დიდი წითელი ავტობუსი გზის პირას გაჩერდა.
- ადი, შვილო, - უთხრა სალომე ბებიამ ლევანს.
ბიჭმა გატენილი ჩანთა გამოართვა და ავტობუსისკენ წავიდა. ბებიაც მიჰყვა.
ავტობუსის კიბეზე ჩანთის ატანას შველოდა, თან გაკვირვებით ამბობდა:
- გაგონილა, რა მალე გავიდა ზაფხული, თითქოს გუშინ იყო, ბიჭი რომ ჩამომგვარეს ქალაქიდან, მთელი ზაფხული აქ იქნებაო და აი, უკვე მიდის!
ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ბებიას ღიმილით გადმოხედა.
- აბა, შენ იცი, შვილო, მასე იყურე ფანჯრიდან, რომ დაგინახონ. ისინი იქ დაგხვდებიან. ყველანი მომიკითხე, ყველას აკოცე ჩემ მაგივრად! - მისძახოდა უკვე მიმავალ ავტობუსს სალომე.
ავტობუსი როცა თვალს მიეფარა, მოხუცი მხოლოდ მაშინ გაბრუნდა სახლისაკენ. მიდიოდა ნელა, თავჩაღუნული. ეზოში რომ შევიდა, ლეღვის ქვეშ კუნძზე ჩამოჯდა, მიიხედ-მოიხედა. მთელი ეზო-ყურე თითქოს დაცარიელებულიყო.
ხეებიდან ჩამოცვენილი ფარფატა ფოთლების ჩქამიღა ისმოდა.
ზის მოხუცი ლეღვის ქვეშ დანაღვლიანებული, აქეთ-იქით იყურება და ყველაფერი, რასაც თვალს მოჰკრავს, იმ პატარა გაკნაჭულ შვილიშვილს აგონებს.
უყურებს მოხუცი, უყურებს და ფიქრობს:
"მაინც რა მალე გავიდა ზაფხული?! ელდა იყო, სიზმარი თუ მოლანდება, ვერ მოვისურვილე ბიჭი. აბა, რა არის, როცა ლეღვი და ყურძენი იწევა, სწორედ მაშინ მიდიან ბალღები სკოლაში. ადრეულა ყურძნის კიწები კი ამოვუტანე ყმაწვილს ვენახიდან, მაგრამ ის რა იყო. ბებია მოუკვდეს, ისე წავიდა, ერთი კარგად მოწეული ყურძნის მტევანი ვერ მოწყვიტა თავისი ხელით! ნეტავ როგორ იმგზავრა? მე მგონი, ახლა უკვე ჩასულიც იქნება."
მაგრამ ბიჭი ჯერ არ იყო ჩასული, ისევ დიდ წითელ ავტობუსში იჯდა, შუშიდან გზის პირებს გაჰყურებდა და ჩაფიქრებით ამბობდა:
- ბებიას თქმისა არ იყოს, მართლაც, რა მალე გავიდა ზაფხული!
















