იყო ერთი განთქმული გმირი, როსტომი. ფალავნობდა და აღარავინ დარჩა გამწევი. თანაც ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი, რომ ყვირილის დროს რკინის სალტე უნდა შემოერტყა, რომ თავი არ გახეთქოდა.
ერთხელ შეხვდა კოჭლი დევი, ხან აქეთ ათამაშა და ხან იქით. კოჭლმა უთხრა: – ჩემზე რა ბიჭობას იჩენ, გმირო როსტომ, წადი, ამა და ამ კლდეში ერთი წითელი არაბი არის და იმას ეომეო.
როსტომს ეს სიტყვები ჭკუაში დაუჯდა. მივიდა იმ კლდესთან და ნახა, რომ ხევში სისხლი ჩამოდის. როგორც იყო, აცოცდა კლდეზე. დაინახა, წითელ არაბს ხანჯალი ურჭვია მუხლებში, როდესაც ჩასთვლემს, შუბლს დაარტყამს ხანჯალს და სისხლი გადმოსდის.
როსტომმა თქვა: მე ხომ ამ არაბს ვერ მოვერევი, წავიდე და, აბა, რა ვაჟკაცობაა გაქცევაო!
– გმირო არაბო, რად იტანჯები ეგრე? – ჰკითხა როსტომმა.
– აღმოსავლეთიდან ერთი შავი არაბი გამოატარებს მზეთუნახავ ქალს, უნდა დავხვდე და ვეომო, ვინც გაიმარჯვებს, ის ქალი მას დარჩებაო. რომ არ დამეძინოს, ხანჯლის წვეროზე დავარტყამ ხოლმე შუბლსაო!
– მოდი, დაიძინე, როცა შავი არაბი გამოივლის, მე გაგაღვიძებო.
– შენ მე ვერ გამაღვიძებ, ფეხისგულში თუ ხანჯალს არ ჩამცემო.
როსტომმა უთხრა:
– ჩემი ხმით ცხრამთას იქით ორსულ დედაბერს ვაბერწებ და განა შენ როგორ ვერ გაგაღვიძებო! არაბმა დაიძინა.
არ გასულა დიდი ხანი და გამოჩნდა შაგი არაბი. მოჰყავს ქალი. ბევრი იყვირა როსტომმა, მაგრამ ვერ გააღვიძა. მერე ჩასცა ფეხის გულში ხანჯალი და არაბსაც გაეღვიძა.
– ჩვენი ფეხის ქარი სადმე გადაგაგდებს, ორმო ამოთხარე და შიგ ჩაჯექიო, – უთხრა არაბმა, – თუ შავმა არაბმა ხელი დამრიოს, დასჭყივლე, მტერს მუხლი მოეჭრება და ვაჯობებო.
მოვიდა შავი არაბი, ქალი დასვა იქით და შეიბნენ. როსტომმა შეატყო, რომ შავი არაბი ჯობნიდა. ამოიღო თავისი რკინის სალტე, შემოიკრა თავზე და დასჭყივლა. შავ არაბს მუხლი მოეჭრა, წვდა წითელი არაბი და აკუწა.
წითელი არაბი და როსტომი ავიდნენ იმ კლდეზე და ცხოვრობდნენ ერთად. როსტომი ემსახურება წითელ არაბს. ერთ დღეს თქვა: აბა, მე რა გმირი ვარ, სახელისთვის წამოვედი და წითელ არაბს ვემსახურებიო. მოდი, ამ არაბს მოვკლავ, სახელიც მე დამრჩება და ქალიცაო.
ერთხელაც არაბს ეძინა. როსტომმა გასინჯა, მაგრამ მისი ხმალი კისრის ნახევრამდისაც არ მისწვდა. უნდოდა არაბის ხმლის აღება, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. ბოლოს გადაუწყო ფეხები ერთი მეორეზე, დაჰკრა ხმალი და დააჭრა. თვითონ გადმოხტა და კლდეს ამოეფარა, წამოხტა არაბი, მაგრამ ფეხებზე ვეღარ დადგა. წვდა თავის მოჭრილ ფეხებს და გატყორცნა. როსტომმა არაბი აკუწა. ქალმა ეს რომ დაინახა, გაიქცა.
– აბა, მე რა ვაჟკაცი ვარ, თუ ეს ქალი გამექცაო.
ქალმა დაუძახა:
– შენ ცოლად როგორ გამოგყვები, არაბი ღალატით მოკალი. შენც რომ წითელი არაბი ისე მოგეკლა, როგორც მან შავი არაბი მოკლა, მაშინ გამოგყვებოდიო!
როსტომმა შემოირტყა თავზე რკინის სალტე და დასჭყივლა. გაქცეულ ქალს გული წაუვიდა. როსტომი ამ ქალთან დარჩა რამდენიმე ხანს. ბოლოს უთხრა:
– ვიცი, შვილი გაგიჩნდება, თუ ვაჟი იყოს, ზურაბი დაარქვი, აი, ნიშანი, და ჩემთან გამოგზავნე, თუ ქალი გაგიჩნდეს, შენთვის დაიტოგეო. დაუტოვა ნიშანი და წავიდა.
როსტომ თქვა:
აგერ იმ მთასა, ამ მთასა
სუყველას თავის თავს ვუზამ,
ალაზანსა და იორსა
დავეწაფები, ყლაპს ვუზამ.
თორმეტსა ფუთსა რკინასა
კბილს ქვეშ შევიგდებ,
კნაპს ვუზამ,
თავაღებულსა დიაცსა,
აბა, მითხარი, რას ვუზამ!
მას აქეთ როსტომს შესძულდა დედაკაცი და შავი მატყლი. წამოვიდა როსტომი ქაქუზ მეფესთან საფალავნოდ.
ამ ქალს მართლა გაუჩნდა ვაჟიშვილი, დაარქვა ზურაბი. ექვსი თვისა უკვე ისეთი მძლავრი იყო, რომ კოჭებს ამტვრევდა და თავის ტოლებს სჯობნიდა. ბოლოს ბიჭებმა უთხრეს: – შენ რა ჩვენზე სინჯავ ღონეს, თუ ვაჟკაცი ხარ, დაკარგული მამაშენი მოძებნეო. ზურაბი შინ გამოიქცა და დედას ძუძუ მოსთხოვა. დედამ უთხრა:
– რა დროს შენი ძუძუა, შვილო, უკვე ვაჟკაცი ხარო!
როცა ძუძუ ჩაიდო პირში, კბილი მოუჭირა:
– მითხარი, მამაჩემი სად არის, თორემ არ გაგიშვებო!
– მამაშენი დაკარგულია, არ ვიცი, სად არის, ნათქვამი აქვს, ზურაბი გამოგზავნე ჩემთანო. აი, მისი იარაღი, ტანსაცმელი და ნაბადიო.
ზურაბმა ჩაიცვა მამის ჯაჭვი, ცოტა ვიწრო მოუვიდა. დედამ მხარზე ნიშანიც დააკერა და გაგზავნა. დედამ თქვა: მოდი, გამოვცდი, ძალა თუ აქვსო. აიცვა კაცის ტანსაცმელი და დაუხვდა გზაში. დაუძახა:
– აიღე ცხენზე ხელიო! ზურაბი შემოტრიალდა და შეიბნენ. ზურაბმა შუბი დაატაკა და ქალი ცხენიდან გადმოაგდო. ქალს ქუდი მოეხადა და თმა გამოუჩნდა.
ცხენსა შუბი დავატაკე,
ავიტაცე როგორც ქარი.
უნდა ხმალით ამეკუწა,
მაგრამ ხელში შემრჩა ქალი.
დედა გადაეხვია ზურაბს, გზა დაულოცა და გაუშვა, თანაც დააბარა:
მამაშენს კარიანი კბილი აქვს და როცა ჭიდაობს, მარჯვენა ფეხს ათამაშებსო. ბევრი იარა ზურაბმა და მიაღწია ქაქუზ მეფის ქალაქს. გზაში ერთი ბერიკაცი შეხვდა. ნიშნით იცნო: ეს უსათუოდ როსტომის ნათესავია, ჯერ ხომ როსტომმა აგვიკლო და ახლა მეორეც თუ მოემატა, აქედან უნდა ავიყაროთო.
ბერიკაცმა ზურაბს უთხრა:
– დიაცი ხომ არა ხარ, მხარზე ეგ ნიშანი რად გინდაო. ზურაბმა ნიშანი მოიხსნა და იღლიის ქვეშ დაიკერა.
ბერიკაცი მივიდა ქაქუზ მეფესთან და უთხრა:
– როსტომის შვილი მოსულა, მაგათ თუ ერთმანეთი არ დავახოცვინეთ, აგვიკლებენო.
ქაქუზ მეფესაც სმულდა როსტომი და ბრძანა: როსტომმა და ახალმოსულმა გმირმა უნდა იჭიდაონო.
როსტომმა იმ ღამეს დაათვალიერა ზურაბი. ზურაბმა დაინახა და დაუძახა:
რას იჭვრიტები ბანადა,
სახლში მობრძანდი კარადა.
გათენდა დილა. ზურაბს არ უნდოდა დაჭიდება, ეჭვი ეპარებოდა, ეგებ მამაჩემი არისო.
ბერიკაცო, ჩამომეხსენ,
გული რაღაც მეყოყმნება,
მე დედეული ნიშანი
გუნებაში მენიშნება.
როსტომმა უთხრა:
მე ერანელი არა ვარ,
არც როსტომიანთ გვარისა,
მოლაშქრე თურქი გახლავარ,
დამლევი მუჭა სისხლისა.
ზურაბმა უთხრა:
ბერიკაცო, ეგ რა მითხარ,
დამიკოდე წყლული გული,
ნეტავი კი არ მენახე,
შინვე დამელია სული.
დაეჯახნენ. ზურაბმა სძლია. შერცხვენილი როსტომი წავიდა და ქაქუზ მეფეს უთხრა:
აქ ფალავანი მოსულა,
ქალაქს დავუგე მახეო,
ომშიც ვნახე, ხმალშიც ვნახე,
მე მოველ მასთან მჩატეო.
იმის ნადგამი ფეხები
ქვესკნელსა ანძრევს, ნახეო!
ქაქუზ მეფემ ჩაალაგა ბარგი-ბარხანა და ქალაქიდან გაპარვა განიზრახა: რახან ასეთი ფალავანი წამიქცია, ქალაქში აღარ მეცხოვრებაო.
მაშინ როსტომმა უთხრა:
– დღეს არ ვიყავ გუნებაზე, ხვალ უნდა ვეჭიდაო, ჯერ მაგის გულზე ვარდი არ აყვავებულა, ქალი არ უნახავსო.
იმ ღამეს როსტომმა სულ შხამში ლესა თავისი ხანჯალი.
ვლესე და ვლესე ხანჯალი,
გულს ხელი დამიდებია.
შხამში გავლესე ხანჯალი.
ჩექმაში ჩანადებია.
მეორე დღეს გამოიწვია ზურაბი საჭიდაოდ, ზურაბმა კიდევ უთხრა:
ბერიკაცო, ჩამომეხსენ,
გული რაღაც მეყოყმნება,
მე დედეული ნიშანი
გუნებაში მენიშნება.
დაიჯახნენ ხელმეორედ და კიდევ წააქცია ზურაბმა. როსტომმა ქვეშიდან ჩუმად გამოიძრო ხანჯალი და შიგ მუცელში ჩასცა.
ზურაბმა უთხრა:
შე, ბერიკაცო, რად მომკალ,
ხმალი რად დამეც ვადამდე,
შენ მამაჩემსა, როსტომსა,
საით წაუხვალ სადამდე?!
ზღვას გახვალ, თან გამოგყვება,
ხმელზე ვერ დაემალები,
ცად ახვალ, თან ამოგყვება,
ყველგან მიუჭრის თვალები.
როსტომმა თაგისი სახელი რომ გაიგონა, თქვენ მტერს, რა დღეც დაადგა.
შე ავი დიაცის შვილო,
აბა ნიშანი სად არი?
აიწია იღლია და...
აი, ნიშანი აქ არი!
– მაქ რად გაკერიაო? – ჰკითხა როსტომმა.
– ქალაქში რომ მოვედი, ერთმა ბებერმა კაცმა მითხრა, დაგცინებენო და ამიტომ დავმალეო. როსტომი ძალიან შეწუხდა. მიიკრა გულზე დაჭრილი შვილი. ზურაბმა უთხრა:
შენ მამაჩემი არა ზარ,
არც როსტომიანთ გვარისა,
მოლაშქრე თურქი ყოფილხარ
დამლევი მუჭა სისხლისა.
როსტომმა ქაქუზ მეფეს კაცი გაუგზავნა:
– ჩქარა წამალი გამომიგზაგნე, შვილი მიკგდებაო. ქაქუზ მეფეს სძულდა როსტომი, მაგრამ წამლის გაუგზავნელობაც არ იქნებოდა. წამალი გაუგზაგნა გიჟი დიაკვნის ხელით და დააბარა: – როცა ახლო მიხვიდე, წაიქეცი და დაღვარეო. მივიდა თუ არა დიაკვანი როსტომთან, წამალი დაღვარა. როსტომმა ეს დიაკვანი ხმლით შუაზე გაწყვიტა.
როდესაც ომი გაჭირდა,
შეშა ხმალივით გაძვირდა,
აბა უთხარი დიაკვანს,
თუ ჩემი ხმალი არ ჭრიდა?
ზურაბი მოიწამლა და მოკვდა. როსტომმა შვილი დაასაფლავა ცრემლის ღვრით, შემდეგ წავიდა ქაქუზ მეფესთან. მის ორივე ვაჟიშვილს ქათმებივით წაგლიჯა თავები და ქაქუზ მეფეს უთხრა:
– აბა, ნახე, როგორია შვილის სიკვდილიო!
გამწარებული როსტომი ზღვაში გადავარდა, თავი უნდა დაეხრჩო.
გამწარებული როსტომი
თავში მოიცემდა ქვასა,
ხან აქედან ეცემოდა
და ხან კიდევ იქით მთასა.
შევიდა ზღვაში, მაგრამ ზღვამ პირი შეიკრა და ძირს არ ჩაუშვა. არც იხრჩობა, არც ნაპირზე გამოდის. ქალაქში თქვეს: – ვინც როსტომს გამოიყვანს, დავასაჩუქრებთო. ერთმა ბებერმა თქვა: მე გამოგიყვან, თუ მომკლავს, დამმარხეთ, თუ ცოცხალი გადაგრჩი, შემინახეთო. როსტომს ძალიან სძულდა დედაკაცი და შავი მატყლი. ბებერი მივიდა ზღვის პირზე და დაუწყო რეცხვა შავ მატყლსა. როსტომმა ეს დაინახა, გააჟრჟოლა ტანში და დაუძახა:
აქ რად მოსულხარ, წყეულო,
რას მიბღვერ ვაით, ვიშითა,
არ გათეთრდება ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა!
დედაბერმაც დაუძახა:
– შე რეგვენო როსტომოო,
ნაპირს გამოდი ქვიშითა,
მკვდარი ვის გაუცოცხლდება
ტირილითა და ვიშითა?
როსტომი გამოვიდა ზღვიდან. ბებერმა თქვა:
დიდება და მადლი ღმერთსა,
როსტომ გამოვიდა ზღვასა,
ცალი ხელით მოცურავდა,
ცალით მოიქნევდა ხმალსა.
წვდა ბებერს და გატყორცნა ზღვაში. ამის შემდეგ ძალიან მგლოვიარედ იყო როსტომი და აღარ ფალავნობდა.
დაბრუნდა სამშობლოში. მას სამი ძმა ჰყავდა: გივი, გოდერძი და გურგენი, ყველა განთქმული გმირი და ვაჟკაცი. არც ერთ ძმას ვაჟი არა ჰყავდა, გარდა გივისა. გივის ვაჟს ბეჟანი ერქვა.
ამათ ხელმწიფეს ქაიხოსრო ერქვა. ერთ დღეს ქაიხოსრო ხელმწიფეს მოახსენეს:
ატირდნენ და მოახსენეს,
დიდებულო ხელმწიფეო,
სარჩო ჩვენი ჭალა იყო
სანადირო იგი ტყეო.
ჭალა ღორით სულ ავსილა,
არ ეტყობა სანერგეო,
ღორებს ეშვები მოუჩანთ,
თითო არის ხმლის სიგრძეო.
ეს მოისმინა ქაიხოსრომ. გამოიტანა დიდი ტაშტით თვალ-მარგალიტი და გამოაცხადა: – ვინც წავა ჭალაში ღორებზე საომრად, ეს თვალ-მარგალიტიც იმისი იყოს, ტახტიც, ხელმწიფობაც და ჩემი საწუთარი ჯამიცო. ვერავინ გაბედა წასვლა. ბეჟანმა ფეხი წადგა წინ. გივიმ გააჩერა.
– მე ღორები ვერას დამაკლებენ, ოღონდაც, მამავ, შენი ჯაჭვი ჩამაცვიო, – უთხრა ბეჟანმა მამას.
– შვილო, ჩემი რისთვის გინდა
განა შენი არ გაცვია?
- მამავ, შენი მისთვის მინდა,
ომში უფრო ნაცადია!
– მე ღორების გზა არ ვიცი და ვინმე გამაყოლეთო, – უთხრა ბეჟანმა მამას. გიგიმ გურგენს უთხრა:
გურგენ, შენ წაჰყევ ბეჟანსა,
ჩემი ჯაჭვი ჩაიცვია.
ადგა ბეჟან შეიკაზმა,
ტანთ ჩაიცვა საომარი,
ბეჟანმა თქვა: მე იქ წავალ,
მე არა ვარ უსუსური.
გზაში გურგენ გამაყოლეთ,
ჩემი ბიძა გაბედული.
წაჰყვა გურგენი ბეჟანს. მივიდნენ ტყეში. ბეჟანმა ჯერ პატარა ღორებს დაუწყო ხოცვა. გურგენი შეშინდა და ხეზე ავიდა. პატარა ღორები რომ დახოცა, სად იყო, სად არა, გამოჩნდა დიდი ტახი, ოქროს ეშვებიანი.
ტახმა უთხრა: რითი ვიომოთ, ხერხით თუ ძალითაო. ბეჟანმა უთხრა: როგორც გინდა, იმითო, დადეს სანაძლეო. გაზომეს მანძილი. პირველად ბეჟანი გაიქცა. გამოუდგა ტახი.
ღორი შევიდა დოღშია,
ნელ-ნელა სული დგებაო,
ბეჟანიც ამას ამბობდა,
ნაცადი მეკარგებაო.
ტახმა გადაასწრო და ბეჟანის ცხენს ერთი ძუა გამოაძრო:
ახლა ტახს ერგო გაქცევა. გაიქცა ტახი და გამოუდგა ბეჟანი. ჰკრა ერთი ისარი და დაჭრა ტახი, მეორეცა ჰკრა, მაგრამ წრეს გადაასწრო. მივარდა ბეჟანი და ტახი ხმლით აკუწა.
ბეჟანს ტახმა შეუტია,
ჯაჭვის კალთა დაუხია:
მოუბრუნდა, ლახტი დაჰკრა,
ტვინი ალაგს დაუნთხია.
მაშინ დაუძახა გურგენს:
გურგენ, გურგენ, შე დიაცო,
ტახი მიწას გამირთხმია,
ჩამო მაინც, თავი მოსჭერ
და ხელმწიფეს მიართვია.
გურგენმა უპასუხა:
არც წამოვსულვარ საომრად,
არც ბიჭობა გამიგდია,
საომრადაც შენ წამოხველ,
ბიჭობაც შენ დაგიგდია.
ჩამოვიდა გურგენი, დააძრეს ტახს ოქროს ეშვები, მოსჭრეს თავი და წამოვიდნენ.
ერთ ჯვარედინ გზაზე დაუღამდათ. პურის ჭამა დაიწყეს. გურგენს გულში ღალატი უდევს, ჯავრი ახრჩობს, რომ ძმისშვილმა აჯობა. ბეჟანს უთხრა:
– შენ ისეთი ვაჟკაცი ხარ, რომ აფრასიონ ხელმწიფის ქალი – მანიჟა შენი შესაფერისიაო.
აფრასიონის მანიჟა
მზე არის ამომავალი,
მზე იყო, მზე დააბნელა,
ცისკარი გადმომავალი.
მდინარე წყალი დააშრო,
ქვიშაზე გადმომავალი.
ვინაც რომ იმას არ ნახავს,
მისი საწუთრო რა არი!
ეჰ, ბეჟან, შენი რაშისთვის
სულ სანავარდო გზა არი!
ბეჟანმა ჰკითხა: განა შორს არისო? გურგენმა უპასუხა:
არცა შორის, არც ახლო,
და არც მთა-გორა სავალი,
არცა წყალი, არცა ხევი,
ვაკე და კაი გზა არი!
იმ ღამეს ერთად დაიძინეს. ღამით გურგენმა ეშვები გაიტაცა და გაიპარა. ბეჟანი კი მძინარე დატოვა, მიგიდა გურგენი შინ და ძმებს მოახსენა:
– ტახი მოვკალი და ეშვები ამოვაცალე, ხოლო ჩვენი ომის დროს ბეჟანი ქარმა გაიტაცა, ვეღარც მკვდარი ვიპოვე და ვეღარც ცოცხალიო.
გივიმ მთელ ქალაქს შავი გადააფარა.
მეორე დილით ბეჟანი გვიან ადგა, გურგენი რომ ვერ იპოვა, წავიდა ისევ მანიჟას საძებნად.
აქა ამბის დასაწყისი,
ბეჟან-მანიჟასიაო.
ჭამენ, ღვინოს ლაღად სვამენ
იაგუნდის მარნისაო...
მოვიდა აფრასიონ ხელმწიფის ქვეყანაში. მანიჟა ცხოვრობს მაღალ კოშკში, რომელსაც ახლოს აქვს წყარო. ბეჟანი დაჯდა წყაროს პირს და გააკეთა ხის კურდღელი. უკრავს ჩონგურს და ათამაშებს ამ ხის
კურდღელს. გამოხედა მანიჟამ და დაინახა ეს უცხო ფალავანი. გამოგზავნა მოახლე: გაიგე, ნახე, ვინ არის, საომრად თუ მოსულა, ჯარი რად არ ახლავს, სტუმრად თუ მოსულა, იარაღი რად უნდაო. მოახლე დაიბნიდა ბეჟანის სილამაზით, უყურა, ვეღარც თვალი მოაშორა, ვეღარც წყალი აავსო და ისევ უკან გაბრუნდა.
ცნობისმოყვარე მანიჟამ მეორე დღესაც გაგზავნა მოახლე. კიდევ უცქირა დიდი ხანი და ბოლოს გაბედა ვინაობის კითხვა.
ბეჟანმა უპასუხა, ერანიდან მოვედიო.
ჭალაში ღორი დავხოცე,
ღორნი სულ აზამფარისა,
ოქროს ეშვები დავაძერ
უფროსი ხმლისა ვადისა.
მოახლე გაიქცა მანიჟასთან და უთხრა:
ერანიანთგან მოსულა
ერთი ვიწმეა ბარადა,
ნეტავი იმის დედასა,
ვისაც შეხვდება ქმარადა,
თვრამეტი დღისა მთვარეს ჰგავს
პირმოსილი ვარდივითა,
ერთი მაშინ შეგახედა,
რომ იცინის ბადრივითა!
ღამით მანიჟამ კოშკიდან გადმოუშვა ნაწნავები და ბეჟანი მაღლა აიყვანა. ერთმანეთი ძალიან მოეწონათ და ბეჟანი დარჩა მასთან. ერთი კვირის შემდეგ აფრასიონ ხელმწიფემ ეჭვი აიღო. მაშინვე დანიშნა ყარაული. ყარაულმა გაიგო, რომ მანიჟასთან ერანელი ფალავანი, ბეჟანი, დაიარება. აფრასიონმა შეყარა თავისი ფალავნები და მიიყვანა კოშკთან.
ბეჟანი კარებში ჩადგა ხანჯლით და შიგ არავინ შეუშვა.
წამოიწია ბეჟანი,
შეკრა დარბაზის კარია,
ვინც ამ კარებში შემოვა, -
სიცოცხლე გამაძღარია.
აფრასიონმა ფიცი მისცა და ბეჟანმაც გაუღო კარები. ჯერ დაუყვავეს, შემდეგ დაიჭირეს, შეკრეს და დასახრჩობად წაიყვანეს.
ბეჟანმა უთხრა აფრასიონს:
ხელშეკრული ტყვე გახლავარ,
გამიშვი და გამომცადე,
ჩემი მძიმე ლახტი მომეც,
ათასხუთასს შემაპირე,
თუ ან ერთიც გადამირჩეს,
ერანეთში შემარცხვინე.
აფრასიონმა დიდ ვეზირს უთხრა:
ხელთა მყავს, ომსაც მიქადის,
ეს ეშმაკი და ფლიდია,
ამართე ძელი მაღალი,
ზედ ბეჟან ჩამოკიდია.
აფრასიონს თავისი ვეზირი, ფრიდონი, გზის დარაჯად ჰყავდა დაყენებული. ფრიდონმა გაიგო ბეჟანის ამბავი და ხელმწიფეს ეახლა.
ფრიდონ ცხენი გააჭენა,
კვიცი ახალ გახედნილი,
შუა გზას რომ მოატანა,
წალმა დაუწყო ბრჭყვიალი:
რა კაცია, რა კაცსა კლავთ,
რა კაცი გყავთ გაბაწრული,
მაგის ბიძა ყველას მოგსპობთ,
ვაჟკაცია და ლომგული.
გივი, როსტომ და გოდერძი
ერანში თავადებია,
მოვლენ, დაგვწვავენ, დაგვდაგვენ,
ხანჯლებით მოგვედებიან...
– მაშ, რა ვუყო, რა ვქნაო? – ჰკითხა აფრასიონმა. ქვეყანაზე თავი მომჭრა, შემარცხვინა ჩემმა ქალმა; ეგ ბეჟანი უნდა მოვსპო, რომ არ ნახოს ჩემმა თვალმა.
ფრიდონმა ასწავლა: გავთხაროთ დიდი ორმო, შიგ ბეჟანი ჩავაგდოთ, ზედ არხან დევის მიერ მოტანილი ლოდი დაგაფაროთ და:
თავს მანიჟა დავაყენოთ
ცხარე ცრემლით მოტირალი,
ქალაქს კაცნი დავატაროთ,
არვინ მისცეს პური, წყალი.
ჩააგდეს ბეჟანი ორმოში, თავს დაადვეს არხან დევის მიერ მოტანილი ლოდი და ზედ მანიჟა დააყენეს. მანიჟამ ორმოს ხელის ჩასაყოფი ჩაუთხარა. დადის ქალაქში, პურს თხოულობს და აწვდის სატრფოს. შვიდი წელიწადი გაატარა ბეჟანმა ამ საშინელ ორმოში.
ბეჟანის ბიძას, როსტომს, საწუთარი ჯამი ჰქონდა, შვიდ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაეხედა შიგ, როცა დრო მოვიდა, როსტომმა ჩაიხედა ჯამში და დაინახა ორმოში ჩაგდებული ბეჟანი. ერთი ისეთი გაიცინა, რომ დარბაზმა ზანზარი დაიწყო. გივიმ უთხრა:
– ძმაო, როსტომ, აბა, რას გაიცინე. განა გაგიხარდა ჩემი ბეჟანის დაკარგვა? მე შენ გითხრა, ჩემი ბეჟანი არ დაინახო?!
– შენი ბეჟანი დავინახე სწორედ და იმიტომ გავიცინე, მოდი, შენი თვალით გაჩვენო, აფრასიონ ხელმწიფეს ჰყოლია ორმოში ჩაგდებული და თავს დიაცი ადგიაო. ჩაიხედა გივიმაც და დაინახა თავისი ბეჟანი.
როსტომმა მაშინვე მოაგროგა ფალაგნები. რაც ზურაბი მოკლა), შემდეგ საფალავნოდ არ გასულა, მგლოვიარედ იყო, მაგრამ ახლა გაიხსენა ძველი დრო. წაიღო სავაჭროები, აჰკიდა ჯორ-აქლემებს, საცალოებში კი ფალავნები ჩასხა თავიანთი იარაღით. მივიდნენ აფრასიონის ქვეყანაში. როსტომმა ხელმწიფეს კაცი მიუგზავნა თვალმარგალიტებით: ერთი უცხო ვაჭარი მოვედი, საქონელი მაქგს გასაყიდი და თქვენს ქვეყანაში ვაჭრობის ნება მომეციო. აფრასიონმა ნება მისცა. დაიწყო როსტომმა გაჭრობა.
ერთი ქოსა კაცი მივიდა და ამ საცალოზე დაჯდა. ფალავანმა მახათი ამოატაკა. მაშინ ქოსამ თქვა: თუ ამ საცალომ რა ქნას, ქვეყანამ ცნოსო! როსტომმა დაიძახა: გააგდეთ აქედან, გაჭრობას გვიშლისო. ქოსა არ წავიდა. ბოლოს დაუძახა როსტომმა: მოდი აქ, შაქარი უნდა დაგადო ენაზეო. დაწვდა და ენა ამოგლიჯა.
გაიქცა ქოსა აფრასიონთან ლუღლუღით: ოტო, ოტო, ოტოო! ვითომ და როსტომია მოსულიო. ხელმწიფემ ვერაფერი გაიგო და ბრძანა: ვინ არის, მომაშორეთ, თავი მოსჭერითო. მოსჭრეს თავი საწყალ ქოსას.
მანიჟამ გაიგო მდიდარი ვაჭრის მოსვლა და მივიდა როსტომთან: გამიკითხეთ, ჩემი ბეჟანისთვის მომეცით რამეო. როსტომმა რომ ბეჟანის სახელი გაიგო, ერთი მთელი ქათამი და პურები გაატანა, ქათამში თავისი ბეჭედი ჩადო. მანიჟამ ჩააწოდა ესენი ბეჟანს. ბეჟანმა ბეჭდის დანახვაზე ერთი ისეთი გაიცინა, რომ სამი საჟენის სიმაღლეზე შეისროლა არხან დევის მიერ მოტანილი ლოდი.
მანიჟამ ტირილი დაიწყო: გაგიჟდა ბეჟანი, ჭკუაზე შეცდაო, მერმე ჩასძახა:
– რა მოგივიდა, ბეჟან, როგორ არის შენი საქმეო?
– ჩვენი მშველელნი მოსულან, მალ-მალე მიდი მათთანო.
მანიჟა მეორე დღესაც მივიდა როსტომთან და უთხრა:
– ერანელებო, ცოტა რამე მომეცითო.
აქ ერანელი ვინ არი,
ხომ არ შეშლილხარ ჭკუასა.
ხელი ჰკართ, იქით გააგდეთ,
დაჰკიდეთ ცხენის ძუასა.
მანიჟამ დაუძახა:
ადათია და წესია,
ფეტვი ალაგზე სთესია,
არ გაიკითხვენ გლახასა
თურმე ერანში წესია.
გაბრაზებულმა როსტომმა უპასუხა:
შენისთანა დაიცისთვის
წიხლი, პანღური წესია!
წამოვიდა მანიჟა ტირილით და ჩასძახა ბეჟანს:
– ბიძათქვენებმა არ გამიკითხეს და გამომაგდესო.
– განა, როგორ სთხოვეო!
– ესა და ეს ვუთხარი ლექსადო. მაშინ ბეჟანმა დაუძახა:
– ჯერ ბიძაჩემს ქალები სულ ეჯავრება, მერმე და ლექსად რომ დაგიწყია ლაპარაკი, როგორ გაგიკითხავდაო! ამის შემდეგ მოწიწებით დადექი შორი-ახლო და თვითონ დაგიძახებენო.
წამოვიდა მანიჟა მეორე დღეს და შორი-ახლო დადგა. როსტომმ. დაუძახა და ფული მისცა.
– რაც ხვალ ქალაქში შეშა შემოვიდეს, სულ იყიდე. მამაშენსაც სთხოვე ფული: ჩემი ბეჟანი სულს ლევს და უკანასკნელად ცეცხლი უნდა დავუნთო-თქო.
მიდექ და მოდექ, მანიჟა,
პატარა შეშა ნახეო,
ცეცხლი დაანთე ძლიერი,
შორიდან დამანახვეო.
მანიჟამ მეორე დღეს ქალაქში რაც შეშა შემოვიდა, სულ იყიდა და ორმოს პირზე დააწყობინა. აფრასიონს კაცი მიუგიდა:
– შენი მანიჟაც გაგიჟებულა, რად უნდა, ამოდენა შეშას რომ ყიდულობსო. მანიჟამ მამასაც სთხოვა ფული შეშისთვის, მაგრამ არ მისცა.
მანიჟამ ორმოზე დიდი ცეცხლი დაანთო. დაინახა თუ არა როსტომმა ცეცხლი, საცალოებს მაშინვე პირი მოხსნა და ამოუშვა ფალავნები. დაეხვივნენ ლოდს, მაგრამ ვერ დაძრეს. როსტომმა ხელი დასტაცა და აფრასიონის ვარდის ბაღში გადააგდო ეს ლოდი.
ამოიყვანეს ბეჟანი. დაერივნენ აფრასიონის ჯარებს და მუსრი გაავლეს. ბეჟანმა დაიჭირა აფრასიონი, ჩააგდო იმ ორმოში, მოიტანა ვარდის ბაღიდან არხან დევის მიერ მოტანილი ლოდი და ზედ დაადო. წამოიყვანეს მანიჟა და წამოვიდნენ.
გზაში როსტომმა ბეჟანს უთხრა:
– გურგენს აპატიებ, თუ არაო?
– მე არაფერს ვერჩი, ოღონდ მაღლა ერთ ვაშლს ავისვრი, ვისაც დაეცეს, მტყუანი ის იყოსო.
მოვიდნენ შინ. გივიმ დიდი ქორწილი გამართა. ბეჟანმა ერთი ვაშლი შემოსა ალმასებით და თქვა:
ერთხელ მაინც შემოვსტყორცნი
ვარდის კონას ხუმრობითა,
ბოროტსა და მოღალატეს
თავში მოხვდეს გორებითა.
და გაისროლა. ვაშლი დაეცა გურგენს და იქვე მოკლა. გავიდა ხანი. ბეჟანი გაგზავნეს ერთი დიდი დევის მოსაკლავად. მამა უშლიდა, მაგრამ მაინც წავიდა. დევმა დაუძახა:
შენ ბეჟანო, გივის შვილო,
სირეგვნე თუ მოგრევია,
თორმეტი შენი გვარისა
სულ სისხლში გამირევია.
შენ წადი და ის მოვიდეს,
ვისაც ბრძოლაში გასვლია.
აი, წითელ ხევს შეხედე,
ჩემი ნახოცის სისხლია;
აი, თეთრ მთასა გახედე,
ჩემი ნახოცის ძვალია;
აგერ შავ მთასაც გახედე,
ჩემი ნახოცის თმანია.
ბეჟანმა დაუძახა:
ამოვთქვი ჩვენს ერანშია,
გადათქმა როდი იქნება.
მოგკლავ, ან შემოგაკვდები,
წინ წასვლა როდი იქნება!
ბეჟანი იმას ამბობდა:
ნაცადი მეკარგებაო,
დედ-მამის გაუგონარსა
ჩემი დღე დაადგებაო..
ბეჟანმა მოკლა ეს დევი და წამოვიდა გამარჯვებული. ბიძა როსტომმა ხელმწიფობაც და საწუთარი ჯამიც მას დაულოცა. მის შემდეგ ბეჟანმა კიდევ ბევრი გმირობა ჩაიდინა...