარა აქეთ-იქით, მთელი ქალაქი შემოიარა, მაგრამ კაციშვილი ვერსად დალანდა. ბოლოს ქალაქის შუაგულში ერთი მარმარილოს სასახლე დაინახა და პირდაპირ იქითკენ წავიდა. სასახლეს სულ რკინის გალავანი ეკრა. ჭიშკარიც რკინისა ქონდა, შიგნიდან ურდულით დაკეტილიყო.

ადიხანჯალამ თავისი ჯადოსნური ხანჯალი ამოაძრო, ერთი დაკვრით ჩამოჭრა ჭიშკარი და გალავანში შევიდა. ხმაურზე სასახლის ერთერთი სარკმლიდან მზეთუნახავმა ქალმა გამოიხედა. ადიხანჯალა მოეწონა და ჩამოსძახა: სამთავიანი დევის შიშით ძირს ჭიანჭველას ვერ გაუვლია, მაღლა ფრინველს და შენ აქ მოსვლა როგორ მოჰბედე, კარგი ჭაბუკი ხარ ჩქარა წადი თორემ დევი მოვა და მოგკლავსო. 

მე ვარ და მოვბედე: უპასუხა ადიხანჯალამ. ჯერ მოვიდეს ის სამთავიანი დევი და ვინ ვის მოკლავს მაგასაც დაინახავო. ქალი კიდევ ბევრს ეხვეწა გაერიდეო მაგრამ ადიხანჯალამ ადგილიდან ფეხიც არც მოიცვალა.

მალე დევიც მოვიდა, დაინახა აკუწული ჭიშკარი და ღრიალით გამოექანა ადიხანჯალასაკენ. ეცნენ ერთმანეთს და გაუდით გნიასი. ხან დევია ძირს, ხან ადიხანჯალა. ბოლოს ისევ ადიხანჯალამ სძლია, დასცა ძირს, გაიძრო ხანჯალი და სამივე თავი გააგდებინა. მერე ავიდა ქალთან და ჰკითხა: და-ძმობას, მითხარი რა მოხდა ამ ქალაქში ასეთი, რომ კაცის ჭაჭანება გამქრალაო.

ქალმა თავისი თავგადასავალი უამბო: ჩვენ სამი დანი ვიყავით. ერთ დღეს ქალაქს სამი ძმა დევი დაესხა თავს, ხალხი პირწმინდად გაჟლიტეს და დაგვეპატრონენ. უფროსმა ძმამ მე შემირთო და აქვე ჩვენს ქალაქში სასახლეში დაბინავდა. უმცროსმა ძმებმა, ჩემი უმცროსი დები წაიყვანეს და თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

- უნდა წავიდე და ისინიც გამოვიხსნა, - უთხრა ადიხანჯალამ, ოღონდ მასწავლე საით არიან და რომელი გზით უფრო მალე მივაგნებო.

- ნუ წახვალ, - შეევედრა ქალი, დაიღუპები, ჩემი საშუალო დის ქმარს ორი იმდენი შეუძლია, რაც ამ დევს შეეძლო, ხოლო უმცროსი დის ქმარი ორივეზე ორჯერ ძლიერია.

- მაგის ფიქრი ნუ გაქვს, - უთხრა ადიხანჯალამ, შენ მხოლოდ გზა მასწავლე და ნიშანი რამე გამატანე რომ შენს დას ვაჩვენო და შენი ამბავი შევატყობინოო.

რაკი ადიხანჯალამ არ დაიშალა ქალიც დათანხმდა, ასწავლა გზა და ნიშნად თავისი ბეჭედი გაატანა. იარა ადიხანჯალამ როგორც ქალმა ასწავლა, იარა და ბოლოს იმ დევის სახლს მიადგა, რომელსაც საშუალო და ჰყავდა დატყვევებული. რკინის ჭიშკარი აქაც ხანჯლით ჩამოჭრა და გალავანში შევიდა. 

ადიხანჯალა ამ საშუალო დასაც მოეწონა და შეეხვეწა:

- კარგი ჭაბუკი ჩანხარ, ჩქარა წადი აქედან თორემ შვიდთავიანი დევი მოვა და ცოცხალი ვერ გადაურჩებიო. 

ადიხანჯალამ ქალს უფროსი დის ბეჭედი აჩვენა და უთხრა:

- შენ ნუ გეშინია, რა დღეც შენი უფროსი დის ქმარს დავაყენე, ამ შენს ქმარსაც იმავეს დავაყრიო.

ქალი კიდევ ბევრს ეხვეწა - წადიო, მაგრამ ადიხანჯალამ არ დაუჯერა. ამასობაში შვიდთავიანი დევიც მოვიდა. ჩამოლეწილი ჭიშკარი რომ დაინახა მთლად ცეცხლი მოეკიდა და გაცოფებული მივარდა ადიხანჯალას. 

ბევრი იბრძოლეს, მაგრამ საბოლოოლ ადიხანჯალამ მაინც სძლია. დასცა ძირს, დაჰკრა ხანჯალი და შვიდივე თავი ერთდროულად გააგდებინა. მერე ავიდა ქალთან და უთხრა:

- ახლა მე თქვენი უმცროსი დის გამოსახსნელად უნდა წავიდე, და-ძმობას მასწავლე რომელ მხარეს უნდა ვეძებოო. 

ქალი შეეხვეწა: - ნუ წახვალ, თორემ იმ დევს თორმეტი თავი აბია, ჩვენს ქმრებზე ორჯერ მეტად ღონიერია და დაგამარცხებსო. ადიხანჯალამ არ დაიშალა, ნიშნად საშუალო დასაც გამოართვა ბეჭედი და გზას გაუდგა. 

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს თორმეტთავიანი დევის სასახლეს მიადგა. სასახლე სულ ოქრო-ვერცხლისა იყო, ირგვლივ ალმასის გალავანი ერტყა და ჭიშკარიც ალმასისა ჰქონდა. ადიხანჯალამ გაიძრო ხანჯალი დაჰკრა ერთხელ, დაჰკრა მეორედ, დაჰკრა მესამედ და ჭიშკარი შუაზე გააპო. 

შევიდა ეზოში და მიიხედ-მოიხედა. აივანზე ერთი ოქროსთმიანი ქალი გადმოდგა. ეს იყო უმცროსი და. ისეთი ლამაზი იყო, რომ მზის შუქს აბნელებდა. მოეწონა ქალს ადიხანჯალა და ჩამოსძახა: რამ გაგაბედინა აქ მოსვლა, ჩემი ქმრის შიშით ძირს ჭიანჭველას ვერ გაუვლია და მაღლა ფრინველს, ჩქარა წადი, თავს უშველე, თორემ საცაა მოვა და ნაცარტუტად გაქცევსო. 

ადიხანჯალამ უფროსი დების ბეჭედი უჩვენა და უთხრა: - შენ ჩემი ნუ გედარდება, რაც ამათ ქმრებმა წაიღეს, შენი ქმარიც იმას წაიღებსო. ქალმა კიდევ ურჩია წასვლა, - ღონით თუ ვერ მოგერევა ჰაერით დაგამარცხებსო. 

მართლაც ატყდა საშინელი ქარიშხალი. თორმეტთავიან დევს შორიდანვე ეგრძნო თავის სასახლეში ძე ხორციელის მოსვლა და ქარიშხალი გამოეშვა. ქრის გრიგალი, წივის, ღმუის, ადიხანჯალას ხან ერთ მხარეს გაისვრის, ხან მეორე მხარეს, მაგრამ დაჩოქებით ერთხელაც ვერ დააჩოქა. ბოლოს თვითონ დევიც გამოჩნდა, მთის ხელა მოიზლაზნებოდა და თორმეტივე თავს გველივით ასავსავებდა.

მივარდა ადიხანჯალას, დასტაცა ხელი, მოიქნია და მიწაში მუხლებამდე ჩააგდო. ამოხტა ადიხანჯალა მოიქნია დევი და კისრამდე ჩაასო. იმავ წამს გაიძრო ხანჯალი, მისდგა და სანამ დევი მიწიდან ამოხტებოდა, თორმეტივე თავი კომბოსტოსავით წააცალა. მერ ადგა და სასახლისკენ წავიდა, რომ ოქროსთმიანი ქალისთვის, უფროსი დების გათავისუფლებაც ეხარებინა. ქალი კარს უკან მიეფარა და დაუძახა;

კარს ნელნელა გავაღებ და თვალი შორიდანვე შემაჩვიე, თორემ უცბად ახლოს რომ მოხვიდე, ჩემი სილამაზე დაგაბრმავებსო. ადიხანჯალამ დაუჯერა ქალს და ნელნელა მიუახლოვდა. ამოიღო ნიშნად წამოღებული ბეჭდები და წინ დაულაგა.

ქალმა იცნო თავისი დების ბეჭდები და ადიხანჯალას შეეკითხა: ეს ბეჭდები ჩემი უფროსი დებისაა და შენთან რა უნდაო? მე შენი დების ქმრებსაც ასეთივე დღე დავაყარე, ისინიც უკვე დიდი ხანია თავისუფლები არიან და თუ ისურვებ, შენს მათთან წაგიყვანო.

- წამიყვანე, -  წამოიძახა სიხარულით ქალმა.

წამოიყვანა ადიხანჯალამ ოქროსთმიანი ქალი და საშუალო დასთან მიიყვანა. იქ ცოტა დაისვენა, მერე საშუალო დაც წამოიყვანა და ორივენი უფროს დასათან მიიყვანა. ერთმანეთის ნახვით დებმა, უზომოდ გაიხარეს და კარგა ხანს ერთი მეორეს ვეღარ მოშორდნენ. ჩახვეულები ხან ტიროდნენ, ხან კი იცინოდნენ.

ქალებმა ერთმანეთის მოკითხვითა და ხვევნა კოცნით გული რომ იჯერეს, ადიხანჯალამ უთხრა, - ახლა წავიდეთ და ჩემს ძმებსაც გაგაცნობთ. ქალები რა თქმა უნდა სიხარულით გაჰყვნენ.

ადიხანჯალამ ჯერ ქალები გააცნო ძმობილებს და მერე უთხრა:

- აი ძმანო სამნი ძმანი ჩვენა ვართ, სამნი დანი ესენი არიან, თითომ თითო ამოირჩიეთ საცოლედ და რომელიც დარჩება, იმას მე შევირთავო.

ძმობილებმა თქვეს:

- რა თქმაუნდა ოქროსთმიანი და ორივეს ჯობია, მაგრამ რომელიმემ რომ ის დავიჩემოთ უსინდისობა იქნება, მოდი ჩვენ უფროსი დები დავითითოვოთ ეგ ქალი კი ადიხანჯალას დავუთმოთ, ეკუთვნის კიდეც ჩვენ აქ ვისხედით და მაგან კი რამდენი ბრძოლა გადაიტანაო.

დაუთმეს ადიხანჯალას ოქროსთმიანი ქალი და დაიწყეს ქალაქში ცხოვრება. ყველაფერი მზამზარეული აქვთ: საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი არიან განცხრომით მაგრამ ძმობილებს თავიანთ სახლებში წასვლა მოენატრათ და ადიხანჯალას უთხრეს, - წავიდეთო.

ადიხანჯალამ უთხრა: თქვენ თუ ძალიან გულით გინდათ, წადით მე კი არსად წამესვლება და ამ ქალაქში დავრჩები, ოღონდ იცოდეთ, ძმობას ნუ დავკარგავთ, ხანდახან მეც მომინახულეთო. ძმობილები შეჰპირდნენ, ჭირი იქნება თუ ლხინი, მაშინვე შენთნ გავჩნდებითო. გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და წავიდნენ. 

დარჩა ადიხანჯალა მარტო თავის ოქროსფერთმიანი მზეთუნახავი ცოლით ქალაქში. ქალაქს გვერდით მდინარე ჩამოუდიოოდა. ოქროსთმიანი ქალი ყოველდღე ამ მდინარეში ბანაობდა. ერთხელაც ბანაობისას თმის ერთი ღერი მოძვრა და მდინარეში ჩავარდა. პატარა მდინარემ თმა ატარა და შუა ზღვაში გაიტანა.

გამოიხედა ზღვათა ხელმწიფემ და დაინახა რომ ზღვაში რაღაც მზესავით ანათებს. მაშინვე მოიხმო მენავეები და ზღვაში შეაგზავნა, გამიგეთ ერთი რა ანათებს ასე თვალის მომჭრელად და აქ მომიტანეთო.

შეცურდნენ მენავეები ზღვაში და ნახეს რომ ტალღებში ქალის თმა ლივლივებს და ის ანათებს. ამოიღეს თმა და ხელმწიფეს მიუტანეს. ხელმწიფეს გულში ამ ქალის სურვილი ჩაუვარდა და საჩქაროდ გამოაცხადა:

- ვინ ამ თმის პატრონ ქალს ხელში ჩამაგდებინებს, ას აქლებ თვალ მარგალიტს ვაჩუქებო.

ოქროსთმიანი ქალის ამბავი, ერთი ვაჭრის მეტმა არავინ იცოდა. ეს ვაჭარი სულ აქეთ იქით დაწანწალებდა. ერთხელ იმ ცარიელ ქალაქზეც გამოევლო და ის ქალი ენახა. მივიდა ხელმწიფესთან და მოახსენა:

- დიდებულო ხელმწიფევ უბრძანე შენს სარდლებს ჯარი შეკრიბონ და იმ ოქროსთმიანი ქალის ადგილსამყოფელს მე მიგასწავლიო.

ხელმწიფემ დიდად გაიხარა, ვაჭარი უამრავი თვალმარგალიტით დაასაჩუქრა და სარდლებს ჯარის შეკრება უბრძანა. გაუძღვა ვაჭარი ხელმწიფის ჯარს და იმ ქალაქში მიიყვანა, სადაც ადიხანჯალა და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. ადიხანჯალას ამ დროს ეძინა, ხმაურზე ქალმა გამოიხედა და უთვალავი ჯარი დაინახა.

მიხვდა რისთვისაც უნდა ყოფილიყო ჯარი მოსული იფიქრა რაღა ქმარი გავაღვიძოო იმათ ხომ მეც დავხვდებიო. ამოუღო ადიხანჯალას ქარქაშიდან ხანჯალი და დაერია ჯარს. ჯერ ის ვაჭარი მოკლა, მერე მისდგა, კაფა და კაფა ხალხი. ისე გაჟლიტა მთელი ჯარი, რომ ბოლოს ამბის წასაღებად სამი კაციღა დატოვა. 

იმ სამ კაცს უთხრა: წადით და თქვენს ხელმწიფეს მოახსენეთ რა დღეც დაგმართეთო და დაბრუნდა ადიხანჯალასთან. 

ადიხანჯალას ასეთი ზნე სჭირდა: - თუ მძინარეს ხანჯალს ამოუღებდნენ ქარქაშიდან, აღარ გამოიღვიძებდა, სანამ ქარქაშს უკან არ ჩაუგებდნენ.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ