მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2621 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ერთი ვაჟიშვილის მეტი არავინა ჰყავდა. მამა დღე და ღამე იმის ცდაში იყო, რომ შვილისათვის ბლომად სიმდიდრე დაეტოვებინა.

შვილი წამოიზარდა, გადააბიჯა ოც წელიწადს თუ არა, გაიჩინა ძმაკაცები და ქეიფს მიჰყო ხელი. მამა ძალიან წუხდა, დარიგებაც ბევრჯერ მისცა, მაგრამ შვილი მაინც თავისას არ იშლიდა.

ერთხელ მამა ძლიერ ავად გახდა, სიკვდილის პირს მიეწურა. დაიბარა შვილი და უთხრა:

- შვილო ოქრუა! მე ვკვდები და მსურს ანდერძი დაგიბაროო.

- გაძლევ მაღლა ღმერთსა და ძირს დედამიწას, შენი ანდერძი არ დავარღვიო და შევასრულოო, - უთხრა ოქრუამ.

- მაშ, კარგი, შვილო, ოთხ რამესა გთხოვ:

პირველი: რაგინდ ძლიერ საშური საქმე გქონდეს, ზარების რეკა რომ გაიგონო, გადაუხვიე, შედი საყდარში, ღმერთი ილოცე, ხალხს გამოელაპარაკე და ისე წადი შენს გზაზეო.

მეორე: ძმაკაცებს უფრთხილდი. გზაზე რომ მიდიოდე და შეჩერდე, თუ ამხანაგმა არ შეგიცადა, ის სანდო არ არის და მოერიდე. სანამ კაცი მგზავრობასა და საქმეში არ გამოიცნო, მეგობრად ნუ გაიხდიო.

მესამე: ქალს ყოველივე შენს საიდუმლოს ნუ ეტყვიო.

მეოთხე: თუ ვინიცობაა, ძალიან გაგიჭირდეს ცხოვრება, სასოწარკვეთილებამ დაგძლიოს და თავი სასიკვდილოდ გაიმეტო, მაშინ სხვენზე რომ თავკაკვია მიჭედილი, იმაზე ჩამოიხრჩე თავიო.

შვილმა პირობა მისცა, ყოველივე ნაანდერძევს შევასრულებო.

კარგა ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ოქრუას მამა. ოქრუამ, როგორც რიგი იყო, ისე გაასვენა, ყოველივე რიგი და წესი შეუსრულა.

მიცვალებულ მამას გლოვობდა. გარშემოხვეულმა ძმაკაცებმა მაინც არ მოასვენეს, შავი თითქმის ძალათი შემოახიეს ტანზე და გულჯავრის გადასაყრელად საქეიფოდ გაიტაცეს. ოქრუას სანამ ქონება და შეძლება ჰქონდა, გამუდმებით ქეიფობდა.

მამის სიკვდილის ოთხი-ხუთი წლის შემდეგ თანდათან შემოაკლდა ქონება და, ბოლოს, მთლად გაღარიბდა. ძმაკაცებიც ჩამოშორდნენ. გზაში რომ შეხვდებოდნენ ოქრუას ძმაკაცები, პირს მოარიდებდნენ და გამარჯვებასაც აღარ ეუბნებოდნენ.

ოქრუა დარწმუნდა, რომ ყველა ძმაკაცი მხოლოდ სიმდიდრე-ქონების მეგობარი ყოფილა, მისი კი - მტერი და დამღუპველი. დარწმუნდა, მაგრამ გვიანღა იყო, მაშინ გასაფრთხილებელიც აღარა ჰქონდა-რა.

იგი ნახევარჯერ მშიერი დადიოდა და ლუკმის მიმწოდებელი არავინა ჰყავდა.

ერთხელ სხვაგან წავიდა და გზაში საქეიფო ბაღებთან ჩაიარა, დაინახა, რომ ერთ ბაღში ყველა მის ძველ ძმაკაცს მოუყრია თავი და გახურებულ ქეიფში არიან. ოქრუას არ მოუთმინა გულმა და მოინდომა მათთან შესვლა. მებაღემ კარებში არ შეუშვა:

- შენისთანა დახეულ-დაგლეჯილს აქ რა უნდაო!

ღობეზე გადახტა და მივიდა მათთან. მოქეიფეებმა არ მიიღეს: - საიდან მოთრეულხარ, გასწი, დაიკარგე აქედანაო!

- ხალხო! მე თქვენი ძმაკაცი და მეგობარი ოქრუა არა ვარ? მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ შეგაჭამეთ და ახლა ვეღარა მცნობთ, რომ გავღარიბდიო?

- რას როტავ, ვინ ოქრუა, რა ოქრუა! აქედან გაეთრიე, თორემ სულ კინწისკვრითა და პანღურით გაგაგდებთო!

ამ ლაპარაკსა და დავიდარაბაში ძაღლს ცეცხლზე დაფიცხებული მწვადი მოეტაცა. სტაცეს ხელი ოქრუას, მისწი-მოსწიეს: თქვი, მწვადი რომ მოიპარე, სად წაიღეო!

- არა, ღმერთი, რჯული, მწვადი არ მომიპარავს, მე დავინახე, რომ ერთი ყურშა ძაღლი მიარბენინებდა შამფურიან მწვადსაო.

- რას ყბედობ, შამფურიან ცხელ მწვადს ძაღლი როგორ წაიღებდაო! - და საწყალი ოქრუა სულ კინწისკვრით გამოაგდეს ბაღიდან.

გალახული და შეურაცხყოფილი ოქრუა საშინლად დაღონებული მიდიოდა შინისაკენ. თვალცრემლიანი და სრულიად სასოწარკვეთილი ამბობდა: ავიკიდე ამოდენა ძმაკაცები, მთელი მამიჩემის დანატოვარი სიმდიდრდე ამ ოხერ ხალხს შევაჭამე; ესენი კი დღეს, მადლობისა და სამაგიეროს გადახდის ნაცვლად, აღარც კი მცნობენ, მცემენ და შეურაცხყოფასაც კი მაყენებენო. მამიჩემის ანდერძიც დავარღვიე და მისი საფლავიც შეურაცხევყავი, ამის შემდეგ მე სასიცოცხლო პირი აღარა მაქვს და სიკვდილი ჩემთვის ერთადერთი მკურნალიაო.

გადაწყვიტა ოქრუამ თავის მოკვლა. მივიდა შინ, შეხედა სხვენზე თავკაკვს და თქვა: ამ ერთ ანდერძს მაინც შევუსრულებ მამაჩემსაო. მიიდგა საფეხური, ჩამოაბა თოკი, გაუყარა მარყუჟში თავი და გამოიცალა ფეხებიდან საფეხური: ჩანგალი მოძვრა და თან ჩამოჰყვა ნახევარი ადლი ალიზით გალესილი სხვენი. ოქრუა დაეცა ძირს და თავზე რამდენიმე პეშვი ოქრო დააცვივდა:

განსვენებულ მამას წინდაწინვე ეგრძნო, რომ შვილი ქონებას გაფლანგავდა და ამ გაჭირვების დღემდე მივიდოდა. ალიზით გალესილ სხვენში ოქროები ჩაეფლა და ზედ ჩანგალი მიემაგრებინა.

ოქრუამ ილოცა კეთილი მამის სული და თაყვანი სცა მის საფლავს, ამის შემდეგ ოქრუამ ზოგიერთი გაყიდული და გაფლანგული მამულიც დაიბრუნა, შეირთო ცოლი და ცხოვრობდა თავისთვის ბედნიერად.

ძმაკაცებმა გაიგეს თუ არა, ოქრუას ქონება შეუძენიაო, ისევ დაუწყეს ძებნა. ცდილობდნენ, ისევ დამეგობრებოდნენ.

ერთხელ ოქრუამ დაპატიჟა ყველა თავისი ძველი ძმაკაცი და გაუმართა კარგი სადილი. ოქრუას ყველა წარბში შეჰყურებდა და რასაც იგი იტყოდა, ყველა იქ მყოფი მოწიწებით ემოწმებოდა. ოქრუამ დაიწყო:

- იცი, რა საკვირველი და განსაცვიფრებელი ამბავი მომივიდაო?

- რა, ბატონო, შენი ჭირიმეო? - მოესმა აქეთ-იქით ხმები.

- ერთი სავსე სარდაფი რკინა მთლად თაგვებმა დამიხრეს და შემიჭამესო.

ყველანი დაემოწმნენ: ადვილი შესაძლებელია, ბატონო ოქრუა. აბა, რა არის გასაკვირველი, თაგვები არა თუ რკინას, თუჯსაც კი ადვილად გამოხრავენ და შეჭამენო!

- მაშ თუ აგრეა, რომ ერთ სარდაფ რკინასა და თუჯს შეჭამენ თაგვები, თქვე ღორმუცელა მლიქვნელებო, ერთ მწვადს ვერ მოიტაცებდა და შეჭამდა ძაღლი?! ადექით, დაიკარგეთ ჩემი სახლიდან, თქვენი ფეხი ჩემმა კარმიდამომ აღარ ნახოსო! გარეკა გარეთ მთელი ძმაკაცები, ჩამოშორდა სამუდამოდ იმათ ბრბოს და ცხოვრობდა ბედნიერად თავისი ცოლ-შვილით.

ერთხელ ოქრუა გაემგზავრა ორი დღის სავალზე. ისეთი საჩქარო საქმე ჰქონდა, რომ ერთი წამით შეჩერებაც არ შეეძლო გზაში. დილას, წირვის დროს, გაჩქარებული რომ მიაგელვებდა თავის ლურჯას, ზარების რეკვა გაიგონა. მოაგონდა მამის ანდერძი, მაშინვე გადაუხვია, ცხენი გალავნის გარეთ დააბა, თვითონ შევიდა საყდარში და გულმხურვალედ ლოცულობდა წირვის გამოსვლამდის.

წირვის შემდეგ გამოელაპარაკა ზოგიერთებს, გამოკითხა გზის ვითარებაც, რომელიც იმ ღამეს უნდა გაევლო, გაიგო, რომ ადიდებულ მდინარეს ხიდები მთლად დაუხვეტია და სანაპირო ჩასავალი გზებიც ისე არის დახრამული, რომ არა თუ ღამით, დღისითაც გაუძნელდება კაცს მგზავრობაო.

- ამაღამ აქ მოითმინე, თორემ უადგილო-ადგილებში დაგიღამდება და საფათერაკო მგზავრობა შეგექნებაო. ხვალ იახელი გამოცდილი მგზავრი, რომელმაც გზაც კარგად იცის და წყლების ფონიცაო, - უთხრა ხალხმა.

მეორე დღეს ოქრუა გაემგზავრა დილაადრიანად და ბევრი განსაცდელიც გაიარა გზაში, თუმცა გზისა და ფონის მცოდნე მგზავრებიც კი ახლდა თან. ოქრუამ დაიწერა პირჯვარი და დალოცა მამის საფლავი: აქ რომ არ გავჩერებულიყავ და ყოველივე ეს არ გამეგო, ახლა მე ცოცხლებში აღარ ვიქნებოდიო, - ამბობდა გულში და ღმერთს მადლობას სწირავდა.

გავიდა კარგა ხანი და ერთხელ ოქრუას აზრად მოუვიდა ცოლის გამოცდა. საღამოზე, როცა შინ მიდიოდა და მიაღწია სასოფლო წყაროს სიახლოვეს, ერთი ჯირკი დამარხა მიწაში და სახლს რომ მიუახლოვდა, ცხვირში ხელი შემოიკრა, სისხლი წაიგდო, პირისახე და ჩოხა-ახალუხის კალთა-გულისპირი მიისვარ-მოისვარა სისხლით და შევიდა შინ აღელვებული.

შეშინებული ცოლი მაშინვე მივარდა:

- ეს რა ამბავია, ოქრუა, ჩვენს თავს, რა მოგივიდა?

- ჩუ, დედაკაცო! გაჩუმდი, არავინ გაიგონოს და არ დავიღუპოთ:

ცეცხლი დაანთე, რომ სისხლიანი ტანისამოსი დავწვათ და წყალი მოიტანე, რომ თავ-პირი დავიბანო!

- ნუ გადამრიე, მითხარი, რა ამბავიაო? - ემუდარებოდა თვალცრემლიანი ცოლი.

- რო გამამხილო სადმე, დავიღუპები და ვერ გეტყვი.

- რას ლაპარაკობ! რას ჰქვია გაგამხელ, მე ჩემი თავის დაღუპვას მოვინდომებ? აბა, რას ამბობ? მითხარი თუ ღმერთი გწამს, ნუღარ მაწვალებ.

- მაშ, კარგი და თუ სადმე წაგცდა, მაშინ ჩემი გადარჩენა აღარაფერს შეუძლია.

- თქვი, ბეჩა, რა იყო? გული ნუ გადამილიე!

- რა იყო და ჩვენ წყაროსთან ჩხუბში კაცი შემომაკვდა და იქვე ჩავფალი მიწაში, ქვეყანაზე არავის არ უნახავს. ახლა ეს ტანისამოსი დავწვათ, წყალიც მომიტანე, დავიბანო, რომ არაფერი ნიშან-კვალი აღარ ეტყობოდეს!

ტანისამოსი დაწვეს, ოქრუამ ხელ-პირი დაიბანა და სხვა ტანისამოსი ჩაიცვა.

მეორე დღეს დილას მთელი სოფლის დედაკაცები დამწკრივებულიყვნენ კოკებით და მიდიოდნენ წყაროზე, ოქრუას ცოლმა დაინახა თუ არა კოკებით დამწკრივებული ქალები, იმანაც წამოავლო კოკას ხელი, აიხვია ცხვირ-პირი და მიეწია ქალებს. შუა გზა არ ჰქონდათ გავლილი, რომ ოქრუას ცოლი ფშლუკუნს მოყვა და თავსაფრის ყურით ცრემლმორეული თვალების წმენდა დაიწყო!

მთელ ქალებს ცნობისმოყვარეობა აღუძრა:

- ნეტა რა მოგივიდა ქალო, რატომ არ გვეტყვიო?

ოქრუას ცოლმა უფრო მოუმატა ზლუქუნს.

- რა შეგემთხვა, თქვი, ქალო, ამისთანა რა უნდა იყოს, რომ თქმისა გეშინოდეს? ავადმყოფი ხომ არავინა გყავთ, ან ხომ არავინ მოგკვდომიათო?

- არა, არა! გენაცვათ, ნუ მკითხავთ, რაც არის, არის, ყველამ თავის ვარამი და ცეცხლი თვითონვე უნდა მოიქარვოსო.

- ბეჩა, რა არის მისთანა, თქვი, ქალო? მტრები ხომ არა ვართ და ურჯულოები, რომ გაგვიხარდეს, ნათქვამია: ჭირის თქმა დამწვარ გულს ნახევრად ანელებსო.

- აჰ! ვერ გეტყვით, გენაცვალეთ! მეშინია, წამოგცდებათ სადმე და ქმარშვილიანად დავიღუპები.

- ვაი! რისხავდეს მაღალი ღმერთი და ძირს დედამიწა, ვინც გაგამხილოს! განა ჩვენ მაგისთანები ვართ, რომ არ გვენდო?

- გეტყვით და, აბა, არსად არა წამოგცდეთ-რა, თქვენი ჭირიმე.

- არა, ღმერთი იყოს თავდები!..

- მაშ, სუნი არაფერი მოგდით ახლა თქვენა?

- რისი?.. რა სუნი?.. არ ვიცით.

- ბეჩა! მე ცხვირ-პირი მაქვს ახვეული და კიდევ მომდის სუნი და თქვენ რამ დაგიბიდგნათ ეგ ცხვირები?

ყველანი გაკვირვებულნი ერთმანეთს ავლებდნენ თვალებს და ვერაფერი გაეგოთ.

- თქვენი ჭირიმე, არსად წამოგცდეთ: წუხელის ჩემს ქმარს აქ, ეშმაკად და ქაჯად, კაცი შემოკვდომია და, აი, აგერ რომ ნაყარი მიწა მოჩანს, იქ დაუმარხავს.

- უიმე! გენაცვალეთ, თურმე მისი სუნი არ მოგვდიოდა! - წამოიძახეს ქალებმა და სუყველამ ცხვირ-პირი აიხვია, - ფუი! ფუი! რა საშინელი სუნი ასდენია ასე ჩქარაო.

ამგვარად ცხვირპირახვეულები ამოვიდნენ სოფელში, სადილობამდე მთელ სოფელს მოსდეს ამბავი. ჩქარა მსაჯულებმაც გაიგეს. ოქრუა დაიჭირეს და საქმემ მეფის ყურამდეც მიაღწია.

რადგან ქვეყანა კაცის მკვლელად აღიარებდა ოქრუას, სახრჩობელა გადაუწყვიტეს და მეფემაც ამაზე დასტური ბრძანა, ოქრუამ ბევრი იყვირა:

- არა ვარ დამნაშავე, კარგად გამოიძიეთო, მაგრამ ყურადღებაც არავინ მიაქცია და ჩამოსახრჩობად ქალაქში გაამგზავრეს.

როცა ოქრუა მიჰყავდათ სოფლიდან, ცოლი წამოეწია და დაუძახა:

- ოქრუა! თუ ვინიცობაა სიკვდილს გადარჩე, ქალაქიდან შეიდიში წამომიღე, არ დაგავიწყდესო!

რამდენიმე კვირის სიარულის შემდეგ ოქრუა მიიყვანეს ქალაქში.

როცა ჩამოსახრჩობად წაიყვანეს, მეფეს ებრძანებინა. სახრჩობელაზე რომ აიყვანოთ, უკანასკნელი სიტყვა თუ რამე თქვას, მომახსენეთო.

მარყუჟში თავს რომ აყოფინებდნენ, ოქრუამ თავისთვის ღიმილით ჩაილაპარაკა: ჩვენს მეფეს და ჩემს ცოლს ერთი ჭკუა აქვთო.

ბრძანებისამებრ ეს სიტყვები მაშინვე მოახსენეს მეფეს. მან ბრძანა:

- მკვლელი მომიყვანეთო!

მიუყვანეს ჩვენი ბრალდებული. მეფე განურისხდა:

- შენ რა გითქვამს სახრჩობელაზე, როგორ გაბედე იმ სიტყვების თქმაო?

- ვიღას მოვერიდო, შენი ჭირიმე, მახრჩობენ და სიკვდილის წინ სიმართლე როგორ არ უნდა გავბედოო.

- აბა, რა არის სიმართლე იმ სიტყვებში, მითხარიო! - უბრძანა მეფემ.

- როგორ, სიმართლე არ გახლავთ, შენი ჭირიმე, - მოახსენა ოქრუამ, - მამაჩემმა ანდერძად დამიბარა, ქალს შენს საიდუმლოს ნუ ეტყვიო. მე ცოლის გამოსაცდელად ჯირკი ჩავმარხე ჩვენს წყაროსთან, ცხვირ-პირი სისხლით მოვისვარე და ცოლს ვუთხარი: არიქა, კაცი შემომაკვდა და არ გამამხილო-მეთქი. იმან მთელ ქვეყანას მოსდო. მე დამიჭირეს თქვენგან დაყენებულმა მსაჯულებმა, არც კი გამოიძიეს რიგიანად საქმე, ჩემს სიმართლეს ყური არ ათხოვეს და თქვენც სახრჩობელა გადამიწყვიტეთ ასე ალალ-მართალ კაცს.

როცა დასახრჩობად მივყავდი დარაჯებს, ჩემმა ცოლმა მომაყვირა: კაცო, თუ თავი გაითავისუფლო სიკვდილისაგან, შეიდიში წამომიღე ქალაქიდან, არ დაგავიწყდესო. აბა, ამის შემდეგ სად არის ან ჭკუა და ან სამართალი.

მეფემ გამოიძია, ოქრუას ყველა ნათქვამი მართალი აღმოჩნდა. მაშინ გაათავისუფლა იგი და სხვა საჩუქრებთან ერთად თავისი ხალათიც უბომა.

ჭირი იქ და ლხინი აქ, 

ქატო იქ და ფქვილი აქ.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ