მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1594 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი, ღმერთი მაღალი, კაცი დაბალი. 

იყო ერთი მელია. იარა, იარა და შეხვდა ერთ მამალს.

- გამარჯობა, მამალო!

- გაგიმარჯოს, მელია!

- სად მიდიხარ, მამალო?

- არსად! ჩემს პატრონს ორმოც-ორმოცი დედალი ჰყავს, ჩემს მეტი მამალი არ ურევია. ჩემი პატრონი იძახის: ეს მამალი დაბერდა, რიგიანად ვეღარ დადის, უნდა დავკლაო. გამოვიპარე, მინდვრად უნდა ვიცხოვრო.

შენ სადღა მიდიხარ, მელიავ?

- მე იერუსალიმს მივდივარ, სული უნდა ვიცხონოო!

- მეც შენი ამხანაგი ვიქნებიო!

- კარგიო! - უპასუხა მელიამ. 

წავიდნენ. ბევრი იარეს, თუ ცოტა, შეხვდნენ ერთ ბატს:

- გამარჯობა, ბატო!

- გაგიმარჯოთ, მელიავ და მამალო!

- სად მიდიხარ, ბატო? რა გაგჭირვებია?

- ეჰ, რა სად მივდივარ? ჩემს პატრონს ათი-თორმეტი ჭუკი გავუზარდე, თითქმის ჩემი ტოლები გავხადე, ახლა იძახის: ეს ჭუკები შევინახოთ და ეს ბატი კი დავკლათ, დაბერდაო. ავდექი და გამოვიპარე, მინდვრად უნდა

გიცხოვროო! - მიუგო ბატმა.

მელიამ უთხრა:

- იერუსალიმს მივდივართ სულის საცხონებლად და მოდი, შენც ჩვენი ამხანაგი იყავიო!

- ძალიან კარგიო!

წაგიდნენ სამივენი. ბევრი იარეს, თუ ცოტა, შეხვდნენ ძერას.

- გამარჯობა, ძერავ!

- გაგიმარჯოთ, მელიავ, მამალო და ბატო! სად მიდიხართო?

- იერუსალიმს მივდივართ, სული უნდა ვიცხონოთო!

- მეც თქვენი ამხანაგი ვიქნებიო!

წავიდნენ. ბევრი იარეს, თუ ცოტა, შეხვდნენ ერთ ოფოფს.

- გამარჯობა, ოფოფო!

- გაგიმარჯოს, მელიავ, მამალო, ბატო და ძერავ! - სად მიდიხართო?

- იერუსალიმს, სული უნდა გიცხონოთო!

- მეც თქვენი ამხანაგი ვიქნებიო!

- ძალიან კარგიო!

წავიდნენ. იარეს, იარეს და მივიდნენ მელიის სოროსთან.

- აი, მოვედით იერუსალიმს, მობრძანდითო!

ისინი რომ სოროში შევიდნენ, თვითონ კარში ჩადგა და უთხრა:

- მამალო, აქ უნდა ვილოცოთ და სული ვიცხონოთო!

მამალმა სიხარულით ყივილი მორთო. მელიამ უთხრა:

- შენ ვინ მოგცა იმდენი ნება, შუაღამისას ყივილს დაიწყებ, მე რომ საქათმესთან მოვალ, შენ ხალხს აღვიძებ და პირცარიელს მტოვებო? - მოაგლიჯა თავი და დადო ძირს. 

მერე დაუძახა ბატს:

- მოდი, ბატო, აქ უნდა ვილოცოთო! - მივიდა ბატიც. 

- შენ ვინ მოგცა იმდენი ნება, - უთხრა მელიამ, - შუაღამე რომ გადავა, საათობით დაიწყებ ყიყინს და ხალხს აგებინებ, მე რომ საქათმესთან მოვალ და პირცარიელს მტოვებო?

- მოაგლიჯა თავი და დადო ძირს.

ძერას უთხრა:  - მობრძანდი აქ უნდა ვილოცოთო! მივიდა ძერა.

- შენ ვინ მოგცა იმდენი ნება, - უთხრა მელიამ, - ერთი საწყალი დედაკაცი ერთ-ორ წიწილას ძლივს გამოზრდის, მიხვალ და მოსტაცებ, მე კი ხელცარიელს მიშვებო? - მოაგლიჯა თავი და დადო ძირს.

დაუძახა ოფოფს. ოფოფმა უთხრა: 

- ოღონდ კი ნუ შემჭამ, ჩემი შეჭმა, აბა, რა გაგიხდება, და ერთს კარგად გაგაძღებ, კარგად გაცინებ და ისე გარბენინებ, რომ შენ დღეში ისე სწრაფად არ გაქცეულიყოო! 

- ძალიან კარგიო! 

გამოუძღვა ოფოფი. ატარა, ატარა. ერთ დედაკაცს გუთანზე სადილი მიჰქონდა. ოფოფი მივიდა და დედაკაცს წინ დაუჯდა. დედაკაცმა თქვა: თუ ეს ოფოფი არ დავიჭირე და ჩემი გოგოები არ გავახარე, არ იქნებაო. ჯერი ძირს დადგა და თვითონ ოფოფს გამოუდგა. ოფოფი ნელ-ნელა დაფრინავდა და დედაკაცი კარგა შორს გაიტყუა.

მელია მივიდა, გადააბრუნა ქოთანი და ერთი ღონივრად მიაძღა. დედაკაცი მოვიდა. ნახა ცარიელი ქოთანი. თავსა და პირში წაიშინა: უი, დამიდგეს თვალები, ახლა რაღა ვქნაო!

- გაძეხ, მელიავ, თუ არაო? - ჰკითხა ოფოფმა.

- ოჰ, შენი ოჯახი ააშენა ღმერთმა, ისე გავძეხ, რომ თავის დღეში ასე არ გავმძღარვარო!

- მაშ, მოდი, ახლა ერთი კარგა გაცინებო.

ოფოფი გაუძღვა მელიასა და ერთ საყდართან მიიყვანა. საყდართან ორი თავმოტვლეპილი ბერი დგას, ორივეს ჯოხები უჭირავს, ოფოფი მოფრინდა და ერთ ბერს თავზე დააჯდა, მეორე ბერი გაცეცხლდა: ოი, შე წყეულო და შეჩვენებულოო! დაუქნია ჯოხი, ოფოფი უნდა მოეკლა. ოფოფი აფრინდა და ჯოხი კი ბერს მოხვდა თავში და გაუხლიჩა.

ოფოფი ახლა იმ ბერს დააჯდა თავზე. გაჯავრებულმა თავგატეხილმა ბერმა მოუქნია ოფოფს ჯოხი, უნდა მოეკლა, ოფოფი აფრინდა და ჯოხი კი თავის ამხანაგ ბერს მოსდო და თავი შუაზე გაუხლიჩა.

მელია კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

- ხომ კარგად იცინე, მელიავ? - ჰკითხა ოფოფმა.

- უჰ, შენი ოჯახი ააშენა ღმერთმა, ამდენი ჩემს სიცოცხლეში არ მიცინიაო!

- ეს ხომ გაცინე, მელიავ, და სირბილიც მალე იქნებაო.

წაიყვანა მელია და ერთი ძეძვის ქვეშ დასვა: აქ მოიცადეო. წამოვიდა ოფოფი. მონადირეები მწევრებით კურდღლაობდნენ. 

- აქ წამოდით, მე გასწავლით კაი ნადირსაო! - უთხრა ოფოფმა.

გაუძღვა მათ და მელიას ზედ წააყენა.

- აბა, მელიავ, ახლა გაქცევის დრო მოვიდა, ადექი, რაღას ზიხარო?

მელიამ გაალმასებული მწევრები რომ დაინახა, ზეზე წამოიჭრა და გულგახეთქილმა მინდვრებისაკენ მოკურცხლა.

- ეჰო, - თქვა მელიამ, - შენმა დედამ რა მიყოს, ოფოფო, რომ პირველს შენ არ მოგაგლიჯე თავიო!

აბა, რა ხეირს დააყრიდნენ მწევრები მელიას, კარგად მიხვდებით!

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ