მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1211 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ერთ ქვეყანაში იყო ერთი ხელმწიფე. ხელმწიფეს მეტისმეტად ჯიუტი და ავი ხასიათი ჰქონდა, არც შებრალება იცოდა, არც დანდობა, ყველა შეწუხებული ჰყავდა, ყველას სიცოცხლეს უმწარებდა და ხალხმა ამიტომ ზედმეტ სახელად ჯოჯოხეთა შეარქვა.

ამ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი ალალ-მართალი და მშრომელი კაცი, სახელად გოდერძი. გოდერძის თორმეტი შვილი ჰყავდა - ერთი ქალი და თერთმეტი ვაჟი. გოდერძი ღარიბი იყო, მაგრამ უსამართლოდ თავს არავის დააჩაგვრინებდა. ხელმწიფესაც ერთგულად ემსახურებოდა, თუმცა ზედმეტს და უსამართლოს არაფერს აკადრებინებდა.

ჯოჯოხეთა ხელმწიფეს არ მოსწონდა გოდერძის ასეთი სიმტკიცე და მართლისმოყვარეობა და სულ იმას ცდილობდა, რამე ევნო.

მალე საამისო დროც დადგა: ჯოჯოხეთა ხელმწიფეს ორი ქალიშვილი ჰყავდა, უფროსი ქალიშვილი ერთ ხელმწიფის შვილზე დანიშნა და სიძეს მზითვში რამდენიმე რჩეულ ვაჟკაცსა და ქალს შეჰპირდა. რჩეულ ქალ-ვაჟებში გოდერძის თორმეტივე შვილიც იყო დასახელებული, მაგრამ გოდერძიმ მეფის ბრძანება შორს დაიჭირა და მტკიცე უარი შეუთვალა:

- მე რაც სამსახური მმართებს შენი, გისრულებ, ამისი ვალდებული კი არა ვარ და არც შენა გაქვს შვილების წართმევის ნებაო.

გოდერძის უარი რომ გაიგო, ჯონოხეთა ხელმწიფე მთლად ჯოჯოხეთად გადაიქცა, გაწყრა, მაგრამ რა გაწყრა! პირიდან სულ დორბლები წამოყარა და გაცეცხლებულმა იყვირა:

- ახლავე შეიპყარით შვილებიანად და ჩამოახრჩეთო!

გოდერძი ჭკვიანი კაცი იყო, იცოდა, რომ ჯოჯოხეთა ხელმწიფე უარს არ აპატიებდა და თადარიგი წინასწარვე დაიჭირა: ცოლშვილითურთ აიყარა და ბინა ერთ მიუვალ კლდეში დაიდო.

ხელმწიფემ ჯარი და ნაზირ-ვეზირები დაადევნა, მაგრამ გოდერძის შვილები რჩეული ვაჟკაცები იყვნენ და ხელმწიფის ამალა სიმაგრეში არ შეუშვეს. ჩამოვარდა ამ დღიდან მტრობა გოდერძისა და ხელმწიფეს შორის.

კლდე-ღრეში გახიზნული კაცის ხელობა ხომ ყაჩაღობაა და გოდერძიც ამ გზას დაადგა. თავისი რჩეული შვილებით წელიწადში რამდენჯერმე ჩავიდოდა ქალაქში, შეიპარებოდა ჩუმად, დახოცავდა სასახლის მცველებს და ხაზინას გაიტაცებდა, რაც ჭირდებოდა, თვითონ იღებდა, რაც არა და ღარიბ-ღატაკებს ურიგებდა.

რაღა არ სცადა ჯოჯოხეთა ხელმწიფემ, რაღანაირად არ უყელა, მაგარამ გოდერძისა და იმის შვილებს ვერაფერი დააკლო. ბოლოს, ძალიან რომ შეწუხდა, ხერხს მიმართა: გოდერძის თავისი პირველი ვეზირი მიუგზავნა და შერიგება სთხოვა, თანაც ყველაფრის პატიება და ხელშეუხებლობა აღუთქვა.

გოდერძიმ ხელმწიფის შემონათვალი შვილებს გააცნო და ჰკითხა:

- რას იტყვითო?

ძმებმა დაიჯერეს ჯოჯოხეთა ხელმწიფის დანაპირები და დაბრუნება ამჯობინეს, მხოლოდ ყველაზე ნაბოლარა ძმა, ჯიხვა დადგა უარზე: - ის ჩვენი ხელმწიფე ისეთი ჯოჯოხეთია, არაფერს გვაპატიებს და დაგვსჯისო.

თვითონ გოდერძიც უმცროს შვილს ემხრობოდა, მაგრამ დანარჩენმა ძმებმა არ დაუჯერეს და მამასა და ძმას კარგაც უსაყვედურეს: - როდემდე უნდა ვიყოთ ამ ტყე-ღრეს შეხიზნულები, ან ოჯახი და ცოლ-შვილი არ გვინდა, ან ადამიანური ცხოვრება?

ჩავარდა საგონებელში გოდერძი და უმცროს შვილს, ჯიხვას უთხრა:

- მოდი, შვილო, წავიდეთ. მართლაც და, როდემდე ვეყაროთ ამ ტყეში, ხელმწიფეა და იქნებ თავისი სიტყვა არ გატეხოსო.

- მე კი მითქვამს და თქვენ იცითო, - თქვა ჯიხვამ და დათანხმდა.

აიყარა კლდის გამოქვაბულიდან გოდერძის ოჯახი და დაბრუნდა ძველ ნაბინავებში. მამამ და შვილებმა შეაკეთეს სახლი, აანთეს კერა და დაიწყეს ძველებურად შრომა და პატიოსანი ცხოვრება.

ჯოჯოხეთა ხელმწიფემაც თითქოს დაივიწყა ძველი მტრობა, დაუტკბა, დაუახლოვდა. უფრო ჯიხვა მოსდიოდა თვალში, სასახლეში ხშირად იბარებდა და თანატოლივით ესაუბრებოდა, გულში კი სხვა განზრახვა ჰქონდა, რომ ჯიხვასათვის შარი მოედო და ძველი მტრობისთვის სასტიკად დაესაჯა.

საბაბი აქაც მალე გამოჩნდა. ჯოჯოხეთა ხელმწიფის უმცროსი ქალიშვილი ხშირად ხედავდა ჯიხვას სასახლეში და მოსწონდა, ბოლოს შეუყვადა კიდეც. ლამაზი და ცქვიტი გოგო ჯიხვასაც შეუყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ ხელმწიფის ქალს მას არავინ აღირსებდა და თავი შორს ეჭირა.

ეს ამბავი სეფე ქალებმა გაიგეს და სასახლეში ჭორი გაავრცელეს. ჭორი ბოლოს ჯოჯოხეთა ხელმწიფის ყურამდეც მივიდა. განრისხდა ხელმწიფე და როგორ განრისხდა! პირიდან სულ ცოფები ყარა: - როგორ გაბედა ვიღაც გლეხის ბიჭმა ჩემი ქალის შეყვარებაო!!! და კარისკაცებს ჯიხვას შეპყრობა უბრძანა: - სასახლეში დავიბარებ და მოვა თუ არა მაშინვე შეიპყარით და ღრმა ორმოში ჩააგდეთო.

დაიბარა სასახლეში და ჯიხვაც ძველებურად ეახლა. როგორც წესი, შესვლისთანავე ხმალ-კაპარჭი და კარიბჭის მცველებს გადასცდა, და ის იყო, უნდა შესულიყო დარბაზში, რომ ეცნენ შეიარაღებული კარისკაცები და ბნელ ხაროში უკრეს თავი.

რაკი ჯიხვა ხელთ ჰყავდა, ჯოჯოხეთა ხელმწიფეს, რა თქმა უნდა, სხვა ძმებისა და მამის დასჯა აღარ გაუჭირდებოდა. აფრინა მაშინვე შეიარაღებული ჯარისკაცები და გოდერძი და დანარჩენი შვილებიც შეაპყრობინა, მოაყვანინა სახლში და ისინიც ბნელ ორმოებში ჩააყრევინა.

ზის ჯიხვა ცივ და ბნელ ორმოში და ფიქრობს, როგორ დააღწიოს თავი სატანჯველს. ერთხელ ასეთ ფიქრებში რომ იყო გართული, უცბად თავზე რაღაც დაეცა. აიხედა მაღლა და ბნელში ჩამოშვებული თოკი დაინახა. იმავე წამს მაღლიდან ნელი ჩურჩული გაიგონა: - მოეჭიდე თოკს და ამოდიო.

ჯიხვა მოეჭიდა თოკს და ავიდა. ორმოს თავზე ჯოჯოხეთა ხელმწიფის უმცროსი ქალი დახვდა. ქალმა მოჰკიდა ხელი, გაიყვანა გალავანში და უთხრა: - დაყოვნების დრო აღარ არის, აჰა, ცხენი და იარაღი, ყველაფერი მოგიმზადე. წადი, შეკრიბე ხალხი, დაესხი მამაჩემის სასახლეს და გამიტაცე. შენს მამას და და-ძმებს მე მოვხედავ, შენ მხოლოდ შენს თავს მოუარე და ჩემს გატაცებაზე იფიქრო. - აკოცა ქალმა ერთი და გაისტუმრა.

შეჯდა ჯიხვა ცხენზე და წავიდა. მიდის, მაგრამ არ იცის, საით მიდის. ბევრი იარა თუ ცოტა, ბოლოს გზაზე ერთი თავისკბილა ბიჭს გადაეყარა. ჯიხვას მოეწონა ბიჭი და გამარჯობა უთხრა. - გაგიმარჯოსო, - მიუგო ბიჭმა. ჯიხვამ შეატყო რომ ბიჭი რაღაცაზე დაღონებული იყო და მიზეზი და ვინაობა ჰკითხა.

ბიჭმაც დაუფარავად უამბო:

- მე ერთი ძლიერი ხელმწიფის შვილი ვარ. მამაჩემი ღრმად მოხუცი იყო და ორივე თვალით ბრმა, მაგრმ ტახტს მაინც არ მაძლევდა. იბარებდა ექიმებს და თვალებისა და სიბერის წამალს სთხოვდა, რომ თვალებიც ახელოდა და კიდეც გაახალგაზრდავებულიყო. ვინ არ მოიწვია, ვისთან არ იმკურნალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, არც სინათლე დაუბრუნდა და არც სიჭაბუკე.

ბოლოს ერთი წუნკალი დედაბერი შეუჩნდა, მე მოგარჩენო და წამალიც ასწავლა: თუ ათი წელიწადი ახალშობილთა სისხლში იბანავებ, თვალებიც აგეხილება და ახალგაზრდობაც დაგიბრუნდებაო. დაუჯერა მამაჩემმა დედაბერს, დაგზავნა ჯარი თავის სახელმწიფოს ყველა კუთხეში და რაც ახალშობილი ბავშვი იყო, ქალიც და ბიჭიც, ყველა მოაყვანინა, დაახოცინა და სისხლში იბანავა. ამ ხნიდან მოკიდებული სულ ასე მეორდებოდა, ყოველდღე მოჰყავდათ ახალშობილი ბავშვები, ხოცავდნენ და სისხლში მამაჩემს აბანავებდნენ.

შეწუხდა ხალხი, ყველგან ტირილი და გლოვა ისმოდა. შიშით შვილს ვეღარავინ აჩენდა და ქვეყანას გადაშენება მოელოდა. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა, მაგრამ მამაჩემის ხათრითა და რიდით ვერაფერს ვამბობდი. ერთ დღესაც ჩვეულებრივ მორეკეს ბავშვები - ასი ბიჭი და ასი გოგო. ბავშვებს დედებიც უკან მოჰყვებოდნენ და შეიქმნა ერთი ზარი და მოთქმა, - აქეთ ბავშვები წივიან, იქით დედები იცემენ თავში და იხოკავენ ყელ-ყურს.

მაშინ კი ვეღარ მოვითმინე, დავავლე ხმალს ხელი და მამაჩემს თავი ბატკანივით გავაგდებინე, მერე გამოვვარდი კარში, დავხოცე ყველა კარისკაცი და შვილები დედებს დავუბრუნე. აი, ასეთი მძიმე საქმე შემემთხვა და ამის შემდეგ აბა ჩემს სახელმწიფოში როგორღა დამედგომებოდა, ხალხი მამის მკვლელს დამიძახებდა. მეც ავდექი და გამოვიქეცი, მაგრამ სად მივდივარ, სად წავიდე ან რა გავაკეთო, თვითონაც არ ვიციო.

ჯიხვამაც უამბო თავისი თავგადასავალი, დაძმობილდნენ და წავიდნენ ერთად. ბევრი იარეს თუ ცოტა, ბოლოს ერთ უცხო ქვეყანაში მოხვდნენ და ბინად ერთ დედაბერთან დაბინავდნენ. მეორე დილას გამოვიდნენ და ქალაქი დაათვალიერეს: ნახეს იმ ქვეყნის მეფის სასახლე და ძალიან მოეწონათ, ოღონდ ეგ იყო, გალავანზე სულ კაცის თავები ჰქონდა შემოვლებული.

დაბრუნდნენ საღამოს შინ და თავიანთ დიასახლისს ჰკითხეს, - ამ თქვენს ქალაქში ყვლაფერი კარგია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგეთ, რად არტყია მეფის სასახლეს კაცის თავების გალავანიო?

დედაბერმა უთხრა: - არ მინდა, რომ გითხრათ, კარგი ახალგაზრდები ხართ, ვაითუ სულმა წაგძლიოთ და დაიღუპოთო.

ბიჭები არ მოეშვნენ, - განა რა უნდა იყოს ისეთი, გვითხარიო.

- ამ ჩვენს ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავს, - უთხრა დედაბერმა, - ცოლად გაყოლაზე ქალი უარს არავის ეუბნება, მაგრამ ერთი პირობით: ერთ გამოცანას ეტყვის, თუ გამოიცნო, გაჰყვება ცოლად, თუ ვერა და, თავს მოაჭრის და გალავანზე დადებს. დედამიწის რომელი კუთხიდან აღარ მოდიან მთხოვნელები, მაგრამ თავს ყველა აქ ტოვებს. ასე გაკეთდა ეს გალავანიო.

ხელმწიფის შვილმა ჯიხვას შეხედა და უთხრა: - ბედი უნდა ვცადო და დამეხმარეო. ჯიხვას თავისი გასაჭირი აწუხებდა, მაგრამ ძმადნაფიცს ხათრი ვეღარ გაუტეხა და დათანხმდა.

გათენდა მეორე დილა და ძმობილები ხელმწიფის სასახლისაკენ გაემართნენ. გზაზე ჯიხვამ უთხრა: - გამოცანას რომ გეტყვის, თუნდაც იცოდე, მაშინვე ნუ უპასუხებ. მოფიქრების დრო მოითხოვე, გამოდი, მე მითხარი და პასუხი ორივემ ერთად მოვიფიქროთო. დაეთანხმა ხელმწიფის შვილი და შევიდა სასახლეში. ჯიხვა გარეთ დარჩა და დაელოდა.

გამოვიდა ხელმწიფის შვილი დაღონებული. ჯიხვა მიუხვდა გასაჭირს და ჰკითხა:

- აბა, როგორ არის საქმეო?

- ძალიან ცუდად, - უთხრა ხელმწიფის შვილმა, - მგონი, თავის მოკვეთა არ ამცდებაო.

- მაინც რა გკითხა ასეთიო? - ჰკითხა ჯიხვამ.

- თუ ჩემი თავი გინდა, გამოიცანი ვინ იყვნენ სულამბარი და გულამბარი, თუ არადა, შენი თავი ჩემი ციხის გალავანს მიემატებაო.

- დრო რამდენი მოგცაო? - კიდევ ჰკითხა ჯიხვამ.

- სამი თვე და სამი კვირაო.

- დრო საკმაოაო, - თქვა ჯიხვამ და ხელმწიფის შვილს უთხრა, - მეტი რა ღონეა, უნდა წავიდეთ და სადაც იქნება და არ იქნება, გავიგოთ ვინ იყვნენ სულამბარი და გულამბარიო.

ადგნენ იმავე დღეს, შეკაზმეს ცხენები, გამოეთხოვნენ დედაბერს და წავიდნენ. იარეს ბევრი, ბევრი ქვეყანა მოიარეს, მაგრამ სულამბარისა და გულამბარის ამბისა ვერაფერი გაიგეს. დაბრუნდნენ ისევ დედაბერთან. სიარულში სამი თვე გავიდა და სამი კვირაღა შერჩათ. სამი კვირის თავზე ხელმწიფის შვილი პირობის თანახმად ხელმწიფის ქალთან უნდა გამოცხადდეს და თავი სასიკვდილოდ დადოს.

ჯიხვას ბოღმისაგან გული უსკდება, რომ მეგობარს ვერაფერს შველის და მთელ დღეებს ოხვრა-გმინვით ატარებს. ერთ დღეს ხელმწიფის შვილი გულის გადასაყოლებლად ქალაქში იყო გასული, ჯიხვა მარტო იჯდა შინ და კვლავ იმაზე ფიქრობდა, რით ეშველა ძმობილისთვის. უცბად მეორე ოთახიდან რაღაც ჩურჩული გაიგონა, წამოდგა და კარის ჭუჭრუტანაში შეიხედა: დედაბერს შუა ოთახში თექა გაეშალა, ზედ მორთხმით დამჯდარიყო და თმაგაწეწილი რაღაც ჯადოსნურ ლოცვებს იზეპირებდა.

ჯიხვამ იფიქრა, ემანდ ეს დედაბერი ჯადოქარი არ იყოს და სულამბარისა და გულამბარის ამბავიც თვითონვე არ იცოდესო. შევარდა უცბად, წაუჭირა დედაბერს ყელში ხელი, თან ოქროთი სავსე ქისა დაანახვა და უთხრა:

- აირჩიე, რომელი გინდა - სიკვდილი თუ სიმდიდრე. მეტყვი სულამბარისა და გულამბარის ამბავს, გაგამდიდრებ, არ მეტყვი და - კატასავით დაგახრჩობო.

შეეშინდა დედაბერს, მართლა არ დამახრჩოსო და უთხრა: - ამიშვი და გეტყვიო.

აუშვა ჯიხვამ დედაბერი და უთხრა: - სულამბარისა და გულამბარის ამბავი მე კი ვიცი, მაგრამ უმჯობესია, შენი თვალით ნახო და მოისმინო. მე გასწავლი ერთ ადგილს და თუ იქ შეხვალ, ყველაფერს დაწვრილებით გაიგებო.

დედაბერმა ქალაქის განაპირას ერთი მაღალგალავანშემორტყმული სახლი დაანახვა და დაუმატა, - ეგ სასახლე, აგერ, ჩვენი ქუჩის ბოლოს რომ დუქანი აქვს, იმ ვაჭრისაა, და სულამბარისა და გულამბარის ამბავიც იმან იცის. წადი, გაეცანი ვაჭარს, დაუახლოვდი და იქნებ როგორმე მოახერხო იმის სახლში შესვლაო. - რაკი მეგობრის გულისთვის ასე თავსა სდებ, მეც მოგეხმარები, ეს თმები კარგად შეინახე, სადაც ძალიან გაგიჭირდეს, მახსენე და მეც იმავ წამს იქ გავჩნდებიო.

ჯიხვამ სთხოვა დედაბერს, ჩემს დაბრუნებამდე ჩემი ძმობილი არსად გაუშვაო, და წავიდა. მივიდა დუქანთან და ვაჭარს სთხოვა: - შორი ქვეყნიდან მოსული კაცი ვარ, სამუშაო არაფერი მაქვს და, თუ გამოგადგები, მიმიღე დუქანში მოჯამაგირედო.

ვაჭარს მართლაც სჭირდებოდა დუქანში კაცი და უარი არ უთხრა. დაუდგა ვაჭარს მოჯამაგირედ, დაგავა დუქანი, დაასუფთავა ყაფაზები, დაალაგა საქონელი და ვაჭრობაშიც მიეხმარა.

საღამოს ვაჭარმა ჯიხვა დუქანში დატოვა და თვითონ შინ წავიდა. მეორე დღესაც ჩვეულებრივ ივაჭრეს, ხოლო საღამოს, როცა დუქნის დაკეტვის დრომ მოაწია, ჯიხვამ სთხოვა ვაჭარს, აქ ნუღარ დამტოვებო,- წუხელაც სულ ეშმაკები მელანდებოდნენ და შიშით გული გამისკდა, შენთან წამიყვანე სახლშიო.

- წაგიყვანდი, - უთხრა ვაჭარმა, - მაგრამ იქ უარესი დაგემართება და არ მინდა, ჩემი გულისთვის ხიფათს გადაეყაროო.

- ოღონდ წამიყვანე და რაც არ უნდა შემემთხვეს, შენ არაფერზე დაგემდურებიო. - უთხრა ჯიხვამ.

- კარგი, წაგიყვან, - უთხრა ვაჭარმა, - მაგრამ თუ რამე დაგემართა, ჩემი ბრალი არ იყოსო. - დაკეტა დუქანი, წავიდა სახლში და ჯიხვაც თან წაიყვანა.

გააღო გალავნის ჭიშკარი ვაჭარმა და რომ შევიდნენ, დაკეტა. შეიყვანა ჯიხვა სახლში, გაატარა მედიდურად მორთული დარბაზები და ბოლოს ერთ პატარა ოთახში ტახტზე დასვა. სასახლეში კაცის ჭაჭანება არ ჩანდა.

ვაჭარმა თვითონ გააწყო სუფრა, ავახშმა ჯიხვა და თვითონვე აალაგა. მერე ტახტის ქვეშიდან ერთი კაცის თავი გამოაგორა, ჩამოიღო კედლიდან მკლავის სიმსხო რკინის მათრახი, რად მიღალატე, რა დაგიშავეო, უთხრა თავს და დაუწყო რკინის მათრახის ცემა. კარგად რომ დაიღალა, თავი ისევ ტახტის ქვეშ შეაგორა და დაისვენა.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ წამოდგა და ტახტისქვეშიდან ახლა ქალის თავი გამოაგორა. იმასაც ისე უთხრა, - რა გინდოდა, რა გაკლდა ჩემს ხელში, რისი გულისთვის მიღალატეო, და იმასაც მათრახით სცემა. ცემით რომ გული იჯერა, ქალის თავიც ისევ ტახტის ქვეშ შეაგორა, მათრახი კედელზე დაკიდა და ჯიხვას უთხრა:

- ახლა დავწვეთ და დავიძინოთო.

ჯიხვამ უარი უთხრა: - სანამ არ გავიგებ, ვისი იყო ეს თავები, ან ეს ცემა რას ნიშნავდა, არც დავიძინებ და არც აქედან წავალო.

ამაზე ვაჭარმა უთხრა: - დაეხსენ ამ თავების ამბავს, თორემ ფიცი მაქვს მიცემული, ჩემს გარდა ვინც ამ საიდუმლოს გაიგებს, უნდა მოვკლაო. ჰოდა, დამეხსენ, თორემ შენც მოგკლავ და მესამე საცემი შენი თავი გამიხდებაო.

მაგრამ ჯიხვა არც ამ მუქარას შეუშინდა და კვლავ ხვეწნით უთხრა, - ოღონდ მითხარი და რაც გინდა მერე ის მიყავიო.

- კარგი, რაკი არ იშლი, გეტყვი, - უთხრა ვაჭარმა, ჯიხვა ტახტზე გვერდით მოისვა და უამბო:

- აი, ხომ ხედავ ჩემს სიმდიდრეს? ამ ქალაქში ჩემზე მდიდარი არავინ იყო, მაგრამ სხვა მდიდრებივით სიძუნწე არ მჩვეოდა, ღარიბსა და მათხოვარს განუკითხავს არ გავუშვებდი და სიკეთისათვის ღმერთიც ბარაქას მაძლევდაო. ერთხელ ერთი გლახა - მათხოვარი შევიცოდე და მოჯამაგირედ ავიყვანე. გავამდიდრე, წელში გავიმართე და კაცად ვაქციე. მაგრამ იმან სიკეთე ბოროტებითა და ღალატით გადამიხადა, - ჩემი ცოლი შეიყვარა და გულში ჩემი მოკვლა და თავიდან მოშორება გადაწყვიტა. აი ის პირველი თავი სწორედ იმისი იყო და ცემითაც იმიტომ ვცემდიო.

- ცოლად ულამაზესი ქალი მყავდა, - განაგრძო ვაჭარმა, - ლამაზი ცოლით თავი მომქონდა და დიდ პატივშიც მყავდა, რა სურვილი უნდა გასჩენოდა, რომ არ ამესრულებინა, თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ სიკეთე არც ამან დამიფასა, - ჩემი გლახა მოჯამაგირე შეიყვარა და მოკვლა მომინდომა, მე ეს ამბავი ერთი ჩემი კეთილისმყოფელი კაცისაგან გავიგე, დავასწარი და ორივეს თავები დავაყრევინე.

აი ის მეორე თავი ჩემი ცოლისა იყო და ცემითაც იმიტომ ვცემეო. ეს ამბავი ამ ქვეყანაში ჩვენი ხელმწიფის გრძნეული ქალის მეტმა არავინ იცის, მხოლოდ იმან გაიგო, სულამბარისა და გულამბარის ამბავი დაარქვა და გამოცანად იყენებს, ხოლო მე დამიბარა და გამაფრთხილა, თუ მესამე კაცთან წამოგცდა, ან იმ კაცს თავი მოჰკვეთე, რომ არსად თქვას და საიდუმლო არ გამჟღავნდეს, ან არადა, შენ გამოგასალმებ წუთისოფელსო. ახლა ძალიანაც მენანები, მაგრამ რა ვქნა, ჩემ სიკვდილს ისევ შენი სიკვდილი მირჩევნია, თავი უნდა მოგკვეთო და ჩვენი ხელმწიფის ქალს წავუღო, თორემ ცოცხალს არ გამიშვებსო.

რაღა უნდა ექნა ჯიხვას, პირობას ვერ გადავიდოდა, მაგრამ რომც გადასულიყო, წასასვლელი არასაით ჰქონდა, ყველა კარი შიგნიდან იყო დაკეტილი, ხოლო ვაჭარმა უკვე ხმალი ამოიღო და უთხრა, სასიკვდილოდ მოემზადეო.

ჯიხვას იმდენად თავისი სიკვდილი არ აწუხებდა, რამდენადაც ის, რომ მეორე დღეს მის ძმობილ ხელმწიფის შვილს პირობის ვადა უმთავრდებოდა და თავის მოსაკვეთად ხელმწიფის ქალთან უნდა გამოცხადებულიყო. დაღონდა ჯიხვა, ვერც ძმობილს რასმეს შველოდა და თვითონაც სიცოცხლეს ესალმებოდა.

ამ დრომ მოაგონდა დედაბრის მოცემული თმები და ვაჭარს უთხრა: - პირი პირია, უარს ვერ გეტყვი, მხოლოდ ერთსა გთხოვ, ერთი წუთით აივანზე გამიშვი, სიკვდილის წინ ქრისტიანულად ვილოცებ და მერე შენი ნება ასრულდესო. ვაჭარმა ნება დართო, იცოდა ჭიშკარი მჭიდროდ ჰქონდა დაკეტილი შიგნიდან, ხოლო გალავანზე ვერ გადახტებოდა.

გამოვიდა ჯიხვა აივანზე, ამოიღო დედაბრის თმები და ახსენა. იმავე წამს მოფრინდა დედაბერი, შეისვა ჯიხვა მხრებზე და გააფრინა. ვაჭარი ელოდა, ელოდა, მაგრამ ჯიხვა რომ აღარ გამოჩნდა, თვითონ გამოვიდა აივანზე. მიხვდა რომ ხელიდან გაუსხლტა და თავი მოიკლა.

გათენდა მეორე დილა.

უამბო ჯიხვამ ხელმწიფის შვილს სულამბარისა და გულამბარის ამბავი და წავიდნენ ხელმწიფის ქალთან. ჯიხვა გარეთ დარჩა, ხოლო ხელმწიფის შვილი ქალთან შევიდა.

ქალმა ჰკითხა: - აბა როგორა ხარ პირობაზე, ცოლად წამოგყვე თუ თავი მოგკვეთოო? - ყველაფერზე მზადა ვარ, ოღონდ ჯერ მომისმინეო, - უთხრა ხელმწიფის შვილმა და უამბო, რაც ჯიხვასაგან გაიგონა:

- იყო ერთი ძალიან მდიდარი ვაჭარი და ჰყავდა მზეთუნახავი ცოლი. ერთხელ ვაჭარმა ერთი გლახა აიყვანა მოჯამაგირედ. გლახამ და ვაჭრის ცოლმა ერთმანეთი შეიყვარეს და ვაჭრის მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ გაუგო ვაჭარმა ღალატი და თვითონვე დააყრევინა თავები. ეს ყველაფერი შენს მეტს არავის გაუგია, სულამბარისა და გულამბარის ამბავი დაარქვი და გამოცანად იყენებდიო.

- მართალი ხარო, - უთხრა ქალმა, - მაჯობე პირობაში და დღეიდან შენი ცოლი ვხდებიო. - შეიყვანა ხელმწიფის შვილი მამასთან და უთხრა: - აი, ჩემი საქმრო და ჯვარი დაგვწერეო.

ხელმწიფემ თავის ქალს გადაუხადა დიდი ქორწილი და დიდძალი მზითევიც გაატანა. ჯიხვამ ვაჭრის ქონება წამოიღო და წამოვიდნენ ხელმწიფის შვილის ქვეყანაში.

ხალხმა არათუ უარყო ხელმწიფის შვილი, მადლობაც გადაუხადა ავი მამის მოკვლისათვის და იმავე დღეს ტახტზე აიყვანა.

ჯიხვამ უთხრა ხელმწიფის შვილს: - ჩვენ ყველაფერი საზიარო გვაქვს და ტოლად უნდა გავიყოთო.

ხელმწიფის შვილი დათანხმდა და მთელი ქონება, რაც ნაშოვნი ჰქონდათ, თანატოლად გაიყვეს.

მერე კიდევ უთხრა ჯიხვამ: - ახლა ქალიც უნდა გავიყოთო.

ხელმწიფის შვილს გაუკვირდა: - ქალი როგორ უნდა გავიყოთ, თუ გინდა, შენ დაგითმობო.

- არაო, - უთხრა ჯიხვამ, - უნდა გავჭრათ შუაზე - გამოიყვანა ქალი, დააყენა და უთხრა: - შენც საზიარო ხარ და შუაზე უნდა გაგჭრაო. - იძრო ხმალი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მოუქნია. ქალი შეშინდა და პირიდან მწვანე შხამი წამოანთხია.

ჩააგო ხმალი ჯიხვამ ისევ ქარქაშში და ხელმწიფის შვილს უთხრა: - აჰა, აი ახლა წაიყვანე ცოლად, რაც ბოროტება ჰქონდა გულში, სულ წამოვარწყევინე და ამის შემდეგ ერთგულ ცოლობას გაგიწევსო.

რამდენიმე დღის შემდეგ ჯიხვამ სთხოვა ხელმწიფის შვილს: - ჯარი მომეცი, რომ ჩვენი ჯოჯოხეთა ხელმწიფე დავამარცხო და ჩემი და-ძმები და მამა ტყვეობიდან გამოვიხსნაო.

მისცა ხელმწიფის შვილმა ჯარი, საუკეთესო სარდლები და თვითონაც თან გაჰყვა.

მივიდნენ ჯოჯოხეთა ხელმწიფის სამფლობელოში და ხელმწიფესაც და იმის კარისკაცებსაც თავები დაჰკვეთეს. ჯიხვამ პირობისამებრ ჯოჯოხეთა ხელმწიფის კეთილი ქალიშვილი შეირთო და ხელმწიფედ ეკურთხა. გაათავისუფლა მამა, და-ძმები და ნაზირ-ვეზირებად დაიყენა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა, 

ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ