ერთი დედა-შვილი იყო. დაქვრივებულმა დედამ გაზარდა ეს შვილი.
როცა მოიზარდა, შვილმა იფიქრა, დედაჩემმა რომ კარგად გამზარდა და ამაგი გასწია ჩემზე, იმის სიკეთეს რითი გადავიხდიო.
შეუთქვა: სამჯერ ხატის კარს აკიდებულს წავიყვანო. ორჯერ წაიყვანა აკიდებული. მესამედაც რომ მიიყვანა, ჩამოსვა.
კაი სახის დედაკაცი იყო და ახალგაზრდა ბერმა როგორც კი დაინახა, მათთან მივიდა და შვილს ჰკითხა:
- რა დამართნია მაგ დედაკაცსაო?
შვილმა უთხრა:
- ჩემზე იმდენი ამაგი გაუწევია, რომ მაგისი სიკეთე სხვა ვერაფრით გადავიხადე, ხატში აკიდებული მოვიყვანეო.
ბერმა უთხრა:
- მაგით გერ გადაუხდი სიკეთესაო; კარგი კაცი გეშოვნა, უფრო მადლობელი იქნებოდაო!
შვილმა სიტყვა შეუბრუნა:
- ამაზე მეტი გადახდა რაღა იქნებაო?
დედამ უკანიდან კისერში ჩაჰკრა შვილს:
- რომ ედავები, შენ მაგაზე კარგად იციო?