მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2875 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I თავი

 

- ოჰ, ოჰ, რა უბედურებაა, ღმერთმანი! აღარ მაცლიან, ცოტახანს თავისუფლად ამოვისუნთქო: ვინც არა მგონია, მთელავს და მქელავს. ჰშურთ, თუ როგორ არის, ვერ გამიგია, ჩემთვის ეს ყვავილები, ჩემი ამწვანება და გამოცოცხლება?

სად მოსცანცარებ, სად, შენ, ეი, ბრუციანო! ტალახი მაინც მოიშორე ფეხებიდან! - სწყრებოდა მდელო დიდს, უღრანს ტყეში მომწყვდეული და ათასფრად ყვავილებით აჭრელებული. კურდღელი კი ყურსაც არ უგდებდა, დაკუნტრუშობდა, ლაღობდა: არ იცოდა, რასა შვრებოდა ბუნების ეშხით დამთვრალი.

ნავარდობდა კურდღელი და თანაც მწვანე ბალახს შეექცეოდა. ხოლო ხანდახან წაულაპარაკებდა:

- კარგი ერთი; ღმერთი გაგახარებს! აბა, ეგ რა სათქმელია! მაშ, სადღა წავიდე, მითხარი, სად, როცა შენზე კარგსა და ლამაზს ვერავისა ვხედავ ამ დედამიწის ზურგზე? თითქოს პირველადა მხედავდე! მაშ, რა ვქნა, ტყეში ამოვირთო სული? შევძვრე სოროში და იქ ვიჯდე? თქვენ რატომ არა ზიხართ სოროში?! რა გიჭირდათ, აქამდის არხეინად განისვენებდით დედამიწის გულში! რად გადმოსცვივდით კარში, მზეში თავშიშველ-ფეხშიშველები? მე კი არ მინდა მზე დავინახო? პატარა ჰაერი ჩავყლაპო? დილა-საღამოს ცოტა ხნობით გეწვევით და მაშინაც სამდურავით მარჩობთ.

- ისე მაინც დაადგი ფეხები, ყვავილები არ გასთელო! - დუდუნებდა მდელო.

- აბა, რა სათქმელია! კიდეც ის მიყვარს, რომ ყვავილებს ვადგამდე ფეხებსა, და არა მარტო ფეხებს, მთელის ტანით ყვავილებში ვიყო გახვეული, - უპასუხებდა კურდღელი.

- შენ კი გაქრი, აჰაანდე! - დუდუნებდენ ყვავილები, - ხანდახან რომ კისერსაცა გვტეხავ, შე კისერმოსატეხო! მთელ დღე-ღამეს, ვიდრე წყლული არ გაგვიმთელდება და მაღლა თავს არ ავიღებთ, ვკვნესით, ვიტანჯებით.

- თქვენ, ქალბატონებო, რატომ ღმერთს მადლობას არა სწირავთ, რომ სრულიად არ გისპობთ სიცოცხლეს, არა გსრესავთ? - ამბობდა კურდღელი.

- ერთი ამას უყუროს კაცმა! სიცოცხლის მოსპობასაც გვემართლები? ის არ გეყოფა, რაც ჩვენს თავზე ოინებს ეწევი, სიკვდილსაც არ გვიქადოდე? რა უზრდელი რამა ხარ!.. მიყვარხართო! კაი სიყვარულია, თქვენმა მზემ, ადამიანს თავ-პირს ამტვრევდე, გვერდებს ალეწდე!.. ძალიან სიყვარულია! ეგრე შენ შეგიყვაროს მგელმა, მელამა და კვერნამ, როგორც შენ ჩვენ გიყვარვართ… - ამბობდენ ყვავილები.

- მიყვარხართ, ჩემი ყურების მზემა და რა ვქნა, რა ვსთქვა ამაზე მეტი? - უპასუხებდა კურდღელი.

- შენ კი არ გიყვარვართ, თუ სიმართლეს გვათქმევინებ, - მიუგეს ყვავილებმა, - აგერ იმას უყვარვართ; უცქირე კარგად, როგორ თავზე გვევლება, ზედ დაგვკანკალებს, შიშით ლამის ფერფლად იქცეს საცოდავი, ყვავილებს არაფერი ვაწყინო ან ვატკინოვო; ფოთოლსაც კი არავის გაგვიბრუდებს, როცა გვკოცნის, გვეალერსება, ან გვემუსაიფება.

- ჰმ, ჰმ! - წარმოსთქვა კურდღელმა, - რამდენადაც ლამაზები ხართ, იმდენად სულელებიც ჰყოფილხართ; რატომ არ გესმით, რომ პეპელას ფრენა შეუძლიან და მე - არა. ბარემ კარგი იყო, რაც უნარი მაქვს, ამასთან ერთად ფრენაც ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი და რა ვქნა?! მადლობა ღმერთს!.. ეჰ, ჩემო კარგებო, ჯერ თქვენ გამოუცდელი, ხამები ხართ, გუშინდელი ბალღები, კარგად ვერ იცნობთ მუხთალ წუთისოფელს. როცა გაიცნობთ, მაშინ იტყვით: ნეტავი ისევ კურდღლის მეტი ცხოველი თვალითაც არ გვენახა, იმის ხელში დავხოცილიყავითო, - უთხრა კურდღელმა.

- რა ცხოველებია, ან სად არიან ისინი? რატომ იმათაც არა ვხედავთ, როგორც, მაგალითად, შენ? - ჰკითხავდენ კურდღელს ყვავილები.

- ისინი არიან: დათვი, ირემი, შველი, ღორი, მგელი, მელა, კვერნა და სხვა. ჯერ იმათგანი თქვენ არავინ გსტუმრებიათ, რადგან ამ ტყეში სხვა ველებიც ბევრია: ამ არემარეს ბევრი გასავალ-გამოსავალი გზა აქვს, მე კი ხშირად იმიტომ გხედავთ, რომ ამ მდელოს ახლო დავიბადე, აგერ აქვე, ტყეში, და დედაჩემს აქ დავყვანდი სასეირნოდ. პატარაობიდანვე შევეჩვიე ამ მდელოს და მშობელ დედასავით მიყვარს… ზევით რომ ცხოველები ჩამოვთვალე, ერთ დროს ისინი თქვენც დაგხედავენ, რა გეჩქარებათ, ჯერ ხომ მეტი ხანი არ არის თქვენის გაჩენა-არსებობისა!

- ძალიან დიდრონი არიან? - დაეკითხნენ კვალად ყვავილები.

- უჰ, ზოგი მათგანი ასი ჩემოტოლაა. აბა, იმათი ფეხებია საშიში! ღმერთმა დაგიფაროთ, დათვი რომ შემოგივარდეთ, სულ ნაცარმტვერად გაქცევთ. ირმის ფეხი თუ მოგხვდათ, ხომ, თქმა არ უნდა, იქვე გაგგზავნით, საიდანაც მოსულხართ.

ყვავილებმა ერთმანეთს გადაჰხედეს და თავი გააქნიეს.

დაათავა თუ არა სიტყვა კურდღელმა, სწორედ ამ დროს მოისმა ტყიდან ფეხის ხმა, ლაწალუწი, გაიშრიალა ახალ, ნორჩის ფოთლით შემოსილმა წიფლის ტოტებმა და ველში გამოჩნდა ხარირემი, თავის ბოჯოჯღის რქებით; ეტყობოდა, ისიც მტერს გაურბოდა. თვალებს აქეთ-იქით აფეთებდა, ნესტოებს ჰბერავდა. რამდენიმე კამარა გააკეთა და ტყეს მოეფარა, გადალახა ველი… მის ფეხებ ქვეშ რამდენმამე ყვავილმა დაიკვნესა და გაჩუმდა. სხვა ყვავილები თავზარდაცემულნი, გაშტერებულნი მიაჩერდენ ირემს.

- ემანდე, ეგ იყო ირემი, ვახსენეთ და ვნახეთ კიდეც! - წარმოსთქვა კურდღელმა, როცა ირემი ტყეს მიეფარა და იმანაც ბალახებში ჩამალული თავი ამოჰყო.

- უჰ, რა ვნახეთ, რა ვნახეთ! - წარმოსთქვეს ყვავილებმა, - რამოდენა ყოფილაო!

- ეგ არაფერი, - განაგრძო კურდღელმა, - თქვენთვის საშიში უფრო ნახირია, რომელიც მოუდით აქ საძოვრად სოფლიდან მწყემსებს. ეს იშვიათად ხდება თუმცა, რადგან სოფელი შორს არის აქედან. საქონელი ისე გაგანადგურებთ, რომ მდელოზე იქნება, კლერტების მეტი არაფერი დარჩეს. აი, მაშინ მებრალებით; საქონლის მოსვლა მართლა რომ დიდი უბედურება იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც! - სთქვა კურდღელმა.

ეს რომ გაიგონეს, ყვავილებს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, შეძრწუნებულნი ერთმანეთს ეკვროდენ.

- ოი, და-და-და, ღმერთმა დაიფაროს! ღმერთმა დაგვიხსნას! - დუდუნებდენ ყვავილები ერთხმად.

ველის ყვავილებმა მაღლა, გარშემო დაიწყეს ცქერა; ტყის პირებში თეთრად და წითლად გადაპენტილი ჰყვაოდა პანტა-მაჟალოები. შეჰშურდათ იმათი ბედნიერი ყოფა და შესძახეს დაბლიდან:

- ძმებო, ჩვენც მოგვეცით თქვენთან ახლო ბინა!

ხეხილის ყვავილებმაც მიიპატიჟეს, მაგრამ თანაც დასძინეს:

- აქ რას მოესწრაფით, თქვე საცოდავნო, მალე ჩვენც თქვენთან გიახლებით!

დილის მზემ დააფრქვია ველს თავისი სხივები და დილის ნამი ააბრჭყვიალა. კურდღელმაც მოსასვენებლად მიჰმართა ტყეს.

 

II თავი

 

კურდღლის წინაგრძნობა იმავე დღეს ასრულდა: შუადღის დროს მდელოს გადმოეფინა ძროხის ნახირი. ხამ ბალახს ხარბად დაეცა საქონელი, გაფაციცებით ხოხნიდენ ძროხები ბალახთან ერთად ყვავილებს და ყურსაც არ უგდებდენ ყვავილების კვნესა-ჩივილს.

მონაყრებული საქონელი იქვე დაეყარა და ფშვენით, ზმორვით ყბებს იქნევდა, ყურების ბარტყუნით, თავ-რქის ქნევით ბუზებს იგერიებდა.

მწყემსი ხის გრილოში იჯდა და არხეინად სალამურს უკრავდა.

თითო-ოროლა გადარჩენილი ყვავილი დიდად ჰგოდებდა დახოცილებს და თავის სვე-ბედს, ითვალისწინებდა მომავალს და ევედრებოდა დედამიწას:

- დედილო, შენი ჭირიმე, ჩაგვაწვინე ისევ იმ აკვანში, სადაც აქამდის ვიწექით. აღარ გვინდა მზე, აღარ გვინდა ჰაერი, აღარც ცა, არც წვიმა და აღარც ასეთი სიცოცხლე, - შენს უბეში ყოფნა გვირჩევნია!

- სსსუთ, გაჩუმდით! - შემოსძახოდა ძირიდან დედამიწა, - ეგ აღარ გამაგონოთ! რა გატირებთ? რა გაჩივლებთ? ვიდრე თქვენი ფესვი ჩემს გულ-მკერდშია ჩაქსოვილი, თქვენთან სიკვდილს ხელი არა აქვს. კიდეც აჰყვავდებით, შვილებო, კიდეც გაიზრდებით. მოითმინეთ ცოტა ხანს! მაშ, რად გინდათ სიცოცხლე, თუ თქვენს სიცოცხლეს ნაყოფს არ გამოაღებინებთ, არავის გააძღობთ, არავის ასიამოვნებთ?

საღამო ხანზე ტყიდან ჩვეულებრივად გამოითამაშა კურდღელმა და, რა დაინახა განადგურებული მისი სატრფიალო მდელო, სადაც აღარც მწყემსი სჩანდა და არსად მისი სამწყემსო, საბრალოს ელდა ეცა; იქვე ტყის პირად დაყუნთდა. ყურები გაუნძრევლად აღმა ჰქონდა აცქვეტილი; დაჭყეტილი თვალები უფრო დაეჭყიტა, ხოლო თვალებიდან ცრემლი ჩამოსდიოდა.

როგორც შვილის კუბოს დედა, ისე დასტიროდა კურდღელი მდელოს. ვინ იცის, თავის გულში რას ამბობდა, რასა ფიქრობდა? ვეღარ გაუძლო მწუხარებას და ისევ ტყეში მიიმალა, არსად ბეწვი ბალახი არ მოუწყვეტია, მოიკუნჭა თავის ლოგინში და მწარედ კვნესოდა.

დაღამდა. ახლა ველს, აოხრებულს, ცარიელ კლერტებს, დასრიალებდა თავზე ნიავი და ანუგეშებდა:

- ნუ გეშინიათ, ღმერთი მოწყალეა, ილოცეთ, ილოცეთო! - და… ყვავილნიც ლოცულობდენ: „ღმერთო, გვიშველეო“! მწყემსმა შორს წაასხა საქონელი… წვიმა მოდიოდა და ალბობდა მდელოს. მზე ათბობდა, ნიავი დასათირებელ სიმღერას უმღერდა.

არ გაუვლია ერთ კვირას, რომ ველი ისევ წინანდებურად ღაღანებდა. ყვავილების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. კურდღელიც ისევ წინანდებურად ნავარდობდა მდელოზე. ახლა აღარავინ ითხოვდა, აღარავინ ემდუროდა. ველი როდიღა სჩიოდა, როცა რომელიმე ნადირი გადურბენდა ან როცა მწყერი, გნოლი, კაკაბი დაგოგავდენ მის გულ-მკერდზე. ისევ დასტრიალებდენ თავს პეპლები, ფუტკარი და სხვა ათასნაირი მწერი.

მდელოზე კვალად სიცოცხლე სდუღდა, ისევ კარგი, ლამაზი სანახავი იყო.

ახლა მხოლოდ დიდი, დაბურული, შავი ტყე დასცინოდა, ნიშნს უგებდა:

- საწყალი მდელო, მაგას ეგონა, ეგ არი, მორჩა ჩემი საქმე, თავის დღეში აღყვავებას, სიცოცხლეს აღარ ვეღირსებიო! ბალღია ჯერ კიდევ, როდი ესმის ბუნების წესი და კანონი!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ