მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2735 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი ძმაკაცი. მოხნეს სამი დღის მიწა და დათესეს: ერთმა იქით, ერთმა აქეთ და ერთმაც შუაზე. მოვიდა მშვენიერი ჯეჯილი. აღელდა ყანა ზღვისებრ. აღელდა პატრონის გულიც სიხარულით იმ ყანის მნახველი. მაგრამ დახე უბედურებას!

ერთ მშვენიერ დღეს მოიქუშა ცამ პირი, დაუშვა სეტყვა და შუალა ყანა სულ მიწაში ჩაიტანა. ის ორი ნაპირისა კი გადარჩა.

მოვიდა პატრონი, დახედა ყანას და ჩასწყდა გული. მაინც აღარაფერი თქვა, აიღო ნამგალი, გადიდო მხარზე და გაუდგა გზას ბედის საძებნელად.

იარა, იარა და ერთ მდიდარ კაცთან მივიდა. ასი დღის ყანა ჰქონდა იმ მდიდარ კაცს. მივიდა და უთხრა:

- რას მომცემ, რომ ეგ ასი დღის ყანა ერთ დღეს მოგიმკაო?

- შუაზე გაგიყოფო! - უპასუხა მდიდარმა კაცმა.

წავიდა ჩვენი ნაცნობი ვაჟი და დაუწყო ულოს გრეხა. შუადღემდის ულო გრიხა. მერე მოუდო ნამგალი და გაუსვა. ის იყო ერთი ძნაღა ჰქონდა შესაკრავი, რომ ჩავიდა მზეც. მოუხადა ვაჟმა ქუდი მზეს, შეევედრა: ნუ ჩახვალ ჯერ, ცოტა მოიცადეო, მაგრამ მზემ აღარ მოიცადა. შეკრა ის ძნაც და მოვიდა ყანის პატრონიც: ძალიან გაუკვირდა ასეთი იმისი მკა და უთხრა:

- გავიყოთ შუაზე ახლა, როგორც პირობა გვაქვსო, მაგრამ მომკალმა არ უსმინა, გადაუგდო ნამგალი და უთხრა:

- მაინც ბედი არ მაძლევს და არ მაძლეგს. პირობა ვერ შევასრულე დროზე, შენ შენთვის და მე ჩემთვისო...

წავიდა... ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა ერთ ხელმწიფესთან და დაუდგა მეცხვარედ ოთხი წლის ვადით, იმ პირობით, რომ არც მგელს რამე შეეჭამა იმ ოთხ წელში, არც ჭირს მოეკლა, ერთი სიტყვით, ბეწვი არ უნდა დაჰკლებოდა. ბოლოს შუაზე გაიყოფდნენ: ნახევარს ერთი წაასხამდა, ნახევარს მეორე. თუ დააკლდებოდა რამე, მეცხვარე ცარიელი უნდა წასუიყო.

დადგა ვაჟი მეცხვარედ. გავიდა ოთხი წელი; ერთი თიკნის ყურიც არ დაჰკლებია, ისე ააშენა ცხვარი, რომ მიწას უმძიმდებოდა.

ის იყო, ბაკში ერეკებოდა მეცხვარე ცხვარს გასაყოფად, რომ უცებ ერთი მგელი გამოიქცა, ეცა ერთ ცხვარს, მოიტაცა და გააქანა ტყისაკენ.

ხელმწიფე მაინც შუაზე უყოფდა ცხვარს. მაგრამ მეცხვარემ გადაუგდო კავი და წავიდა თავის გზაზე.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მივიდა ერთ მდინარესთან. დაჯდა და დაისვენა. გაიხედა და დაინახა, რომ მზის სამი ქალი ჩამოსულა და ებანებიან წყალში; ისეთი მშვენივრებია, რომ კაცის თვალი იმათზე კარგს ვეღარასა ნახავს. ადგა ეს კაცი, მიეპარა ამ ქალებს, მოიპარა ერთი და გამოიქცა.

ირბინა ბევრი, ირბინა, გაიყვანა ქალი ერთ ტრიალ მინდორზე, გაუკეთა ქოხი და დადგნენ იქ. მაგრამ არაფერი კი არ ებადათ. ქმარი აღარც სამუშაოდ წავიდა: სადაც ვიყავ, რასაც ხელი მოვკიდე, კი იყო ჩემი ბედი და ახლა სადღა უნდა წავიდეო!

ქალს ერთი ნატვრის ბეჭედი ჰქონდა. მისცა ის ბეჭედი ქმარს და უთხრა:

- ჩემი ქრთამი და მზითევი ეს არის, ამის მეტი არაფერი მაბადია: მიწაზე დადებ, სუფრა გაიშლება, სუფრაზე დადებ, სასმელ-საჭმელი ჩამორიგდება, ჩამოიტან ქვევით, ჭურჭელი დარიგდება, აიტან და ჩამორიგდება.

გაიხარა ქმარმა. უსაზომო შვებას მიეცა და ხელმწიფის დაპატიჟება ჩაიდვა გულში.

ცოლმა უშალა:

- შენს ქერქში იყავ, მოუწვდომელს ნუ წვდები. ხელმწიფის სტუმრობა ადვილი ნუ გგონია. აზნაურის სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო. ეგ ერთი ბეჭედი გვიგდია და გაკვირვებით გინდა ეგეც თავიდან მოიშოროო.

- არ იქნება და არ იქნებაო, - დაუჟინა ქმარმა, - უნდა დავპატიჟოთ და ჩვენი გლეხური ცხოვრება ვაჩვენოთო, ნახონ, რომ ჩვენც შეგვიძლია ხელმწიფეს გავუმასპინძლდეთო! ადგა მეორე დღეს ეს კაცი და გასწია ხელმწიფის დასაპატიჟებლად. მიართვა საჩუქარი და სთხოვა:

- გაგვაბედნიერეთ და ჩვენსა სადილად მობრძანდითო.

ხელმწიფეს გაეცინა:

- შენ რა ხარ, შენი სადილი რა უნდა იყოსო, - მაინც უთხრა, - მე კი ვერ წამოვალ და ნაზირ-ვეზირებს გამოგაყოლებო!

ხელმწიფემ დაიბარა ნაზირ-ვეზირები და უბრძანა: - წადით, ნახეთ, ეს კაცი რომ მეპატიჟება, რაზე მეპატიჟება, აქვს რამე, თუ აბუჩად მიგდებსო!

გაუძღვა კაცი და გაჰყვნენ ნაზირ-ვეზირნიც ჯარით. გზაზე რომ მიდიოდნენ, ჯარსაც და ნაზირ-ვეზირსაც პური მოშივდათ. მოკლეს ერთი ხოხობი, მისცეს ბიჭს და გაგზავნეს შესაწველად ქოხში. წვავს ხოხობს ბიჭი, თვალი მზის ქალზე აქვს. ისე მოხიბლა ქალმა, რომ სრულებით დაავიწყდა, თუ ხოხობსა წვავდა. ნახევარი ხოხობი სულ ჩაებუგა.

წამოუღო ნაზირ-ვეზირებს დამწვარი ხოხობი. ჰკითხეს ხოხობის დაწვის მიზეზი.

- ღმერთმანი, ერთი ქალი იყო ამ კაცის ქოხში, ისე მომტაცა გონება, რომ ვეღარაფერი გავიგეო!

ნაზირ-ვეზირმა დააჩქარეს ჯარი, შესხდნენ და გასწიეს იმ ქოხისაკენ. ქალის ნახვა უნდათ. მივიდნენ შორიახლოს და ჩამოხტნენ.

ჩამოუტარა მზის სიძემ ბეჭედი ცხენებს და სათითაოდ თივა დაედო და ქერიანი თოფრები ჩამოეკიდა. აატარა მერე და ცარიელი თოფრები ჩამოხსნა. დადვა ბეჭედი და გაეშალა ჯარს სუფრა. მოვიდა და მოვიდა საჭმელი და სასმელი, სულ ახალი და ახალი. ნაზირ-ვეზირი გაკვირვებული იყვნენ: სახლი კი არსად უდგას, არაფერი უჩანს და ეს რა ამბავიაო.

ნახეს ახლა იმისი ცოლი და სულ ჭკუ აზე შეიშალნენ. გაუმასპინძლდა მშვენივრად მზის სიძე და გააკვირვა ნაზირ-ვეზირი.

მოვიდნენ, ხელმწიფესთან ნაზირ-ვეზირნი.

- როგორ გაგიმასპინძლდათ ის ჩემი ყმაო? - ჰკითხა ხელმწიფემ.

ნაზირ-ვეზირებმა ძალიან უქეს:

- სულ უცეცხლო საჭმელები გაგვიკეთა. მაგრამ იმას რომ ცოლი ჰყავს, იმისთანა კი არაფერი იქნება. ის ქალი იმას კი არ უნდა ჰყავდეს, ხელმწიფეს ეკადრება. იმას ცოლი წაართვით და თქვენზე ბედნიერი აღარავინ იქნებაო!

- როგორ წავართვა? - ჰკითხა ხელმწიფემ, - უმიზეზოდ ცოცხალი არ დამანებებსო.

ნაზირ-ვეზირთა ურჩიეს:

- დაიბარე ის კაცი და შეუკგეთე: მზეს რომ ოქროს ერკემალი ჰყავს, ის მომიყვანე-თქო. ის იქ წავა, იქიდან ვეღარ მოვა და ცოლი შენ დაგრჩებაო!

მაშინვე დაიბარა ხელმწიფემ მზის სიძე და უთხრა:

- უნდა წახვიდე და, მზეს რომ ოქროს ერკემალი ჰყავს, ის მომიყვანოო!

დაბრუნდა შინ მზის სიძე, შესჩივლა ცოლს:

- ხელმწიფე მზესთან მგზავნის, ოქროს ერკემალი უნდა მოვუყვანოო.

- ახლა რაღა ეშველება, - უთხრა ცოლმა, - ეგ წინათვე უნდა გეფიქრა, ახლა ჯავრობით ვეღარაფერს გააწყობ, ისევ ისე სჯობია, ადგე და შეუდგე გზასო! მისცა ნიშანი და გაგზავნა.

ბევრი იარა მზის სიძემ, ბევრი ქვეყანა გაიარა, გაათავა სახმელო და სამზეოს მოება. იარა, იარა და მივიდა იქ, სადაც მზე და მთვარე იყვნენ. მზე სამგზავროს ყოფილიყო, ქვეყანაზე წასულიყო სანათებლად. მთვარემ ნახა მზის სიძე, იცნო და ძალიან გაუხარდა, დედას ახარა, ჩვენი სიძე მოვიდაო.

გამოჰკითხა სიძეს მოსვლის მიზეზი. სიძემაც უამბო ყველაფერი.

- მზე მოვა, შენ ვერ გაუძლებ იმის ნათელს და დაიწვებიო! - აქცია ნემსად და შეარჭო ბოძში.

საღამოზე მოვიდა მზეც.

- სულიერის სუნი მომდის, - დაიძახა მზემ, - ვინ მოსულა, ჩემს საბრძანებელშიო?

- რას ამბობ, - გაუჯავრდა მთვარე, - ქვეყანაზე შენ დადიხარ, შენ მოგყვებოდა სულიერის სუნი. მართლა, შენი სიძე რომ იყოს აქ, ხომ არ დაწვავო?

- არა, - უფიცა მზემ, - ოღონდ თვალით კი მაჩვენეთ, როგორი კაცია ჩემი სიძეო!

აქცია მთვარემ სიძე ისევ კაცად და წამოაყენა მზის წინ. მზე მიეალერსა სიძეს და გამოჰკითხა მისვლის მიზეზი.

- ხელმწიფე შენს ქალს მეცილება, - უთხრა სიძემ, - გაუგონია, მზეს ოქროს ვერძი ჰყავსო და გამომგზავნა იმის წასაყვანადო.

- ფიქრი ნურაფრისა გაქვს, - გაუმაგრა გული მზემ, - წამოდი, ჩემს ბაღში დაისვენეო. შევიდა ბაღში ვაჟი, ნახა, საშინლად მოეწონა. მართლაც, მშვენიერი რამ იყო: ზოგი მწიფე იყო, ზოგი მაშინ ყვაოდა, ზოგი მაშინ აფოთლებდა, ზოგს კი ჩამოსდიოდა.

მზეს უთხრა სიძეს:

- აქ, ბაღში იყავ და სადილს მგელი და ელია მოგართმევენო...

მოშივდა მზის სიძეს, დაჯდა და დაუწყო მოლოდინი. მოვიდა მგელი და მოუტანა სუფრა. მოვიდა ელია და მოართგა სასმელ-საჭმელი. მზის სიძეს ერთი კომბალი ჰქონდა; გაიკითხა მგელი იქით და ჰკითხა: - მე რომ წელიწადი ერთი თიკნის ყურიც არ დამკლებია, ისე ვუვლიდი

ცხვარს, და ყავლლის გათავების დროს შენ რომ მოხველ და მომტაცე, რადა ჰქენ ეგ საქმეო?

წაუდო და წაუდო მგელს. იმდენი სცემა, რამდენიც ენება. მერმე გაიკითხა ელია და იმასაც ჰკითხა:

- მე რომ სამ მამულში შუა მამული მეჭირა, შენ წამოუშინე სეტყვა და სულ მიწაში ჩაატანინე ჩემი ყანა, რადა ჰქენ ისაო?

დაუდო და დაუდო იმასაც. ჰკრა კომბალი თვალებში და გამოსჩიჩქნა. დაჯდა მერმე და შეექცა სადილს. დაურბინა მზის ბაღს, დაამტვრია და აჭრა ხეხილი, გაატიალა და გაავერანა ერთიანად.

მივიდა მზე სიძესთან და ნახა, რომ ბაღიც ისე გაუვერანებია, რომ მტერს აეტირება. - რათა ჰქენ მაგრეო? - ჰკითხა სიძეს.

- თქვენ რაღად ჰქენით ისე, რომ ერთი საწყალი მამული მეგდო, წამოუშინა ელიამ სეტყვა, გამიოხრა; ოთხი წელიწადი ხელმწიფეს ტყუილად ვემსახურე, წილი დამაკარგვინა, ან მე რომ ასი დღის ყანა ერთ დღეს მოვმკე, ერთი ძნაღა მქონდა შესაკრავი, გთხოვე, მოიცადე, ნუ ჩახვალმეთქი, და შენ ყურიც არ შეიბერტყეო?

მზემ ვეღარაფერი უთხრა, მისცა ოქროს ვერძი და გაისტუმრა მშვიდობით.

მოუტანა ოქროს ვერძი ხელმწიფეს. ხელმწიფეს იმედი დაეკარგა ქალის ხელში ჩაგდებისა. ნაზირ-ვეზირს ჰკითხა:

- რაღა მეშველებაო?

ნაზირ-ვეზირმა ურჩია, საიქიოს გაგზავნე, თქვენმა მშობელმა დედამ რომ ბეჭედი წაიღო, ის მოგიტანოსო.

დაიბარა ხელმწიფემ მზის სიძე და უბრძანა:

- საიქიოს წადი, ჩემმა დედამ საიქიოს ბეჭედი წაიღო და ის მოიტანეო.

მოვიდა ცოლთან მზის სიძე და შესჩივლა:

- ხელმწიფე ახლა საიქიოს მგზავნის, შენი თავი უნდა წამართვვასო!

ცოლმა ერთი ვაშლი მისცა და უთხრა:

- გააგორე ეს ვაშლი და სადაც ის წავიდეს, გაჰყევ შენც კვალზეო!

აიღო ვაშლი მზის სიძემ, გააგორა და გაჰყვა კვალზე. მიგორავს ვაშლი და აი, გამოგორდა ერთ დიდ მინდორზე. ერთი ირემი დგას. რქები ცამდისა აქვს აწვდილი:

- გამარჯობა, შენიო! - უთხრა მზის სიძემ ირემს.

- გაგიმარჯოს! - უპასუხა ირემმა, - სად მიდიხარ, აქ რამ მოგიყვანაო?

- საიქიოს მივდივარ, ხელმწიფის დედას ბეჭედი უნდა გამოვართვა და მივუტანოო!

- მეც რამე წამალი მომიტანე, რქებს ვეღარ ვზიდავო! - შეეხვეწა ირემი.

გასცდა ირემს მზის სიძე და მივიდა ერთ კლდესთან, შიგ ერთი ხარი აბია: არც სასმელი წყალი აქვს, არც საჭმელი ბალახი, მაგრამ ისეთი მსუქანია, რომ ხორცი ასკდება სიმსუქნით.

მზის სიძეს ძალიან გაუკვირდა და ხარს ჰკითხა:

- არაფერს კი არა ჭამ და რამ გაგასუქა მაგრეო?

- რომ ჩამოივლი, მაშინ გეტყვიო! - უპასუხა ხარმა.

გასცდა ამას მზის სიძე და ერთ მშვენივრად მორთულ მინდორზე გამოვიდა. ნიავის ქროლაზე ბალახი ზღვასავით ღელავს, წყაროებს ჩუხჩუხი და ღურღური მოაქვს ბალახებს შუა. მინდვრის შუა ერთი ხარი დგას, პირაკრული, ვერც ვერაფერსა ჭამს და ვერც ვერაფერსა სვამს; ისეთი მჭლეა, რომ კაჭკაჭი ვერაფერზე გამოეზიდება.

გაკვირვებულმა მზის სიძემ იმასაც ჰკითხა:

- რამ გაგხადა მაგრე, ასეთი სასმელი და საჭმელი წინა გაქვსო?

ხარმა უპასუხა:

- ამვლელი ბევრი მინახავს, გამომვლელი კი - აღარც ერთიო! აიარე, ჩამოიარე და მაშინ ყველაფერს გიამბობო.

მზის სიძე გასცდა მჭლე ხარს და ერთ მღვდელს შეხვდა: ზურგზე საყდარი ჰკიდია, დადის და სადაც ერთ კაცს ნახავს, დადგამს და ულოცავს.

მზის სიძე მღვდელსაც მიესალმა, მღვდელმა მგზავრობის მიზეზი ჰკითხა და მზის სიძემ კიდევ - საყდარის ზურგზე აკიდებისა.

მღვდელმა სთხოვა:

- საიქიოს რაკი მიხვალ, შემიტყვე, რა ვუყო ამ საყდარს. მუდამ ზურგზე ხომ არ მეკიდება, ამბავი მომიტანეო!

გასცდა იმასაც ვაჟი და წავიდა. ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა ერთ ადგილას: ცულის ტარზე ცოლი და ქმარი წვანან, ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან და ცულის ტარი იქით და აქეთ ადგილი კიდევ გადაჭარბებულია.

მზის სიძე გაკვირვებული შესცქეროდა საკვირველ ცოლ-ქმარს:

- თუ ღმერთი გწამთ, ეგ როგორ არის, რომ ცულის ტარზე წევხარ ორი სული და იქით და აქეთ კიდევ ადგილია დარჩენილიო?

- ამვლელი ბევრი გვინახავს და ჩამომვლელი კი აღარავინ! - უპასუხა ცოლ-ქმარმა, - აიარე, ჩამოიარე და მაშინ ყველაფერს გიამბობთო.

გასცდა ამათაც გაკვირვებული მზის სიძე და წავიდა. ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა ერთ ცოლ-ქმართან: კამეჩის ტყავზე დაწოლილან, ერთი იქით გორავს, ერთი აქეთ და კიდევ ერთმანეთს წიხლავენ: იქით მიწექ, მიიწიე, იქით მიწექო!

მზის სიძე მივიდა, სალამი მისცა და ჰკითხა:

- ეგ რა უბედურებაა თქვენს თავს, რომ კამეჩის ტყავზე წევხართ და კიდევ ვიწროდ გეჩვენებათო?

- ამვლელი ბევრი გვინახავს, ჩამომვლელი კი აღარავინ! - უპასუხა ცოლ-ქმარმა, - წადი და, თუ ჩამოივლი, მიზეზს მაშინ შეიტყობო.

გასცდა ამათაც მზის სიძე და მიდის. გზაზე ერთი დედაკაცი შეხვდა: მოუგროვებია კვერცხები და კოშკს აშენებს. აიყვანს ცოტას, ააცილებს მიწას, იგრიალებენ კვერცხები და ჩამოცვივიან დაბლა. ის ხელახლა მოჰყვება და აშენებს კოშკს. მივიდა იმასთან მზის სიძე და გაკვირვებით ჰკითხა:

- რას შვრები? კვერცხების კოშკი სხვას ვის აუშენებია, რომ შენ ააშენოო?

- ჩამოიარე და მაშინ გეტყვი მაგის მიზეზსო! - უპასუხა დედაკაცმა.

გასცდა ამ დედაკაცს მზის სიძე და წავიდა თავის გზაზე. გზაზე ერთ თონეს მიადგა. ერთი დედაკაცი დგას და აცხობს პურს. ჩააკრავს თეთრ პურს, როგორც ბამბას და ამოიღებს ისეთ შავს, როგორიც ნეხვია.

მზის სიძე მივიდა იმასთან და გაკვირვებული ჰკითხა:

- ეგ რისგან არის, რომ თეთრ პურს ჩააკრავ და შავს, საძაგელს ამოაკრავო?!

- ჩამვლელი ბევრი მინახავს, ამომვლელი არც ერთი! - უპასუხა პურის მცხობელმა დედაკაცმა, - ჩაიარე და, თუ ამოივლი, მაშინ გეტყვიო.

გასცდა იმასაც მზის სიძე და წავიდა. გზაზე ერთი კაცი ნახა: ხევზე ხიდად დევს, გინც გაივლის და გამოივლის, ყველა იმაზე გახდება და გამოხდება.

- ეგ რა ამბავია შენს თავსაო? - ჰკითხა მზის სიძემ კაცხიდას.

- ჩამვლელი ბევრი მინახავს, ამომვლელი აღარც ერთი! - უპასუხა კაცხიდამ, - ჩაიარე და, თუ კიდევ ამოივლი, მაშინ გეტყვიო.

გასცდა იმასაც მზის სიძე და მივიდა ხელმწიფის დედასთან. - შვილმა დაგიბარა, - უთხრა ხელმწიფის დედას, - მანდ რომ ბეჭედი წაიღე, ის გამომიგზავნეო!

მისცა ბეჭედი მზის სიძეს ხელმწიფის დედამ და უთხრა:

- წაიღე, მიეც ჩემ შვილს და უთხარ, დედამ დაგიბარა: რადგანაც აქაც არ მაძლევ მოსვენებას და მაშფოთებ, შენამც იქნები წყეული-თქო. შენი საქმე ისე მოვიდეს, რომ შენმა ვეზირებმა შეგჭამონ-თქო!

მზის სიძემ ჰკითხა:

- ესე, გზაზე ერთი ირემი ვნახე, რქები ცამდისა ჰქონდა აწვდილი. სიარული აღარ შეუძლია, წამალი დამაბარა და, თუ შეიძლება, მასწავლეო! ერთი მღვდელი იყო კიდევ, ზურგზე საყდარი ეკიდა, სადაც ერთ კაცსა ნახავდა, მიიტანდა, დადგამდა და იქ ულოცავდა. იმასთანაც დამაბარეთ, რა უყოს იმ საყდარს?

ხელმწიფის დედამ უთხრა: - ირემმა მაისის წყალი დალიოს და გასცვივა რქები; მღვდელმა კიდევ წაიღოს ის საყდარი, დადგას შუა სოფელში, დაჰკიდოს ზარები, ლოცვაზე რომ დგებოდეს, დარეკოს, ვისაც ლოცვა უნდა, მოვა და ილოცებს, ვისაც არ უნდა, - არ მოვა, შენი ბრალი არ იქნება-თქო...

წამოიღო ბეჭედი და წამოვიდა მზის სიძე, გზაზე კაცხიდას შეხვდა, ჰკითხა მიიზეზი ისე ტანჯვისა.

კაცხიდამ უთხრა - მე ხიდი მებარა, ზედ არავის გავატარებდი უფასოდ, საწყალი და გაჭირვებული არ ვიცოდი, ყველას ერთნაირად ვაძრობდი ტყავს და აი, ახლა ხომ ხედავ, როგორა ვარო!..

გასცდა ამას მზის სიძე და წამოვიდა თავის გზაზე... პურისმცხობელმა დედაკაცს რომ ჩამოუარა, მან უთხრა:

- მე იმ ქვეყნად ისეთი წუწკი ვიყავი, პური რომ ჩამეკრა და იმ დროს ან მშიერ მგზავრს გამოევლო, ან გლახას, თვალებს ჩავიწვავდი თონეში, რომ არ დამენახა ისინი და პურის მიცემა არ მომნდომოდა. ახლა ესე ვარ: როგორი თეთრი პურიც უნდა ჩავაკრა, მიწად მექცევაო!

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მზის სიძემ, კვერცხების კოშკს რომ აგებდა, იქ გამოიარა. დედაკაცმა უთხრა:

- მე იმქვეყნად კვერცხებს ვიპარავდი და აი, ახლა ასე ვიტანჯებიო!

დატოვა მზის სიძემ კოშკისმგებელი, წამოვიდა თავის გზაზე და მოვიდა კამეჩის ტყავზე მწოლ ცოლ-ქმართან. იმათ უთხრეს:

- იმქვეყნად ჩვენ ერთმანეთი გვძულდა, ქვეყანა ჩვენთვის ვიწრო იყო, ვერ ვთავსდებოდით და აი, ახლაც კამეჩის ტყავზე ვერ ვეტევით. რამდენიც უნდა გვძულდეს ერთმანეთი, ვეღარ მოვშორდებითო!..

მზის სიძე ცულის ტარზე მწოლ ცოლ-ქმართან მივიდა. იმათ უთხრეს:

- იმქვეყნად ერთმანეთი გვიყვარდა და აქაც გვიყვარს. მოყვარულ ცოლ-ქმარს ცულის ტარიც არ ეპატარავება საცხოვრებლად, ოღონდ ერთმანეთი ჰყავდეთ ცოცხალი!..

ბევრი იარა მზის სიძემ თუ ცოტა იარა, მოვიდა იმ მღვდელთან ზურგზე რომ საყდარი ეკიდა და მოუტანა ხელმწიფის დედის დაბარებული ამბავი.

გასცდა მღვდელსაც და იმ ხართან მოვიდა, მშვენიერ მდელოზე რომ ება, სასმელი და საჭმელი მრავალი ჰქონდა და მჭლე კი იყო.

ხარმა უთხრა:

- მე ჩემ პატრონს არაფერში გამოვადექი, არაფერს ვუკეთებდი და აი, ახლა ასე ვარო!

მჭლე ხარს რომ გასცდა, კლდეში რომ მსუქანი ხარი ება, იმასთან მოვიდა.

მსუქანმა ხარმა უთხრა:

- მე ჩემი პატრონისათვის თავდადებული ვიყავი, არ ვღალატობდი და პატრონიც კარგად მივლიდა. ახლა თუნდაც არც არაფერი ვჭამო და ვსვა, მაინც მსუქანი ვიქნები და მაინცაო!

გასცდა ამასაც მზის სიძე და წამოვიდა. ირემთან რომ მივიდა, მიუტანა ამბავი:

- მაისის წყალი დალიე და გაგცვივაო!

დალია ირემმა მაისის წყალი და გასცვივდა რქები.

მოვიდა და მოიტანა მზის სიძემ ხელმწიფის დედის ბეჭედიც და წყევლაც...

იქცა ხელმწიფე კურდღლად, ნაზირ-ვეზირი - მგლებად და შეჭამეს ხელმწიფე.

სახელმწიფო და ტახტი მზის სიძეს დარჩა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,

ქატო - იქა, ფქვილი - აქა. 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ