ერთ სოვდაგარს ყოველ წელიწადს მოჯამაგირე ჰყავდა. წელიწადში სამ თუმანს უხდიდა.
ერთ წელიწადს ერთი საწყალი გლეხი დაუდგა მოჯამაგირედ. წლის ბოლოს სამი თუმანი დაუწყო წინ და უთხრა:
- ეს სამი თუმანი გირჩევნია, თუ სამი სიტყვაო?
გლეხმა იფიქრა: მაინც ღარიბი ვარ და ღარიბი, სამი თუმანი ხომ ვერ გამამდიდრებსო, მოდი, ამ სამ თუმანს დავანებებ და სამი სიტყვა მითხრასო:
სოგდაგარმა ეს სამი თუმანი მაშინვე ჩაიკეცა ჯიბეში და უთხრა სამი სიტყვა:
- ერთი - აქედან რომ წახვალ, რაც შენმა თვალებმა მოიწონოს, უბრალო კენჭიც კი, აიღე და შინ წაიღე;
- მეორე - რასაც ვერ შესწვდე, არ წაეპოტინო;
- მესამე - შენი გულის პასუხი, ცოლი რა არის, იმასაც კი არ უთხრაო!
გლეხი ადგა და წავიდა. ვაი, სამო თუმანო, აბა, რად მინდოდა სამი სიტყვა, სამი თუმანი ჩემს გაჭირვებულ ცოლ-შვილს ცოტა რამეს უშველიდაო, დარდობდა გზაში. მოდის დაფიქრებული.
ერთ ჭრელ გველს ტყავი გაუხდია და გზაზე გდია. მოეწონა. მოაგონდა სოვდაგრის სიტყვა, აიღო და ჯიბეში ჩაიდო.
ეზოში რომ შევიდა, გველის ტყავის გადაგდება უნდოდა, მაგრამ შეეშინდა: არაფერი ავნოს ვისმესო და
დიდი ქვის ქვეშ შედო. შევიდა შინ, დაწვა და დასაძინებლად მოემზადა.
ცოლმა ჰკითხა:
- რა ქენი, კაცო?
- დამაცა, გათენდეს, ხვალ გეტყვი!
გათენდა მშვიდობის დილა. ქალი გარეთ გამოვიდა, შეხედა, ეზოში ერთი ძალიან დიდი ალვის ხე ამოსულა. ცაში აქვს წვერი. შევარდა შინ და ქმარს უთხრა:
- კაცო, ეს ალვის ხე შენ ხომ არ მოგიტანია, გუშინ არ იყო, დღეს საიდან გაჩნდაო?
გლეხმა შეხედა თუ არა თქვა: ერთი თუმანი უკვე გავინაღდეო! ახლა მთელი სოფელი ალაპარაკდა: საიდან და როგორ ამოვიდა ამოდენა ალვის ხეო!
გლეხმა ხალხს უთხრა:
- თუ ძალიან გინდათ გაგება, მე ვიცი, რაზეც არის ამოსული ეს ალვის ხე, დავნაძლევდეთ და თუ ვინმემ გაიგოს, თავი მომჭერით, თუ არადა, სანაძლეო დააწყვეთო!
დღესა, ხვალა, ზეგა ამ კაცმა გაიმარჯვა სანაძლეოებით. საქმე წინ მიდის. მოდის და მოდის სანაძლეო. ერთ დღეს ვიღაც ვაჭარმა ჩამოიარა. ყრილობა რომ დაინახა, იკითხა:
- ეს ხალხი რად მოგროვილაო?
- აგერ, ეს ალვის ხე ერთ ღამეს ამოვიდა და ამხელა გაიზარდა: პატრონმა იცის რაზეა ამოსული და სანაძლეოებს იგებსო - უპასუხეს.
ვაჭარმა თქვა: ამ საქმეს თუ გავიგებ მხოლოდ ქალისაგან, თორემ ქმარი არ იტყვისო!
ერთ დილით ადრე ჩამოიარა. გლეხის კარზე ჯერ არავინ მოსულიყო. აიღო ათი მეტრი ჩითი და გადაუგდო. მეორე დილასაც ადრე ჩამოიარა და ათი მეტრი აბრეშუმი გადაუგდო. მესამე დილას საკაბე გადაუგდო.
ახლა ქალმა დაუძახა:
- აქეთ გამოიარე, რატომ ყრი მაგ ფართალს, გუნებაში რა გაქვსო?
- რამდენი წელიწადია, მიყვარხარ, პირში ვერ გიბედავ და ასე შორიდან მინდა, რამე გასარგებლოო! - უპასუხა ვაჭარმა.
ქალმა იფიქრა: თუკი ამ ვაჭარს ვუყვარვარ, მეც ის მიყვარსო! გამოუტყდა სიყვარულში. ვაჭარმა დაიწყო ქალთან სიარული. გავიდა დღე, თვე, წელიწადი. ერთხელ ქალს უთხრა:
- ნუთუ არ იცი, ეს ხე რაზეა ამოსული?
- არ ვიცი და არც მიკითხავს!
- აბა, საღამოზე შეეკითხე ქმარს და სინამდვილე გაიგე!
მოვიდა საღამოს ქმარი და ცოლმა ჰკითხა:
- რა კარგია, მეც ვიცოდე, ეს ხე რაზეა ამოსული, განა არ მეტყვი?
- აბა, რად გინდა?
- როგორ არ მინდა, დღეს დიდი სანაძლეო დავკარგე, შენ შინ არ იყავი, მსურველები კი უკან წავიდნენ. რომ მცოდნოდა, მეც მოვიგებდი სანაძლეოს!
- არა უშავს რა, რასაც მე ვღებულობ, საკმარისია! - უთხრა ქმარმა.
ცოლი კიდევ შეუჩნდა, ჩააცივდა, დღე და ღამე მოსვენება არ მისცა, უნდა მითხრა და უნდა მითხრაო!
- კარგი, ხვალ გეტყვიო, - უთხრა გაბეზრებულმა ქმარმა, - ოღონდ არავინ გაიგოსო!
ქალმა მეორე დღეს გააფრთხილა ვაჭარი: კარებთან დაწექი, ჩუმად მოისმინე, რასაც ქმარი მეტყვისო.
ვაჭარი ღამით მიიპარა კარებთან და ყური დაუგდო ცოლ-ქმრის საუბარს. შუაღამეა და ქმარი ჩუმად ეუბნება:
- არავინ გაგვიგოს კია და ეს ალვის ხე გველის ტყავზეა ამოსულიო!
- რაო, გველის ტყავზეო? - წამოიძახა ქალმა ხმამაღლა; რა არის, კარებში რომ ვაჭარი წევს, იმას გააგონოს.
გაჭარმა გაიგონა ყველაფერი, წავიდა და ტკბილად დაიძინა. გათენდა დილა და ჯორ-აქლემით მიადგა გლეხს კარზე.
- აბა, სანაძლეო დავდოთ, გამოდი გარეთ! - დაუძახა გლეხს, - მე ვიცი, ეს ხე რაზეც არის ამოსული. თუ გამოვიცნო, სამ რამეს დავადებ შენს ოჯახში ხელს და მომეცი, თუ ვერ გამოვიცნო, სამ რამეს, რასაც შენ დაადებ ჩემს სახლში ხელს, მოგართმევო!
დანაძლევდნენ. ვაჭარმა უთხრა:
- ეგ ალვის ხე გველის ტყავზეა ამოსულიო!
- მართალია, ნამდვილად გველის ტყავზეა ამოსულიო! - უპასუხა გაკვირვებულმა გლეხმა.
მართლაც, მოჭრეს ალვის ხე, ნახეს, გველის ტყავზეა ამოსული. წააგო სანაძლეო! ბოლოს, ვაჭარს სთხოვა: სანაძლეო მოიგე, მაგრამ მომეცი ერთი დღე-ღამის ვადა, ამის შემდეგ, პირობის თანახმად, სამ რამეს, რასაც ისურვებ, მიიღებო!
გაჭარმა მისცა ვადა. თვითონ საქეიფოდ დაჯდა. გლეხმა კი დაჰკრა ფეხი და სოვდაგართან გაიქცა. სოვდაგარს მისი მისვლა გაუკვირდა.
- რა გაგიჭირდა, რად დაღონებულხარ, ხომ არა შეგემთხვა რაო?
- ასეა და ასე ჩემი საქმე, სანაძლეო წავაგე, რამე მიშველეო.
- დაჯექი, ჯერ პური ვჭამოთ და მერმე მოვიფიქროთო! - უთხრა სოვდაგარმა.
დასხდნენ, პური ჭამეს და საუბარი გამართეს.
- განა არ გითხარ, შენი საიდუმლო არავის უთხრა-მეთქი? საიდუმლო გაგიმხელია და სანაძლეო იმისათვის წაგიგიაო.
- რა ვქნა, ქალმა შემაცდინა, ცოლია, ვენდობი-მეთქი, ვიფიქრე.
სოგდაგარმა მისცა ერთი ხორასნის ხმალი და ერთიც სალესავი; თანაც დაარიგა:
- წადი, დადექ ამაღამ და მთელი ღამე ლესე ეს ხმალი. კარგად გალესე და დილით ადრე კიბეზე დადექი, გაჭარი მოვა თუ არა, შემოდგება საფეხურზე და ცალ-ხელს მოაჯირს მოჰკიდებს, მეორე ნაბიჯს რომ გადმოდგამს, მეორედ მოჰკიდებს ხელს, მესამე საფეხურზე მესამედ მოჰკიდებს ხელს მოაჯირს. შენ მაშინვე გააჩერე, სამ რამეს უკვე დაადე ხელი-თქო, ჩამოუჭერი ეს მოაჯირი და მიეციო.
გლეხი გახარებული წამოვიდა. მთელი ღამე ლესა და ლესა ხმალი.
ცოლს გული უსკდება: თუ თავს მჭრის, რაღას აგვიანებსო! შიშით არა და არ ეძინება. გათენდა დილა, მოვიდა ვაჭარიც.
- აბა, მეგობარო, სანაძლეო ხომ მოგიგე, მზად ხარ თუ არაო?
- მობრძანდი, მზადა ვარ, რაც გნებავს, დაადე ხელი და წაიღეო!
ჩაუდგა მეხუთე საფეხურს და დაუდგა ხმლით. ამოდის ვაჭარი, ფეხი რომ გადმოდგა, ხელიც დაადო მოაჯირს, მეორე ნაბიჯზე მეორედ დაადო ხელი, მესამედაც რომ დაადო ხელი, გლეხმა ჩამოუჭრა მოაჯირი და უთხრა:
- აი, სამჯერ ამას დაადე ხელი, აიღე და წაიღეო!
ხალხმა თქვა:
- სწორია ეგ კაცი, არა ტყუისო!
- არა, ძმაო, არ მინდა თქვენი მოაჯირი, აქვე იყოს, ვხედავ, მაჯობეო! - თქვა გაჭარმა და წავიდა ხახამშრალი.
გლეხი მობრუნდა, მიდგა ცოლს და სულ ტყავი გააძრო: ღამით გითხარ საიდუმლო, დილით უკვე გამეცი, რა ადამიანი ხარო!
ამ სანაძლეოში ერთ ხელმწიფეს ოქროსტარიანი დანაც მოუგო. ეს ხელმწიფე უკვე დიდი ხანია მოკვდა, ახლა მისი შვილი განაგებს სახელმწიფოს. მიუტანეს ამბავი ახალ ხელმწიფეს: მამაშენს ერთი ოქროსტარიანი დანა ჰქონდა, ამა და ამ გლეხმა სანაძლეოში მოუგო, უნდა მოიპატიჟო ისა და დანა როგორმე ხელში ჩაიგდოო.
ხელმწიფემ დიდძალი ხალხი დაპატიჟა, მათ შორის - ეს გლეხიცა და სოვდაგარიც. ყველა სტუმარს შემწვარი ქათამი ან ინდაური მიართვეს.
მასპინძელმა გამოაცხადა:
- სამყოფი დანები არა გვაქვს, საკუთარი დანები ამოიღეთ, დაჭერით ქათმები და მიირთვითო. ყველამ ამოიღო დანა, დაიწყეს ქათამ-ინდაურების დაჭრა, გლეხი დანას არ იღებს. ქალი შეუჩნდა:
- ამოიღე ეგ დანა, რა შავი დღისთვის გინდაო!
სოვდაგარმა თვალი უყო: არ ამოიღო დანა, არ გაბრიყვდეო! მაგრამ ქალი არ მოეშვა, აიძულა, ამოეღო დანა. როგორც კი დანა გაშალა და ფრთა და ბარკალი მოაჭრა შემწვარ ქათამს, ხელმწიფის შვილმა უყვირა:
- დააგდე, ეგ მამაჩემის დანაა, შენ მოგიკლავს მამაჩემი და დანაც წაგირთმევიაო!
დაიჭირეს გლეხი და მიაბრძანეს დილეგში. ხალხმა განაგრძო ქეიფი.
გათენდა მშვიდობის დილა. სოვდაგარმა თქვა: მოდი ერთს კიდევ ვუშველი, ერთი თუმანიც კიდევ მმართებსო. წაიყვანა კატა და მივიდა ციხესთან.
ეს პატიმარი ფანჯრიდან იყურებოდა და ყველაფერს ხედავდა.
- შენ ხომ იცი, - ვითომ კატას ეუბნება სოვდაგარი და სცემს, - გეტყვიან, ეგ დანა ვინ მოგცაო, ადექი და უპასუხე: მართალია დანა მამაშენის ნაქონია, მას მამაჩემის ვალი მართებია, არ გადაუხდია, მამაჩემი
გაბრაზებულა, მამაშენი მოუკლავს და დანაც წაურთმევიაო. თუ მამის ვალს გადამახდევინებ, იცოდე არც შენ შეგრჩება და ჩემი შვილი გაზღვევინებს ჩემს ვალსაო.
ყველაფერი გაიგონა პატიმარმა. დილით დაიბარა ხელმწიფემ და ჰკითხა:
- ეს დანა ვინ მოგცაო?
- ეგ დანა, მართალია, მამაშენის ნაქონია, მაგრამ მას მამაჩემის ვალი ჰქონია, ვალი რომ არ გადაუხდია, ამდგარა მამაჩემი, მოუკლავს მამაშენი და დანაც წაურთმევია, და თუ მე, შვილს გადამახდევინებ მამის ვალს,
იცოდე, არც შენ შეგრჩება, ჩემი შვილი მაინც გაზღვევინებსო, - უპასუხა გლეხმა.
მაშინ ხელმწიფემ თქვა: დანას ვართმევ, ვართმევ, სიკვდილს რაღას ვემართლებიო. გაათავისუფლა გლეხი.
გლეხი შინ რომ მივიდა, კარგად დაბეჟა ცოლი: ყველაფერი შენი ენისაგან მჭირსო.
ამის შემდეგ კარგად ცხოვრობენ და მხიარულადაც არიან.
ჭირი - იქა, ლხინი- აქა,
ქატო იქა, ფქვილი - აქა.