მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2545 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, - იყო ერთი უშვილო ხელმწიფე. ხელმწიფე და დედოფალი ღმერთს სულ იმას ევედრებოდნენ, შვილი გვაღირსეო, მაგრამ დრო გადიოდა და შვილი კი არა და არ უჩნდებოდათ.

დედოფალს ერთი პირისფარეში დედაბერი ჰყავდა, - ისიც თავისავით უშვილო. ერთხელ ამ დედაბერმა წყალზე ორი ვაშლი იპოვა, ერთი იქვე შეჭამა, მეორე წამოიღო და დედოფალს შეაჭამა. ორივენი დაორსულდნენ და ცხრა თვის შემდეგ ვაჟები ეყოლათ.

როგორც თანატოლები და ერთი ბედისანი, ბიჭები ერთად იზრდებოდნენ და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. დედაბრის შვილი უზომოდ ღონიერი იყო, ხოლო ხელმწიფის შვილი უზომოდ ცელქი. ერთხელ სასახლის გარეთ მშვილდ-ისრის სროლაში ვარჯიშობდნენ. ერთმა დედაბერმა კოკით წყალი ამოატარა. გააქანა ხელმწიფის შვილმა ისარი და დედაბერს კოკა გაუტეხა. დედაბერი მობრუნდა და დაუძახა:

- დაგწყევლო, როგორ დაგწყევლო, ხელმწიფის შვილი ხარ და თანაც დედისერთა, მაგრამ ამას კი გეტყვი: ცხრა ძმა დევს რომ ერთი მზეთუნახავი და ჰყავთ, იმის სურვილიმც ჩაგვარდნოდეს გულშიო. ხელმწიფის შვილს ეს ნათქვამი მართლაც გულში ჩარჩა.

გავიდა დრო, ბიჭები დაიზარდნენ და საცოლედ მოიყარნენ. რა თქმა უნდა, წესით ჯერ ხელმწიფის შვილი უნდა დაექორწინებინათ და ხელმწიფემ და დედოფალმა დაიწყეს სარძლოების შერჩევა, მაგრამ შვილმა ყველაზე უარი უთხრა: - თუ მოვიყვან, ცხრა ძმა დევს რომ ერთი მზეთუნახავი და ჰყავს, იმას მოვიყვან, თუ არადა, სხვა ქალი არ მინდაო.

დაღონდა ხელმწიფე, რა ექნა, ცხრა ძმა დევის და როგორ მოვგვაროო და შვილს უთხრა: - რა გიყო, შვილო, ყველა სურვილს შეგისრულებ, მაგრამ შენგან არჩეულ საცოლეს ვერასგზით ვერ მოგიყვან, იმ დევებთან ჩემი ჯარით ვერაფერს გავხდები და ნებით ისინი არ მოგცემენო. - შენი ჯარი არ მინდა, მე და დედაბრის შვილი წავალთ და თვითონ მოვიყვანთო, - უთხრა შვილმა.

ხელმწიფე კვლავ უარზე დადგა - იმ დევებთან ორნი რას გახდებითო, მაგრამ რაკი შვილმა არ დაიჯერა, ბოლოს მამაც დათანხმდა. დაიბარა სასახლეში დედაბრის შვილი და ჰკითხა:

- გაჰყვები ჩემს შვილს დევების მზეთუნახავი დის მოსაყვანადო?

- გავყვები და კიდეც მოვიყვანო! - მიუგო დედაბრის შვილმა.

- მაშ სამგზავროდ რას მთხოვთ, რა მოგიმზადოთო? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- ბევრი არაფერი გვინდა, დიდებულო ხელმწიფევ, - უთხრა დედაბრის შვილმა, - საგზალი მოგვიმზადეთ და ჩემთვის ერთი ფოლადის მშვილდ-ისარი გააკეთებინეო.

გააკეთებინა ხელმწიფემ მშვილდ-ისარი, მოსწია დედაბრის შვილმა და მიგრიხ-მოგრიხა. გააკეთებინა ხელმწიფემ მეორე მშვილდ-ისარი, დედაბრის შვილმა იმასაც იგივე უყო, გააკეთებინა ხელმწიფემ მესამედ, დედაბრის შვილმა მოზიდა და მოეწონა. გადაიკიდა მხარზე და გაუდგნენ გზას.

როცა თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებს გასცდნენ, დედაბრის შვილმა უთხრა ხელმწიფის შვილს: - ახლა გზა-კვალი აღარ ვიცით, მოდი ერთ ისარს გავჰკრავ და იმას მივყვეთ, იქნება მიგვაგნებინოს დევების ადგილსამყოფელისთვისო.

ამოიღო დედაბრის შვილმა ისარი, ჩააგდო კილოში და გასტყორცნა. წავიდა ისარი წივილით, გადალახა ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა მინდორი და ცხრა ძმა დევის სასახლის ბაღში დაერჭო. ხელმწიფის შვილი და დედაბრის შვილისც გაჰყვნენ ისარს. იარეს, იარეს და მიადგნენ დევების სახლს.

შევიდნენ ბაღში, ბაღი იყო ისეთი, რომ ავ თვალს არ ენახვებოდა. დედაბრის შვილმა შეარხია ერთი მწიფე ნაყოფით დახუნძლული ვაშლი და დაიწყეს ჭამა, თან ჩრდილში გულაღმა წამოწვნენ. დევები შინ არ იყვნენ, სანადიროდ ყოფილიყვნენ წასულები, შინ მარტო მათი დედა დაუხვდათ, ბანზე იჯდა და ტარს ატრიალებდა, ტარს კვირისტავად ერთი უშველებელი დოლაბი ჰქონდა წამოცმული. დაინახა უცხო ხალხი და ჩამოსძახა:

- ვინა ხართ, რა ხალხი ხართო?

- ვინა ვართ და - ქართველებიო! - უპასუხა დედაბრის შვილმა.

- მერე არ იცით, რომ ჩემი შვილების შიშით ძირს ჭიანჭველა ვერ დადის და მაღლა ფრინველი, თქვენ კი წამოწოლილხართ არხეინად ბაღში და ხილსაც ხილობთ და ჩრდილსაც ჩრდილობთო?

- მარტო ხილი რა სათქმელია, ვახშმის ჭამასაც თქვენთან ვაპირებთო! - დაუძახა ხელმწიფის შვილმა.

- მერე ჩემი შვილებსა არ გეშინიათო? - ჰკითხა დევთ დედაბერმა.

- არ გვეშინიაო! - მიუგო უშიშრად დედაბრის შვილმა.

დევების დედამ იფიქრა, ამას რომ თავის იმედი არ ჰქონდეს, ასე ამაყად ვერ ილაპარაკებდა. მოდი ერთი გამოვცდი, მართლა შეუძლია რამე თუ არაო, და დოლაბის კვირისტავიანი თავი ჩაუგდო, თან ჩასძახა: - არიქა, დედა-შვილობას, კვირისტავი ჩამომივარდა და ამომიგდეო.

დედაბრის შვილი ჭკვიანიც იყო, მიხვდა რაც ეწადა დევის დედას და გუნებაში ჩაიცინა, - რაკი ჩემი გამოცდა გინდა, გულს არ გატკენო, - დაავლო კვირისტავს ხელი, ესროლა დედაბერს და წინა კბილები ჩამოაყრევინა. დედაბერი გამწარდა და დაემუქრა, დაიცა, მოვლენ ჩემი შვილები და სამაგიეროს ისინი გადაგიხდიანო.

საღამოზე მოვიდნენ დევები, თითოს თითო ირემი და თითო ხმელი ხე გაედო მხარზე და შინ მხიარულად ბრუნდებოდნენ. დაინახეს თავის ბაღში დედაბრის შვილი და უფრო გაიხარეს, - ვახშამს გემრიელ ლუკმასაც დავაყოლებთო. დედაბრის შვილმა გაიგონა დევების ნათქვამი და ბაღში დარჭობილი ისარი უჩვენა, - მოდით, ჯერ ეს ისარი ამოაძრეთ და ვინ ვის დააყოლებს, მაგაზე მერე ვილაპარაკოთო.

მივიდნენ დევები, დაეჯაჯგურნენ ისარს, მაგრამ ძვრაც ვერ უყვეს. გაუკვირდათ და დედაბრის შვილს ჰკითხეს, ვინა ხართ, ან რა რჯულის ხალხი ხართო?

- ვინა ვართ და ქართველებიო! - მათაც ასევე უთხრა დედაბრის შვილმა და ისარი ერთი ერთი ხელის მოკვრით ამოაძრო, - ეს ჩემი ხელმწიფეა, მე კი ამისი მსახური ვარო.

დევები კარგად მიხვდნენ, რა ძალის მქონეც იყო მათი სტუმარი, მაგრამ მაინც კიდევ გამოსცადეს: ირმები დაატყავეს, აკუწეს და ერთ უშველებელ ქვაბში ჩაყარეს. უთხრეს დედაბრის შვილს: - აბა, თუ მართლა ქართველები ხართ, ეს ქვაბი ცეცხლზე შემოდგი და ქართული ხაშლამა მოგვიხარშეთო.

ქვაბი ოთხყურა იყო და ოთხი დევი გაჭირვებით ერეოდა, დედაბრის შვილმა კი ცალი ხელით აიღო და ზედადგარზე შემოდგა, დან დააყოლა: - ქართულად მოგიხარშავთ და ქართულადაც გაჭმევთო.

მოხარშა ხაშლამა და დასხდნენ ვახშმად. ვახშამზე დედაბრის შვილმა ღვინო მოითხოვა, - ჩემი ხელმწიფე და მე ქართველები ვართ და უღვინოდ პურს ვერა ვჭამთ, ღვინო მოგვიტანეთო.

- ღვინო გვაქვს, მაგრამ ისე ღრმად არის მიწაში ჩაფლული, რომ ვერ ამოვიღებთო, - უთხრეს დევებმა.

- რას ჰქვია, ვერ ამოიღებთ, - დასჭყივლა დედაბრის შვილმა, - ახლავე აიღეთ ბარ-წერაქვები და მოთხარეთო, - წამოყარა დევები, მოათხრევინა ასჩაფიანი ქვევრი და სუფრაზე მოატანინა.

დაიწყეს ვახშამი და ღვინის სმა. დევები თუ ყანწებით სვამენ, დედაბრის შვილი პირდაპირ ქვევრით იყუდებს, თან ხორცს აყოლებს, გამოხრავს უზარმაზარ ძვალს და დევებს შუბლში ესვრის. დევები შეწუხდნენ და უთხრეს:

- რა მოგცეთ, რომ ჩამოგვეხსნათ და თავისი გზით წახვიდეთო?

- თქვენ მზეთუნახავი და გყოლიათ, - უთხრა დედაბრის შვილმა, - სანამ თქვენს დას ჩემს ხელმწიფეს არ მიათხოვებთ, აქედან ფეხის მომცვლელი არა ვართო.

დევებმა იფიქრეს, მსახური რომ ასეთი ღონიერია, ხელმწიფე რაღა იქნება, უარი რომ ვუთხრათ, ვაი და სულ ამოგვჟლიტონო, მოიყვანეს მზეთუნახავი და დაუსვეს ხელმწიფის შვილი გვერდით.

მეორე დღეს დედაბრის შვილი და დევები სანადიროდ წავიდნენ და ნეფე-პატარძალი სასახლეში დატოვეს. მზეთუნახავსაც შეუყვარდა თავისი საქმრო, ყველა საიდუმლო გაანდო, მისცა გასაღებები და ყველა ოთახი დაატარა, აჩვენა მთელი თავისი სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი და თვალმარგალიტი და დაღლილს ბოლოს იმის კალთაში ჩაეძინა.

ხელმწიფის შვილმა მძინარე ქალს ოქროს ნაწნავები დაუშალა და ერთერთ ნაწნავში ერთი პატარა გასაღები უპოვა. იფიქრა, აქ რაღაც საიდუმლოაო, აიღო გასაღები, მძინარე ქალი ტახტზე გადააწვინა და სასახლის დასათვალიერებლად წავიდა, გაიარა თვალმარგალიტით სავსე ოთახები და სასახლის ბოლოს ერთ დაკეთილ კარს მიადგა. გააღო კარი და რას ხედავს: რკინით შეჭედილ ოთახში ერთი უზარმაზარი დევი ზის და თვალებს აბრიალებს. დევს ტანი და ხელ-ფეხი კაჟისა ჰქონდა და ამიტომ სახელიც დევ-კაჟიანი ერქვა.

ის იმ ცხრა ძმა დევის მტერი იყო, - მზეთუნახავი დის მოტაცება უნდოდა და ეომებოდა. დევებმა სხვა რომ ვერაფერი უყვეს, - იმის კაჟის სხეულს არც ისარი და არც ხმალი ეკარებოდა, - მოტყუებით შეიპყრეს და ოთახში ჩაამწყვდიეს. დევ-კაჟიანმა რაკი ღია კარი დაინახა, მაშინვე გამოვარდა, ხელწიფის შვილს სილა გაჰკრა და გულწასული კარსუკან მიაგდო, მოხვია თავისი კაჟის მკლავები მძინარე ქალს და ცხრა მთას იქით გადაიკარგა.

ცოტა ხნის შემდეგ ხელმწიფის შვილი მოსულიერდა და მზეთუნახავი რომ ადგილზე აღარ დახვდა, მწარედ დაღონდა. ამ დროს სანადიროდან დევები და დედაბრის შვილიც დაბრუნდნენ და გაიგეს მომხდარი ამბავი. დედაბრის შვილმა უთხრა დევებს: - მე დევ-კაჟიანის საძებრად უნდა წავიდე, ჩემს ხელმწიფეს თქვენ გაბარებთ და არაფერი დაუშავდეს, თორემ ცოცხლებს არ გაგიშვებთო.

ადგა დედაბრის შვილი, აიღო თავისი ფოლადის მშვილდ-ისარი და გაუდგა გზას. იარა, იარა და ერთ ქვეყანაში გადავიდა. გზაზე ერთ წყალუხვ მდინარეს მიადგა. მდინარის პირას ერთი დაღონებული კაცი იჯდა. დედაბრის შვილმა ჰკითხა:

- რამ დაგაღონა, ან ამ მდინარესთან რადა ზიხარო?

- წყალი მწყურია და შიშით ვერ დამილევია, ეს მდინარე ერთ ყლუპად არ მეყოფა და მერე რაღა ვქნაო? - მიუგო კაცმა.

დედაბრის შვილს გაუკვირდა და უთხრა: - კაცო, რა საკვირველი კაცი ყოფილხარ, მე გასვლაც მიჭირს ამ მდინარეში და შენ კი ყლუპადაც არ გყოფნისო.

- საკვირველი მე კი არა ვარ, დედაბრის შვილია, რომ ცხრა ძმა დევს მზეთუნახავი და წაართვა და თავისი ხელმწიფის შვილს დაუტოვა ცოლადო. - მიუგო წყალიყლაპიამ.

- მე ვარ ის დედაბრის შვილიო.

წყალყლაპიას გაუხარდა დედაბრის შვილის ნახვა და სთხოვა, - ან მიძმე, ან მიყმეო. დედაბრის შვილმა იძმო და წავიდნენ ორნი.

ცოტა რომ გაიარეს, გზაზე ერთ კაცს გადაეყარნენ. კაცი მიწაზე გაწოლილიყო, ყურიც მიწისთვის დაედო და სიცილით კვდებოდა. მივიდა დედაბრის შვილი და ჰკითხა, ან მიწაზე რადა წევხარ ან ასე გულიანად რა გაცინებსო.

- ქვესკნელში ჭიანჭველებს ომი აუტყდათ, - უთხრა კაცმა, - იმათ ალიაქოთსა და მუქარას ვისმენ და იმაზე ვიცინიო.

დედაბრის შვილს ეს კაცი უფრო გაუკვირდა, - ჩვენ დედამიწის მაღლა ერთ საბელზე კაცის ფეხის ხმა არ გვეყურება, შენ კი ქვესკნელიდან ჭიანჭველების ხმაც გესმისო?

- მერე ეგ რა საკვირველია, - უთხრა ჭიანჭველასმენიამ, - საკვირველი ის არის, რომ დედაბრის შვილმა ცხრა ძმა დევს მზეთუნახავი და წაართვა და თავის ხელმწიფეს ცოლად დაუსვაო.

- მე ვარ ის დედაბრის შვილიო, - უთხრა დედაბრის შვილმა.

ჭიანჭველასმენიამ უთხრა: - მე შენთან ყოფნა მინდა და ან მიძმე, ან მიყმეო. იძმო ისიც დედაბრის შვილმა და გაუდგნენ გზას სამნი.

ცოტა რომ გაიარეს, გზაზე ერთი კაცი შეხვდათ, შუა მინდორში იდგა ხელმოჩრდილული ცას შეჰყურებდა.

- რას შეჰყურებ ცას ასე გაფაციცებითო? - ჰკითხა დედაბრის შვილმა. ცაშიცქერიამ მიუგო: - შარშან ისარი ავტყორცნე და იმას ვუყურებ, როდის მობრუნდება უკან, ან ქარი საით მხარეს მიჰხრისო.

- რა საოცარი კაცი ყოფილხარ, - უთხრა დედაბრის შვილმა, - თვალი ეგრე როგორ გიჭრის, რომ შარშან ასროლილ ისარსაც კი ჰხედავო?

ამ ცაშიცქერიამ იგივე უთხრა: - საკვირველი მე კი არა, დედაბრის შვილია, რომ ცხრა ძმა დევს მზეთუნახავი და წაართვა და თავის ხელმწიფეს მიათხოვაო.

დედაბრის შვილი გამოეცნაურა, - მე ვარ ის ბიჭიო.

მაშინ ცაში მაცქერალმა უთხრა, შენთან ყოფნა მსურს და მიძმობ, თუ მიყმობო? - გიძმობო, - უთხრა დედაბრის შვილმა და გაუდგნენ გზას ოთხნი.

იარეს, იარეს და გზაში ერთ კაცს შემოხვდნენ. იდგა ფეხებგაბოტიტნებული, მოგლეჯდა ერთ გორას, აქეთ მთაზე შემოისროდა, მოგლეჯდა მეორეს და იქით მთაზე შეისროდა.

- ეს როგორი ღონიერი ყოფილხარ, რომ ამოდენა გორებს გუნდებივით ისვრიო? - გაუკვირდა დედაბრის შვილს.

გორიგლეჯიამ იგივე უთხრა, - საკვირველი მე კი არა ვარ, დედაბრის შვილია, ცხრა ძმა დევს რომ ერთადერთი და წაართვაო.

- მე ვარ ის დედაბრის შვილიო, - უთხრა დედაბრის შვილმა.

- შენთან ყოფნა მწადია და ან მიძმე ან მიყმეო, - სთხოვა გორიგლეჯიამ.

დედაბრის შვილმა იძმო და წავიდნენ ხუთნი. კარგი მანძილი რომ გაიარეს, გზაზე კიდევ ერთ საკვირველ კაცს წააწყდნენ, კაცს ფეხებზე წისქვილის დოლაბები ჰქონდა წამოცმული და წვრილიანებში კურდღლებს ეწეოდა. მივიდნენ ახლოს და დედაბრის შვილმა ჰკითხა:

- კაცო, რას შვები, ჩვენ ლამის არის ფეხსაცმელიც დავიხადოთ, შენ კი ამოდენა დოლაბები წამოგიცვია და მაინც კურდღლებს იჭერო?

- მერე ეს რა საკვირველია, - მიუგო ფეხდოლაბამ, - საკვირველი ის არის, რომ დედაბრის შვილმა დევებს მზეთუნახავი და წაართვა და თავის ხელმწიფეს დაუსვა ცოლადო.

დედაბრის შვილი ამ კაცსაც გამოეცნაურა, - მე ვარო.

- აბა თუ შენ დედაბრის შვილი ხარ, ან მიძმე ან მიყმეო, - უთხრა ფეხდოლაბიანმა. დედაბრის შვილმა იძმო და გახდნენ ექვსნი.

ცოტა რომ გაიარეს დედაბრის შვილმა ახალ ძმობილებს თავისი გასაჭირი უამბო, - ასე და ასეა ჩემი საქმე და, თუ რამ შეგიძლიათ, დამეხმარეთო.

- ჯერ დევ-კაჟიანის ადგილსამყოფელი უნდა გავიგოთ და მერე ვისაც რა ძალა შეგვწევს, ის ვიხმაროთო, - თქვა გორიგლეჯიამ.

- წყალში მე გავიგებო, - თქვა წყალიყლაპიამ.

- ცაში პოვნა ჩემზე იყოსო, - თქვა ცაშიცქერიამ.

- ქვესკნელში მე არაფერი გამომეპარებაო, - თქვა ჭიანჭველასმენიამ.

ამოხაპა მთელი ზღვები და მდინარეები წყალიყლაპიამ, მაგრამ დევ-კაჟიანის სამყოფელი არსად აღმოჩნდა. დაზვერა მთელი ცა ცაშიცქერიამ და ვერც იმან რამე დაინახა. მაშინ გაწვა მიწაზე ჭიანჭველასმენია და ცოტა ხნის შემდეგ გახარებულმა წამოიძახა, - ვიპოვეო! - წამოდგა და ამხანაგებს ერთი უზარმაზარი მთა დაანახვა, - იმ მთიდან ერთი ქალის სუნთქვა მომესმა და დევ-კაჟიანის სამყოფელი სწორედ იქ უნდა იყოსო.

- აბა, გორიგლეჯიავ, ახლა შენ იციო! - უთხრეს გორიგლეჯიას, და აღარც იმან დააყოვნა, დაავლო ხელი მთას, მოგლიჯა და გვერდზე გადადგა. გამოჩნდა მარმარილოს მშვენიერი სასახლე. დედაბრის შვილმა ძმობილები ეზოში დატოვა და დევების დასთან მარტო შევიდა.

დევების დას უზომოდ გაუხარდა დედაბრის შვილის დანახვა, მაგრამ ამდენადვე კიდეც შეწუხდა და დედაბრის შვილს უსაყვედურა, - რად მოხვედიო. ჩქარა წადი, თორემ, ხომ იცი, რომ ქვეყნად დევ-კაჟიანის მომრევი არავინ არის და აქ რომ მოგისწროს, გაგაფუჭებსო.

დედაბრის შვილმა უთხრა: - შენ მაგისი დარდი ნუ გაქვს, მარტო ის გამიგე, იმისი სული სად ან რაში ბინადრობს და მერე მე ვიციო.

- სამ დღეს დამაცადე და გავიგებო, - შეჰპირდა ქალი.

გამოვიდა დედაბრის შვილი სასახლიდან და თავის ძმობილებს ქალის დანაპირები უამბო. გორიგლეჯიამ ისევ აიღო მთა და დაახურა სასახლეს, რომ ნადირობიდან დაბრუნებულ დევს არაფერი შეემჩნია, მერე ექვსივენი უკან გამობრუნდნენ და, როგორც ქალმა დაარიგა, სამი დღით მახლობელ ტყეში დაიმალნენ.

საღამოს დაბრუნდა დევ-კაჟიანი. მიუჯდა გვერდით დევების და და დაუწყო ალერსი: - სულ გარე-გარე რომ დადიხარ, მეშინია, ხიფათი არაფერი შეგემთხვეს და მითხარი, სად არის შენი სული, რომ გავუფრთხილდეო.

დევ-კაჟიანი დაეჭვდა, ეს ქალი დღემდე ახლოს არ მიკარებდა და რაღა ახლა შევუყვარდიო. მოდი გამოვცდი და გავიგებ, მართალს ამბობს თუ ღალატს მიპირებსო, და უთხრა: - ჩემი სული აგე მაგ ქოთნის ნატეხშიაო. მეორე დღეს დევ-კაჟიანი ისევ სანადიროდ წავიდა, ქალი კი ადგა და ქოთნის ნატეხი სულ სირმა-აბრეშუმითა და ყვავილებით მორთო.

დაბრუნდა დევ-კაჟიანი საღამოს, ნახა შემკული ქოთნის ნატეხი და ქალს ჰკითხა, - ქალო, ეს რა გიქნიაო? - ასე მიყვარს შენი სული და ვუფრთხილდებიო, - მიუგო ქალმა.

დევ-კაჟიანს გაუხარდა ქალის საქციელი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდო და ერთხელ კიდევ გამოსცადა: - ჩემი სული მაგ ქოთნის ნატეხში კი არა, აგე ცოცხშიაო, - უთხრა.

ქალმა მეორე დღეს ცოცხიც ასევე ვარდ-ყვავილებით შეამკო. მაშინ კი ირწმუნა დევ-კაჟიანმა ქალის ერთგულება და გამოუტყდა: - აქამდე სულ გატყუებდი, ახლა კი სიმართლეს გეტყვიო. ქალი სმენად გადაიქცა და უფრო ახლოს მიუჯდა:

- ამ მთის იქით ერთი დიდი ველია, - უთხრა დევმა, - იმ ველში ცხრა მთიბელი ბალახს ცელავს, ყოველდღე, შუადღისას მთიდან ერთი ირემი ჩამოდის, შეჭამს ნათიბს და უკანვე ბრუნდება. ირემში შველი ზის, შველში კურდღელი, კურდღელს მუცელში ერთი პატარა ყუთი უდევს და შიგ სამი ჩიტი ზის, - თეთრი, წითელი და შავი. თეთრი ჩიტი ჩემი ღონეა, წითელი - გონება, და შავი - სულიო.

- ვაიმე, ის ირემი ვინმემ რომ მოკლას, რაღა მეშველებაო, - წამოიძახა ქალმა ვითომ შიშით და დევ-კაჟიანს შეეხვეწა, მომიყვანე და მე მოვუვლიო.

დევმა გაიცინა და დაამშვიდა: - ნუ გეშინია, იმ ირემს ჩემს შარდში დასველებული ისრის მეტი ვერაფერი მოჰკლავსო.

ქალმა ყველაფერი ეს დაიხსომა და იმავე ღამეს, სადაც დევ-კაჟიანი შარდზე დგებოდა, ჩუმად ნატეხარი გადადგა.

მესამე დღეს მოვიდა დედაბრის შვილი. ქალმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. დედაბრის შვილმა აწრთო დევ-კაჟიანის შარდში თავისი ფოლადის ისრები, გაიყოლა ამხანაგები და გასწია ირმის საძებნელად. გაიარეს ის მთა, რომელიც დევ-კაჟიანმა ქალს ასწავლა, და მართლაც დაინახეს ცხრა მთიბავი.

დედაბრის შვილმა უთხრა ძმობილებს, ველის პირას ბუჩქნარებში დავიმალნეთ, თორემ ირემმა რომ თვალი შეგვასწროს, შეიძლება დაფრთხეს და საბალახოდ აღარ მოვიდესო. მერე ფეხდოლაბა გააფრთხილა, ირემს რომ მოვკლავ, მზად იყავი, რომ შველი და კურდღელი ხელიდან არ დაგვისხლტნენო.

- მხოლოდ თვალით დავინახო და დანარჩენი მე ვიციო, - უთხრა ფეხდოლაბამ და დოლაბები უფრო კარგად მოირგო.

შუადღისას მოვარდა ირემიც. დედაბრის შვილმა ბალახის ჭამაც არ აცალა, მოზიდა მშვილდი და დევ-კაჟიანის შარდში ნაწრთობი ისარი ირემს გულში დააძგერა. ირემი წაიქცა და სული განუტევა. გაჭრა დედაბრის შვილმა ირემი. გამოხტა იქიდან შველი და მოუსვა მთისკენ, მაგრამ ფეხდოლაბას საბლის გაშლაზეც ვერ წაუვიდა. გაჭრეს შველიც და ახლა კურდღელი გამოხტა. ფეხდოლაბამ ორი ნახტომით ისიც ხელთ იგდო. ამოაცალეს მუცლიდან კურდღელს ყუთი და ამოიყვანეს სამი ჩიტი -თეთრი, წითელი და შავი.

დევი ამ დროს სანადიროდ იყო გამოსული. გულმა უგრძნო, რომ ირემს რაღაც ხიფათი შეემთხვა, მიხვდა ქალის ღალატს და გაცოფებული წავიდა სახლისკენ, რომ ქალი დაესაჯა, მაგრამ სანამ შინ შევიდოდა, დედაბრის შვილმა წააგლიჯა თავი თეთრ ჩიტს და ღონეგამოცლილი დევი კარებთან ჩაიკეცა.

დაბრუნდნენ დედაბრის შვილი და მისი ძმობილები და ნახეს ღონემიხდილი დევ-კაჟიანი. დედაბრის შვილმა მოუჭირა შავ ჩიტს ხელი და დევ-კაჟიანს უთხრა: - ჩქარა მითხარი, რა გაქვს ამ სასახლეში დამალული, თორემ ახლავე სულს გაგაფრთხობინებო.

დევ-კაჟიანმა იფიქრა, მოდი, ყველაფერს სიმართლით ვეტყვი, იქნებ ცოცხალი მაინც დამტოვოსო. პირიდან ერთი საიდუმლო გასაღები გამოიღო, მისცა დედაბრის შვილს და უთხრა: - ეს გასაღები ყველა ჩემს საიდუმლო ოთახს აღებს. მეცხრე ოთახში ექვსი მზეთუნახავი ქალი მყავს დამწყვდეული, მეათეში შვიდი მფრინავი რაში, გამოიყენე და როგორც გინდათ, მოიხმარეთო.“

დააღო დედაბრის შვილმა ოთახები და გამოიყვანა მზეთუნახავი ქალები და მფრინავი რაშები. თითო ქალი ძმობილებს დაურიგა, ერთი თავისთვის დაიტოვა, მერე შესხდნენ მფრინავ რაშებზე, ცხრა ძმა დევის მზეთუნახავი დაც წამოიყვანეს და წამოვიდნენ.

წამოსვლისას დედაბრის შვილმა გონის ჩიტსაც თავი წააცალა და დევ-კაჟიანი გონმიხდილი დატოვა.

ცხრა ძმა დევს და ხელმწიფის შვილს უკვე იმედი ჰქონდათ გადაწყვეტილი და დედაბრის შვილი და თავიანთი და უვნებელი რომ დაინახეს, სიხარულით ცას ეწივნენ. ცხრა ძმა დევმა მაშინვე ასჩაფიან ქვევრებს მოხადეს და ქორწილი გააჩაღეს. მერე ყველა ერთად წამოვიდნენ ხელმწიფის შვილის ქვეყანაში და იქაც გადაიხადეს ქორწილი.

ქორწილის შემდეგ ცხრა ძმა დევი შინ დაბრუნდა, ხელმწიფის შვილი ხელმწიფე გახდა, ახალმა ხელმწიფემ სავეზიროც ახალი შექმნა: პირველ ვეზირად, რა თქმა უნდა, დედაბრის შვილი დააყენა, მის ძმობილებსაც შესაფერისი თანამდებობები დაურიგა და ცხოვრობდნენ ყველანი ტკბილად და შეთანხმებულად.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა, 

ქატო - იქა, ფქვილი - აქა. 

იყო შაშვი იყოს მგალობელი, 

ღმერთი ჩვენი მწყალობელი.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ