მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1989 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი უშვილო ხელმწიფე. ერთხელ თავის ვეზირს უთხრა, ცხენები შეკაზმე და სანადიროდ წავიდეთო, შეკაზმა ვეზირმა ცხენები, მოამზადა საგზალი და წავიდნენ სანადიროდ.

ტყეში ერთ ანკარა წყაროს წააწყდნენ, ხელმწიფეს მოეწონა წყარო და ვეზირს უთხრა, - აქ შევისვენოთ და ბარემ პურიცა ვჭამოთო. ჩამოხადეს ცხენებს და დაიწყეს პურის ჭამა. 

უცბად წყაროსთან ერთი წვერიანი ტყის კაცი მოვიდა, გამარჯვება უთხრა და ჰკითხა: 

- ვინა ხართ, ან ამ ჩემს ტყეში რისთვის მოსულხართო? 

ხელმწიფემ უთხრა, ვინც იყო, და დაუმატა: 

- უშვილო კაცი ვარ, ამის გამო ხშირად ჯავრი შემომაწვება და გულის გადასაყოლებლად ბუნებაში გამოვდივარო. 

- მე მოგცემ ისეთ წამალს, რომ ერთის მაგიერ, ორი შვილი გაგიჩნდეს, ოღონდ უმცროსი მე უნდა მომცეო. 

- ოღონდ შვილი მეღირსოს და მოგცემო, - დათანხმდა ხელმწიფე. 

კაცმა ამოიღო ორი ვაშლი, მისცა ხელმწიფეს და უთხრა: 

- წაიღე ეს ვაშლები, აჭამე შენს ცოლს და გეყოლება შვილებიო. 

დაბრუნდა ხელმწიფე შინ და ცოლს ერთი ვაშლი აჭამა. დედოფალი დაორსულდა და ეყოლა ბიჭი, მეორე წელს ხელმწიფემ მეორე ვაშლი შეაჭამა და ეყოლა ოქროსთმიანი ბიჭი. 

გავიდა თექვსმეტი წელიწადი. ისეთი დადგა ეს ოქროსთმიანი უმცროსი ბიჭი, რომ არემარეში ბადალი არ მოეპოვებოდა. თექვსმეტი წლის თავზე კაციც მოვიდა და დანაპირები მოითხოვა. 

ხელმწიფეს არ ემეტებოდა უმცროსი შვილი მისაცემად, ამიტომ თავზე ცხვრის ფაშვის ჩაჩი დაახურა, იქნებ ტყის კაცს ქაჩალი ეგონოს და არ მოეწონოსო. მაგრამ ტყის კაცმა სიქაჩლით არ დაიწუნა. 

- რაც მერგო, მერგოო, - თქვა, შემოისვა ცხენზე და თვალის დახამხამების უმალ გაქრა. ვერავინ გაიგო, რომელ მხარეს წავიდა. 

ატარა ტყის კაცმა ბიჭი, ატარა და ქვესკნელში ერთ გამოქვაბულში შეიყვანა. იქ ერთი ღორი და რაში ჩააბარა და უთხრა: 

- დრომდე ამათ მოუარე, ოღონდ იცოდე, ღორს თივა აჭამე, რაშს კი სალაფავი და, თუ კარგად მოუვლი, გაგანთავისუფლებო. 

ეს უთხრა ტყის კაცმა და ისევ გაქრა. ბიჭმა მოამზადა სალაფავი და ცხენს დაუდგა. ღორს კი თივა დაუყარა, მაგრამ არც ერთმა პირი არ დააკარა. ბიჭს შეეცოდა პირუტყვები და საჭმელი შეუცვალა, - სალაფავი ღორს დაუდგა და თივა რაშს დაუყარა. ღორმა და რაშმა ჭამეს საჭმელი და ბიჭს უთხრეს: 

- რაკი შენ ასეთი სიკეთე გვიყავი და ამდენი ხნის მშივრები გაგვაძღე, ჩვენც გვინდა სამაგიერო გადაგიხადოთო. შენ მართალი ხომ არ გგონია, რომ გითხრა, გაგანთავისუფლებო? ეგ განთავისუფლებას შეჭმას ეძახის, და თუ თავს ახლავე არ უშველე, რომ დაბრუნდება, შეგჭამსო. 

- მაშ, რა ვქნა, როგორ მოვიქცეო? - ჰკითხა ბიჭმა. 

რაშმა უთხრა: 

- შედი ამ გამოქვაბულის სიღრმეში, იქ დევს ჩემი უნაგირი და ლაგამ-ავშარა, უნაგირზე ერთი ხელი სამეფო ტანსაცმელი და აბჯარ-საჭურველი აწყვია. ჩაიცვი ტანსაცმელი და საჭურველიც აისხი: 

მერე აიღე სავარცხელი, ფილთაქვა, მელნის შუშა და ჯიბეში ჩაილაგე, დამადგი უნაგირი და შემაჯექიო. 

ბიჭმა შეკაზმა რაში და შეაჯდა. წამოსვლისას ღორმა უთხრა: 

- ტყის კაცი რომ მოვა, ჩემზე შეჯდება და დაგედევნება, მაგრამ შენ არ შეგეშინდეს, როგორც რაშმა დაგარიგოს ისე მოიქეცი და გადარჩებიო. 

გადაჰკრა ბიჭმა რაშს მათრახი, რაში ფრთიანივით ამოვარდა ქვესკნელიდან და ხმელეთზე ისარივით გაიჭრა. დაბრუნდა გამოქვაბულში ტყის კაცი და რაში და ბიჭი რომ ვეღარ ნახა, ღორს დაუყვირა: 

- რა იქნენ ისინიო? 

- წავიდნენო, - მიუგო ღორმა. 

- მერე, დროზე რატომ არ შემატყობინეო? - დაუყვირა უფრო ხმამაღლა კაცმა, აიღო ერთი რკინის ჯოხი, მისდგა ღორს და სულ ბური ადინა. ცემით გული რომ იჯერა, შეჯდა ზედ და უთხრა: 

- აბა, გასწი და დაედევნე! ან დაეწიე, ან არადა, ყელში დანას გაგიყრი და იმის მაგივრად შენ შეგჭამო. 

რაღას იზამდა ღორი, ამოვარდა ქვესკნელიდან და დაედევნა. რაშმა უთხრა ბიჭს: 

- აბა, მიიხედე, ხომ არაფერი მოჩანსო? 

ბიჭმა მიიხედა და უპასუხა: 

- წერტილივით რაღაც მოჩანსო. 

- გადააგდე სავარცხელიო! - უთხრა რაშმა. 

ბიჭმა გადააგდო სავარცხელი და გაჩნდა უღრანი, გაუვალი ტყე. მიადგნენ ტყეს ღორი და ტყის კაცი და კაცმა დაუყვირა: 

- გასჭერ და გამიყვანეო! 

მიადგა ღორი ტყეს და გამოჰკრა ეშვები, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, აწვენს მუხებს და მიდის წინ. ბოლოს გასჭრა და გავიდა. 

ამასობაში ბიჭი და რაში კარგა მანძილით დაწინაურდნენ, მაგრამ ღორი რაშზე ათჯერ უფრო სწრაფი იყო და მალევე წამოეწია. რაშმა იგრძნო ღორის მოახლოვება და ბიჭს უთხრა: 

- მიიხედე უკან, ხომ არაფერი მოჩანსო? 

მიიხედა ბიჭმა და მიუგო: 

- მუშტის ტოლად რაღაც მოჩანსო. 

- გადააგდე ფილთაქვაო! - უთხრა რაშმა. 

ბიჭმა გადააგდო ფილთაქვა და აღიმართა ფრიალო კლდე. მიადგნენ ღორი და ტყის კაცი კლდეს. 

კაცმა დაუყვირა: 

- გასჭერი და გამიყვანეო! 

მიადგა ღორი ტყეს და გაჰკრა და გმოჰკრა ეშვები, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, აწვენს ხეებს და მიდის წინ. ბოლოს გაჭრა და გავიდა. 

ამასობაში ბიჭი და რაში კარგად დაწინაურდნენ, მაგრამ ღორი რაშზე ათჯერ სწრაფი იყო და მალევე წამოეწია. რაშმა იგრძნო ღორის მოახლოვება და ბიჭს უთხრა: 

- მიიხედე უკან , ხომ არაფერი მოჩანსო? 

მიიხედა ბიჭმა და მიგო: 

- მუშტის ტოლად რაღაც მოჩანსო. 

- გადააგდე ფილთაქვაო! - უთხრა რაშმა. 

ბიჭმა გდააგდო ფილთაქვა და აღიმართა ფრიალო კლდე. მიადგნენ ღორი და ტყის კაცი კლდეს, კაცმა დაუყვირა: 

- გასჭერ და გამიყვანეო! 

მიადგა ღორი კლდეს და გაჰკრა და გამოჰკრა ეშვები, გალეწა კიდეც და გავიდა. ბიჭმა და რაშმა ამასობაში კიდევ გაიარეს დიდი მანძილი და დაწინაურდნენ. მაგრამ ღორი მალევე წამოეწია. კიდევ უთხრა რაშმა ბიჭს: 

- უკან მიიხედე, ხომ არაფერი ჩანსო? 

მიიხედა ბიჭმა და უპასუხა: 

- ქუდის ტოლად რაღაც მოჩანსო. 

- გადაღვარე მელანიო, - უთხრა რაშმა. 

ბიჭმა გადაღვარა მელანი და წამოვიდა კუპრივით შავი მდინარე, ისეთი დიდი და ფართო, რომ ერთი ნაპირიდან მეორემდე კაცი თვალს ვერ გაუწვდენდა.ტყის კაცმა უბრძანა ღორს: 

- გაცურე და გმიყვანეო! 

ღორმა შეცურა მდინარეში, შევიდა ერთ მორევში და დაიყურყუმელავა. ტყის კაცი მორევში ჩაახრჩო, თვითონ ნაპირზე გავიდა და ტყისკენ გასწია. 

რაშმა მიიყვანა ბიჭი ერთ სახელმწიფოში, გამოიძრო ძუა, მისცა და უთხრა: 

- გაიხადე ჯაჭვ-მუზარადი და ტანსაცმელი, ისევ უნაგირზე დამაკარი და გამანთავისუფლე. შენ შენს გზაზე წადი, სადაც გაგიჭირდეს, ამოიღე ძუა, მახსენე და იმავ წამს შენთან დავბრუნდებიო. 

ბიჭმა აასრულა რაშის ნათქვამი, გაიხადა ტანსაცმელი, ჯაჭვ-ჯავშანი, დააკრა რაშს უნაგირზე და გაუშვა. თვითონ ქალაქისაკენ მიმავალ გზას დაადგა. შევიდა ქალაქში, მივიდა ხელმწიფის სასახლეში, ითხოვა შესვლის ნებართვა, წარუდგა ხელმწიფეს და მოახსენა: 

- დიდებულო ხელმწიფევ, უცხო ქვეყნიდან წამოსული კაცი ვარ, მინდა მოჯამაგირედ დავდგე და რამე საქმე გამომინახოთო. 

ხელმწიფემ ახედ-დახედა თავზე ცხვრის ფაშვჩამოცმულ ბიჭს და მართლა ქაჩალი ეგონა. ბოლოს უთხრა: 

- მებატე მინდა, თუ დადგებიო. 

- საქმე იყოს და ჩემთვის სულ ერთიაო, - უთხრა ბიჭმა და დაუდგა ხელმწიფეს მებატედ. 

საბატის გვერდით ერთი ჩალური მისცეს და იქ დასახლდა. დღისით ბატებს აძოვებდა მინდორში, ღამით კი ჩაიკეტებოდა ჩალურ ქოხში და ოქროს ქოჩორს იბანდა. 

ერთ ღამესაც ბიჭმა ჩვეულებრივ გააცხელა წყალი, მოიხადა ცხვრის ფაშვის ჩაჩი და თავის ბანა დაიწყო. ამ დროს ეზოში ხელმწიფის უმცროსმა ქალიშვილმა გაიარა, დაინახა ქოხის სარკმლიდან გამოსული შუქი და დაინტერესდა, - ნეტა რა არის ამ ქოხში ასე თვალის მომჭრედალდ რომ ანათებსო? 

მივიდა ჩალურთან, შეიხედა სარკმლიდან და ოქროსქოჩრიანი ბიჭი კი დაინახა. შუქიც მისი თმის ანარეკლი ყოფილიყო. ხელმწიფის ქალს შეუყვარდა ბიჭი, წავიდა და თავის ორ დას უთხრა: 

- ჩემო დებო, ჩვენ ყველანი გასათხოვრები ვართ, მაგრამ მამაჩვენი არაფერს ფიქრობს, მოდით, გავახსენოთ, რომ უკვე დროა ჩვენი გათხოვებისა და საქმროები ამოგვარჩევინოსო. 

დებმა მოუწონეს დას რჩევა, იყიდეს სამი მწიფე საზამთრო, დაურჭვეს თავ-თავიანთი დანები და ხელმწიფეს გაუგზავნეს, ხელმწიფემ დაიბარა ქალიშვილები და ჰკითხა: 

- რას ნიშნავს ეს საზამთროები, ან შიგ გაყრილი დანებიო? 

- ეგ იმას ნიშნავს, - უთხრეს ქალებმა, - რომ უკვე დავმწიფდით და ჩვენი გაჭრის დროც დადგაო. 

 ახლა კი მიხვდა ხელმწიფე თავისი ქალების განზრახვას და ვეზირებს უთხრა: 

- დაიბარეთ მთელი სახელმწიფოს საქორწინო ბიჭები, ჩემს ქალებს გათხოვების დრო მოსვლიათ და საქმროები უნდა ამოვარჩვეინოო. 

აცნობეს ვეზირებმა ხალხს ხელმწიფის განცხადება და ყველა გამოჩენილი სასიძო სასახლეში მოიწვიეს, ჩაამწკრივეს ეზოში და გამოიყვანეს ხელმწიფის ქალიშვილები. ხელმწიფემ ახლოს მოიხმო ქალები და უთხრა: 

- აი, შვილებო, ჩემი ქვეყნის ყველა გამოჩენილი სასიძო აქ არის, ჩამოუარეთ და რომელიც მოგეწონებათ, კალთაში ჩაუსხედითო. 

ჩამოუარა უფროსმა ქალმა და ერთ-ერთი მთავრის შვილს ჩაუჯდა კალთაში. დალოცა ხელმწიფემ სიძე და ქალიშვილი. ჩამოუარა საშუალომ და მეორე მთავრის შვილს ჩაუჯდა. ხელმწიფემ ისინიც დალოცა. ჯერი უმცროს ქალიშვილზე მიდგა. ჩამოიარა რამდენჯერმე, ჩამოათვალიერა სასიძოები, მაგრამ ახლოს მიეკარა, გამობრუნდა უკან და თქვა: 

- მე ვინც მინდა, აქ არ არისო. 

- შეკრიბეთ მთელი ქვეყნის ახალგაზრდებიო! - უბრძანა ხელმწიფემ. 

ვეზირებმა შეკრიბეს მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა. ჩამოუარა კიდევ ხელმწიფის ნაბოლარა ქალმა, ჩამოათვალიერა სასიძოები და ისევ უარი უთხრა: 

- ვინც მე მინდა, ის აქ არ არისო. 

- ვიღა გვაკლიაო? - იკითხა ხელმწიფემ. 

- თქვენი ქაჩალ-მებატის მეტი აღარავინ გვაკლიაო, - მიუგო ვეზირმა. 

- მოიყვანეთ ისიცო! - ბრძანა ხელმწიფემ. 

მოიყვანეს მებატე და სულ ბოლოში დასვეს. მივიდა ხელმწიფის უმცროსი ქალი და ჩაუჯდა კალთაში. 

- აი, ეს არის, ვინც მე მინდაო. 

გაწყრა ხელმწიფე, როგორ თუ ჩემი ქალი მებატეს ჩაუჯდა კალთაში. ვეზირებმაც იწყინეს. რა იცოდნენ, რომ ქაჩალი მებატე ოქროსქოჩრიანი ხელმწიფის შვილი იყო. 

ხელმწიფემ უფროს და შუათანა ქალს დიდძალი მზითვი მისცა და გულუხვი ქორწილებიც გადაუხადა, ნაბოლარა ქალიშვილს კი არც მზითვი მისცა და არც ქორწილი აღირსა, ჩალურ ქოხში გააგდო მებატესთან და თან დაუბარა: 

- რაკი ასე შემარცხვინე, იყავი ახლა მაგ ქოხში, შენს ქაჩალ ქმართან ერთად და თავიც თვითონ ირჩინეო. 

ხელმწიფეს უფროსი ქალიშვილები და სიძეები სადილ-მეჯლისებზე სულ გვერდით ჰყავდა და სახელმწიფო საქმეებზეც ეთათბირებოდა. უმცროს სიძე-ქალიშვილს კი ხსენებითაც არ ახსენებდა. მაგრამ ისინი ბედს არ ემდურებოდნენ. 

გავიდა დრო. ერთხელ ხელმწიფე ავად გადხდა. მაშინ ექიმები არ იყვნენ, მათ მაგივრობას მკითხავები ასრულებდნენ, და ამ ხელმწიფესაც მდითხავები მიუყვანეს. მკითხავმა თავისებურად გასინჯა ავადმყოფი, რამდენჯერმე დაამთქნარა, წყლიან ჯამში ნახშირი და პურის მარცვლები ჩაყარა, ბოლოს პირჯვარი გადაიწერა და თქვა: 

- ამას გარეული ირმის რძის მეტი არაფერი მოარჩენსო. 

აბა, დაფაცურდნენ უფროსი და შუათანა სიძე. შეკაზმეს ცხენები და გასწიეს ტყისკენ, შევიდა ქაჩალ-მებატეც ხელმწიფესთან და სთხოვა: 

- ერთი კოჭლი ცხენი მომეცით და მეც წავალ ირმის რძის მოსატანადო. 

- დაიკარგე აქედან, შენ რა ირმის რძის მოტანა შეგიძლიაო! - დატუქსა ხელმწიფემ და კარში გამოაგდო. 

წამოვიდა ქაჩალ-მებატე და ცოლს უთხრა: 

- ირმის რძის მოსატანად უნდა წავიდე და, თუ დამაგვიანდეს, არ შეწუხდეო. - გადაკოცნა ცოლი, გავიდა მნდორში, ამოიღო ტყის კაცისთვის წართმეული რაშის ძუა და ახსენა. რაში იმავ წამს იქ დაიბადა და ჰკითხა: 

- რა გაგჭირვებიაო? 

ქაჩალ-მებატემ უთხრა, რისთვისაც დაიბარა და თან ჰკითხა, - შეგიძლია თუ არაო? 

- შენ ტანსაცმელი ჩაიცვი, აბჯარი აისხი, შემაჯექ და დანარჩენი მე ვიციო, - უთხრა რაშმა. 

ქაჩალ-მებატემ ჩაიცვა სამეფო ტანსაცმელი. აისხა იარაღი და მოახტა რაშს. რაში გაფრინდა და შუაგულ ტყეში შევარდა. ერთ წყაროსთან შეჩერდა და ხმამაღლა დაიჭიხვინა. იმავე წამს წყაროსთან ირმების მთელი ჯოგი მოგროვდა. ბიჭმა ირმები დაწველა ირმები, შეჯდა რაშზე და საჩქაროდ უკანვე დაბრუნდა. 

ნახევარი გზა რომ გამოიარა, შეხვდნენ თავისი ქვისლები - ხელმწიფის უფროსი და შუათანა ქალების ქმრები. ჰკითხა ბიჭმა: 

- ვინ ხართ და საით გაგიწევიათო? 

ბიჭმა, რა თქმა უნდა, იცნო თავისი ქვისლები, მაგრამ ქვისლებმა ვერ იცნეს ქაჩალ-მებატე და თავიანთი გასაჭირი შესჩივლეს. ბიჭმა ჰკითხა: 

- რას მომცემთ, ეგ წამალი რომ გაშოვნინოთო? 

- ოღონდ გვაშოვნინე, ხელმწიფესთან ნუ შეგვარცხვენ და რასაც მოითხოვ მოგცემთო, - უთხრეს უფროსმა ქვისლებმა. 

- მაშინ ჩაიხადეთ შარვლები და ჩემს რაშს საჯდომებზე თითო წიხლი მიარტყმევინეთო, - უთხრა ბიჭმა. 

ძალიან უჭირდათ ხელმწიფის უფროს სიძეებს ამ პირობის ასრულება, მაგრამ მეტი რა ძალა ჰქონდათ. ჩაიხადეს შარვლები, სტკუცა რაშმა თითო-თითო წიხლი და ნალის ანაბეჭდი ორივეს დამღასავით დააჩნია. მისცა ბიჭმა რძე, მიუტანეს ხელმწიფეს დიდი თავმოწონებით და მოარჩინეს. 

გავიდა რამდენიმე ხანი და ხელმწიფე მეორედ გახდა ავად. მოიყვანეს მკითხავი, მკითხავმა ახლაც თავისებურად ახსნა ავადმყოფობის მიზეზი და წამალიც დაუსახელა: 

- ცხრა მთას იქით, უღრან ტყეში, ერთი ხურმის ხე დგას, ხეს ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი ახვევია ირგვლივ და დარაჯობს, თუ იმ ხურმას მოატანინებ და შეჭამ, მორჩები, თუ არადა, წასული ხარ სააქაოდანო. 

ისევ დაფაცურდნენ უფროსი სიძეები, შეკაზმეს საჩქაროდ ცხენები და გასწიეს. შევიდა ქაჩალ-მებატეც ხელმწიფესთან და სთხოვა: 

- ერთი კოჭლი ცხენი მომეცით და მეც წავალ ხურმის მოსატანადო. 

ხელმწიფემ მასხრად აიგდო, - აბა შენ კი ხარ, რომ ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპს ხურმა წაართვაო, - უთხრა და ისევ კინწისკვრით გამოაგდო. დაბრუნდა შინ ქაჩალ-მებატე და ცოლს უთხრა: 

- ხურმის მოსატანად უნდა წავიდე და, თუ დამიგვიანდეს, არ შეგეშინდესო. - გადაკოცნა ცოლი და წავიდა მინდორში, ამოიღო ძუა, ახსენა რაში და ისიც იმავ წამს იქ დაიბადა. 

ბიჭმა უთხრა, რისთვისაც დაიბარა. მერე მოხსნა სამეფო ტანსაცმელი, აბჯარ-საჭურველი, გამოეწყო და მოახტა. რაშმა ერთ წამში გადაიქროლა ცხრა მთა და მივიდა ხურმის ხესთან. ხეს გალავანივით შემორტყმოდა გველეშაპი და ეძინა. რაშმა უთხრა ბიჭს: 

- ერთი ისეთი დამარტყი, რომ სამი პირი ტყავი ამძვრეს და მერე მე ვიციო. 

დაარტყა ბიჭმა მათრახი და ააძრო სამი პირი ტყავი, რაშმა ისკუპა, გადაევლო გველეშაპს ზედ და მივიდა ხესთან. ბიჭმა საჩქაროდ დაკრიფა ხურმა და რაშიც უკანვე გადმოევლო გველეშაპს. ამ დროს მოვიდნენ ხელმწიფის უფროსი სიძეებიც, მაგრამ გველეშაპთან მიახლოვება ვერცერთმა ვერ გაბედა. 

დაუწყეს ბიჭს ხვეწნა, - ოღონდ ეგ ხურმა დაგვითმე და რასაც მოითხოვ, მოგცემთო, - ცნობით, რა თქმა უნდა, ვერც ახლა იცნეს. 

- თუ ყურის ბიბილოებს დამაჭრევინებთ, მოგცემთო, - უთხრა ბიჭმა. 

სიძეები სიხარული დათანხმდნენ, ოღონდ ხელმწიფისათვის თავი მოეწონებინათ და ყურის ბიბილოები რა სათქმელი იყო. ჩამოაჭრა ბიჭმა ორივეს ყურის ბიბილოები და მისცა ხურმა. მერე მოახტა თავის რაშს და იმავე დღეს შინ დაბრუნდა. 

მეორე დღეს მოვიდნენ ხელმწიფის სიძეებიც. მოუტანეს ხურმა და აჭამეს. ხელმწიფე განიკურნა. სიძეებს დიდი მადლობა გადაუხადა და გულუხვად დაასაჩუქრა. 

გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი და ხელმწიფეს მეზობელმა ხელმწიფემ ომი გამოუცხადა. 

ხელმწიფემ სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და სარდლებად თავისი უფროსი სიძეები დააყენა. სიძეები პირველ შეტაკებისთანავე დამარცხდნენ. მტრის ჯარი მოედო ქვეყანას და დაუწყო ძარცვა-გლეჯა. 

ჩავარდა ხელმწიფე საგონებელში. ხედავს, რომ მარცხდება და დამცველი და გამმკლავებელი კი აღარავინ ჰყავს. ამ დროს მოვიდა ქაჩალ-მებატე თავის სიმამრთან და სთხოვა: 

- ერთი ჯანდაგი ცხენი და ნაჯღან-ნუჯღანი იარაღი მაინც მომეცი და მეც საომრად წავალო. 

გამწარებულ გულზე ხელმწიფემ უფრო ხმამაღლა დაუყვირა: 

- დაიკარგე აქედან, შე ქიციანო! შენ რა ხარ და შენი გაბრუნებული მტერი რაღა უნდა იყოსო! 

გამობრუნდა უკან ქაჩალ-მებატე, მივიდა შინ და ცოლს უთხრა: 

- საომრად უნდა წავიდე და ერთი დღის საგზალი მომიმზადეო. 

მოუმზადა ცოლმა ერთი დღის საგზალი, გავიდა ბიჭი მინდორში, ამოიღო ძუა და მოვარდა რაშიც, ჰკითხა ბიჭს: 

- რა იყო, რა გაგჭირვებიაო? 

ბიჭმა უთხრა რაც უჭირდა. 

- აბა საჩქაროდ გადაიცვი ტანსაცმელი, გამოეწყვე ჯაჭვ-მუზარადით, შემაჯექი და იმ ხელმწიფის ჯარს საღამომდე სულერთიანად გაგანადგურებინებო, - უთხრა რაშმა. 

გამოეწყო ბიჭი საჩქაროდ, მოახტა რაშს და გავიდა ბრძოლის ველზე. დაერია მტრის ჯარს და სულ მუსრი გაავლო. თვითონ რასაც ხმლით ხოცავდა, ორ იმდენს რაში თქერავდა ტორებით. ისე, რომ საღამოსათვის ამბის მთხორბელიც აღარ გაუშვეს. ბრძოლა რომ დამთავრდა, მივიდა ბიჭი ხელმწიფესთან, დაუკრა თავი და მოახსენა: 

- დიდო ხელმწიფევ, თქვენი სამეფოს მიწა-წყალი მთლიანად განთავისუფლებულია და ამიერიდან ღმერთმა სიმშვიდე და მოსვენება ნუ მოგიშალოსო. 

ხელმწიფემ დაინახა, რომ ბიჭი მარჯვენა ხელში დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. საჩქაროდ ამოიღო თავისი აბრეშუმის ხელსახოცი, ჭრილობა შეუხვია და ჰკითხა: 

- მითხარ ჭაბუკო, ვინ ხარ და ამ დიდი სამსახურისათვის რა საზღაურს ითხოვო? 

- საზღაურს არ ვითხოვ, ჩემს ვინაობას კი თავის დროზე შეიტყობთო, - მიუგო ბიჭმა, მოახტა რაშს და თვალის დახამხამების უმალ გაუჩინარდა. 

მეორე დღეს ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირები დაგზავნა და მთელი სახელმწიფოს მამაკაცები ეზოში შეკრიბა. თვითონ თუნგი დაიჭირა და ყველას ხელები დააბანინა. ხელმწიფეს ამ ხერხით უნდოდა გამოეცნო თავისი მხსნელი რაინდი, მაგრამ ხალხში ხელმწიფის ხელსახოცით ხელშეხვეული არავინ აღმოჩნდა. 

- ხომ არავინ გამოგრჩათო? - ჰკითხა ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირებს. 

- თქვენი ქაჩალ-მებატის მეტი არავინ გამოგვრჩენიაო, - უთხრეს ნაზირ-ვეზირებმა. 

- მოიყვანეთ ისიცო, - ბრძანა ხელმწიფემ. 

მოიყვანეს ქაჩალ-მებატე და წარუდგინეს ხელმწიფეს. ხელმწიფემ იმასაც დააბანინა ხელები და ნახა, რომ მისი ხელსახოცით ჰქონდა მარჯვენა შეხვეული. ხელმწიფე გაოცდა და ქაჩალ-მებატეს ჰკითხა: 

- თუ მართლა შენ ხარ ის რაინდი, რაში და საჭურველი რა უყავიო? 

- სწორედ მე გახლავართ და რაშიც აქა მყავსო, - მიუგო ბიჭმა, მოიხადა ცხვრის ფაშვის ჩაჩი და ოქროს თმა-ქოჩორი შუბლზე ჩამოეფინა. მერე ამოიღო ძუა, ახსენა რაში და ისიც იმავ წამს იქ დაიბადა. 

ჩაიცვა ბიჭმა სამეფო ტანსაცმელი, აისხა საჭურველი და ხელმწიფეს უთხრა: 

- არც ახლა გჯერათ, რომ მე ვიყავიო? 

ხელმწიფემ ახლა კი იცნო გუშინდელი რაინდი და კიდევ ჰკითხა: 

- თუკი ასეთი ვაჟკაცი იყავი, მაშ აქამდე რატომ არ ჩნდებოდი და თავს რად იმალავდიო? 

- აბა, რა მექნაო, - მიუგო ბიჭმა, - თქვენ კაცს გარეგნობით აფასებთ და სანამ საქმით არ დაგანახვებდით, არ დამიჯერებდით. მე და თქვენი უმცროსი ქალი საბატეში გაგვყარეთ და სიახლოვეს არ გვიკარებდით. თქვენ მარტო უფროს სიძეებს აფასებდით, ის კი არ იცოდით, რომ ყველა გაჭირვებაში მე გშველიდით. აბა, ჰკითხეთ თქვენს უფროს სიძეებს, ვინ მისცათ ან ირმის რძე ან ხურმა, ისე თავმოწონებით რომ მოგიტანეს? თუ უარს იტყვიან, მაშინ გაუსინჯეთ ყურის ბიბილოები, ჩახადეთ  შარვლები და ნახეთ, ეტყობათ თუ არა საჯდომებზე ჩემი რაშის ნაწიხლარებიო. 

მოიყვანეს უფროსი სიძეები და ნახეს, რომ თითო ყურის ბიბილო ორივეს ჩამოთლილი ჰქონდა,  მერე ჩახადეს შარვლები და რაშის ნაწიხლარებიც ნახეს. ხელმწიფე მიხვდა თავის შეცდომას და 

დარცხვენილმა უმცროს სიძეს ბოდიში მოუხადა. მერე საბატედან თავისი უმცროსი ქალიც მოაყვანინა  და დიდი ქორწილი გააჩაღა. ქორწილის შემდეგ ტახტიც და გვირგვინიც გადაულოცა და ხელმწიფობა  ჩააბარა. 

ჭირი - იქა, ლხინი - აქა, 

ქატო - იქა, ფქვილი - აქა

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ